ეკუმენიზმი როგორც ეკლესიოლოგიური ერესი

მღვდელი გელასი აროშვილი

ეკუმენიზმის კვალიფიკაცია, როგორც მწვალებლობისა, მართლმადიდებელთა შორის ეჭვს აღარ იწვევს. მაგრამ, მაინც საჭიროდ მიგვაჩნია ეკლესიის სწავლების მიხედვით განვმარტოთ მწვალებლობის ცნება. დიდი სჯულის კანონში ვკითხულობთ: "მწვალებელი არს, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან." მწვალებელი არს რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" (დიდი სჯულის კანონი; თბილისი, 1975 წ. გვ. 197). ორგზისი კრების მე-14 კანონის განმარტებისას, ცნობილი კანონისტი ზონარა ეყრდნობა რა II მსოფლიო კრების მე-6 კანონს და ბასილი დადის I კანონიკურ ეპისტოლეს, ამბობს: "მწვალებელნი არიან ისინიც, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას თუნდაც ნაწილობრივ არ ეთანხმებიან, ანდა მცირეოდენ ამახინჯებენ მას" ("Афонская Синтагма" II ч. ст. 252). რაც შეეხება მწვალებლებთან ურთიერთობას, მოციქულთა მე-10 კანონის განმარტებისას ავტორიტეტული კანონისტი ბალსამონი წერს: "საეკლესიო ერთობიდან განყენებულებთან და მწვალებლებთან ნებადართულია საუბარი მხოლოდ არაეკლესიურ საკითხებზე" _ ამ აზრს ეთანხმება ვლასტარიც თავის სინტაგმაში.


ახლა კი ვნახოთ, თუ როგორ "ეთანხმება" ეკუმენისტური მსოფლმხედველობა მართლმადიდებლურ სწავლებას ეკლესიაზე. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეკუმენისტები ეჭვს ქვეშ აყენებენ მართლმადიდებლურ დოგმატს ეკლესიის შესახებ. ისინი ცხადია არ სცნობენ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". თითქოს ეკლესიამ დაკარგა თავისი უმთავრესი თვისება, რომ იგი არის ერთადერთი და განუყოფელი. ეკუმენისტთა აზრით დღეს ეკლესია არსებობს მხოლოდ განთხეთქილებაში მყოფ კრებულთა (სქიზმათა) სახით: აღმოსავლური სქიზმა, პაპისტური სქიზმა, ლუთერანული სქიზმა, ანგლიკანური სქიზმა და სხვა ('Oekumeische Rundschau', Haft, Stuttgart, 1969. s.378).

ეკუმენისტები ყოველგვარ ერესს უყურებენ, როგორც ახალ "შტოს" ქრისტეს ეკლესიაში. ყველა ამგვარი 'შტო' სარგებლობს ეკლესიის სტატუსით და ყველა უფლებებით გათანაბრებულია დანარჩენ ეკლესიებთან. ე. წ. ეკუმენისტური "განშტოებათა თეორია" (Branch Theory), რომლის მიხედვითაც ეკლესია გაყოფილია მართლმადიდებლურ, რომის კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა შტოებად, პირდაპირ წინააღმდეგობაშია მართლმადიდებლურ დოგმატთან ეკლესიის შესახებ. ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VII ასსამბლეის საბოლოო რეზოლუციაში, რომლის მიღებაში მართლმადიდებლებიც მონაწილეობდნენ მასში ვკითხულობთ: ეკლესიის ერთიანობა, რომელსაც "კოინონიას" ვუწოდებთ, მოცემულია შემდეგ პუნქტებში:

1. სამოციქულო რწმენის ერთიანი აღმსარებლობა;

2. საერთო ლიტურგიკული ცხოვრება, გამოხატული საერთო ნათლობითა და ზიარებით.

3. ერთიანი ეკლესიური თანაცხოვრება, სადაც ურთიერთაღიარებულია ყველა ეკლესიათა იერარქია.

4. სახარების ქადაგების ერთიანი მეთოდი და ხედვა.

5. საბოლოო მიზანია, მიღწეულ იქნას სრული ერთიანობა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც შესაძლებელი გახდება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაერთიანებულმა ყველა ეკლესიამ აღიაროს ერთმანეთი, როგორც "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"(!). ('ONE WORLD'. March-April, 1991, N 164).

მოციქულთა დროიდან ქრისტეანობას ყოველთვის ახასიათებდა ერთადერთი და განუყოფელი ჭეშმარიტი ეკლესიის აღმსარებლობა. სწორედ ამით აიხსნება წმიდა მამათა მხურვალე მოშურნეობა ჭეშმარიტი სარწმუნოების უბიწოდ დაცვის საქმეში, ყოველგვარი განხეთქილებისა და მწვალებლობის წინააღმდეგ.

"როგორც უფალ იესო ქრისტეს არ შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სხეული, ასევე შეუძლებელია რამდენიმე ეკლესიის არსებობა. აქედან გამომდინარე, ეკლესიათა განყოფა ონტოლოგიურად შეუძლებელია. ეკლესიის გაყოფა არ მომხდარა და არც შეიძლება მოხდეს. არსებობდა და იარსებებს მხოლოდ განდგომა ეკლესიიდან. ამგვარად მოსწყდნენ ეკლესიას გნოსტიკოსები, არიოზელნი, მონოფიზიტები, ხატმბრძოლნი, რომის კათოლიკენი, პროტესტანტები, უნიატები და სხვანი" (Архимандрит, Доктор Иустин Попович. "Догматика Православне Цркве" т.3, Белград, 1978, ст. 209).

წმ. მარკოზ ეფესელი ბრძანებდა: "ის, რაც ეხება ეკლესიას, არასოდეს არ შეიძლება შეიცვალოს კომპრომისთა საფუძველზე. არ არსებობს რაიმე საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის" (Архим. Амвросий. "Св. Марк Ефесский и Флорентийская уния”. Джорданвил, 1963, стр. 340).

სამწუხაროდ, ეკუმენისტებს არა აქვთ სწორი წარმოდგენა ეკლესიაზე. ისინი თვლიან, რომ ეკლესიას ეკუთვნის ყველა "მონათლული", ერთ რიგში აყენებენ მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს, აღიარებენ ერეტიკოსებს ქრისტეს სხეულის ნაწილად. მაგალითისათვის მოვიტანთ ფრაგმენტს ცნობილი "მართლმადიდებელი" ეკუმენისტის, პარიზის სკოლის წარმომადგენლის, ვ. ზენკოვსკის წერილიდან: 'ჩვენ სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ და უარვყოთ აზრი, რომ სულიწმიდა მხოლოდ მართლმადიდებლებთანაა. ვიყავი რა არამართლმადიდებელი, მე ჩემს თავს მაინც ეკლესიაში ვგრძნობდი; მე ვხედავდი, რომ ეკლესიის საზღვრები (ჩარჩოები) ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ვინ შესძლებს მიგვითითოს, სად მთავრდება საეკლესიო საზღვრები? ვინ გაბედავს დაამტკიცოს, რომ ეკლესიის საზღვარს იქით ქრისტეს არა ჰყავს მსახურნი და მოწაფენი! ნუთუ ისინი მხოლოდ იმიტომ უნდა უარვყოთ, რომ სხვაგვარი ღვთისმსახურება აქვთ. მე დავრწმუნდი, რომ პროტესტანტები ეკლესიის წევრები არიან. და იღწვიან ეკლესიისთვის. არა! ქრისტეს ეკლესია ბევრად უფრო ფართო მცნებაა; ის თავის თავში მოიცავს ყველა მორწმუნეს. ყველას, ვისაც უყვარს ღმერთი როგორც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს მათ სარწმუნოებაში (!) ("Вестник студенческого христианского движения" N5, 1934 г. Paris, ИМКА).

ერთი წლის შემდეგ იგივე ჟურნალში ზენკოვსკი წერდა: "ცხონება შესაძლებელია ნებისმიერ არამართლმადიდებელ აღმსარებლობაში(!), ხოლო თუკი რომელიმე არამართლმადიდებელი დაუტევებს თავის კონფესიას და სხვა ეკლესიაში გადავა, თუნდაც მართლმადიდებლურში, მაშინ მისი ცხონება შეუძლებელი გახდება". ეკლესიათა ეკუმენისტური გაერთიანება ზენკოვსკის ესმის, როგორც დოგმატურ განსხვავებათა სრული იგნორირება და გაერთიანება მხოლოდ 'სიყვარულის'(?) ხაზით. აი სწორედ ეს გახლავთ ეკუმენისტური მსოფლმხედველობა.

ამგვარი ეკუმენისტური შეხედულებანი აბსოლუტურად განსხვავდება მართლმადიდებლური სწავლებისაგან, რომელიც არასოდეს არ თვლიდა მწვალებლებს ეკლესიის წევრებად. წმიდა მსოფლიო კრებებზე ერეტიკოსები ანათემას გადასცეს, ანუ განკვეთეს, ეკლესიიდან, მაგრამ ეკუმენისტები არ აღიარებენ წმიდა მსოფლიო კრებათა ავტორიტეტს. ეს კი მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის უარყოფის ტოლფასია.

"მართლმადიდებელი" ეკუმენისტები აცხადებენ, რომ "ეკლესიათა და აღმსარებლობათა განმყოფი კედლები არ აღწევენ ზეცამდე, ქრისტემდე და არ ღრმავდებიან ეკლესიის გულამდე, სულიწმიდამდე". მაგრამ ქრისტეს ეკლესიის გამიჯვნა მწვალებელთაგან მოციქულთა დროს დაიწყო. მიზანი ამ განყოფისა და გამიჯვნისა იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების სიწმინდის დაცვა ცრუ რელიგიურ სწავლებათა ზეგავლენისაგან, ანუ ერესებისაგან. ეს განყოფა იყო და არის ქრისტეს სიტყვების აღსრულება: "ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშვიდობისა მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყვით თქუენ, არამედ განყოფად" (ლუკა, 12;51). აღწევს თუ არა განყოფის ეს კედელი და მიჯნა ზეცამდე, უფლის შემდგომი სიტყვებიდანაც კარგად სჩანს, რომელნიც მან თავის მოციქულებსა და მომავალში სამოციქულო-სამღვდლო მადლის ყველა მიმღებს უთხრა: "ამინ, გეტყვით თქუენ; რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ-იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე, 18;18). როგორ შეიძლება სინათლისა და ბნელის, ჭეშმარიტებისა და სიცრუის განყოფა არ აღწევდეს ქრისტემდე, როდესაც იგი თვით მაცხოვრის სიტყვებს ეფუძნება. რაც შეეხება ამ კედლის სიღრმეს, განმსჭვალულია თუ არა ამგვარი განყოფა სულიწმიდის მადლით, ეს ნათლად სჩანს შემდეგი ფაქტიდან: მსოფლიო კრებებზე მიღებული დოგმატურ-კანონიკური დადგენილებანი თუ ანათემანი ერეტიკოსთა წინააღმდეგ მიიღებოდა მოციქულთა სიტყვების საფუძველზე: "რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" (საქმე, 15;28). ე. ი. მწვალებელთა განკვეთა ეკლესიიდან არა მხოლოდ მსოფლიო კრებათაგან, არამედ თავად სულიწმიდისაგან მომდინარეობს. მაგრამ ყველაზე სამწუხაროა ის, რომ თავისი ტოლერანტული სწავლებით ეკუმენისტები არამართლმადიდებლებს ჭეშმარიტ ეკლესიაში მოსასვლელად პოტენციურ შანსსაც კი აღარ უტოვებენ, რამეთუ სულის ცხონებას თავ-თავიანთ მწვალებლურ სექტებში ჰპირდებიან.

"მწვალებლები არასოდეს მოვლენ ჭეშმარიტ ეკლესიაში, თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ ეკლესია და საიდუმლოებები მათაც გააჩნიათ" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). რომელი ჭეშმარიტი ეკლესიის ძიებასღა დაიწყებენ ათასგვარ სექტებში მოხვედრილი ადამიანები, როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ მათ ყველას მართლმადიდებლობასთან თანასწორი ეკლესიების სტატუსი მიანიჭა. ყველაზე დიდი ბოროტება ის არის, რომ ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობით მართლმადიდებლები აბრკოლებენ და გზას უღობავენ ჭეშმარიტების მაძიებელთ, ეთანხმებიან რა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ე. წ. "განშტოებათა თეორიასა"და პლურალიზმს. ეკუმენისტური პლურალიზმი ფაქტიურად ეშმაკის მანქანებაა, რომლითაც მრავალი მოწოდებული ეკლესიის მიღმა რჩება, კმაყოფილდება რა იმ აღმსარებლობით, რომელშიც აღმოჩნდა და რომელშიც მარადიულ ნეტარებას ჰპირდებიან. სინამდვილეში კი "ქუეყანასა ზედა შეკრული" არამართლმადიდებელნი ცათა შინაც "კრულ არიან" (მათე, 18;18), ანუ ეკლესიიდან განყენება მომავალ ცხოვრებაშიც გადადის და მარადიული ტანჯვით მთავრდება. ამ მხრივ საგულისხმოა გამოცხადება, რომელიც ღვთის დიდ სათნომყოფელს, წმ. სვიმეონ სალოსს ჰქონდა. მას ზეგარდამო ეუწყა, რომ სახელგანთქმული მეცნიერისა და მოღვაწის ორიგინეს სული ჯოჯოხეთში იტანჯება მისი მწვალებლური შეხედულებებისათვის. მსგავსი გამოცხადება ჰქონდა ბერ თეოფილეს, როგორც ეს იოანე მოსხის "ლიმონარშია" მოთხრობილი. მწვალებელი ნესტორის მიმდევარ თეოფილეს მწმიდა კვირიაკოზ მონაზონის ლოცვით ღმერთმა დაანახა, თუ სად არის ყოველთა მწვალებელთა მარადიული სამყოფელი: ეჩვენა თეოფილეს ადგილი ბნელი, სიმყრალით სავსე, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა და უჩვენეს მას "მუნ შინა შთაყრილნი ნესტორ და არიოზ და ევტიქოს და ევარგენე (ორიგენე) და საბელიანოს და ყოველნი მოყვასნი მათნი მწვალებელნი და ჰრქუა მას კაცმან დიდებულმან, რომელი გამოუჩნდა: ესე არს ადგილი ყოველთა მწვალებელთა და ყოველთა, რომელნი მათ შეუდგნენ. აწ უკეთუ გთნავს ადგილი ესე, დაადგერ შენ ნესტორიანობასა ზედა, რაითა ამას შეხვიდე. და უკეთუ არა გნებავს შესვლაი ამას შინა, აჰა მოვედ კათოლიკე ეკლესიად და აღიარე მართალი სარწმუნოება. და აჰა, მე გაუწყებ შენ, უკეთუ ქმნნეს კაცმან ყოველნი სათნოებანი და არა აქუნდეს მას მართალი სარწმუნოება, ამას ადგილსა მომავალ არს'. (იოანე მოსხი, "ლიმონარი", 1960 წ. გვ.10).

ეკუმენისტური მოძრაობა, სხვადასხვა აღმსარებლობათა შორის საზღვრების მოშლისათვის ყველა ღონეს ხმარობს. 1975 წელს ნაირობის კონფერენციაზე "რწმენისა და მოწყობის" კომისიამ მიიღო დოკუმენტი სახელწოდებით "ერთიანობის ღვთისმეტყველება", სადაც ვკითხულობთ: 'ერთიანი ეკლესია უნდა განიხილოს, როგორც სხვადასხვა ეკლესიათა კრება. ამგვარ კრებულში თითოეული ეკლესია ფლობს საყოველთაო (კათოლიკე) რწმენის სისრულეს და მოწმობს ერთი სამოციქულო სარწმუნოების შესახებ; შესაბამისად თითოეული ეკლესია სცნობს, რომ სხვა ეკლესიებიც ასევე შეადგენენ ერთი განუყოფელი ქრისტეს ეკლესიის ნაწილს და შთაგონებულ არიან სულიწმიდის მადლით. როგორც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ნიუ-დელის ასსამბლეაზე ითქვა, ეკლესიები ურთიერთკავშირში არიან ერთი ნათლობითა და ერთი ზიარებით; ისინი აღიარებენ ერთმანეთის სამღვდელოებას და ღვთისმსახურებას, ისინი გაერთიანებულნი არიან ქრისტეს სახარების აღმსარებლობით და ემსახურებიან მსოფლიოს (და არა ღმერთს! ავტ.). ამისათვის ეკლესიები ცდილობენ მჭიდრო და დინამიური ურთიერთობანი ჰქონდეთ ერთმანეთთან ერთობლივ საეკლესიო კრებათა მოწვევის ფარგლებში" ('Nairobi, 1975, Les Exigences de l'Unite'. Docum.77. p.15;33;67).

აქვე მოვიყვანთ გამოჩენილ ეკუმენისტთა სიტყვებს ეკლესიოლოგიურ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ ახალი "ზეკონფესიური" ეკლესიის შექმნაზე. აგრეთვე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს "რწმენისა და მოწყობის" კომისიაში შეთანხმებულ (მართლმადიდებელთა მონაწილეობით) რამდენიმე დოკუმენტს.

'ჩვენ მივესალმებით "რწმენისა და მოწყობის" კომისიის უდიდეს წვლილს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ეკუმენისტურ საქმიანობაში. ამ კომისიამ შეიმუშავა ახალი კონსტიტუციის ახალი პარაგრაფი, რომელიც ე.მ.ს.-ს მიზნებს ეხება. მასში ვკითხულობთ: "ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ უნდა მოუწოდოს ეკლესიებს ისწრაფონ ხილული ერთიანობისაკენ ერთ სარწმუნოებაში, ერთიანი ევქარისტიით, რომელიც გამოხატული იქნება ერთიან ღვთისმსახურებაში". (50 лет "Вера и Церковное устройство”, Женева, 1978 г. Ив.Конгар. 'В пойсках единства”. ст.11).

"ეკუმენისტური მოძრაობის საღვთისმეტყველო საქმიანობის ორმოცდაათმა წელმა დაგვანახა, რომ "ღვთისმეტყველება" აერთიანებს, მაგრამ ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ყოფს ეკლესიებს. ამიტომ დროა დაისვას საკითხი ეკლესიათა ერთიან ეკუმენურ მართვასა და ეკუმენიკურ ღვთისმსახურებაზე. ეკუმენიკური ეპოქის განსაახლებლად და კონფესიონალური პერიოდის ცალმხრივობის თანდათანობით დასაძლევად ეკლესიებმა უნდა მოიწვიონ ერთობლივი ეკუმენიკური სინოდები და კრებები. დადგა დრო, როდესაც ცალკეულ ეკლესიებში საჭიროა შევიტანოთ ზოგადქრისტიანული საფუძვლები. საეკლესიო ხელისუფალთ შეუძლიათ ემსახურონ ამ საქმეს, მაგრამ არავითარი უფლება არა აქვთ წინ აღუდგნენ გაერთიანების პროცესს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მაგალითად, კათოლიკეთა და ევანგელისტთა ურთიერთობის საერთო დეკლარაცია ევქარისტიისა და სასულიერო წოდების შესახებ. აგრეთვე სხვადასხვა ეკლესიათა ურთიერთზიარებისა და ერთობლივი ღვთისმსახურების პრაქტიკა. მე უკვე ვხედავ ეკლესიათა ურთიერთშეზრდას შეთანხმებულ თანამეგობრობაში" (50 лет 'Вера и Церковное устройство”. Женева, 1878 г. Юрген Мольтман 'Какое единство?” гл. 4).

'პნევმატოლოგია, რომელიც ეფუძნება ეკლესიათა მიერ სულიწმიდის ერთობლივ მოხმობას (ეპიკლეზი), გვიხსნის საეკლესიო რეალობას, სადაც ყველანი შევდივართ, როგორც ცალკეულ ქრისტეიანულ კრებულთა წევრები. ერთობლივი ეპიკლეზი გადალახავს სხვადასხვა ეკლესიათა კანონიკურ საზღვრებს, ამაღლდება მათზე და გამჭვირვალეს გახდის მათ. ვერაფერი შეუშლის ხელს სულის მოქმედებას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაახლოებას შეეწევა. იგი აახლოებს კათოლიკებს, პროტესტანტებს, მართლმადიდებლებს, ახალსა თუ ძველ ეკლესიებს. კონფესიონალური პოლემიკის ნაცვლად მოდის საერთო იმედი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ _ იმედი ერთიანი ეკლესიისა მთელს მსოფლიოში" (50 лет 'Вера и Церковное устройство”. Женева. 1978 г. Никос А. Ниссиотис 'Призвание к единству”). 'ყველაზე სკანდალური ის არის, რომ ჩვენი ეკლესიები ჯერ კიდევ არ ემსახურებიან ღმერთს ერთ საერთო ტრაპეზზე' ("Экумен. тексты о совместном отчете в Уповании". В.С.Ц. Женева, 1979, ст. 9).

"რწმენისა და მოწყობის' კომისიის მტკიცებანი მიუთითებენ იმაზე, რომ ეკლესიები ერთიანობას ეძიებენ იმ მიზნით, რომ გადაიქცნენ ქრისტეს სხეულად ანუ ჭეშმარიტ ეკლესიად" (ანა მარი აგაარდი "ეკლესიის ერთიანობა და კაცობრიობის განახლება' ე.მ.ს.-ს ჟურნალი "Mიდ-შტრეამ” N 2, 1993). და ბოლოს განვიხილოთ "რწმენისა და მოწყობის" კომისიაში შეთანხმებული დოკუმენტი "ღვთისმსახურება" (служительство). დოკუმენტის N 85-ე მუხლში ვკითხულობთ: 'ერთობლივი ეკუმენური ღვთისმსახურების განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა ინტერდომინაციურ სასწავლებლებში მოხდეს თანამშრომელთა და სტუდენტთა ღვთისმსახურებად ხელდასმა. N 88 მუხლში სწერია: "იმისათვის, რომ ეკლესია გახდეს ერთიანი, აუცილებელია სხვადასხვა ეკლესიების ღვთისმსახურებათა ურთიერთცნობა. ნიუ-დელის ასამბლეის დეკლარაცია ერთიანობის შესახებ ნათლად ადასტურებს ამას. გაერთიანება შესაძლებელი გახდება მაშინ, როდესაც ყველა ქრისტეანული კრებული სცნობს ერთმანეთს და ერთურთის სამღვდელოებას. აუცილებელია არა მხოლოდ ის, რომ ერთი რომელიმე ეკლესიის სამღდელოება დაშვებულ იქნას სხვა კონფესიის მსახურებაზე, არამედ ისიც, რომ ღვთისმსახურნი ურთიერთმიწვევის საფუძველზე მსახურებას აღასრულებდნენ ნებისმიერ ეკლესიაში".

N 95 მუხლში ვკითხულობთ: "ღვთისმსახურებათა ურთიეთრცნობის მაღალი საფეხური მაშინ მიიღწევა, როდესაც სხვადასხვა კონფესიები სცნობენ ერთმანეთის ნამდვილ ეკლესიოლოგიურ ბუნებას. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდება რომელიმე კონფესიის "ღვთისმსახურების" სულიერი ფასეულობის კრიტიკა".

N 96 მუხლში ვკითხულობთ: "ფართო ურთიერთთანმშრომლობის არსებულ პირობებში სხვადასხვა კონფესიათა ღვთისმსახურნი არამარტო ერთობლივად მოწმობენ ეკუმენური გამოცდილების სასარგებლოდ, არამედ ერთობლივად ეწევიან მისიონერობას(?) და რაც მთავარია, ისინი ერთობლივად აღასრულებენ ზიარების საიდუმლოს, თუნდაც მათი ეკლესიები არ იყვნენ ურთიერთთანხმობაში ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით და არ ჰქონდეთ ევქარისტული კავშირი ერთმანეთთან".

N 97 მუხლში საუბარია ურთიერთ აღიარების კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე, რომელიც მაშინ მიიღწევა, როდესაც სხვა ეკლესიათა ღვთისმსახურება ყველა ეკლესიის მიერ ოფიციალურად იქმნება აღიარებული, როგორც სამოციქულო(!). ამგვარი ურთიერთცნობა შესაძლოა გადაიზარდოს ეკლესიათა სრულ თანხმობაში და იგი იძლევა საშუალებას სულ უფრო ხშირად შესრულდეს ერთობლივი ევქარისტიის საიდუმლო. გადამწყვეტი ეტაპი ურთიერთაღიარებისა N 98 მუხლის მიხედვით არის ეკლესიათა ურთიერთაღიარება, რომელიც გულისხმობს ღვთისმსახურების (მღვდლობის) ურთიერთცნობას. ყოველივე ეს კი გულისხმობს ეკლესიათა მზადყოფნას "ურთიერთშეღწევადობისათვის" (Взаимно-проникновение)(?).

N 99 მუხლში სწერია: "ეკლესიათა ურთიერთცნობა გულისხმობს საჯარო აქტს, რომლის შედეგადაც განხორციელებული იქნება სრული ერთობა. არსებობს ამგვარი საჯარო აქტის რამდენიმე ვარიანტი:
1. სხვადასხვა კონფესიათა ღვთისმსახურთა ურთიერთხელდასხმა. 2. ევქარისტიის საიდუმლოს ერთობლივი აღსრულება. 3. საზეიმო ღვთისმსახურების შესრულება, რომელიც კონკრეტული ლიტურგიკული ტრადიციის გარეშე შესრულდება. 4. გაერთიანების დოკუმენტის საჯარო წაკითხვა ცერემონიალის დროს. მთავარია ეს ურთიერთაღიარება განხორციელდეს საჯაროდ და ერთობლივი მსახურება შესრულდეს საიდუმლო სერობის დროს".

N 103 მუხლში ვკითხულობთ: "ეკლესიები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამოციქულო ხელდასხმა, ვალდებულნი არიან სცნონ ხელდასხმული (კანონიერი) მსახურების რეალური შინაარსი ეკლესიებში, რომლებსაც ამგვარი ხელდასხმის უწყვეტი ჯაჭვი არ გააჩნიათ.

ეკლესიები, რომელთაც არა აქვთ სამოციქულო ხელდასხმა, უნდა მიხვდნენ, რომ სამოციქულო ხელდასხმის მქონე ეკლესიებმაც ასევე შეინარჩუნეს მსახურება ქადაგებითა და საიდუმლოებებით (რადგან სამოციქულო ხელდასხმის არ მქონე კონფესიები თვლიან, რომ მათ სამაგიეროდ გააჩნიათ ღვთისმსახურება და ქადაგება იმ სახით, როგორც ეს მოციქულთა დროს იყო). მაგრამ რადგანაც მათ არ გააჩნიათ სავსება სამოციქულო მემკვიდრეობისა, ეს სავსება თავიდან უნდა იქნას მოპოვებული".

და ბოლოს N 106 მუხლში ვკითხულობთ: "სამოციქულო მემკვიდრეობის მქონე ეკლესიები უნდა დაფიქრდნენ, რომ მათ სასურველია აღიარონ არსებული ხელდასხმა ამგვარი მემკვიდრეობის არ მქონე ეკლესიებში, თუმცა ზოგიერთ კრებულში ეპისკოპოსისა და პრესვიტერის (მღვდლის) ფუნქციას ერთი და იგივე პიროვნება ასრულებს" ("Одно Крещение, Одна Евхаристия, Взаимно признаваемое служительство” Доклад комиссии "Вера и церковное устроиство” № 73. В. С. Ц. Женева. 1975).

კიდევ მრავალი ფაქტისა და დოკუმენტის მოყვანა შეიძლება ეკუმენისტური სინამდვილიდან, რომელნიც ამ მოძრაობის ანტიქრისტიანულ სულს ამხელენ. მაგრამ ზემოთ თქმულიც სავსებით საკმარისია, რათა საბოლოო დასკვნამდე მივიდეთ.

დიახ, ეკუმენიზმი ეკლესიოლოგიური ერესია, ხოლო ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასა და ეკუმენურ "მსოფლაღქმას" შორის უსაზღვრო უფსკრულია.

ჭეშმარიტებისაკენ გზა კი ერთია: იგი მაცხოვრის მიერაა ნაქადაგები, მოციქულთა მიერ მთელს ქვეყანაზე გავრცელებული და წმიდა მამათა მიერ გამოთარგმანებული _ სწავლება ერთი, წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიისა ჩვენდა საცხოვნებლად ზეგარდმო უწყებული. მივდიოთ ამ გზას ეს კი ნიშნავს სული წმიდის მიერ დადგენილი სარწმუნოებრივი და ზნეობრივი საზღვრების უკომპრომისო დაცვას; აქ ყოველგვარი იკონომია გამორიცხულია; წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიის გარეთ დავრჩებით.

დასასრულ, მოვიყვანთ საეკლესიო კანონებსა და წმ. მამათა გამონათქვამებს, რომლებიც ზედმიწევნით ეხმიანებიან ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებსა თუ განცხადებებს ეკუმენისტური სინამდვილიდან და კატეგორიულად კრძალავენ მსგავს მოქმედებას. "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა; თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს" (მოციქ. კანონი 45).

"თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ჰურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს" (მოციქ. კან. 65).

"არ არის ჯეროვანი უზიარებელთა ზიარება, არც ლოცვა სახლებში შეკრებილებთან, ერთად, რომელნიც არ ლოცულობენ ეკლესიაში. ხოლო თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა მაზიარებელი, ისიც უზიარებელ უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი" (ანტიოქ. II კან.).

"მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება" (ლაოდიკ. 33).
"ის, ვინც განცხადებული ჭეშმარიტების შემდეგ აგრძელებს რაღაცის ძიებას, ის მიდის სიცრუისაკენ" (VII მსოფლიო კრების აქტებიდან).

"ნუ სცთებით ძმანო! რამეთუ უკეთუ ვინმე განბრძაველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდროს და უკეთუ ვინმე ტყუვილსა მეტყველსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს. რამეთუ არცა მწვალებელთა ჯერ-არს შეერთება და არცა მართლმადიდებელთაგან განშორება. უკეთუ ვინმე მწვალებელითა გონებითა ვიდოდის, ეგევითარი იგი არა არს ქრისტესი, არცა ზიარი ვნებათა მისთა, არამედ მელი განმრყუნელი ქრისტეს ვენახისა. ესევითარსა მას ნუ თანააღერევით. რაითა არა წარწყმდეთ მის თანა; გინა თუ მამა იყოს, გინა თუ ძე, გინა თუ ძმა, გინა თუ მეგობარი. მოძულეთა უკუე ღმრთისათა მოძულება ჯერ-არს ჩუენდაცა და მტერთა მისთა ზედა განდევა; გარნა არა ცემა მათი, არცა დევნა, არამედ მტრად შერაცხვა და განშორება მათგან" (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი. "ფილადელფიელთა მიმართ").

"ევქარისტიის საიდუმლოს ზიარება ეწოდება, რამეთუ იესოს ღმრთაებრივ ბუნებას ვეზიარებით. მეორე მხრივ ამ საიდუმლოს მეშვეობით ერთმანეთის თანაზიარნიც ვხდებით, რამეთუ ყველანი ქრისტეს თანაზიარნი ვართ. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვერიდებით ზიარების მიღებას მწვალებლებისაგან, ანდა მათ ზიარებას. რამეთუ იტყვის უფალი: 'ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა და ნუ დაუფენთ მარგალიტსა წინაშე ღორთა" (მათე, 7;6), რათა მათი ბოროტი სარწმუნოებისა და სასჯელის თანაზიარნი არ ვიქმნეთ, რამეთუ თუკი ნამდვილად ხდება შეერთება ქრისტესთან და ერთმანეთთან, მაშასადამე ჩვენ ჩვენი ნებით ვუერთდებით ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ეზიარება" (წმ. იოანე დამასკელი 'მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გარდამოცემა').

"არა მარტო მწვალებლებს, არა მარტო მემრუშეთა და მსგავსი უწესობის მოქმედთა მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ მათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (ზირაქ. 13;1) ("Добротолюбие” т.4 'Наставления Монахам” Преп. Феодора Студита.1901).

"იტყვის უფალი, ვითარმედ: 'გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ, და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ"(მათე. 10;5) ესე მცნება დავიხმაროთ მწვალებელთა მიმართ და ნუ შევალთ ეკლესიათა მათთა და ნუცა სახლთა მათთა, არამედ სადაცა იყოს ძე მშვიდობისა და თესლი ღმრთისმსახურებისა, მუნ სავანე ვჰყოთ. ვეკრძალნეთ მჩემებელთაგან ჭეშმარიტებისათა, რომელნი უწოდებენ თავსა თვისთა წინამძღვრად და არა არიან წინამძღვარნი, არამედ მაცთურნი და გონებაცთომილნი, რომელთა სასჯელი ცხად არს. დავიცვათ სარწმუნოება მიუდრეკლად და ცხოვრება შეუგინებლად". (წმ. თეოდორე სტუდიელი 'საკითხავი დიდი მარხვის პირველი კვირიაკის შაბათის მწუხრზე. "რათა მხნედ და მტკიცედ ვიყუნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა". ("მარხვანი").

"ძმამან ჰკითხა ულუმპია ხუცესსა: მაუწყე მე სიტყუაი, რომლითა ვცხონდე. ჰრქუა მას ბერმან: ნუ სადა დასჯდები მწუალებელისა თანა და შეიკრძალე მუცელი და ენაი, და რომელსა ადგილსა მიხვიდე თქუ გონებასა შენსა ვითარმედ: უცხო და გლახაკ ვარი მე და განისუენო"("ლიმონარი" იოანე მოსხი).

"არავითარი ურთიერთობა არ გქონდეს მწვალებლებთან, არავინ მოიხსენიო მათგან ან ვინც მათ აზრებს იზიარებს, რამეთუ დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა, ყველას გასაგონად გამოაცხადა ღმრთის მტრებად არა მარტო მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც" (წმ. თეოდორე სტუდიელი "Творения Св. Феодора Студита", т.II, 1908 г.).

ამ გამონათქვამთა შუქზე ნათლად ჩანს თუ რამდენად მიუღებელია ქრისტეანისთვის ეკუმენიზმში მონაწილეობა. ჩვენ კი "შევთხოვთ საღმრთო ერს, წმიდა ერს, რომ მტკიცედ დაიცვან საეკლესიო გადმოცემანი, რამეთუ უმნიშვნელო გადმოცემათა დავიწყებაც კი ისეთივე საზიანოა ეკლესიისათვის, როგორც შენობისათვის მისი შემადგენელი ქვების თანდათანობით მოცილება, რომელიც დაანგრევს მთელ შენობას. ვიყოთ ურყევნი, მიუდრეკელნი, დამყარებულნი მტკიცე კლდეზე _ ქრისტეზე", (წმ. იოანე დამასკელი " I სიტყვა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ") რამეთუ "ქრისტეს წმიდა ეკლესიაშია ანთებული ელვარე ლამპარი სული წმიდის სწავლებისა; ნუ მიაპყრობთ მზერას უცხო ლამპრებს, რომლებიც სხვა გზებზე ანათებენ. მხოლოდ ერთ გზას, ჭეშმარიტების გზას მივყავართ ცხონებისაკენ; ყველა სხვა გზა წარსაწყმედელისაკენ მიდის. მრავალნი იღვწიან, მრავალნი იტანჯებიან, მაგრამ გვირგვინოსანნი მხოლოდ 'სჯულიერად მოღვაწენი" (2 ტიმ. 2;5) შეიქმნებიან (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე "Аскетическая проповедь и письма”, 1905. том 4, ст. 497).

დასასრულ ჩამოვთვლით უმთავრეს პუნქტებს ეკუმენისტური მსოფლმხედველობისა, რომლებიც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, განსაკუთრებით კი დოგმატს ეკლესიის შესახებ, და ამდენად მწვალებლური არიან.

1. მოძღვრება ე. წ. 'მოსამსახურე ეკლესიის' შესახებ, რომელიც ამქვეყნიური სამოთხის აშენებით ანუ სოციალურად იდეალური "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარებით იქნება დაკავებული. საქმე გვაქვს აშკარა "ნეო-ჰილიაზმთან". ეკლესიის მიერ დაგმობილ სწავლებასთან.

2. მოძღვრება ე. წ. "უხილავ ეკლესიაზე", რომ ამ ქვეყნად ხილული ჭეშმარიტი ეკლესია არ არსებობს. ხოლო სხვადასხვა კონფესიათა გაერთიანება გვაძლევს "უნივერსალური ეკლესიის" აშენების საშუალებას. ტერმინი "უხილავი ეკლესია" პროტესტანტული წარმოშობისაა და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას ერთიანი, განუყოფელი ზეციური (მედღესასწაულე) და ამქვეყნიური (მებრძოლი) ეკლესიის შესახებ, რომლის თავია უფალი ჩვენი იესო ქრისტე (ეფ. 1;10).

3. ე. წ. "განშტოებათა თეორია", რომლის მიხედვითაც ეკლესია გაყოფილია პროტესტანტულ, ანგლიკანურ, რომის-კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და სხვა შტოებად. ამ თეორიის მიხედვით ეკლესია არსებობს მხოლოდ განხეთქილებაში მყოფ კრებულთა (სქიზმათა) სახით: აღმოსავლური სქიზმა, პაპისტური სქიზმა, ლუთერანული სქიზმა და სხვ. "განტოებათა თეორია" ანუ ეკუმენისტური პლურალიზმი უშუალოდ არღვევს დოგმატს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ და ამდენად აშკარა ერესია.

წმ. ირინეოს ლიონელი გვასწავლის: "ეკლესია, მართალია მთელს ქვეყნიერებაზეა მოფენილი, მაგრამ იგი ცხოვრობს, როგორც ერთ სახლში: მონდომებით ინახავს სამოციქულო სარწმუნოებასა და ქადაგებას და სწამს ერთსულოვნად, ერთი სულით და ერთი გულით. იგი ყველგან ისე ასწავლის, თითქოს ერთი პირი ჰქონდეს, თუმცა ქვეყანაზე მრავალი ენა და ერი არსებობს".

4. ე. წ. "ინტერკომუნიონი", ანუ საიდუმლოთა ერთობლივი აღსრულება, სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა მიერ. ეკუმენისტურ თავყრილობებზე კი აღესრულება ეკუმენური ლიტურღია (ე. წ. "ლიმა ევქარისტია").

5. "ახალი სულთმოფენობის მოლოდინი" (ხარიზმატული მოძრაობა), რაც მთლიანად ეწინააღმდეგება ეკლესიის ესქატოლოგიურ სწავლებას და ნიადაგს ამზადებს ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებლობისათვის.

ზემოთ თქმულიდან ნათლად ჩანს ახალი, ზეკონფესიური რელიგიის (მომავლის რელიგიის) შექმნის მცდელობა, რომელიც ანტიქრისტეს წინამორბედის ფუნქციას შეასრულებს.

სინანულის უდიდესი მასწავლებელი წმიდა ეფრემ ასური გვმოძღვრავს: "მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ, ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად, ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი, არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ, რამეთუ მწვალებელთ ყველაფერი უწმიდური აქვთ" (Твор. Преп. Ефрема Сирина. том 3, 1912, Москва, стр. 371) -ეს სიტყვები თანამედროვე ჰუმანისტ-ეკუმენისტებისთვის უსიყვარულობის, ფანატიზმისა და არაჰუმანურობის გამოვლინებაა. ალბათ "მართლმადიდებელ" ეკუმენისტებსაც ჰგონიათ, რომ ღმერთშემოსილ მამებზე უფრო მეტი სიყვარული გააჩნიათ, როდესაც თამამად მონაწილეობენ ეკუმენურ თავყრილობებზე მრავალ მწვალებელთან ერთად. წმ. მამათა აზრით ადამიანური მეცადინეობანი მწვალებელთა მოსაქცევად უნაყოფო და ამაოა. მაგალითად, I მსოფლიო კრებაზე არიოზის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკლესიის მნათობნი: წმ. ათანასე დიდი, წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, წმ. იაკობ ნაზიბიელი, წმ. სპირიდონ საკვირველთმოქმედი იდგნენ, მაგრამ მათ მწვალებელთა გულები ვერ გაალღვეს, თუმცა მარტოოდენ სიტყვითა და შეგონებით როდი მოქმედებდნენ. წმ. ეფრემ ასურის სიტყვით: "ეშმაკის დამოძღვრა უფრო იოლია, ვიდრე მწვალებელთა მოქცევა. მათში ჩასახლებული სატანა აღიარებს, ისინი კი თავისაზე დგანან ჯიუტად, მთა უადვილეს ჩამოივაკებს, ვიდრე განდგომილი აღიარებს ჭეშმარიტებას" (Твор. Св. Ефрема Сирина, част. 5. 1887, "Завещание”).

დიალოგი და კამათი ყველაზე სუსტი იარაღია ერეტიკოსთა მოსაქცევად ბრძანებს წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი). ეს იარაღი უფრო მავნეა ვიდრე სასარგებლო. ამპარტავანი ერესი ვერ იტანს მხილებას და უფრო მძვინვარდება. ეს ეკლესიის ისტორიამ დაადასტურა. აბბა ესაია გვაფრთხილებს: "გაექეცი საუბარს მწვალებელთან, სარწმუნოების შესახებ, რათა შხამი მათი მკრეხელური სიტყვებიდან მომწამლავი არ გამოდგეს შენთვის" (Авва Иссаия, "Добротолюбие", т. I 1895, ст. 299). თუმცა ეკუმენისტურ შეხვედრებზე საქმე აქამდე მაინც არ მიდის, რადგანაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ფარგლებში ოფიციალურად აკრძალულია საკუთარი სარწმუნოების ქადაგება. აკრძალულია აგრეთვე "პროზელიტიზმი" (ერთი აღმსარებლობიდან მეორეში გადასვლის ქადაგება).

მართლმადიდებლებმა საკუთარი შეხედულებანი უკანასკნელად მხოლოდ 1961 წელს ნიუ-დელის ასსამბლეაზე გამოთქვეს საჯაროდ. მას შემდეგ დიდმა დრომ გაიარა, მართლმადიდებელი ეკუმენისტები კი დუმილით ხვდებიან ეკუმენისტურ განცხადებებს (თუ რამდენად მისაღებია ეს განცხადებანი ზემოთ უკვე ვნახეთ).

1975 წელს კუნძულ კრეტაზე ჩატარდა ე.მ.ს. "რწმენისა და მოწყობის" კომისიის კონსულტაცია. ანგარიში ამ შეხვედრის შესახებ დაბეჭდილია "Ж.М.П”-ს 1975 წ. N 9-ში, სადაც ვკითხულობთ: "მართლმადიდებელი ეკლესია არ ითხოვს რათა სხვა "ქრისტეანენი" მოიქცნენ და დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას, არამედ მოუწოდებს მათ, რათა ყველა 'ეკლესია' რაც შეიძლება მეტად ჩაუღრმავდეს სამოციქულო რწმენას. მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს უფლება ვინმეს მასთან შეერთებისაკენ მოუწოდოს".

ასე, რომ პოზიტიური რელიგიური არგუმენტი ეკუმენისტურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად არ არსებობს.

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიამ 1983 წელს ვანკუვერის ეკუმენური ასსამბლეის დამთავრებისთანავე ანათემას გადასცა ეკუმენიზმი: "ანათემა მათ ვინც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს და ასწავლის, თითქოს ქრისტეს ეკლესია ე. წ. "განშტოებებად" დაიყო, ანდა - თითქოს ეკლესია ხილულად არ არსებობს და მხოლოდ მომავალში შეიქმნება, როდესაც ყველა განშტოება (აღმსარებლობა) და სერთოდ ყველა რელიგია ერთ სხეულად გაერთიანდება. ანათემა მათაც, ვინც ეკლესიის მღვდლობასა და საიდუმლოებს, მწვალებელთა მღვდლობისა და საიდუმლოებისაგან არ განასხვავებს და ამბობს თითქოს მწვალებელთა ნათლობა და ევქარისტია საკმარისია ცხონებისათვის. ანათემა მათაც, ვისაც შეგნებულად აქვს ურთიერთობა (ლოცვითი კავშირი) ხსენებულ მწვალებლებთან, ანდა იცავს, ავრცელებს და ესარჩლება ეკუმენიზმის ახლად მოვლენილ მწვალებლობას, ვითომცდა ძმური სიყვარულის ანდა განყოფილი ქრისტეანების სავარაუდო გაერთიანების საბაბით!"

No comments:

Post a Comment