მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (მ.ე.ს.) - საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა
საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობა ბოლშევიკებთან
სერგო ვარდოსანიძის წიგნიდან: «საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წწ.»
ქრისტეფორე ციცქიშვილი
“საკათალიკოზო საბჭოს რეპრესიებს გადარჩენილმა ნაწილმა, ეპისკოპოზ ქრისტეფორეს ხელმძღვანელობით, 1924 წლის 20 ოქტომბერს მიმართა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს. წერილში პირველად ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ საქართველოს ეკლესია აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას, მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ და ეროვნულ აღორძინებაში. . . .” (გვ.94 )
“პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ, ურბნელ ეპისკოპოსის ქრისტეფორეს სახელით, საბჭოთა ხელისუფლებას მიმარ ასეთი განცხადება გააკეთა – 'ვაცხადებთ, რომ ვართ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი, რომელნიც ვაღიარებთ მუშურ-გლეხურ კომუნისტურ ხელისუფლებას, ვემორჩილებით მას, არ ვაწარმოებთ მთავრობის საწინააღმდეგო მუშაობას'". (გვ.105 )
“1927 წლის 28 თებერვალს საქ. საეკლ. დროებითი მმართველობის სახელით, მიტრ. ქრისტეფორემ განცხადებით მიმართა საქ. ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს – 'მივესალმები სრულიად საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას და ვუსურვებ მას ნაყოფიერ მოქმედებას ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ წარმატებაში იმ ზომამდე, რომ არსებული კავშირი საბჭოთა რესპუბლიკებისა უფრო განმტკიცებულიყოს და თავის შემოქმედებითს მუშაობით, ერთა შორის სამრთლიანობის დამყარებით, კიდევ უფრო მეტი მიმზიდველი ყოფილიყოს კავშირის გარეშე მყოფ ერთათვის'". (გვ.136-137 )
“მიტრ. ქრისტეფორე, რომელიც თავის თავს, ხან საქ. ეკლესიის დროებითი მმართველობის თავჯდომარის მაგიერ ან თავჯდომარეს უწოდებდა პატრიარქ ამბროსის ნაცვლად. 1927 წლის 22 მარტს ამბროსის გამოუცხადა, რომ იგი გათავისუფლებულია საქმის წარმოებისაგან, ე.ი. საქ. ეკლესიის მმართველობიდან. ამის გამოცხადების მეორე დღეს 23 მარტს მან დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა.” (გვ.138 )
“1927 წლის 21-27 ივნისი მე-4 საეკლესიო კრებამ დაგმო საბჭოთა ხელისუფლებასთან კონფრონტაციის კურსი და განაცხადა, რომ იგი აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.” (გვ.141-142 )
“იმ დღიდან როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებმა საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსი გამოაცხადეს, საზღვარგარეთის ქართველობამ, ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა საქართველოს ეკლესიასთან.” (გვ.153 )
კალისტრატე ცინცაძე
“1939 წელს, სტალინს მიულოცა დაბადებიდან 60 წლის თავი – 'თქვენ სიჭაბუკითგანვე არა ცანით ძილი თვალთა, რული ნამთა და განსვენება ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლითა მოსასპობად. ამისათვის მადლიერმა ერმა დაგსვათ ძლიერთა შორის და შეგმოსათ დაუჭკნობელი დიდებით.'" (გვ.186 )
“საბჭოთა კავშირის ცენტრალურ გაზეთებში (პრავდა, იზვესტია 1942წ. #263,266) იბეჭდებოდა კალისტრატეს მილოცვები სტალინისადმი საბჭოთა ხელისუფლების იუბილეზე, წითელი არმიის ფრონტულ წარმატებებზე.” (გვ.188 )
“კალისტრატეს წერილი 1948 წელს გაგზავნილი სტალინისადმი – 'კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამისი ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებულ სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართვათ წინაპართა მიერ შექმნილი და ნაადერძევი ქართული კულა წარწერით – იოსებ ქართველს, მსოფლიოში უღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლბით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან'" (გვ.188-189 )
“'რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას ის სარწმუნოების საკითხში არ ერევა, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია სინდისისა და რწმენის თავისუფლება' – აცხადებს კალისტრატე.” (გვ.193 )
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment