წმ. მღვდელმთავარი იოსებ თესალონიკელი (762-832), თავის უფროს ძმასთან წმ. თეოდორე სტუდიელთან ერთად ჯერ საკკუდიონის, ხოლო შემდეგ სტუდიელთა მონასტერში მოღვაწეობდა. 808 წელს მას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი თესალონიკის კათედრაზე. იმპერატორების: კონსტანტინე VI-ს და ნიკიფორეს დროს წმ. იოსები გადაყენებულია კათედრიდან და გადასახლებაში იმყოფება სხვა სტუდიელებთან ერთად მას სდევნიან საეკლესიო კანონთა უკომპრომისო დაცვის გამო. 812 წელს პატრიარქ ნიკიფორესთან შერიგების შემდეგ იგი კვლავ თესალონიკის მთავარეპისკოპოსია. იოსები საკმაოდ ნაყოფიერი ჰიმნოგრაფი იყო, მის კალამს ეკუთვნის არაერთი საგალობელი კანონი, რომელიც “ტრიოდიონშია” შესული. ხატმბრძოლობის დროს წმ. იოსები კვლავ გადასახლებებში და საპყრობილეებშია. ცნობილია, რომ მას პირადად შეხვდა იმპერატორი ლეონ სომეხი, რომელიც დაპირებებით ეცადა მთავარეპისკოპოსის დაყოლიებას, ერესისადმი შემგუებლურ ანუ იოანე გრამატიკოსის პოზიციაზე დამდგარიყო, მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც იგი გადაასახლეს. ცხოვრების ბოლო წლებში იოსები დაუახლოვდა წმ. მღვდელმოწამე ექვთიმეს, სარდიკიის ეპისკოპოსს. იმპერატორ მიქაელ II-ის დროს წმ. იოსები და წმ. ექვთიმე დედაქალაქში ცხოვრობდნენ და შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდნენ. იმპერატორ თეოფილეს გამეფებისთანავე ორივე მღვდელმთავარი კვლავ დევნულებაში აღმოჩნდა. მათ ბრალი დასდეს წმ. მეთოდეს (შემდგომში კონსტანტინოპოლის პატრიარქი) თანამზრახველობაში, რომელიც იმხანად რომიდან კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და თან რომის პაპის ეპისტოლე ჩამოიტანა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ. წმ. მეთოდე დააპატიმრეს, მას აგრეთვე ბრალი დასდეს დედაქალაქში პამფლეტის გავრცელებაში, სადაც ნაწინასწარმეტყველები იყო იმპერატორის სიკვდილი. მსგავსი პამფლეტების შედგენაში დასდეს ბრალი წმ. ექვთიმესა და წმ. იოსებს. წმ. ექვთიმე სასტიკად სცემეს შოლტით, რის შემდეგაც იგი მალე გარდაიცვალა. წმ. იოსებ სტუდიელი კი დააპატიმრეს. 832 წელს წმ. იოსები პატიმრობაში გარდაიცვალა. 844 წლის 26 იანვარს მისი წმიდა ნაწილები წმ. თეოდორე სტუდიელის წმიდა ნაწილებთან ერთად საზეიმოდ გადაასვენეს სტუდიელთა მონასტერში.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment