წმიდა მაკარი დიდი


სწავლანი

თავი პირველი

ყოველთა მეუფჱ კაცთმოყუარჱ ღმერთი ჩუენი, მარადის ისწრაფის ცხორებისათჳს კაცთაჲსა და მიზეზსა სცემს ყოველთავე გულისჴმისსაყოფელად საუკუნეთა მათ კეთილთა და უმჯობესისა მიმართ წარმართებად წამის-ყოფითა კაცმთმოყუარებისა მისისაჲთა, კეთილისა მიმართ მიიზიდავს ხატად თჳსა დაბადებულსა კაცსა, რამეთუ სულსა ბუნებით აქუს სურვილი კეთილისაჲ და უმჯობესისა გულისთქუმად ისწრაფის მარადის. ხოლო უკეთურებისა იგი მარცხენაჲ კერძი, თითო-ფერითა მანქანებითა უწრფელესთარე და გამოუცდელთა სულთა უცნებითა სიბოროტისაჲთა ისწრაფის, რაჲთამცა დააბნელნა ჭეშმარიტისა კეთილისა ქმნისაგან, რომლისა მიერ ქრისტეს სახიერებისა გამოუთქუმელი იგი სიყუარული გულისჴმის-ყოფასა ჭეშმარიტებისასა საღმრთოთა წერილთა მიერ გუასწავებს ჩუენ, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: “სიტკბოებაჲ, სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებათა შენთაჲ მრწმენა”.

ხოლო უფალსა ჰნებავს, რაჲთა ყოველი მიზეზი სიბოროტისაჲ განვაგდოთ ჩუენგან და რაჲთა განვეყენნეთ ბოროტისა ამისგან და პირუტყუებრივისა სიბრძნისა ჩუენისა, რომელი-ესე სასოებითა გულისჴმის-ყოფისაჲთა დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, რაჲთა წარვემართნეთ ნათლითა ჭეშმარიტისა გულისჴმის-ყოფისაჲთა და ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ განდევნად მისა, რაჟამს-იგი გულისჴმა-ვყოთ ჭეშმარიტისა მის ცხორებისა მიზეზი.

ამისთჳს თქუენცა, ჵ, სასურველნო ძმანო და საყუარელნო, მრავალგზის ითხოენით ჩუენგან სიტყუანი, რომელთა მიერ გულისჴმა-ჰყოთ, თუ ვითარი ცხორებაჲ უჴმს, რომელნი-იგი განყენებულ არიან ჴორციელთა გემოთაგან და მოქალაქობისაგან ამის სოფლისა და, ვითარცა საქმესა შინა მოციქულთასა წერილ არს, ერთად შეკრებილ არიან და ქმნილ არიან წმიდად შესაკრებელად და ურთიერთას ღმრთისმოშიშებით ყოფაჲ აღურჩევიეს: თუ ვითარ ჯერ-არს, ურთიერთას ყოფაჲ, ანუ თუ ვითარი დაწყნარებაჲ წესისაჲ უჴმს ქონებად, გინა თუ რაჲ არს სახჱ იგი სრულთა სათნოებათა გზისაჲ, ანუ თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი და სათნოჲ და სრული, ანუ თუ რაჲ არს გზაჲ იგი სისრულედ მიმყვანებელი, რომელნი-იგი ისწრაფიან, რაჲთამცა მისწუთეს საზომსა მას სულიერისა ჰასაკისასა. და რაჲთა არა განვამრავლნე სიტყუანი ჩემნი, ესე ჩემგან ითხოეთ, რაჲთამცა დაგიწერე თქუენ ზედაჲსზედა მოსაჴსენებელად და წურთად სულთა სარგებელისა, რომელნი-ეგე გულსავე ხართ წმიდასა მას და მართალსა სარწმუნოებასა ზედა და უწყით, ვითარმედ ერთი არს ღმრთეებაჲ თაყუანისაცემელისა და ნეტარისა სამებისაჲ, ერთი არსებაჲ, ერთი ნებაჲ, ერთი დიდებაჲ. და ერთსა თაყუანისცემასა შევსწირავთ სამთა მათ ერთისა ღმრთეებისა თჳთებათა, ვითარცა წმიდასა მას საიდუმლოსა შინა ნათლის-ღებისასა წინაშე მრავალთა მოწამეთა აღგიარებია. ამისთჳს ჩუენცა ვიხილეთ კეთილი ეგე სათნოებათა მიმართ სურვილი თქუენი და გულისთქუმაჲ ეგე, რომელი გაქუს სისრულისა მიმართ სათნოებათაჲსა, არა უდებ ვიქმნენით მცირედ რაჲმე მოსაჴსენებელად თქუენდა დაწერად. სახჱ წერილისა ჩუენისაჲ საღმრთოთა წერილთაგან მოვიღეთ და წამებანიცა წერილთანი დავწერენით ამას შინა გულსავსე-ყოფად და შეუორგულებელად სარწმუნოებად, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ თავით ჩუენით რასმე ვიტყჳთ, ანუ თქუას, თუ სიმაღლისაგან ამაოებისა ვქმნენით ჩუენ ესე.