ცეცხლის მდინარე

ალექსანდრე კალომიროსი

პასუხი კითხვებზე: მართლა კეთილია ღმერთი? ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი?


ხანგძლივი დუმილის შემდეგ, დაპირებისამებრ, გვსურს წარმოვუდგინოთ ჩვენს მკითხველს,  ბერძენი თეოლოგის, ალექსანდრე კალომიროსის (+1991) უაღრესად მნიშვნელოვანი ნაშრომის, "ცეცხლის მდინარის" ქართული თარგმანი (მცირედი ცვლილებებით). 

საშინელი სამსჯავრო. სინას მთა, XII საუკუნის ხატი.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

პატიოსანო მამებო, საყვარელო ძმებო და დებო! 

არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია. 

რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა?

ამის მიზეზია სიყვარულის განელება. ღვთისადმი სიყვარული აღარ იწვის ადამიანთა გულებში და აქედან გამომდინარე ჩვენს შორის სიყვარულიც მოკვდა. 

და რა არის მიზეზი ღვთის მიმართ ადამიანის სიყვარულის გაქრობისა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ცოდვა. ცოდვა არის ის ბნელი ღრუბელი, რომელიც არ უშვებს ღვთის ნათელს ჩვენამდე. 

მაგარამ ცოდვა აქამდეც არსებობდა. მაშინ როგორღა მივაღწიეთ ასეთ მდგომარეობას, როდესაც ღმერთს არა მხოლოდ უგულებელვყოფთ არამედ გვძულს. დღევანდელ დღეს ადამიანის დამოკიდებულება ღვთისადმი მართლაც არ არის უბრალოდ იგნორირება ან უინტერესობა. თუ ჩვენ უფრო ყურადღებით შევხედავთ დღევანდელ ადამიანს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ მის უმეცრებასა და უდიერებაში ჩაქსოვილია საშინელი სიძულვილი. მაგრამ როგორ შეიძლება გვძულდეს ის რაც არ არსებობს? მე მართლაც მგონია, რომ დღეს ადამიანებს უფრო სწამთ ღმერთის არსებობისა ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს კაცობრიობის ისტორიაში. ხალხმა ეხლა უკეთესად იცის სახარება, ეკლესიის სწავლება და საერთოდ ღმერთის ქმნილება ვიდრე სხვა ნებისმიერ დროში. მათ ღრმადა აქვთ გაცნობიერებული ღმერთის არსებობა. 

თანამედროვე ათეიზმი, სინამდვილეში არ არის ურწმუნოება. ეს არის აუტანლობა იმისა, ვისაც კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვინც გვძულს მთელი ჩვენი არსებით, ზუსტად ისევე, როგორც დემონებს, რომელთაც კარგად იციან და იმავდროულად სძულთ ღმერთი. ჩვენ გვძულს ღმერთი და ზუსტად ამიტომ უგულვებელვყოფთ მას, თვალს ვარიდებთ, თითქოსდა ვერ ვხედავთ და თავი ათეისტებად მოგვაქვს. სინამდვილეში კი ის დაუძინებელ მტრად მიგვაჩნია და მისი უარყოფა ანუ ათეიზმი ჩვენი შურისძიებაა მასზე. 

მაგრამ, რატომ სძულთ ადამიანებს ღმერთი? არა მხოლოდ იმიტომ რომ საქმენი მათნი ბნელია და ნათელი აღიზიანებთ, არამედ იმიტომ, რომ ის მათთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს, მარადიულ საფრთხეს, ვითარცა მოწინააღმდეგე სასამართლოში, ვითარცა პროკურორი და დაუნდობელი მსაჯული. ღმერთი მათთვის აღარ არის სახიერი და ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელიც განკაცდა, რათა აღედგინა, განეკურნა ისინი სნეულებისა და სიკვდილისაგან, არამედ სასტიკი მსაჯული და შურისმაძიებელი ინკვიზიტორია. 

დემონმა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ, რომ მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც ისე ვიქცევით, როგორც მას სურს და ვძულვართ მაშინ, როდესაც ისე არ მოვიქცევით, როგორც მან გვიბრძანა და იმ ზომამდე სწყინს ჩვენი ურჩობა, რომ ამას მარადიული ტანჯვით გვაზღვევინებს ჯოჯოხეთში, რომელიც მან სწორედ ამ მიზნით შექმნა. 

ვის შეუძლია უყვარდეს მტანჯველი? ისინიც კი, ვინც ღვთის რისხვას გაექცევიან და რამენაირად ასიამოვნებენ ამ საშიშ ტირანს, ისინიც ვერ შეძლებენ მის სიყვარულს. 

ხედავთ, თუ რამხელა სიცრუე დასწამა დემონმა ყოვლადმოწყალე, ყოვლისმოყვარე და უსაზღვროდ კეთილ შემოქმედს, მის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებული, დამახინჯებული სწავლების მეშვეობით? ამიტომაც ჰქვია ეშმაკს ბერძნულად “დიაბოლოს” - ცილისმწამებელი.