წმ. მაკარი დიდი

სიყვარულისათვის დამბადებელისა

ჭეშმარიტნი იგი მოყუარენი ღმრთისანი, რომელთა უყუარს იგი, ვითარცა ჯერ-არს, იგინი არა ჰმსახურებენ მას სასუფეველისათჳს, რაჲთამცა სასყიდელი მიიღეს, არცა კუალად შიშისათჳს ჯოჯოხეთისა, არამედ თჳთ მისისა სიყუარულისათჳს დამბადებელისა, რამეთუ უცნობიათ მათ ჭეშმარიტი მეუფებაჲ მისი და ჰმსახურებენ, ვითარცა მონანი, რომელნი ისწრაფდიან სათნო-ყოფად თჳსისა უფლისა და ბრძოლათა ბოროტთა მათ სულთასა ახოვნად მოითმენენ. რომელნი-იგი ისწრაფიან, რაჲთამცა განაშორნეს იგინი ღმრთისაგან, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: “მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე” (ფს.118,157). რამეთუ რაოდენცა იდევნებოდინ და იჭირვოდინ სულთა მათ მიერ უკეთურთა, რომელნი განაბნევენ გულისსიტყუათა სულისათა და ისწრაფიან, რაჲთამცა სხუანიცა ჭირნი აღადგინნეს მათ ზედა. ხოლო იგინი უფროჲსად შეეყოფვიან უფალსა და თავთა თჳსთა იძულებენ ძიებად მისა და ყოველსავე ჭირსა მოითმენენ და არა განეშორებიან უფლისაგან, არამედ სიყუარულითა მისითა იწუებიან, რამეთუ მრავალნი არიან სოფელსა ამას შინა, რომელნი არა უტევებენ სულსა სათნო-ყოფად ღმრთისა. სიგლახაკე დამახრწეველ არს სათნო-ყოფად ღმრთისა, სიმდიდრე ეგრეთვე დამაყენებელ არს, უპატიოებაჲ და გინებაჲ ესეცა მაყენებელ არიან, დიდებაჲ და პატივი კაცთაჲ ეგრეთვე განსაცდელ არიან, სენნი და ვნებანი ესეცა მაყენებელ არიან. ეგრეთვე კუალად უხილავნი ბრძოლანი და ჭირნი აყენებენ სულსა მიახლებად ღმრთისა და ისწრაფიან დაჴსნილობად მოყვანებასა მისსა, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: “ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე და მცნებანი შენნი წურთა არიან ჩემდა” (ფს.118,143). ეგრეთვე კუალად ესეცა გულისჴმის-ყოფით ისმინე, ვითარმედ განსუენებაჲცა იგი, რომელი მადლისა მიერ მოიწევის სულსა ზედა და ნუგეშინის-ცემაჲ, უკუე სულმან არა მეცნიერებით შეიწყნაროს და დამდაბლდეს და ესრეთ დაიმჭიროს მადლი იგი, იგიცა ვითარცა დამახრწეველი მისი იქმნების და გამოსაცდელი, რაჲთა არა მარადის იყოს მჴურვალებასა ზედა და ტკივილსა მას მიახლებად ღმრთისა. და ვითარცა განსუენებით არს მადლისა მის მიერ, რომელი მის თანა მოვიდა, რამეთუ უკეთური იგი მადლისა მიზეზითა დაიმორჩილებს და აცთუნებს მას დაჴსნილობისა მიმართ და სიმაღლითა მცირედისა მის განსუენებისაჲთა ამპარტავანებად და უურველობად მოიყვანებს. რამეთუ მასცა მადლსა საღმრთოსა უჴმს, რაჲთა სულმან გულისჴმა-ყოს და იქმოდის ნაყოფსა ღირსსა მისსა, რამეთუ განსაცდელნიცა ეშმაკისანი გამოსაცდელ არიან სულისა და მადლი იგი წმიდისა სულისაჲ ეგრეთვე სულისა მის ჩჩჳლისა და უგუნურისა გამოსაცდელ არს, ხოლო სარწმუნოჲსა მის და ბრძენისა  -  ცხორებაჲ საუკუნო. რამეთუ ორითავე საქმითა ღმერთი სულთა გამოსცდის, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ არა შესაძინელისათჳს უყუარს იგი, არამედ თჳთ მისისა მეუფებისათჳს, რომელი-იგი ფრიადისა პატივისა და სიყუარულისა ღირს არს. ხოლო უკუეთუ არა უდებ იქმნას მოღუაწებისაგან სათნოებათაჲსა, რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ უფლისაჲ და არცა განსუენებისათჳს და ნუგეშინისცემისა, რომელი მადლისა მიერ მოვალს, არცა ბრძოლათაგან მტერისათა დაიჴსნას მოღუაწებისა თჳსისაგან, ეგევითარი იგი ვითარცა მოყუარე ჭეშმარიტი ღმრთისაჲ მკჳდრ სასუფეველისა გამოჩნდების და ღირს იქმნების შვილ ღმრთისა ყოფად. რამეთუ არცა ბრძოლათა მიერ დაჴსნილ იქმნა და ვერცა ნუგეშინის-ცემამან სულისამან დააცხრვო რაჲთ იგი მოღუაწებისაგან. ხოლო ესევითარი იგი ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ არს.

რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ყოველივე საქმე ამის ქუეყანისაჲ მცირედმორწმუნისა მისთჳს დასახრწეველ არს, გინა თუ ჭირი ვნებათაჲ, გინა თუ სენი, გინა თუ შეურაცხებაჲ, გინა თუ ფარული ბრძოლაჲ მტერისაჲ, გინა თუ პატივი და დიდებაჲ და სიმდიდრე და ქებაჲ. ესე ყოველი დამახრწეველ ცხოვრებისა საუკუნოჲსა არს კაცისა მისთჳს, რომლისა გონებაჲ ჩჩჳლ იყოს. ხოლო კუალად კაცისათჳს მორწმუნისა და მოსწრაფისა წინამძღუარ სასუფეველისა არიან, რომელსა-იგი ჭეშმარიტებით ღმერთი უყუარს, რამეთუ მან ყოველივე განხეთქა და სძლო წინააღმდგომსა მისსა. და მხოლოჲ ღმერთი შეიყუარა და მას შეეყო, ვითარცა დავით იტყჳს: “ბადის პირნი ცოდვისანი მომეხჳნეს მე და მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ” (ფს. 118,61). და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: “მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯჳს” (რომ. 8,28). ამისთჳს უკუე მივსცნეთ თავნი ჩუენნი მეუფესა ჩუენსა სარწმუნოჲთა გონებითა და შეუდგეთ მას, ვითარცა დამბადებელსა ჩუენსა და სიყუარული აღსრულებითა მცნებათაჲთა გამოვაჩინოთ, რაჲთა ამით ესევითარითა სახითა და მართლითა გონებითა ვპოვნეთ აღთქუმანი იგი სულისანი და გულნი ჩუენნი მადლითა მისითა აღივსნენ და ესრეთ დავიმკჳდროთ სასუფეველი ცათაჲ და ქრისტეს თანა ვიშუებდეთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"


No comments:

Post a Comment