იესოს ლოცვის შესახებ

წმ. სვიმეონ თესალონიკელი


დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა;  მას მოუხდნენ მართალნი და ამაღლდნენ (იგავთა 18, 10).
მრავალი ლოცვაა, მაგრამ ყველას,თავად მაცხოვრისაგან ბოძებული ლოცვა აღემატება. იგი მოკლედ და ამომწურავად გადმოსცემს სახარების ძალასა და საიდუმლოს. ეს ლოცვა – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს,რომელიც არის ძე ღმრთისა, სახელის მაცხოვნებელი მოწოდებაა.
                                                    
ამ ლოცვით მრავალი წმიდანი იღწვოდა: ოქროპირი, რომელმაც თავის სამ სიტყვაში, ამ ღვთაებრივი ლოცვის შესახებ გადმოგვცა სწავლება, კიბისაღმწერელი, ნიკიფორე მოღვაწე, წმიდა დიოდოქოსი ფოტიკის ეპისკოპოსი, წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვა მრავალი, რომელთაც ამ ლოცვის შესახებ დაგვიტოვეს მოძღვრება, რომ მასში ჭეშმარიტად ბინადრობს საღმრთო სული, რადგანაც იგი სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, თავად სული წმიდის მიერ წარმოითქმება: ''არავის ხელ–ეწიფების თქუმად ‘ფალი იესუ’, გარნა სულითა წმიდითა'' (1 კორ.12,3). ვინც ამ ლოცვას წარმოსთქვამს იგი ღვთისგანაა,რამეთუ ნათქვამია: ''ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე, ხორციელად მოსული, იგი ღმრთისაგან არს'' (1 ინ. 4,2)
                                                
ეს ღვთაებრივი ლოცვა – მოწოდება ჩვენი მაცხოვრის სახელისა: უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, არის:

    1. ლოცვაც და აღთქმაც;
    2. სარწმუნოების აღმსარებლობაც;
    3. ორღანოც სული წმიდის მადლთან ურთიერთობისა;
    4. საღმრთო ნიჭების მოპოვების საშუალებაც;
    5. გულის განწმენდაც;
    6. დემონთა ძლევაც;
    7. ქრისტეს დამკივიდრებაც ჩვენში;
    8. სულიერ აზრთა და საღმრთო გულისხმისყოფათა სათავეც;
    9. ცოდვათაგან განთავისუფლებაც;
   10. სულისა და სხეულის კურნებაც;
   11. ღვთაებრივი გაცისკროვნების მეოხიც;
   12. უფლის წყალობათა მოზიდვაც;
   13. თავმდაბალთათვის საღმრთო საიდუმლოთა განმცხადებელიც;
   14. ცხონების წყაროც.

რადგანაც ეს ლოცვა თავის თავში, უფლისა და ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტეს, მაცხოვნებელ სახელს ატარებს.  ჩვენ კი, მხოლოდ ერთადერთი სახელის მოხმობა გვმართებს. ეს სახელი კი იესო ქრისტეა და არ არის სხვა სახელი გარდა ამისა, რომლითაც ჯერ არს ცხონება ჩვენი, როგორც ამას მოციქული ბრძანებს (საქმე 4,12).

ამგვარად, ის არა მხოლოდ ლოცვაა, რადგან მასში ვითხოვთ საღმრთო მოწყალებას :                          

1. არამედ აღთქმაც, რამეთუ ქრისტეს მოხმობით, თავად ქრისტეს ვპირდებით შეთვისებას;
2. აღმსარებლობაც,რადგან პეტრემ აღიარა რა იგი – ''ძედ ღმრთისა ცხოველისა'', ნეტარად იქნა წოდებული;
3. სული წმიდის ბეჭედიც, რადგან არავის ხელეწიფების თქმად – ''უფალო იესო'' გარეშე საღმრთო სულის მოქმედებისა (მადლისა) (1.კორ. 12, 3);
4. წყაროც ღვთაებრივი ნიჭებისა, რადგან ამ აღმსარებლობის გამო უთხრა ქრისტემ პეტრეს: ''და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისნი'' (მთ. 16, 17–19);
5. განწმენდაც გულისა, რადგან მლოცველი ჭვრეტს ქრისტეს და მისი წმიდა სახელის წარმოთქმით განიწმიდება;
6. დემონთა განდევნაც, რადგან ქრისტეს სახელით უკუიქცეოდნენ და დღესაც ილტვიან ეშმაკნი;
7. ქრისტეს დამკვიდრებაც ჩვენში, რადგან ქრისტე, მისი სახელის ხსოვნით შემოდის ''სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩვენისასა'' და აღავსებს მას სიხარულითა დიდითა: ''მოვიხსენე სახელი ღმრთისაი და ვიხარე'' (ფს. 76,4);
8. სულიერ აზრთა და გულისხმისყოფათა სათავეც, რადგან ქრისტეა საუნჯე ჭეშმარიტი სიბრძნისა და მეცნიერებისა და ვისშიც მუნმყოფობს, თავისი სახელით, მათ მიჰმადლებს ამ სიბრძნეს;
9. ცოდვათაგან განმანთავისუფლებელიც, რამეთუ ამისათვისაა თქმული: ''რომელი განჰხსნა ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს ცათა შინა (მთ. 16, 19);
10. სულისა და ხორცის კურნებაც, რამეთუ ნათქვამია: ''სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა აღდეგ და ვიდოდე'' (საქმე 3,6), და კიდევ: ''ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესო ქრისტე'' (საქმ. 9, 34);
11. ღვთაებრივი ნათლის ხილვის მეგზურიც, რამეთუ ქრისტეა ნათელი ჭეშმარიტი და თავის ნათელს მიჰფენს მისი სახელის ყველა მხმობელს: ''და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთის ჩვენისაი ჩვენ ზედა'' (ფს. 89, 17), და კვალად: ''რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი'' (ინ. 8, 12);
12. უფლის წყალობის მომზიდველიც, რადგან შეწყალებას ვითხოვთ მისგან. ის კი მოწყალეა და მსწრაფლ შეეწევა  მისდამი ყველა მღაღადებელს;
13. თავმდაბალთათვის საღმრთო საიდუმლოთა და განცხადებათა  მაუწყებელი, რადგანაც უბრალო მეთევზეს, პეტრეს თავად ზეციერი მამისაგან განეცხადა ეს ლოცვა – აღმსარებლობა და პავლეც, ქრისტეს მიმართ მლოცველი იქნა აღტაცებული ზეცად და იქ ეუწყა გამოუთქმელი საიდუმლონი;
14. წყაროც ცხონებისა, რადგან როგორც მოციქული ამბობს: არა არს სხვა სახელი გარდა უფლისა, რომლითაც ჯერ არს ცხონება,''რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისა, ქრისტე'' (ინ. 4, 43) და დღესა მას განკითხვისასა ყოველი ერი ნებსით თუ უნებლიედ აღიარებს და იგალობებს, რომ ''იესუ ქრისტე უფალი არს, სადიდებელ ღმრთისა მამისა'' (ფილ. 2, 11), ამისთვისცა მიენიჭა მას ''სახელი უზეშთაესი უფროის ყოველთა სახელთასა, რაითა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქვეყანისათანი და ქვესკნელისანი'' (ფილ. 2, 9–10);
15. ჩვენი სარწმუნოების ბაირაღიც, რადგანაც ქრისტეანებად ვიწოდებით და ესე არს დამოწმება იმისა,რომ ღვთისაგან ვართ სიტყვისამებრ მოციქულისა, რომელი იტყვის: ყოველი სული ,რომელიც აღიარებს უფალ იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არს, ხოლო რომელი არ აღიარებს ის ანტიქრისტესია (1 ინ. 4, 2–3).

ამიტომაც მართებს ყოველ მორწმუნეს მოუკლებლივ აღიარებდეს ამ სახელს სარწმუნოების საქადაგებლად, სიყვარულისათვის უფლისა ჩვენისა, რომლისაგანაც არავის, არაფერს და არასდროს არ ძალუძს ჩვენი დაშორება, მადლისათვის, რომელიც მისი სახელიდან გადმოდინდება ცოდვათა დატევებისა და მოტევებისათვის, სულისა და ხორცის მკურნალობისთვის, განათლებისთვის, გასხივოსნებისთვის და რაც მთავარია განღმრთობისათვის.

ამ ღვთაებრივი სახელით ასწავლიდნენ და სასწაულებს აღასრულებდნენ მოციქულნი. ამიტომაც ბრძანებს ღვთაებრივი მახარებელი: ''ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისა და რაითა გრწმენეს და ცხოვრება გაქუნდეს სახელითა მისითა'' (ინ. 20,31)

ყოველი კეთილმორწმუნე ქრისტიანი დაე წარმოსთქვამდეს თავისი გონებითა და ენით,მოსიარულე და ფეხზემდგომი, მწოლიარე თუ მჯდომარე, შრომაში თუ საუბარში, ამ მოწოდებასა და ლოცვას. დაე მუდმივად აიძულებდეს თავს მისი წარმოთქმისათვის. ასეთი ადამიანი, უდიდეს სიმშვიდეს, სიჩუმესა და სიხარულს მოიპოვებს, როგორც ეს საკუთარი გამოცდილებით იციან ამ ლოცვის გონიერმა მლოცველებმა.  

მაგრამ ყოველთვის როდია მოსახერხებელი მისი თქმა ერისკაცთათვის და თვით მონაზონთათვის, ამიტომაც ყველამ უნდა მიუძღვნას ამ ლოცვას გარკვეული დრო და ყოველთვის სამაგალითო ყურადღებით უნდა აღასრულებდნენ მას როგორც სამღვდელონი, ისე მონაზონნი და საერონი.

მონაზონნი, რომელნიც განეშორნენ ამ სოფელს, მოვალენი არიან ამ ლოცვის მიმართ, თუნდაც მორჩილებით სხვა რამ საქმეს აღასრულებდნენ. დაე, აიძულონ თავი გულში წარმოსთქვან იგი. და თუნდაც აფორიაქებულნი ან განბნეულნი გონებით, ან რაიმეთი დამწუხრებულნი  ნუ მიეცემიან უზრუნველობას რათა კაცთა მოდგმის მტრის მიერ არ იყვნენ სულიერად გაძარცვულნი, არამედ მსწრაფლ მიაშურონ ამ ლოცვას და მასში იპოვიან ისინი სიხარულს და სიმშვიდეს.

სამღვდელონი დაე იღწვოდნენ ამ საქმისთვის, როგორც სამოციქულო ქადაგებისთვის, რომელსაც ძალუძს ღვთაებრივი ნაყოფის გამოღება და ამით დაამოწმონ ქრისტეს სიყვარული.

საერონი, რომლებიც სოფლის ამაოებაში მსხემობენ, დაე აღასრულებდნენ ამ ლოცვას რამდენადაც შესწევთ ძალი და მასში საკუთარი სარწმუნოების ბეჭედი, სიმტკიცე, დაცვა, კურთხევა და ყოველგვარი განსაცდელისაგან გადარჩენის საჭურველი დაინახონ მასში.

ამგვარად ყოველნი – სამღვდელონი, მონაზონნი და საერონი – აღდგომილნი ძილისაგან  მოვალენი არიან, უპირველეს ყოვლისა, ქრისტე გაიხსენონ და მისი ყოვლადმშვენიერი სახელი ახსენონ და ამით უპირველესი მსხვერპლი მას შესწირონ გონებაში.

დაე ყველამ ვალდებულად სცნოს თავი შეძლებისდაგვარად აღასრულოს ეს ლოცვა ყოველდღიურად გარკვეული დროითა და რაოდენობით. ამინ.