საყვარელო ძმებო, უნდა ვუფრთხილდეთ არა მხოლოდ აშკარა და თვალსაჩინო ტყუილს, არამედ ისეთსაც, დახვეწილი ცბიერებითა და მზაკვრობით რომაა შენიღბული. მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით, და მოვიდა ნათელი, განმანათლებელი წარმართთა, აღმობრწყინდა მნათობი მაცხოვნებელი, ბედნიერების მომტანი კაცთათვის, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები – მიტოვებული, თავისი სახლები და საკერპოები – დაცარიელებული, განა შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცბიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილია, მტერმა რომ მოიფიქრა – თვით ქრისტეანის სახელით აცთუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა. ვის დაბრმავებას და ძველ გზაზე დაყენებასაც ვერ ახერხებს, ის ახალი გზით შეჰყავს შეცდომაში. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უკვე უახლოვდებოდნენ ნათელს, როცა თავს აღწევდნენ ამა ქვეყნის უკუნითს, მათთვის შეუცნობლად ახალ ბნელეთში ხვევს. ასე რომ, ისინი სახარების სწავლებით არ ცხოვრობენ და ღამის წყვდიადში დაეხეტებიან, თანაც ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან. ასეთია მზაკვრული მანქანება მტრისა, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება “ანგელოზად ნათლისა” (II კორ. 11,14) და თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოგვიდგენს, ისინი კი დღეს ღამედ აცხადებენ, წარწყმედას – ცხონებად, სასოების საფარველ ქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენას უწოდებენ, ანტიქრისტეს ქრისტედ სახელდებენ, ტყუილს სიმართლედ ასაღებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას. ეს იმიტომ ხდება, საყვარელო ძმებო, რომ არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრების სწავლებას. განა შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს?
ან რა იმედი უნდა ჰქონდეს მას, ვინც უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ეკლესიას, რომ ამის მიუხედავად მაინც ეკლესიის წევრია? და ეს მაშინ, როცა პავლე მოციქული ეკლესიის შესახებ ამბობს: “ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით, ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისათა; ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი” (ეფეს. 4, 4-6). მტკიცედ უნდა დავიცვათ და დავიმარხოთ ეს ერთიანობა; ნურავის ტყუილს ნუ აჰყვება ჩვენი ძმობა! ნურავინ დაემუქრება სარწმუნოების ჭეშმარიტებას მუხანათური მზაკვრობით! ერთია ეკლესია, თუმცა მორწმუნეთა გამრავლებისას იგი ნაწილებად იყოფა. ისევე როგორც მზეს მრავალი სხივი აქვს, მაგრამ ნათელი მისი ერთია, ხეს ბევრი ტოტი აქვს, ტანი კი – ერთი, მყარად ფესვგადგმული, მრავალი ნაკადული გამოდის წყაროს სათავიდან, და თუმცა წყლის სიუხვეს ამ ნაკადულთა სიმრავლე ქმნის, სათავე მათი მაინც ერთია. სცადე და მოსწყვიტე მზის სხივი თავის საწყისს – ცალკე ის ვერ იარსებებს, მოტეხილი ტოტი მოკვდება, სათავეს მოშორებული ნაკადული მყისვე დაშრება. ასევე ეკლესია, უფლის ნათლით განბრწყინვებული, მთელ ქვეყანას ჰფენს თავის სხივებს, მაგრამ თვით ნათელი, საიდანაც გამოდის ეს სხივები, ერთია და მისი ერთიანობა დაურღვეველი რჩება. მთელ ქვეყანას სწვდება მისი ტოტები, ნაყოფით დახუნძლული, შორს მიედინება მისგან გამოსული მდინარეები, და ამასთან სათავე ერთია, ერთია საწყისი, ერთია დედა, ნაყოფიერებით გამდიდრებული. ჩვენც მისგან ვიშვებით, მისი რძით ვიკვებებით, მისივე სულით განვსულიერდებით. სძალი ქრისტესი შეუძლებელია დამახინჯდეს, იგი სუფთაა და განუხრწნელი, ერთი სახლი აქვს და უბიწოდ ინახავს ერთი სარეცელის სიწმინდეს. იგი ღმერთისათვის გვინახავს – სასუფეველისათვის ამზადებს თავისგან შობილთ. ყოველი, ვინაც განეშორება ეკლესიას, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიის აღთქმას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს, იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ მჯდარა. უფალი ასე გვასწავლის: “რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერ ჩემდა არს, და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს” (მატე. 12,30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და ერთობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგია. ვინც სხვაგან შეკრებს, და არა ეკლესიაში, ის წარაგებს ქრისტეს ეკლესიას.





