წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: სინანულისა და ლოცვის შესახებ

ნუთუ ქვეყანაზე არის ისეთი კაცი, რომ სასიკვდილო შხამით მოწამლული და საშინელი ტკივილებით გაწამებული, კანზე უმნიშვნელო ჭრილობას აქცევდეს ყურადღებას? ცხადია, შინაგანი ტკივილი და მოსალოდნელი სიკვდილის შიში მას იმ მცირე განაკაწრს სრულიად დაავიწყებს. ხშირად აუტანელი ტკივილით გატანჯული კაცი ტანსაცმელს იხევს, ყველა ახლობელს ივიწყებს და თავის გარეგან ჭრილობას ფრჩხილებით კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. ამ დროს, მას რაგინდ დიდი შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენონ, ყურადღებას არ მიაქცევს. იგი აღარც მამულზე ზრუნავს, არც სიმდიდრეზე, პურსაც კი არ სჭამს უზომო ტკივილების გამო, ყველა იქ მყოფს ასე ეუბნება: მომცილდით, სიკვიდლი იმარჯვებს ჩემზე, ცოტაც და სულს ამომართმევს! ან კი რად მინდა ასეთი სიცოცხლე, სიკვდილი მიჯობს ამ საშინელ წამებას!

მომაკვდავი მოუსვენრად ბორგავს სარეცელზე, ან ყვირილითა და გოდებით იატაკს ენარცხება; არაფრად აგდებს გარშემო მყოფთა გაკიცხვას. მისი თვალები უამრავი ცრემლისმღვრელი ორი ნაკადულია. ასეთი კაცი ყველას შენატრის – ცოცხლებსაც, მიცვალებულებსაც, შენატრის იმათ, ვინც ჯერ არ დაბადებულა, შენატრის ყველა პირუტყვსა და ქვეწარმავალს და ამბობს: ჭეშმარიტად კურთხეულია ყოველი ქმნილება ღმრთისა, რადგან ისინი ჩემებრ კი არ იტანჯებიან, არამედ ცხოვრებას სიხარულსა და სიმრთელეში ატარებენ. მხოლო მე მამძიმებს უზარმაზარი ტვირთი ცოდვისა, რომლისთვისაც მიწაზევე აუტანელ ტანჯვას განვიცდი და მარადიული ცეცხლიც არ ამცდება. ამ დროს მას ყველა კეთილგონიერი ჰგონია, თავად კი ერიდება მათ, როგორც უწმინდური. იგი მართალსა და მტყუანს არ განასხვავებს, არამედ ღირსეულსაც და უღირსსაც წმინდანად რაცხს. მხოლოდ საკუთარ თავს სცნობს ცოდვილად. ასე ზის საკუთარ უსჯულოებათა სანაგვეზე, მწუხარებისა და სევდის სიბნელეში, რომელსაც თითქოს დასასრული არ უჩანს და დაჩირქებულ წყლულებს იობის მსგავსად ქოთნის ნატეხით კი არ ისუფთავებს, არამედ ფრჩხილებით, რადგან დიდია მისი გულისტკივილი. იობი თუმცა სხეულით დასნეულდა, მაგრამ მისი სული ღმრთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, მას კი სხეულთან ერთად სულიც ცოდვითა აქვს მოწამლული. ამიტომ, ასეთი ჭრილობები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე იობისა. ამის შემდეგ მომაკვდავს ტოვებენ ნათესავები, მეგობრები და ახლობლები, ამქვეყნად რომ ჰყავდა. ისინი მცირე ხნით ჩამოჯდებიან მის სასთუმალთან, ზოგიერთი ცრემლსაც გადმოაგდებს, შემდეგ კი ყველა თავიანთ სახლებში გასწევს. მაშინ, საკუთარ თავთან დარჩენილი, იგი საშინელ მარტოობას იგრძნობს და უფრო მეტად დამწუხრებული, გულდაწყვეტილი და სასოწარკვეთილი შეჰღაღადებს უფალს: “შენ ყოველივე იცი, უფალო, და ყოველივეს ჰხედავ. თუმცა შენგან ქმნული ვარ, მაგრამ შენს მცნებებს არ ვასრულებდი და ჩემი უგუნურების გამო ყოველგვარი ბოროტება მაქვს ჩადენილი. არასოდეს მიფიქრია შემოქმედო ჩემო, რომ შენ, თუმცა სახიერი და კაცთმოყვარე ხარ, მაგრამ ამავე დროს ხარ მართლმსაჯულიც. მხოლოდ ახლა ვხვდები ამას! შეძრწუნებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე! ვგრძნობ, უფალო, შენ განკიცხვას და არაფრით შემიძლია თავი ვიმართლო. არანაირი სათნოება არ გამაჩნია და არც სინანული მქონია ოდესმე, ამიტომ ვერ ვბედავ შენგან შეწყნარება ვითხოვო. იმასაც ვხედავ, რომ შენი შეწყალების გარეშე კაცი თავის ცოდვებს ვერ გამოისყიდის, რაგინდ სათნოებით არ უნდა იყოს იგი შემკული და მრავალ კეთილ საქმეს აღასრუოლებდეს. ცოდვა – სიკვდილია, და ვის ძალუძს საკუთარი ძალისხმევით მკვდრეთით აღდგომა? ჭეშმარიტად არავის. მხოლოდ შენ მოკვდი, და აღსდექ, რამეთუ ცოდვა არ გქონდა და არც ზაკვა გამოსულა შენი ბაგიდან. მეუფეო, ყოვლისმპყრობელო, მრავალი ცოდვით დამძიმებული – ვინანიებ ჩემს დანაშაულს, მაგრამ ვიცი, მხოლოდ სინანულით ვერ გავმართლდები. სინანული საკუთარ ცოდვათა შეცნობაა, მათი განბანვა კი მხოლოდ შენს მოწყალებას შეუძლია. ვხედავ, უფალო, რომ გარდა სხეულისა, აღარაფერი გამაჩნია. ახლა მე მხოლოდ წყლული ვარ. ჩემში გადარჩენის ყოველგვარი იმედი გაქრა და ჯოჯოხეთი მზად არის ცოცხლად შთანმთქას. მხოლოდ შენ ერთს ძალგიძს ჩემი ხსნა და განკურნება. ჯოჯოხეთის უფსკრულებსაც სწვდება ყოვლად ძლიერი მარჯვენა შენი და ყოველივე მას ემორჩილება. ვერ ვბედავ ვთქვა: მიწყალე მე, ღმერთო! რამეთუ პატიებას არ ვიმსახურებ, არამედ “სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენ, მომეგების!” შენ ყოველივე უწყი, უფალო და როგორც შენი კაცთმოყვარეობა ინებებს, ჩემგვარი უღირსი მონა ისე განსაჯე”.



სახიერი უფალი მსწრაფლ შეისმენს მონანულის ამგვარ ვედრებას, დაუყონებლივ ნუგეშისცემას გაუგზავნის მას და იხსნის მწუხარებისაგან, ვინაიდან ღმერთი კაცთმოყვარეა და არ სურს, რომ მისი ქმნილება ამგვარ შეჭირვებასა და აუტანელ ურვაში იმყოფებოდეს. ადამიანი, რომელიც ყოველივე ზემოთქმულს მოუკლებლივ აკეთებს, და აგრეთვე მათაც, ვინც მას ამ სინანულში მიბაძავს, ღმერთი დიდსა და გამოუთქმელ წყალობას უბოძებს, ავადმყოფობას სიხარულით შეუცვლის, მწუხარებას კი ლხინით, და საბოლოოდ განათავისუფლებს საშინელი ურჩხულის შხამისაგან, მის შიგნეულობას რომ სწვავდა. ამ წუთიდან მონანული კაცი უწინდელ გაჭირვებას და ავადმყოფობას ივიწყებს; იგი აღარასოდეს გაიხსენებს გადატანილ მწუხარებას, არ შეუდგება ავადმყოფობის ჟამს დაკარგული ფულისა და ნივთების ძებნას, არც სხვა რამ დანაკლისზე დასწყდება გული. უფალი მას მისცემს სიმრთელეს, რომელიც ყოველგვარ მიწიერ საუნჯეს აღემატება. ეს სიმრთელე ადამიანს გამოუთქმელ სიხარულს ანიჭებს და მისი გულიდან ყველა სნეულებას განაგდებს. ამ დროს მონანული ხედავს, რომ ვერანაირი გარეგანი მწუხარება ვერ მიუახლოვდება იმ დიდ სიხარულს, რომელსაც მის გულში დაუდვია ბინა. მისი ახლობლები და მეგობრები კი ამას ვერ ამჩნევენ და ამბობენ: “ეს კაცი არასოდეს გვინახავს მხიარული. მისი ცხოვრება მწუხარებითა და ნაღველითაა სავეს. ხვედრი მისი – არაფრით განსხვავდება კატორღელთა ხვედრისაგან, რომლებიც ბოროტი საქმეების გამო ისჯებიან”. მხოლოდ მან იცის, რომ მისი ცხოვრება სიხარულით აღივსო. ეს სიხარული სიკვდილს დასცინის და მას ჯოჯოხეთი ვერ მოერევა, რადგან ამგვარი ცხოვრება მარადიული და უსასრულოა. ეს შინაგანი ლხენა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ყოვლისმპყრობელ მეფეთა, პორფირითა და ბისონით შემოსილ მდიდართა და ამ სოფლისაგან
განდიდებულთა განცხრომა, რამეთუ მან უწყის, რომ მისი სიღარიბე ყოველ ამქვეყნიურ სიმდიდრეს აღემატება. ქვეყნად ყოველივე წარმავალია, მიწით იფარება და სიკვდილისაგან იმუსრება. ღვთივბოძებულ ნუგეშისცემას კაცი არ დასთმობს, რადგან ის არაამქვეყნიურია. მასში ღვთური სიხარული არც მიწიერი დიდებისა და უხვი სიმდიდრის გამო ჩასახულა, არც ხორცის სილამაზისა და ჯანმრთელობის გამო, არამედ იგი მისი სულის ხანგრძლივი მწუხარებისა და საღმრთო სულის მოქმედების ურთერთმირქმის ნაყოფია. რატომ ვერ სძლევს მას სიკვდილი? იმიტომ, რომ იგი მის სულში განსაკითხს ვერაფერს ჰპოვებს. ის დაწმენდილი და მზის შუქზე გამჭვირვალე ღვინის სადარი იქნება, და თუკი ვინმე მის შესმას მოისურვებს, გულსაც გაუხარებს და სასმელის ათინათი სახესაც გაუცისკროვნებს.

ასეა, ვინც სინანულის ამ სასარგებლო სამსაჯავროს გაივლის, არანაირი სხვა სასჯელის, სატანჯველისა და განსაცდელის შიში აღარ ექნება, რამეთუ ამგვარი სინანულის სულიერი წყურვილი არასოდეს განქარდება და ეს ტკბილი, კამკამა და ბრწყინვალე სასმელი არასოდეს დაიშრიტება, მისი სიტკბოება და სიხარულისმომგვრელი ციური ბრწყინვალება კაცის სულიდან ყოველგვარ სევდას განაგდებს და მას მოზეიმედ აქცევს, ამიტომ ამ გადარჩენის წყაროს მას ვერავინ მოსწყვეტს და ვერც წინ აღუდგება. “თავადი ამა სოფლისა” და მეუფე წყვდიადისა, მზაკვარი ეშმაკი, რომლის ბოროტებაც გაბატონებულია წყალსა და ხმელეთზეც, და რომელსაც პატარა ჩიტივით უპყრია ხელთ ეს სოფელი და მისით ერთობა, მთელი თავისი ლეგიონებითაც კი ვერ გაბედავს მიუახლოვდეს ან თუნდაც ოდნავ შეეხოს მას. ამ სულიერი ღვინის ელვარება ციალებს კაცის სახეზე, გადაეცემა ხელ-ფეხს, მთელ სხეულს მოედება და ძლიერ ცეცხლად აქცევს, რათა დასწვას მასთან მებრძოლი მტერი. იგი გახდება პირმშო სინათლისა, მეგობარი მზისა და საყვარელი შვილი ღმრთისა. ამგვარი ზეციური ღვინით საზრდოობა განწმენდს მისი სულიერი წყლულების სიბილწეს და მას სრულ სიჯანსაღეს მიანიჭებს. ეს სიმრთელე კი მას სხვა მავნე საზრდელის მიღების ნებას არ მისცემს, არამედ მხოლოდ ამ ღვინოს, ანუ სინანულის შესმის უსაზღვროდ ძლიერ წადილს აღძრავს, რათა უფრო და უფრო მეტად განიწმინდოს და განამტკიცოს თავისი ჯანმრთელობა. ამგვარი სულიერი სიჯანსაღის მშვენიერებითა და კეთილსახოვნების მადლით შეუძლებელია კაცის განძღომა.

საყვარელნო შვილნო! საბოლოოდ ასეთი გახდება ის, ვინც ყოვლისმპყრობელის წინაშე შესცოდა, ხოლო შემდეგ დაეუფლა შიში ღმრთისა, ანუ ვინც ძრწის საზარელი სამსჯავროსა და უფლის პირისაგან განგდების მოლოდინში. ისევე როგორც მანქანა, რომელიც დაწურულ ყურძენს აწვება და სრესს (ჩვეულებრივ ყურძენს ჯერ ფეხებით წურავენ, ხოლო შემდეგ მძიმე ქვით ჭყლეტენ, რათა მას მთელი წვენი გამოადინონ), ასევე ღმრთის შიში და მისი მართლმსაჯულების შეგრძნება ქვის ლოდივით შემუსრავს კაცის ხორცსა და ძვლებს, დათრგუნავს მას და დაამდაბლებს ყველას წინაშე. ხოლო როდესაც მისი სიამაყე და პატივმოყვარეობა საბოლოოდ მოტყდება, მაშინ მას ზეგარდმო მიეცემა მსუბუქი და უტკბილესი გრძნობა სიმდაბლისა, ლოდივით დააწვება, გამოსწურავს მისგან ხორციელ ვნებებს და მას კეთილმსახურებად აქცევს. ამგვარად დამდაბლებულსა და სულით შემუსვრილს უფალი ცრემლთა ნაკადულებით გაანაყოფიერებს. ეს ცრემლები კი ის მალამოა, რომელიც კაცს ყოველგვარი ცოდვისაგან განკურნავს, ბინძურ წყლულებს განბანს და თოვლივით განასპეტაკებს.

ნეტარ არს კაცი, რომელიც ისმენს ამ სიტყვებს, რწმენით მიიღებს მას და საქმედ აქცევს. იგი უდიდესი საუნჯეს შეიძენს, რომელიც ყოველგვარ სიბრძნეს, სიტყვასა და აზრს აღემატება. ის დააფასებს ამ წერილის ცოდვილსა და გლახაკ დამწერს და განადიდებს მრავლისმოწყალე ღმერთს, რომელმაც ჩემი ბილწი ენისა და არაწმინდა ბაგეთა მეშვეობით გვაუწყა ყოველივე ეს სინანულის მაგალითად და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად მათთვის, ვისაც მთელი გულით სურს ხსნა და ცათა სასუფევლის დამკვიდრება ღმერთში და მაცხოვარში, რომელსაც შვენის დიდება უკუნისამდე, ამინ!

თარგმნა ია ისაკაძემ
“სიტყვა მართლისა სარწმუნებისა”, ტ. I, 1990წ.

No comments:

Post a Comment