წმ. ეფრემ ასური


ანტიქრისტესათვის


შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ ვარ, საყვარელნო, დღისა მისთვის ბოროტისა და საშინელისა, რომელი მოწევნად არს ჩვენ ზედა. ძრწის ყოველი გვამი ჩემი, განმიშრა ენაჲ ჩემი შიშისა მისგან ბოროტისა და სასასა ჩემსა აექვა. და თუ ვიტყოდი, განხურდების გული ჩემი და მუცელი, ზრახვასა ჩემსა ცეცხლი აღატყდების; იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. მელმის მუცელი ჩემი, განხმეს ნაწლევნი ჩემნი, განკრთომილ არს გონებაჲ ჩემი, აღძრულ არს სული ჩემი გვამსა შინა ჩემსა, კვნესიან თირკმელნი ჩემნი, შეშფოთებულ და დაკვირვებულ და ზარ-ხდილ არს ყოველივე ცნობაჲ ჩემი.

ვეშაპისა მისთვის ვიტყვი, რომელსა ეგულების შთათქმად ყოველი სოფელი, რომელი იგი მოსვლად არს ძალითა და შეწევნითა ეშმაკისათა ყოვლითა ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისათა, რომელი იგი განემზადოს და იზმნეს, რაჲთამცა შთათქა ყოველი სოფელი, რამეთუ უშჯულოთა მათ ჰურიათა პირველად არა შეიწყნარეს გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს, ვითარცა იტყვის: “თვისთა მოვიდა, და თვისთა არა შეიწყნარეს იგი” (იოანე. 1,11). ამისთვისცა მოუვლინოს ღმერთმან შემწედ საცთურებისა მათისათვის. ხოლო ჩვენ ამის ყოვლისათვის განგვაკრძალებს მხსნელი და მაცხოვარი ჩვენი და იტყვის: “იხილეთ, ნუუკუე გაცთუნნეს ვინმე თქვენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტეჲ, და მრავალნი აცთუნენ” (მათე. 24,4-5).

ხოლო მე გეტყვი თქვენ, საყვარელნო, ვითარცა-იგი პირველად ჟამ-ჟამად შეჰყვა სიბრმეჲ ისრაელსა, ვითარცა წმიდა მოციქული იტყვის, ეგრევე სახედ მოიწიოს ყოველთა ქრისტეანეთა ზედა, და ჟამად-ჟამად შემოხდეს საცთური სოფელსა შინა, და განქარდეს სარწმუნოებაჲ, მოოხრდეს ეკლესიანი, დაირღვენ საკურთხეველნი, შემცირდნენ წმიდანი, და განმრავლებითა მით უშჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაჲ. მას ჟამსა რბიოდიან ყოველნივე და ეძიებდენ სიტყვასა ღმრთისასა და არა ჰპოვებდნენ, რამეთუ დაძველდენ ყოველნი წიგნნი, მოისრნენ მოძღუარნი, და თუ ვინმე იპოოს მას ჟამსა შინა და მოძღურიდეს, კაცად-კაცადმან ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-წარიქცინნენ და ზღაპრებასა მიექცნენ.

ხოლო ჩვენდა სიფრთხილე ჯერ-არს ამას ყოველსა ზედა, ვითარცა წმიდა მოციქული იტყვის და ტიმოთეს ასწავებს (1 ტიმ. 1, 3-6). ხოლო თქვენ გითხრობ, საყვარელნო, რამეთუ აღდგენ ეპისკოპოსნი ეპისკოპოსთა ზედა, მღვდელნი მღვდელთა ზედა, მოწესენი მოწესეთა ზედა, ერნი ერთა ზედა, ვიდრე სისხლამდე. ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ წმიდათა მოციქულთაცა თანა იპოვა შინა-განმცემელი. მაშინ იყუნენ ბრძოლანი ნათესავთა ზედა, მეფენი მეფეთა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილ-ადგილად. და ესე ყოველი იყოს.


"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"

წმ. ისააკ ასური

რათა დავიცვნეთ თავნი ჩვენნი დახსნილობისაგან და უდებებისა

რომელი აყენებდეს პირსა თვისსა ზრახვისაგან, იგი დაიცავს გულსა თვისსა ვნებათაგან. და რომელმან განიწმიდოს გული თვისი ვნებათაგან, იგი ყოველსა ჟამსა ხედავს უფალსა. რომლისა გონება მარადის უფლისა თანა არს, იგი განიოტებს ეშმაკთა თავისა თვისისაგან და აღმოფხვრის თესლსა მას უკეთურებისა მათისასა.

რომელი მარადის ეკრძალებოდეს სულსა თვისსა, მისი სული მხიარულ არს გამოცხადებათა შინა. და რომელმან გონება თვისი შემოიკრიბოს შინაგან თვისსა, მან იხილოს თავსა შორის თვისსა ბრწყინვალება წმიდისა სულისა.

რომელმან მოიძაგოს ყოველივე განცხრომა, მან იხილოს მეუფე თვისი შინაგან თვისისა გულისა. უკეთუ გიყვარს სიწმიდე, ნუ ვის განიკითხავ, და ნუცა ძვირსა უზრახავ და ნუცა სხვისა ძვირის მზრახველისასა ისმენ.

უკეთუ იბრძოდინ ვინმე წინაშე შენსა, და გესმენ სიტყვანი რისხვისანი, დაიყვენ ყურნი შენნი, და ივლტიდე მის ადგილისაგან, რათა არა მოკვდეს სული შენი. გული მრისხანისაჲ ცალიერ არს საიდუმლოთაგან ღვთისათა: ხოლო მშვიდი და მდაბალი - წყარო არს საიდუმლოთა მისთა.