“გვეუბნებიან, რომ ყველა ეპისკოპოსს აქვს ხელმწიფება საღმრთო კანონებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მსჯავრი გამოაქვთ ამ კანონებს; ამიტომაც, როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი საიდუმლოდ ანდა აშკარად განიკვეთება კანონთა მიერ, მაშინ იერარქებს თურმე ხელეწიფებათ კანონთა მოქმედების შეჩერება და განკვეთილის გამართლება. თუკი ჩვენ ყველას საღმრთო კანონებზე უფრო მეტი ძალაუფლება გაგვაჩნია, მაშინ ჩვენზე უთქვამს მოციქულს: “აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიანო.” (1. ინ. 2:18)
(წმიდა თეოდორე სტუდიელი,
წერილი რომის პაპ ლეონ მესამეს)
ღირსი თეოდორე სტუდიელი (759-826) დაიბადა კონსტანტინოპოლში. მამამისი ფოტინი, დიდგვაროვანი წარმომავლობის სახელმწიფო მოხელე, დაახლოებული იყო საიმპერატორო კართან. ფოტინის მეუღლე თეოქტისტა ასევე არისტოკრატული გვარიდან იყო, მისი ძმა პლატონი ფოტინთან ერთად სახელმწიფო ხაზინაში მსახურობდა. თეოდორეს ორი უმცროსი ძმა - იოსები (შემდგომში თესალონიკის მთავარეპისკოპოსი) და ექვთიმე, და ერთი და (მისი სახელი უცნობია) ჰყავდა.
წმიდა თეოდორეს ბავშვობა იმპერატორ კონსტანტინე V კოპრონიმის მეფობას ემთხვევა. ეს იყო სასტიკი ხატმბრძოლობის ეპოქა, რომლის დროსაც მართლმადიდებლები, განსაკუთრებით კი ბერ-მონაზვნები ძლიერ იდევნებოდნენ. მართალია, თეოდორეს ოჯახი არ იყო ხატმბრძოლი, მაგრამ მამამისი ფოტინი მოშურნეობით არ გამოირჩეოდა, განსხვავებით მეუღლისგან, რომელიც უაღრესად კეთილმორწმუნე ქალი იყო. სწორედ თეოქტისტამ შთაუნერგა თავის შვილებს მართლმადიდებლობისა და სათნოებათა სიყვარული. როცა შვილები წამოიზარდნენ, თეოქტისტა მონაზვნად აღიკვეცა, მანამდე კი მოახერხა ქმრის დარწმუნება და აღკვეცამდე 5 წლით ადრე დაითანხმა როგორც და-ძმას (ცოლ-ქმრული ურთიერთობის გარეშე) ისე ეცხოვრათ. შემდგომში წმიდა თეოდორე იტყვის: “თეოქტისტთა ჩემთვის ორჯერ დედა იყო - ხორციელად და სულიერადო”.
სიჭაბუკეში თეოდორე ე. წ. “ოქროს ახალგაზრდობის” წრეს ეკუთვნოდა და შესაბამისად იმ დროისათვის საუკეთესო განათლება მიიღო ბიზანტიის ელიტარულ სკოლაში. შემდგომში წმ. თეოდორე თავის ბიძაშვილს მისწერს: “როგორც თავადაც იცი, ახალგაზრდობაში მრავალს ვაძლევდი მაგალითს უაღრესად ცოდვილი ცხოვრებისა, თითქმის შეუძლებელია ისეთი ცოდვის მოძებნა, რომლის თანაზიარიც არ ვყოფილვარ. მაგრამ ღვთის კაცთმოყვარების იმედით გადავურჩი სასოწარკვეთილებას და როგორც ჩანს, ამან განმამტკიცა სწორ გზაზე დადგომის საქმეში. ამიტომაც იყო, რომ თვით ყველაზე ახლობლებთან გავწყვიტე ურთიერთობა ღვთის მადლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა ჩემს უძლურებას” (“К никифору игумену”. Послания. Кн. I).
ღვთის შეწევნა კი ჭაბუკ თეოდორეს ბიძამისის, იღუმენ პლატონის სახით მოევლინა. ლევ IV ისავრიელის მეფობაში, როდესაც ბერ-მონაზონთა დევნა შეწყდა და მათ უკვე თამამად შეეძლოდ დედაქალაქში გამოჩენა, პლატონი კონსტანტინოპოლში ჩამოდის და მრავალ ადამიანზე ახდენს კეთილ ზეგავლენას. მისი მაგალითით თეოქტისტა საბოლოოდ გადაწყვიტავს მონაზვნობას, ხოლო თეოდორეს ცხოვრებაში, რომელიც ბუნებით ფიცხი და შეუპოვარი ხასიათისა იყო, სრულიად მოულოდნელი გადატრიალება ხდება - მასში იღვიძებს ბერად შედგომის სურვილი.
საბოლოოდ თეოდორეს მთელი ოჯახი (მათ გაყიდეს სახლი დედაქალაქში და მთელი ქონება ღატაკებსა და მსახურებს დაურიგეს, მონებს კი თავისუფლება უბოძეს) ბერ-მონაზვნობის გზას ადგება: ჯერ თეოქტისტა ქალიშვილთან ერთად, და შემდეგ ფოტინი თავის სამ ვაჟთან ერთად; ეს ყველაფერი 781 წელს ხდება, კონსტანტინე VI და მისი დედის დედოფალ ირინეს მეფობის დასაწყისში.
წმ. თეოდორე მცირე აზიაში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, ადგილზე, რომელსაც საკკუდიონი ერქვა, იწყებს მონასტრის დაფუძნებას. თეოქტისტას ძმა წმ. პლატონი იღუმენობას თანხმდება, თეოქტისტა ქალიშვილთან ერთად პლატონის რჩევით კელიოტურ ცხოვრებას იწყებს საკკუდიონის მახლობლად.
წმ. თეოდორე ასკეტურ ცხოვრებას ეძლევა, მისი მორჩილება და თავმდაბლობა მალე სამაგალითო ხდება. წმ. პლატონი ხედავს რა მის სულიერ ზრდას, თავის თანაშემწედ ნიშნავს და სამონასტრო საქმეებზე უკვე მას ეთათბირება. სწორედ თავისი დისშვილის ზეგავლენით მალე პლატონი იღებს გადაწყვეტილებას რეფორმა გაატაროს სამონასტრო ცხოვრებაში. იმდროინდელი ბერობა ძალიან შორს იდგა ძველი მამების ასკეტური ტრადიციებისაგან; წმ. ბასილი დიდის წეს-განგებულებანი საყოველთაო დავიწყებას იყო მიცემული.
“ჩვენს დროში, - წერდა მოგვიანებით წმ თეოდორე, - ბერების უმრავლესობა თვალთმაქცურად ცხოვრობს, უფრო ზუსტად, არაფერ ამსოფლიურზე უარს არ ამბობენ. ავიწყდებათ რა უფლის მცნე-ბები, იშენებენ ტაძრებს, მონასტრებს, შემდეგ ბერად იკვეცებიან და მყის წინამძღვრობას იწყებენ, ბატონობენ ძმებზე, ყიდულობენ მონებს და სხვადასხვა ქონებას. ის, ვინც გუშინ დადო ბერობისა და უპოვარობის აღთქმა, დღეს გამოცდილი მოძღვარი და იღუმენი ჰგონია თავისი თავი. ის ვინც გუშინ საკუთარ თავს ვერ უვლიდა, დღეს კადნიერად იწყებს სხვათა ხელმძღვანელობას. მათ წინამძღვრობა სათნოებათა გამო კი არ ხვდათ პატივად, არამედ ფულითა და ქონებით მოიპოვეს” (“Надгробное слово в честь Платона”). სწავლობდა რა ზედმიწევნით წმ. მამათა თხზულებებს, წმ. თეოდორემ დაინახა, რომ მისი თანამედროვე ბერ-მონაზვნობის ცხოვრება ძლიერ განსხვავდებოდა ასკეტური იდეალებისაგან, ამიტომაც დაიწყო წმ. პლატონის დარწმუნება, რათა შეცვლილიყო მონასტრის ტიპიკონი.
წმ. პლატონი იწყებს მონასტრის მოწყობას ძველი მამების ტიპიკონების მიხედვით: მონა-ქალებისა და სხვადასხვა სავაჭრო შემოსავლების გარეშე.
საკკუდიონში მიმდინარე გარდაქმნებმა მრავალი ბერი მოიზიდა ახალ მონასტერში. თანდათან სხვა მონასტრებიც იწყებენ მათ მიბაძვას.
790 წელს თეოდორეს მღვდლად ასხამენ ხელს. საღმრთო წერილისა და წმ. მამათა თხზულებების ღრმად შესწავლამ, ყოველგვარ ამაო საზრუნავზე უარის თქმამ, სამაგალითო მორჩილებამ და თავმდაბლობამ, მოუკლებელმა ლოცვამ, უმკაცრესმა მარხვამ წმ. თეოდორეში ღმრთისადმი განსაკუთრებული მოშურნეობა ჩასახა. პლატონი ხედავდა, რომ თეოდორესგან იდეალური იღუმენი დადგებოდა, ამიტომაც ისარგებლა პირველივე შემთხვევით (მძიმე ავადმყოფობით) და უარი თქვა წინამძღვრობაზე, დაუბრუნდა დაყუდებულ მდუმარებას.
794 წელს წმ. თეოდორეს მონასტრის იღუმენად ირჩევენ. უკვე ერთ წელიწადში მის მოშურნეობას უმძიმესი გამოცდა ელოდა.
795 წელს იმპერატორ კონსტანტინე VI ბრძანებით მის მეუღლეს ძალით აღკვეცენ მონაზვნად, კონსტანტინე კი მეორედ ქორწინდება თავის საყვარელზე, თეოდოტიაზე. მართალია წმ. პატრიარქი ტარასი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინებისა და თავად უარი განუცხადა იმპერატორს ჯვრისწერაზე, მაგრამ როდესაც წმ. სოფიას ტაძრის იკონომოსმა პრესვიტერმა იოსებმა მაინც შეასრულა ეს უკანონო ჯვრისწერა, პატრიარქმა ვერ გაბედა ამ ქორწინების გაუქმება, არც იმპერატორი დასაჯა და არც პრესვიტერი იოსები.
პატრიარქის მხრიდან ეს იყო დროებითი იკონომია საეკლესიო მშვიდობის შესანარჩუნებლად, რადგანაც ახალგაზრდა იმპერატორი მეტად თავნება იყო და ხატმბრძოლობის აღდგენითაც კი იმუქრებოდა, თუკი პატრიარქი არ ცნობდა მის მეორე ქორწინებას.
სრულიად სხვაგვარად უყურებდნენ ამ საქმეს წმ. პლატონი და წმ. თეოდორე: ისინი მიიჩნევდნენ, რომ პატრიარქი არღვევდა საეკლესიო კანონებს, ამჟღავნებდა მწყემსმთავრისათვის შეუფერებელ სისუსტეს და იჩენდა კაცთმოთნეობას ხელისუფლებისადმი, რითაც ირიბად ამართლებდა უკანონობას, რაც გამოიწვევდა ამგვარი უზნეობის გავრცელებას მთელ იმპერიაში. საკკუდიონში და რამოდენიმე მონასტერში შეწყვიტეს იმპერატორისა და პატრიარქის მოხსენიება. პირად საუბრებში და მიმოწერაში ბერებმა დაიწყეს მომხდარზე თავიანთი შეხედულებების მკაცრი ტონით გამოთქმა. მალე მათი პროტესტი სასახლეშიც გახდა ცნობილი. იმპერატორი მეტად შეშფოთდა და შეეცადა მოშურნეთა შემორიგებას, თუმცა უშედეგოდ, რადგანაც არც საჩუქრებმა და არც მუქარამ არ გაჭრა.
ახალი დედოფლის ნათესავები, სასახლის კარის მლიქვნელები, აგრეთვე ზოგიერთი მონასტრის იღუმენები ლანძღავდნენ მოშურნეებს, ამპარტავნებსა და მეამბოხეებს ეძახდნენ, “იოანე ნათლისმცემელს უტოლებენ თავსო,” - დასცინოდნენ.
იმპერატორმა გადაწყვიტა უმკაცრესი ზომები მიეღო: 797 წლის თებერვალში პლატონი შეიპყრეს და დედაქალაქის საპყრობილეში ჩაამწყვდიეს, თეოდორე კი თავის ძმასთან იოსებთან და ათ ბერთან ერთად სასტიკად გაროზგეს და თესალონიკში გადაასახლეს. დანარჩენი საკკუდიონელები მონასტრიდან გამოყარეს და იმპერატორის ბრძანებით ყველას აუკრძალეს მათი შეკედლება. თესალონიკელები დევნილებს თანაგრძნობით შეხვდნენ და გადასახლება შეუმსუბუქეს; თუმცა თეოდორე ძლიერ განიცდიდა მოძღვართან განშორებას.
ამასობაში მოშურნეთა პროგნოზი გამართლდა: იმპერატორის გარყვნილმა ქორწინებამ მთელს იმპერიაში ზნეობრივი დაცემა გამოიწვია. მრავალი დიდებული და მაღალი თანამდებობის მოხელე იგივე გზას დაადგა: მასიურად დაიწყეს ცოლების განტევება და ახალი ქორწინებები. ყოველივე ამან კი დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხალხში, იმპერატორის ავტორიტეტი ძლიერ დაეცა. 797 წლის აგვისტოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, კონსტანტინე ტახტიდან ჩამოაგდეს და თვალები დასთხარეს, ტახტზე დედამისი, წმ. ირინე ავიდა, რომელმაც უმალ გასცა ბრძანება მოშურნეთა განთავისუფლებისა და რეაბილიტაციის შესახებ. დედოფალმა მოახერხა და პლატონი და თეოდორე პატრიარქ ტარასისთან შეარიგა. პატრიარქმა თავი იმით იმართლა, რომ თავად ყოველთვის წინააღმდეგი იყო უკანონო ქორწინების და მხოლოდ დროებითი იკონომიის გამო დუმდა. მოშურნეთა ავტორიტეტი უაღრესად გაიზარდა როგორც ბერ-მონაზონთა შორის, ასევე მთელს ბიზანტიაში. არაბთა თავდასხმების გამო საკკუდიონში დარჩენა საშიში შეიქმნა, ამიტომაც წმ. ირინეს თხოვნით თეოდორე და მონასტრის საძმო დედაქალაქის მახლობლად სტუდიელთა მონასტერში გადმოვიდა. რამდენიმე წელში სტუდიის მონასტერი არნახულად აყვავდა: IX ს. დასაწყისში მონასტრის ძმობა 1000 კაცს ითვლიდა; მონასტერს საკუთარი საავადმყოფო, საბავშვო სასწავლებელი, წისქვილი, ვენახები და სახნავ-სათესი, აგრეთვე სხვადასხვა სახელოსნოები და თევზჭერისათვის განკუთვნილი მცირე ხომალდები ჰქონდა; ყველგან მხოლოდ მონასტრის ბერები და მორჩილები შრომობდნენ, მონასტერს არ ჰყავდა არც ერთი მონა და დაქირავებული მსახური. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მოწყალების საქმეს, უპოვართა დახმარებას, უპატრონო მიცვალებულთა დასაფლავებას. იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში გაჩნდა სტუდიელთა მიერ დაარსებული რამდენიმე მონასტერი. ამას ყველაფერს წმ. თეოდორე ხელმძღვანელობდა, მაგრამ უმთავრესი მისთვის ძმების სულიერი მდგომარეობა იყო; ამიტომაც წმ. თეოდორე მოუკლებლივ მოძღვრავდა მათ საჯარო ქადაგებებით თუ კერძო საუბრებით. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი ცნობილი “სწავლანი” (“Огласительные поучения”).
წმ. თეოდორე ხელაპყრობით ლოცულობს (მარცხნივ), სტუდიის მონასტერი (მარჯვნივ), წმ. თეოდორე ნავით მიყავთ გადასახლებაში (ცენტრში), მე-11 ს. ხელნაწერის მინიატურა.
წმ. თეოდორე უნიჭიერესი ჰიმნოგრაფი იყო; მის მიერაა შედგენილი “მარხვანის” უდიდესი ნაწილი, მათ შორის სამგალობლები და მრავალი ჰიმნოგრაფიული კანონი. თავის მონასტერში იგი საგანგებოდ ასწავლიდა ბერებს “სტიქარონებისა” და “კანონების” წერას.
გავიდა რამოდენიმე წელი და სტუდიელებს ახალი განსაცდელი, მათ მოშურნეობას კი ახალი გამოცდა დაატყდა თავს. 806 წელს გარდაიცვალა პატრიარქი ტარასი, და ახალმა იმპერატორმა ნიკიფორე ჰენიკოსმა (მან ტახტი მოტყუებით დაიპყრო, წმ. ირინე კი გადაასახლა, რასაც მალე დედოფლის სიკვდილი მოჰყვა) ეპისკოპოსებსა და მონასტრების იღუმენებს ჰკითხა, თუ ვინ იქნებოდა მათთვის სასურველი პატრიარქი. უმრავლესობამ ხმა წმ. თეოდორე სტუდიელს მისცა, იმპერატორმა არ ისურვა ესოდენ დამოუკიდებელი ხასიათის კაცის ხილვა საპატრიარქო ტახტზე და სხვა კანდიდატურა დააყენა.
პატრიარქი ნიკიფორე გახდა, რომელიც მანამდე სამეფო კანცელარიის მდივანი იყო; იგი, ისევე როგორც მისი წინამორბედი წმ. ტარასი, პატრიარქად პირდაპირ ერისკაცობიდან ეკურთხა. ნიკიფორე (შემდგომ აღმსარებელი) ცნობილი იყო კეთილგონიერებით, სათნოებებითა და განათლებით, მიუხედავად ამისა ხელდასხმამ უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით ბერ-მონაზორნთა შორის. მონასტრებში ამბობდნენ, რომ ნიკიფორეს საერო წარსული მას იძულებულს გახდიდა იმპერატორის წინაშე დამთმობი ყოფილიყო.
ეს ვარაუდი გამართლდა: იმრპეპატორმა ახალ პატრიარქს უმალ მოსთხოვა იკონომოს იოსებისთვის სამღვდელო ხარისხის დაბრუნება (ამ უკანასკნელმა გარკვეული დახმარება გაუწია იმპერატორს ტახტის ხელში ჩაგდებაში). პატრიარქი იძულებული იყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ თანხმობა ეთქვა მეფისთვის. ამგვარად იოსები კვლავ შეუდგა წმ. სოფიას დიდ ტაძარში მსახურებას. სტუდიელები, რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდნენ ამას. წმ. თეოდორე ძმებთან ერთად კვლავ საეკლესიო კანონთა დაცვის ავანგარდში დადგა. სტუდიელები აგრძელებენ პატრიარქის მოხსენიებას, მაგრამ არც მასთან და არც იოსებთან ერთად არ მსახურობენ. წმ. თეოდორე უარს ამბობს მეფის სასახლეში მისვლაზე, სტუდიელები დროებით კმაყოფილდებიან ამგვარი დისტანცირებით და ელიან საქმის კანონიერ მოგვარებას. ამგვარი მდუმარე პროტესტი 2 წელს გრძელდება, ამასობაში წმ. თეოდორეს უმცროსი ძმა თესალონიკის მთავარეპისკოპოსი იოსები დედაქალაქში ჩადის, მაგრამ პატრიარქთან ერთად დიდ ტაძარში მსახურებაზე უარს ამბობს, იმპერატორის წარგზავნილებს კი უცხადებს, რომ მას პირადად პატრიარქისა და მეფის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ მათთან ერთად არ ილოცებს, ვიდრე იკონომოსი იოსები სამღვდელო ხარისხშია. ამგვარმა პასუხმა განარისხა იმპერატორი და პატრიარქი. 809 წლის დასაწყისში, იმპერატორის ბრძანებით მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება (პატრიარქი თავად არ ესწრებოდა ამ კრებას), რომელზედაც ბადრაგის თანხლებით ძალით მოიყვანეს სტუდიელები: თეოდორე, პლატონი, კალიგორი და მთავარეპისკოპოსი იოსები. საეკლესიო კანონთა დაცვისა და ერთგულებისათვის სტუდიელები განსაჯეს როგორც “წმიდანთა იკონომიის” უარმყოფელნი, ანათემას გადასცეს და შორეულ კუნძულზე გადაასახლეს. სტუდიელთა მონასტერი დაშალეს, ბერების ნაწილი გადაასახლეს, ნაწილი კი საპყრობილეებში ჩაამწყვდიეს.
ამ კრების შემდეგ წმ. თეოდორე თავის მოწინააღმდეგეებს მწვალებლებს ეძახდა, რომლებსაც ეკლესიაში “მიხიზმის” ანუ ე. წ. მრუშობის ერესი შეჰქონდათ. არსი ამ მწვალებლობისა სახარებისეული მცნებების უარყოფის დაკანონებაში, საეკლესიო კანონთა უგულებელყოფაში და ხელისუფლებისადმი მონურ მორჩილებაში მდგომარეობდა. ამის შესახებ წმ. თეოდორე თავის ეპისტოლეებში წერდა და მთელს საქრისტიანოში ავრცელებდა გადასახლებიდან. ამ უსჯულოებათა გამო, წმ. თეოდორე სტუდიელი, კონსტანტინოპოლის ეკლესიას საშინელ განსაცდელს უწინასწარმეტყველებდა.
ქ. კონსტანტინეპოლი, სტუდიის მონასტრის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი
(კომპიუტერული რეკონსტრუქცია გვერდიდან Byzantium 1200)
(კომპიუტერული რეკონსტრუქცია გვერდიდან Byzantium 1200)
სტუდიელთა დევნა 811 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე იმპერატორი ბულგარელებთან ომში არ მოკლეს. ამის შესახებ წმ. თეოდორე ჯერ კიდევ ომამდე აფრთხილებდა იმპერატორს: “საეკლესიო შფოთის შემოტანის გამო რა გზითაც წახვალ, იმ გზით ვეღარ დაბრუნდებიო”.
იმპერატორის ვაჟი სტავრიკიუსი მალევე დაამხეს; ტახტზე მიქაელ I ავიდა, რომელმაც სტუდიელები გადასახლებიდან დააბრუნა და პატრიარქის დარწმუნებას შეუდგა, რათა შერიგებოდა მათ. საბოლოოდ შერიგება შედგა! პატრიარქმა უსამართლოდ სცნო სტუდიელთა დასჯა, სტუდიელებმა უკან წაიღეს ბრალდება მწვალებლობაში, იკონომოსი იოსები კვლავ განაკანონეს, პატრიარქმა თავი იმით იმართლა, რომ იმპერატორისადმი დათმობები მხოლოდ ეკლესიაში მშვიდობის შესანარჩუნებლად იყო დაშვებული. საბოლოოდ გამარჯვება ისევ სტუდიელებს დარჩათ და მათი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. წმ. თეოდორეს ბევრ ეპისკოპოსზე მეტ პატივს სცემდნენ; მისი ვრცელი მიმოწერიდან ნათლად ჩანს, რომ რჩევა-დარიგებას არა მარტო ბერები, არამედ მრავალი ეპისკოპოსიც ღებულობდა მისგან.
საეკლესიო კანონების დარღვევისათვის ნაწინასწარმეტყველები სასჯელი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ორ წელიწადში, 814 წელს დაატყდა. მიქაელი ტახტიდან ჩამოაგდეს, ახალმა იმპერატორმა ლეონ V სომეხმა ხატმბრძოლობა გამოაცხადა. 815 წელს, დიდ მარხვაში პატრიარქი ნიკიფორე კათედრიდან იძულებით გადააყენეს და გადაასახლეს. სააღდგომოდ იმპერატორის ნებისამებრ ახალი პატრიარქი - ხატმბრძოლი თეოდორე მელისსინი აიყვანეს კათედრაზე. მანამდე, ბზობის კვირაში წმ. თეოდორე სტუდიელმა მონასტრის გარშემო საზეიმო ლიტანიობა მოაწყო ზე აღმართული ხატებით და გალობით: “უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანისვცემთ, სახიერ...” - ეს სერიოზული გამოწვევა იყო ახალი საერო და საეკლესიო ხელისუფლებისთვის. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში წმ. თეოდორე თათბირობს სხვა მონასტრების იღუმენებთან და ცნობილ მოღვაწეებთან, თუ როგორ აღუდგნენ წინ ხელახლა აღზევებულ ერესს. აღდგომის შემდგომ აია სოფიას ტაძარში იმართება ხატმბრძოლთა კრება, რომელიც ანათემას გადასცემს მართლმადიდებლურ მოძღვრებას ხატთაყვანისცემის შესახებ. სტუდიელები ყველას მოუწოდებენ გაწყვიტონ ყველანაირი კონტაქტი ამ კრების მონაწილეებთან. წმ. თეოდორე ეპისტოლეს უგზავნის ამ კრებას, სადაც დელეგატებს მოუწოდებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან VII მსოფლიო კრების დადგენილებანი. ეპისტოლე შემდეგი სიტყვებით მთავრდება: “როგორც არ უნდა ეცადოთ ხელისუფლების გამოყენებას, იცოდეთ, რომ ჩვენ მზადა ვართ ყოველგვარი ტანჯვა და დევნა დავითმინოთ, თვით სიკვდილიც კი მივიღოთ, ვიდრე ჩვენს წრფელ აღმსარებლობას ვუღალატოთ.”
მალე წმ. თეოდორე შეიპყრეს და გადაასახლეს. 821 წლამდე იგი უმკაცრეს პატიმრობაში ჰყავდათ. იმპერატორის ბრძანებით მას აკრძალული ჰქონდა ვინმესთან შეხვედრა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება იმდენად კეთილგანწყობილი იყო მისდამი, რომ უფლება მისცეს მის მოწაფეებს მოძღვრის სიახლოვეს ეცხოვრათ.
იმ დროისათვის ხატმბრძოლებმა მზაკვრული სივერაგით ასეთი რამ მოიფიქრეს: მართლმადიდებლებისგან აღარ ითხოვდნენ ხატების უარყოფას და შეურაცხყოფას, არამედ მხოლოდ ერთხელ ზიარებას ხატმბრძოლი პატრიარქის ხელიდან, თანაც ტაძარში კედლებზე ხატებიც კი დაკიდეს (თუმცა ეს ხატები ისე მაღლა იყო განთავსებული, რომ მათ ვერავინ სწვდებოდა), შემდეგ კი ყველას შეეძლო თავის მონასტერში თუ სამრევლოში დაბრუნება და იქ ხატების მიმართ ისეთი დამოკიდებულება ჰქონოდათ, როგორიც თავად სურდათ. ბევრი ცდუნდა მაშინ ამ მზაკვრობით. წმ. თეოდორემ უდიდესი ღვაწლი გასწია, რათა დაერწმუნებინა ხალხი, რომ ამგვარი საქციელი ისეთივე ღალატი იყო მართლმადიდებლობისა, როგორც მწვალებლობის სრული მიღება. იგი ღალატს უწოდებდა აგრეთვე ხელისმოწერას დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ხელისმომწერი პირობას დებდა არ ექადაგა ხატთაყვანისცემა და არ ემხილებინა ხატმბრძოლობა, ანუ გაჩუმებულიყო და თავი შეეკავებინა პოზიციის საჯარო გამოთქმისაგან, სანაცვლოდ ამისა ხელისმომწერს ეძლეოდა სრული თავისუფლება საკუთარ სარწმუნოებრივ შეხედულებებში.
იმპერატორს აცნობეს წმ. თეოდორეს უკომპრომისო პოზიციის შესახებ, მან ბრძანა გაეფანტათ მისი მოწაფეები, თავად აღმსარებლისთვის წაერთმიათ წიგნები, ხატები და 100 როზგი დაერტყათ მისთვის. მაგრამ ჩინოვნიკი, რომელიც ამ ბრძანების შესასრულებლად იქნა მივლინებული, წმ. თეოდორეს დანახვისთანავე მოლბა და გაროზგვის მხოლოდ ინსცენირება მოახდნა. თუმცა 817 წლის ზამთარში უკვე სხვა ჩინოვნიკს დაევალა წმ. თეოდორეს გაროზგვა და მანაც ბრძანება პირნათლად შეასრულა. წმინდანთან ერთად გაროზგეს მისი მოწაფე ნიკოლოზ სტუდიელი და შემდგომ ორივე უჰაერო ჯურღმულში ჩაყარეს. ორივე ისე სასტიკად იყვნენ ნაცემები, რომ ერთმანეთს ხელით აძრობდნენ დაწყლულებულ კანს, რომლის დაჩირქების შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იყო. ისედაც მწირ საკვებს თეოდორე ნიკოლოზს აძლევდა, თავად კი მხოლოდ წმინდა ნაწილებით ეზიარებოდა. ჭრილობების მოშუშებისთანავე წმ. თეოდორემ განაახლა მიმოწერა, იგი არა მხოლოდ ეპისტოლეებს, არამედ დოგმატური ხასიათის თხზულებებსაც წერს ამ პერიოდში. ნიშანდობლივია, რომ იმპერატორის ბრძანებით ყველა მონასტრის იღუმენი ვალდებული იყო რჩევისთვის მისულიყო იოანე გრამატიკოსთან, რომელიც თავის ინტელექტითა და რიტორიკით ცდილობდა ყველას დარწმუნებას ფორმალური ერთობა მაინც ჰქონოდათ ხატმბრძოლ პატრიარქთან (იოანესთან მიიყვანეს, მაგრამ უშედეგოდ, წმ. თეოფანე სიგრიანელი, წმ. ნიკიტა მიდიკიელი და სხვები), მაგრამ წმ. თეოდორეს მიყვანა იოანესთან არც კი უცდიათ, იცოდნენ რა მისი უმტკიცესი ხასიათი, აგრეთვე ყველას ახსოვდა წმ. თეოდორეს და იოანე გრამატიკოსის პოლემიკა ჯერ კიდევ კრებამდე, როდესაც გრამატიკოსს თავი ჯერ კიდევ მართლმადიდებლად ეჭირა. შემონა-ხულია წმ. თეოდორე სტუდიელის სამი წერილი იოანესადმი, სადაც იგი განაქიქებს მის არასწორ შეხედულებებს.
819 წლის თებერვალში წმ. თეოდორესთან საპყრობილეში კვლავ მიდიან იმპერატორის ჩინოვნიკები და უსასტიკესად როზგავენ. სიკვდილის პირას მიყვანილი აღმსარებელი მხოლოდ ზაფხულში ახერხებს ფეხზე დადგომას. როგორც იგი შემდგომში წერდა, მას და ნიკოლოზს ცემის შემდეგ მთელს ტანზე ალაგ-ალაგ ეკიდათ უკვე მკვდარი სხეულის ნაწილები, რომლებსაც დანით აჭრიდნენ ერთმანეთს.
გაროზგვიდან სამი თვის შემდეგ იმპერატორის ბრძანებით ტუსაღები სმირნაში გადაიყვანეს. მოუშუშებელი ჭრილობებით უკიდურესად დაუძლურებულებს, აიძულებდნენ მთელი დღეები შეუსვენებლად ფეხით ევლოთ გრძელ გზაზე. საბოლოოდ ისინი სიმრნის მიტროპოლიტის (სასტიკი ხატმბრძოლის) ეზოში, ბნელ სარდაფში ჩაამწყვდიეს უმძიმეს პირობებში, სადაც 821 წლამდე იყვნენ პატიმრობაში, ვიდრე ახალმა იმპერატორმა მიქაელ II-მ* არ გაათავისუფლა ისინი. მიქაელს არ აღუდგენია მართლმადიდებლობა, მაგრამ დევნა შეწყვიტა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება გამოაცხადა.
თეოდორე და ნიკოლოზი სმირნიდან დედაქალაქისკენ გაემართნენ. მათი მგზავრობა ტრიუმფალურ მსვლელობად იქცა: მთელი გზა სტუდიელებს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდნენ, წმ. თეოდორეს ლოცვა-კურთხევასა და სნეულებათაგან განკურნებას სთხოვდნენ. გზადაგზა წმ. თეოდორე მრავალ აღმსარებელს შეხვდა, მათ შორის წმ. პატრიარქ ნიკიფორეს, რომე-ლიც ხანგრძლივი გადასახლებიდან დაბრუნებულიყო. შეხვედრა ძმური და სიხარულით აღსავსე იყო. მალე გაირკვა, რომ მათი იმედები ხატთაყვანისცემის აღდგენის შესახებ ამაო აღმოჩნდა, ამიტომ წმ. თეოდორე აღარ ჩავიდა კონსტანტინოპოლში და მოწაფეებთან ერთად ნიკომიდიის ყურესთან დასახლდა, სადაც მრავალი მომსვლელი მოდიოდა მის სანახავად. წმ. თეოდორემ იმპერატორსა და მის ვაჟს, თეოფილეს ეპისტოლე გაუგზავნა, რომელშიც არწმუნებდა მათ მართლმადიდებლობის აღდგენაში, მაგრამ ამაოდ.
821 წელს იმპერიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. აჯანყდა ვინმე თომა, რომელმაც თავი იმპერატორად გამოაცხადა და ჯარით კონსტანტინოპოლისკენ დაიძრა. მიქაელ II შეშინდა მართლმადიდებლები ამბოხებულთა მხარეს არ გადავიდნენო და ყველა აღმსარებელი, მათ შორის წმ. თეოდორე დედაქალაქში დაიბარა. 821 წლის დეკემბრიდან კონსტანტინოპოლი ალყაში მოექცა. ეს ალყა ერთ წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ თომა დამარცხდა. აჯანყების ჩაქრობისთანავე წმ. თეოდორე ტოვებს დედაქალაქს და წმ. ტრიფონის ნახევარკუნძულზე, პრინცის კუნძულების მახლობლად სახლდება. იმპერიის ყველა კუთხიდან მასთან უამრავი მნახველი მიდის რჩევისათვის, ლოცვა-კურთხევისთვის, განკურნებისთვის და ისე უბრალოდ იმისთვის რომ საკუთარი თვალით ეხილათ დიდი აღმსარებელი.
გარდაცვალებამდე წმ. თეოდორემ რამდენჯერმე ინახულა კვლავ გადასახლებაში მყოფი პატრიარქი ნიკიფორე. მათი ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც პატრიარქთან მრავალმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა და იღუმენმა მოიყარა თავი, წმ. ნიკიფორემ ტრაპეზად დასხდომამდე, წმ. თეოდორე თავის გვერდით ამაღლებულ ადგილზე მიიწვია დასაბრძანებლად, სტუმრებს კი მიმართა: “ნება მიბოძეთ, ძმანო, უპირატეს ადგილზე ჩვენი მრავალჭირნახული მამა დავაბრძანო. - მართალია მას, როგორც ბრძენს, სრულიადაც არ უნდა ეს, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, მის გვერდით ვიჯდე და მასთან ერთად გავტეხო პური. რადგანაც ვინც მეტად სათნოეყო უფალს, ვინც მეტად შეიყვარა ღმერთი, მას ღმრთისაგანაც მეტი მიეცემა, როგორც თავად გვასწავლის უფალი სახარებაში; როგორი განსხვავებაცაა წმინდანთა ცხოვრებაში, ასეთივე სხვაობაა ღმრთის მიერ მათთვის ბოძებულ პატივსა და გვირგვინებში, და შესაბამისად ყველას დამსახურებისამებრ მიეგება. და თუკი ასეა ღმერთთან, დაე ასე იყოს ჩვენ მდაბალთა შორის”
წმ. თეოდორე დიდი ხანი იტანჯებოდა კუჭის უმძიმესი სნეულებით, 826 წლის ოქტომბერში იგი უკიდურესად დაუძლურდა და ლოგინად ჩავარდა. ნოემბრის დასაწყისიდან მისი მოწაფეები უკანასკნელი ლოცვა-კურთხევისათვის მოდიან მასთან. კვირას 11 ნოემბერს, ზიარების შემდეგ წმ. თეოდორემ უფალს მიაბარა სული. მის დაკრძალვაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. წმიდანი იმ კელიაში დაასაფლავეს, რომელშიც ცხოვრობდა. მართლმადიდებლობის აღდგენის შემდეგ 844 წლის 26 იანვარს მისი წმიდა ნაწილები სტუდიელთა მონასტერში გადაასვენეს სადაც მათგან მრავალი სასწაული აღესრულებოდა, ვიდრე სავანე თურქებმა არ დაანგრიეს XV საუკუნეში.
სტუდიის მონასტრის ნანგრევები.
* * *
IX საუკუნე, სტუდიელთა მონასტრის აყვავების ხანა იყო. მონასტრის ბევრმა ძმამ მრავალი დევნულება და ტანჯვა გადაიტანა წმიდა ხატთა თაყვანისცემის და საეკლესიო კანონთა დაცვის გამო. სათნოებებითა და საღმრთო ნიჭებით შემკული მრავალი წმიდა მამა გაბრწყინდა ამ პერიოდში სტუდიელთა სავანეში. IX საუკუნეში მოღვაწეობდა ღირსი ევარისტ სტუდიელი (ხს. 26 დეკ.), რომელიც წმ. ნავკრატიუსის იღუმენობის დროს აღიკვეცა ბერად.
სტუდიელთა მონასტერი შემდგომ საუკუნეებშიც ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და გავლენიანი იყო. მისი იღუმენები ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდნენ საეკლესიო კრებებზე სხვა მონასტერთა იღუმენებს შორის. ასეთივე უპირატესობა ჰქონდათ მათ ღვთისმსახურებისა და კრებების აქტებზე ხელმოწერის დროს. მრავალი ეპისკოპოსი და პატრიარქი იქნა არჩეული სტუდიელთა საძმოდან. საყოველთაოდ იყო ცნობილი მონასტრის ბიბლიოთეკა და სკრიპტორიუმი, სადაც უძვირფასესი და უიშვიათესი წიგნების გადაწერა ხდებოდა. თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით სტუდიელი ბერები უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდნენ მთელს საქრისტიანოში. IX-XII საუკუნის მრავალი ავტორი აღტაცებით მოგვითხრობს მათ შესახებ. სტუდიელთა მონასტერში მოღვაწეობდა წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოძღვარი წმ. სვიმეონ ღვთისმოშიში (ხს. 12 მარტს).
სტუდიელთა ცნობილი ტიპიკონი, რომელიც წმ. თეოდორეს მიერ იყო შექმნილი, შემდგომში საყოველთაოდ გავრცელდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის უამრავ მონასტერში. საქართველოში იგი წმ. გრიგოლ ხანძთელმა დანერგა. XI საუკუნეში წმ. თეოდოსი პეჩორელმა ეს ტიპიკონი კიევო-პეჩორის ლავრაში დაამკვიდრა, საიდანაც მთელს რუსეთში გავრცელდა.
გამოყენებული ლიტერატურა
1. Д. Афиногенов. “Конст. Патриархат и Иконоборческий кризис”. Москва. 1997.
2. А. Доброклонский. “Преп. Феодор Исповедник Студийыкий.” Том I. Одесса. 1913.
3. Игнатий Скевофилакс. “Житие Св. Никифора Исповедникв”. Минск. 2001.
4. Х. Лопарев. “Византийские Жития Святых VIII-IX веков.” 1910.
5. А. Лебедев. “История Константинопльских Соборов IX века”. Санкт-Петербург. 2001.
6. А. Лебедев. “Очерки внутр. истории восточ. церкви.” Москва. 1902.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment