ახალდამწყების ლოცვის სული

წმ. მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

1. ლოცვა ღმრთისადმი შეწირული ჩვენი სათხოვარია.

2. საზრისი ლოცვისა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი - დაცემული არსებაა. იგი ისწრაფვის დაიბრუნოს ის ნეტარება, რომელიც ჰქონდა, მაგრამ დაკარგა და სწორედ ამიტომაც ლოცულობს.

3. ღმერთის უდიდესი მოწყალების იმედი - აი ნავთსაყუდელი ლოცვისა. ნურასოდეს ეტყვი საკუთარ თავს: “მე ცოდვილი ვარ; ნუთუ ღმერთი შეისმენს ჩემს ლოცვას?” ცოდვილი რომ ხარ, სწორედ შენ გეხება მაცხოვრის სიტყვები: “არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად” (მათე. IX; 13).

4. იმისათვის, რომ ლოცვისთვის მოვემზადოთ, საჭიროა დაუნაყრებელი მუცელი, რწმენის მახვილით ამაო საზრუნავზე ფიქრის მოკვეთა, ყოველი წყენის პატიება გულის სიწრფელით, მადლობა ღმრთისა ყველა მწუხარებათა გამო, მეოცნებეობისა და გაფანტულობის განგდება, კეთილკრძალული შიში ღმრთისა, რომელიც ესოდენ დამახასიათებელი უნდა იყოს ყოველი ქმნილებისათვის, რამეთუ ლოცვისას იგი შემოქმედთან საუბარზე იქნება დაშვებული.

5. დაცემული კაცობრიობისადმი მაცხოვრის მიერ ნათქვამი პირველი სიტყვები იყო: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა” (მათე IV; 17). ამიტომაც, ვიდრე არ შეხვალ ამ სასუფეველში, აკაკუნე მის კარიბჭეზე სინანულითა და ლოცვით.

6. ჭეშმარიტი ლოცვა ჭეშმარიტი სინანულის ხმაა. როდესაც ლოცვა სინანულით არ არის გამსჭვალული, მაშინ იგი არ ასრულებს თავის დანიშნულებას, მაშინ იგი არ არის სათნო ღმრთისათვის. ასეთი ლოცვა არ დაამდაბლებს და არ შემუსრავს სულს, რომელიც უნდა იქცეს მსხვერპლად ღმრთისა (ფს. 50; 19).

7. მაცხოვარი ამბობს, რომ “ნეტარ არიან გლახაკნი სულითა”, რამეთუ მათ თავმდაბალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. დაცემულ არსებად მიიჩნევენ თავს და თვლიან, რომ გამოდევნილნი არიან სამოთხიდან, ჭეშმარიტი მამულიდან. “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა”(მათე. V; 3). “ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა”, ლოცვაში საკუთარი სულის სიგლახაკის განცდათა გამო, “რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ” (მათე V; 4) სული წმიდის მადლიერი ნუგეშინისცემით, რომელიც ქრისტესმიერ მშვიდობაში და ქრისტეს მიერ სიყვარულში მდგომარეობს. მაშინ მლოცველის სიყვარულს აღარავინ გამოაკლდება და თვით მტერზეც ილოცებს, რადგან შერიგებულია ამ ცხოვრების ყველა უმძიმეს გარემოებას.

8. როდესაც უფალი ლოცვას გვასწავლის, მლოცველის სულს ადარებს დაჩაგრულ ქვრივს, რომელიც უმკაცრესი მსაჯულის წინაშე მოუკლებლივ დგას და მანამდე ითხოვს, ვიდრე არ მიიღებს. (ლუკ. 18; 18). მსგავსად ქვრივისა, შენი ლოცვაც იყოს მუდმივი საჩივარი ცოდვის წინაამდეგ, რომელიც ძალადობს შენზე. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, ყურადღებიანი ლოცვით გამოიძიე და გამოიკვლიე იგი: თავის დროზე დაინახავ, რომ სულიერად მართლაც დაქვრივებულხარ შენში ჩასახლებული ცოდვის გამო, რომელიც გმტრობს, გტანჯავს, შიგნიდან გებრძვის და ღმრთისათვის უცხოდ გაქცევს.

9. “მარად დღე” ანუ მთელი ჩემი ცხოვრება “მწუხარედ ვიდოდე” - ამბობს დავით წინასწარმეტყველი. (ფს. 37; 7), ჩემი ცოდვებისა და სისუსტის გამო ნეტარ მწუხარებაში ვიმყოფებოდე: “რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგვემთაგან და არა არს კურნება ხორცთა ჩემთა” (ფს. 37; 8). თეძონი ცხოვრების გზაა კაცისა, ხორცი - მისი ზნეობრივი მდგომარეობა. შეუძლებელია საკუთარი ძალისხმევით კურნების მიღება. განკურნებისთვის ღმრთის მადლია აუცილებელი, რომელიც მხოლოდ მათ კურნავს, ვინც საკუთარ თავს სნეულად მიიჩნევს. ჭეშმარიტი აღიარება იმისა, რომ ავადა ვართ, მუდმივად სინანულში ყოფნით მტკიცდება.

10. “ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით” (ფს. 2; 11), “და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა” (ესაია 66, 2), “მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხყო ვედრება მისი” (ფს. 101; 18). ე. ი. უფალი “მიმცემელია ცხოვრებისა” ანუ აცხოვნებს იმათ, ვინც “შემუსვრილია გულითა” (ეს. 57; 15).


11. წმიდა ისააკ ასური გვასწავლის: რა სათნოებათა სიმაღლეზეც არ უნდა იდგეს კაცი, თუკი იგი ცოდვილივით არ ლოცულობს, მისი ლოცვა უარყოფილია ღმრთისაგან.

12. როდესაც არ დავტირი საკუთარ თავს, ვთვლი, რომ ის დღე ხიბლში და სიცრუეში გავატარე - უთქვამთ ჭეშმარიტი ლოცვის მოსაგრეთ.

13. სინანულის, გულის შემუსვრილების გრძნობის გარეშე ყოველი სათნოება და ღვაწლი უნაყოფო და ამაოა (წმ, იოანე კიბისაღმწერელი).

14. მწუხარება ცოდვათა გამო - ნიჭია ღმრთისა; ვინც ამგვარი შემუსვრილების გრძნობას კრძალულებით ატარებს, მის გულში სიწმინდე დაივანებს. ეს მწუხარება უძლურთათვის ყოველგვარ ხორციელ ღვაწლს აღემატება, ხოლო ძლიერი სხეულის მქონე მლოცველმა ფიზიკურად უნდა იშრომოს, რადგან ხორციელი ღვაწლის გარეშე გულის შემუსვრილების მიღწევა შეუძლებელია და ლოცვა უძლური და ამაო ხდება (წმ. ისააკ ასური).

15. სინანულის გრძნობა მლოცველს ეშმაკის ყოველნაირი მანქანებისაგან იცავს. ეშმაკი უკუიქცევა მოღვაწეთაგან, რომლებიც თავმდაბლობის კეთილსურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება კი მონანულთა გულებში იბადება (წმ. გრიგოლ სინაელი).

16. შენს ლოცვებში ჩვილთა მსგავსი ტიტინი, უბრალო ბავშვური აზრები შესწირე უფალს და არა მჭერმეტყველება, ენამზეობა და თუ განსწავლულობა. “უკეთუ არა მოიქცეთ” - თქვენი გონებრივი სირთულეებიდან და ორპირობიდან ისევე, როგორც წარმართობიდან ანდა მაჰმადიანობიდან, - “და არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა” (მათ. 18; 3), გვასწავლის უფალი.

17. ყრმანი თავიანთ სურვილებს ტირილით გამოთქვამენ: დაე, შენი ლოცვაც ტირილის თანხლებით მაღლდებოდეს. მხოლოდ სიტყვიერი ლოცვის დროს კი არა, არამედ ლოცვით მდუმარებაშიც გლოვით გამოხატე სინანული, ღმერთთან შერიგების სურვილი და ღმრთის წყალობის უკიდურესი საჭიროება შენთვის.

18. ლოცვის ღირსება ხარისხშია და არა რაოდენობაში. რაოდენობა მაშინაა საქებარი, როდესაც მას ხარისხისკენ მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მოსდევს რაოდენობის ზრდა; რაოდენობას კი მხოლოდ მაშინ ახლავს ხარისხის ზრდა, როდესაც მლოცველი გულმოდგინედ ლოცულობს (წმ. მელეტი გალისიელი).

19. ჭეშმარიტი ლოცვის ხარისხი იმაში მდგომარეობს, რომ ლოცვის დროს გონება ყურადღებითაა, გული კი გონებას თანაუგრძნობს.

20. ლოცვა რომ ყურადღებით წარიმართოს, გონება ლოცვის დროს წარმოთქმულ სიტყვებში უნდა დაიმწყვდეს. სიტყვები აუჩქარებლად წარმოსთქვი და გონებაც უფრო ადვილად მიჰყვება მათ აზრს. ლოცვის არც ერთი სიტყვა არ წარმოსთქვა ყურადღების გარეშე.

21. ლოცვის სიტყვებში დანთქმული გონება გულს მისდამი თანაგრძნობით განაწყობს. გონებისადმი გულის თანაგრძნობა მის ლმობიერებაში და შემუსვრილობაში გამოიხატება. ეს გრძნობა, რომელიც მწუხარებასა და მშვიდ, მყუდრო ნუგეშინისცემას აერთიანებს, არის სწორედ ღმრთისმოშიშება და კეთილმსახურება (წმ. მარკოზ მოღვაწე).

22. მოთმინება - ლოცვის აუცილებელი კუთვნილებაა. როდესაც მლოცველი სიმშრალეს, სიცარიელეს ან შინაგან განფიცხებას განიცდის, მან არ უნდა მიატოვოს ლოცვა: მოთმინებისა და ლოდინის ღვაწლისათვის, რომელსაც მლოცველი საკუთარი გულგრილობისა და გულქვაობის წინააღმდეგ მიმართავს, მასზე ღმრთის წყალობა გარდამოვა, რომელიც ლმობიერებასა და შემუსვრილობაში გამოიხატება (წმ. გრიგოლ სინაელი).

23. უხილავი ღმერთის წინაშე წარდგომილი, ყურადღებიანი ლოცვით შემოსილი გონება თავადაც უხილავი უნდა იყოს, ანუ გონებამ არც თავის შიგნით და არც გარეთ არ უნდა წარმოიდგინოს რაიმე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლოცვის დროს გონება შორს უნდა იყოს ყოველგვარი მეოცნებეობისაგან, როგორი წმინდა და მომხიბლავიც არ უნდა ესახებოდეს იგი (ღირსნი კალისტე და ეგნატე).

24. ნუ ეძიებ ლოცვის ჟამს აღტაცებას, ნუ აიფორიაქებ ნერვებს, ნუ განიხურვებ სისხლს. პირიქით, გული ღრმა სიმშვიდეში ჩაძირე, ეს კი სინანულის განცდითაა შესაძლებელი. ღმერთი არ ღებულობს დაცემული ბუნების მიერ აღნთებულ ცეცხლს. გოდებასა და სინანულზე დაფუძნებული ლოცვა - აი ის, რაც გულს აკლია, რასაც ეძიებს იგი; როდესაც გული განიწმინდება, თავად ღმერთი აავსებს მას თავისი ყოვლადწმიდა სულიერი ცეცხლით (წმ. იოანე კიბისაღმწერელი).

25. ნერვებსა და სისხლს მხოლოდ ყურადღებიანი ლოცვა ამშვიდებს. იგი ეხმარება გულს სინანულში შთაეფლას და ჰგიებდეს მასში. ქრისტეს მოწაფეები - სახარებიდან ნასესხები აზრები და განცდები - დახვდებიან მლოცველის გულში ზეგარდამო ბოძებულ საღმრთო ცეცხლს, რომელიც კიდევ უფრო ამშვიდებს და ნეტარ სიჩუმეს ამკვიდრებს მასში. ეს ცეცხლი არ წვავს, პირიქით რწყავს და აგრილებს გულის სიღრმეებს, მლოცველს მთელ კაცობრიობასთან შეარიგებს. ღმერთისა და მოყვასისადმი გამოუთქმელი სიყვარულით აღავსებს კაცის გულს.

26. გონებაგაფანტულობა ძარცვავს ლოცვას. უყურადღებოდ მლოცველი გაურკვეველ სიცარიელესა და სიმშრალეს განიცდის. მუდამ გონებაგაფანტული მლოცველი ვერასოდეს მოიმკის სულიერ ნაყოფს. ეს სიცარიელე და სიმშრალე ეთვისება ადამიანს და ღმერთისადმი ნელტფილ დამოკიდებულებას ბადებს. ამის შედეგია სასოწარკვეთილება, გონების დაბინდვა, რწმენის დაკარგვა, გულგრილი დამოკიდებულება მარადიული, სულიერი ცხოვრებისადმი. ყველა ეს ნიშანი აშკარად ცხადყოფს იმას, რომ ამგვარი უყურადღებო ლოცვა უარყოფილია ღმრთისაგან.

27. ლოცვაში მეოცნებეობა გონებაგაფანტულობაზე უფრო მავნეა. გაფანტულობა ლოცვას უნაყოფოდ აქცევს, მეოცნებეობა კი იმგვარ ცრუ ნაყოფს მოიმკის, როგორიც თავისმოტყუება და ეშმაკისეული ხიბლია. მეოცნებეობით შეთხზული წარმოდგენები, ხილული სამყაროდან მიღებული შთაბეჭდილებებით შთაგონებულნი, გონებაზე ძნელად წარსაშლელ კვალს ტოვებს. როდესაც მეოცნებეობით ნასაზრდოები წარმოსახვები გონებაში დიდხანს რჩება, გონება სულისა და ჭეშმარიტების ღვთაებრივი სამყაროდან მატერიისა და სიცრუის სამყაროში გადაჰყავს. ამ სამყაროში გული გონებას ხორციელი, სისხლისმიერი, ნერვიული გრძნობებით თანაუგრძნობს და არა სინანულითა და თავმდაბლობით, რაც ასე აუცილებელია ლოცვისთვის. ლოცვაში მეოცნებეობას თან ახლავს ქაოტური განცდა სიამოვნებისა, არასწორი და ყალბი სიყვარულისა. დანაშაულებრივი და ბილწი სიყვარული სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელს წმინდად და ამაღლებულად ეჩვენება, სინამდვილეში კი იგი - მხოლოდ ვნებებისაგან განუწმენდელი გულის უწესრიგო განცდებია, რომელიც მეოცნებეობის შედეგად, ამპარტავნებითა და სიამოვნებისმოყვარეობით ტკბება. ამგვარი მდგომარეობა თავისმოტყუებად იწოდება. თუკი ამ სიცრუეში ადამიანი დიდხანს დააყოვნებს, მაშინ მის გონებაში არსებული წარმოსახვები განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და შთამბეჭდაობას იძენენ. მათი გამოჩენისას გული განხურვებასა და უსჯულო სიამოვნებით ტკბობას იწყებს, ანუ საღმრთო წერილის სიტყვით - მრუშობს. გონება ასეთ მდგომარეობას მადლმოსილად მიიჩნევს: აი, მაშინ კი ახლოა აშკარა ეშმაკისეული ხიბლი, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და მზაკვარ სულთა სათამაშო თუ სასაცილო ხდება. ასეთ მეოცნებე ლოცვას, რომელიც ადამიანს სავალალო მდგომარეობაში აგდებს, ღმერთი რისხვით განეშორება. ამგვარად მლოცველზე კი სრულდება საღმრთო წერილის განაჩენი: “და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას” (ფს. 108, 7) (წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი).

28. ლოცვის დროს გონებაში მოსული აზრები უარჰყავ, თუნდაც კარგი და ბრძნული გეჩვენებოდეს ისინი. ეს თითქოსდა გონივრული აზრები ხელს უშლიან ლოცვას, რადგანაც მტყუარი გონების ნაშობნი არიან და ვითარცა მხედარნი, ამპარტავნებაზე არიან ამხედრებულნი. ეს აზრები შენიღბულნი არიან, რათა მლოცველის გონებამ ვერ იცნოს მტრები და დაუბრკოლებლად შემოუშვას თავის ბანაკში. თუკი მლოცველი ამ აზრებს მიიღებს, მაშინ ისინი გონებას მოსწყვეტენ ლოცვას, დაატყვევებენ და თავიანთ მონობაში მოაქცევენ. ამას მსწრაფლ მოსდევს სულის სიშიშვლისა და სიცარიელის განცდა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს აზრები მტრები არიან და ამა სოფლის მთავრისაგან იღებენ სათავეს. რაც შეეხება სულიერ, საღმრთო გულისხმისყოფას, რომელიც ხელს უწყობს ლოცვას - ადამიანს საკუთარ თავში ჩააღრმავებს, ყურადღებას მოუკრებს და ლმობიერებას მიჰმადლებს. ამ დროს გონება ღვთისმოშიშებისა და განკვირვების სიჩუმით შეიმოსება, რომელიც ღმრთის იქ ყოფნისა და სიდიადის განცდით წარმოიშვება. ეს განცდა დროთა განმავლობაში შესაძლოა გაძლიერდეს და მლოცველისთვის ლოცვა ღმრთის საშინელ სამსჯავროზე წარდგომად აქციოს (წმ. იოანე კიბისაღმწერელი).

29. ყურადღებიანი ლოცვა - უცხო ყოველგვარი გაფანტულობისა და მეოცნებეობისათვის - უხილავი ღმერთის ჭვრეტაა, რომელიც გონების ხედვასა და გულის სურვილს თავისკენ მიიპყრობს. მაშინ გონება უხილავად ჭვრეტს, და სავსებით კმაყოფილია ამ უხილავობით, რომელიც ყოველგვარ ხედვას აღემატება. ამ ნეტარი სიბრმავის მიზეზი საგნის უსასრულო სიწმინდე და მიუწვდომლობაა, რომლისაკენაც მიმართულია გონების მზერა. უხილავი მზე სიმართლისა - ღმერთი უხილავ სხივებს გამოსცემს, მაგრამ ისინი საცნაურია სულიერი განცდისთვის: ისინი გულს საოცარი სიმშვიდით, რწმენით, სიმამაცით, თავმდაბლობით, მოწყალებით, მოყვასისა და ღმრთისადმი სიყვარულით ავსებენ. გულის საუნჯეში დანახული ამ ქმედებებით, ადამიანი უეჭველად ხვდება, რომ მისი ლოცვა სათნოა ღმრთისათვის. იგი ცოცხალი რწმენის მატარებლად შეიქმნება და მტკიცედ ესავს მას, ვინც აგრერიგად შეუყვარებია. აი ეს არის სულის გაცოცხლების დასაწყისი ღმრთისათვის და ნეტარი მარადიულობისთვის (წმ. მელეტი და წმ. თეოლიპტე).

30. ჭეშმარიტი ლოცვის ნაყოფებია: სულის სიმშვიდე, შეერთებული ჩუმ სიხარულთან, რომელიც უცხოა ყოველგვარი მეოცნებეობისათვის, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისათვის, განხურვებული მიმოკვეთებისთვის; მოყვასის სიყვარული, რომელიც არ არჩევს მტერსა და მოყვარეს, ღირსეულსა და უღირსს, რომელიც ყველასათვის ისევე შუამდგომლობს ღმრთის წინაშე, ვითარცა საკუთარი თავისთვის. მოყვასისადმი მხოლოდ ასეთი სიყვარულით აღმობრწყინდება ღმრთისადმი უპატიოსნესი სიყვარული.

31. ეს ნაყოფები - ნიჭია ღმრთისა. მათი მოხვეჭა ყურადღებითა და თავმდაბლობითაა შესაძლებელი. მათი შენახვა და ფლობა კი მხოლოდ ღმრთისადმი ერთგულებას შეუძლია.

32. სული მაშინაა ერთგული ღმრთისა, როდესაც ყოველგვარ ცოდვისმიერ სიტყვას, საქმესა და აზრს განეშორება, როდესაც დაუყოვნებლივ ინანიებს იმ შეცოდებებს რომლებშიც უძლურების გამო ვარდება.

33. ლოცვის ნიჭის მოპოვების სურვილს ლოცვის კარიბჭესთან მოთმინებით ჩამოჯდომითა და ლოდინით ვამტკიცებთ. ამ მოთმინებისა და მუდმივი გულმოდგინებისათვის ვღებულობთ ლოცვის ნიჭს. “მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა” (1 მეფ. 2; 9) მოთმინებითა და რუდუნებითა.

34. ახლადდამწყებთათვის მოკლე და ხშირი ლოცვები უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხანგრძლივი და იშვიათი.

35. ლოცვა უმაღლესი წვრთნაა გონებისა.

36. ლოცვაა ყოველი სათნოების თავი, წყარო და მშობელი (წმ. მაკარი დიდი).

37. ლოცვაში ბრძენი უნდა იყო. არ უნდა ითხოვო არაფერი ამაო, ხრწნადი. “ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ” (მათ. 6; 33).

38. ყოველი საქმის დაწყებისას, აგრეთვე ცხოვრების უმძიმეს წუთებში, ლოცვაში გონებით დაემხე ღმრთის წინაშე: ითხოვე ის, რაც აუცილებელი და სასარგებლოა შენთვის, მაგრამ აღსრულება ღმრთის ნებასა და ყოვლისშემძლეობას მიანდე. გქონდეს მისი მოწყალებისა და უზეშთაესი სიბრძნის იმედი. ასეთი ლოცვის ბრწყინვალე მაგალითი მან მოგვცა, ვინც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა: “უკუეთუ გნებავს თანაწარსვლად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ!” (ლუკა 22; 42).

39. ღმერთს თავმდაბალი ლოცვა შესწირე. სინანულითა და ლოცვით განწმინდე, სრულყავ შენი სათნოებანი. შენ საქმეებზე ლოცვაში ესაუბრე ღმერთს, ისევე როგორც მართალი იობი ეუბნებოდა ღმერთს თავისი შვილების შესახებ: “ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოიხადეს უფლისათვის” (იობ. 1; 5). ვერაგია ცოდვა, იგი შეუმჩნევლად შეერევა კეთილ საქმეებს, ბილწავს და წამლავს მათ.

40. დაუტევე ყოველი საზრუნავი, რათა ნამდვილი ლოცვა დიამკვიდრო და მიწიდან თვითუარყოფის ჯვარზე ამაღლებულმა, ღმერთს სული, სამშვინველი და სხეული შესწირე. მისგან კი წმიდა ლოცვას მიიღებ, რომელიც მოციქულის სწავლებით, ადამიანში სული წმიდის მოქმედების შედეგია.



"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"

No comments:

Post a Comment