პაპოფილური მითოლოგია და ქრისტოლოგიური დოგმატი


მღვდელი გელასი აროშვილი

დავიწყებ იმით, რომ არავითარი პიროვნული ანტიპათია არ გამაჩნია კათოლიკეთა მიმართ, არც ლათინოფობია მახასიათებს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ზნეობრივად, ინტელექტუალურად, თუ პროფესიულად - ანუ საკუთარი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებითა და მეცნიერული მიდგომით უამრავ მათგანს, მით უმეტეს სასულიერო პირს, ბევრად ჩამოვრჩები. მეტიც, ახლოსაც კი ვერ მივალ მათთან განსაკუთრებით კი მათ სოციალურ საქმიანობაში. როგორც ქრისტიანს - მიყვარს, უფრო სწორედ, ვალდებული ვარ მიყვარდეს მათი უკვდავი სულები, როგორც ნებისმიერი ადამიანის, განურჩევლად მისი რასისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიური კუთვნილებისა, რადგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე მათთვის განკაცდა, მათთვის ქადაგებდა და იდევნებოდა, მათთვის ეცვა ჯვარს, მათთვის მოკვდა, დაეფლა, აღსდგა და ამაღლდა. მან სწორედ ის ერთი, განუყოფელი კაცობრივი ბუნება შეიმოსა, რომელსაც ადამიდან დაწყებული ყველა ადამიანი შეადგენს. ჩვენ ყველანი თანაარსნი ვართ ერთმანეთისა და ქრისტეს კაცობრივი ბუნებისა. ეს დაცემული, დასნეულებული, დანაწევრებული და ერთმანეთს დაპირისპირებული ბუნება უფალმა განკურნა, გაამთლიანა და განაღმრთო. ამ განღმრთობაში მონაწლეობა კი, ანუ „თანანერგყოფნა ქრისტესთან", პავლე მოციქულის სიტყვით, თითოეული ჩვენგანის არჩევანია. ადამიანებს შორის ერთგვარი ონტოლიგიური ერთიანობა არსებობს, რაც ქრისტეს ეკლესიაში იდეალურ სახეს ღებულობს: ჩვენ ერთმანეთის ორგანული ნაწილები ვართ და შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია გვიყვარდეს, თანავუგრძნობდეთ, ვგულშემატვკივრობდეთ ერთმანეთს. თუკი მე თუნდაც ერთი ადამიანის ნეტარება და განღმრთობა (მადლით) არ მინდა, მაშინ ჩემი განღმრთობაც სრულიად შეუძლებელი ხდება. სწორედ ეს არის ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი იდეა, რაც მას ყველა სხვა რელიგიისაგან განასხვავებს.