„სულისა აზნაურება დაუმონებელ გამოაჩინე მოწამეო, და მღვდელმთავარო ქრისტესო, გემოთა სიტკბოებანი მოაკვდინენ, და მიაგე ნაცვალი შენთვის მომკვდარსა მას მეუფესა ქრისტესა“
(იკოსი წმ. აბიბოს ნეკრესელისა)
რელიგია პოლიტიკა არ არის, არც პოლიტეკონომია. მითუმეტეს, ქრისტიანობა არ არის პოლიტიკა. სახარებაში არ არის არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი, ვერც რაიმე სოციალურ კონცეფციას აღმოაჩენთ მასში. სწორედ ამის გამო არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტე და მისი მოძღვრება, რადგან ქრისტემ არც პოლიტიკაში ჩარევა ისურვა და არც სოციალურ კეთილდღეობას დაპირებია ვინმეს. ქრისტეანობა ყოველგვარი პოლიტიკისა და ეკონომიკის მიღმაა, ის არაამსოფლიურია. შეიძლება ითქვას პირიქითაც, ეს სოფელი, თავისი პოლიტეკონომიით, ყოველთვის იყო და არის დაპირისპირებული ქრისტესთან და მის მიმდევრებთან. „უკეთუ მე მდევნეს, თქვენც გდევნიან“- ამბობს უფალი. სწორედ ესაა ქრისტეანთა უმთავრესი ნიშანი. ასე რომ, ვინც ქრისტეს სახელით აღწევს ამქვეყნად დიდებასა და პატივს, კეთილდღეობასა და ძალაუფლებას - ის ცრუ ქრისტეს მიმდევარი და მქადაგებელია, ქრისტე ხომ ყოველთვის იდევნება, ის ყოველთვის საკანშია და იქიდან იყურება სევდიანი თვალებით მათკენ, ვინც მის სახელს ამოფარებული უტიფრად ღალატობს მას. „ და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი უფლისაი: ვიდრე ქათმის ხმობამდე სამგზის უვარ-მყო მე“ (ლუკა 22,61) „რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან?“(ფს. 29,10) თუკი ქრისტეანთა ტაძრებშიც ჩემს ვნებას გაიხსენებენ მხოლოდ, როგორც სევდიან ისტორიას, თუკი ჯვარი ჩემი იქნება მხოლოდ თეატრალური სანახაობა, რომლითაც ისეირებს ხალხი, მაშ ვისთვის მოვკვდი? უმადური ხალხისთვის, რომლებიც ჩემს სიყვარულს არ ცნობენ, ანდა საერთოდ არ სჭირდებათ იგი, აი რატომ არს „შეწუხებული ჩემი სული ვიდრე სიკვდილამდე“ (მათე, 26.39)
სტატისტიკური გამოკითხვების მიხედვით პატრიარქს უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე ქრისტეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ნუთუ ეს ნორმალურია? ხომ არ მოხდა ქრისტეს ჩანაცვლება პატრიარქით? კი მაგრამ რატომ? როგორ?