სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა

მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (მ.ე.ს.) - საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა

წმ. ნექტარიოს ეგინელი (პენტაპოლელი) წერილი გერონდა დანიელ კატუნაკელს განსაცდელების შესახებ


ძმებ რიზარების საეკლესიო სასწავლებელი.
ათენი. 1903 . ... მარტი.
თქვენო ღირსებავ მამა დანიელ!
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით გეამბორებით.

მივიღე თქვენი წმინდა წერილი და გულისტკივილით წავიკითხე თქვენზე მოწევნული მწუხარების შესახებ, რომელმაც დაარღვია თქვენი სულიერი სიმშვიდე. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, ნამდვილად სამწუხარო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად“ (რომ. 8,28). მოციქულის ეს სიტყვები ისევე სარწმუნოა, როგორც თვით უფლის სიტყვები. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ამ განსაცდელიდან თქვენც დიდ სიკეთეს აღმოივსებთ.
თქვენმა სიწმინდემ კარგად უწყის, რომ განსაცდელებს სრულყოფილებამდე მივყავართ. განსაცდელების გარეშე ვერავინ მიაღწევს წარმატებებს, ვერავინ ასცდება მიწას და ვერავინ შეუდგება ზეცისკენ მიმავალ სათნოებების საფეხურებს. ღვთის მოყვარულთათვის განსაცდელები იმ გაკვეთილებად იქცევა, რომლებიც სულს სიბრძნისმოყვარეობას ასწავლიან. ქრისტიანობას ხომ ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობამდე მივყავართ. ამას უნდა ესწრაფოდეს ქრისტიანი, რამეთუ ვინც სიბრძნისმოყვარეობას არ ფლობს, ის სრულყოფილებასაც ვერ მიაღწევს. და თუ ყველა ქრისტიანი ფილოსოფოსი უნდა გახდესიმისათვის, რომ ღვთის მცნება აღასრულოს და სრულყოფილება მოიპოვოს, – მაშინ რამდენად მეტად ეხება ეს იმ ადამიანებს, ვინც ეს მცნება შეიყვარა და მას მიუძღვნა თავი? ხოლო თუ განსაცდელები გაკვეთილებია სიბრძნისმოყვარეობისკენ მიმავალ გზაზე, სიბრძნისმოყვარეობას კი ქრისტიანულ სრულყოფილებამდე მივყავართ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ განსაცდელები ყოვლად აუცილებელია.
განსაცდელები, რომლებსაც სიბრძნისკენ მივყავართ, მოთმინებასაც გვასწავლიან, რამეთუ მოთმინებაეს სიბრძნისმოყვარეობის ღვიძლი დაა. ფილოსოფოსი არ შეიძლება იყოს მოუთმენელი, ისევე როგორც მოუთმენელი არ შეიძლება გახდეს ფილოსოფოსი. განსაცდელები ჭეშმარიტად გამოგვცდიან მოთმინებაში, რომელიც სათნოებების ქვაკუთხედს წარმოადგენს და რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. სწორედ მოთმინება აძლევს ბრძენ ქრისტიანს იმის ძალას, რომ არა მხოლოდ არ დაემონოს ბოროტებას, არამედ, გამხნევებული და განმტკიცებული, სიხარულით შეხვდეს განსაცდელებს. და ის ნამდვილად ხარობს, რადგანაც ახსოვს პავლე მოციქულის სიტყვები: „... არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲგამოცდილებასა, და გამოცდილებაჲსასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხვინის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა...“ (რომ. 5, 3-5). განსაცდელები, როგორც ეს ჭეშმარიტი ფილოსოფიის მიმდევრებმა კარგად უწყიან, ღვთის განგებულებით, ღვთის ნებითა და დაშვებით ხდება, რათა ჩვენმა გონებამ უფრო სრულყოფილად შეიმეცნოს ყოფიერების საიდუმლო. ვისაც განსაცდელები არ შეუცვნია, ის ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას. განსაცდელები ღვთის სიყვარულისა და მოწყალების უეჭველი მოწმობაა, ამიტომაც გვმართებს ვმადლობდეთ მათთვის ღმერთს. განსაცდელები ადამიანის არასრულყოფილებას სჭირდებაიმისათვის რომ ის სრულყოფილი გახდეს. ისინი სულიერ ხედვას ანიჭებენ ღვთის მოყვარულებს და დაანახებენ ჭეშმარიტების ნათელს; შეეწევინ მათ იმაში, რომ ჭვრეტდნენ არა მხოლოდ ახლო მყოფ, არამედ უშორეს საგნებსაც; ისინი გონებასაც განამტკიცებენ და საშუალებას აძლევენ მას, იფიქროს არა მხოლოდ მისაწვდომზე, არამედ მიუწვდომელზეც, და არა მხოლოდ იფიქროს, არამედ შეიმეცნოს კიდეც, რამეთუ სრულყოფილებაში სრული შემეცნებაა დაუნჯებული. და თუ სრულყოფილება განსაცდელებისგან იშვება, იგივე შეიძლება ითქვას შემეცნებაზეცრამდენადაც შემეცნება წინ უძღვის სრულყოფილებას. მაშ ასე, იმისათვის, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ, ჩვენ უნდა გავიაროთ განსაცდელები. და ეს მხოლოდ იმიტომ კი არ არის აუცილებელი, რომ ღვთის ხატად შექმნილები მსგავსებასაც ვესწრაფდეთ, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენში უხვადაა პირველმშობელთა ცოდვის ნაყოფები, რომლებიც მოქმედებენ სულის ძალებზე და ასუსტებენ მათ; ასე რომ, სულის გამოსაფხიზლებლად განსაცდელები გვჭირდება, გონების განსანათლებლად კიზეციური ნათელი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ სრულყოფილება ისაა, როცა ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი მსგავსებასაც მიაღწევს. მსგავსების მიღწევა კი ზეცისკენ აღმავალი სულიერი კიბის მხოლოდ ბოლო საფეხურზეა შესაძლებელი. და ეს კიბე ჩვენ უნდა ავიაროთ. მაგრამ რაკი მემკვიდრეობით მიწიერისადმი სწრაფვა გადმოგვეცა, წარმოიდგინეთ, რამდენი განსაცდელის გამოვლა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ზურგი ვაქციოთ ყოველივე მიწიერს და ჩვენი სწრაფვა ზეცისკენ მივმართოთ, და შეუსვენებლივ გავაგრძელოთ გზა მანამდე, ვიდრე სასურველ მიზანს არ მივაღწევთ, რომელიც სწყურია ჩვენს სულს.
ქრისტესმიერო ძმაო, განსაცდელი, რომელიც შეგემთხვათ, ღვთის განგებულებით უდიდეს სულიერ სარგებელს მოგიტანთ. გული მკარნახობს, რომ თქვენ ახლა უფრო სრულყოფილი გახდით, ვიდრე აქამდე იყავით. ამიტომაც გთხოვთ, განაგდოთ ყოველგვარი წუხილი და მადლობა შესწიროთ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის.
დაფნიში თქვენს სახელზე ვგზავნი იოანე ოქროპირის თხზულებებსყუთით, რომელზეც არის წარწერა ".."
ძმური ქრისტესმიერი სიყვარულით გეამბორებით თქვენ და თქვენს ძმობას. გთხოვთ მოგვიხსენიოთ თქვენს წმინდა ლოცვებში.
თქვენი ქრისტესმიერ ერთგული ძმა

ნექტარიოს პენტაპოლელი“.