ეპისტოლე დიოგნეტესადმი

უცნობი ავტორი (II ს.)

ვხედავ, რომ მეტად მოსურნე ხარ, რჩეულო დიოგნეტე, შეისწავლო ქრისტიანთა ღვთისმსახურება. გულმოდგინედ ეძიებ, რომ მთელი სისრულით გაიგო მათ შესახებ ყოველივე, თუ რომელ ღმერთს ერწმუნენ ისინი, ანდა როგორ მსახურებენ მას, რამეთუ ქრისტიანები ამ სამყაროს განეკრძალვიან, ხოლო სიკვდილს არარად რაცხენ. არც ელინთა ცრუ ღმერთებს თვლიან ისინი ღმერთებად, არც იუდეველთა ღვთისმოშიშებას[1][2] შესახებ, მათ შორის რომ სუფევს. იმასაც ეძიებ, თუ რა არის ეს ახალი ტომი ანდა ახალი წესი ცხოვრებისა, რომელიც ადრე არ იყო და ამჟამად გაჩნდა. იწყნარებენ. გინდა გაიგო იმ წრფელი სიყვარულის

ვიწყნარებ შენს ამ სურვილს და ვითხოვ ღვთისაგან, რომელიც გვანიჭებს ყველას მეტყველებას და სმენის უნარს, მოგვმადლოს ორივეს, - მე ნიჭი იმგვარად თქმისა, რომ უმეტესად გარგოს ჩემს მსმენელს, ხოლო შენ იმგვარი გულისყური, რომ ცუდად არ დაშვრეს ჩემი ენა.

დროა, განიწმინდო თავი ყველა იმ აზრისგან, წინდაწინ რომ დაუპყრია შენი გონება: უკუაგდე მცდარი ჩვეულება და იქმენ ახალი კაცი, როგორც ეს იყო დასაბამიდან, რომ ამ გზით გახდე (როგორც თვითვე აღიარებ) მსმენელი ახალი სიტყვისა. ჯერ კი იხილე (არა მხოლოდ თვალით, არამედ გონებითაც), თუ რა არის არსება და გვარი მათი, რომლებსაც თქვენ ღმერთებად თვლით და სახელდებთ ასე. განა ქვა არ არის ზოგი მათგანი, მსგავსი იმ ქვისა, ფეხს რომ ვაბიჯებთ, სხვა კი განა სპილენძი არ არის, არაფრით უმჯობესი იმ სპილენძისა, რისგანაც ჩვენთვის გამოსადეგ ჭურჭლებს ვამზადებთ? ასევე, ზოგი მათგანი ხეა, თანაც უკვე დამპალი, ზოგი ვერცხლია, რასაც სჭირდება ვინმე მცველი, რომ არავინ მოიპაროს. ზოგი რკინაა, ჟანგისაგან შეჭმული, ზოგიც თიხაა, არაფრით უკეთესი იმ თიხისა, რისგანაც უმეტესად შეურაცხი საჭიროების ჭურჭელს ამზადებენ.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

                                                              კითხვები საკუთარ თავს

სად არის ამაღლებული მჭერმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.

სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის დიდება? – განქარდა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანურმა შურმა მიიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ; მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ; არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილის წინ მიმქრალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღმრთისმგმობელი?

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად ვიქცევი და ჰაერში გავიფანტები თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დამალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა, ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!

თარგმნა ია ისაკაძემ
“სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. I

ეკუმენიზმი: სერბეთის პატრიარქი დღესასწაულობს ხანუკას



ოთხშაბათს, 8 დეკემბერს, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ბელგრადის სინაგოგაში  ხანუკას დღესასწაულს დაესწრო, სადაც პირადად აანთო მენორას სანთლები. სერბეთის პატრიარქის გარდა, ხანუკას აღსანიშნავად ესწრებოდნენ სერბეთის პრეზიდენტი, ბორის ტადიჩი, ბაჩკელი ეპისკოპოსი ირინეოსი, სერბეთის მუფტი, ჰაჯი ეფენდი იუსუფსპახიჩი და ვატიკანის ნუნციო, ორლანდო ანტონინი.

http://www.spc.rs/sr/celebration_hanukkah_jewish_community_belgrade

***

როგორც ჩანს, ეკუმენიზმის მსოფლიო ზეობის ხანაში, ცრუიერარქთა ასეთი ამაზრზენი ქმედებები აღარც უნდა გაგვიკვირდეს - იუდეველებთან ერთად ხანუკის დღესასწაულის აღნიშვნა, ხომ მსოფლიო მართლმადიდებლობის პატრიარქთა შორის,  მიღებულ პრაქტიკად იქცა. სულ რაღაც ხუთი წლის წინ, პატრიარქმა ილიამ, თავის რეზიდენციაში, რაბინის თანდასწრებით დაანთო მენორას სანთლები (იხილეთ ჩვენი კომენტარი.) ამჯერად, სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა ეგეც არ იკმარა და ხანუკის აღსანიშნავად სინაგოგას ეწვია.

ყველას, ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთ ერესიარქ პარტიარქებთან თანაზიარებაში ყოფნით, თავადაც მათი უკანონობის თანაზიარი ხდება. ხოლო თუ რაოდენ მძიმეა ირინეოსის, ილიას თუ სხვა ეკუმენისტ იერარქთა ქმედებები, ნათლად ჩანს ეკლესიის კანონებიდან:
მოციქულთა 70-ე კანონი

ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს.

მოციქულთა 71-ე კანონი

ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს. 

 "რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!"

წმ. ათანასე დიდი, ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი.

ეპისტოლე არიანელთა წინააღმდეგ, ეგვიპტისა და ლიბიის მხარის ეპისკოპოსთა მიმართ

1. ყოველივე, რასაც ქმნიდა და რასაც გვასწავლიდა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც ლუკამ თქვა, შექმნა მან თავადმა, ხსნად ჩვენდა მოვლენილმა; რამეთუ, როგორც იოანე იტყოდა, “არა რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ” (იოანე 3,17). მისი წყალობა ყველაფერთან ერთად იმითაც გვაცვიფრებს, რომ იგი არც ჩვენს მოპაექრეთა შესახებ დადუმებულა. არამედ პირიქით, ნათლად გვიწინასწარმეტყველა, რათა ამის ახდენის ჟამს ჩვენი გონება მისი სწავლებით ყოფილიყო შემოზღუდული, სადაც ნათქვამია: “რამეთუ აღდგენ ქრისტესმტყუვარნი და ცრუწინასწარმეტყველნი, და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა. აჰა ესენი წინასწარ გარქუ თქუენ” (მათე 24, 24-25). თუმცა კი მრავალნია და ადამიანზე აღმატებულნი მისგან ბოძებული სწავლანი და ნიჭნი, როგორიცაა: ზეციური მოქალაქეობის სახე, უფლება ეშმაკთა ზედა, შვილება, და ბოლოს, სრულიად განსაკუთრებული და დიდებული ნიჭი – მოძღვრება მამისა და სიტყვის შესახებ და აგრეთვე მადლი სულიწმინდისა. მაგრამ მაინც, “შეყოფილ არს მომგონებლობაი კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა” (დაბ. 8,21), თანაც “წინამოსაჯულსა ჩუენსა ეშმაკსა” შურს, რომ ესოდენი მადლი მოგვნიჭებია და “მიმოვალს და ეძიებს”, წარგვტაცოს თესლი სიტყვისა (I პეტრე 5,8). ამიტომაც უფალმა ეს მოძღვრება წინასწარმეტყველებით დანერგა ჩვენში, ვითარცა განძი თვისი, და თქვა: “იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათა” (მათე 24, 4-5; ლუკა 21,8). რაღაც უდიდესი მადლი მიგვიღია სიტყვისაგან – არა ცდუნებად ხილულითა, არამედ სულიწმინდის მადლით ცნობად დაფარულისაც. რაკი ყოვლადსაძაგელ არს ცოდვის მომგონი, და საშინელი დემონია ეშმაკი, მისი ოდნავი გამოჩენაც და, ყველა მას დევნის, ვითარცა გველს, ვითარცა ვეშაპს, ვითარცა ლომს, რომ ეძიებს, ვინ მოიტაცოს და ჩანთქას.

ამიტომაც იმალება და ფარავს, რომ ასეთია და მზაკვრულად ითვისებს ყველასათვის სანატრელ სახელს, რათა უბრალო გარეგნობით მაცდუნებელმა მოხიბლულნი უკვე შებოჭოს თავისი საკრველნით. ვისაც სხვისი შვილების მონებად გაყიდვა უნდა, მათი მშობლების სახეს ღებულობს, როგორც კი ისინი ბავშვებს განშორდებიან, მერე კი მიჰყავს ისინი შორს და უკვე ღუპავს. ასევე, ბოროტი სული და მაცდური ეშმაკი, რაკი ვერ ბედავს ცხადად ქმედებას (უწყის ადამიანის სიყვარული ჭეშმარიტებისადმი), სიცრუით ღებულობს ჭეშმარიტების ხატს და ასე ანთხევს შხამს მათ, ვინც მის კვალს შეუდგება.