სწავლანი
თავი მეორე
რომელნი
ისმენდენ სიტყუათა ღმრთისათა და იქმოდინ ნაყოფსა კეთილსა, სასწაულნი მათ თანა
ესენი არიან: სულთქუმაჲ, ტირილი, კრძალვაჲ, დუმილი, მჭმუნვარებაჲ, მოთმინებაჲ,
გლოვაჲ, სალმობით დაყუდებაჲ, თავის წონაჲ, ტკივილი გულისაჲ შიშისათჳს ღმრთისა,
მღჳძარებაჲ, მარხვაჲ, სიმშჳდჱ, სულგრძელებაჲ, ლოცვაჲ დაუცადებელი, წურთაჲ წმიდათა
წერილთაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმდაბლჱ, ძმათამოყუარებაჲ, ტკივილი, ჭირვეულობაჲ,
მორჩილებაჲ, სახიერებაჲ, შუენიერებაჲ და ყოველივე სინათლჱ, რომელ არს უფალი.
ხოლო
რომელნი არა იქმოდინ ნაყოფსა ცხორებისა საუკუნოჲსასა, სასწაულნი მათა თანა ესენი
არიან: მოწყინებაჲ, განცხრომაჲ, უსმობაჲ, უკრძალველობაჲ, დრტჳნვაჲ, სიფიცხლჱ,
ნაყროვნებაჲ, შეგინებულებაჲ, რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, ძჳრის-ზრახვაჲ, სილაღჱ,
ამპარტავანებაჲ, ურწმუნოებაჲ, ცუდად მეტყუელებაჲ, დაუწყნარებელობაჲ, დავიწყებაჲ,
შფოთი, მოხუეჭაჲ, ვეცხლისმოყურებაჲ, შური, ჴდომაჲ, უჟამოჲ სიცილი, თჳთრჩულობაჲ და ყოველივე
სიბნელჱ, რომელ არს ეშმაკი.
კითხვაჲ:
რაჲ არს ეშმაკი, ანუ ოდეს ცოდა და იქმნა ეშმაკ?
მიგებაჲ:
სული არს სიტყჳერი სოფელსა შინა მზრახვალი ბოროტისაჲ, ხოლო თჳსისა უკეთურებისა და
ბნელისა გონებისა მისისაგან ბნელ იქმნა იგი. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა უღრმესადრე
გულისჴმა-ვყვნეთ წმიდანი წერილნი, რამეთუ უწინარეს ადამისა გარდაჰჴდა იგი და იქმნა
ეშმაკ, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არა ყო, ვითარცა წერილ არს: “ვითარ გარდამოვარდა ზეცით
მთიები იგი”. და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: “უწინარეს შჯულისა ცოდვაჲ იყო სოფელსა
შინა”. ხოლო ცოდვად უწოდს წინამძღუარსა მას და მპოვნელსა მას ცოდვისასა. და კუალად
დაცემისათჳს კაცისა იტყჳს, ვითარმედ: “ცოდვამან მიზეზი პოვა მცნებისა მისგან,
რომელი ადამისდა მიცემულ იყო და მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა მე. ამიერითგან
შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. აწ უკუე კეთილი იგი
სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი. რაჲთა ჩნდეს ცოდვაჲ იგი კეთილითა
მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი
მცნებისა მისგან”. ამით ყოვლითა საცნაურ არს, ვითარმედ უწინარეს ადამისა იყო
ცოდვაჲ სოფელსა შინა, რომელ არს
ეშმაკი. და კუალად მტერობითა მით, რომელი აქუნდა კაცისა მიმართ, იქმნა
გარდამეტებულად ცოდვილ მზაკუვარებისა და შურისა მისისათჳს, რამეთუ იყო უწინარეს
ამისა დიდ ფრიად და დიდებულ და პატივცემულ. იყო იგი დიდებითა
ანგელოზთმთავრობისაჲთა და ინება მან, რაჲთამცა ღმერთ იქმნა და შევიდა იგი
წინააღდგომასა ღმრთეებისასა, რაჲთამცა პატივი იგი მოიტაცა, ვითარცა წერილ არს,
ვითარმედ: “უსამართლოსა მას მთავარსა ღმერთ-ყოფაჲ ენება”. ამისთჳს გარდამოვარდა
ქუეყანად განმზრახთა და მორჩილთა მისთა ეშმაკთა თანა.
ხოლო
იგი, გარდამოვარდა რაჲ ზეცით, არცაღა სინანულსა შევიდა, რაჲთამცა ევედრა მეუფესა
და აღვიდამცა პირველსა მას პატივსა, არამედ ესეცა შესძინა თჳსსა უკეთურებასა და
შვა შური კაცსა
ზედა და შეშურდა მას, რამეთუ ხედვიდა მიწისაგანსა მას ხატად ღმრთისა შექმნულსა,
რომელი მეუფებდა ყოველთავე ხილულთა ზედა. ამისთჳსცა მოუჴდა ზაკუვით და აღუთქუა
ღმრთეებაჲ, უკუეთუ ჭამოს ხისა მისგან, რომლისაგან ღმერთმან დააყენა. და ესრეთ ესევითარითა
მით აღთქუმითა გარდამოაგდო კაცი პირველისა მის პატივისაგან და მიიღო იგი
ჴელმწიფებასა ქუეშე თჳსსა და ყო იგი ცოდვილ. ხოლო თჳთ გარდარეულად ცოდვილ იქმნა და
გამოუჩნდა გონებაჲ იგი მისი ბოროტი და ამპარტავანებაჲ სიმაღლისა მისისაჲ, რამეთუ
სიმანქნით ენება მოტაცებად პატივისა მის სამეუფოჲსა, რომელი მოცემულ იყო კაცისა და
სოფელსა შინა. ხოლო გარდამოვარდა იგი ზეცით, ვითარცა პირველ ვთქუ, და კუალად
კაციცა აცთუნა, რამეთუ იყო იგი დაბადებული მეუფისაჲ, და აწ დატევებულ იქმნა იგი
სხჳსა განგებისათჳს. ვითარცა რკინაჲ ფიცხელი და უჴმარი არა იქმნებიან ჭურჭლად,
შექმნიან იგი გურდემლად, რაჲთა მიერ სხუანი ჭურჭელნი შეიქმნენ, ეგრეთვე უკეთური
იგი არა მეყსეულად დაისაჯა გეჰენიასა შინა, არამედ აცთუნა რაჲ კაცი, დაუტევა იგი
ღმერთმან ჟამთა რავდენთამე, რაჲთა გამოიცადოს მის მიერ ნათესავი კაცთაჲ, ვითარცა
იობსა შინა წერილ არს მისთჳს, ვითარმედ: “დგას იგი, ვითარცა გურდემლი უქმი",
რაჲთა მის მიერ გამოიცადნენ კაცნი და გამოჩნდენ, რომელთა-იგი შეიყუარეს ღმერთი და
არა მიიღეს მის თანა ზიარებაჲ, არამედ ყოველივე განსაცდელი მის მიერ მოწევნული
მოითმინეს და ღმერთსა სათნო-ეყვნეს, ვითარცა გამოჩნდეს ყოველნივე წმიდანი, რომელნი
სათნო-ეყვნეს უფალსა.
ამისთჳსცა
პიველადვე ეტყოდა ღმერთი ადამს, ვითარმედ: “ყოვლისაგანვე ხისა, რომელი არს
სამოთხესა შინა, შჭამო, ხოლო ხისა მისგან, რომელი არს საცნობელ კეთილისა და
ბოროტისა, მისგანი არა შჭამო, რომელსა დღესა შჭამო მისგანი, სიკუდილითა მოჰკუდე”,
რამეთუ იყო რაჲმე მაშინ, რომლისაგან არა ჯერ-იყო ჭამაჲ. ამისთჳს აყენებდა მისგან
ღმერთი და მისცა მცნებაჲ თჳსი ცხორებისათჳს მისისა. ხოლო დაფარულადრე ესრეცა
გულის-ჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე წერილისაჲ ამის, ვითარმედ ხეთა
გულის-ჴმისსაყოფელთა იტყჳს სამოთხისა სულიერისათა წმიდათა ძალთა, და თჳთ ეშმაკსა
-- ხედ საცნაურად ბოროტისა და კეთილისა, და მისგან დააყენა ღმერთმან, რაჲთა არა
ეზიარებოდის საქმეთა მისთა. ხოლო სხუათა მათ რაჲთა იყოს მოყუარე და თანა-ზიარ.
კითხვაჲ:
მაშა, ვითარ შენ იტყჳ, ხჱ იგი გულისჴმის-ყოფისაჲ ეშმაკი იყო?
მიგებაჲ:
მრავალსახედ გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე. რამეთუ ხჱ იგი ხჱ იყო ხილული, ვითარცა
სხუანი ხენი და სამოთხჱ იგი სამოთხჱ იყო ხილული. არამედ ხილულნი სახე არიან
უხილავთა, რამეთუ ვითარცა თითოეულსა ჩუენგანსა თანა ორნი კაცნი არიან -- ერთი
ჴორცთაჲ და მეორჱ იგი სულისაჲ, ეგრეთვე მაშინ ხილული იგი კაცი ხილულსა სამოთხესა
შინა იშუებდა და შინაგანი იგი კაცი გულისაჲ უხილავსა მას საცნაურსა წმიდათა
ანგელოზთა სამოთხესა შინა იშუებდა. და ხჱ იგი ხილული იყო, რომლისაჲ არა უბრძანა
ღმერთმან ჭამაჲ მისგან, რამეთუ ყოვლისავე ხილულისა მეუფედ დაადგინა იგი ღმერთმან
და მის ერთისა ხისაჲ ოდენ არა მისცა ჴელმწიფებაჲ განგებულებით, რაჲთა აქუნდეს იგი
მოსაჴსენებელად სამეუფოჲსა მის პატივისა და უწყოდის, ვითარმედ არს უზეშთაესი მისა
დამბადებელი მისი და რაჲთა არა მოვიდეს სიმაღლედ თჳთუფლებისა მისისათჳს და ეგონოს
თავი თჳსი, ვითარმედ ღმერთი არს. ხოლო მიეცა მას მცნებაჲ იგი ცხორებისათჳს მისისა,
ვითარცა წერილ არს, და სიტყუაჲ იყო, რომელმან წარწყმიდა
იგი და შეაგდო ურჩებასა ღმრთისასა. ხოლო დაუტევა რაჲ მან სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ და
ისმინნა სიტყუანი იგი მტერისანი და ჭამა ხისა მისგან და ეუფლა ნაყოფისა მის მიერ,
რომელმან-იგი აცთუნა გუელისა მიერ და შევიდა მის თანა სიკუდილი, რომელ-იგი არს
გონებაჲ ჴორციელი, ვითარცა წერილ არს, და ესრეთ ღუარძლი იგი ვნებათაჲ დაითესა
მტერისა მიერ სულსა შორის და ჴორცთა.
ხოლო
აწ მომატყუებელი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ჴორცი ქრისტესი, პური იგი მადლობისაჲ
სიტყჳთა განწმდების და რომელნი სარწმუნოებით და სიწმიდით მიიღებდენ, ცხორება და
ჴორც ქრისტესა ექმნების. და ესრეთ განწმდების სული იგი და ჴორცნი და მიეახლების და
დაეგების ღმერთსა კაცი იგი. და ვითარცა მაშინ სიტყჳთა მტერისაჲთა კაცი მოკუდა,
ეგრეთვე აწ სიტყჳთა ღმრთისაჲთა კულად განახლების და განცხოველდების გონებითა,
რამეთუ მაშინ უკეთური იგი გუელისა მიერ ეზრახა დედაკაცსა.
მე
ვჰგონებ, ვითარმედ ვერ იკადრებდა მიახლებად ადამისა, არამედ დაარწმუნა უუძლურესსა
მას ბუნებასა დედაკაცისასა და მის მიერ აცთუნა ადამ და ესრეთ მოვიდა მათ ზედა
სიკუდილი ბრძანებისაებრ
მეუფისა. რამეთუ უკუეთუმცა არა ესმინა მტერისაჲ, იგიმცა, რომელმან იკადრა
ესევითარი საქმეჱ, დაშჯილ იყომცა, ხოლო იგინიმცა შესრულ იყვნეს უმეტესსა დიდებასა.
ეგრეთვე აქა სიტყჳთა მეორისა ადამისითა მუცლად-იღო მეორემან ევა -- წმიდამან
დედოფალმან მარიამ და მის მიერ იშვა ცხორებაჲ ყოველთავე მორწმუნეთა სახელისა
მისისათაჲ. ხოლო იყო, ვითარცა პირველ ვთქუთ, ცოდვაჲ იგი, რომელ არს ეშმაკი,
სოფელსა შინა უწინარეს ადამის გარდასლვისა მცნებისაგან, ვითარცა წერილნი იტყჳან: “და
სიფიცხლისათჳს მისისა და შეუნანელისა მის გულისა” მისისა მიერითგანვე დაისაჯა, “რაჲთა
შევიდეს გეჰენიასა”. არამედ ვინაჲთგან აცთუნა კაცი და განაგდო იგი სამოთხით და
ენება ღმერთსა, რაჲთა განაახლოს დაბადებული თჳსი და მოიყვანოს პირველსა მას
დიდებასა, ამისთჳს დაუტევა იგი, რაჲთა მის მიერ გამოიცადებოდის და არს იგი,
ვითარცა შოლტი, გინა თუ კუერთხი სასწავლელად ჩუენდა, რაჲთა, დაღაცათუ მას არა
ჰნებავს, არამედ თჳნიერ ნებისა მისისა იქმნას განგებულებაჲ დიდი მის მიერ და
გონებაჲ იგი ბოროტი იქმნას შემწე კეთილისა. რამეთუ იგი უკეთურისა მის გონებისა
მისისაგან ისწრაფის, რაჲთამცა ყოველნივე კაცნი წარწყმიდნა და მძლეთა მიერ მისთა
იქმნების იგი უმეტესად ცოდვილ და დასასჯელ, ხოლო მართალნი მისისა ბრძოლისა მიერ
უმეტესსა პატივსა და დიდებასა მოატყუებენ თავთა თჳსთა. რამეთუ ნებასა მტერისასა
ყოველთაჲვე წარწყმედაჲ ჰნებავს, ამისთჳსცა გუბრძავს დაუცადებელად ყოვლითავე
ღონისძიებითა და კუალად ღმერთი ისწრაფის “ყოვლითავე ღონისძიებითა ცხორებისათჳს
კაცთაჲსა” ძალითა მადლისა მისისაჲთა სარწმუნოებისაებრ თჳთეულისა.
ხოლო
ამისთჳს დაუტევა იგი ღმერთმან გამოსაცდელად და საწურთელად კაცთა შემდგომად ადამის
ცთომისა, რამეთუ ვინაჲთგან აცთუნა იგი, მიიღო მისგან ჴელმწიფებაჲ მისი და ესრეთ
ეუფლა მას და მაშინ იქმნა მთავარ ამის სოფლისა. რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ და
მეუფჱ ყოველთავე ხილულთაჲ კაცი იყო, რომელი-იგი დაედგინა ღმერთსა პირველადვე და
ვერცა ცეცხლი რას ავნებდა, ვერცა წყალი მოაშთობდა, არცა მჴეცნი შეეხებოდეს, ვერცა
წამლიანნი იგი ქუეწარმავალნი რაჲთ მოაკუდინებდეს, რამეთუ უკუდავ იყო იგი. ხოლო
რაჟამს აცთუნა იგი მტერმან, მისცა მაცთუნებელსა მას თჳსსა მთავრობაჲ იგი და
ჴელმწიფებაჲ მისი შენდობითა ღმრთისაჲთა. და ამისთჳს მეწამლენი და მსახრვალნი და
გრძნეულნი შეწევნითა ეშმაკისაჲთა სასწაულთა იქმან და სძლევენ გუელთა და ღრიაკალთა
და ცეცხლსა და წყალსა, ვითარცა იქმოდეს იანე და იანბრე, რომელნი წინააღუდგებოდეს
მოსეს და კუალად ვითარ იქმოდა სჳმონ მოგჳ, რომელი-იგი წინააღუდგებოდა პეტრეს
მოციქულსა. და ესე ყოველი მიშუებულ არს, რაჲთა იქმნებოდის მორჩილთა მისთა მიერ
გამოსაცდელად ბუნებისა კაცთაჲსა.
და
კუალად სიტყუაჲცა იგი წერილისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: “ბნელი იყო წყალთა ზედა”,
რომელსა-მე ბნელსა იტყჳს? დაღაცათუ ვინმე თქუას, ვითარმედ აჩრდილი ცისაჲ უწინარეს
მზისა დაბადებისა იქმოდა ბნელსა მას, არამედ, ვითარცა პირველ ვთქუთ, ყოველნივე
ხილულნი სახენი და მსგავსებანი არიან უხილავთა მათ, რამეთუ ვიცი მე ბნელი ფარული
სიტყჳერი სოფლისაჲ უშინაგანესი ცხადისა მის და ხილულისა ბნელისა და აჩრდილისა. და
ვიცი კუალად მზჱ ნათლისა გამოუთქუმელისაჲ და უშინაგანესი ამის მზისა. და იგი არს
ნათელი, “რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია”.
ესე
იგი არს, ვითარმედ ვერცა იხილა, ვერცა იცნა იგი გამოუთქუმელისა მისგან და
უხილავისა ნათლისა ღმრთეებისა, რამეთუ წმიდათა, რომელთა ენებოს, მათ ოდენ
გამოეცხადების გონებასა შინა, ვითარცა დაიტევდენ ძალისაებრ მათისა.
ხოლო,
ვითარცა ვთქუ, იყო მაშინვე უკეთური იგი დაცემულ, რამეთუ იგიცა ყოვლისავე დამბადებელისა
ღმრთისა სიტყჳსა დაბადებული არს და აქუნდა მას თჳთუფალი ნებაჲ და ესრეთ ამაღლდა
სამეუფოსა მას პატივსა ზედა და აღივსო შურითა კაცისაჲთა და აცთუნა იგი და უმეტესი
დაცემაჲ ქმნა და მაშინვე განეგო დაშჯაჲ მისი გეჰენიასა შინა. არამედ, ვითარცა
პირველ ვთქუ, მიუტევა იგი ღმერთმან განგებულებით, რაჲთა თჳნიერ ნებისა მისისა
დიდებაჲ დიდი მოატყუას წმიდათა და უდიდებულეს იქმნენ იგინი ფრიადისა მის
მოთმინებისა მათისათჳს, ხოლო იგი უცოდვილეს და გარდამეტებულად დასაშჯელ -- ბოროტთა
მათ ღონისძიებათა მისთათჳს და ესრეთ უმეტესსა პატიჟსა თანამდებ იყოს “და იქმნას
გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მიერ” და განქიქებულ იქმნას უკეთურებაჲ
მისი და შეჩუენებულ იქმნას ყოველთაგანვე ძალთა საცნაურთა წმიდათა ანგელოზთასა
უკეთურებისა მისისათჳს, რომელი-იგი აჩუენა პირველად ევას ზედა და შეაგდო იგი
ურჩებასა მცნებისა ღმრთისასა და მის მიერ აცთუნა ადამ მსგავსითა მით ჭურჭლითა,
რამეთუ ვერ შემძლებელ იყო, თუმცა შიშუელი მოუჴდა ადამსა დიდებისა მისისათჳს,
რომელი აქუნდა ადამს. ამისთჳს დედაკაცისა მიერ აცთუნა იგი და ესრეთ გამოაგდო
დიდებისა მისგან. მაშინ იპოვა ადამ შიშუელი და იხილა სირცხჳლი თჳსი, რომელსა-იგი
პირველად არა ხედვიდა, რამეთუ გონებაჲ მისი შუენიერებათა მათ შინა ზეცისათა
იშუებდა.
ხოლო
შემდგომად ცთომისა გულისსიტყუანი მისნი ქუეყანად გარდამოჴდეს და მარტივი იგი და
კეთილი გონებაჲ მისი შეეთხზნა გონებასა ჴორციელსა და დაიჴშა კარი სამოთხისაჲ და
დაიდგინა მუნ მახჳლი იგი ცეცხილსაჲ იქცევისი და ქერობინი მოტყინარჱ სცავს მუნ,
რაჲთა არა შევიდეს ადამ და ჭამოს ხისა მისგან და ცხონდეს უკუნისამდე. ხოლო ამას
საქმესა ცხადად არა ვირწმუნებთ, თუ ესრეთ ყოფილ არს, ხოლო ფარულად თითოეულისა
სულსა შინა იპოების საქმჱ ესე, რამეთუ შემოგარე გულისა ძეს საბურველი იგი ბნელისაჲ
და ცეცხლი იგი სულისა ამის სოფლისაჲ, რომელი-იგი არა უტევებს გონებასა მიახლებად
ღმრთისა და აყენებს სულსა, რაჲთა ვერ ილოცვიდეს, ვითარცა ჰნებავს და რაჲთა ვერ
მოიღოს სარწმუნეობაჲ, ვითარცა ენებოს და რაჲთა ვერ შეიყუაროს ღმერთი, ვითარცა
ჯერ-არს. ხოლო ესე გამოცდილებით უწყიან მათ, რომელთა მიუცემიან თავნი მათნი
სრულიად ღმრთისადა, რომელნი მარადის ლოცვასა შინა მდგომარე არიან და აღუღებია
სრულიადი ბრძოლაჲ წინააღმდგომისა მიმართ.
ხოლო
ვჰგონებ მე, ვითარმედ პირველი იგი დიდებაჲ ადამისი იხილა მტერმან პირსა ზედა
მოსესსა და მოიწყლა გული მისი და გულისჴმა-ყო, ვითარმედ ეგულების დაცემაჲ
მეუფებისაგან თჳსისა. და შესაძლებელ არს აქაცა განგონებად სიტყუაჲ იგი
მოციქულისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: “მეუფებდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე
მოსესამდე უცოდველთაცა ზედა”. რამეთუ რაჟამს იხილა დიდებაჲ იგი მოსესი, მოიწყლა
იგი და იჭჳთა და სასოებით
დაეცა მეუფებისაგან თჳსისა სიკუდილი. ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი ჭეშმარიტებით,
დაეცა, რამეთუ განათავისუფლა მან კაცი სიკუდილისაგან და აღდგა მკუდრეთით და აღვიდა
ზეცად და დაჯდა მარჯუენით დიდებულებისა სავსჱ დიდებითა არა პირითა ოდენ, ვითარცა
მოსე, არამედ ყოვლითავე გუამითა და ყოვლითავე თჳთებითა და თჳსითა და დაეცა
ჭეშმარიტებით სიკუდილი. და ვჰგონებ, ვითარმედ დიდებაჲ იგი, რომელი აქუნდა მოსეს,
სახე იყო პირველისა მის ადამისი, რომელი დაიბადა ჴელითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი
იხილა სიკუდილმან და ვერ ეძლო თუალთა შედგმად მისა და მოიწყლა, რამეთუ ესვიდა
დაჴსნასა მეუფებისა თჳსისასა და ეგრეთცა იქმნა. ხოლო აწ იგი დიდებაჲ შინაგანსა
კაცსა თანა მოუგია ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა და შინაგან მათსა დაეცემის და
განქარდების სიკუდილი და ვნებანი იგი უპატიოებისანი მოუძლურდებიან და უჩინო
იქმნებიან სრულთა ქრისტიანეთაგან, რამეთუ დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ ბრწყინავს
გულთა შინა მათთა და ესრეთ აღდგომასა მას მეორესა განქარდეს სრულიად სიკუდილი
გუამთა მათგან, რომელნი დიდებულ არიან ნათელსა შინა ვითარცა-იგი აქაჲთვე ღირს
იქმნებიან და შეიწყნარებენ მას გულის-ჴმის-ყოფით და ყოვლითავე გულსავსებითა სულნი
წმიდათანი.
და
ამისთჳს დაიტევა და დაიდვა ეშმაკი, ვითარცა პირველად ვთქუ, გამოსაცდელად კაცთა
ბნელი იგი სიტყჳერი და სულიერი, რომლისაცა სახე არს ბნელი ესე. და ბნელსა მას შინა
მრავალნი ძალნი უკეთურებისანი და მთავრობანი და ჴელმწიფებანი ვლენან და არს
მთავარი იგი მათი მბრძოლ ჩუენდა, რაჲთა რომელთა-იგი ღმერთი სრულიად შეიყუარეს,
მოღუაწებითა მათითა სძლონ მანქანებათა მისთა და ყოველივე მის მიერ მოწევნული
განსაცდელი მოითმინონ და ესრეთ სრულ იქმნენ და ბრძოლამან მათმან უმეტესი დიდებაჲ
მოატყუას მათ თჳნიერ ნებისა თჳსისა.
ხოლო
ღმერთი ზის, ვითარცა საბრძოლსა შინა, წმიდათა ძალთა თანა და ანგელოზთა და
ყოველთავე მჴედრობათა თანა ზეცისათა და ხედავს მოღუაწეთა და მძლეთა და რაჟამს
ვინმე ჩუენგანმან სძლოს, სიხარული დიდი იქმნების ცათა შინა და ქებანი და გჳრგჳნნი
და დიდნი ნაჭნი სულიერნი და პატივნი ზეცისანი მიეცემიან მათ, რომელნი განერნეს
სარწმუნოებითა და სიმჴნითა მათითა მახეთაგან ეშმაკისათა. და ამათი ძლევაჲ მათ
სირცხჳლსა მოატყუებს, რამეთუ არა კეთილ იყო, რაჲთამცა სიტყჳერნი კაცნი იყვნესმცა
უქმად, ვითარცა შეშანი. არამედ ჯერ-იყო, რაჲთამცა პიველად გამოიცადნეს და ესრეთმცა
მიიღეს სასყიდელი. რამეთუ ვითარცა საასპარეზესა შინა, გინა თუ სარბიელსა რაჟამს
ზინ მეფჱ მაღალსა ადგილსა და ხედავნ, თუ ვინ-ძი სძლოს და თითოეულსა ეტლსა ჰქონან
ღონენი და სიმარჯუენი, რაჲთამცა დასცა მეორჱ და სძლო მას, ეგრეთვე უკეთური იგი
მარადის განჰმზადებს თავსა თჳსსა დაცემად კაცისა და ყოვლითავე სიჴელოვნითა და
სიმანქნითა თჳსითა ისწრაფის, რაჲთამცა სძლია მას და შეიპყრამცა მრავალფერითა მით
და თითოსახითა მახითა თჳსითა -- გინა თუ სიმდიდრითა, გინა თუ სიბრძნითა ამის
სოფლისაჲთა, გინა თუ დიდებითა კაცთაჲთა, ანუ გემოჲთა ჴორცთაჲთა, ანუ
მთავრობისმოყუარებითა, ანუ ქებითა კაცთაჲთა, ანუ დაჭირვებითა ჴორციელთა
საქმეთაჲთა, ანუ ვნებითა ჴორცთაჲთა, ანუ გულისსიტყჳთა ბოროტითა, ანუ შიშითა და
გულისკლებითა, რომელი მის მიერ აღიძრვის სულსა შინა, რაჲთა რომლითაცა სახითა
დასცეს სული იგი. ხოლო ეგრეთვე თანა-აც, რაჲთა სულიცა იქმოდის, რომელსა-იგი აქუს
ეგევითარი იგი ძალი ღმრთისაჲ, რაჲთა იღუწიდეს და წინააღუდგებოდის ჴელოვნებათა
მისთა და ესრეთ შემძლებელ იქმნას მრავლითა მოღუაწებითა და სიფრთხილითა და
მოთმინებითა და საწმუნოებითა განრომად მისგან და ძლევისა გჳრგჳნისა მიღებად.
რამეთუ საწურთელად ჩუენდა და გამოსაცდელად მოცემულ არს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ
და თითოსახითა განსაცდელითა და ჭირითა სრულ იქმნნეს ყოველნივე წმიდანი და დიდსა
დიდებასა და უმეტესსა პატივსა მოიგებენ იგინი.
ხოლო
მას მიეცემის უმეტესი ტანჯვაჲ გეჰენიასა ბოროტისა მის გონებისა მისისათჳს, რამეთუ
ვითარცა კუერთხი ცხოველისა ხისაგან მოეკუეთების და შოლტი ცხოველისა პირუტყჳსაგან
გამოვალს საწურთელად ჩჩჳლთა, ეგრეთვე უკეთური იგი მოეკუეთა ზეცისა კრებულისაგან
ცხოველთაჲსა და მისცა თავი თჳსი გონებასა ჴორციელსა ყოველით კერძოვე და იქცევის
ქუეყანასა ზედა, რამეთუ იგიცა დაბადებული არს და მის მიერ დიდი განგებულებაჲ
აღესრულების, ვითარცა წერილ არს: “რაჲთა შეეწიოს ბოროტი იგი კეთილსა მას გონებითა
არაკეთილითა”. რამეთუ რომელთაცა ჭეშმარიტებით ღმერთი უყუარს და მცნებისაებრ მისისა
შედგომაჲ მისი ჰნებავს, რაჟამს-იგი იტანჯებოდიან, მაშინ უფროჲსად გულითამჴურვალითა
მიივლტიან ღმრთისა და ითხოვენ მისმიერსა შეწევნასა და იგი ჰბრძავს, ხოლო სძლევს
ვერკეთილისა მის და მართლისა გონებისა მათისათჳს. და რაჲზომცა მტერი სტანჯვიდეს,
ესეზომვე უმაღლესად მიეახლებიან იგინი ღმერთსა. რამეთუ ყოველთავე სულთა, რომელთა
აქუს ჭეშმარიტი სიყუარული ღმრთისაჲ, დაღაცათუ გულის საკლებელი რაჲმე მოიწიოს,
მათთჳს კეთილად გარდაიქცევის, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: “მოყუარეთა
ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯჳს”.
რამეთუ
სიმდიდრეცა და სიგლახაკჱ, დიდებაჲ და უპატიოებაჲ და ჭირი და განსუენებაჲ მართლისა
მის გულისა მათისათჳს, და რამეთუ უყუარს ღმერთი ჭეშმარიტებით, ამისთჳს ყოველივე
კეთილად მოიწევის მათ ზედა. ხოლო რომელნი არა შედგომილ არიან უფლისა და ყოვლითა
გულითა და არცა უარ-უყოფიან თავნი მათნი სიტყჳსაებრ სახარებისა, არამედ ოდენ
გარეგანითა სახითა შედგომილ არიან უფლისა და უშრომელად ჰნებავს შესლვაჲ
სასუფეველსა ცათასა, ეგევითართა მათ, რაჟამს მიიღონ მცირედი რაჲმე ბრძოლაჲ ანუ
განსაცდელი, მეყსეულად უკუღმართ იქცევიან და არა ებრძვიან ვნებათა ახოვნად, არამედ
შეშინდებიან განსაცდელთაგან და ბრძოლათა ეშმაკისათა და კუალად მიიქცევიან გემოსა
ჴორცთასა და ცთომასა ამის სოფლისასა, რამეთუ არა უყუარს მათ ღმერთი ყოვლითა
გულითა.
ხოლო
რაჲთა გამოუჩნდენ იგინი, რომელთა ჰნებავს პოვნაჲ ცხორებისაჲ და მოითმინონ ყოველივე
განსაცდელი და ჭირი და ესრეთ მიემთხჳნენ გულისსათქუმელსა მას მათსა და კუალად,
რაჲთა გამოჩნდენ იგინი, რომელთა არა ჰნებავს ყოვლითა გულითა ცხოვნებაჲ მათი,
არამედ კუალად იქცევიან უკუღმართ, ამისთჳს მოგუეცა ეშმაკი, რაჲთა გამოიჴურვნეს
ვითარცა ცეცხლითა და მჴნენი იგი გამოცხადნენ მის მიერ, ვითარცა ჭურჭელნი
გამოჴურვებულნი და იქმნენ იგინი მაგარ და შეუმუსრველ. ხოლო გამოუცდელნი გამოჩნდენ
უჴმრად, რომელნი-იგი ვერ იტჳრთვენ მჴურვალებასა ცეცხლისასა. ხოლო დასამტკიცებელად
სიტყუათა ამათ მცირედი რაჲმე წმიდათა წერილთაჲ ვაჴსენოთ: უკუეთუმცა არა მიუშუნეს
ღმერთსა გამოცდად სამთა მათ ყრმათა, ვითარმცა ყოფილ იყო ეგევითარი სიხარული მათთჳს
ცათა შინა და ვითარმცა ქადაგებულ იყო მაშინ ღმერთი ქუეყანასა ზედა წინაშე
ყოველთასა, ვითარმედ იგი მხოლოჲ არს ღმერთი ცათა შინა?
არამედ
მიშუებითა ღმრთისაჲთა აღჰმართა მეუფემან ხატი იგი ოქროჲსაჲ და ყოველნივე ნათესავნი
ბრძანებითა მისითა მოვიდეს თაყუანის-ცემად ხატისა მის. რამეთუ უკეთური უფლებულ-იყო
მაშინ ნაბუქოდონოსორისდა და იგი აგონებდა მას. ხოლო განძლიერდეს რაჲ სამნი იგი
ყრმანი და სარწმუნეობითა და სასოებითა ღმრთისაჲთა მისცნეს მისთჳს თავნი მათნი
ცეცხლსა, და საკჳრველთმოქმედებითა ღმრთისაჲთა ხატისა მის წილ ღმერთი
თაყუანის-იცემებოდა და ეშმაკსა უფროჲსად ჰრცხუენოდა, რამეთუ ყოველნივე მანქანებანი
მისნი დაიჴსნნეს და რომლითა ისწრაფდა, რაჲთამცა წარსაწყმედელად კაცთაჲსა ყო, იგი
ექმნას მას დასაცემელ, რამეთუ მაშინ ყოველთავე ცნეს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი ცათა
შინა, სიმჴნითა სამთა მათ ყრმათაჲთა.
და
ღუაწლნიცა მოყუარეთა ღმრთისათანი თითოსახენი არიან, რამეთუ რომელნიმე ესვენ ძალსა
ღმრთისასა და სასოებისა მისისათჳს არა ეშინის კაცთაგან ძალისა მიერ სულისა
წმიდისა. და ეტყჳს წინააღმდგომსა მართალი იგი: “ვერ ძალ-გიც ბოროტის-ყოფადჩემდა,
რამეთუ შემწედ მაქუს მე ღმერთი. ვერ შემეხების მე ცეცხლი, ვერცა მახჳლი, არცა თუ
მჴეცნი, ვერცა სხვაჲ რაჲ ბოროტთაგანი მავნებს მე, რამეთუ მივის ღმერთი ყოველთასა უძლიერესი,
რომელმანცა მიჴსნას მე ყოვლისაგან ბოროტისა”. რაჲთა სცნათ, ვითარმედ არს ღმერთი
კაცთა შინა ცხოველი და ჭეშმარიტი, ესრეთ შეეწევის ღმერთი მოსავთა თჳსთა, ვითარცა
პირველად ვთქუთ.
კულად
მიიყვანიან სხუაჲ მართალი წინაშე მსაჯულისა, რომელი აიძულებნ გარდასლვასა
შჯულისასა, და მისცის მან თავი თჳსი სიკუდილად ღმრთისათჳს, და უკუეთუ ჴელნი
დაჰკუეთნიან, არა გულსა აკლნ, და უკუეთუ თუალნი აღმოჰჴადნიან, არა ეშინინ. და
ესრეთ არნ, ვითარმცა ყოვლადვე არაჲ შემთხუეულ იყო. და იტყჳნ იგი, ვითარმედ: “არს
ღმერთი, რომელმან მომცეს მე კეთილი იგი საუკუნოჲ და დიდებით მადიდოს. “ და ესრეთ
წამებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოითმინის.
იხილეთ, თუ ვითარი სიხარული იქმნების მისთჳს ცათა შინა, ვითარცა იტყჳს მოციქული
წმიდათა მათთჳს, რომელთა მოითმინნესთითოსახენი ღუაწლნი: “რომელნი ერეოდეს მეფეთა,
იქმოდეს სიმართლესა, დაუყუნეს პირნი ლომთანი, დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ, განერნეს
პირსა მახჳლისასა, განძლიერდეს უძლურებისაგან, იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა,
ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ, მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი”. და
იტყჳს მათთჳსცა, რომელთა თითოსახედ იღუაწეს, ვითარმედ: “სხუანი ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა
აღესრულნეს და არღარა მოეღო მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ
და სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს და მერმე -- ბორკილებითა და
საპყრობილებითა, ქვითა განიტჳნნეს, განიხერხნეს, სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს,
იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ძჳრხილულნი, ჭირვეულნი,
რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა, შეცთომილნი მთათა და ქუაბთა და
ჴურელთა ქუეყანისათა”.
იხილეა,
ვითარ მოყუარეთა ღმრთისათა ჭირი და მოღუაწებაჲ თითოსახედ იქმნების ერთითა მით
სარწმუნოებითა, რაჲთა მათ მიერ იდიდოს ღმერთი და რაჲთა სიტყჳერნი იგი და თჳთუფალნი
კაცნი გამოცდით გამოიცადნენ და გამოჩნდენ პატიოსანნი იგი და უპატიონი ჭურჭელნი,
რამეთუ მიუშუებია ღმერთსა ეშმაკისადა გამოცდად ჩუენდა. ხოლო იგი მონაჲ არს უჴმარი
დაბადებული მეუფისაჲ და ვერვის გამოსცდის, ვითარ თჳთ ენებოს, არამედ რაოდენცა
განგებამან ღმრთისამან შეუნდოს გამოცდად სულისა მის, რამეთუ უფალმან უწყის ძალი
თითოეულისა სულისაჲ, თუ ვითარ მოითმენს, ანუ თუ რაჲზომ და ეგზომცა მიუშუებს,
ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: “სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა მიტევნეს
გამოცდად უფროჲს ძალისა ჩუენისა, არამედ განსაცდელსა თანა ყოს შეწევნაჲცა, რაჲთა
შემძლებელ ვიქმნეთ მოთმინებად”. და იქმნებიან განსაცდელნი მოყუარეთა ღმრთისათანი
სარცხჳნელ და დასასჯელ მტერისა, ხოლო კაცისა ძლევა და დიდება. და კულად უთმინოთა
განსაცდელნი, რომელნი ვერ მოითმინნენ, არამედ უკუღმართ იქცევიან, მათ ექმნებიან
სირცხჳლად და საყუედრელად საუკუნოდ და უკეთურსა მას თანა გეჰენიასა შინა
დაისჯებიან, რაჲთა თჳთ ეშმაკიცა მორჩილთა თჳსთა თანა, რომელნი ნებასა ღმრთისასა
ყოვლითა გულითა არა იქმოდეს, გეჰენიასა შინა უმეტესად დაისაჯოს. ხოლო მართალნი
იგი, რომელთა ვნებანი და უკეთურნი დაიმორჩილნეს, იგინი უფროჲსად იდიდნენ, რომელთა
ახოვნად მოითმინეს ყოველივე ჭირი მათ ზედა მოწევნული, და კუალად რაჲთა სიმართლჱცა
ღმრთისაჲ გამოჩნდეს, რომელი “მიაგებს თითოეულსა საქმეთა მისთაებრ”, ვითარცა წერილ
არს, ვითარმედ აღეშენა სუფევაჲ მართალთაჲ სრულითა მით მოღუაწებითა მათითა.
კითხვაჲ:
ვითარ რომელნიმე მოვლენ მოღუაწებად და ადრე მოიღებენ მადლსა, ხოლო სხუანი დაჰყოფენ
მრავალსა ჟამსა და ვერ მიემთხუევიან ეგევითარსა მადლსა ძლიერსა?
მიგებაჲ:
სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს, როემლსა იტყჳს: “ითხოვდით და მოგეცეს, ეძიებდით და
ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს”. ხოლო აწ რომელი ითხოვდეს და ეძიებდეს და ირეკდეს ვიდრე
აღსასრულადმდე, არა-მე ჰპოებსა სათხოველსა თჳსსა? ჰე, გეტყჳ შენ, ვითარმედ უკუეთუ
ოდენ აქუნდეს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა და ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა
ითხოვდეს და ჴორციელთა საქმეთა და არცა ერეოდის ვნებათა უკეთურებისათა და
შეუძლებელ არს, თუმცა არა მიემთხჳა იგი ცხორებასა.
რამეთუ
მართალ არს და ჭეშმარიტ უფალი ჩუენი, რომელმან უტყუველითა მით პირითა თჳსითა თქუა,
ვითარმედ: “ყოველივე, რომელიცა სარწმუნოებით ლოცვასა შინა ითხოოთ, მოგეცეს თქუენ”.
ხოლო იტყჳან ვინმე: “რომელმან აღასრულნეს ყოველნივე მცნებანი, უკუეთუ აქავე, ამას
საწუთროსა არა მიიღოს მადლი, ვერარაჲ ურგია მას”. ხოლო იტყჳან იგინი უგუნურებით და
გარეგან წამებისაგან წერილთაჲსა, რამეთუ უკუეთუ სასუმელიცა გრილისა წყლისაჲ არა
ცუდად წარჴდების, მაშა, რომელნი-იგი ღმრთისათჳს განშორებულ არიან სოფლისაგან და
განუწმედიან თავნი თჳსნი და ევედრებიან მას დღე და ღამე და სურიან მისა მიმართ და
მას ეძიებენ, ვითარმცა არა უსამართლო არს იგი, თუმცა ჩუენ უდებ-მყვნა ჩუენ და
არამცა მომცა ჩუენ სიწმიდჱ იგი სულისაჲ უზეშთაეს ბუნებისაჲ?
ხოლო
ამისთჳს კადნიერებაჲ გუაქუს ჩუენ ოდენ, რაჟამს ვიწყოთ კეთილისა ყოფად, ვიდრე
აღსასრულადმდე დავადგრეთ მას შინა და ნუ ვიქცევით უკუმართ. უკუეთუ სიწმიდე ჴორცთაჲ
მოვიგოთ, დავიმარხოთ ვიდრე აღსასრულადმდე და ყოველთავე სათნოებათა ცხადად
აღსასრული კეთილი ვქმნათ, რამეთუ ყოვლისავე დასაბამისა დასასრული დიდებულ არს.
ხოლო ესე უწყოდე: უკუეთუ ისმინო და გრწმენეს და გულისჴმა-ჰყო და განეშორო თჳსთაგან
ღმრთისათჳს და დაადგრე ლოცვასა შინა და ყოველთავე სათნოებათა ვიდრე აღსასრულადმდე,
არა დაჰრჩები კიდე აღთქუმისაგან. ოდენ ისწრაფე, რაჲთა ოდეს განვიდოდის სული შენი
გუამისა შენისაგან, რაჲთა იპოო მოსწრაფებასა შინა და მოლოდებასა აღთქუმისასა და
მოთმინებასა და სარწმუნოებასა და განკითხვით ცხორებასა. და გეტყჳ შენ, სიხარულით
შეწყნარებულ იქმნა და კადნიერებაჲ გაქუნდეს და სასუფეველსა ღირს იქმნა და
ანგელოზნი შეგემთხჳნენ შენ და შეგიწყნარონ ცხორებად.
რამეთუ
ესევითარი იგი ზიარ ღმრთისა გამოჩნდების სარწმუნეობითა და გულსმოდგინებითა. და არს
იგი მუშაკი უფლისაჲ, რამეთუ ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: “რომელმან მიხედნეს
დედაკაცსა გულისთქუმით, მან იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა”. დაღაცათუ ჴორცთა
არა მივიდეს, არცა შეიგინოს მის თანა, არამედ გულისთქუმისათჳს ოდენ შეირაცხვის,
ვითარცა მემრუშჱ. ეგრეთვე, რომელი განეშოროს ყოვლისაგანვე ბოროტისა და შეუდგეს უფალსა
და ეძიებდეს მას სურვილით და იყოფებოდის დაწყნარებითა სათნოებისაჲთა, ზიარ ღმრთისა
იქმნების იგი, რამეთუ ესეცა დიდი ნიჭი ღმრთისაჲ არს: დგომაჲ ლოცვასა შინა და
მოსწრაფებასა და მოქალაქობასა სათნოსა, რამეთუ უკუეთუ ღმერთმან არა მოგუცეს ჩუენ
მოთმინებაჲ, ჩუენ ძალითა ჩუენითა ვერარას შემძლებელ ვართ.
კითხვაჲ:
ვითარ რომელ მოვალს დღჱ და მომძულდის ძმაჲ ჩემი, გინა თუ სხუათაცა რათმე ბოროტთა
ვნებათაგან ვიძლეოდი, რომელთა ვიქმოდი თჳნიერ ნებისა ჩემისა?
მიგებაჲ:
თანა-აც კაცსა, რაჲთა იყოს ყოველივე ღუაწლი და ბრძოლაჲ მისი წინააღდგომად მტერისა
და ძლევად ბოროტთა ვნებათა, რამეთუ სადა იყოს სიბნელჱ ვნებათაჲ და სიკუდილი
გონებისა მის ჴორციელისაჲ, შეუძლებელ არს, თუმცა არა გამოიღეს ვნებათა თჳსი
ნაყოფი, გინა თუ ფარულად, გინა თუ ცხადად. რამეთუ ვითარცა კაცსა, რომელსა აქუნდეს
წყლულებაჲ, შეუძლებელ არს, თუმცა არა გამოვიდა მისგან წალაჲ, ვიდრე მცირედიცა
იპოებოდის, და უკუეთუ უდებ-ყოს, მცირედისა მის წყლულისაგან მოჰლპების ყოველივე
ასოჲ იგი და იქმნების დაჭირვებაჲ დიდი, ეგრეთვე ვნებანი სულისანი, რაჟამს ენებოს
ვისმე კურნებაჲ, ვიდრე კუალიცა მათი იპოებოდის, შჭამს შინაგანსა. ხოლო უკუეთუ
ისწრაფოს კაცმან და კრძალულებითა ფრიადითა ჰკურნებდეს, მერმე ძალითა უფლისაჲთა
მოვალს სრულსა ლხინებასა. რამეთუ უკუეთუ ქუეყანისა მკურნალი ჰკურნებს უძლურებასა
ჴორცთასა, ვითარ უფროჲსღა არა განკურნოს ზეცისა მკურნალმან ქრისტე ძნიად
საკურნებელნი იგი ვნებანი სულისანი? რამეთუ არს ფარული რაჲმე ბიწი და სიბნელეჱ
გარეგანი ბუნებისაჲ კაცსა თანა, რომელი-იგი მოვიდა ბუნებასა ზედა კაცთასა
გარდასლვითა ადამისითა მცნებისაგან, და იგი არს, რომელი აღამრღუევს და შეაგინებს
სულსა და ჴორცთა. არამედ ვითარცა რკინაჲ რაჟამს განაჴურვიან და სციან მას უროჲთა
და კუერითა, მაშინ იქმნის იგი ჭურჭელ პატიოსან უფლისა თჳსისა. ანუ ვითარცა ოქროჲ
აღრეული სპილენძითა, ანუ რკინითა ცეცხლითა გამოიცადის და წმიდა იქმნის, ეგრეთვე
სული, რაჟამს ზეცისა ჴელოვნისა მიერ ქრისტესა გამოიჴურვოს სულითა წმიდითა და
დაიბეჭდოს ვნებითა უფლისაჲთა, განწმიდნების ყოვლისაგან ვნებისა და ყოვლისაგან ცოდვისა. და ვითარცა ზღუასა ზედა, რაჟამს-იგი
ქროდა ქარი სასტიკი და აღძრულ იყვნეს ღელვანი და ნავი იგი დაინთქმოდა, შეჰრისხნა
უფალმან ქარსა მას და დასცხრა, ეგრეთვე ფარულსა მას ზღუასა გულისასა რაჟამს სული
ღელვიდეს ბოროტთა გულის-სიტყუათაგან და ვნებათაგან უკეთურებისათა, მაშინ აღდგების
უფალი, რაჟამს-იგი ესმეს ვედრებაჲ და შეჰრისხავს სულთა მათ უკეთურთა და ღელვათა
მწარისა მის ზღჳსა ცოდვისათა და მოვალს მყუდროებაჲ მადლისაჲ სულსა ზედა და
გონებასა და ესრეთ შეემშჭუალვის სული იგი დაუყენებელად სიყუარულსა უფლისასა.
ხოლო
ესე ოდენ დავიმარხოთ, რაჲთა კეთილისა დაწყებისა ჩუენისაჲ დასასრულიცა კეთილი იყოს
და ნუმცა ვიქცევით უკუღმართ, ნუცა მივდრკებით გზისაგან ჭეშჭმარიტებისა, არამედ
ყოვლითა გულითა ვეძიებდეთ უფალსა და მოვითმინოთ ლოცვასა შინა ვიდრე აღსასრულადმდე.
და სხუათაცა სათნოებათა ძალისაებრ ჩუენისა აღვასრულებდეთ და ესრეთ ვპოოთ ცხორებაჲ,
რამეთუ “სარწმუნო არს აღმთქუმელი” იგი ჭეშმარიტთა მეძიებელთა მისთაჲ.
კითხვაჲ:
რაჲ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: “ვითარცა ვარსკულავი ვარსკულავსა
ჰმატს დიდებითა, ეგრეთვე აღდგომაჲ მკუდართაჲ?”
მიგებაჲ:
ორითა სახითა ესრეთ გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე: ერთად, ვითარმედ აქაჲთვე
აღდგებიან სულნი მომკუდარნი ვნებათა მიერ და მიიღებენ ძალითა უფლისაჲთა სიწმიდესა
წმიდისა სულისასა, რომლისა მიერ შევლენ სრულსა აღსრულებასა მცნებათა ქრისტესთასა,
ხოლო მეორედ, თჳთ ააღდგომისათჳს
გუამთა მომკუდართაჲსა იტყჳს, რომელნი-იგი აღდგებოდიან თითოსახითა დიდებითა. ხოლო
რომელ იტყჳს, ვითარმედ: “შორავს დიდებითა”, განყოფილებისათჳს მადლთაჲსა იტყჳს,
რამეთუ “რომლისადამე მოცემულ არს სიტყუაჲ გულისჴმის-ყოფისაჲ, ხოლო რომლისადამე --
სიტყუაჲ სიბრძნისაჲ” და შემდგომი ამისი.
რამეთუ
ვითარცა ლამპარნი მრავალნი, რომელნი იყვნიან აღგზებულ ერთითა ზეთითა და აღნთებულ
ერთითა ცეცხლითა,
ხოლო რომლისაჲმე ნათელი ფრიად არნ და რომლისაჲმე უმცირესრე არს და არა სწორ არნ
ბრწყინვალებაჲ მათი, ეგრეთვე მადლნი იგი საღმრთონი, აღორძინებულნი სათნოებათა მიერ,
განყოფილად აქუს მათ ბრწყინვალებაჲ სულისა წმიდისაჲ. და ვითარცა ქალაქსა შინა
მრავალნი არიან მკჳდრნი და ერთითა პურითა და ერთითა წყლითა იზარდებიან და
რომელნიმე მათგანნი იყვნიან ჭაბუკ და რომელნიმე ბერ და რომელნიმე ყრმაჲ და
განყოფილებაჲ ფრიადი არს მათ შორის, და ვითარცა იფქლი დათესული ქუეყანასა ზედა
თითოსახედ გამოიღებს ნაყოფსა, რამეთუ რომელიმე მარცუალი ნაყოფსა უფრო გამოიღებს და
რომელიმე -- უმცრო, ხოლო ყოველივე იგი ერთსა კალოსა მივალს და ერთსა საუნჯესა
შთაისხმის, ეგრეთვე იყოს აღდგომასა მკუდართასა: თითოსახედ დიდებაჲ მიეცემის
აღდგომილთა მათ ღირსებისაებრ სათნოებათაჲსა და მადლისაებრ სულისა წმიდისა,
რომელი-იგი აქაჲთვე დამკჳდრებულ არს მათ შორის და ყოველივე იგი ნათელი ერთ არს,
ვითარცა-იგი ვარსკულავთაჲ და ერთ არს მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი ბრწყინავს
აღდგომილთა ზედა ღირსებისაებრ ცხორებისა მათისა. რამეთუ დაღაცათუ უმცირე არიან
ზოგნი ვარსკულავნი, არამედ მითვე ნათლითა ბრწყინვენ, რომლითაცა დიდნი იგი, ოდენ,
რაჲთა იშვას კაცი სულისა მიერ წმიდისა და განწმდეს მის თანა დამკჳდრებულისა მის
ცოდვისაგან. რამეთუ ერთითა ნაწილითა თჳთ შობასაცა სისრულისა ხატი აქუს ფერითა ოდენ
და ასოჲთა და არა ძალითა, არცა გონებითა, არცა სიმჴნითა, რამეთუ ყოველივე, რომელი
მისწუთეს ჰასაკსა სრულსა, დაუტეობს იგი ჰასაკსა სიჩჩოჲსასა და ყოველთავე საქმეთა
მისთა. და ესე არს, რომელსა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: “გინა ათუ ენანი განქარდენ,
გინა თუ წინაწარმეტყუელებანი”, რამეთუ ვითარცა სრული მამაკაცი არცა ზრახვასა
ყრმებრსა თავს-იდებს და ვერცა საზრდელითა მისითა რაჲთ განერების, არამედ სხუებრ
ზრახავს და სხუასა საზრდელსა იჴმარებს, ეგრეთვე რომელი აღორძინდებოდის მცნებათა
შინა უფლისათა, სიჩჩოსა თჳსსა სისრულედ შესცვალებს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “ოდეს
ვიქმენ მამაკაც, დაუტევენ სიყრმისა იგი საქმენი”. და კეთილად თქუმულ არს, ვითარმედ
შობაჲ ერთითა ნაწილითა სრულ არს საქმეთა მიერ უფლისათა, რომელნი ქმნნა
გულისჴმის-ყოფით. რამეთუ ოდეს უფალი იშვა, ყოველივე დაბადებული შეძრწუნდა:
ანგელოზნი უგალობდეს, ვარსკულავი მოასწავებდა, მწყემსნი განცჳბრდეს. ეგრეთვე
კუალად, რაჟამს-იგი აღესრულებოდა საჲდუმლოჲ იგი ჯუარისაჲ, დაბადებულნი შეშფოთნეს,
მზჱ დაბნელდა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო, საფლავნი
აღეხუნეს
და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს. იხილეა, ვითარ ერთითა ნაწილითა
შობაჲ სულითა წმიდითა სისრულე არს?
კითხვაჲ:
უკუეთუ ვითარ შენ იტყჳ, შობილსა მას არა აქუს ცოდვაჲ, არცა სიბნელჱ ვნებათაჲ?
მიგებაჲ:
ესე სიბნელე, რომელსა იტყჳ, და ვნებანი შოლტ და კუერთხ არს ყრმათა; სხუაჲ არს ესე
სიტყუაჲ და მონაჲცა უფალსა თჳსსა, რაჟამს ჩჩჳლ იტყვის, სცემნ უმჯობესისათჳს
მისისა. არამედ უწყოდე, უკუეთუ უყუარდეს სულსა ღმერთი ჭეშმარიტებით, ყოველივე,
რომელი ჩანს ვითარცა გულისსაკლებელი და ბრძოლანი იგი ვნებათანი, უმჯობესისათჳს
მისისა არიან, რამეთუ იტყჳს მოციქული, ვითარმედ: “მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე
კეთილად განემარჯჳს”. და კულად იტყჳს, ვითარმედ: “ჭირი შობს მოთმინებასა” და
შემდგომი ამისი. ხოლო შემძლებელ არს ბოროტიცა შეწევნად კეთილისა განგებითა
არაკეთილითა. ესე ოდენ თანა-აც, რაჲთა შემშჭუალოს სული სიყუარულსა ღმრთისასა.
კითხვაჲ:
და არა აქუსა ბრძოლაჲ შობილსა მას?
მიგებაჲ:
მეუფჱ წუთ ბრძოლად მივალს. დიდ არს შობილი იგი.
კითხვაჲ:
უკუეთუ, ვითარ შენ იტყჳ, თავისუფალ არს იგი?
მიგებაჲ:
სხუაჲ არს შობაჲ და სხუაჲ არს მბრძოლი. სხუაჲ არს მძლჱ და სხუაჲ არს თავისუფალი.
ჩუენ შობისათჳს ვიტყჳთ, ვითარმედ ერთითა ნაწილითა სრულ არს, რამეთუ ჩჩჳლსაცა
ჰქონან ყოვლნივე ასონი სრულად. ხოლო არა მისცემს უფალი სულსა და მადლსა
დასაცემელად, არამედ ჩუენ თჳთ ვექმნებით მიზეზ დაცემისა თავთა ჩუენთა, რამეთუ არა
ვიმარხავთ მადლსა მას მოცემულსა ჩუენდა და ამისთჳს დავეცემით, რამეთუ შემძლებელ
არს კაცი თჳსისა ბუნებისა გულისსიტყუათაგან დაცემად ანუ უდბებისა,ანუ
დაჴსნილობისაგან, ანუ სიქადულისა, ანუ სიმაღლისაგან. და ისმინე, რასა იტჳს პავლე,
თავისუფალი იგი ვნებათაგან, ვითარმედ: “მომეცა მე საქენჯნელი ჴორცთაჲ ანგელოზი
სატანა, რაჲთა მქენჯნიდეს მე, რაჲთა არა ვმაღლოოდი”. იხილეა ვითარ-იგი რომელნი
იყვნეს ეგევითართა მათ მადლთა, მათცა უნდა განკრძალვაჲ? გარნა უკუეთუ არა მისცეს
კაცმან ეშმაკსა მიზეზი და შეწევნაჲ, ვერ ეუფლების იგი მას და იძულებით ვერ მიიღებს
მას ვერცა ეშმაკი, არცა ღმერთი. არამედ უკუეთუ სათნო-იყოს ღმერთსა და მისცეს
შეწევნაჲ მადლსა მას, სრულ იქმნების იგი. ხოლო უკუეთუ არა მისცეს შეწევნაჲ
მადლსა მას, დაღაცათუ შობილ იყოს, რომელ არა ზიარ-ყოფაჲ სულისა წმიდისაჲ, არამედ
თჳთ ექმნების მიზეზ დაცემისა თჳსისა. ხოლო უკუეთუმცა იძულებით მიიღებდეს კაცსა
ეშმაკიცა და ღმერთიცა, არამცა იყო საბრალის კაცი, რომელი მივიდოდის გეჰენიასა და
არცამცა საქებელ, რომელი მივიდოდის სასუფეველსა.
კითხვაჲ:
რაჲ ყოს კაცმან, რაჟამს სცთებოდის ეშმაკისაგან სიმანქნითა მისითა, რაჟამს ანუ
ნათელი გამოუცხადიან მსგავსი მადლისაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი?
მიგებაჲ:
ამსითჳს უჴმს კაცსა ფიადი განკითხვაჲ, რაჲთა განჰყოფდეს ბოროტსა კეთილისაგან და
მრავალფერთა მათ სიჴელოვნეთა ეშმაკისათა იცნობდეს, რომელნი-იგი უცნებითა მათითა მრავალთა
აცთუნებენ. რამეთუ ვითარცა კაცი, რომელსა ჰნებავნ გამოცდაჲ სიწმიდისა მეუღლისა
თჳსისაჲ და მივიდის მისა ღამით, ვითარცა უცხოჲ ქმნად ცოდვისა, ხოლო იგი ჴმობნ და
იტყებნ თავსა თჳსსა, მაშინ უხარინ მას, რაჟამს იხილის სიწმიდჱ იგი მისი,
ეგრეთვეშენცა შეიწყნარებდი ზეცისათა მათ, უკუეთუ არა შეიწყნარებ, მათ უხარიან და
უფროჲსღა მიგცემენ შენ მადლსა ღმრთისასა და განსუენებასა მას სულიერსა, რაჟამს
იხილონ უფლისა მიმართ სიყუარული შენი. ამისთჳს ნუ ხარ სუბუქ და ადრე განმცემელ
თავისა შენისა, არამედ იყავ შენ მძიმე და გამოცდითა ფრიადითა კეთილსა მას
შეიწყნარებდი და ბოროტსა განეშორებოდე და განაგდეიგი შენგან. რამეთუ ესრეთ არს
საქმჱ ესე, ვითარმცა გესუა ვინმე მოყუარჱ, ხოლო იყოს მოყუარისა მის მტერი და
მოვიდა იგი შენდა, და უკუეთუ შეიწყნარო მტერი იგი, ვითარცა მოყუარჱ, აგინებ
მოუარესა მას შენსა. ამისთჳსცა თანა-გაც, რაჲთა გულის-ჴმა-ჰყოფდე და განიკითხვიდე
და ესრეთ ირწმუნებდე, რამეთუ საღმრთოჲსა მადლისა საქმენი ცხად არიან და მათ
საქმეთა ეშმაკი ვერ იქმს, დაღაცათუ შეიმოსის სახჱ იგი. რამეთუ წერილ არს,
ვითარმედ: იცის ეშმაკმანცა შეცვალებად სხუად სახედ -- ანგელოზად ნათლისა, ამისათჳს
რაჲთამცა აცთუნა კაცი.
არამედ
დაღაცათუ ხილვით შეიცვალების და აუცნებს სულსა, გარნა მადლსა საღმრთოსა ვერვის
მისცემს და ამისთჳს საცნაურ არს იგი, რამეთუ ვერცა ვის მადლსა, ვერცა სიყუარულსა
ღმრთისასა მისცემს, ვერცა ძმათასა, არამედ ზუაობასა და ამპარტავანებასა; ვერცა
სიმშჳდესა, ვერცა მშჳდობასა, ვერცა დაწყნარებულებასა გულისსიტყუათასა, ვერცა
სიძულილსა სოფლისასა, ვერცა განსუენებასა სულიერსა, ვერცა სურვილსა ზეცისა
კეთილთასა, არცა დააცხრობს გემოსა ვნებათასა, რომელი-იგი საქმჱ არს მადლისა
საღმრთოჲსაჲ, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: “ნაყოფნი სულისანი არიან სიყუარული,
სიხარული, მშჳდობაჲ... “ და შემდგომი ამისი.
ხოლო
რაჟამს გეჩუენოს რაჲმე საქმეთა მისთაგან და ნათლისა მიერ, რომელი გამობრწყინდეს
გულსა შენსა, მისგან გულისჴმაყავ იგი, თუ ღმრთისაჲ არს და თუ ეშმაკისაჲ. და კუალად
უკუეთუ სულსა აქუნდეს განკითხვაჲ, მეყსეულად საცნაურითა მით გულისჴმის-ყოფითა
გაიგონებს მას, ვითარცა ხავარტი და ველისყრდელი მსგავს არიან ურთიერთას, და ძმარი
და ღჳნოჲ, არამედ ფერითა ოდენ და გემოჲთა სცნობს სასაჲ თითოეულისა განყოფასა,
ეგრეთვე სული გემოჲთა მით შინაგანითა გულისჴმა-ჰყოფს მადლსა მას საღმრთოსა და
უცნებათაცა ეშმაკისათა.
კითხვაჲ:
რაჲ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: “ყოველივე ცოდვაჲ გარეგან ჴორცთა არს,
ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს?”.
მიგებაჲ:
ორითა სახითა გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე: ერთად, რამეთუ დედაკაცი ჴორც
მამაკაცისა ითქუმის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “იყვნენ ორნივე ერთ ჴორც” და
რაჟამს ისიძვოს ვინმე, თჳსთა ჴორცთა მიმართ ცოდავს. ხოლო კუალად ესრეთცა
უღრმესადრე გულისჴმა-იყოფების სულიერისა კერძსა, ვითარმედ ქრისტე გუამ ჩუენდა არს,
ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: “თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა
მისთაგანნი”, რამეთუ ვითარცა ჴორციელად ევა ადამისგან იშვა და უკუეთუმცა არა
შეყოფილ იყო მისდა ადამ, არა გამოვიდოდა მისგან ნაყოფი შვილებისაჲ, ეგრეთვე უკუეთუ
არა შეეყოს სული მადლითა ქრისტესითა ზიარებასა წმიდისა სულისასა, ნაყოფთა სულიერთა
და ზეცისათა სრულთა სათნოებათაჲსა ვერ გამოიღებს. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: “იყვნენ
ორნივე ერთ ჴორც”, ხოლო მოციქული წერილსა ამას სულიერსა კერძსა ზედა იტყჳს. რამეთუ
ესრეთ თქუა, ვითარმედ: “საიდუმლოჲ ესე დიდ არს. ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და
ეკლესიისა”, რომელ-იგი არიან სულნი მართალნი, ამისთჳს უფალი გუამ ჩუენდა არს; ხოლო
უკუეთუ სული ეზიარებოდის მტერისა საქმეთა ფარულითა ვნებითა, ვითარმცა ეზიარებოდა
უცხოსა ქმარსა და “თჳსისა გუამისა მიმართ ცოდავს”, რომელ არს უფალი.
კითხვაჲ:
რაჲსათჳს რამეთუ გუელი იგი, რომელი ჯუარს-აცუა მოსე უდაბნოსა ზედა, ხატად და სახედ
უფლისა არს? რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს: “ვითარცა აღამაღლა მოსე გუელი უდაბნოსა
ზედა,
ეგრეთვე ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ”. და სხუაჲ-მე ვერაჲ შემძლებელ იყოა სახედ
უფლისა ყოფად გუელისაგან კიდე გესლიანისა მის ქუეწარმავალისა?
მიგებაჲ:
საიდუმლოდ დიდად არს გუელი იგი, რომელნი ოდენ შემძლებელ იყვნენ საიდუმლოთა
ღმრთისათა გულისჴმის-ყოფად, ხოლო ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა განვიგონოთ, თქუმად არა
უდებ ვიქმნეთ. აქუს გუელსა წამალი, რომლისა მიერ მოკუდებიან, რომელთაცა უცეს. და
აქუს კუალად წამალი ცხორებისაჲ, რომლისაგან, უკუეთუ მიიღონ ცემულთა გუელისაგან,
განიკურნებიან, რამეთუ განქარდების მათ შორის სიკუდილისა იგი გესლი წამლითა მით
ცხორებისაჲთა. ხოლო იტყჳან გამოცდილნი, ვითარმედ ესრეთ გამოიცადებიან ორნივე იგი
წამალნი, რაჟამს წამალი იგი ცხოველსმყოფელი მიეახლოს წამალსა მას სასიკუდინესა,
მეყსეულად განიბნევის სასიკუდინჱ იგი გესლი და წარწყმდების თავით თჳსით ღჳნისა
მისგან შერეულისა და სრულიად უჩინო იქმნების, ვითარმცა იგუემებოდა და ივლტოდა
წამლისა მისგან ცხოველმყოფელისა. ეგრეთვე კაცი შევარდა რაჲ სიკუდილისა ქუეშე
პირველისა მის გარდასლვისათჳს მცნებისაგან და იქმნა სიკუდილი მის შორის მწარჱ,
რამეთუ ურჩებისათჳს ერთისა მის მოკუდა მის თანა ყოველივე ნათესავი კაცთაჲ, რამეთუ
იტყჳს პავლე: “ვითარცა ერთისა მის მიერ შემოვიდა ცოდვაჲ სოფლად და ცოდვისა მის
მიერ სიკუდილი და ესრეთ ყოველთამდე მიიწია სიკუდილი, რომელსა ზედა ყოველთავე ცოდეს”,
რამეთუ დამწარდა ბუნებაჲ კაცთაჲ და ემსგავსა ცოდვათა და ვნებათა მიერ გესლსა მას
ბოროტისა გუელისასა, რომელ არს ეშმაკი. და იქმნა კაცი ვითარცა მჴეცი და ვიდოდა იგი
გულისსიტყუათა შინა ქუეყანისათა და ვნებათა შინა ცოდვისათა. და რაჲთა
გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ უკეთურებითა კაცი გუელსა მიემსგავსა, ისმინე, რასა ეტყჳს
იოვანე ნათლისმცემელი მათ, რომელნი მოვიდოდეს ნათლისღებად მისმიერ, ვითარმედ: “გუელნო
და ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა,
ყავთ უკუე ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ”. ხოლო რაჟამს მოკუდა კაცი და მიემსგავსა
სიკუდილსა, იპოვა მისგანწამალი ცხორებისაჲ -- უფალი, რომლისა მიერ მოკუდა სიკუდილი
და განქარდა გესლი იგი სასიკუდინჱ ვნებათაჲ, და განცხოველდეს კაცნი. და ესრეთ იყო
გუელი იგი სახედ გუამისა უფლისა და სამხილებელად ჰურიათა მათ, რომელთა არა ინებეს
რწმუნებაჲ ჯუარცუმულისაჲ მის, რამეთუ ენება ნეტარსა მოსეს, რაჲთამცა მდაბალი იგი
გონებაჲ ერისაჲ სიმაღლედ აღამაღლა და ასწავამცა მათ მარადის ზე ხედვაჲ, და ამისთჳს
ბრძანებითა ღმრთისაჲთა სპილენძისა იგი გუელი ზე აღამაღლა ძელსა ზედა და გუელისა
მიერ ცემულნი იგი მიხედვიდიან სპილენძისა გუელსა მას და ირწმუნიან და ცხონდიან
იგინი ბრძანებისაებრ მეუფისა. რამეთუ წუთ ღმრთისა მიმართ რწმუნებად ვერ შემძლებელ
იყვნეს, არამედ გუელსა მას ზე დამოკიდებულსა ხედვიდეს და ესრეთ ძალითა ღმრთისაჲთა
განიკურნებოდეს. და ესრეთ სახედ უფლისა იყო იგი, რამეთუ ვითარცა მაშინ ცემულნი იგი
გუელისაგან, რომელთა ირწმუნიან მკუდრისა მის გუელისაჲ, ცხონდებოდეს, რამეთუ
განქარდებოდა მათ შორის გესლი იგი გუელისაჲ ძალითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი
დამკჳდრებულ იყო გუელსა მას შორის სპილენძისასა, ეგრეთვე ცემულნი იგი სულიერთა მათ
გუელთა მიერ უკეთურებისათა და შეპყრობილნი მომაკუდინებელითა მით გესლითა ვნებათაჲთა,
რაჲთა მიხედვიდენ და ირწმუნებდენ მომკუდარსა მას გუამსა ჯუარცუმულსა და
ცხონდებოდინ, რომელი-იგი არს “ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე”, ხოლო
მორწმუნეთა მათ ჯუარცუმულისა გუამისათა -- ქრისტე ღმრთისა ძალი და ღმრთისა
სიბრძნჱ. და ვითარცა მაშინ ცხოველნი კაცნი და გურემულნი გუელისაგან მკუდარსა
გუელსა ირწმუნებდეს და ცხონდებოდეს, ეგრეთვე ცხოველნი კაცნი და გურემულნი გუელისა
მისგან ბოროტისა, რომელარს ეშმაკი და რომელთა-იგი გესლი უკეთურებისაჲ აქუს მათ
შორის, რაჲთა ირწმუნებდენ გუამსა მას მომკუდარსა განღმრთობილსა და ესრეთ
ცხონდებოდინ, და განქარდეს მათგან გესლი იგი მომაკუდინებელი. რამეთუ მომკუდარისა
მის ადამისგან იპოვა წამალი ცხორებისაჲ კაცისათჳს, რომელ არს გუამი უფლისაჲ,
რომლისა მიერ ყოველივე გესლი ცოდვისაჲ მორწმუნეთაგან განქარდების.
და
კუალად ჰურიათაცა ამხილებს სიტყუაჲ ესე: რამეთუ უკუეთუ იგინი მკუდარსა გუელსა
ირწმუნებდეს და ცხონდებოდეს, რად არა ირწმუნებენ ესენი გუამსა ჯუარცუმულსა,
მომკუდარსა და აღდგომილსა და ზეცად აღსრულსა, რაჲთა ცხონდენ? და ამისთჳს, ვითარცა
ვთქუთ, სახჱ იყო გუელი იგი, რომელი ჯუარს აცუა მოსე, ცხორებისა და სიკუდილისაჲ,
ესე იგი არს, ვითარმედ -- ცოდვისა და უფლისაჲ.
ხოლო
აქუს სხუაჲცა საიდუმლოსა მას გუელისასა, რამეთუ ვითარცა დასაბამითგან ეშმაკმან
შურითა და უკეთურებითა თჳსითა ხისა და გუელისა მიერ აცთუნა ევა და ადამ და გამოიყვანნა
იგინი სამოთხით და პირველისა მის სიწმიდისა და დიდებისაგან მოიყვანნა იგინი
ვნებათა მწარეთა და სიკუდილსა და მიერითგან ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი დაიმორჩილა
და შთააგდო იგი ცოდვათა და ვნებათა შინა ბოროტთა, და ვითარცა ცოდვაჲ სოფლად
მოვიდა, რომლისა მიერ ყოველნი შეიგინნეს კერპთმსახურებითა ბოროტითა, ეგრეთვე
ღმერთმან კუალად გამოუთქუმელითა სიბრძნითა თჳსითა, რაჟამს-იგი მონაჲ თჳსი მოსე
ჴსნად ერისა მიავლინა, ძელისა მიერ, ესე იგი არს კუერთხისა მის მიერ მოსესისა,
რომელი-იგი გუელად გარდაიქცეოდა და შთანსთქმიდა კუერთხთა მათ გრძნეულთასა,
რომელნი-იგი გუელად გარდაიქცეოდეს, და მის კუერხისა მიერ იჴსნა უფალმან ერი თჳსი
და მის მიერ ქმნნა სასწაულნი დიდნი ეგჳპტეს შინა და ამის მიერ განაპო ზღუაჲ. და
კუალად უდაბნოსა ზედა ძელისა მიერ და გუელისა მის სპილენძისა მოსცა ჴსნაჲ ერსა
თჳსსა, რაჲთა, რომელთა მიერ პირველად ეშმაკმან სიკუდილი და წარმოტყუენვაჲ მოაწია,
მათ მიერვე ქმნას უფალმან ჴსნაჲ და ცხორებაჲ, რამეთუ ეშმაკმან სიკუდილი და ცოდვაჲ
ძელისა მიერ და გუელისა და დედაკაცისა და მამაკაცისა ქმნა.
ხოლო
მოსეს მიერ ნახევარი იგი ღმრთისმსახურებისაჲ წარემართა და ნახევარი იგი ვნებისაჲ
განკურნა ძელისა მიერ და გუელისა, ვითარცა პირველად ვთქუთ, არამედ რჯული
იგი სრულიად ვერ განჰკურნებდა ვნებასა მას.
ხოლო
რაჟამს მოვიდა უფალი, ყოველივე საიდუმლოჲ აღესრულა და სრული წარმართებაჲ სულსა
კაცთასა მოეცა წმიდისა ქალწულისა მარიამის მიერ, რომელი-იგი ევაჲს წილ
გულისჴმა-იყოფების, რომელმან უშვა სოფელსა ცხორებაჲ, მეორჱ იგი ადამ, რომელმანცა
ჩუენთჳს თავი თჳსი სიკუდილად მისცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “მიეცა იგი
ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა სიმართლისა ჩუენთათჳს”. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: “ერთი
იგი ყოველთათჳს მოკუდა”, რაჲთა, რომელთა-იგი ირწმუნონ, ცხონდენ და განერნენ
საშჯელისა მისგან სიკუდილისა, რომელი ადამისითგან მოიწია ჩუენ ზედა და გურემულნი
იგი სულიერთა გუელთაგან უკეთურებისათა მიხედვიდენ მას სარწმუნოებით და ცხონდენ
ცხორებად საუკუნოდ. და ყოველივე დაბადებული განთავისუფლდა სიბრძნითა უფლისაჲთა და
განიხარა, რამეთუ, ვითარცა წერილ არს, “განწმდების სიტყჳთა ღმრთისაჲთა ყოველივე და
ლოცვითა”. რამეთუ რომელნი-იგი იქმნებოდეს პირველად შესაწირავ ეშმაკთა ტაძართა მათ
შინა კერპთასა, ხოლო ვიტყჳ ქვასა და შეშასა და ნაყოფთა ქუეყანისათა, რომელნი-იგი
მსხუერპლად კერპთა შეიწირვოდეს, ხოლო აწ სახელითა უფლისაჲთა იქმნებიან ეკლესიად და
საკურთხეველად და შესაწირავად უფლისა, და რომელთა მიერ პირველად ეშმაკმან შეაგინა
სოფელი და სიკუდილი შემოიღო, მათ მიერვე მოსცა უფალმან სოფელსა სიწმიდჱ და
ცხორებაჲ და დაარღჳნა ღონენი მისნი.
ხოლო
არიან ქვანიცა პატიოსანნი საიდუმლოდ დასხმულნი, ვითარცა ქვაჲ იგი, რომელსა ჰრქჳან
ადამაჲ. ესე აჩრდილითა თჳსითარკინასა მოიტაცებს და კუალად მის მიერ სხუასა. და არს
იგი სახედ წმიდათა მათ და პატიოსანთა ქვათა, რომელთა ეგულების გორვაჲ ქუეყანასა
ზედა, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: “ქვანი წმიდანი გორვენ ქუეყანასა
ზედა”. ხოლო იტყჳს გინა თუ პირმშოჲსა მის და ლოდისა საკიდურისა და პატიოსნისა,
რომელ არს უფალი, გინა თუ მოციქულთათჳს, რამეთუ აჩრდილმანცაპეტრესმან მკუდარი აღადგინა.
და კუალად რაჟამს აჩრდილი გუამისა უფლისაჲ, რომელი ჩუენთჳს მოკუდა, მიეფინა
მკუდართა ზედა, მრავალნი აღდგეს. და შთა-რაჲ-ჴდა ჯოჯოხეთად, მრავალნი აღმოიყვანნა
და “მრავალნი გუამნი, პირველ დაძინებულთა წმიდათანი, აღდგეს”. და აწცა ფარულად
თითოეულსა სულსა ზედა რაჟამს მოვიდეს ძალი გუამისაჲ მის, აღადგინებს მას
სიკუდილისაგანვნებათაჲსა. და კუალად აღდგომასა მკუდართასა, რაჟამს მოვიდეს გუამი
იგი დიდებით ძალითა მისითა, ყოველნივე გუამნი კაცთანი აღდგეს, “რაჲთა მიიღოს
თითოეულმან საქმეთა მისთაებრ, რომელნი ექმნნენ გუამითა ამით გინა თუ კეთილი, გინა
თუ ბოროტი”. ხოლო ამას ლოდსა კლდჱ ეწოდა, რომელმან უჩუენა მრავალი სასწაული ერსა
ისრაიტელთასა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: “სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა,
რომელსაცა შეუდგეს. ხოლო კლდჱ იგი იყო ქრისტჱ” და კლდჱ იგი შეუდგა მათ, რომლისაგან
წყალიცა აღმოეცენა. ამან კლდემან განაპო ზღუაჲ, იგივე ექმნა მათ სუეტ ღრუბლისა
დღისი და სუეტ ცეცხლისა ღამით, მან მოსცა მათ ზეცით მანანაჲ, იგი უძღოდა მათ და
ყოველივე ქველის-მოქმედებაჲ მოსცა მათ. ხოლო კლდჱ იგი იყო ქრისტჱ. ამით სახითა
კლდჱ იგი ქველისმოქმედებასა უყოფდა მათ. ხოლო სხჳთა სახითა, ვითარცა პირველად
ვთქუთ, კლდჱ იგი ძალისა ღმრთისაჲ, რომელი დამკჳდრებულ იყო კუერთხსაცა შინა და
კლდესაცა, რამეთუ რაჟამს ეჩუენა მოსეს უდაბნოსა ზედა და ჰრქუა მას: “წარვედ
ფარაოჲსა და არქუ მას, ვითარმედ გამოავლინე ერი ეგე, რაჲთა მსახურონ მე”, ხოლო მან
მიუგო და ჰრქუა: “უფალო, მე ჴმაწულილ ვარ და ენამძიმე და ვერ მივალ მისა, რამეთუ
არავინ ისმენს ჩემსა”. ჰრქუა მას ღმერთმან: “წარვედ და მე განგიმზადო წინაშე
შენსა, რაჲთა ისმინოს შენი”. და კუალად უნდა ღმერთსა, რაჲთამცა გულსმოდგინე-ყო იგი
და ჰრქუა მას: “რაჲ არს ჴელთა შენთა?” მიუგო და ჰრქუა: “კუერთხი”. ჰრქუა მას
ღმერთმან: “მიაგდე” და მიაგდო იგი და იქმნა იგი გუელ. და შეეშინა მოსეს და
ივლტოდა. ჰრქუა მას ღმერმთან: “ნუ გეშინინ, არამედ უპყარ ბოლოჲ მისი”. და უპყრა
რაჲ, იქმნა იგი კუალად კუერთხ. იხილეთ სასწაული: კუერთხი იგი გუელად გარდააქცია და
გუელი კუერთხადშეცვალა. დიდებაჲ ძლიერებასა მისსა! რომელმან ესე სასწაულნი ქმნნა,
მანმცა ვერ მოაქცია სული მორწმუნჱ პიველთა მათ ბოროტთა ვნებათაგან და მოიყვანამცა
იგი სხუასა ცხორებასა და ბუნებასა კეთილსა? და მერმე, ვითარცა ვთქუთ, კუერთხი იგი
მოსცემდა ისრაიტელთა ყოველსავე კეთილსა: სცა წყალთა კუერთხითა მით და გარდაიქცეს
სისხლად, აღიპყრა ზეცად და მოიყვანა მუმლი და ძაღლისმწერი, “აღიღო ნაცარი და
განაბნია ჰაერთა და იქმნა ბუზი”; კუალად მიყო ჴელი მდინარეთა ზედა და მოეგო წყალი
თჳსსავე ბუნებასა. ხოლო უკუეთუ კუერთხი გარდააქცევს წყალსა ბუნებისა მისისაგან და
უფალმან ვერ გარდააქციოსა სული მორწმუნჱ,
მოსავი
მისი ბუნებად კეთილად პირველისა მის ბუნებისაგან ბოროტისა ვნებათაჲსა? და უკუეთუ
კუერთხი მოსესი იხილა ეგჳპტისა ქუეყანამან და შეძრწუნდა, უკუეთუ რაჟამს სული
ღმრთისაჲ მოეფინოს სულსა ზედა მორწმუნესა, ვითარ არა შეძრწუნდეს ქუეყანაჲ
სულიერისა მის ეგჳპტისაჲ, რომელი სავსე არს ვნებითა და ცოდვითა?
რამეთუ
კუერთხი იგი და კლდჱ დიდსა სიხარულსა მოსცემდეს ისრაიტელთა და ვითარცა სასძლოსა
შინა ესრეთ ჰფარვიდა მათ და სუეტი ცეცხლისაჲ წინა უვიდოდა მათ და განანათლებდა და
სუეტი ღრუბლისაჲ ზეცით უგრილობდა მათ. მანანაჲ უწჳმა მათ. “მთანი იხარებდეს
ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ჰკრთებოდეს”. ზღუაჲ განიპო და ივლტოდა.
იორდანე უკუნ-იქცა. ამან კლდემან მდინარენი გამოადინნა სახედ უფლისა, რომლისაგან
გამოვიდეს მდინარენი სულიერნი. და აწცა რომელმან სარწმუნოებით მოიგოს სულიერი იგი
კლდჱ და კუერთხი ძლიერებისა მისისაჲ სულსა შინა თჳსსა, ყოველივე განსუენებაჲ
უხრწნელი და ქველისმოქმედებაჲ გამოუთქუმელი გულსავსებით პოოს თავისა თჳსისა შორის.
ამისთჳს
გევედრები, ძმანო, ვისწრაფოთ და მივსცნეთ ყოველთა ყოვლითურთ თავნი ჩუენნი უფალსა
და ავმაღლდეთ ყოვლისაგანვე გულისთქუმისა და განვაჩინნეთ თავნი თჳსნი სულით და
ჴორცით მსახურებასა და სათნო-ყოფასა მისსა, რაჲთა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ აქაჲთვე
მოვიღოთ და მის მიერ ყოვლისაგანვე ბოროტისა განვერნეთ და ვიქმნეთ სრულიად წმიდა და
უბიწო მადლითა მისითა და ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდროთ ქრისტეს იესუს მიერ უფლისა
ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
No comments:
Post a Comment