წმიდა მაკარი დიდი


სწავლანი

თავი  მეორე

რომელნი ისმენდენ სიტყუათა ღმრთისათა და იქმოდინ ნაყოფსა კეთილსა, სასწაულნი მათ თანა ესენი არიან: სულთქუმაჲ, ტირილი, კრძალვაჲ, დუმილი, მჭმუნვარებაჲ, მოთმინებაჲ, გლოვაჲ, სალმობით დაყუდებაჲ, თავის წონაჲ, ტკივილი გულისაჲ შიშისათჳს ღმრთისა, მღჳძარებაჲ, მარხვაჲ, სიმშჳდჱ, სულგრძელებაჲ, ლოცვაჲ დაუცადებელი, წურთაჲ წმიდათა წერილთაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმდაბლჱ, ძმათამოყუარებაჲ, ტკივილი, ჭირვეულობაჲ, მორჩილებაჲ, სახიერებაჲ, შუენიერებაჲ და ყოველივე სინათლჱ, რომელ არს უფალი.

ხოლო რომელნი არა იქმოდინ ნაყოფსა ცხორებისა საუკუნოჲსასა, სასწაულნი მათა თანა ესენი არიან: მოწყინებაჲ, განცხრომაჲ, უსმობაჲ, უკრძალველობაჲ, დრტჳნვაჲ, სიფიცხლჱ, ნაყროვნებაჲ, შეგინებულებაჲ, რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, ძჳრის-ზრახვაჲ, სილაღჱ, ამპარტავანებაჲ, ურწმუნოებაჲ, ცუდად მეტყუელებაჲ, დაუწყნარებელობაჲ, დავიწყებაჲ, შფოთი, მოხუეჭაჲ, ვეცხლისმოყურებაჲ, შური, ჴდომაჲ, უჟამოჲ სიცილი, თჳთრჩულობაჲ და ყოველივე სიბნელჱ, რომელ არს ეშმაკი.

კითხვაჲ: რაჲ არს ეშმაკი, ანუ ოდეს ცოდა და იქმნა ეშმაკ?

მიგებაჲ: სული არს სიტყჳერი სოფელსა შინა მზრახვალი ბოროტისაჲ, ხოლო თჳსისა უკეთურებისა და ბნელისა გონებისა მისისაგან ბნელ იქმნა იგი. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა უღრმესადრე გულისჴმა-ვყვნეთ წმიდანი წერილნი, რამეთუ უწინარეს ადამისა გარდაჰჴდა იგი და იქმნა ეშმაკ, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არა ყო, ვითარცა წერილ არს: “ვითარ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი”. და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: “უწინარეს შჯულისა ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა”. ხოლო ცოდვად უწოდს წინამძღუარსა მას და მპოვნელსა მას ცოდვისასა. და კუალად დაცემისათჳს კაცისა იტყჳს, ვითარმედ: “ცოდვამან მიზეზი პოვა მცნებისა მისგან, რომელი ადამისდა მიცემულ იყო და მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა მე. ამიერითგან შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. აწ უკუე კეთილი იგი სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი. რაჲთა ჩნდეს ცოდვაჲ იგი კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან”. ამით ყოვლითა საცნაურ არს, ვითარმედ უწინარეს ადამისა იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, რომელ არს ეშმაკი. და კუალად მტერობითა მით, რომელი აქუნდა კაცისა მიმართ, იქმნა გარდამეტებულად ცოდვილ მზაკუვარებისა და შურისა მისისათჳს, რამეთუ იყო უწინარეს ამისა დიდ ფრიად და დიდებულ და პატივცემულ. იყო იგი დიდებითა ანგელოზთმთავრობისაჲთა და ინება მან, რაჲთამცა ღმერთ იქმნა და შევიდა იგი წინააღდგომასა ღმრთეებისასა, რაჲთამცა პატივი იგი მოიტაცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “უსამართლოსა მას მთავარსა ღმერთ-ყოფაჲ ენება”. ამისთჳს გარდამოვარდა ქუეყანად განმზრახთა და მორჩილთა მისთა ეშმაკთა თანა.