თეოფილე ანტიოქიელი: ავტოლიკესადმი (ფრაგმენტი)

წიგნი III

1. თეოფილე ავტოლიკეს მოვიკითხავ[1]! ისევე, როგორც სხვა მწერლები, რომლებიც ფუჭი დიდებისათვის მრავალი წიგნის დაწერას ესწრაფვიან და ხან ღმერთების, ხან ომების, ხან კიდევ ჟამთა შესახებ გვაუწყებენ, ხანაც უსარგებლო თქმულებებსა თუ რაღაც მსგავს სისულელეებს გადმოგვცემენ, დღემდე ამასვე ეშურები შენც და უყოყმანოდ თავს იდებ ამგვარ შრომას, ჩვენთან შეხვედრის ჟამს და უგუნურებად რაცხ ჭეშმარიტების სიტყვას და თვლი, რომ ჩვენეული წიგნები ახალია და არა ძველი. სწორედ ამიტომ არ დავაყოვნებ და როგორც ღმერთი მომმადლებს, გაუწყებ ჩვენი წერილის სიძველის შესახებ, გაუწყებ ზოგადი და მოკლე განმარტების სახით, რომ დიდად არ გაგსარჯო, მაგრამ ისე კი მოხდეს, რომ შეიცნო ფუჭსიტყვაობა სხვა წიგნისა.

2. მართებდათ მწერლებს, ან თვითმხილველნი ყოფილიყვნენ იმისა, რაც გვაუწყეს, ანდა თვითმხილველთაგან ზედმიწევნით გაეგოთ ყოველივე, რადგანაც საეჭვო საქმეთა აღმწერნი, შეიძლება ითქვას, წყალს ნაყავენ. რა ირგო თუნდაც ჰომეროსმა ილიონის ომის აღწერით, გარდა იმისა, რომ ცთომილებაში ჩააგდო მრავალნი, ანდა რა ირგო ჰესიოდემ ეგრეთ წოდებულ ღმერთთა შთამომავლობითი ხაზის შექმნით, ან კიდევ ორფევსმა სამას სამოცდახუთი ღმერთის აღიარებით[2] (თუმცა სიცოცხლის მიწურულს თვითვე უარყო ისინი და თავის “შეგონებებში”[3] ერთი ღმერთის არსებობა თქვა)! რა სარგებლობა მოუტანა არატეს ანდა სხვებს, რომლებიც მისებრ მსჯელობდნენ, კოსმიური წრებრუნვის სფერულმა აღწერილობამ გარდა ადამიანური დიდებისა, თუმცა ვერც ეს დიდება მიიღეს მათ ღირსებისამებრ. რა თქვეს მათ ჭეშმარიტი? რა ისარგებლეს ევრიპიდემ, სოფოკლემ და სხვა ტრაგიკოსებმა მათი ტრაგედიებიდან, ანდა მენანდრემ, არისტოფანემ და დანარჩენმა კომედიოგრაფებმა – კომედიებიდან, ან კიდევ ჰეროდოტემ და თუკიდიდემ – მათი ისტორიებიდან? რით არგი პითაგორას თუნდაც ტაძარმა და ჰერაკლესეულმა სვეტებმა[4], ანდა დიოგენეს ცინიკურმა ფილოსოფიამ, ეპიკურეს კი იმის მტკიცებამ, რომ არ არსებობს განგება; რა სარგებლობა მოუტანა ემპედიკლეს უღმერთოების სწავლებამ, ანდა სოკრატეს – ძაღლის, ბატის, ჭადრის, დამეხილი ასკლეპიოსის ან კიდევ იმ ღვთაებების დაფიცებამ, რომლებსაც თავად მოუხმობდა? რის გამო მოკვდა იგი ნებაყოფლობით, რა და როგორი საზღაურის მიღებას მოელოდა სიკვდილის შემდეგ? რა არგო პლატონს მისეულმა სწავლებამ ანდა სხვა ფილოსოფოსებს მათმა მოძღვრებამ, რომელთა ჩამოთვლა სიმრავლის გამო შორს წაგვიყვანდა? ყოველივე ამას იმიტომ ვამბობთ, რომ საჩინო ვყოთ ზემოხსენებული უსარგებლო და უღვთო აზროვნება.

წმ. ისააკ ასური

სიყვარულისათვის ღვთისა

სიყვარული ღვთისა ბუნებით მხურვალე არს, და რაჟამს მოიწიოს კაცსა ზედა უზომოებით, ჰყოფს სულსა მისსა ვითარცა გონებისაგან თვისისა განსრულსა. და მერმე საზომისაებრ ძალისა მისისა მოვალს მის ზედა შეცვალება უცხო. და ესე არიან სასწაულნი მისნი ხილულნი.

სასწაულნი სანატრელისა სიყვარულისანი: იქმნების პირი კაცისა ბრწყინვალე, მხიარულ, და გვამი მისი განხურდების. განეშორების მისგან შიში და სირცხვილი, და იქმნების ვითარცა აღტაცებული გონებითა, და ძალი იგი შემკრებელი გონებისა ივლტის მისგან, და იქმნების ვითარცა წარტყვენული. და შიში იგი სიკვდილისა შეერაცხოს მას სიხარულად, და ხედვა იგი გონებისა მისისა არღარა მოსწყდების საქმეთა მათგან ზეცისათა. გულის ხმის ყოფა და ხედვა მისი ბუნებითი წარხდების, და ხილულთა მათ საქმეთა შინა არღარა იხილვების იგი და მარადის ვითარცა სხვასა ვისთანამე უბნობს. ამით ესე ვითართა საქმითა დაითრვნეს მოციქულნი და მოწამენი. და მოციქულთა მოვლეს ყოველი სოფელი. და დაშვრეს და იგვემნეს მრავალ გზის. და ეგრეთვე მოწამენი მსგავსად მათსა. და მთათა შინა იქცეოდეს უპატიოებით, რომელნი იგი სავსე იყვნეს ყოვლითავე პატივითა. და ბრძენნი იგი უგუნურად შერაცხილ იყვნეს. ამას უგუნურებასა ღმერთმან ღირს მყვენ მიწდომად!

ვიდრეღა არა შესრულ იყო ქალაქსა მას სიმდაბლისასა, უკეთუ იხილო, ვითარმედ დაცხრომილ არიან ვნებანი შენ შორის, ნუ ირწმუნებ, რამეთუ ღონე არს მტერისა და მოელოდე შემდგომად მის განსვენებისა შფოთსა დიდსა. რამეთუ რაჟამს წარვლნე სავანენი იგი სათნოებათანი, ვერ პოებ განსვენებასა, ვიდრე მიიწიო სავანესა მას სიმდაბლისასა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 შეგონებანი ოლიმპიადას 

ასულო ჩემო, მოძღვარი შენი გრიგოლ მოგიძღუანებ ამა სათნოსა საუნჯეს; ხოლო ყოველთა ძღვენთაგან უმჯობესია სულიერ მამის შეგონებანი.

უწყოდე, ოლიმპიადა - ძვირფას ქვათაგან შეჭედილ ოქროთი არ განშვენდებიან დედანი; ხოლო ხატებას ღვთისას ნუ დაიფარავ ფერ-უმარილით - ამ სამარცხვინო საკეკლუცოთი და პირ-სახეს შენსას ნუ წარხოც სხვა რამ მომაკვდინებელ ხატებით. მეწამული და ოქროქსოვილი, ელვარე და ჭრელა-ჭრულა სამოსი მათ დაუტევე, რომელთ ნათელი ცხოვრების არა ჰმოსიათ; ხოლო შენ იღვაწე უბიწოებისათვის, შინაგან თვალის განსაცვიფრებელ, ღირსახეს სილამაზისთვის. დედაკაცში ყოველთა ფერთა მშვენიერია კეთილზნეობა, რომელ მყარია და არა სადა დაუტევებს მას მშვენება ესე.

უწინარესად თაყვანსასცემდე უფალს და მერმედ მეუღლეს შენსას - რომელ თვალია შენის ცხოვრების და წინამძღოლი ზრახვათა შენთა. მას ერთსა ჰყვარებდე, მას ერთსა გულს უხარებდე, და რაც უფრო ნაზი სიყვარული აქუნდეს შენდამი, მით მეტითა პასუხობდე. ერთსულოვნების საკვრელ-ქვეშ დაიცევ ურყევი ერთგულება. იმგვარ თავისუფლების ნებას ნუ მისცემ შენს თავს, რაგვარსაც გაწვევს ქმრის სიყვარული, არამედ - წესისამებრ იქცეოდე; რამეთუ ნაყროვანება ყველაფერშია შესაძლო.