წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი): ამაო სიბრძნის შესახებ

თქვენ მეკითხებით: რა აზრისა ვარ კაცობრივი სიბრძნის შესახებ. ადამიანთა მოდგმა დაცემის დღიდანვე შეუდგა მიწის დამუშავებას, ამქვეყნიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უამრავი ყოფითი საზრუნავი და საფიქრალი გაუჩნდა. მოკლედ, ადამიანისათვის უპირველეს მოთხოვნილებად იქცა მატერიალური მხარის დაკმაყოფილება, რაც ჩვენი საუკუნის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია.
კაცთა დაცემას მოჰყვა აგრეთვე სხვადასხვა მეცნიერებათა განვითარება, რაც დაცემული ადამიანის აზროვნების ნაყოფია. შთაბეჭდილებებისა და უმწიფარი ცოდნის დაგროვება დაცემულ სამყაროში ცხოვრების უმთავრესი შედეგია. განსწავლულობა მიხრწნილი ადამიანის სულის ლამპარია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, სადაც “სიბნელე უკუნეთისა სუფევს უკუნისამდე”. მაცხოვარმა შეძლო დაცემული ადამის მოდგმისათვის იმ ლამპარის უკან დაბრუნება, რომელიც მათ შემოქმედისაგან ებოძათ ოდესღაც, შესაქმის ჟამს და რაც შეცოდებისთანავე დაჰკარგეს. ეს ლამპარი სულიწმიდაა, სული ჭეშმარიტებისა, განბრძნობილი სრული ჭეშმარიტებით, გამომეძიებელი ღვთაებრივი სიღრმეებისა, დაფარულ საიდუმლოთა გამომაჩინებელი, ადამიანის სულისათვის იმ ცოდნის მიმნიჭებელი, რომელიც მისთვის საჭირო და აუცილებელია. მეცნიერს, რომელსაც სურს ჩაუღრმავდეს სულიერ სიბრძნეს, პავლე მოციქული ასე მიმართავს: “უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ-იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ” (1 კორ. 3-18). ჭეშმარიტად, განსწავლულობა თავისთავად სიბრძნე როდია, არამედ ლტოლვა სიბრძნისაკენ. დაეუფლო ჭეშმარიტ შემეცნებას, რომელიც უფალმა უბოძა კაცთა მოდგმას, მხოლოდ რწმენის გზით არის შესაძლებელი, ცოდვით დაცემული ადამიანის აზროვნებისათვის იგი შეუცნობელია და ამიტომ ჰიპოთეზებითა და ვარაუდებითაა სავსე ამგვარი მეცნიერება. კაცობრივი სიბრძნე წარმართთა და უსჯულოთა ხვედრია და მისი საფუძვლები სრულიად ეწინააღმდეგება სულიერ, ღვთაებრივ სიბრძნეს. შეუძლებელია ერთდროულად იყო ორივე სიბრძნის მიმდევარი - ან ერთს უნდა აქციო ზურგი ან მეორეს განუდგე დაუყოვნებლივ. დაცემული ადამიანი "ცრუ არს". მცდარი შეხედულებების წყალობით გაჩნდა “ცრუ აზროვნება”, ანდა მცდარ შეხედულებათა და აზრთა მთელი სისტემა, რომელიც გარეგნულად ჩანს, როგორც “აზროვნება”. სინამდვილეში კი აბდაუბდა და ბოდვაა ბორო-ტისაგან შეპყრობილი ადამიანის გონებისა, რომელიც ცოდვისა და დაცემის სასიკვდილო წყლულითაა დაავადებული. გონების ამგვარი სნეულება ნათლად გამოსჭვივის ფილოსოფიურ მეცნიერებებში.


"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"


წმიდა თეოდორე სტუდიელი: სიტყვა წარმოთქმული სულიერი მამის, პლატონისათვის.


თავი პირველი

დაბადება, აღზრდა, ბითვინიაში წასვლა

1. ჩვეულებრივ რიტორები და სოფისტები, წერას რომ იწყებენ, ჭეშმარიტების ჩაწვდომას კი არ ფიქრობენ, იმას ცდილობენ, რაც შეიძლება დახვეწილად ჩამოაყალიბონ წინადადება, მოხდენილად თქვან სათქმელი და ამრიგად, თავიანთი თხრობა მაღალფარდოვანი და საამო გახადონ მსმენელის ყურთათვის. ისინი ლამაზი სიტყვებით გვნუსხავენ და ნატიფი შედარებებით გვხიბლავენ, ის კი სულ არ ანაღვლებთ მართალი სიტყვა როგორ უნდა თქვან, რამეთუ დიდებას ეძიებენ და კაცთმოთნეობის მონანი არიან. ჭეშმარიტების მოყვარულნი კი იმაზე ზრუნავენ, რომ სიმართლე ილაპარაკონ და ჭეშმარიტება გამოიკვლიონ, თუნდაც მათ სიტყვას სინატიფე აკლდეს და არც მჭევრმეტყველობით გამოირჩეოდეს, რამეთუ ყოველივე ამას ჭეშმარიტების სინატიფე ურჩევნიათ და არ სურთ ლამაზი ფრაზებით დაფარონ სიცარიელე – ესაა ნამდვილი სიბრძნის ნიშანი.

ჰოდა, მეც შევეცდები შევაქო ჩემი სულიერი მამა, თუმცა გონებითაც სუსტი ვარ, სიტყვითაც და სულითაც. ამას იმიტომ როდი ვიქმ, რომ მისგან შექებას მოველი – რა უნდა უხაროდეს მას, ვისაც არაფერი ხიბლავდა სააქაოში და ვინც ისეთი ჯილდო მოიპოვა, რომლის მიმღებელი ყოველი კაცი დაუტევებს ყოველივე მსოფლიოს, რამეთუ მიწიერ ცხოვრებაში არაფერია მყარი და ნეტარების მომტანი, ყოველივე ჩრდილივით განილევა და გაზაფხულის ყვავილივით ჭკნება. გარდა ამისა, იგი აქაც უღირსად თვლიდა თავს უბრალო ბერის სახელისთვისაც კი, ეს იყო მისი უდიდესი სიმდაბლისა და სულის სიწმინდის ნიშანი. მაშ, რაღას აქნევს ჩვენს შექებას ამსოფლით გარდასული და უმანკოთა შორის დამკვიდრებული, სადაც კვალიც არსად ჩანს დიდემისმოყვარეობისა?

2. მაგრამ თუ ვინმეს, ისევ მე შემფერის შევაქო იგი ყველაფრისათვის და მათ შორის სიტყვის ნიჭისთვისაც, რომელიც მისი შრომისა და ზრუნვის წყალობით მოვიპოვე, და რომელიც მასვე უნდა შევწირო, საპასუხო ძღვნად. მე ვიცი, რომ მამის დიდება შვილზე გადადის, როგორც ბრძენი ამბობს: “რამეთუ დიდება კაცისა პატივისაგან მამისა მისისა” (ზირ. 3,11). მაგრამ სახელზე არ ვზრუნავ, რამეთუ ესეც ვიცი: თუ კაცმა თვითონ მოუპოვა სახელი თავის თავსა და თავის სახლს, მამის დანატოვარ ქონებას აორკეცებს, ხოლო თუ საკუთარი სახელი და პატივი არ გააჩნია, მაშინ მამის დიდება ჩემი არ იყოს, ვერაფერს არგებს. მაგრამ არც ის შეიძლება, მარადიული დუმილის სიმძიმის ქვეშ მოვაქციოთ მისი სათნოებებით სავსე ცხოვრება, იგი, როგორც ანთებული ჩირაღდანი, სანთელზე უნდა შემოვდგათ, რათა უნათებდეს არა ერთსა და ორ კაცს, არამედ, ვბედავ ამის თქმას, ქრისტეს მთელ ეკლესიას. მაშ, რაკი წმიდა პლატონის ამბის ცოდნა ჩვენთვის სასარგებლოცაა და აუცილებელიც, და რაკი თავის თავში აერთიანებს ჭეშმარიტსა და საჭიროს, შევუდგეთ მის ქებას და დავიწყოთ იქიდან, საიდანაც საერთოდ იწყებენ ხოლმე.


3. ნეტარი პლატონის მშობლები იყვნენ სერგი და ევთიმია. ისინი ჩამომავლობითაც წარჩინებულნი იყვნენ და თავიანთი ცხოვრებითაც კეთილი სახელი მოიხვეჭეს. შესანიშნავი ზნე-ჩვეულებებით გამოირჩეოდნენ და მეურნეობაზე ისე ზრუნავდნენ, რომ ქონება ერთი-ორად გაზარდეს, რითაც ნათესაობის გაკვირვება გამოიწვიეს. მაგრამ უმაღლესი ქება მათთვის კარგი შვილების ყოლაა, რამეთუ შვეს იგი, ვისაც დღეს ხოტბას ვასხამთ, როგორც კეთილ მორჩს, მის შემდეკ კი ორი ასული, ასევე სახელოვანნი. მათ შესახებაც ხომ ბევრი რამ კეთილი გვსმენია, ერთი მათგანი საერო ცხოვრებაში ანათებდა, მეორე კი, დედაჩემი, სამონაზვნო დასშიც გამობრწყინდა. მაგრამ მაშინ, როდესაც ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ზეცით რისხვა გარდამოხდა (ჩვენი თხრობის საგანი გვაიძულებს ამაზე ვილაპარაკოთ) და დიდი სიკვდილიანობა მოუტანა ხალხს. ავადმყოფობა მხოლოდ რამდენიმე სოფელსა და ქალაქში როდი მძვინვარებდა, იგი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ეგვიპტის თავზე მოწეული სასჯელის მსგავსად, და განსაკუთრებით ბიზანტიას გაავლო მუსრი. ამ დროს დაასრულეს ცხოვრება პლატონის სანატრელმა მშობლებმაც. ალბათ დროული და სასარგებლო იქნება ამ სიკვდილის აღწერა: ვინც ამ ამბავს გონების ყურს მიაპყრობს, მისი სული მაცხოვნებელი შიშით აღივსება.

4. კაცი რომ ავად გახდებოდა, მის ტანსაცმელს უეცრად დააჩნდებოდა ზეთის საღებავით მოხაზული, ცხოველსმყოფელი ჯვარის გამოსახულება, თითქოს მხატვრის, უფრო სწორად, თვით მაღალი ღმერთის ხელით შესრულებული. ეს ნიშანი ვისაც დაეტყობოდა, ერთს შეჰყვირებდა და მყისვე სიკვდილი ცელავდა. ისეც ხდებოდა, რომ მკვდარი და მისი დამფლველი ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე სამარეში წვებოდნენ, გვერდიგვერდ, რომ ერთი გამწევი ხარი ოთხ გვამს ეზიდებოდა. საბრალო გვამები განუწყვეტილივ გადაჰქონდათ სასაფლაოზე, ყოველი მხრიდან ქვითინისა და საწყალობელი მოთქმის ხმა გაისმოდა: მტვირთავებს არაქათი ეცლებოდათ, მესაფლავეები არ ჰყოფნიდათ, სახლების კარებები იჭედებოდა, ქუჩები ცარიელდებოდა, სასაფლაოები გადატვირთული იყო, და ორ თვეში ხალხმრავალი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქი თითქმის უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. ეს მოხდა უსჯულო მეფე კონსტანტინეს დროს, რომელმაც ქრისტეს ხატი შეურაცხყო – ეს წყეული შეცთომილთა კერპს უწოდებდა ხატს. უფრო სწორად, მან ხატი კი არა, თვით ქრისტე ღმერთი შეურაცხყო, რამეთუ ხატის ღირსება მის პირველსახემდე ადის, როგორც ღმრთაებრივმა ბასილიმ თქვა. ასეთი ჭირი უსჯულოთათვის ზეცით მოვლენილი სამართლიანი სასჯელია, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს ჩვენ, უდიდეს ცოდვებს მიცემულნი, ღმრთის რისხვა ცხოვნების გზას უჩვენებს მათ, ვინც სიმდაბლით ღებულობს დარიგებას. მაგრამ მოდი, ჩემს მამას მივუბრუნდეთ.

5. ამგვარად, სულ პატარა ბიჭი იყო, ობლად რომ დარჩა. მისი აღზრდა ერთმა ნათესავმა ითავა. სიჭაბუკეს რომ მიაღწია, მისი ნიჭი შესანიშნავი გონებით გაბრწყინდა, როგორც ნორჩი ყლორტი, სწორედ გაზრდილი. ასეთი გონება იშვიათად გვხვდება ხოლმე მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩენილ ობლებს შორის. თავისი შრომითა და გულმოდგინებით ისე სრულყოფილად შეისწავლა სანოტარო საქმე, რომ ამას, ალბათ, სხვა მშობლების ხელშეწყობითაც ვერ მოახერხებდა. იგი ეხმარებოდა თავის ბიძას, რომელიც მაშინ სამეფო ხაზინას განაგებდა, და ამ საქმეში, ისე იყო გარკვეული, რომ ბიძამისს მხოლოდ სახელი ერქვა უფროსის, სამუშაოს კი პლატონი ასრულებდა. ამისთვის მეფის ხაზინადრებიც პატივს სცემდნენ, უფროსებსაც უყვარდათ და თვით მეფეც იცნობდა.

6. ამასთან იგი სიჭაბუკის თავაწყვეტილ ვნებებს როდი ეძლეოდა, როგორც მის ადგილას სხვა, თავისუფალი და ქარაფშუტა კაცი მოიქცეოდა. პლატონი მშვენივრად ახერხებდა თავისი თავის მოთოკვას, ერიდებოდა უგუნურ კაცთა საზოგადოებას და გონებადამჯდარ ადამიანებს ეტანებოდა, ურთიერთობას აბამდა კეთილშობილ და პატიოსან ხალხთან, თავისზე უმცროსებთან კი არა, უფროსებთან მეგობრობდა, და თითქოს შეუმჩნევლად მიიწევდა გარეგნული პატივისაგან სულიერი კეთილშობილებისაკენ. იგი სხვა თანატოლებივით არ დადიოდა ნადიმებზე, თავქარიანი ხალხივით არ ჰკლავდა სულს კოჭის თამაშითა და ლოთობით, არამედ გულმოდგინედ აკეთებდა თავის საქმეს და ამით ისეთი სიმდიდრე დააგროვა, რომ საკუთარი ქონება გაუჩნდა, სრულიად დამოუკიდებელი მამის დანატოვარი მდიდარი მემკვიდრეობისაგან. ეს შეუძლებელი იქნებოდა, მას რომ ყველაფერში დამოუკიდებლობა არ გამოეჩინა. დამოუკიდებლობა ამკობდა მას, ყოვლივე კეთილის მოყვარულს, სიმდაბლითა და გონიერებით, ჩააგონებდა დაეცვა თავი ყმაწვილურ ვნებათაგან, რამეთუ, თუ კაცი ამ ვნებებს აჰყვება, ვერც ვერაფერს შეიძენს და რაც აქვს, იმასაც დაკარგავს.

7. ამას რა მოჰყვა? იგი იმდენად გონიერი კაცი იყო და ისე კარგად მიჰყავდა ყოფითი საქმეები (ეს კი სოფელში ძალიან ფასობდა და იმ ხალხის პატივისცემას იმსახურებდა, ვინც თავიანთი ქალიშვილებისათვის საქმროებს დაეძებს), რომ ყოველი მხრიდან ურჩევდნენ, დიდგვაროვანი ან მდიდარი ცოლი შეერთო. მაგრამ მის გულში უკვე ენთო ღმრთაებრივი სიყვარულის ცეცხლი, რომელმაც ყოფითობის ჭაობში დანთქმისაგან იხსნა იგი. რამეთუ თამაშობებს წიგნის კითხვა ერჩივნა, თეატრებს – ტაძრები, ურცხვთა საკრებულოებს – მონასტრები, და რაც ყველაზე მეტად ქების ღირსია, თავის დაფარულ აზრებს, გულისთქმებსა და საქმეებს რომელიმე იღუმენს ანდობდა. აქედან ჩანს, რომ მასში ღმრთის სიყვარული იყო დამკვიდრებული, და ისინი, ვინც მის აღსარებას ისმენდნენ, განცვიფრებულნი რჩებოდნენ ჭაბუკის ზნეობრივი სრულყოფილებით.

8. ამგვარად გონების თვალი უხილავის ჭვრეტას მიაპყრო და მისი სიყვარულით განიმსჭვალა, თავის თავში ყოველგვარი მიწიერი სურვილები დათრგუნა და ღმრთაებრივი ანტონის მსგავსად მოიქცა – გაყიდა თავისი ქონება და მამის მემკვიდრეობაც, მხოლოდ მცირედი დაუტოვა ორ უმცროს ძმას, მონებიც გაათავისუფლა და აბრაამის მზადყოფნით დაუტევა ეს სოფელი. თან სადმე ახლო-მახლო კი არ შეუდგა მოღვაწეობას, არამედ ძალიან შორს, ოლიმპოს მიდამოებში, იმ ადგილას და იმ კაცთან, რომელიც მას ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა მიუთითა. სიმბოლოთა მონასტერი აირჩია, ხელმძღვანელად კი თეოკტისტე, კაცი, რომლის ცხოვრებაც მშვენიერი იყო, ჩამომავლობაც კეთილშობილი ჰქონდა და აღსასრულიც ნეტარი. ახლა კი, ვგონებ, ის დროა ვთქვათ, როგორ წამოვიდა პლატონი სამშობლოდან, რამეთუ ეს ამბავი მსმენელს მსოფლიო სევდას გაუფანტავს. იგი გაშორდა თავის სახლს და თან წაიყვანა ერთი ყველაზე საყვარელი მონა. როდესაც მიაღწია ადგილს, რომელსაც სამეფო ჰქვია, შევიდა ერთ-ერთ გამოქვაბულში, და უბრძანა, თავის მხლებელს, თმა შეეკრიჭა მისთვის, შემდეგ კი შესამოსელში ისე გამოეწყო, როგორც ბრწყინვალე ძოწეულში. რა სანახაობა უნდა ყოფილიყო – ერთი შინ ბრუნდებოდა, საერო ტანსაცმელში ჩაცმული (იგი, რა თქმა უნდა, ტირილით დაემხო მუხლებზე, რამეთუ თავის ბატონს კარგავდა), მეორე კი მარტოდმარტო რჩებოდა, მხოლოდ ღმერთი იყო მასთან, რომლის გულისთვისაც წამოიწყო ეს ყველაფერი. ასეთია ღმრთაებრივი სიყვარული, რომელიც სრულიად იპყრობს გულს და მხოლოდ თავისკენ იზიდავს მხურვალე სურვილს კაცისას.