იესოს ლოცვის შესახებ

წმ. სვიმეონ თესალონიკელი


დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა;  მას მოუხდნენ მართალნი და ამაღლდნენ (იგავთა 18, 10).
მრავალი ლოცვაა, მაგრამ ყველას,თავად მაცხოვრისაგან ბოძებული ლოცვა აღემატება. იგი მოკლედ და ამომწურავად გადმოსცემს სახარების ძალასა და საიდუმლოს. ეს ლოცვა – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს,რომელიც არის ძე ღმრთისა, სახელის მაცხოვნებელი მოწოდებაა.
                                                    
ამ ლოცვით მრავალი წმიდანი იღწვოდა: ოქროპირი, რომელმაც თავის სამ სიტყვაში, ამ ღვთაებრივი ლოცვის შესახებ გადმოგვცა სწავლება, კიბისაღმწერელი, ნიკიფორე მოღვაწე, წმიდა დიოდოქოსი ფოტიკის ეპისკოპოსი, წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვა მრავალი, რომელთაც ამ ლოცვის შესახებ დაგვიტოვეს მოძღვრება, რომ მასში ჭეშმარიტად ბინადრობს საღმრთო სული, რადგანაც იგი სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, თავად სული წმიდის მიერ წარმოითქმება: ''არავის ხელ–ეწიფების თქუმად ‘ფალი იესუ’, გარნა სულითა წმიდითა'' (1 კორ.12,3). ვინც ამ ლოცვას წარმოსთქვამს იგი ღვთისგანაა,რამეთუ ნათქვამია: ''ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე, ხორციელად მოსული, იგი ღმრთისაგან არს'' (1 ინ. 4,2)
                                                
ეს ღვთაებრივი ლოცვა – მოწოდება ჩვენი მაცხოვრის სახელისა: უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, არის:

    1. ლოცვაც და აღთქმაც;
    2. სარწმუნოების აღმსარებლობაც;
    3. ორღანოც სული წმიდის მადლთან ურთიერთობისა;
    4. საღმრთო ნიჭების მოპოვების საშუალებაც;
    5. გულის განწმენდაც;
    6. დემონთა ძლევაც;
    7. ქრისტეს დამკივიდრებაც ჩვენში;
    8. სულიერ აზრთა და საღმრთო გულისხმისყოფათა სათავეც;
    9. ცოდვათაგან განთავისუფლებაც;
   10. სულისა და სხეულის კურნებაც;
   11. ღვთაებრივი გაცისკროვნების მეოხიც;
   12. უფლის წყალობათა მოზიდვაც;
   13. თავმდაბალთათვის საღმრთო საიდუმლოთა განმცხადებელიც;
   14. ცხონების წყაროც.

რადგანაც ეს ლოცვა თავის თავში, უფლისა და ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტეს, მაცხოვნებელ სახელს ატარებს.  ჩვენ კი, მხოლოდ ერთადერთი სახელის მოხმობა გვმართებს. ეს სახელი კი იესო ქრისტეა და არ არის სხვა სახელი გარდა ამისა, რომლითაც ჯერ არს ცხონება ჩვენი, როგორც ამას მოციქული ბრძანებს (საქმე 4,12).

ამგვარად, ის არა მხოლოდ ლოცვაა, რადგან მასში ვითხოვთ საღმრთო მოწყალებას :                          

1. არამედ აღთქმაც, რამეთუ ქრისტეს მოხმობით, თავად ქრისტეს ვპირდებით შეთვისებას;
2. აღმსარებლობაც,რადგან პეტრემ აღიარა რა იგი – ''ძედ ღმრთისა ცხოველისა'', ნეტარად იქნა წოდებული;
3. სული წმიდის ბეჭედიც, რადგან არავის ხელეწიფების თქმად – ''უფალო იესო'' გარეშე საღმრთო სულის მოქმედებისა (მადლისა) (1.კორ. 12, 3);
4. წყაროც ღვთაებრივი ნიჭებისა, რადგან ამ აღმსარებლობის გამო უთხრა ქრისტემ პეტრეს: ''და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისნი'' (მთ. 16, 17–19);
5. განწმენდაც გულისა, რადგან მლოცველი ჭვრეტს ქრისტეს და მისი წმიდა სახელის წარმოთქმით განიწმიდება;
6. დემონთა განდევნაც, რადგან ქრისტეს სახელით უკუიქცეოდნენ და დღესაც ილტვიან ეშმაკნი;
7. ქრისტეს დამკვიდრებაც ჩვენში, რადგან ქრისტე, მისი სახელის ხსოვნით შემოდის ''სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩვენისასა'' და აღავსებს მას სიხარულითა დიდითა: ''მოვიხსენე სახელი ღმრთისაი და ვიხარე'' (ფს. 76,4);
8. სულიერ აზრთა და გულისხმისყოფათა სათავეც, რადგან ქრისტეა საუნჯე ჭეშმარიტი სიბრძნისა და მეცნიერებისა და ვისშიც მუნმყოფობს, თავისი სახელით, მათ მიჰმადლებს ამ სიბრძნეს;
9. ცოდვათაგან განმანთავისუფლებელიც, რამეთუ ამისათვისაა თქმული: ''რომელი განჰხსნა ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს ცათა შინა (მთ. 16, 19);
10. სულისა და ხორცის კურნებაც, რამეთუ ნათქვამია: ''სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა აღდეგ და ვიდოდე'' (საქმე 3,6), და კიდევ: ''ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესო ქრისტე'' (საქმ. 9, 34);
11. ღვთაებრივი ნათლის ხილვის მეგზურიც, რამეთუ ქრისტეა ნათელი ჭეშმარიტი და თავის ნათელს მიჰფენს მისი სახელის ყველა მხმობელს: ''და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთის ჩვენისაი ჩვენ ზედა'' (ფს. 89, 17), და კვალად: ''რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი'' (ინ. 8, 12);
12. უფლის წყალობის მომზიდველიც, რადგან შეწყალებას ვითხოვთ მისგან. ის კი მოწყალეა და მსწრაფლ შეეწევა  მისდამი ყველა მღაღადებელს;
13. თავმდაბალთათვის საღმრთო საიდუმლოთა და განცხადებათა  მაუწყებელი, რადგანაც უბრალო მეთევზეს, პეტრეს თავად ზეციერი მამისაგან განეცხადა ეს ლოცვა – აღმსარებლობა და პავლეც, ქრისტეს მიმართ მლოცველი იქნა აღტაცებული ზეცად და იქ ეუწყა გამოუთქმელი საიდუმლონი;
14. წყაროც ცხონებისა, რადგან როგორც მოციქული ამბობს: არა არს სხვა სახელი გარდა უფლისა, რომლითაც ჯერ არს ცხონება,''რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისა, ქრისტე'' (ინ. 4, 43) და დღესა მას განკითხვისასა ყოველი ერი ნებსით თუ უნებლიედ აღიარებს და იგალობებს, რომ ''იესუ ქრისტე უფალი არს, სადიდებელ ღმრთისა მამისა'' (ფილ. 2, 11), ამისთვისცა მიენიჭა მას ''სახელი უზეშთაესი უფროის ყოველთა სახელთასა, რაითა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქვეყანისათანი და ქვესკნელისანი'' (ფილ. 2, 9–10);
15. ჩვენი სარწმუნოების ბაირაღიც, რადგანაც ქრისტეანებად ვიწოდებით და ესე არს დამოწმება იმისა,რომ ღვთისაგან ვართ სიტყვისამებრ მოციქულისა, რომელი იტყვის: ყოველი სული ,რომელიც აღიარებს უფალ იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არს, ხოლო რომელი არ აღიარებს ის ანტიქრისტესია (1 ინ. 4, 2–3).

ამიტომაც მართებს ყოველ მორწმუნეს მოუკლებლივ აღიარებდეს ამ სახელს სარწმუნოების საქადაგებლად, სიყვარულისათვის უფლისა ჩვენისა, რომლისაგანაც არავის, არაფერს და არასდროს არ ძალუძს ჩვენი დაშორება, მადლისათვის, რომელიც მისი სახელიდან გადმოდინდება ცოდვათა დატევებისა და მოტევებისათვის, სულისა და ხორცის მკურნალობისთვის, განათლებისთვის, გასხივოსნებისთვის და რაც მთავარია განღმრთობისათვის.

ამ ღვთაებრივი სახელით ასწავლიდნენ და სასწაულებს აღასრულებდნენ მოციქულნი. ამიტომაც ბრძანებს ღვთაებრივი მახარებელი: ''ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისა და რაითა გრწმენეს და ცხოვრება გაქუნდეს სახელითა მისითა'' (ინ. 20,31)

ყოველი კეთილმორწმუნე ქრისტიანი დაე წარმოსთქვამდეს თავისი გონებითა და ენით,მოსიარულე და ფეხზემდგომი, მწოლიარე თუ მჯდომარე, შრომაში თუ საუბარში, ამ მოწოდებასა და ლოცვას. დაე მუდმივად აიძულებდეს თავს მისი წარმოთქმისათვის. ასეთი ადამიანი, უდიდეს სიმშვიდეს, სიჩუმესა და სიხარულს მოიპოვებს, როგორც ეს საკუთარი გამოცდილებით იციან ამ ლოცვის გონიერმა მლოცველებმა.  

მაგრამ ყოველთვის როდია მოსახერხებელი მისი თქმა ერისკაცთათვის და თვით მონაზონთათვის, ამიტომაც ყველამ უნდა მიუძღვნას ამ ლოცვას გარკვეული დრო და ყოველთვის სამაგალითო ყურადღებით უნდა აღასრულებდნენ მას როგორც სამღვდელონი, ისე მონაზონნი და საერონი.

მონაზონნი, რომელნიც განეშორნენ ამ სოფელს, მოვალენი არიან ამ ლოცვის მიმართ, თუნდაც მორჩილებით სხვა რამ საქმეს აღასრულებდნენ. დაე, აიძულონ თავი გულში წარმოსთქვან იგი. და თუნდაც აფორიაქებულნი ან განბნეულნი გონებით, ან რაიმეთი დამწუხრებულნი  ნუ მიეცემიან უზრუნველობას რათა კაცთა მოდგმის მტრის მიერ არ იყვნენ სულიერად გაძარცვულნი, არამედ მსწრაფლ მიაშურონ ამ ლოცვას და მასში იპოვიან ისინი სიხარულს და სიმშვიდეს.

სამღვდელონი დაე იღწვოდნენ ამ საქმისთვის, როგორც სამოციქულო ქადაგებისთვის, რომელსაც ძალუძს ღვთაებრივი ნაყოფის გამოღება და ამით დაამოწმონ ქრისტეს სიყვარული.

საერონი, რომლებიც სოფლის ამაოებაში მსხემობენ, დაე აღასრულებდნენ ამ ლოცვას რამდენადაც შესწევთ ძალი და მასში საკუთარი სარწმუნოების ბეჭედი, სიმტკიცე, დაცვა, კურთხევა და ყოველგვარი განსაცდელისაგან გადარჩენის საჭურველი დაინახონ მასში.

ამგვარად ყოველნი – სამღვდელონი, მონაზონნი და საერონი – აღდგომილნი ძილისაგან  მოვალენი არიან, უპირველეს ყოვლისა, ქრისტე გაიხსენონ და მისი ყოვლადმშვენიერი სახელი ახსენონ და ამით უპირველესი მსხვერპლი მას შესწირონ გონებაში.

დაე ყველამ ვალდებულად სცნოს თავი შეძლებისდაგვარად აღასრულოს ეს ლოცვა ყოველდღიურად გარკვეული დროითა და რაოდენობით. ამინ. 

ჯვართამაღლების დღესასწაული, 2013 წ.

ყოვლადპატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის დოგმატი.

თეოლოგიური კონფერენცია ამერიკაში




ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლსიის სამღვდელო სვინაქსისი და საღვთისმეტყველო კონფერენცია. 

ბოსტონი, 4-6 ოქტომბერი, 2013.

ხელდასხმა თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში


ამა წლის 9/22 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის შემდგომ დღესასწაულსა და ჯვართამაღლების წინა კვირას, თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბაბუნაშვილი) დიაკვნად დაასხა ხელი მამა ზაქარიას (ბლიაძე).

ღმერთმა მიმადლოს ახალხელდასხმულ მამა დიაკონ ზაქარიას, მრავალ წელი ქრისტეს ეკლესიაში ერთგული მსახურებისა. 

აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!


ევქარისტიული ერთობის დამყარება


2013 წლის მარტში, ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია (რომლის ომოფორის ქვეშაც იმყოფება მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში), სრულ ევქარისტიულ კავშირში შევიდა საბერძნეთის ჭეშმარიტ-მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ათენის არქიეპისკოპოს მაკარი. ჩვენი ეკლესიების სინოდებმა, ერთხმად გადაწყვიტეს გადაედგათ ეს ისტორიული ნაბიჯი, რადგანაც ჩვენი ორი ეკლესია ერთსა და იმავე წმიდამამებისეულ აღმსარებლობაზე დგას და ორთავე აღიარებს ნეტარხსენებულ ავქსენტის (+1994), ათენის საარქიეპისკოპოსო ტახტის კანონიერ მპყრობელად.

ევქარისტიული კავშირის დასაგვირგვინებლად, გასულ მაისს, ჩრდილოეთ ამერიკას ეწვია ათენის არქიეპისკოპოსი მაკარი, რომელმაც,  ტორონტოსა და ბოსტონში, სამღვდელმთავრო თანაწირვა აღავლინა ჩრდილოეთ ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებთან ერთად.

ამა წლის აგვისტოს, საპასუხო ვიზიტით, საბერძნეთს ეწვია ტორონტოს მიტროპოლიტი მაკარი და ბრუკლაინელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ბაბუნაშვილი), რომლებმაც ათენში, თესალონიკში, სერესსა და ლამიაში იმსახურეს საბერძნეთის ჭეშმარიტ-მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებთან ერთად.

ამ ვიზიტის ამსახველ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ბოსოტნის მიტროპოლიის ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/HOMBoston

ფოტოზე: სამღვდელმთავრო თანამსახურება ქ. სერეს, წმ. ფანურის ეკლესიაში. მარცხნიდან: თესალონიკელი მიტროპოლიტი ექვთიმე, ტორონტოელი მიტროპოლიტი მაკარი, ათენის არქიეპისკოპოსი მაკარი, ფილიპელი ეპისკოპოსი ამბროსი, ბრუკლაინელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ბაბუნაშვილი).

ეკლესია: სძალი უფლისა თუ რეიტინგული ორგანიზაცია?

მღვდელი გელასი (აროშვილი)


''ვითარცა დედაკაცსა, რომელსა უყუარნ ქმარი თვისი და ქმარი იგი წარსრულ არნ შორსა გზასა და იგი გარდაიხედავნ სარკუმლით თვისით და მოელინ მას და თქვეს: ოდეს-მე მოვიდესო; აიხილნის თუალნი თვისნი და იხედავნ ზღუად კერძო და ხმელად; და თუ იხილნის სადამე ნავნი მომავალნი, მუნ შინა ჰგონებნ მას; ანუ თუ იხილნის მოგზაურნი, ესრე თქვეს: ვინ უწყის, მათ თანა ხოლო თუ მოვიდოდის იგი. და მეყსეულად შეემთხვის და ჰკითხავნ მისსა: მითხართ მე ქმრისა ჩემისაი, სადა დაუტევეთ იგი, რომელსა დაბასა, ანუ რომელსა ქალაქსა; ანუ რასა იქმოდა, ანუ რასა იტყოდა, ანუ ოდეს თქუა მოსლვაი?
ეგრეცა ყოვლითურთ წმიდაი ეკლესიაი სიყუარულითა მით სიწმიდისაითა მოიმძევლებდა ყოველთა წინაწარმეტყუელთა და ჰკითხვიდა მათ: იხილეთ თუ სადამე იგი, მო-მე–სადა-ვალსა იგი, ანუ მუნვე ცათა შინა არს, ოთხმეოცდა აცხრამეტთა მათ ცხოვართა აძოვებსა? არა-მე მოვალსა მოძიებად ცხოვართა მათ წარწყმედულთათვის? მითხართ მე, სადა-მე დაადგრების, ანუ სადა-მე იყოფვის, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?

მიუგო სძალმან მან, რომელ არს წმიდაი ეკლესიაი, და ჰრქუა: ვეძიებ მას და მისაცა მსურის. იგი თვით მოვედინ და ამბორ-მიყავნ მე. მიუგო მას ესაია და ჰრქუა, ვითარმედ: ესე იგი არს და მოვალს. აჰა სასყიდელი მისი მის თანა არს და საქმენი ხელთა მისთანი არიან წინაშე მისა. ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სამწყსოსა მას თვისსა და ხელითა თვისითა შეკრიბნეს კრავნი და ნუგეშინის-მცემელ ექმნეს მაკეთა მათ დამძიმებულთა.

ესმა რაი სძალსა მას ეკლესიასა, რამეთუ ჭეშმარიტად უთხრობდა მას ესაია, ჰრქუა: სადა-მე იყოფვის, ანუ სადა-მე დაადგრების, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?

შემდგომად მისა მოავლინა იოვანეისა, რომელი-იგი ხმაი ღაღადებისაი იყო უდაბნოსა და თქუა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. და ვითარ მოვიდა იოვანეისა, შებმა-უყო და ჰკითხვიდა: მითხარ მე მწრაფლ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე? მიუგო იოვანე და ჰრქუა: მე არა ვარ ქრისტე. ხოლო მან ჰრქუა მას: და რად ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე? მიუგო იოვანე: არა თუ მე ქრისტე ვარ, არამედ შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელი-იგი უძლიერეის არს ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ, ვითარმცა განვჰხსენ საბელი ხამლთა მისთაი.

რაჟამს უკუე ყოფნა მოსულაი, თქუა ეკლესიამ ან გულსა თვისსა: წადიერ ვარ მე სურვილითა მისითა ხილვად მისა. მიუგო იოვანე და ჰრქუა: ნუ შეორგულდები, ნუცაღა სულთ-ითქუამ, რამეთუ მახლობელად მოსლვად არს. ვითარცა იხილა იოვანე, რამეთუ მოვიდოდა უფალი, თქუა: აჰა კრავი ღმრთისაი, რომელმან მოსპნეს ცოდვანი სოფლისანი.

რაჟამს უკუე ესმა სძალსა მას იოვანესგან, რამეთუ კრავად თქუა და ესაია მწყემსად თქუა, ხოლო სძალი იგი იტყოდა: ვისი-მე მრწმენეს: იოვანესი-მე, ანუ ესაიასი? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ შეორგულდა, ღაღატ-ყო და თქუა: მე ვარ მწყემსი კეთილი. მაშინღა მივიდა, შეეხვია და შეიტკბვო და ამბორს-უყო მას. და აღესრულა სიტყუაი იგი დავითისი, ვითარმედ: წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვნეს, სიმართლემან და მშვიდობამან პირს იკოცნნეს.'' (წმ.იოანე ოქროპირი)