რათა დავიცვნეთ თავნი ჩვენნი დახსნილობისაგან და უდებებისა
რომელი აყენებდეს პირსა თვისსა ზრახვისაგან, იგი დაიცავს გულსა თვისსა ვნებათაგან. და რომელმან განიწმიდოს გული თვისი ვნებათაგან, იგი ყოველსა ჟამსა ხედავს უფალსა. რომლისა გონება მარადის უფლისა თანა არს, იგი განიოტებს ეშმაკთა თავისა თვისისაგან და აღმოფხვრის თესლსა მას უკეთურებისა მათისასა.
რომელი მარადის ეკრძალებოდეს სულსა თვისსა, მისი სული მხიარულ არს გამოცხადებათა შინა. და რომელმან გონება თვისი შემოიკრიბოს შინაგან თვისსა, მან იხილოს თავსა შორის თვისსა ბრწყინვალება წმიდისა სულისა.
რომელმან მოიძაგოს ყოველივე განცხრომა, მან იხილოს მეუფე თვისი შინაგან თვისისა გულისა. უკეთუ გიყვარს სიწმიდე, ნუ ვის განიკითხავ, და ნუცა ძვირსა უზრახავ და ნუცა სხვისა ძვირის მზრახველისასა ისმენ.
უკეთუ იბრძოდინ ვინმე წინაშე შენსა, და გესმენ სიტყვანი რისხვისანი, დაიყვენ ყურნი შენნი, და ივლტიდე მის ადგილისაგან, რათა არა მოკვდეს სული შენი. გული მრისხანისაჲ ცალიერ არს საიდუმლოთაგან ღვთისათა: ხოლო მშვიდი და მდაბალი - წყარო არს საიდუმლოთა მისთა.
აჰა ესერა ცაჲ შინაგან შენსა არს, უკეთუ წმიდა იყო, და ანგელოსნი შორის შენსა იხილნე ნათლითა მით მათითა და მეუფე მათი შორის მათსა.
რომელი ღირსად იქებოდის, არა რაჲ დასჭირდების მას უკეთუ კულა ქება იგი დაუტეობს მას. მიერიდგან არს იგი მუშაკი უსასყიდლოჲ.
საუნჯე მდაბლისა შინაგან მისსა არს, რომელ არს უფალი.
პირი მდუმარი გამოსთარგმნის საიდუმლოთა ღვთისათა. ხოლო მრავალმეტყველი განაშორებს თავსა თვისსა დამბადებელისაგან თვისისა.
უკეთუ დაიცვა პირი შენი ძმაო, მოგეცეს შენ ღვთისა მიერ მადლი ლმობიერებისა, რამეთუ მის მიერ შეხვიდე სიხარულსა მას სულისა წმიდისასა.
უკეთუ კულა ენამან შენმან გძლიოს შენა, გრწმენინ ჩემი, ვერ ოდეს განერე სიბნელისაგან. უკეთუ არა გაქვს გული წმიდა, გაქვნდინ პირი წმიდა.
ხედვა ერისკაცთა შეაშფოთებს სულსა საქმისაგან ღვთისა. და სულიერთა ძმათა დაუცადებელი უბნობა ავნებს. ხოლო ერისკაცთა - ოდენ ხედვა.
სული კეთილი ბრწყინავნ უფროს მზის თვალისა, და ყოვლადვე ხედვითა გამოცხადებათაჲთა იშვების.
რომელი შეუდგეს მოყვარესა ღვთისასა, იგი განმდიდრდეს საიდუმლოჲთა ღვთისათა. ხოლო რომელი შეუდგეს კაცსა უსამართლოსა და ამპარტავანსა, განეშოროს იგი ღმერთსა, და მოძულებულ იქმნას იგი მოყვარეთაგან მისთა.
კაცმან მდუმარემან მოიგოს სიმდაბლე, და ესრეთ თვინიერ შრომისა ეუფლოს იგი ვნებათა.
ვნებანი განიდევნებიან დაუცადებელითა ხსენებითა ღვთისათა, და ესე არს მახვილი მომსრველი მათი.
რომელსა ნებავს ხილვა უფლისა, განიწმიდენ გული მისი ხსენებითა მისითა, და ესრეთ ბრწყინვალებითა გონებისა მისისათა ყოველსა ჟამსა იხილოს უფალი.
ვითარცა თევზი გარეგან წყლისა ვერ ცხონდების, ეგრეთვე გონება გარეგან ხსენებისა ღვთისა მოსწყდების.
რაჲზომცა განეშოროს კაცი უბნობისაგან კაცთასა, ეგოდენცა, კადნიერ იქმნების გონება მისი ღვთისა მიმართ. და რაჲზომცა მოიწყვიდოს თავი თვისი ნუგეშინისცემისაგან სოფლისა, ეგზომცა ღირს იქმნას მადლსა ღვთისასა სულითა წმიდითა.
ვითარცა თევზნი წარსწყმდებიან მოკლებითა წყლისათა, ეგრეთვე გონება მონაზონისა წარსწყმდების უბნობასა შინა ერისკაცთასა.
რამეთუ მითხრა მე ვინმე ღმერთ შემოსილთა მამათაგანმან, ვითარმედ ესე სასწაული დავიდევ: რომელსა დღესა აღვერიი კაცთა, ვჭამი სამი პაქსიმადი [ანუ ორცხობილა, რედ.] ანუ ოთხი, და დაღაცათუ ვაიძულე თავი ჩემი ლოცვად, გონებასა ჩემსა არა აქვნ კადნიერება ღვთისა მიმართ, ვერცა შემეძლოს მიხედვად მისა. ხოლო რაჟამს განვეშორე მათგან, პირველსა დღესა ვაიძულო თავი ჩემი ჭამად ერთსა და ნახევარსა; ხოლო მეორესა დღესა ვჭამი ერთი. და რაჟამს დაემტკიცის გონება ჩემი დაყუდებასა შინა, მაშინ აღვიძულებდი თავსა ჩემსა ჭამად ერთისა პაქსიმადისა, და ვერ შეუძლო. და გონება ჩემი დაუცადებელად კადნიერებით ეუბნებიან ღმერთსა უჭირველად და ბრწყინვალება მისი დაუცადებელად განმანათლებნ მე, და ვიხარებდი მე შვენიერებითა მის ნათლისათა. ხოლო უკეთუ კვალად მოვიდის და ვეუბნი მას ერთსაცა ჟამსა, შეუძლებელ არს თუმცა არა შევსძინე ჭამასაცა. და არამცა დავაკლე კანონიცა ლოცვისა ჩემისა. და არამცა გამოვეხვი საღმრთოჲსა მის ძალთაგან. აწ უკვე იხილეთ, ძმანო, თუ ვითარ სარგებელ არს მოთმინება და მარტოება,; და ვითარსა ძალსა მიანიჭებს მოღვაწეთა.
ნეტარ არს, რომელი ღვთისათვის მოითმენდეს დაყუდებასა შინა, და ჭამდეს მარტოებით თვისსა პურსა. რამეთუ ესე ვითარი ესე მარადის ღმერთსა ეუბნების.
ისმინეთ რომელსაცა იკითხავთ, რამეთუ უკეთუ არა იღვაწოთ ვერ პოოთ, და უკეთუ არა რეკდეთ კარსა მას მხურვალედ, არა განგიღოს თქვენ.
არცა რაჲ ესრეთ დაავსებს ცეცხლსა მას სულისა მიერ წმიდისა აღგზებულსა სულსა შინა, ვითარ მრავალთა თანა აღრევა და მრავალ-მეტყველება (თვინიერ უბნობისა მის საღმრთოჲსა, რომელი იყოს სარგებელ სულისა. რამეთუ ესე ვითარი უბნობა უფროსად განაღვიძებს სულსა, და უფროსად აღმოფხვრის ვნებათა, უფროს ყოველთა სათნოებათასა).
რაჲზომცა ენა მრავალ მეტყველებისაგან განეშოროს, ეგზომცა განათლდების გონება, რამეთუ მრავალ მეტყველებისაგან გონებაჲცა დაბნელდების.
რომელი მხურვალითა შურითა აღმოფხვრიდეს გულისაგან თვისისა ყოველთა გულის სიტყვათა, ეშმაკისა მიერ დანერგულთა, ეგე ვითარი იგი საშინელ არს წინაშე ეშმაკთა, და სასურველ არს ღვთისა და ანგელოსთა მისთა.
რომელი წმიდა იყოს სულითა, მისი ქვეყანა შინაგან მისსა არს. და მზე, რომელი მის შორის ბრწყინავს, იგი არს ნათელი წმიდისა სამებისა. და ჰაერი მისი არს ნუგეშინის-მცემელი იგი და ყოვლად წმიდა სული; და მისთანა მსხდომარე არიან წმიდანი იგი უხორცოთა ბუნებანი. და ცხოვრება და სიხარულ მისა არს ქრისტე, ნათელი იგი გამოსრული ნათლისაგან მამის. ესე ვითარი იგი ხედვასა მას შინა სულისა მისისასა მარადის იხარებნ, და უკვირს შვენიერება იგი თვისი, რომელი შვიდ წილ უბრწყინვალეს არს მზისა.
ესე არს იერუსალიმი იგი და სასუფეველი იგი შორის ჩვენსა, დაფარული, სიტყვისა მისებრ უფლისა. ესე არს ქვეყანა იგი, სადა არს ღრუბელი იგი დიდებისა ღვთისა, რომელსა შინა შევიდენ წმიდანი გულითა ოდენ, ხილვად პირსა მას მეუფისა თვისისასა, და განათლებად ნათლითა მისითა.
ხოლო კაცი მრისხანე და დიდების მოყვარე, და ნაყროვანი და ანგაარი, და ერისკაცთათა აღრეული და ბევრეულითა ვნებითა შებღალული, და ნებისა თვისისა აღმასრულებელი, ეგე ვითარი იგი მარადის ბნელსა შინა ვალს, და გარეგან არს სოფლისა მისგან ცხოველთასა. რამეთუ იგი სოფელი განმზადებულ არს სახიერთათვის და მდაბალთა და წმიდათა გულითა.
ვერ ძალ-უძს კაცსა ხილვად შვენიერებისა მის, რომელი იგი არს შინაგან მისსა, ვიდრემდე მოიძაგოს ყოველივე შვენიერება გარეგანი. და ვერ შემძლებელ არს მიხედვად ღვთისა, ვიდრემდე უარყოს ყოველივე სოფელი სრულიად.
რომელსა შეერაცხოს თავი თვისი უმეცრად, განაბრძნოს იგი უფალმან. და რომელი ხედვიდეს თავსა თვისსა ბრძნად, იგი სიბრძნისაგან ღვთისა დაეცეს.
რომელ დაგლახაკნეს საქმეთაგან სოფლისათა, იგი გამდიდრდეს ღვთისა მიერ. და რომელი იყოს მოყვარე სიმდიდრისა, იგი დაგლახაკნეს საქმეთაგან საღმრთოთა.
რომელი იყოს წმიდა ხორცითა, მდაბალ გონებითა, და მოძულე კადნიერებისა, და შორს გულის-წყრომისაგან, მე მრწამს, ვითარმედ ესე ვითარი იგი, რაჟამს აღსდგეს ლოცვად, იხილავს სულსა შორის თვისსა ნათელსა მას სულისა წმიდისასა, და იხარებს იგი ხილვითა დიდებისა მისისათა არა თვისითა შეცვალებითა მსგავსებად მისა.
არა არს სხვა საქმე, რომელსა ძალ ედვას დაყენებად კრებულისა მის ეშმაკთასა ჩვენგან, ვითარ ხედვაჲ საღმრთო.
ნეტარ არს კაცი, რომელი იხსენებდეს განსვლასა მისსა ამის ცხოვრებისაგან, და განეშოროს იგი ყოვლისაგანვე შვებისა, რამეთუ მრავალ წილ იყოს ნეტარება მისი ჟამსა მას განსვლისა მისისასა. და არა მოაკლდეს მას ნეტარება იგი. ესე არს ღვთისაგან შობილი იგი და სული წმიდა არს მზრდელი მისა, და წიაღთა მისთაგან აწოებს საზრდელსა მას ცხოვრებისასა, და ეყნოსების მას სულნელებისაგან მისისა სიხარულად. ხოლო რომელი აღრეულ იყოს ერის კაცთა და შემსჭვალულ იყოს საქმეთა სოფლისათა და უყვარდეს განსვენება და უბნობა, იგი გამოხვებულ არს ცხოვრებისაგან. და არა ვიცი, თუ რაჲ ვსთქვა მისთვის, გარნა რათა გლოვით ვიტყოდი და ვსტიროდი მას გოდებითა მით, რომლისა ხმა შემუსრავს გულსა მათსა, რომელთა ესმოდის. ბნელსა შინა მსხდომარენო, აღიმართენით თავნი თქვენნი, რათა გამობრწყინდნენ პირნი თქვენნი ნათლითა. გამოვედით ვნებათაგან სოფლისათა. რათა გამოვიდეს შემთხვევად თქვენდა ნათელი იგი მამისაგან გამომავალი, და უბრძანოს მსახურთა მათ საიდუმლოთა მისთასა განხსნად თქვენდა საკვრელთა თქვენთაგან, რათა ხვიდოდით კვალად ზედა მისთა მამისა მიმართ. ვითარითა საკრველითა შეკრულ ვართ, და ვითარსა ნათელსა ვერ ვხედავთ, და დიდებასა მას მისსა დიდსა. ნეტარ, თუმცა განიკვეთნეს საკრველნი ესე ჩვენნი, რათამცა მოვიძიეთ, და ვპოვეთ ღმერთი ჩვენი.
კაცი წმიდა სულითა, და წესიერი ცხოვრებითა მარადის დაწყნარებულად იტყვინ სიტყვათა სულისა წმიდისათა ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
No comments:
Post a Comment