თარგმანი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელისა
1. მრავლისა ქებისა და ფრიადისა შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და მოღუაწენი სათნოებისანი, და თანამდებ არს ყოველი კაცი ქებითა და გალობითა და პატივითა აღსრულებად სახსენებელსა მათსა; რამეთუ ამას თუ ვიქმოდით, არა თუ ნეტართა მათ სარგებელ რამე ვექმნებით, რამეთუ ამათ აქუს ქება მათი ღმერთისა მიერ, და შუებასა მას ზეცისასა იხარებენ, და არარა სოფლიო ეხმარების, არამედ მაქებელნი ესე და შემასხმელნი მათნი უმეტესად თავთა თვისთა სარგებელ ვექნებით და მსმენელთა მოქალაქეობისა მათისათა ბაძვად მათისა მის სათნოებისა აღვადგინებთ. ამისთვის, კეთილ არს და სამართალ მოქალაქეობისა და მოღვაწებისა წმიდათა მამათა და მოწამეთა აღწერა და მათი ქებითა და გალობითა შესხმა. ვინათგან უკუე ნეტარი მამა ჩუენი მაქსიმე აღმსარებელი დიდითა სათნოებითა და მრავლითა მოღუაწებითა განბრწყინდა და შეერთო კრებულსა წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათასა, თანამდებ ვართ ღირსისა მის და საღმრთოსა მოქალაქობისა მისისა აღწერად და შემდგომთა ნათესავთა სახსენებელი დატევებად.
2. ესე სანატრელი, ნერგი შუენიერი ღმრთისმსახურებისა, მორჩი ნაყოფიერი მოღვაწებისა, ჭური რჩეული სიბრძნისა, იშვა და აღიზარდა დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოლეს; იყვნეს მშობელნი მისნი დიდებულნი და ღმრთის-მოყუარენი, და ეწოდებოდა მამასა მისსა იოვანე და დედასა ანა; ამათ აღზარდეს კეთილი იგი შვილი საღმრთოთა სწავლითა და ასწავეს ყოველი სიბრძნე ფილოსოფოსთა პირველთა ხოლო იყო იგი სიჩჩოთგანვე სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისათა, ამისთვისცა არაოდეს შეექცეოდა სახიობათა და ლაღობათა მოჰასაკეთა თანა, არამედ დღე და ღამე, ვითარცა წერილ არს, შჯულსა უფლისასა იყო ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე; ამისთვისცა იქმნა იგი, ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა და გამოსცა ჟამსა თვისსა ნაყოფი შუენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი (ფს. 1, 2-3).
3. ხოლო მათ ჟამთა იყო მეფეი ჰერაკლე, რომელმან იგი სპარსეთი დაიპყრა და ხუასრო მეფე სპარსეთისა მოკლა, და ზაქარია პატრიარქი იერუსალეიმისა ტყუეობასაგან გამოიყვანა, და ძელი პატიოსნისა ჯუარისა, რომელი იგი იერუსალეიმით სპარსეთს ხუასროს წარეყვანა, კუალად მადლითა ქრისტესითა მოიყვანა, და საუნჯე დიდძალი სამეუფოსა პალატასა დაუსუენა სადიდებელად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და სასოდ ყოველთა მორწმუნეთა. ხოლო ესმოდა მეფესა ყოველთა-გან ღირსისა მის მაქსიმეს სიბრძნე და მეცნიერება და ფრიადი ღმრთის-მოყუარება. მოუწოდა თავისა და იხილა და ფრიად შეიყუარა წესიერება და სიბრძნე მისი, და აიძულა პალატსა მისსა ყოფად, და მისცა მათ პატივი სამეუფოთა მწიგნობართა მთავრობა, რამეთუ არს პატივი ესე დიდებულ და წარჩინებული. და იყო ნეტარი იგი სათნო მეუფისა ზეცათასა და საყუარელ და საკუთარ მეფისა მის ბერძენთასად, და პატივცემულ ყოველთა მიერ ხელმწიფეთა და მთავართა და ყოველისავე მხედრობისა, ერის-თავთა და სპასპეტთა, და ყოველთა მიერ საწადელ იყო და საქებელ.
4. ხოლო მათ ჟამთა, უპირატეს წვალება იგი სებეროს და დიოსკორესი გამოჩინებულ იყო, ბოროტთა მათ და უთაოთა მწვალებელთა,რომელნი იგი უვარ ჰყოფდეს ორთა ბუნებათა ქრისტეისთა, ღმრთეებისა და კაცებისასა, და ერთსა შერეულსა ბუნებასა ქადაგებდეს, და განკაცებასა უფლისასა უცნებით ქმნილად ჰგმობდეს; რომლისა-თვისცა კრება იგი ქალკიდონისა იქმნა ექუსას ოც და ათთა მამათა, მარკიანე მეფისა ზე; რომელთაცა შეაჩუენნეს და განკუეთნეს ბოროტი იგი მწვალებელნი: დიოსკორე ალექსანდრიელი და ეპტვიქიოს მამასახლისი და სებეროს ანტიოქელი და პეტროს აპამიელი და სხუანი იგი მიმდომნი მათნი, იაკობ ვინმე და ტიმოთე, რომელსა ეწოდებოდა მელი და სხუანი ვინმე დრკუნი მოყუასნი მათნი; და ქადაგეს წმიდათა მათ მამათა ქრისტე ორითა ბუნებითა, სრული ღმერთი და სრული კაცი, უვნებელი ღმერთეებითა, რომელმან ცხოვრებისათვის ჩუენისა ივნო ბუნებითა მით კაცობრივითა, რამეთუ ერთი გვამი იყო ორითა ბუნებითა; და მართალი ესე სარწმუნოება დამტკიცებულ იყო წმიდისა მის კრებისაგან და კათოლიკე ეკლესიასა შინა იქადაგებოდა კუალად შემდგომად რაოდენთამე წელთა, იუსტინიანე მეფისა ზე, იქმნა მეხუთე კრება კონსტანტინეპოლეს, ას სამეოც და ოთხთა წმიდათა მამათა, რომელთა დაამტკიცეს ყოველივე პირველთა მათ ოთხთა კრებათაგან დაწესებული, და სებეროს შეაჩუენეს და ორიგენე და მსგავსნი მისნი, და მართალი სარწმუნოება ხმამაღლად ქადაგეს.
5. არამედ პირველითგან მტერსა მას ნათესავისა კაცთასა უძნდა კეთილად-წარმატება და მშვიდობა ეკლესიათა; ამისთვისცა არა დასცხრებოდა ნათესავითი-ნათესავად თესვად თვისისა მის ღუარძლისა და შეშფოთებად კათოლიკე ეკლესიისა; იხილა რა, ვითარმედ ზემოწერილნი იგი წვალებანი შეიჩუენნეს და განიოტნეს წმიდათა მათ კრებათა მიერ, სხუა ღონე უკეთურებისა თვისისა მოიპოვა და სხვითა კუალად სახითა შეაშფოთა ეკლესია; რამეთუ მოიქცა რა ჰერაკლე მეფე სპარსეთით და იქცეოდა იარაპოლეს ასურეთისასა, შემდგომად დიდთა მათ განმარჯუებათა და ძლევათა, რომელ მოეცნეს მას, იყო ვინმე ათანასე სახელით მთავარეპისკოპოსი იაკობიტთა, კაცი ბოროტი და მანქანა და ყოვლითა უკეთურებითა სავსე, აღვსებული ასურასტანელთა მისნობითა, მისა მიმართ სიტყვის-გება ყო მეფემან სარწმუნოებისათვის და ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ შეიწყნარო კრება ქალკიდონისა, დაგადგინო შენ პატრიარქად ანტიოქიისა; ხოლო ბოროტმან მან ათანასე ორგულებით იჩემა და შეიწყნარა კრება იგი, და რეცა აღიარნა ორნი ბუნებანი ქრისტეისნი, შეერთებულნი ერთსა მას გუამსა; ხოლო ჰკითხა მეფესა და ჰრქუა აჰა ორთა ბუნებათა აღვიარებ; ნებისა-თვის და საქმისა ვითარ იტყვი, ორი ჯერ-არს თქუმად ქრისტეის-თვის ანუ ერთი? ხოლო მეფეი მხედრობათა და ბრძოლათა შინა აღზრდილი იყო და ესე სიტყუა არღა სმენილ იყო ეკლესიასა შინ, უცხოდ უჩნდება კითხვა იგი; მიუგო და ჰრქუა მას: ეგე სიტყუა რომელს იტყვი, არღა მოწევნულ არს ჩემდა, არამედ პატრიარქსა მიუწერო; დრო მეც ვიდრე პასუხი მოიწიოს.
6. იყო მათ ჟამთა კონსტანტინეპოლეს პატრიარქად სერგიოს, ნათესავით ასური, მშობელთაგან იაკობიტთა შობილი; აღზრდილ იყო იგი კონსტანტინეპოლეს და ესწავლა სწავლა ბერძული, და მიემთხვია პატრიარქობასა, და აქუნდა შინაგან ისევითარი წვალება და ერთსა ბუნებითსა ნებასა და ერთსა საქმესა იტყოდა ქრისტეისთვის. იცოდა ესე ბოროტმან მან ათანასეცა; ამისთვის წინა უყო სიტყუა იგი მეფესა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ დაარწმუნოს რათა მეფესა ერთი ნება თქუმად და ერთი საქმე, ორთა ბუნებათა აღსარება არა იქმნების, რამეთუ ბუნება უვნებელი და უსაქმო არა არს; არამედ უკუეთუ ბუნებანი განყოფილად ითქუმოდინ, თითოეულსა ბუნებასა ნება თვისი აქუს და საქმე თვისი; უკუეთუ კულა ერთი ნება ვინ თქუას და ერთი საქმე, ორთა ბუნებათა აღსარებასა დაჰხსნის. ამას სიწლოსა მეფე იგი უმეცარ იყო; მიუწერა სერგიოსს, პატრიაქსა კონტანტინეპოლისასა, ხოლო მან პასუხი ესევითარი მისცა, ვითარმედ ერთი ნება და ერთი საქმე ჯერ-არს თქმულად ქრისტეის-თვის. ესე პასუხი მიიწია რა მეფისა, მოუწოდა კვიროზსცა ალექსანდრიელსა და ჰკითხა ამის ჯერისა-თვის და პოვა იგიცა თანამოწამედ სერგისა და უმეცრება შეემთხვია ჰერაკლე მეფესა და შეიწყნარა სიტყუა სერგისი და კვიროზისი. მიუწერა ესე სიტყუა იოვანეს, პაპსა ჰრომისასა; ხოლო მან არა თავს-იდვა ესე, არამედ შეაჩუენა ესევითარი წვალება და მოუწერა მეფესა, ვითარმედ ვითარცა იგი ორთა ბუნებათა აღვიარებით ქრისტესთა, ეგრეთვე ორსა ნებასა და ორსა საქმესა, რამეთუ არა არს ბუნება უვნებელი და უსაქმო. ეგრეთვე სოფრონ, პატრიარქმან იერუსალიმისამან, ესე რა ცნება, შეკრიბა ყოველი სამრევლო თვისი და შეაჩუენნა მეტყუელნი ერთისა ნებისანი და ეპისტოლენი მიუწერნა სერგისსა კონსტანტინეპოლელსა და იოვანეს ჰრომაელსა, ეგრეთვე მეფესა ჰერაკლესცა. ესმა რა ესე ყოველი მეფესა, შეწუხნა და ვერ გულის-ხმა ჰყოფდა, თუ რომელთა სიტყუა დაამტკიცოს, ჰრომისა და იერუსალეიმისა, ანუ კონსტანტინეპოლელისა და ალექსანდრიელისა. ასე განიზრახა და ჰგონებდა, თუ კეთილსა რასმე იქმს, დაწერა ბრძანება, რათა არცა ერთსა ნებასა და საქმესა იტყოდინ, არცა ორსა; ბრძანება წარიკითხეს სებეროზის მოწაფეთა და იტყოდეს უბანთა ზედა: პირველ ნესტორის თანაეწამებოდეს ქალკიდონელნი და მცირედ გულის-ხმა ყვეს, და შეიწყნარეს ჭეშმარიტი სიტყუა და შეგუერთნეს ჩუენ, ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა აღსარებად-ერთსა ბუნებასა, ხოლო აწ კუალად შეინანეს და ორივე წარწყმიდეს, და არცა ერთსა, არცა ორთა აღიარებენ ბუნებათა.
7. მაშინ აღესრულა სერგი კონსტანტინეპოლელ პატრიარქი და დაიპყრა საყდარი იგი პიროს, რომელმან იგი სერგის და კვიროზის სარწმუნოება უშჯულოდ დაამტკიცა. მას ჟამსა აღესრულა ჰერაკლეი მეფეცა და მეფობდა კონსტანტინე, ძე მისი; ხოლო პიროს პატრიარქმან, თანაშეწევნითა მარტინა სეფექალისათა, მოწამლეს იგი და მოკლეს; და დასვეს მეფედ ჰერაკლონა, ძე მარტინასი; ხოლო მთავართა და მხედართა და ერსა სამეუფოსა ქალაქისასა შეუძნდა საქმე ესე, და შეითქუნეს, და პიროს უშჯულო და მარტინა და ძე მისი განდევნნეს ქალაქისაგან, და მეფე ყვეს კოსტა, ძე კონსტანტინესი, და პატრიარქად დაჯდა პავლე სახელით, იგიცა მწვალებელი ზემოწერილითა მით წვალებითა.
8. ხოლო ესე საქმენი ესრე სახედ რა იქმნებოდეს, მაშინ მაქსიმე ჭეშმარიტმან ფილოსოფოსმან, სიტყვით და საქმით და გულისხმის-ყოფით დაამტკიცა წესი ფილოსოფოსობისა თვისისა; რამეთუ იყო იგი წარჩინებული და ყოველთა უპატიოსნეს სამეუფოსა პალატსა შინა, უმეტესადღა გულად იღო შიში ღმრთისა და ვითარცა მეფსალმუნე იტყვის: წინასწარ ხედვიდა უფალსა წინაშე მისსა მარადის (ფს. 15,8). იხილა რა, ვითარმედ წვალებისა იგი ბადენი განეფინებოდეს ყოველგან და საცთური იგი ერთისა ბუნებისა მეტყუელთა, რომელი წმიდათა მამათა მრავლითა შრომითა და ოფლითა ძლით დააცხრვეს, კუალად განახლდებოდა უდებებითა და ვერაგობითა მპყრობელთათა, და გუჯარსა დაწერეს და ეზოსა სოფია წმიდისასა აღჰმართეს ერთისა ნებისა და ერთისა აღსარება, და ამით ორთა ბუნებათა აღსარება დაჰხსნეს, იჯმნა პალატისაგან და ყოვლისა სოფლიოსა, და ყოველივე საფასე და მონაგები მისი განუყო გლახაკთა, სიტყვისა მისებრ უფლისა, და აღიღო ჯუარი თვისი და შეუდგა ქრისტესა; და მონასტერსა მას, რომელსა ხრვისოპოლი ეწოდების, მონაზონებისა სახე და საქმე შეიმოსა, და ყოველი წესი სათნოებისა და მოღუაწებისა სრულებით მოიგო. იყო სამოსელი მისი შინაგან ძაძა, ხოლო გარეგან, სახილველად კაცთა, ჩოხა; საზრდელი მისი პური ხმელი და მცირედი მხალი უგბოლველი; და მიიღებდა საზრდელსა მას ორორით, გინა სამ-სამით და ოდესმე ხუთ-ხუთით; ხოლო ღვინისა და თევზისა და ხილისა და სხუათა ყოველთა სანაოგეთა-გან უცხო ყო თავი თვისი; მღვიძარება და ლოცვა ესოდენ შეიტკბო, ვიდრეღა დღე და ღამე ესე აქუნდა საქმედ; რამეთუ კნინ ოდენ მიერულის ზეჯდომით და მეყსეულად აღდგის ლოცვად და გალობად; სიმდაბლე მისი ესოდენ იყო, რომელ უდარეს ყოველთა შეერაცხა თავი თვისი, და უკუეთუმცა ყოველთა უდარესი კაცი შეემთხვის, მონაზონი გინა ერის-კაცი, ვითარცა მრწემი და შეურაცხი ყვის მის წინაშე თავი თვისი; ხოლო სიყუარული ყოველთა მიმართ ესევითარი აქუნდა შეყუარებულსა მას ღმერთისასა, ვიდრეღა უცილობელად აღასრულებდა სიტყუასა მას, ვითარმედ: 'შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი' (მთ. 22, 39). ჰე, ნანდვილვე `შეიყუარა მან ღმერთი ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გონებითა; და მოყუასი, ვითარცა თავი თვისი' (მთ. 22, 37); და წამებენ მის მიერ აღწერილნი სიყუარულისა-თვის სწავლანი, მისისა მის გულისა სიყუარულითა სავსებასა. ესე ორნი სათნოებანი შეიტკბნა უმეტეს ყოვლისა: სიმდაბლე და სიყუარული; ამისთვისცა ერთმან მან აღამაღლა და მეორემან სიმაღლისა მის-გან სათნოებათასა გარდამოვრდომად არღარა შეუნდო; არამედ დღითი-დღე ამაღლდებოდა და აღემატებოდა, ვიდრეღა მიიწია ჭეშმარიტსა მას სრულებასა და წამებისაცა გვირგვინსა ღირს იქმნა, და კრებულსა ქრისტეს აღმსარებელთასა შეერთო, ვითარცა ქუემორე სიტყუამან გამოაჩინოს. მაშინ უკუე, ხედვის რა სათნოებათა და მოღუაწებათა მისთა და წყაროსა მას მოძღურებისასა, რომელ აღმოეცენებოდა პირით მისით, მონაზონნი იგი მის მონასტრისანი და ყოველნივე მახლობელნი და შორიელნი, მოვიდოდეს მისა და აღივსებოდეს მარგებელითა სულიერითა; ხოლო მეფემან მონასტერი იგი ხრვისოპოლისა ნეტარსა მაქსიმეს მიანიჭა და დიდითა პატივითა პატივსცემდა; არამედ ღმერთშემოსილი იგი ხედვიდი რა სამეუფოსა მას ქალაქსა და ყოველთა სანახებთა მისთა, რამეთუ იღელვებოდეს ბოროტისა მის წვალებისაგან, მრავალგზის ამხილა მეფესა და პატრიარქსა და ავედრებოდა, რათა დასცხრენ ესევითარისა მისგან დრეკილისა და დრკუსა წვალებისა-გან და აღიარონ ქრისტე ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, სრული ღმრთეებითა და კაცებითა, და მრავალნი სიბრძნისა და გულის-ხმის-ყოფისა სწავლანი ამის ჯერისა-თვის წარმოუთხრნა; იხილნა რა იგინი, რამეთუ 'ყვნეს გულნი მათნი მსგავს გუელისა მის ასპიტისა ყრუსა, რომელსა არა ესმინ ხმა მსახრვალისა ხელოვნისა, არცა მიიღის წამალი წამლისმცემლისაგან ბრძნისა' (ფს. 57, 5-6) და არა ინებეს გზასა მას ჭეშმარიტებისასა სვლად, აღივსო გული მისი საღმრთოთა შურითა, ვითარცა იტყვის დავით წინასწარმეტყუელი, რამეთუ მშურდა მე უკეთურთა და მშვიდობასა ცოდვილთასა ვხედავდ; შეიმოსეს უღმრთოება და გამოხდეს ვითარცა ცმელისა-გან სიცრუვენი მათნი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისა მათისათა, ზრახეს და თქუეს უკეთურება და სიცრუვესა მაღლად რა იტყოდეს. (ფს. 72, 3-8).
9. ესევითარი რა გონებაცთომილება მათი იხილა, იჯმნა სრულიად ქალაქით კონსტანტინეთ და ყოვლისა-გან საბერძნეთისა; რამეთუ ეუწყა ნეტარსა მას, ვითარმედ დიდი იგი ქალაქი ჰრომი და სანახებნი მისნი მართალსა სარწმუნოებასა ქადაგებენ და ღუარძლსა მას წვალებისასა არა შეიწყნარებენ; შეწევნითა ღმრთისათა წარემართა და მიიწია ჰრომედ და პოვა მუნ უდაბნო მყუდრო; დაემკვიდრა ქუაბსა ერთსა მის უდაბნოსასა დაყუდებით და იზრდებოდა თივათაგან მცენარეთა მის უდაბნოსათა და მწუერვალთაგან ხეთასა და თაფლითა ველურითა, რომელი იპოებოდა მაღნართა მათ შინა; მსგავსად დიდისა მის ნათლის-მცემლისა, იყო საზრდელი მისი. შემდგომად მცირედისა ჟამისა განითქუა სახელი სათნოებისა მისისა ქუეყანასა მას და მოვიდეს მისა ორნი ძმანი კეთილნი და სახიერნი, ურთი-ერთას სეხნანი, რამეთუ ორთავე ანასტასიოს ეწოდებოდა და ევედრნეს ნეტარსა მას ვედრებით ფრიად ლმობიერითა, რათა შეიწყნარნეს იგინი მოწაფედ და მსახურად; ხოლო წმიდა მაქსიმე წადიერ იყო მარტოდ-ყოფასა, არამედ გულსავსე ყო იგი სულმან წმიდამან, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოვლინებულ არიან ძმანი იგი; ერთი მღუდელი იყო და ერთი დიაკონი; ვერ ეგებოდა წინააღდგომა ბრძანებისა საღმრთოსა, ნება სცა მათ; ხოლო იგინი აღივსნეს სიხარულითა და აღაშენეს ადგილსა მას მცირე სენაკი, მახლობელად ქუაბისა მის, და მუნ დაემკვიდრნეს, ვითარცა სამოთხესა შინა საშუებელისასა, და ისწავეს მის-გან მოქალაქობა ანგელოზებრივი და იქმნეს ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, 'არა სცეს ძილი თუალთა მათთა, არცა ჰრული წამთა მათთა, არცა განსუენება ხორცთა მათთა' (ფს. 131, 4), ვიდრემდის მიემთხვინეს სისრულესა უვნებელობისასა და სიმაღლესა გულის-ხმის ყოფისასა, მოძღურებითა დიდისა მაქსიმესითა; ხოლო იყვნეს იგინი ნათესავით ბერძენნი, არამედ მრავლით ჟამითგან ჰრომს დამკვიდრებულიყვნეს. მუნ მყოფთა მათ მონასტერთა იგინი მოირეწდეს მეცნიერთა-გან თვისთა მცირედსა საზრდელსა ხორცთასა და აიძულებდეს ნეტარს მაქსიმეს მიღებად, რათა არა სრულიად განკაფნეს ხორცნი მისნი უზომოთა მარხვითა. ნანდვილვე აღესრულებოდა მათ შორის სიტყუა იგი უფლისა, რომელსა იტყვის: 'უკუეთუ შეითქუნენ ორნი ანუ სამნი თქუენგანნი სახელსა ზედა: ჩემსა, მუნ ვარ მე შორის მათსა' (მთ. 18, 20); ჭეშმარიტად ქრისტე იყო შორის მათსა.
10. მაშინ იწყო წმიდამან მაქსიმე წერად ეპისტოლეთა, დამამტკიცებელთა მართლმადიდებლობისათა და დამხსნელთა ყოვლისა წვალებისათა, სავსეთა საღმრთოთა სიბრძნითა; და მიუძღუანა, ხელითა კეთილთა მათ ძმათათა, ეპისკოპოსთა და კათალიკოზთა ყოვლისა ქუეყანისა ჰრომისასა და უმეტესად დიდსა მას ჭალაკსა სიკილიისა; ეგრეთვე მღუდელთა მიმართ და ერისკაცთა; იჭუეულთა განამტკიცებდა და მტკიცითა სარწმუნოებითა შურად საღმრთოდ აღადგინებდა, და ვინაცა მიიწინიან ეპისტოლენი მისნი, ესრეთ შეიწყნარიან, ვითარცა წმიდისა მოციქულისა პავლესნი. ესრეთ იყოფოდა რა, და რწმუნებულსა მას მისდა ტალანტსა მრავალწილად აღაორძინებდა, ჩუენებასა შინა ღამისასა წარმოუდგა მას ანგელოზი ღმრთისა და ჰრქუა: მაქსიმე, მონაო ღმრთისაო, რასათვის შეწყუდეულ ხარ ამას უდაბნოსა და შენსა ხოლო სულსა აცხოვნებ, და შენთანა მყოფთა ამათ ორთა ძმათა, და სოფელი ყოველი იღელვების ბოროტითა წვალებითა; ბრძანებითა ღმრთისათა აღდეგ და შევედ ქალაქად ჰრომედ; არქუ პაპასა იოვანეს და იღუაწეთ მართლისა სარწმუნოებისა-თვის, რათა გვირგვინი მართლაღმსაარებელთა მიიღოთ ქრისტესგან. ესე ჩუენება იხილა რა და მიუთხრა ანასტასიოსს და ანასტასიოსს, ილოცეს სამდღე და ევედრნეს უფალსა, რათა წარუმართოს. აღიძრნეს მიერ მრავლითა მწუხარებითა, რამეთუ ფრიად უყუარდა ადგილი იგი, მყუდროებისა-თვის და უდაბნოებისა, და შევიდეს ჰრომედ. ეუწყა იოვანეს პაპას მოსვლანეტარისა მაქსიმესი და მიეგება სიხარულით, რამეთუ მრავალგზის ასმიოდა სახელი საღმრთოსა მის მოქალაქეობისა მისისა და წარეკითხნეს ეპისტოლენი მისნი, სავსენი ღმრთის-მეტყუელებითა; და შე-რა-ვიდა ნეტარი მაქსიმე წინაშე პაპასა, და ყვეს ლოცვა და დასხეს სიტყუად, და აღაღო ღირსმან მან პირი თვისი და აღავსნა მადლითა საღმრთოთა პაპა და ყოველნი მის თანა მყოფნი. ხოლო პაპა მისცა სავანე მყუდრო მახლობელად თვისა მონასა მას ღმრთისასა, და სწავლითა და მოღუაწებითა მისითა შეკრიბნა ყოველნი ეპისკოპოსნი, რომელნიცა იყვნეს ქუეყანასა ჰრომისასა; და ყვეს კრება დიდი ეპისკოპოსთა და მღვდელთა, და შეაჩუენეს წვალება იგი ერთისა ბუნებისა და ნებისა მეტყუელთა.
11. ხოლო შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, აღესრულა იოვანე პაპა და იკურთხა თევდორე პაპად ჰრომისა. ხოლო წმინდა მაქსიმე განგებითა უფლისათა წარვიდა აფრიკეთს და ქადაგებდა მუნ მართლმადიდებლობასა და მორწმუნეთა დაამტკიცებდა, ვითარცა იგი ჰრომს ქადაგებდა; ხოლო მოსლვასა მას მისსა, შეემთხვია პიროსს კოსტანტინეპოლელს პატრიარქსა, რომელ განდევნებულ იყო მიერ, ვითარცა ზემო ვახსენეთ და იქმნა მათ შორის სიტყვისგება სარწმუნოებისათვის, რომელი იგი სიტყვისგება აწ აღწერად ცხორებისა ამის თხრობასა შინა არა ჯერ-მიჩს, რათა არა დაიხრწიოს სიტყვისა ამის განწესება; ხოლო აღვასრულო რა სულიერი ესე თხრობა, მერმე სიტყვის-გებაცა იგი აღვწერო, რამეთუ ნუსხამისი დაუკლებელად მაქუს. მას უკუე ჟამსა, ვითარცა იქმნა მათ შორის სიტყვის-გება იგი, დაარწმუნა წმიდამან მაქსიმე პიროსს და ამხილა ბოროტად-მეტყუელება მისი და მოაქცია აღსარებად მართალსა მას სარწმუნოებასა და წარავლინა იგი თვისითა ეპისტოლითა თევდორეს მიმართ, ჰრომთა პაპისა. მივიდა პიროს ჰრომედ და შეერთო პაპას და დაწერა ხელის-წერილი-აღსარებაი მართლისა სარწმუნოებისა და შეჩუენება თვისისა მის წვალებისა. ესრეთ შეიწყნარა იგი ღირსმან თევდორე და აზიარა ეკლესიასა თვისსა. შემდეგ რაოდენთამე დღეთა მოიკითხა პაპა და წარვიდი პიროს ჰრომით, რამეთუ ენება საბერძნეთს აღსლვა და აღუთქუა პაპასა, რათა იღუაწოს დამტკიცებად მართლაღსაარებისა. ხოლო მიიწია რა რაბენს, დაივიწყა უბადრუკმან აღთქუმა თვისი და ხელის-წერილი, და ვითარცა ძაღლი, თვისსავე ნათხევარსა მიიქცა. ეუწყა ესე თევდორე პაპას და შეკრიბა ყოველი სავსება ეკლესიისა და შევიდა სამარხსა პეტრესსა, თავისა მის მოციქულთასა, და მოითხოვა წმიდა ბარძიმი და დააწო კალამი ცხოველს-მყოფელსა მას სისხლსა თვისითა ხელითა, და დაწერა განკუეთა პიროსისი და ყოველთა თანაზიართა. ხოლო პიროს აღვიდა კონსტანტინეპოლედ; იქმნა სიკუდილი პავლესი, რომელი იყო მუნ პატრიარქად, და ხარკებითა ეშმაკისათა დასუეს კუალად პიროს პატრიარქად კოსტანტინეპოლისა; და შეემთხვია სამეუფოსა მას ქალაქსა დიდი საცთური და უბადრუკება; ხოლო მართლმადიდებელსა მას დედაქალაქსა ჰრომს იქადაგებოდა მართალი სარწმუნოება. აღესრულა პაპა თევდორე და დასუეს საყდარსა მას პეტრე მოციქულისსა მღდელთ-მოძღურად ღმერთშემოსილი და წმიდა მარტინე.
12. მაშინ ნეტარი მაქსიმე მოიქცა აფრიკეთით და შეერთო წმიდასა მარტინეს, და აღძრა იგი საღმრთოთა შურითა და ყვეს კრება ას ერგასისთა ეპისკოპოსთა, და შეაჩუენნეს სერგიოს და პიროს და კვიროზ და პავლე მწვალებელნი და მათი იგი წვალება; და ორი ბუნება ქრისტესი და ორი ნება და ორი საქმე ხმამაღლად ქადაგეს; და განითქუა მართლისა მის სარწმუნოებისა აღსაარება ყოველსა სოფელსა. ხოლო უკუეთუ ვის ენებოს კრებისა მისთვის კეთილად უწყება აღიღენ წიგნი იგი კრებათა და აღმოიკითხენ და კეთილად გულის-ხმა ყოს. მიერითგან ნეტარი მაქსიმე იყოფოდა ჰრომს, და აღწერა წიგნები ბოროტისა მის წვალებისა დამხსნელნი და გამოაჩინა განცხადებულად, ვითარმედ სრულიად უცხო არიან ღმრთისა-გან მეტყუელნი ბოროტისა მის ზრახვისანი. ხოლო ეპისტოლენი და განწესებანი, სავსენი საღმრთოთა სიბრძნითა და გულისხმის ყოფითა, მიმსგავსებულნი ეპისტოლეთა პავლე მოციქულისა, ყოველსა სოფელსა მიუწერნა მღდელთ-მოძღუართა და მთავართა და ეკლესიათა, ქადაგება მართლისა სარწმუნოებისა; მერმე კუალად სწავლანი სულიერნი, საღმრთოსა მოქალაქობისა და ყოვლისა სათნოებისა-თვის მრავალი აღწერა, და კეთილად განაწესა, თუ ვითარ ჯერ-არს მოქალაქეობა ქრისტეანეთა, და მრავალნი განმარტებანი წმიდათა წერილთანი და სწავლანი მონაზონებისანი აღწერნა; და იყო იგი ახალი ოქროპირი, პირველისა მის ოქროპირისა მსგავსი. აქუნდეს თანაშემწედ და ქუეყნით-ქუეყანად მიმწევნელად ეპისტოლეთა მისთა ზემოწერილნი იგი სეხნანი_ანასტასიოს და ანასტასიოს, რომელთა იგი ვიდრე აღსასრულადმდე იღუაწეს წმიდასა მაქსიმესა თანა. მრავალნი უკუე ხოლო სასწაულნი და კურნებანი სენთანი ქმნნა უფალმან აფრიკეთს და ვიდრე ჰრომადმდე და თავადსა ჰრომს შინა, ხელითა ნეტარისა მაქსიმესითა, ვითარცა წამებენ ყოველნი მკვიდრნი ჰრომისანი და სანახებთა მისთანი და თვით იგინი მის მიერ განკურნებულნი ხმამაღლად ქადაგებენ; რამეთუ იყო იგი სიტყვით და საქმით და გონებით ჭეშმარიტი მონა ღმრთისა, და აღესრულებოდა მის ზედა საქმით სიტყუა იგი უფლისა, რომელსა იტყვის, ვითარმედ: 'ყოველი მწიგნობარი, რომელი მოწაფე ყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა-უფალსა, რომელმან მოიღოს საუნჯისა-გან თვისისა ძუელი და ახალი' (მთ. 13, 52). ჭეშმარიტად ესე იყო მწიგნობარი იგი-მოწაფე ყოფილი სასუფეველსა ცათასა; და სხუაცა იგი იგავი უფლისა კეთილად მოეზავების საქმესა ღირსისა მაქსიმესსა, ვითარმედ: 'მსგავს არს სასუფეველი ღმრთისა კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა; და პოვა რა ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისა, წარვიდა და განყიდა ყოველი, რა აქუნდა, და მოიყიდა იგი' (მთ. 13. 45-45). ნანდვილვე ნეტარმან ამან ყოველი სოფელი და თავიცა თვისი მისცა, და უსასყიდლო იგი მარგალიტი, ქრისტე მოიგო და სახელისა-თვის მისისა იღუაწა ვიდრე სიკუდილამდე.
13. ხოლო მეცხრესა წელსა მეფობისა კოსტას ძის-წულისა ჰერაკლესსა, ეუწყა მას ყოველი რა იქმნა ჰრომს შინა და აღივსო გულის-წყრომითა და წარავლინა მხედრობა და ბრძანა რათა წმიდა მარტინე და ნეტარი მაქსიმე აღმოიყვანნენ კონსტანტინეპოლეს. ხოლო მოიწინეს რა ღირსნი იგი მამანი სამეუფოდ ქალაქად, ფრიადნი ტანჯვანი და შეურაცხებანი და გინებანი შეამთხვინეს წმიდასა მარტინეს უღმრთოთა მათ, რომელთა ყოვლადვე არა მოიხსენეს საუკუნო იგი საშჯელი, ვითარცა თითოეულად წერილ არს ცხორებასა შინა წმიდისა მარტინესსა; და ექსორია ყვეს იგი ბრძანებითა მეფისათა ქერსონეთს და მრავალი სხუანიცა ეპისკოპოსნი ჰრომთანი ტანჯნა უგუნურმან მან მეფემან. ხოლო წმიდა მაქსიმე, მოიწინეს რა კონსტატინეპოლედ, დასლვასა ოდენ მზისასა მოიწინეს ორნი მეხრმლენი და ათექსუსმეტნი მკვირცხლნი, და განიყვანნეს იგინი ნავისაგან_მაქსიმე და მოწაფენი მისნი, შეურაცხებით, უხამლონი, და განყვნეს ურთი-ერთსა და შეაყენნეს კაცად-კაცადი თვისაგან ადგილსა მას, რომელსაც ექსოვიტ ეწოდების. და შემდგომად მცირედთა დღეთა აღიყვანნა იგინი პალატად პროტოსპათარმან, რომლისა დარწმუნებულ იყო დამარხვა მათი. ხოლო მეფემან უბრძანა საკელარსა განკითხვა მათი. შეიყვანეს ნეტარი მაქსიმე წინაშე ოქროტაძრისა, სადა იგი შეკრებულ იყვნეს მთავარნი და ხელმწიფენი და ერი მრავალი; და წარმოადგინეს იგი წინაშე მთავართასა. ჰრქუა მას საკელარმან რისხვით და გულისწყრომით: ქრისტეანე ხარა ? მიუგო წმიდამან: მადლითა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა ქრისტეანე ვარ. ჰრქუა მას საკელარმან: ნუ იყოფინ, არა მრწამს თუ შენ ქრისტეანი ხარ. მიუგო მონამ ქრისტესმან: შენ არა გრწამს, გარნა ღმერთმან უწყის, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტეანე ვარ. ჰრქუა მას საკელარმან: უკუეთუ ქრისტეანე ხარ, რასათვის გძულს მეფეი? მიუგო მონამან ღმრთისამან და ჰრქუა: ვინა უწყი შენ თუ მეფეი მძულს, რამეთუ სიძულვილი ზრახვა და წესი არს შინაგანისა სულისა, დაფარული ვითარცა იგი სიყუარულიცა; შენ უკუე სულისა ჩემისა განზრახვა ვინა უწყი ? ჰრქუა მას საკელარმან: საქმეთაგან, რომელნი ჰქმნენ,საცნაურ იქმნა ყოველთა მიერ, ვითარმედ მოძულეი ხარ მეფისა და ყოვლისა სამუფოსა მისისა, რამეთუ შენ მხოლომან ეგვიპტეი და ალექსანდრია და ხუთქალაქი და ტრიპოლეი და აფრიკეთი სარკინოზთა მიეც. მიუგო წმიდამან მაქსიმე: და ვითარ სახედ მივსცენ მე ეგე ყოველნი ქუეყანანი სარკინოზთა, გამოაჩინე და მამხილე და წარმოადგინეს იოვანე, რომელი ყოფილ იყო ერის-თავი აფრიკეთისა რომელი იგი იტყოდა, ვითარმედ ოც და ორისა წლისა პაპამან ღმრთივ-დაცულისა მეფისა ჩუენისამან უბრძანა ნეტარსა პეტრე პატრიკსა, რათა, აღიღოს და წარვიდეს ეგვიპტედ, ბრძოლად სარკინოზთა, ხოლო პეტრე მიგიწერა შენ წიგნი, რამეთუ გულსავსე იყო შენდა მომართ და კაცად ღმრთისა გიწესდა და გკითხა: უკუეთუ ეწამებია წარსლვად, და მიუწერე შენ ესევითარი პასუხი, ვითარმედ: ნუ იქმ მაგას საქმესა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა დღეთა ჰერაკლესთა და ნათესავისა მისისა, მათ ქუეყანასა შეპყრობად. მიუგო მონამან ღმრთისამან: უკუეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუა შენი, დასტურად გაქუს წიგნი პეტრესი ჩემდა მოწერილი, და ჩემი მისდა მიმართ; გამოიღე და წარიკითხონ და თანამდებ ვარ სატანჯველისა. ჰრქუა მას ერისთავმან მან: წიგნები არა მაქუს, არცა მიხილავს წიგნი, გარნა მას ჟამსა ყოველნი მხედარნი იტყოდეს ამას სიტყუასა. მიუგო მონამან ღმრთისამან მაქსიმე: მხედართაგანი მაგას სიტყუასა არავინ იტყვის, ვითარ შენ მარტოდ ცილსა სწამებ, გახილავ სადაა ანუ მე შენ ? მან ჰრქუა. ნუ იყოფინ, არა სადა. მაშინ მიიქცა ნეტარი მაქსიმე სხუათა მათ მთავართა ჰრქუა: სამართალი არს ესე ვითართა მოწამეთა და შემასმენელთა წარმოდგინებად? საჯეთ და განიკითხეთ, რამეთუ: 'რომელითაცა განკითხვითა განიკითხოთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ' (მთ. 7, 2,)-თქუა უფალმან ჩუენმან. მაშინ წარმოადგინეს გიორგი ვინმე მაღუდასი და თქუა, ვითარმედ: პირველ ცხრისა წლისა მოვიდა აბბა თომა ჰრომით და მითხრა, ვითარმედ თევდორე ჰრომისა პაპამან მიუწერა გრიგოლს პატრიკსა, ვითარმედ: ნუ ვისგან გეშინინ, რამუთუ მონამან ღმრთისამან მაქსიმე იხილა სიზმარი, ვითარმედ ცათა შინა დგა დასი ანგელოზთა, ერთი აღმოსავალსა და ერთი დასავალს, და აღმოსავალისანი იგი იტყოდეს: კოსტანტინე მეფე ცხონდინ, და დასავლისანი იტყოდეს: გრიგოლ მეფე ცხონდინ, და განძლიერდეს ხმანი იგი დასავალეთნი და აღმოსავალეთნი დადუმნეს. მაშინ ხმა ყო საკელარმან: მოგიყვანა ღმერთმან მონაზონი დაწუვად ქალაქსა ამას შინა ცეცხლითა. მიუგო მონამ ღმრთისამან: ვჰმადლობ ღმერთსა, რათა განმწმიდოს მე ნებსითთა ბრალთა-გან უნებლიეთთა სატანჯველთა მიერ, გარნა რასა იტყვის სული წმიდა პირითა დავით წინასწარმეტყუელისათა: 'წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა' (ფს. 5, 7). ჭეშმარიტად არა ჯერ-იყო ესევითართა სიტყუათა თქუმად სასმენელად ქრისტეანეთა და ესოდენთა ამით მთავართა, არცა უტანჯველად დატევება ესევითარისა ტყუვილისა შემწმასნელთა ამათ სიტყუათა. ჯერ-იყო მაგის კაცისადა სიცოცხლესა გრიგოლისსა თხრობად მეფისა, რათამცა აჩუენა ერთგულება, არა აწ, შემდგომად აღსრულებისა მისისა. აწ უკუთუ თქუენცა ჯერ-გიჩს, სამართალი ესე არს, რათა აიძულოთ პირველი იგი ცილის-მწამებელი მოყვანებად პეტრე პატრიკისა და ამან წარმოადგინენ აბბა თომა და თომა წარმოადგინოს ნეტარი თევდორე პაპა და კაცად-კაცადმან შემწამოს: პეტრე წიგნი იგი მიწერილი გამოიღოს და ნეტარსა პაპას ვჰკითხო და ვჰრქუა: თქუ მამათ-მთავარო, გესმა ჩემ-გან ესევითარი სიზმარი? დაღაცათუმცა თქუა, თუ-ჰე მესმა, არავე იყო ჩემი ბრალი, არამედ მისი, უკუეთუ მიუწერა გრიგოლს; რამეთუ სიზმრისა ხილვა უვნებელი საქმეი არს და არავინ საბრალობელ არს სიზმრისა-თვის; ნებსითთა საქმეთა-თვის საბრალობელ იქმნების კაცი. მაშინ ტროილე მთავარმან ჰრქუა: მონაზონი მოკიცხარი ხარ? ანუ არა უწყია, რომელს ადგილსა მდგომარე ხარ? მიუგო წმიდამან მან: არავის ვეკიცხევ, არამედ უფროსად ვიგლოვ ცხორებასა ჩემსა, რომელ აქამომდე დავიმარხე ხილვად ესევითართა საქმეთა. ეტვიფასე პატრიკმან თქუა: უკუეთუ სიტყუანი ესე ცრუ არიან და არა ჭეშმარიტ, მართლიად იქმმს რომელ ეკიცხევს. კუალად საკელარმან ჰრქუა რისხვით წმიდასა მაქსიმეს: აწ უკუე მონაზონო ყოველნი ტყუვიან და შენ ხოლო იტყვი ჭეშმარიტსა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ხელმწიფება გაქუს შენდობითა ღმრთისათა ხორცთა ჩემთა, გინა თუ მოკლვად, გინა თუ ცხორებად: თვინიერ ესე გრწმენინ: ვითარცა ეშმაკი არაოდეს იტყვის ჭეშმარიტსა, რამეთუ უცხო არს ჭეშმარიტებისა-გან, ეგრეთვე არცა ამათ კაცთა თქუეს სიტყუა ჭეშმარიტი, რამეთუ მე მოწამედ მაცხოვარსა და დამბადებელსა ყოველთასა ქრისტეს მოვიყვანებ, ვითარმედ არაოდეს მიხილავს ესევითარი სიზმარი, არცა სხვისა ვის-გან მასმიეს, გარნა ამას ოდენ ჟამსა კაცისა ამის-გან. კუალად მესამეი ცილის-მწამებელი წარმოადგინეს, თევდორე ვინმე, ძეი კომსისა, რომელსაც ეწოდებოდა ქილა, და თქუა, ვითარმედ: ჰრომს ოდესმე ვეუბნებოდე და სიტყუა მოვიღე მეფისა-თვის და ეკიცხევდა და ჰბასრობდა. მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნუ იყოფიან ძმაო, არაოდეს უბნებულ ვარ შენდა, თვინიერ ერთგზის წინაშე ხუცისა თეოხარიტესსა პრიმიკირიოზისა-თვის; უკუეთუ მეფეი ხსენებულ არს მუნ, მიუწრონ ხუცესსა მას და უკუეთუ წამოს, ვიპოვო მე ბრალეულ. მაშინ საკელარმან ჰრქუა: კაცთა მათ ჰრომთა მთავრისათა, სამართალი არსა ესევითარისა კაცისა შენდობად საბრძანებელსა შენსა ყოფად და ბრძანა განყვანება წმიდისა მაქსიმესი და შეყვანებად მოწაფისა მისისა.
14. და ჰრქუა საკელარმან: რასათვის შეურაცხყო და აგინა მოძღუარმან შენმან პიროსს პატრიარქსა? ხოლო ნეტარმან ანასტასიოს მიუგო ხმითა მდაბლითა: არავინ ესრეთ პატივ-სცა პიროსს, ვითარ მოძღუარმან ჩემმან. ხოლო რომელ იგი მდაბლითა ხმითა მიუგო, ვითარცა ჯერ-არს მონაზონისა, განრისხნა საკელარი და ბრძანა ყურმლის-ცემაი მისი; და მეყსეულად გუემეს ესოდენ, ვიდრეღა დაეცა ქუეყანად. და ბრძანა წარყვანება მათი საპყრობილედ. ხოლო მივიდოდეს რა, მიეწია მინა მონაზონი და ჰრქუა წმიდასა მაქსიმეს: წინაშე მთავართა მოგიყვანა ღმერთმან მაქსიმე აქა, რათა მიიღო მისაგებელა საქმეთა შენთა, ვითარ აცთუნებდი ერსა სწავლითა ორიგინესითა. მიუგო მონამან ღმრთისამან და ჰრქუა მას სასმენელად ყოველთა: შეჩვენებულმცა არს ორიგინე და წვალება მისი და ყოველი ზიარი მისი. ეტვიფანე პატრიკმან თქუა: დაიხსნა მინა მონაზონო შესმენა შენი, რამეთუ დაღათუმცა წვალება იგი ორიგინესი აქუნდა, ვინათგან შეაჩუენა განუთავისუფლებიეს თავი თვისი ესევითარისა მის ბრალობისა-გან; მე რომელ უწყი, მაგის-თვის შესმენასა არღარა შევიწყნარებ. და წარიყვანნეს იგინი თითოეული საპყრობილესა, სადა იყვნეს პირველ.
15. და ხვალისა დღე ტრიოლე პატრიკი და სერგი, ტრაპეზისა სამეუფო მთავარი, მივიდეს მონისა ღმრთისა მაქსიმესა და დასხდეს და უბრძანოს მასცა დაჯდომად, და ჰრქუეს მას: მითხარ მამაო, სიტყვის-გება იგი, რომელი იქმნა შორის შენსა და პიროს პატრიარქისა აფრიკეთს და ჰრომს, და რომლითა სიტყვითა დაარწმუნე მას შეჩუენებად თვისისა შჯულისა და მოქცევად შენსა შჯულსა. ხოლო წმიდამან მაქსიმე მიუთხრა რაოდენიცა ახსოვდა და ჰრქუა მათ: მე ჩემი შჯული არა მაქუს, არამედ შჯული იგი კათოლიკე ეკლესიისა, ქადაგებული წმიდათა მოციქულთა-გან და ღმერთშემოსილთა მამათაგან იგი მიპყრიეს და მას ვქადაგებ, რამეთუ არარა მითქუამს ახალი სარწმუნოება, რათამცა ჩემდად ეწოდებოდა. აღასრულეს რა ესე თხრობა, ჰრქუეს მას მთავართა მათ: აწ არა ეზიარებია საყდარსა კოსტანტინეპოლისასა ? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნუ იყოფინ, არა ვეზიარები. მთავართა ჰრქუეს: რომლისა მიზეზისათვის არა ეზიარები ? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ამისთვის, რამეთუ კრებათა მათ წმიდათა ნიკიისა და კოსტანტინეპოლისა და ეფესოსა და ქალკიდონისასა წინა აღუდგეს და უარყვეს ალექსანდრიას დაწერილთა მით ცხრითა თავითა და ქარტითა მით, რომელი აქა სერგისის მიერ დაიწერა და რომელი ესე ახლად აღიწერა განწესება გარდასულსა მას მეექუსესა ინდიკტიონსა; რამეთუ რა იგი თქუეს ცხრათა მათ თავთა შინა, მეორესა მას ქარტასა შინა დაჰხსნეს; და რა იგი ქარტასა შინა დაამტკიცეს განწესებითა მით წინა აღუდგეს და ერთმან-ერთი განკუეთეს. აწ უკუე რომელნი იგი ერთი-ერთისაგან-გან განკუეთილ არიან და კრებისა მისგან, რომელი იქმნა ჰრომეს მერვესა ინდიკტიონსა, შეჩუენებულ არიან და მღდელობისაგან განკუეთილ, ვითარს ჟამის-წირვასა აღასრულებენ, ანუ რომლისა სულისა მადლი მოვალს მათს შესაწირავსა ზედა ? მთავართა თქუეს: რა არს უკუე, შენ ხოლო სცხონდები და ყოველნი წარწყმდებიანა ? მუგო წმიდამან მაქსიმე: არავინ განიკითხეს სამთა მათ ყრმათა, ოდეს იგი ხატსა მას ოქროსასა არა თაყუანი სცეს, რომელსა ყოველნი იგი ერნი თაყუანის სცემდეს; რამეთუ არა სხუათა მათ ერთა საქმესა ხედვიდეს, არამედ ამას ეკრძალებოდეს, რათა იგინი არა მიდრკენ ჭეშმარიტებისა-გან. აწ უკუე მეცა არავის განვიკითხავ, არცა ვიტყვი თუ მე ხოლო ვცხონდები; უფროსად მრავალთა ბრალთა თანამდებად მაქუს თავი ჩემი, გარნა ამას ზედა მადლითა ღმრთისათა ვიდრე სიკუდილამდე აღვასრულებ, რათა ვერ მამხილოს გონებამან ჩემმან თუ სარწმუნოებასა შინა ღმრთისასა ვსცეთი რომლითაცა სახითა. მთავართა მათ თქუეს: რა უკუე ჰყო, უკუეთუ ჰრომნი შეერთნენ კოსტანტინეპოლელთა, რამეთუ გუშინ მოვიდეს მოციქულნი ჰრომით და აჰა ესერა, ხვალე, კვირიაკესა ეზიარებიან პატრიარქის-გან, და საცნაურ იქმნეს ყოველთა შორის, ვითარმედ შენ იყავ განდგომილებისა ჰრომთასა მიზეზი, და ვინათ-გან წარმოგიყვანეს შენ მიერ, შეერთნეს და დაემორჩილნეს იგინი ამას ეკლესიასა და ბრძანებასა მეფისასა. მიუგო წმიდამან მაქსიმე: არა მრწამს ესე-თუმცა ჰრომნი აქა მყოფთა შეერთნეს, უკუეთუ არა აღიარონ ამათ უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე ორითავე ბუნებითა ღმერთეებისა და კაცებისა, რომელთა-გან და რომელთა შინა და რომელ არს ორითა მით ბუნებითა მნებებელი და აღმასრულებელი ცხორებისა ჩუენისა. მთავართა მათ თქუეს: უკუეთუ შეერთნენ ჰრომნი ამას ეკლესიასა, შენ რასა იქმ ? მიუგო წიდამან მაქსიმე: სულმან წმიდამან პირითა პავლე მოციქულისათა ანგელოზთა-თვისცა თქუა: გინათუ ანგელოზი ზეცით მოვიდესო და გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელ გახარე, შეჩუენებულ იყავნ (გალატ. 1, 8). აწ უკუე მე მართლისა სარწმუნოებისა-გან არა მივსდრკები; ჰრომთა და ბერძენთა ერთობასა ანუ განწვალებასა არას ვზრუნავ. მერმე სხუა მრავალი სიტყუაი ითქუა შორის მათსა და შევიდეს ძიებასა სიტყუათა წერილისათა და სიტყუათა საფილასოფოსთა და ყოველსავე უაღრეს ბუნებისა განუმარტებდა ღმერთშემოსილა იგი, და ფრიად განმხიარულდეს მთავარნი იგი და იტყოდეს: უწყის უფალმან, დიდად სარგებულ გუეყო სიტყუა შენი მამაო, და ამიერითგან მოვიდოდით და გაწყინებდეთ.
16. სერგი მთავარმან თქუა: მრავალგზის მოსრულ ვარ მე სენაკსა შენსა, ოდეს იგი სჯედ ვესას და მესმინ სწავლა შენი და ნუ მწუხარე ხარ, ღმერთმან უმჯობესი ყოს; ამით ერთითა ჯერითა შეაწუხებ ყოველთა, რომელ მართალნი ერნი შენ ძლით განეყენებიან ამის ეკლესიისაგან. მიუგო წმიდამან მაქსიმე: და არს ვინ, რომელმან თქუას თუ-მე ვარქუ არა ზიარებად, ვინათგან აქა მოსრულ ვარ? სერგი თქუა: ესე-მებრ, რომელ შენ არა ეზიარები, ამით ჯერითა ხმამაღლად ეტყვი ყოველთა არა ზიარებად. მიუგო ნეტარმან მაქსიმე: უფალო ჩემო, არარა არს უმძლავრეს შინაგანისა გონებისა მხილებასა, და არარა არს ესრეთ განსასუენებელ, ვითარ ოდეს იგი გონება ეწამებოდის; ამისთვის შეუძლებელ არს ჩემ-გან მხილებასა გონებისასა შთავრდომად. ტრიოლე პატრიკმან თქუა: სამართალი არსა ესე, რომელ განწესება იგი, ღმრთის-მსახურისა მეფისა ჩუენისა მიერ დაწერილი, შეიჩუენების ყოველსა დასავლეთისა ქუეყანასა? არა შეურაცხება არსა მეფის? მიუგო ნეტარმან მაქსიმე: ღმერთმან შეუნდვენ, რომელთა მეფისა დაწერად განწესება იგი და რომელ ეწამნეს და დაამტკიცეს. ტრიოლე თქუა: ვინ არიან რომელთა აწვიეს, ანუ რომელნი ეწამნეს და დაამტკიცეს ? მიუგო მონამან ღმრთისამან: ეპისკოპოზთა აწვიეს და მთავარნი ეწამნეს და დაამტკიცეს, და აჰა ესერა ბრალობა ბრალეულთა-გან უბრალოსა ზედა მივიდა. ამას ზედა მთავართა მათ თავები მოიდრიკეს და თქუეს: ყოვლით-კერძო ძნელ არს და უღონო. მერმე მოიკითხეს ლმობიერად ნეტარი იგი და წარვიდეს მხიარულად.
17. ხოლო მომავალსა შაბათსა კუალად აღიყვანნეს იგინი პალატად და განჰმზადეს სამშჯავრო. მუნ იყვნენ ორნი პატრიარქნიცა-კონსტანტინეპოლელი და ანტიოქელი. და შეიყვანეს პირველად მოწაფეი წმიდისა მაქსიმესი, და წარმოადგინეს კოსტანტინე ვინმე და მინა, შემასმენელნი ბერისანი, და აიძულებდეს ანასტასიოსს მოწაფესა მისსა, რათა თანაეწამოს სიტყუათა მათ შესმენისათა. ხოლო მან კადნიერებით მიუგო მთავართა მათ და ხელმწიფეთა: სამართალი არსა ამის კოსტანტინესი სამეუფოსა პალატისა სამშჯავროსა წარმოდგინება? ეგე არცა ხუცესია, არცა მონაზონი, არამედ ერის-კაცად მროკველად იციან ეგე ჰრომმან და აფრიკეთმან, და მუნ იქცეოდა; თანა ჰყვეს დედანი იგინიცა მროკველნი; და მანქანებანი მისნი, რომელნი აჩუენნა სივერაგისა თვისისა დაფარვად, ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, რამეთუ ოდესმე იტყვინ დანი არიანო ჩემნი, ოდესმე იტყვინ, ამისთთვის გამოვიყვანენო სამეუფოით, რათა არა ეზიარნენ ეკლესიასა კოსტანტინეპოლისასა, წვალებისა მის-თვის; და ამიერითგანცა, უკუეთუ სადა დააკლდეს შუება და მთვრალობა, კუალად წარვალს სხუასა ქუეყანასა, სადა არა იცნობდენ და ეგევითართავე საქმეთა იქმს, ანგაარებისა-თვის და ბოროტისა გულის_თქუმისა; და დიდი სირცხვილი არს წინაშე პატიოსანთა კაცთა წარმოდგინება მაგისი. კუალად უკუე ჰკითხეს მთავართა: შენ უკუე თქუ განწესება იგი, აღწერილი კეთილადმძლისა მეფისა მიერ, ოდეს ჰრომს შეაჩუენეს, შენცა შეაჩუენეა? მიუგო უშიშრად და თქუა: არა სიტყვით ხოლო შევაჩუენე, არამედ ხელის-წერილიცა დავწერე შეჩუენებისა. ჰრქუეს მას მთავართა: და აწ არა აღიარება, ვითარმედ ცთომით ჰქმენ საქმეი ეგე და ითხოვ შენდობასა? ანასტასიოს თქუა: ნუ ყოს ღმერთმან, რაითამცა რომელი იგი კეთილად ვქმენ და წესსა ზედა ეკლესიისასა, შევინანემცა და ვთქუ თუ ცთომით ვქმენ. მრავალი უკუე სიტყუა ჰკითხეს მას და ყოვლისა პასუხი კეთილად მისცა, ვითარცა ღმერთმან გულად მოუვლინა. განიყვანეს იგი სამსჯავროთ და შეიყვანეს ბერი.
18. და ჰრქუა მას ტრიოლე: იხილე ბერო, ყოველი ჭეშმარიტი თქუ და ყოს მეუფემან შენ თანა წყალობა. უკუეთუ კულა წესისაებრ საბჭოსა განგიკითხოთ და იპოის შესმენათა ამათ შენთა_გან ერთიცა ჭეშმარიტი, თანამდებ ხარ სიკუდილისა. მიუგო წმიდანამ მაქსიმე და ჰრქუა: პირველცა ვთქუ და აწცა ვიტყვი: ვითარცა ეშმაკი ჭკშმარიტსა არაოდეს იტყვის, ეგრეთვე სიტყუათა ამათგან, რომელ მწამებენ, ჭეშმარიტი არცა ერთი არს; აწ უკუე, რაცა გნებავს ქმენით; მე ვინათგან ღმერთსა აღვიარებ და ვჰმონებ, რაცა შემემთხვიოს, არა სავნებელ არს ჩემდა. ჰრქუა მას ტრიოლე: განწესება მეფისა მიერ დაწერილი არა შენ შეაჩუენეა? მიუგო ნეტარმან მან: ჰე ვითარცა მრავალგზის ვთქუ, შევაჩუენე. ტრიოლე თქუა: განწესება იგი თუ შეაჩუენე, მეფე შეგიჩუენებია. მიუგო მონამან ღმრთისამან: მე მეფე არა შემიჩუენებიეს, არამედ ქარტა შევაჩუენე, უცხო მართლისა სარწმუნოებისა. ჰრქუა მას ტრიოლე: სადა შეაჩუენეთ? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ჰრომს, ეკლესიასა მაცხოვრისასა, და კუალად ტაძარსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა. ჰრქუა მას ეპარხოსმან: ეზიარებია ეკლესიასა კოსტანტინეპოლისასა ანუ არა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნუ იყოფინ, არა ვეზიარები. ეპარხოსმან თქუა: რასათვის არა ეზიარები? მიუგო ღირსმან მან: რამეთუ წმიდანი კრებანი განყარნა. ჰრქუა მას ეპარხოსმან: უკუეთუ წმიდანი კრებანი განყარნა, ვითარ მოსახსენებელთა შინა წერილ არიან, და ოდესცა პატრიაქი ჟამსა წირვიდეს იხსენებიან ხმამაღლად? მიუგო მონამან ღმრთისამან: და რა სარგებელ არს სახელთა ხსენება, ვინათგან სარწმუნოება მათ მიერ დამტკიცებული განაგდეს ამის ეკლესიისაგან? მაშინ ხმა ყო ერთმან ხუცესთაგანმან: მოგაგო ღმერთმან, რა იგი აჩუენე ნეტარსა პიროსს. არარა გასცა მას პასუხი ნეტარმან მან. ჰრქუა საკელარმან წმიდასა მაქსიმეს: რასათვის გიყუარან ჰრომნი და ბერძენნი გძულან? მიუგო მონამან ღმრთისამან: მცნება მოგვიღიეს, რათა არა ვინ მოვიძულოთ კაცთა შორის; აწ უკუე ჰრომნი მიყუარან, რამეთუ ერთ ვართ სარწმუნოებითა და ბერძენნიცა მიყუარან, რამეთუ ერთ ენანი ვართ. საკელარმან თქუა: რაოდენისა წლისა ხარ შენ? მიუგო ნეტარმან მან: სამეოც და ათხუთმეტისა. ესე ყოველი და სხუა მრავალი თქუეს; ხოლო პატრიარქთაგანმან არცა ერთმან რა თქუა ყოვლადვე. ვინათგან უკუე ყოვლით-კერძო შეაჭირვეს და ვერ უძლეს მართლისა სარწმუნოებისაგან შერყევად, განზრახვა ყვეს ეპისკოპოსთა პატრიარქისა თანა და არწმუნეს მეფესა, რათა წარავლინნეს ნეტარი მაქსიმე და მოწაფენი მისნი ექსორიობასა ფიცხელსა და უწყალოსა, განყოფილად ურთიერთას.
19. და გამოვიდა ბრძანება, რათა ექსორია ყონ ნეტარი მაქსიმე ვიზო ქალაქსა მაკედონისასა, თრაკსა; და მოწაფენი მისნი: ერთი მესიმბრიას და ერთი პერვერისს, რომელ იგი დასასრული არს ბერძენთა საზღვრისა, ადგილი ფიცხელი და უნაყოფო. ესრეთ განყვნეს ნეტარნი იგი მამანი ურთიერთას და ექსორია ყვნეს, და იყოფოდეს შიშუელნი და მშიერნი, არარა სადათ აქუნდა ნუგეშინისცემა, არამედ სასოება ხოლო ღმრთისა. ვინ უკუე აღრაცხოს საყუარელნო უფსკრული იგი სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, რომელ მიჰმადლა ღმერთმან მონასა თვისსა მაქსიმეს, რამეთუ იყოფოდა რა ექსორიობასა მას შინა, ესოდენნი აღწერნა სწავლანი და განგებანი, ვიდრეღა ყოველსა სოფელსა განეფინნეს სიტყუანი მისნი საღმრთონი და შუენიერნი; რამეთუ იყო იგი, ვითარცა ზემო წერილ არს, ჭეშმარიტად ახალი ოქროპირი. ვინ არა განკვირდეს სათნოსა მას და სულიერსა მოქალაქეობასა მისსა, მარხვასა მას ბუნებისა უაღრესსა, მღვიძარებასა ანგელოზთა მსგავსსა, სიმშვიდესა სრულსა, სიმდაბლესა გონებისასა უმეტეს ყოველთასა, სიწმინდესა გულისასა ბრწყინვალესა, ლმობიერებასა ყოველთა მიმართ; ხოლო გონებისა მისისა ღმრთისა მიმართ ხედვა და გულისხმის-ყოფა და წურთა გულისა არარათ უდარეს იყო უხორცოთა წესსა, რამეთუ ესოდენთა მათ შრომათა და ტანჯვათა შინა და ჭირთა ექსორიობისათა და სიბერესა ფრიადსა, რამეთუ ოთხმეოც და ათისა წლისა აღესრულა, და არაოდეს უდებ იქმნა არაცა დაჰხსნა მოღუაწება, არცა გონებისა წურთა და ხედვა, და იყო მის ზედა უხუებით მადლი სულისა წმიდისა; ამისთვისცა მდინარენი საღმრთოთა სწავლათვანი აღმოეცენებოდეს პირით მისით და გამოთარგმნა ყოველივე ძუელისა და ახლისა წერილისა, რომელიცა იპოებოდა ღრმა და ძნიად გულის-ხმის-საყოფელი სიტყუა, ყოველი განჰმარტა, რომელიმე მარტივად რომელიმე სახის-მეტყუელებით; ეგრეთვე ღრმანი იგი სიტყუანი დიდისა დიონოსიოს არეოპაგელისანი, რომელმან იგი აღწერა ზეცისა მხედრობათათვის და ეკლესიისა წესთათვის, შუენიერად განჰმარტა, რამეთუ ფრიად იყო სიღრმეი და დაფარულება ძალისა მათისა. ეგრეთვე სახედ წმიდისა გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა თქუმულთა შინა, რომელიცა იყო ძნიად საცნობელი, თითოეულად თარგმნა და სხუანი წერილნი მრავალნი განგვიმარტნა. ხოლო თავით თვისით კუალად დიდნი სწავლანი და სარგებელნი სულისანი აღწერნა, და წმიდისაცა ჟამის-წირვისა და დიდებულთა მათ საიდუმლოთა სახის-მეტყუელება აღწერა, და კუალად მონაზონთა მიმართ და ყოველთა ქრისტეანეთა სწავლანი თავთავოანნი, ყოველნივე სავსენი სიბრძნითა საღმრთოთა, ყოველნივე მადლითა სულისა წმიდისათა შემკობილნი. კუალად უკუე პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
20. წარიყვანეს რა ნეტარი მაქსიმე ექსორიობად ვიზოის, შემდგომად მცირედთა დღეთა მიავლინნა მისა პეტრე პატრიარქმან ხუცესნი ეკლესიისანი, ფრიად სწავლულნი; და მიიწინეს რა სავანესა მას, მოიკითხეს იგი და დასხდეს და ესრეთ იწყეს სიტყუად: ღმრთივ-დიდებულმან და ყოვლისა სოფლისა მამათ-მთავარმან პეტრე პატრიარქმან მოგუავლინნა შენდა მომართ და ესრეთ მოგიმცნებს: რომლისა ეკლესიისა ხარ ბიზანტიისა, ანუ ჰრომისა, ანუ ანტიოქიისა, ანუ ალექსანდრიისა, ანუ იერუსალემისა, რამეთუ აჰა ესერა ამათ ყოველთა, ერით-ურთ მათით, ერთობა ქმნეს და ერთსა ზრახვასა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა შეითქუნეს; აწ უკუეთუ შენცა კათოლიკე ეკლესიისა შვილი ხარ, შემოგუერთე, ნუ უკუე გეპყრას გზა უცხო ყოველთა ეკლესიათა-გან და შეგემთხვიოს, რომელსა არა მოელი და წარსწყმიდნე შრომანი შენნი, და სიბრძნეი ეგე და სწავლულება შენი არარას გერგოს, და გამოეთხოვო ორსავე ცხორებასა. მიუგო ნეტარმან მან პასუხი, შემსგავსებული სიბრძნისა და ღმრთის-მსახურებისა მისისა: კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარება მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: `ამას კლდესა ზედა, ესე იგი არს მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას~ (მთ. 16, 18). აწ უკუე მაუწყეთ, თუ რომელსა პირსა, ანუ რომელსა სიტყუასა ზედა იქმნა ერთობა ეგე, და უკუეთუ კეთილად იქმნა, არცა მე უცხო ვიქმნე მართლისა წესისა-გან. მიუგეს ხუცესთა მათ და ჰრქუეს: დაღაცათუ არა გუაქუს ამის ჯერისა-თვის ბრძანება, გარნა გაუწყოთ, რათა მიზეზი არცა ერთიღა გაქუნდეს; ესრეთ ვიტყუთ, ვითარმედ: ორნი იგი ნებანი და საქმენი ქრისტესნი ერთ იქმნეს; ამისთვის, ერთსა ნებასა და საქმესა ქადაგებს ეკლესია ჩუენი. მიუგო წმიდამან მაქსიმე: ორნი იგი ერთ იქმნეს, ანუ სხუა ნება და საქმეი იქმნა? ჰრქუეს მოვლინებულთა მათ: ორნი იგი ერთ იქმნეს. მიუგო წმიდამან მაქსიმე: რადღა სახმარ არს მრავალი სიტყუა, ესერა სიტყუამან თქუენმან გამოაჩინა, ვითარმედ არაარსი სარწმუნოება მოგიპოებიეს; რამეთუ სთქუთ თუ - ორნი ერთად შეიერთნეს, პირველად იტყვით ორსა და მერმე ერთსა, რათა არცაღა ორობა ჩნდეს, არცა ერთობა ნებათა და საქმეთა, და აჩუენებთ სრულიად უსაქმოდ, რომელსა ზედა ამას ქადაგებთ, რამეთუ მამანი ესრეთ იტყვიან: ვინაცა არა იყოს ბუნებითი საქმეი უცვალებელი და შეურყეველი, მუნ არსება ყოვლადვე არა არს, რამეთუ არა აქუს საქმეი გამომაჩინებელი არსებისა; ხოლო მე ამის სიტყვისა შეწყნარება არა ხელმეწიფების, არამედ აღვიარებ ქრისტესა ორითა ნებითა და ორითა საქმითა, რამეთუ არცა ერთი ორთა მათ ბუნებათა მისთა-გან იყო უვნებელ და უსაქმო; ესე ესრეთ მისწავიეს წმიდათა მამათაგან; თქუენ რა გნებავს ქმენით ჩემ ზედა. ჰრქუეს მას მოვლინებულთა მათ: აწ უკუე ისმინე, რა წინა გიც: უბრძანებენ მეფეი და პატრიარქი მოციქულთა ჰრომისათა, რათა დადგენ ყოვლით-ურთ ერით და შეგაჩუენონ, უკუეთუ მაგას ურწმუნოებასა ზედა ეგო, და შემდგომად შეჩუენებისა გამოვალს განჩინება მოკლვისა შენისა. წმიდამან მაქსიმე თქუა: რა იგი განგებულ არს ღმრთისა მიერ ჩემ-თვის საუკუნითგანვე, აღესრულენ სადიდებლად სახელისა მისისა. ამას ზედა წარვიდეს ცუდად, ბოროტისა მეტყუელნი იგი.
21. ხოლო შემდგომად სამისა წლისა, ესმა მეფესა, ვითარმედ არა დასცხრების წმიდა მაქსიმე მართლისა მის სარწმუნოებისა ქადაგებად. მიავლინნა მისა, ადგილსა მას ექსორიობისასა, თეოდოსი ეპისკოპოსი კესარია ბითვინიისა და პავლე და თევდოსი იპატოსნი. ხოლო მიიწინეს რა ნეტარისა მაქსიმესსა, მოიკითხეს და დასხდეს და აწვიეს მასცა დაჯდომად; იყო მათ თანა ეპისკოპოზიცა ვიზოელი. ჰრქუა მას თევდოსი ეპისკოპოსმან: ვითა ხარ მამაო? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ვითარცა განაწესა ღმერთმან საუკუნითგან ჩემთვის, წინასწარმცნობელითა მით განგებითა მისითა, ეგრეცა ვარ. თევდოსი თქუა: ვითარ არს სიტყუა ეგე, კაცად-კაცადისათვის საუკუნითგან განუწესებია ღმერთსა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: ნეტარი პავლე მოციქული იტყვის: `რომელნი იგი წინასწარ იცნნა, წინასწარცა განაჩინნა~ (რომ. 8, 29). საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ვითარცა იგი მეცნიერება მისი წინასწარ არს, ეგრეთვე განჩინება დასაბამით-გან არს. თევდოსი თქუა: სიტყვისამებრ მაგის ძალი რა არს, თუ 'რომელნი წინასწარ იცნნა, წინასწარცა განაჩინნა' (რომ. 8, 29) წმიდამან მაქსიმე ჰრქუა: წინასწარცნობა ხელმწიფებასა შინა ჩუენსა მყოფთა საქმეთა და სიტყუათა და გულის-ზრახვითა არს, ხოლო განჩინება მოწევნადთათვის ჩუენ ზედა, ჩუენდა უნებელად, ითქუმის. თევდოსი თქუა: რომელნი საქმენი არიან ჩუენსა ხელმწიფებასა და რომელნი არიან ჩუენდა უნებელად, და ვითარ რომელნიმე წინასწარმცნობელობასა ღმრთისასა მიაჩემენ და რომელნიმე წინასწარგანგებასა? წმიდამან მაქსიმე თქუა: ხელმწიფებასა შინა ჩუენსა არიან ყოველნივე, რომელნიცა ნებითა ჩუენითა იქმნებიან, გინა თუ კეთილნი საქმენი, გინა თუ ბოროტნი; ხოლო უნებელად ჩუენდა არიან ყოველნი მოწევნადნი ჩუენ ზედა ჭირნი და განსაცდელნი, ანუ მათნი წინააღმდგომნი; რამეთუ არცა სნება ჩუენსა ხელმწიფებასა არს, არცა სიმრთელეი, დაღაცა თუ მიზეზნი სნებისა და სიმრთელისანი მრავალთ-გზის ჩუენგან იქმნებიან; უწესობა და უკრძალველობა ჭამადთა მიზეზი არს სენთა, და კრძალვით და წესიერად ხუმევა მომატყვებელ არს სიმრთელისა; არამედ მოწევნანი იგი სენთანი გარეშე ნებისა ჩუენისა არიან, და სიმრთელე არავე ჩუენსა ხელმწიფებასა არს, და სხუანიცა სოფლისა საქმენი; სიმდიდრეი ანუ სიგლახაკეი, დიდება ანუ შეურაცხება, და სხუანი მსგავსნი ამათნი. ხოლო ვითარცა იგი ვთქუ, ვითარმედ სიმრთელეი და სნეულება არა ჩუენსა ნებასა და ხელმწიფებასა ზედა არს, გარნა მიზეზნი მათნი ჩუენ ზედა არიან, ეგრეთვე სახედ არს სულიერიცა, რამეთუ სასუფევლისა ცათასა მიზეზი არს დამარხვაი მცნებათა ქრისტესთა, და ჯოჯოხეთისა მომატყვებელ არს გარდასლვა მცნებათა მისთა. თევდოსი თქუა: აწ უკუე ამისთვის იტანჯებია შენა მას ექსორიობასა, რომელ გიძღვის რამე, ღირსი ამის ჭირისა? წმიდამან მაქსიმე თქუა: ვევედრები ღმერთსა, რათა ესე ჭირი იყოს მოსაგებელად ყოველთა ცოდვათა ჩემთა და არღარა მას საუკუნესა მომაგოს. თევდოსი თქუა: არა მოვლენანა მრავალთა ზედა ჭირნი და მწუხარებანი გამოსაცდელად სიმხნისა და სათნოებისა მათისა? წმიდამან მაქსიმე თქუა: გამოსაცდელად მოსლვა ჭირთა და ურვათა წმიდათა არს და მართალთა, რათა გამოჩნდეს განსაცდელთა მიერ კეთილი და ახოვანი გონება მათი სოფელსა შინა, და ცნან კაცთა დაფარული იგი სათნოება მათი, ვითარცა იქმნა იობის და იოსების ზედა, რათა განსაცდელთა მათ მიერ საცნაურ იქმნას ერთისა მის სიმხნე და მოთმინება და მეორისა მის სიწმინდე და ღმრთის-მოშიშება; ეგრეთვე ყოველთა წმიდათა, რომელნიცა ჭირნი შეემთხვინეს ამას საწუთროსა, ამით ესევითარითა განგებულებითა შეემთხვინეს, რათა ჭირითა მით და უძლურებითა ხორცთათა დათრგუნონ ამპარტავანი იგი და განდგომილი ვეშაპი, რომელ არს ეშმაკი; ესე უკუე სახეი, ვითარცა ვთქუ, წმიდათა არს, ხოლო ცოდვილთა და ბრალეულთა კაცთა ზედა მოვლენ განსაცდელნი - ოდესმე შესანდობელად ცოდვათა, უკუეთუ მადლობით შეიწყნარონ, და ოდესმე დამაყენებელად ცოდვათა; და კუალად განწირულთა ზედა და წინააღმდგომთა ღმრთისათა მოიწევიან განსაცდელნი, რათა იხილონ სხუათა და განეკრძალნენ. მრავალსახე არს უკუე და მრავალგუარი მოწევნა განსაცდელთა. თევდოსი თქუა: მეწამების ჭეშმარიტება ღმრთისა, ყოველივე კეთილად სთქუ, და დიდად სარგებელ მეყო სიტყუა შენი, და მინდა რათამცა ესევითართა პირთა-თვის მყოვარჟამ დაგიუბნე, არამედ ვინათგან სხვისა სახისა-თვის მოსრულ ვართ შენდა მე და უფალნი ესე ჩემნი მთავარნი, და ესოდენსა ამას სიშორესა გზისასა დამაშურალ ვართ, გევედრებით შეიწყნარე სიტყუა ჩუენი და მხიარულ გუყვენ ჩუენცა და ყოველი სოფელი. წმიდამან მაქსიმე თქუა: რა არს სიტყუა ეგე, ანუ ვინ ვარ მე, რომელ თუ შევიწყნარო სიტყუა თქუენი, ჩემ ძლით მხიარულ იქმნების ყოველი სოფელი? თევდოსი თქუა: უწყის ჭეშმარიტებამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესამან, რომელსა გეტყვით მე და უფალნი ესე ჩემნი, პირისა-გან დიდებულისა პატრიარქისა და ღმრთის-მსახურისა მეფისა გუასმიეს. წმიდამან მაქსიმე თქუა: ბრძანეთ უფალნო ჩემნო, თქუთ, რა იგი მათ-გან გასმიეს. თევდოსი თქუა: გევედრების მეფე და პატრიაქი, რათა გუაუწყო თუ რომლისა მიზეზის-თვის არა ეზიარები საყდარსა კოსტანტინეპოლისასა. წმიდამან მაქსიმე თქუა: გაქუსა ამის ჯერისა-თვის ბრძანება მეფისა ანუ პატრიარქისა? თევდოსი თქუა: არა ჯერ-არს მამაო ურწმუნოება ჩუენი, რამეთუ დაღაცათუ უღირს ვარ, გარნა ეპისკოპოს მეწოდების, და უფალნი ესე ჩემნი დიდებულნი არიან და საკუთარნი მეფისანი, და სიცრუვით გამოცდად შენდა არა მოსრულ ვართ, ნუ იყოფინ. წმიდამან მაქსიმე თქუა: რომლითაცა სახითა მოსრულ ხართ, მე განცხადებულად გაუწყო, თუ რომლისა მიზეზისა-თვის არა გეზიარები თქუენ, გარნა მიკვირს თუ რასათვის მკითხავთ; სხუამანცა ვინმე მკითხა მიზეზი ამის ჯერისა, ხოლო თქუენ ყოველსავე მეცნიერ ხართ რასა მკითხავთ. უწყით რაოდენნი ახალნი და უცხოვნი წესნი შემოვიდეს მართლაღსარებასა ზედა სარწმუნოებისა ჩუენისასა გარდასრულთა ამათ წელთა; იწყო ალექსანდრიით ცხრათა მათ თავთა მიერ, რომელ დაწერნა კვიროზ, რომელ იგი მიშუებითა ღმრთისათა იქმნა წინამძღუარ მის ქალაქისა და უჯერონი იგი ცხრანი თავნი შეიწყნარნა საყდარმან კოსტანტინეპოლისამან და დაამტკიცნა და სხუანი მრავალნი შეცვალებანი წმიდათა მამათა მიერ დამტკიცებულთა წესთანი ქმნნეს წინამძღუართა მათ კოსტანტინეპოლელთა სერგიოს და პიროს და პავლე, და ესევითარნი იგი უწესონი შეცვალებანი სარწმუნოებისანი ყოველმან სოფელმან უწყის; ამის მიზეზისა-თვის არა ვეზიარები ეკლესიასა კოსტანტინეპოლისასა. აწ უკუე დამაბრკოლებელნი იგი მიზეზნი განყარნენ მათ თანა, რომელთა მოიპოვნეს, და ყოველი ეკალი და კუროს-თავი და ყოველი ღუარძლი წვალებისა აღმოჰფხურან, და მართალსა მას და წრფელსა გზასა სახარებისასა ვიდოდინ და მეცა უეჭუელად შეუდგე მათ. ვიდრემდის კულა ბოროტთა მათ ღუარძლთა დათესულთა ეკლესიასა შინა, და მთესვართა მათთა შეიტკბობენ, არარათა სახითა ეგების ჩემი მათ თანა ზიარება. თევდოსი თქუა: და რასა წვალებასა ვიტყვით, რომელ არა არს ღონეი, რათამცა გუეზიარე? წმიდამან მაქსიმე თქუა: ერთსა ნებასა და საქმესა იტყვით ღმრთეებისა და კაცებისასა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, და შეჰრევთ ღმრთის-მეტყუელებისა და განკაცებისა სიტყუასა, რამეთუ წმიდანი მამანი ეგრეთ იტყვიან: რომელთაცა საქმეი ერთი არს, ბუნებაცა ერთ არს; საცნაურ არს მის-გან, ვინაითგან ერთსა ნებასა და საქმესა იტყვით, ერთსა ბუნებასა იტყვით შერეულსა და ოთხობასა იქმთ წმიდისა სამებისასა. თევდოსი თქუა: შეერთების-თვის ორთავე მათ ერთად განგებით ჟამსა შინა ქმნილსა საქმესა ნუ შჯულად დაამტკიცებ. წმიდამან მაქსიმე თქუა: უკუეთუ არა მტკიცედ შჯულად გაქუს დაწერილი იგი განწესება, რომელსა შინა ერთი ნება და ერთი საქმე განაწესეთ, უკუეთუ არა მტკიცედ გაქუს, რომლისა მიზეზისა-თვის მიმეცით მე ხელთა წარმართთასა, რომლისა მიზეზისა-თვის დავისაჯე მე ვიზოს მკვიდრობად და ძმანი ჩემნი - ერთი პერვერს და მეორეი მესიმბრიას, რასა-თვის განვიყვენით ურთი-ერთას, ვითარცა ძვირის-მოქმედნი, ანუ მძლავრნი ვინმე? თევდოსი თქუა: უფალმან უწყის, ოდეს დაიწერა განწესება იგი, მაშინვე ვთქუ და აწცა ვიტყვ, ვითარმედ უჯეროდ იქმნა და სავნებელად მრავალთა; ხოლო მიზეზი დაწერისა მისისა იქმნა სიტყვის-გება მორწმუნეთა ურთიერთას ნებათათვის და საქმეთა, და ამის-თვის რათა დასცხრეს სიტყვის-გება და ცილობა მათი, აღწერეს განწესება იგი, რათა ურთიერთას მშვიდობა აქუნდეს და არღარა ითქუმოდინ ეგევითარნი სიტყუანი. წმიდამან მაქსიმე თქუა: და რომელმან მორწმუნემან კაცმან თავს-იდვას ესევითარი განგებულება, რომელი დაადუმებს სიტყუათა ხმამაღლად ქადაგებულთა მოციქულთა მიერ და წინასწარმეტყუელთა და მოძღუართა, ბრძანებითა და განგებითა ღმრთისა და მეუფისა ყოველთასა? და აწ გულის-ხმა ვყოთ მღდელთ-მოძღუარო, თუ რაბამსა ბოროტსა მიიწევის საქმეი ესე, რამეთუ უკუეთუ `ღმერთმან განაწესა ეკლესიათა შინა პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი~ (1 კორ. 12, 28), დამამტკიცებელად მორწმუნეთა და ჰრქუა წმიდასა სახარებასა შინა მოწაფეთა და მათ მიერ ყოველსა სოფელსა - `რომელსა ესე თქუენ გეტყვი, ყოველთა ვეტყვი (მრ. 13, 37): 'რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარებს და რომელმან თქუენ შეურაცხგყვნეს, მე შეურაცხმყოფს' (მთ. 10, 40; ლკ. 10, 16). ამის სიტყვისაგან საცნაურ არს, ვითარმედ რომელი არა შეიწყნარებდეს მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და მოძღუართა, არამედ შეურაცხჰყოფდეს მათ მიერ განწესებულთა და დამტკიცებულთა სიტყუათა, თავადსა ქრისტეს შეურაცხჰყოფს. და კუალად ესე გულის-ხმა ყავთ, ღმერთმან აღადგინნა რჩეულნი თვისნი: მოციქულნი, წინასწარმეტყუელნი და მოძღუარნი, დამამტკიცებელად და მასწავლელად მორწმუნეთა, ხოლო ეშმაკმან აღადგინნა ცრუ წინასწარმეტყუელნი და ცრუ მოციქულნი და ცრუ მოძღუარნი წინააღმდგომად ღმრთის-მსახურებისა და ბრძოლად ძუელისა და ახლისა შჯულისა. ცრუ მოციქულად უკუე და წინასწარმეტყუელად და ცრუ მოძღუარად გულის-ხმა ვჰყოფ მწვალებელთა, რომელთა ზრახვანი დრკუ არიან. აწ უკუე ვითარცა იგი რომელმან ჭეშმარიტნი მოციქულნი და წინასწარმეტყუელნი და მოძღუარნი შეიწყნარნეს, ღმერთსა შეიწყნარებს, ეგრეთვე რომელმან ცრუ მოციქულნი და ცრუ წინასწარმეტყუელნი და ცრუ მოძღუარნი შეიწყნარნეს, ეშმაკსა შეიწყნარებს; და რომელმან განდევნეს წმიდანი უშჯულოთა და არაწმიდათა თანა, ისმინეთ ჭეშმარიტი და შემინდევით, ეგევითარი იგი ქრისტეს სდევნის. აწ უკუეთუ გამოვიძინეთ შეცვალებანი ესე მართლაღსარებისანი, რომელ იქმნნეს ამათ წელთა, ვპოვოთ, ვითარმედ ზემოწერილსა მას ბოროტსა მიიწევიან. იხილეთ, ნუ უკუე მიზეზითა მშვიდობისათა შფოთისა და განდგომილებისა ქადაგებად იპოვნეთ, რომელი იგი განდგომილება წინამორბედად ანტისა ყოფად თქუა მოციქულმან. ესერა ყოველი ჭეშმარიტი გაუწყე უფალნო ჩემნო; აწ უკუეთუ შესაძლებელ არს, რომელ ესე ყოველი მაქუნდეს დაწერილი ფიცართა გულისა ჩემისათა, და შევიდე ეკლესიასა, რომელსა შინა ესე წესნი იქადაგებიან და ვიქმნა ზიარ მდევართა და შეურაცხმყოფელთა ღმრთისათა? ნუ ყოს ესე ჩემ ზედა უფალმან, რომელი იგი ჩემ-თვის მსგავს ჩემდა იქმნა, თვინიერ ცოდვისა; რამეთუ კეთილთა საქმეთა სრულებასა არა ეძიებს ყოველთა-გან ღმერთი, არამედ ნაკლულევანებასა სათნოებათასა შეგვინდობს წყალობით, უკუეთუ ოდენ სრულიად არა ცარიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთა-გან, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: `სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან~ (ინ. 14, 2), და მოციქული იტყვის: `ვითარცა ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეთ იყოს აღდგომა მკუდართა (1 კორ. 15, 41-44). ესე სიტყუანი თითოსახეთა მოქალაქობათა-თვის თქმულ არიან, რამეთუ რომელნიმე უმეტეს მოღუაწე არიან და რომელნიმე უდარეს, ხოლო სარწმუნოებისა ესე წესი არა არს, არამედ ყოველსა ქუეყანასა მართლაღსარება სრული თანააც, რათა ყოველივე ნაკლულევანება არა იყოს; უკუეთუ კნინოდენი შეემთხვიოს ნაკლულევანება და განდრეკილება სარწმუნოებისა, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი; ესე ჩემ-გან შეუძლებელ არს, რაცა გნებავს ქმენით ჩემ ზედა, მე შემწყნარებელთა წვალებისათა არა ვეზიარები. ესმა რა ესე ყოველი ეპისკოპოზსა მას და მთავართა, განკვირდეს და მოიდრიკეს თავები ქუე და დადუმნეს მყოვარჟამ. მერმე მიუგო თეოდოსი ეპისკოპოსმან და ჰრქუა ნეტარსა მას: ჩუენ სამნივე თავსმდებ ვართ ამას ზედა: უკუეთუ შენ ეზიარო, აღიღოს მეფემან განწესება იგი ეკლესიისა-გან. წმიდამან მაქსიმე თქუა: რა იგი კრებითა მრავლითა ეპისკოპოსთათა დაამტკიცეს და დაწერეს სერგიოს პიროს და პავლე, ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა დამტკიცება, ვითარ განიკურნოს? თევდოსი თქუა: იგი ქარტა ჩემოიხსნა და დადუმნა. წმიდამან მაქსიმე თქუა: კედლისა-გან ჩამოიხსნა, გარნა გულთა შინა ყოველთასა არს და მწერალნი მისნი და გამომეტყუელნი იხსენებიან ეკლესიასა შინა. აწ უკუე, რაცა ჰრომისა კრებამან წესიერად და შჯულიერად დაამტკიცა, აღასრულონ კოსტანტინეპოლისა ეკლესიასა და შუაკედელი დახსნილ არს, და ყოველნი შეუორგულებელად ვეზიარნეთ. თევდოსი ეპისკოპოსმან თქუა: ღმერთმან უწყის, ვერარას ვჰპოვებ საბრალობელსა შენსა, არამედ მოგუეც განზრახვა, გევედრებით, უკუეთუ შესაძლებელ არს ესე ყოფად. წმიდამან მაქსიმე თქუა: რა განზრახვა მოგცე, უკუეთუ ენებოს მეფესა და პატრიარქსა მიმსგავსებად სიმდაბლესსა ქრისტესსა და მიუწერონ წიგნები ლმობიერი ჰრომისა პაპსა და ყონ ერთობა, და დაემტკიცოს მართალი სარწმუნოებაი ერთი-ერთას წამებითა, და მერმე მეცა თქუენ თანა ვარ. თევდოსი თქუა: დასტურად ეგე ეგრეთ იქმნას, გარნა ყავ ჩემ თანა აღთქუმა, რათა უკუეთუ მე წარმავლენდენ შენცა მოხვიდე. წმიდამან მაქსიმე თქუა: უმჯობეს არს, რათა წარიყვანო ძმა იგი ჩემი, რომელ არს მესიმბრიას, რამეთუ მან ენაცა ჰრომული კეთილად იცის და ყოველთა მათ დიდი აქუს მისა მიმართ სიყუარული, რამეთუ მრავალი შრომა თავს-უც მართლისა სარწმუნოებისა-თვის. თევდოსი თქუა: მრავალგზის სიტყვის-გება ქმნილ არს შორის ჩუენსა და არა სათნო მიჩნს მის თანა წარსლვად. წმიდამან მაქსიმე თქუა: უკუეთუ სათნო იჩინონ მეფემან და პატრიარქმან კეთილისა ამის საქმისა ქმნა, და ესრეთ ჯერ იჩინონ რათა მეცა წარმოგყვე ჭეშმარიტებისა-თვის და საღმრთოსა საქმისა-თვის, არა უდებ ვიქმნა მოსლვად. ამათ სიტყუათა ზედა აღდგეს სიხარულით და ლმობიერად, და ყვეს ლოცვა მუხლთ-მოდრეკით და კაცად-კაცადმან ამბორ-უყო წმიდა სახარებასა და პატიოსანსა ჯუარსა და ხატსა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეისსა და წმიდისა დედუფლისა ღმრთის-მშობელისასა. და თევდოსი ეპისკოპოსმან და ორთა მათ იპატოსთა ხელნი დაასხნეს წმიდა სახარებასა და წმიდათა ხატთა, დასამტკიცებელად სიტყუათა მათ; და კუალად დასხდეს და წარმოიღეს სიტყუა სათნოებათა-თვის და საღმრთოსა მოქალაქობისა, და მრავალი სწავლაი სულიერი წარმოუთხრა ნეტარმან მაქსიმე, აღსრულებისა-თვის მცნებათა ღმრთისათა, და აღივსნეს სიხარულითა შუენიერისა მის სწავლისათვის.
22. ხოლო ოდეს იგი მოიკითხეს წმიდა მაქსიმე და წარვიდოდეს, თევდოსი იპატოსმან თქუა: აჰა ესერა ჩუენ ყოველივე კეთილად განვიზრახეთ, არამედ ამას ოდენ იჭუეულ ვარ, უკუეთუ თავსიდვამცა მეფემან სავედრებელისა წიგნისა მიწიერად პაპასა და თავსა თვისსა ბრალეულ ყოფად. წმიდამან მაქსიმე თქუა: უკუეთუ შეიმოსოს სიმდაბლე ქრისტესი და ინებოს ცხორება სულისა თვისისა და ყოვლისა ერისა თვისისა, რასა-თვის არა ქმნას საქმეი საღმრთო უფროსღა მოიხსენოს, ვითარმედ, უკუეთუ ბუნებით მაცხოვარმან და ყოვლისავე შემძლებელმან ღმერთმან ინება რა ცხორება კაცთა, თავი თვისი დაიმდაბლა და ესრეთ გუაცხოვნნა, ვითარ ეგების თუმცა კაცმან, რომელსა ვერ ხელეწიფების თავით თვისით ცხორება, არამედ ღმრთისაგან ეძიებს, შეუძლომცა ანუ თავისა თვისისა, ანუ სხუათა სულთა ცხოვნებად, უკუეთუ არა დაიმდაბლოს თავი თვისი მსგავსად მაცხოვრისა მის და მეუფისა ყოველთასა. თევდოსი იპატოსმან თქუა: ვესავ ღმერთსა, უკუეთუ მშვიდობით მიმაწიოს მეფესა, ესემებრ სიტყუა, რომელ აწ სთქუ, ვჰრქუა და დაირწმუნოს ქმნად კეთილისა. ესრეთ მოიკითხეს ურთიერთას და წარვიდეს. ხოლო ეპისკოპოსმან მისცა წმიდასა მაქსიმეს საფასე ნიჭებული მეფისაგან და ჩოხა და სახმარნი. და მიიწინეს რა სამეუფეოდ ქალაქად და აუწყეს მეფესა და პატრიარქსა ყოველივე, რაცა ეთქუა ნეტარსა მაქსიმეს.
23. ამისსა შემდგომად, თუესა სეკდენბერსა რვასა, მიიწია ვიზოის პავლე იპატოსი და აქუნდა ბრძანება მეფისა რომელსა შინა ესრეთ წერილ იყო: გიბრძანებს მეფობა ჩემი პავლე იპატოსო, რათა მიხვიდე ვიზოის და მოიყვანო მაქსიმე მონაზონი დიდითა პატივითა და ფუფუნებითა სიბერისა და უძლურებისა მისისა-თვის, და რომელ იგი მამულად საკუთარი არს მეფობისა ჩუენისა, და დაუტევე მონასტერსა წმიდისა თევდორესსა, რომელი არს ქალაქსა რიგსა, და მოვედ და მაუწყე, რათა მივავლინნე მისა ორნი პატრიკნი საკუთარნი და საყუარელნი ჩემნი, და მათ აუწყონ ყოველი ნება და განზრახვა მეფობისა ჩემისა. მოიყვანა იპატოსმან მან ნეტარი იგი მონასტერსა მას და შევიდა ქალაქად და აუწყა მეფესა. და ხვალისა დღე გამოვიდეს ეტვიფანე და ტრიოლე პატრიკნი ერითა მრავლითა და კაზმულებითა დიდითა და მათ თანა თევდოსი ეპისკოპოსი, და აღვიდეს პატრონიკეთა მის ეკლესიისათა, სადა იგი იყო წმიდა მაქსიმე, და წესისა-ებრ მოიკითხეს და დასხდეს და აწვიეს ნეტარსა მასცა დაჯდომად; და იწყეს სიტყუად. ტრიოლე პატრიკმან თქუა: მეფემან ყოვლისა სოფლისამან გვიბრძანა მოსლვად შენდა და თხრობად ბრძანებასა მპყრობელობისა მისისა, გარნა პირველად გვითხარ უკუეთუ იქმ ბრძანებასა მეფისასა ანუ არა? წმიდამან მაქსიმე ჰრქუა: უფალო ჩემო, მაუწყე თუ რა უბრძანებიეს მეფობასა მისსა და ჯერისა-ებრ პასუხი მოგცე; ხოლო რომელსა უმეცარ ვარ, ვითარი რაი სიტყუაი მიგიგო? ტრიოლე თქუა არა ეგების, არცა რას ვიტყვით, უკუეთუ პირველად არა სთქუა, უკუეთუ იქმ ბრძანებასა მეფისასა ანუ არა. წმიდა მაქსიმე იტყოდა: უკუეთუ არა მესმეს ბრძანება იგი, ვერარას ვიტყვი; (ხოლო იხილნა რა იგინი დამტკიცებულნი სიტყუასა მას ზედა, დაიწყეს მრისხანებით სიტყუად სხუათა მათ თანა, რომელნი მოყოლილ იყვნეს მათდა პატივებითა სამეუფოთა აღზუავებულნი) მიუგო წმიდამან მაქსიმე და ჰრქუა: ვინათგან არა ჯერ-იჩინეთ უწყებად ჩემდა, თუ რა არს ბრძანება მეფისა, უცნაურისა სიტყვისა პასუხსა მომხდით, აჰა ესერა ვიტყვი წინაშე ღმრთისა და წმიდათა ანგელოზთა: უკუეთუ ბრძანება იგი მეფისა სულისა ჩემისა სავნებელი არა იყოს, არამედ საქმეთა-გან იყოს საწუთროსა ამას თანა განქარვებადთა, აღვასრულო ბრძანება მეფობისა მისისა. ესე რა ესმა ტრიოლეს, მეყსეულად აღდგა და თქუა: ლოცვა ყავთ, მე წარვალ, რამეთუ უწყი, ესე არა იქმს, და იქმნა ამბოხება და შფოთი დიდი. თევდოსი ეპისკოპოსმან თქუა: მიუთხართ ბრძანება მეფისა და ისმინეთ პასუხი მისი, რამეთუ ესე რომელ იქმთ, არცა თქუენ რას იტყვით, არცა მისსა ისმენთ პასუხსა, უჯერო მიჩნს. მაშინ ეტვიფანე პატრიკმან ჰრქუა: ამას გიბრძანებს მეფე ჩუენ მიერ: ვინათგან ყოველი აღმოსავალი და ყოველი დასავალი შენ ძლით იღელვებიან და განუდგებიან, რომელ ესე შენ არა გუეზიარე სარწმუნოებასა ჩუენსა, აწ დაგაჯეროს ღმერთმან, გუეზიარე და გუეწამე ჩუენ მიერ აღწერილსა ამას განწესებასა ზედა, და შემოედ სამეუფეოდ ქალაქად და გამოვიდეს მეფობა ჩუენი თავით თვისით, და მოგეგებოს ხალკინსა და ამბორს გიყოთ და ხელი გიპყრათ და დიდითა პატივითა და დიდებითა შეგიყვანოთ დიდსა მას ეკლესიასა წმიდასა სოფიას, და დაგადგინოთ ჩუენ თანა ადგილსა მას სადა მეფენი დადგებიან და აღასრულოს პატრიაქმან წმიდა ჟამის-წირვა და ზოგად ვეზიარნეთ წმიდათა საიდუმლოთა ცხოველს მყოფელსა მას ხორცსა და სისხლსა ქრისტეისსა, და გქადაგოთ შენ მამად ჩუენდა და იქმნას სიხარული დიდი, არა ხოლო თუ დიდსა ამას ქალაქსა, არამედ ყოველსავე სოფელსა, რამეთუ ესე უწყით უეჭუელად უკუეთუ შენ ეზიარო წმიდასა ამას საყდარსა - ყოველნი შემოგუერთებიან, რომელნი იგი შენ ძლით და სწავლითა შენითა განწვალებულ და განდგომილ არიან ჩუენ-გან. მაშინ მიჰხედა ეპისკოპოსსა მას წმიდამან მაქსიმე და ჰრქუა ცრემლით: მღდელთ-მოძღუარო, ყოველნი დღესა მას სასჯელისასა მოველით, რა განვაწესეთ ოდეს მოხუედით ვიზოის, ანუ რომლისა ჯერისა-თვის დასხენით ხელნი წმიდასა სახარებასა და ცხოველს-მყოფელსა ჯვარსა და პატიოსანსა ხატსა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა და ყოვლად-უხრწნელისა დედისა მისისა წმიდისა ღმრთის-მშობლისსა? ხოლო ეპისკოპოსმან მოიდრიკა თავი ქუე და ნელად თქუა: რა ვყო მე ვინათგან მეფემან არა ინება საქმეი იგი? წმიდამან მაქსიმე თქუა: ოდეს იგი არა თქუენსა ხელმწიფებასა იყო აღსრულება სიტყუათა მათ, რასათვის შეეხებოდეთ წმიდასა სახარებასა შენ და შენთანანი იგი? მერმე ჰრქუა პატრიკთა მათ: უფალნო ჩემნო, ეგე რომელ სთქუთ, უკუეთუ ყოველნი ძალნი ცათანი შემოკრბენ და მეტყოდიან ქმნად, არა უსმენ, არცა ვიქმ, რამეთუ რა სიტყუა მივსცე ღმერთსა ანუ სამშჯავროსა მას გონებისა ჩემისასა, უკუეთუ ცუდისა ამის და ამაოსა და მყის-განქარვებადისა-თვის კაცობრივისა დიდებისა, სულთა განმაცხოველებელი იგი მართალი სარწმუნოება უვარ-ვყო? ესე ჩემ-გან შეუძლებელ არს. ამას სიტყუასა ზედა აღივსნეს მთავარნი იგი გულის-წყრომითა, ზე აღდგეს და გუემეს ნეტარი იგი ყურიმლის-ცემითა და მჯიღებითა და ქუსლებითა, ვიდრე სრულიად მოაუძლურეს თავით-გან ფერხთამდის, და ნერწყვითა დაალტვეს სამოსელი მისი, და ვიდრემდის არა განირცხა სამოსელი მისი, სულ-მყრალობა იგი არა განქარდა. ხოლო თევდოსი ეპისკოპოსმან თქუა: არა ჯერ-იყო ამის საქმისა ქმნა; მოსმენა ოდენ პასუხისა მისისა და შესლვა და უწყება მეფისა რამეთუ ესე საეკლესიონი წესნი სიმშვიდით აღესრულებიან. ძლით უკუე დააწყნარა ეპისკოპოსმან უწესო იგი შფოთი და კუალად დასხდეს და მრავლითა გინებითა და შეჩუენებითა შეურაცხჰყვეს მონა იგი ღმრთისა და ჰრქუა მას ეტვიფანე რისხვით და გულის-წყრომით: თქუ ბოროტთა დღეთა შინა დაძუელებულო, ცუდად მცხოვანო, მწვალებელად შეგირაცხიეთა მეფეი და ჩუენ ყოველნი და ქალაქი ჩუენი და მღდელთ-მოძღუარნი, რომელ ესევითარნი სიტყუანი სთქუენ? ჭეშმარიტად უმეტეის შენსა ქრისტეანენი ვართ და მართლმადიდებელნი, ესრეთ გურწამს ქრისტე ვითარცა ყოველთა ზეცისა ძალთა, და ბუნებათა მისთა და ნებათა არა უვარ ვჰყოფთ. მიუგო წმიდამან მაქსიმე: უკუეთუ ეგრეთ გრწამს, ვითარცა ყოველთა ზეცისა ძალთა და ბუნებათა და ნებათა და საქმეთა მისთა აღიარებთ, ვითარცა კათოლიკე ეკლესია, მე ვერ მაიძულებთ ზიარებად განწესებასა მას, რომელი ამას სიტყუასა სრულიად წინააღუდგების. ეტვიფანე თქუა: ესე საქმე განგებულობით იქმნა, რათა არა ევნებოდის ერსა წულილადთა მათ სიტყუათა-გან. წმიდამან მაქსიმე თქუა: უფროსად ყოველი კაცი წმიდა იქმნების ჭეშმარიტითა მით აღსარებითა სარწმუნოებისათა, არა წინააღდგომითა მართლმორწმუნეობისათა. ტრიოლე თქუა: გულსა შინა შენსა გაქუნდინ ვითარცა გნებავს, არავინ გაყენებს. წმიდამან მაქსიმე თქუა: უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რათა გულსა შინა ოდენ გაქუნდეს სარწმუნოება, არამედ ესრეთ იტყვის: `რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა~ (მთ. 10,33); და წმიდა მოციქული იტყვის: 'გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხორებლად' (რომ. 10, 10); რამეთუ, 'აღთუიარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე' (რომ. 10, 9). აწ უკუე, ვინათგან თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინასწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რათა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოველებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმება ქადაგებისა მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხორება მათი რომელნი დუმდენ. ეტვიფანე კუალად რისხვით ჰრქუა მას: გუჯარსა მას ჰრომისსა დაგიწერია შენცა სახელი და წამება შენი. წმიდამან მაქსიმე თქუა: ჰე დამიწერია. ეტვიფანე თქუა: და ვითარ იკადრე დაწერად და შეჩუენებად ჩუენდა, რომელთა ესე გურწამს, ვითარცა ზეცისა ძალთა და ვითარცა კათოლიკე ეკლესიასა, ჭეშმარიტად; მე ესრეთ ვბჭობ, რათა შეგიყვანოთ ქალაქად და დაგადგინოთ უბანსა მას ფოროსასა, შეკრული ჯაჭვითა, და მოკრბენ ყოველნი ღუღანი მამანი და დედანი და ყოველნი მიმოსნი და მეძავნი უბანთანი და კაცად-კაცადმან გცეს ყურიმალსა და პირსა შეგნერწყოს. ჰრქუა მას მონამან ღმრთისამან: უკუეთუ რომელნი აღიარებენ ორთა ბუნებათა ქრისტესთა ღმრთეებისა და კაცებისა და შემსგავსებულად ორთა ბუნებითთა ნებათა და საქმეთა, რომელი იგი ჭეშმარიტად ღმერთი იყო და კაცი, უკუეთუ ამის აღსარებისა მეტყუელნი შევაჩუენენით, კეთილად ჰბჭობ ეგე რა სთქუ, და სხუა უმეტესიცა შემამთხვიეთ; წარიკითხე უფალო ჩემო ხელის-წერილი იგი მის კრებისა და გულის-ხმა ყავ, მე და მოყუასთა ჩემთა და სხუათა ყოველთა, რომელთაცა წამება თვისი მუნ დაუწერია, იგინი შევაჩუენენით, რომელნი მსგავსად არიოზისა და აპოლინარისა იტყვიან ერთსა ნებასა და ერთსა საქმესა და არა აღიარებენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ორითავე ბუნებითა, მნებებელად და აღმასრულებელად ცხოვრებისა ჩუენისა, ვითარცა პირველითგან გვისწავიეს წმიდათა მოციქულთა და მახარებელთა და მღდელთ-მოძღუართაგან, რამეთუ არა ახალ არს სარწმუნოება ჩუენი, არცა ახალი არს ქადაგება ჩუენი, ვითარცა მოციქული იტყვის: არცა ვის ხელეწიფების, მეფესა, გინა მღდელთ-მოძღუარსა, ახლისა რასამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რა იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტა ერთი ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლესია შეაჩუენებს. ესე ყოველი რა წარმოთქუა ნეტარმან მან, პატრიკთა მათ თქუეს: უკუეთუ ამისთა სიტყუათა ყურსა უპყრობდეთ, არცა ჭამად მოგუეცალების, არცა სუმად, არამედ აღდეგით, ვისადილნეთ და შევიდეთ, ვაუწყოთ მეფესა ზრახვა მაგისი, რამეთუ ამას კაცსა თავი თვისი ეშმაკისადა მიუყიდია. აღდგეს და ტაბლა დაიგეს; ჭამეს და სუეს, ვითარცა შეჰგავს ნაყროვანთა და მომთვრალეთა, და მონა იგი ღმრთისა დაუტევეს პატრონიკეთა ეკლესიისათა უზმა, და ვითარცა ჭამეს და სუეს, წარვიდეს რისხვით და გულის-წყრომით.
24. და ხვალისა დღე მოვიდა წმიდისა მაქსიმესსა თევდოსი იპატოსი, და აღიღო მისგან რა იგი მიეცა და ჰრქუა მეფისა მაგიერ: არა ინებე პატივი და განგეშორა შენ, წარვედ სადა იგი ღირს ხარ და შენ ზედა იყავნ ბრალი, არა შენი ოდენ, არამედ მოწაფეთა შენთაცა, რომელ იგი არს მესიმბრას და რომელი არს პერვერს, რომელი იგი მწიგნობარი იყო სულკურთხეულისა ჰანისა ჩემისა. ესე ჰრქუა თევდოსმან და მისცა იგი მხედართა, რათა წარიყვანონ ვიზოის, სადა იგი იყო. წარიყვანეს მხედართა მათ და ამას დღესა მიიწინეს ქალაქად, რომელსა ეწოდების სულუმბრია, და დაყვეს მუნ ორ დღე. ხოლო ლაშქარი მხედრობისა დაბანაკებულ იყო მას ჟამსა სანახებთა მათ სულუმბრისათა. წარვიდა ერთი მხედართა მათგანი და ქადაგა მხედრობასა შინა, ვითარმედ მონაზონი იგი მგმობარი ღმრთისმშობლისა ესერა მოგუყავს. ხოლო ესე განზრახვით ქმნეს, ბირებითა თევდოსი იპატოსისათა, რათა შეაშფოთონ ერი მას ზედა და ბოროტი რამე შეამთხვიონ, ანუ თუ მოკლანცა. შემდგომად ორისა დღისა მოიქცა მხედარი იგი და წარიყვანეს წმიდა მაქსიმე და დადგეს კიდესა ბანაკისასა. ცნა ესე ერისთავმან და ლმობიერ იქმნა და მიავლინნა მახლობელად მისსა ხუცესნი და დიაკონნი და ჯუარის-მპყრობელნი მხედრობისანი. იხილა რა ერი იგი ნეტარმა მან, აღდგა და მუხლთ-მოდრეკით მოიკითხნა; ეგრეთვე მათ ყვეს და დასხდეს. ხოლო ერთმან მოხუცებულმან მღდელმან პატიოსანმან, ჰრქუა მას კრძალულებით: მამაო, ვიეთმე დაგუაბრკოლნეს ჩუენ შენდა მომართ და გვითხრეს, ვითარმედ არა აღიარებს ღმრთის-მშობელად წმიდასა დედუფალსა ჩუენსა მარადის-ქალწულსა მარიამს, გაფუცებთ წმიდასა სამებასა ერთარსებასა, გუაუწყე ჭეშმარიტი და ახოცე იჭვი ესე გულთაგან ჩუენთა. ესე რა ესმა წმიდასა მაქსიმეს, აღდგა და მიიქცა აღმოსავალით და მოიდრიკნა მუხლნი და განიპყრნა ხელნი ზეცად და თქუა ცრემლით: ვინ არა აღიარებს და არა ქადაგებს ყოვლადწმიდასა მას უხრწნელსა უმეტესად კურთხეულსა და ყოველთაგან ზეცისა მხედრობათა პატივცემულსა დედუფალსა ჩუენსა მარადის ქალწულსა მარიამს, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად, ჭეშმარიტად დედად ღმრთისა, შემოქმედისა მის ცათა და ქუეყანისა და ზღვისა და ყოველთა რა არს მათ შინა, წყეულ იყავნ და შეჩუენებულ მამისა-გან და ძისა და სულისა წმიდისა, შეურევნელისა მის და განუყოფელისა სამებისა, და ყოველთა-გან ზეცისა ძალთა და კრებულისაგან წმიდათა მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და მოწამეთა და ყოველთაგან მართალთა, რომელნი საუკუნით-გან სათნო ეყვნეს ღმერთსა. ესე რა ესმა, ყოველნი ლმობიერ იქმნნეს და ცრემლით ჰრქუეს: ღმერთმან განგაძლიერენ მამაო და ღირს გყავნ სრულყოფად სრბა შენი კეთილად და ნებისაებრ მისისა. მერმე იწყეს სულიერთა სიტყუათა უბნობად, და აღაღო ნეტარმან პირი თვისი და ვითარცა მდინარეი ედემისა აღმოდიოდა სწავლათა საღმრთოთა და შემოკრბა ერი მრავალი სმენად შეუნიერთა მათ სიტყუათა. იხილა ვინმე სპასალარმან, ერის-თვისამან, რამეთუ აღეშენების ერი იგი სიტყუათაგან მისთა - და იწყეს ბრალობად მეფისა, რომელ ესევითარსა ზეცისა კაცსა სტანჯავს, იჭუეულ იქმნა, ნუ უკუე შფოთი აღიძრას ერსა შინა; ბრძანა განყვანება მისი კიდე ბანაკისაგან ვითარ ორ მილიონ, ვიდრემდე წარმყვანებელნი მისნი მოვიდნენ და წარიყვანონ. ხოლო ხუცეს-დიაკონნი იგი წარჰყვეს ორსა მას მილიონსა და მოიკითხეს მოწლედ და თვისითა ხელითა აღსუეს სახედარსა და წარგზავნეს ლოცვით და კურთხევით და წარიყვანეს მხედართა მათ ნეტარი მაქსიმე ადგილსა მას პყრობილობისა მისისა.
25. ხოლო ვინათგან ყოვლით-კერძო და მრავალ-სახედ ბრძოლა უყვეს წმიდასა მაქსიმეს მპყრობელთა მათ და ვერ უძლეს მართლისა სარწმუნოებისაგან მიდრეკად, დიდად საყუედრელად და შეურაცხებად უჩნდა ესე, რამეთუ არა გულის-ხმა ყვეს ჭეშმარიტება, არცა ინებეს სლვად გზასა მას სიმართლისასა, ამისთვისცა შემდგომად მცირედისა ჟამისა ბრძანებითა მეფისათა შეიყვანეს ქალაქად წმიდა მაქსიმე და ორნივე მოწაფენი მისნი და აღიყვანნეს პალატად და დასხდეს კართა ოქროტაძრისათა პატრიარქი და ყოველნი მთავარნი და ბჭენი ქალაქისანი და ბრძანეს შეყვანება მათი, და შევიდეს რა წმიდანი იგი, ჰრქუა პატრიარქმან წმიდასა მაქსიმეს: მიკვირს მონაზონო მაქსიმე გონებისა შენისა სიფიცხლე და რომელ ეგე გგონიეს თავი შენი უბრძნეს ყოველთა კაცთა და არა ინებე არცა მეფეთა, არცა მღდელთ-მოძღუართა, არცა მთავართა სმენა, არამედ შენი ნება და თვით-შჯულობა უმტკიცეს ყოველთა ჰყავ, აწ უკუე შეიგონე და შეინანე ცთომილობა შენი და გიპყრა ხელსა და შეგიყვანო წინაშე მეფისა და თაყუანი სცე მას და ამბორს უყო და იქმნა შენცა ზიარ ჩუენდა და იქმნას საქმეი ესე საცხორებელად შენდა სულიერად და ხორციელად; აწ უკუე მომიგე პასუხი გონიერი. მიუგო წმიდამან მაქსიმე და ჰრქუა: ვინათგან ყოველივე რაცა ვთქუათ ღმერთსა ესმის და არარა დაეფარვის, არარა ხელმეწიფების გარეგან მისისა ნებისა თქუმად, ანუ ქმნად; ესრეთ უკუე ვიტყვი და მოგახსენებ: უკუეთუ ჰნებავს ღმრთივ-დიდებულსა მეფესა და თქუენსა სიწმიდესა მართლისა სარწმუნოებისა, ქადაგებულისა წმიდათა მოციქულთაგან, დამტკიცება და აღსარება, მეცა მორჩილ და ზიარ ვიყო თქუენ თანა, უკუეთუ კულა კნინოდენი შეცვალება მართლისა სარწმუნოებისა იქმნების, ჩემგან ღონეი წამებისა და შეწყნარებისა არა არს, რამეთუ წერილ არს ვითარმედ: მორჩილება ჯერ-არს ღმრთისა და არა კაცთა.
26. პატრიაქმან თქუა: რა არს სარწმუნოება შენი და ვითარ აღიარებ, გუაუწყე. წმიდამან მაქსიმე თქუა: ვითარ მრწამს და აღვიარებ, უკუეთუ გნებავს, ვიტყოდი. ყოველთა მთავართა ჰრქუეს: იტყოდე უეჭუელად, რათა საცნაურ იქმნას ცთომა შენი. წმიდამან მაქსიმე გამოსახა სასწაული ჯუარისა პირსა თვისსა და თქუა: მრწამს ერთი ღმერთი, მამა უშობელი; და ერთი ძეი და სიტყუა ღმრთისა, მამისა-გან შობილი; და ერთი სული წმიდა, მამისა-გან გამომავალი; სამგუამოვნება, განყოფილი რიცხვითა და თვითებითა მით გუამოვნებისათა, და განუყოფელი ღმრთეებითა; რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან შეურევნელად. ამისთვისცა ვიტყვით სამგუამოვნებასა და ერთარსებასა, და ერთსა ბუნებასა ღმრთეებისასა, რამეთუ ზოგადი არს სამთავე ღმრთეება და საღმრთოსა ბუნებისა სახენი, ხოლო თვისი თითოეულისა: მამისა - მამობა უშობელი, და ძისა - ძეობა შობილი, და სულისა წმიდისა - გამოსლვა. რამეთუ არცა მამა შეიცვალების ძედ, ანუ სულად; არცა ძეი მამად, ანუ სულად; არცა სული წმიდა მამად, ანუ ძედ; რამეთუ თვითებანი შეუცვალებელ არიან. ღმრთად აღვიარებ თითოეულსა, რამეთუ სრული ღმერთი არს მამა, სრული ღმერთი არს ძე, სრული ღმერთი არს სული წმიდა; არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და ერთი ღმრთეება, სამითა გუამითა თანაარსითა; არცა ბუნებითა განიყოფებიან, არცა ადგილით; რამეთუ სადაცა არს მამა მუნცა ძე და სული წმიდა; და სადაცა ძე, მუნ მამაცა და სული წმიდა; და სადაცა სული წმიდა, მუნ მამაცა და ძე. სამებასა თაყუანის-ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა სამებით; ერთარსებასა სამგუამოვანსა და სამებასა ერთარსებასა; თანადაუსაბმოსა, სწორსა ძლიერებითა და პატივითა. ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ხელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა, დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკუდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა ცისა და ქუეყანისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარასა-გან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა; რომელმან დაჰბადნა პირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი ბევრეულნი, აურაცხელნი; სიტყვით დაჰბადნა და სულითა წმიდითა სრულ ყვნა. მერმე თქუა, და იქმნეს ცა და ქუეყანა, ზღუა და ყოველი რა არს მას შინა. უკუანასკნელ დაჰბადა კაცი, ხატად თვისად და მსგავსებად, ესე იგი არს თვითმფლობელად და თვისითა ნებითა მიმავალად, და გამომრჩეველად გინა თუ კეთილისა, გინა თუ ბოროტისა; და დაადგინა იგი სამოთხესა მას ფუფუნებისასა. ხოლო შურითა ეშმაკისაითა სცთა და მოცემულსა მას მცნებასა ღმრთისასა ნებსით გარდაჰხდა, და გამოვარდა დიდებისა მისგან და საშუებელისა სამოთხისა და თანამდებ სიკუდილისა იქმნა, და დაემორჩილა მტერსა მას განდგომილსა; არამედ არა უგულებელს ყო იგი დამბადებელმან; ამისთვის ჯერ-იჩინა და ინება მხოლოდ-შობილმან მან ძემან და სიტყუამან ღმრთისამან, გამოუთქმელითა მით კაცთ-მოყუარებითა, ნებითა მამისა და სულისათა, ძიება დაბადებულთა თვისითა. გარდამოხდა წიაღთაგან მამისათა, ვინა იგი არასადა განეშორა და დაიმკვიდრა საშო ყოვლად-წმიდისა მის ქალწულისა, სულისა მიერ წმიდისა; და მიიხუნა მის-გან ხორცნი, სულითურთ პირმეტყუელით; და იშვა ღმერთი განხორციელებული; იშვა გამოუთქმელად, და ქალწულება იგი დედისა დაიცვა განუხრწნელად. არა თავს-იდვა შერევნა, ანუ შეცვალება, არამედ რა იგი იყო ეგო, და რა არა იყო, იქმნა. შეიმოსა ხატი მონისა ჭეშმარიტად, არა უცნებით, და ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, თვინიერ ცოდვისა; რამეთუ აღვიარებ მას საუკუნოდ და ჟამიერად, დაუბადებელად და დაბადებულად, უვნებელად და ვნებულად, უკუდავად და მოკუდავად; იგივე ღმერთი და კაცი; არა თუ სხუა და სხუა, არამედ ერთი არს იგივე, პირველ განხორციელებისა, და შემდგომად განხორციელებისა; ერთი შეზავებული გუამი ორითა სრულითა ბუნებითა და ორითა ბუნებითითა ნებითა და ორითა საქმითა, ერთგუამად შეერთებულითა, უცვალებელად და შეურევნელად; იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთა, ვითარცა კაცი; რამეთუ ბუნება უნებელი და უსაქმო არა არს; არა იძულებით დამორჩილებულ იყო იგი ბუნებითთა თანანადებთა, რამეთუ ნებსით იშვა, ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით დაშურა, ნებსით შეეშინა, ნებსით ჯუარს-ეცვა, ნებსით მოკუდა, ჭეშმარიტად და არა უცნებით; ესე ყოველი ნებითა კაცობრივისა ბუნებისათა, ყოველივე ბუნებითი და უბრალო წესი კაცებისა თავს-იდვა; მერმე ჯუარს-ეცვა, გემო სიკუდილისა იხილა უცოდველმან, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, რამეთუ ხორცთა მისთა ხრწნილება არა იხილეს; და თანა აღადგინა ბუნება კაცობრივი, ამაღლდა ზეცად ბუნებითა მით კაცობრივითა და დაჯდა მარჯუენით მამისა, და კუალად მომავალ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რათა მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, ოდეს იგი ბრძანებითა მისითა დასცეს მთავარანგელოზმან საყვირს და აღდგნენ მკუდარნი, და გამოვიდენ სამარეთა-გან. მაშინ რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოება და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხორებად საუკუნოდ; ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი მართლისა სარწმუნოებისანი, სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ. ამას ზედა აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა წყალისა მიერ და სულისა, განმწმედელსა ყოვლისავე ბრალისა, სულისა და ხორცთა. ვეზიარები უხრწნელთა ქრისტეს საიდლუმლოთა და მრწამს, ვითარმედ არს ჭეშმარიტად ხორცი და სისხლი, ჩუენთვის განხორციელებულისა სიტყვისა ღმრთისა, რომელმან მოგუცა ხორცი და სისხლი თვისი, მოსატევებელად ცოდვათა. შევიწყნარებ ყოველთა წესთა ეკლესიისათა, დაწესებულთა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა. თაყუანის ვსცემ და ამბორს უყოფ პატიოსანსა ხატსა ქრისტესსა, რამეთუ სახეი არს განხორციელებისა მისისა; თაყუანის ვსცემ ძელსა პატიოსანსა ჯუარისასა და ყოველთა სამღდელოთა ჭურჭელთა, წმიდასა სახარებასა და წმიდასა ბარძიმსა, და რაიცა შეეხების დიდებულთა მათ საიდუმლოთა და წმიდათა ეკლესიათა, მის ძლით, რომელმან ჯერ-იჩინა ჩუენთვის ხელით-ქმნილთა ტაძართა შინა დამკვიდრებაი; თაყუანის ვსცემ ხატსა ყოვლად-წმინდისა ღმრთის-მშობელისასა და ყოველთა წმიდათასა, სიყუარულისა-თვის მხოლოსა ღმრთისა და არა ფერთა მათ და წამალთა შინა დაუტეოებ გონებასა, არამედ სულიერთა თუალთა ავამაღლებ პირმშოთა მათ სახეთა მიმართ; თაყუანის-ვსცემ ნაწილთა წმიდათასა, რამეთუ აქუს მათ ღმრთისა მიერ მადლის სიწმიდისა. ესრეთ მრწამს, ესრეთ აღვიარებ, ესრეთ ნათელღებულ ვარ, და ყოველთა მწვალებელთა და ყოველსა წვალებასა შევაჩუენებ. შევიწყნარებ და პატივს ვსცემ წმიდათა კრებათა: ნიკიასა სამას ათვრამეტთა წმიდათა მამათა და კოსტანტინეპოლისა ას ორმეოც და ათთა წმიდათა მამათა, ეფესოსა პირველთა ორასთა წმიდათა მამათა, ქალკიდონისა ექუსას ოც და ათთა წმიდათა მამათა, კოსტანტინეპოლისა კუალად ას სამეოც და ოთხთა წმიდათა მამათა, და სხუანიცა სადა რომელ იქმნნეს კრებანი, დამამტკიცებელნი მართლისა სარწმუნოებისანი, რომელნიცა კათოლიკე ეკლესიამან შეიწყნარნა და რომელნიცა წმიდათა მათ კრებათა შეიწყნარნეს; და რომელნი მათ შეაჩუენეს, შევაჩუენებ, და ვადიდებ და უგალობ და თაყუანის ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა ჰშუენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
27. განკვირდეს ყოველნი იგი ესრეთ კეთილად შეწყობასა მას და ხმამაღლად ქადაგებასა მართლისა მის და ჭეშმარიტისა სარწმუნოებისასა. პატრიარქმან ჰრქუა მას: დიდებულსა ამას საყდარსა სამეუფოსა ქალაქისასა და დიდსა ამას და სახელოვანსა ეკლესიასა რასა ცთომასა ჰხედავ, რომელ არა გუეზიარები, არამედ იჭუსა წვალებისასა გუწამებ და ასწავლი ყოველთა არა მშვიდობასა და ერთობასა, არამედ შფოთსა და განხეთქილებასა? წმიდამან მაქსიმე ჰრქუა: რამეთუ შეურაცხჰყავთ მოციქულთა და მამათაგან დამტკიცებული სარწმუნოება ქრისტეანობისა, ამისათვის ვერ ვიკადრებ ზიარებად თქუენდა, რათა არა წარვწყმიდო სული ჩემი. პატრიარქმან ჰრქუა: რომლითა სახითა იტყვი მაგას უგუნურო ბერო, ვითარ სახედ შეურაცხვყავთ სარწმუნოება ქრისტეანობისა? წმიდამან მაქსიმე თქუა: ერთი ნება და ერთი საქმეი ღმრთეებისა ქრისტესისა და კაცებისა ჰქადაგეთ და დასწერეთ და ბიწად ეკლესიისა და სავნებელად ერისა დაჰკიდეთ ეზოსა ეკლესიისასა, ესე არს ცთომა და მიზეზი განწვალებისა. პატრიარქმან თქუა: აწ უკუე ვინ ერთსა ნებასა და საქმესა ქრისტესსა ქადაგებდეს განდრეკილად და მწვალებელად შეჰრაცხავა? წმიდამან მაქსიმე თქუა: ჰე, უეჭუელად დიდი წვალება არს ესე, და რა უძვირეს არს ამისა, უკუეთუ ვინ იტყოდეს თუ ერთითა ნებითა პირველ ხორცთ-შესხმისა ყოველივე არაარსისა-გან დაჰბადა და უპყრიეს ყოველივე და განაგებს არსებასა და ცხორებასა ყოველთა არსთასა, და შემდგომად განკაცებისა უნდა საზრდელისა და სასუმელისა მიღება და ადგილითი-ადგილად მისლვა და ძილი და შრომისა-გან განსუენება გუამისა, რათა ამით ყოვლითა დაამტკიცოს ჭეშმარიტი და არა საოცრად ქმნილი განხორციელებისა განგებულება, აწ ვითარ ეგების ორისა ამის ჯერისა თქუმად ერთ ნებად და ერთითა ნებითა ქმნილად, რამეთუ ზემოთქმული იგი ნება ღმრთეებისა არს, რომლითა ყოველივე არაარსისა-გან არსად მოიყვანა და უპყრიან ყოველნი დაბადებულნი და განაგებს ცხორებასა მათსა, და კუალად კაცობრივნი ესე ნებითა კაცებისათა აღასრულნა, რამეთუ ვითარცა ორი ბუნება იყო, ეგრეთვე ორი ნება, აღმოიკითხეთ წმიდა სახარება რასა იტყვის: `ხვალისა დღე უნდა გალილეად განსლვად~ (ინ. 1, 43); საცნაურ არს, ვითარმედ არა იყო გალილეას და ინება მუნ მისლვა; ხოლო არა იყო კაცებისა ბუნებითა და გუამითა, ხოლო ღმრთეებით ყოველგან იყო; ცხად არს, ვითარმედ კაცობრივ უნდა მუნ მისლვა; და კუალად იტყვის: 'მამაო, რომელნი მომცენ, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა' (ინ. 17, 24). აწ უკუე, ლოცვა იგი უფლისა, არა კაცობრივისა ბუნებისა იყო? ჰე, ჭეშმარიტად, რამეთუ ღმრთეებით უზეშთაეს არს ადგილთა და სავანეთა, რამეთუ არა შეიწყუდევის ღმრთეება ადგილსა, ხოლო დაბადებულნი უზეშთაეს ყოვლისა ვერ არიან. საცნაურ არს, ვითარცა ლოცვა იგი კაცობრივისა ბუნებისა იყო, ეგრეთვე ნება იგი, რომელ თქუა, თუ მნებავს. და კუალად იტყვის: 'და მოიყვანეს იგი ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა, და თქუა: მწყურის; და მისცეს მას ძმარი, ნაღვლითა შეზავებული, და მირაიღო, არა უნდა სუმის' (მთ. 27, 33-34; ინ. 19, 28). აწ ესე, არანება სუმისა, არა კაცებისა არსა? და კუალად იტყვის, ვითარმედ: 'იქცეოდა იესუ გალილეასა და არა უნდა ჰურიასტანს სვლად' (ინ. 7, 1). სლვა უკუე და ქცევა და წყურილი, ბუნებისა იყო ხორცთასა და არა გუამოვნებით შეერთებულისა მის მისდა ღმრთეებისა. და კუალად იტყვის: 'წარჰვლიდა გალილეასა და არა უნდა რათამცა აგრძნა ვინ' (მრ. 9, 30); და კუალად იტყვის: `და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტვიროსისა და სიდონისათა, და შევიდა სახლსა და არა უნდა, რათამცა აგრძნა ვინ, და ვერ ხელეწიფა დაფარვად~ (მრ. 7, 24). აწ ესე, რომელ არა უნდა რათამცა ვინ აგრძნა და ვერ ხელეწიფა დაფარვად, არა კაცობრივსა ნებასა მივაჩემოთა? და კუალად იტყვის: `პირველსა მას დღესა უცომოებისასა, მოუხდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე~ (მთ. 26, 17)? ჭამა იგი პასექისა წესისა მის შჯულისა იყო; აწ უკუე, არა ღმრთეებისა ბუნებითა, არამედ კაცობრივითა ბუნებითა ინება ჭამად პასექი იგი; და მოციქული პავლე იტყვის: 'მორჩილ იქმნა ვიდრე სიკუდილამდე, სიკუდილითა მით ჯუარისათა' (ფლ. 2, 8). რა არს უკუე, ნებსით მორჩილ იქმნა, ანუ უნებლიეთ? უწყი, ვერვინ იტყვის თუ უნებლიეთ, რამეთუ ნებსით ივნო ჩუენისა ცხორებისა-თვის. აწ უკუეთუ მორჩილება ჯუარცმისა არა ეგემის ღმრთეებას მიჩემებად, არამედ კაცებასა, აჰა ესერა კაცობრივისა ბუნებისა მისისა ნება ცხად არს. და კუალად იტყვის მოციქული: 'ჯუარს ეცვა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძლიერებითა~ (2 კორ. 13; 4). აჰა ესერა, ორთა მათ ბუნებათა განთვისებულნი და განწესებულნი საქმენი გამოაჩინნა, ოდეს იგი ადამ შეიყვანა ღმერთმან სამოთხეს და მისცა მცნება. ხოლო მან არა დაიმარხა, არამედ ისმინა განზრახვა გუელისა, და იხილა ხეი იგი და სათნო ეყო, მიიღო ნაყოფისა მის-გან და ჭამა; ნებსით დაემორჩილა ზრახვასა მას მტერისასა, არა თუ იძულებით; ნებსით იხილა ნაყოფი იგი, ნებსით ჭამეს ორთავე; საცნაურ არს უკუე, ვითარმედ პირველი მოქმედი ცოდვისა და ურჩებისა მის ნება იყო ადამისი; და ამის გამო პირველი ვნებული და შეცოდებული ნება იყო კაცებისა; უკუეთუ ქრისტემან შეიმოსა რა ბუნება კაცობრივი; ნება კაცებისა არა მიიღო, არა სადამე განთავისუფლებულ არს ბუნება ჩუენი სრულიად ცოდვისაგან; რამეთუ რომელიცა ქრისტემან არა შეიმოსა, არა განთავისუფლდა ცოდვისაგან, და არს სადმე პირველ ყოვლისა ცთომილი იგი ნება უკურნებელ. არამედ ესე თქუმად უჯერო არს, რამეთუ სახიერმან მან ბუნება ჩუენი ყოვლით-ურთ შეიმოსა, თვინიერ ცოდვისა, და ყოვლითურთ განგვკურნნა; რამეთუ თვითმფლობელად დაჰბადა ღმერთმან კაცი, ხოლო თვითმფლობელობა ნებისა ძალი არს, რამეთუ ბუნებითსა მას თვითმფლობელობასა ნებად უწესეს წმიდათა მამათა. იგი უკუე თვითმფლობელი ნება კაცებისა, უკუეთუ არა მიიღო უფალმან, ვითარ იყო სრული კაცი? ჩანს უკუე ამის ყოვლისა-გან, ვითარმედ აქუნდა უფალსა კაცობრივისა ბუნებისა ნება, ვითარცა ესერა გუეუწყა სახარებისა-გან და მოციქულისა; ხოლო ღმრთეებისაცა ნება მისი გვისწავიეს სახარებისა-გან, რამეთუ იტყვის: 'იერუსალეიმ, იერუსალეიმ, რომელმან მოსწყვიდენ წინასწარმეტყუელნი და ქვა დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენგზის ვინებე შეკრებად შვილთა შენთა, ვითარცა შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თვისნი ქუეშე ფრთეთა, და არა ინებეთ' (მთ. 23, 37). ცხად არს და უწყებულ, ვითარმედ არა კაცებისა ნება თქუა, არამედ ღმრთეებისა; რამეთუ კაცება მისი ახლად ქმნილ იყო, ხოლო თავადმან ადრინდელთა საქმეთა-თვის თქუა _ რაოდენგზის ვინებეო შეკრება შვილთა შენთა, ახსენა ეგვიპტით გამოყვანება მათი, ქუეყნად აღთქუმისა შეყვანება, აურაცხელნი იგი სასწაულნი, კუალად მრავალთა ტყუეობათაგან გამოხსნანი, რომელი იგი უწინარეს განკაცებისა იყვნეს, ნებითა მით ღმრთეებისათა, და იტყვის: 'ვითარცა იგი მამა აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთცა ძეი, რომელთა ჰნებავს აცხოვნებს' (ინ. 5, 21). და ესე ნება ღმრთეებისა არს, რამეთუ არა კაცებისა არს, არამედ თანაარსისა მის მამისა თანა, ძისა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ვითარცა ორნი ბუნებანი ქადაგებულ არიან ქრისტესნი, ეგრეთვე ორნი ნებანი და ორნი საქმენი. ესე ყოველი, რა წარმოთქუა წმიდამან მაქსიმე, ყოველთავე, რომელთა ესმა, გულის-ხმა ყვეს ჭეშმარიტება სიტყუათა მისთა, და ვერვინ შემძლებელ იყო სიტყვის-გებად, ანუ წინააღდგომად მისა, რამეთუ არა იგი იყო მეტყუელ, არამედ სული წმიდა ასწავლიდა საიდუმლოთა მათ საღმრთოთა, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: 'ოდეს იგი მიგიყვანებენ წინაშე მეფეთა და მთავართა, ნუ ჰზრუნავთ რა სთქუათ, ანუ რა მიუგოთ' (მთ. 10, 19; მრ. 13, 11; ლკ. 12, 11), და შემდგომი ამისი.
28. ხოლო დაღაცათუ გულის-ხმა ყვეს ყოველთა ძალი სიტყუათა მისთა, არამედ სათნოებისა-თვის მეფისა და პატრიარქისა, არა აღიარეს ჭეშმარიტება, რამეთუ შეიყუარეს დიდება კაცთა, ვიდრეღა დიდება მხოლოსა ღმრთისა. ხოლო მწიგნობართ-მთავარი წერდა ყოველსავე, რასაცა იტყოდა ნეტარი იგი. კუალად ჰრქუა პატრიარქმან: იხილე მაქსიმე, ნუ უკუე ვერ მიემთხვიო სხუასა ჩემებრსა მოხუაშნესა წინაშე მეფისა; გულის-ხმა ყავ და ისმინე სიტყუა ჩემი და ამათ მთავართა ყოველთა. წმიდამან მაქსიმე თქუა: ესე, რომელ წარმოვთქუ სარწმუნოება, ამისგან მიდრეკა მარჯულ, გინა მარცხლ, ჩემ-გან შეუძლებელ არს, რაცა გნებავს ქმენით. საკელარმან ჰკითხა მოწაფეთა მისთა: თქუენ რასა იტყვით, შეინანებთა ცთომილებასა თქუენსა და შემოერთებით წმიდასა ეკლესიასა? და კეთილი გეყოს თქუენ. მიუგეს და ჰრქუეს მათ ვითარცა ერთითა პირითა: რასაცა მოძღუარი ჩუენი იტყვის, ჩუენცა მას ზედა მტკიცე ვართ და შეურყეველ, და მართლაღსარებისგან არა შევირყევით. შევიდა მწიგნობართ-მთავარი და ყოველივე აუწყა მეფესა. განრისხნა იგი და ბრძანა შეჩუენება მათი და მითუალვა ეპარხოსისადა, რათა წარიყვანნოს სამშჯავროსა თვისსა, და რაცა განჩინება განვიდეს მათ-თვის, აღასრულოს. წარიყვანნეს ნეტარნი იგი სამშჯავროსა მას, რომელსა ეწოდების პრეტორი.
29. და ხვალისა დღე დაწერა მეფემან, და ბჭეთა, განჩინება ნეტართა მათ მამათა-თვის, და წარსცა ეპარხოსისა. მაშინ დაჯდა ეპარხოსი დალიჭსა მას ბჭობისა მისისასა და ბრძანა წარმოდგინება ნეტართა მათ, და ვითარცა წარმოდგეს, ბრძანა წარკითხვა განჩინებისა მის, და ესრეთ ეწერა: ღმრთივ-დაცულმან მეფემან, და ყოველთა ბჭეთა და მთავართა, შჯულიერად და სამართლად განჩინება ესე განვაჩინეთ თქუენ ზედა, მაქსიმე მონაზონო და ანასტასიოს და ანასტასიოს, ჯერ-იყო შემსგავსებულად უკეთურებისა თქუენისა და ბოროტად-მეტყუელებისა უფიცხესითა ტანჯვითა ტანჯვა თქუენი, არამედ არა ვინებეთ ღირსად ბრალთა და გმობათა თქუენთა მიგებად, რათა ჯეროვანი მისაგებელი მერმესა მას საუკუნესა მიიღოთ; ხოლო ამას საწუთროსა, ცხორებასა თქუენსა მიგანიჭებთ, გარნა მცირედი რამე საწურთელად უწესობისა და განდგომილებისა თქუენისა; უბრძანებთ დიდებულსა უპარხოსსა, რათა წარმოგადგინნეს ქალაქპეტობისა მისისა სამშჯავროსა და შოლტითა ზურგი თქუენი უწყალოდ გუემოს და მერმე ენანი სამთანივე ძირით აღმოგკუეთნეს და მარჯუენანი ხელნი, მწერალნი გმობათანი, მახვილითა დაგკუეთნეს, და შემდგომად დაჭრისა ბოროტთა მათ ასოთა თქუენთა, განგაქიქნეს ათორმეტთა მათ უბანთა სამეუფოსა ამის ქალაქისათა და შემდგომად განქიქებისა მის წარგავლინნეს სამარიდისოსა ექსორიობასა და პყრობილობასა, კერძოთა სამეგრელოსათა, რათა იგლოვდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა გმობისა თქუენისა ცთომილებასა. წარიკითხეს რა ესევითარი იგი განჩინება, ბრძანა ეპარხოსმან ტანჯვაი მათი. წმიდამან მაქსიმე თქუა: ყოველსავე ზედა მადლი და დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ნეტართა მათ ძმათა თქუეს - ამენ.
30. მაშინ გუემნეს უწყალოდ მონანი იგი ღმრთისანი, და დაჰკუეთნეს ენანი და ხელნი მათნი, და მოავლნეს ყოველსავე ქალაქსა, ბრძანებისა-ებრ მძლავრისა მის. და წარავლინნა ექსორიობად სამეგრელოს წმიდანი იგი აღმსარებელნი და მოწამენი, ხოლო მიიწინეს რა ქუეყანასა მას მეგრელთასა, მეყსეულად განყვნეს იგინი ურთი-ერთას, რამეთუ ესრეთ მიეღო ბრძანება, და რაცა აქუნდა სახმარად ხორცთა, ყოველივე იავარ-ყვეს, არა დაუტევეს მათ თანა ყოვლადვე, რაოდენიცა რა ღმრთისმოყუარეთა კაცთა მიეცა; და ნეტარი იგი და წმიდა მაქსიმე უძლურებასა შინა დიდსა იყო; ვერ ეძლო ვერცა კარაულსა ზედა ჯდომა, ვერცა სავარძელსა, არამედ ქმნეს ლასტი და დაადვეს მას ზედა და ატვირთვიეს პაჰრაკთა, და წარიყვანეს და შეაწყუდიეს ციხესა, რომელსა ეწოდებოდა ჰიმარ, მახლობელად ქუეყანასა ოვსეთისასა. და ძმა ანასტასიოს სახედრითა წარიყვანეს, და შეაყენეს ციხესა აფხაზეთისასა, რომელსა ეწოდების კოტორი. და მეორეი ანასტასიოს, რომელმან ესე ყოველი აღწერა და მომიძღუანა თევდოსი ხუცესსა, რომელმან აღვწერე ყოველივე ესე მოღუაწება წმიდისა მაქსიმესი, ესე ანასტასიოს შეაყენეს ციხესა, სახელით ბოკელეს, საზღვართავე ოვსეთისათა. მერმე შემდგომად მცირედისა ჟამისა, გამოიყვანნეს სეხნანი იგი ძმანი ციხეთა მათგან და წარიყვანეს ანასტასიოს ხუცესი ციხესა სუანთა სოფლისასა. და იყო იგი მიახლებულ სიკუდილსა მრავალთა მათ ტანჯვათა-გან და ჭირთა, რომელნი შეემხთვინეს ბიზანტიას და გზასა, და ვიდრე არღა მიწევნულ იყო ციხესა მას, აღესრულა და მივიდა სიხარულით სასუფეველსა ცათასა, თუესა ივლისსა ოც და ოთხსა. ხოლო ანასტასიოს დიაკონი წარიყვანეს ციხესა თაკუერისასა აფხაზეთს და იყოფოდა მუნ, ვიდრე სიკუდილამდე მეფისა მის მწვალებელისა. ამისა შემდგომად მიეცა ფლობა და მოვიდა საბერძნეთად, და ყოველივე გუაუწყა, რა იგი შეემთხვია მათ; და მოღუაწებითა დიდითა აღასრულა ცხორება თვისი და ღირს იქმნა, მოყუასსავე თვისთა თანა, სავანეთა ზეცისათა.
31. ხოლო წმიდა იგი და სანატრელი მაქსიმე, ჭეშმარიტი იგი მონა, აღმსარებელი ქრისტესი, შეიყენა ზემოწერილსა მას ციხესა და იყოფვოდა მუნ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისა. არა დასცხრებოდა ლოცვისა და გალობისა-გან დღე და ღამე, და მარხვა ეპყრა შემსგავსებული სიჭაბუკისა მისისა ჟამთა, და ღმრთისა მიმართ ხედვა გონებისა მისისა დაუცადებელ იყო; ხოლო გზითცა და ციხითცა წერდა ეპისტოლეთა სულიერთა და მართლისა სარწმუნოებისა-თვის, საყუარელთა მიმართ, რამეთუ კალამი მოების ხელსა მას დაკუეთილსა და წერნ, და ჩუენ ყოველთა გვიხილავნ ეპისტოლენი იგი დაკუეთილითა მით ხელითა დაწერილნი. ხოლო შემდგომად ოთხისა თვისა, შეყენებისა მის მისისა ციხესა მას, მოვიდა მისა ანგელოზი ღმრთისა და ახარა განსლვა მისი ამიერ სოფლით და მოსლვა წინაშე ღმრთისა; და მოუწოდა ნეტარმან მან ციხის-თავსა მას და სხუათა მუნ მყოფთა, და აუწყა, ვითარმედ შემდგომად შვიდისა დღისა განვალ სოფლისა ამისგან; რამეთუ მადლითა ქრისტესითა დაუყენებელად ზრახვიდა, და ეპისტოლეცა დაწერა ანასტასიოსის მიმართ დიაკონისა, რამეთუ ანასტასი ხუცესი აღსრულებულ იყო; და მისცა ეპისტოლეი იგი ციხის-თავსა და ევედრა, რათა შემდგომად აღსრულებისა მისისა, წარსცეს წიგნი იგი ძმისა მის მიმართ, და ეგრეცა ყო კაცმან მან, და იგიცა ეპისტოლეი გვიხილავს, სავსეი მადლითა სულიერითა. მიერითგან საზრდელისა გემო ნეტარმა მან არა იხილა, და მეექუსესა დღესა მცირედი სიმხურვალეი შეემთხვია, და ხვალისა დღე ხელთა ღმრთისათა შეჰვედრა სული თვისი სიხარულით და მხიარულებით, თუესა აგვისტოსა ცამეტსა, დღესა შაბათსა, და წარვიდა ჭირთა-გან და ღუაწლთა განსუენებასა საუკუნესა, და მიიღო გვირგვინი მოღუაწებისა და წამებისა. იყო მახლობლად ციხისა მის მონასტერი წმიდისა არსენისა. მუნ დაჰმარხეს წმიდა იგი გუამი მისი, სადიდებელად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა. ხოლო აჩუენა უფალმან სასწაული დიდი, რამეთუ სამნი ლამპარნი ბრწყინვალენი ზეცით მოვიდეს და დადგეს სამარხსა მას ზედა, სადა წმიდა იგი გუამი მისი დამარხულ იყო, და დაადგრეს მას ზედა ვიდრე წელიწდადმდე, დღედ აღსრულებისა მისისა, რომელთაცა მყოფნი მის ციხისანი და მონასტრისანი და ყოველნი მახლობელნი ხედვიდეს, და ადიდებდეს ღმერთსა და მოუთხრობდეს ქუეყნითი-ქუეყნად დიდებულსა მას სასწაულსა; და კურნებანი და სასწაულნი მრავალნი იქმნებოდეს დღითი-დღე საფლავსა მას, მის ნეტარისასა. აღესრულა, ვითარცა ვთქუ, ღმერთ-შემოსილი მამა ჩუენი და აღმსარებელი ქრისტესი, მაქსიმე, თუესა აგვისტოსა, ცამეტსა; ხოლო აღესრულების სახსენებელი მისი მას დღესაცა, და კუალად აღესრულების თუესა იანვარსა, ოც და ერთსა, ოდეს იგი ტანჯეს და დაჰკუეთეს წმიდა იგი ენა და ხელი მისი, რამეთუ ესრეთ განაწესეს წმიდათა მამათა მეექუსისა მის კრებისათა.
32. ხოლო ოდეს ესე ყოველი ესრეთ იქმნა, მაშინ შემდგომადექსორიობისა წმიდისა მარტინესისა, ნეტარმან აგათონ მიიღო მღდელთ-მოძღურება ჰრომისა, და შემდგომად ექსორიობისა წმიდისა მაქსიმესა, ყო კრება ას ოც და ოთხთა ებისკოპოსთა, და წვალება იგი ერთისა ნებისა მეტყუელთა შეაჩუენეს, და ორნი ნებანი და ორნი საქმენი ქრისტესნი და ორნი ბუნებანი ქადაგნეს და დაამტკიცნეს. ხოლო საშჯელი ღმერთისა მოიწია ესევითართა უშჯულოებათა მას მეფესა ზედა, და განხადა იგი სვირაკოსეს სიკილიისასა, რათა მუნ მიიღოს ნაცვალი საქმეთა თვისთა. ხოლო მიზეზი ესე იყო: ესუა მას ძმა, სახელით თევდოსი, და შურითა ბოროტითა მოკლა იგი, შეუძნდა ესე ყოველსა მას ქალაქსა ბიზანტიისასა და მოიძულეს იგი, უმეტესად ამის-თვის, რომელ წმიდა მარტინე ჰრომისა პაპა მრავლითა შეურაცხებითა ექსორია ყო ქერსონეთს, და წმიდასა მაქსიმეს და მოწაფეთა მისთა ენანი და ხელი დაჰკუეთნა და ოვსეთისა საზღვართა ექსორია ყვნა. იხილა რა მზაკუარმან მან, ვითარმედ მოიძულეს ყოველთა, განიზრახა მიცვალება მეფობისა ჰრომს. შეკრიბა ერი და წარემართა ჰრომედ, და მიიწია რა თესალონიკედ, წარავლინნა სამეფოს, მოყვანებად ცოლისა და შვილთა მისთა, ხოლო მთავართა და ერთა კოსტანტინეპოლისათა არა მისცნეს. ხოლო უკეთური იგი მივიდოდა ჰრომედ; მიავლინეს მყოფთა ჰრომისათა და აუწყეს, ვითარმედ ნუ მოხუალ აქა, არა შეგიწყნარებთ, მწვალებელო. ესე რა ესმა, მივიდა სიკილიას და მუნ იყოფვოდა, და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რათა ბრძოლა უყოს ჰრომსა. ხოლო ერთსა შევიდა ბანად აბანოსა მას, რომელსა ეწოდების დაფნი და თანა შეჰყვა ანდრია, ძეი ტროილეისი, მსახურად; ხოლო იცხო რა საპონი თავსა და იბანებოდა, აღიღო ანდრია სატლი ვერცხისა დიდი, რომლითა წყალსა ტფილსა და გრილსა აღმოასხმიდეს, და სცა თხემსა მისსა და მეყსეულად მოაკუდინა, და იგი განვიდა. შევიდეს სხუანი და პოვეს იგი მომკუდარი, და განიყვანეს და დაჰფლეს; და აღესრულა მის ზედა სიტყუა იგი წერილისა, ვითარმედ: 'მოკუდა უშჯულო და წარწყმდა სახსენებელი მისი'. მაშ მის თანა მყოფთა მათ ერთა დასუეს მეფედ კაცი ვინმე სომეხი, სახელით მიზიზე, იძულებით, რამეთუ იყო ხილვითა ვითარმედ შუენიერი და სიმხნითა აზოვანი. ესმა ეს კოსტანტინეს, ძესა მისსა, და იქადაგა მეფედ, და აღიღო მხედრობა ქუეყანით და ზღვით, და მიიწია სიკილიას და შეიპყრა მიზიზე და სხუანი იგი მკვლელნი მამისა მისისანი, და მოკლნა იგინი და დააწყნარნა კერძონი იგი დასავლისანი, და მოიქცა კოსტანტინეპოლედ და მეფობდა ტიბერის თანა და ჰერაკლეს, ძმათა თვისთა.
33. ამან კოსტანტინე მეფემან გულის-ხმა ყო ცთომილება იგი მამისა თვისისა და წვალება; განაწესა შეკრება მღუდელთ-მოძღუართა, და იქმნა იგი მეექუსე კოსტანტინეპოლეს, ას სამეოც და რვათა წმიდათა მამათა, და ქადაგეს უფალი იესუ ქრისტე მხსნელი და მაცხოვარი ჩუენი, ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა ღმრთეებისა და კაცებისათა, არა განყოფილებითა პირთა და გუამთათა, არამედ ორთა ბუნებათა სრულებითა, რამეთუ არცა ერთი ბუნებათა მისთაგანი იყო თვინიერ ნებისა და საქმისა, რამეთუ რომელნი უარ ჰყოფენ ორთა ნებათა და საქმეთა, იგინი ბუნებათაცა უარ ჰყოფენ და თვითებათა მათთა. იყვნეს წინამძღუარ კრებისა მის აგათონ პაპა ჰრომისა და გიორგი პატრიარქი კოსტანტინეპოლისა და თეოფანე ანტიოქისა, რომელი მას ოდენ კრებასა დაადგინეს; და მაკარი, რომელი იყო პირველ მისა, განკუეთეს, და მის თანა სხუანი მწვალებელნი შეაჩუენნეს: ორნი, რომელი ყოფილ იყო ჰრომს, და კვიროზ ალექსანდრიელი, თეოფანე ფარანელი, სერგიოს და პიროს და პავლე და პეტრე კოსტანტინეპოლელნი, მაკარი ანტიოქელი და სტეფანე, მოწაფეი მისი; რამეთუ ამათ ყოველთა იკადრეს თქუმად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს-თვის, ვითარმედ ერთი ნება და ერთი ხოლო საქმეი აქუნდა შემდგომად განკაცებისაო, რომელი ესე უარის ყოფა არს ორთა ბუნებათა. ზემოხსენებულთა მათ მწვალებელთა თანა შეაჩუენნეს პოლიხრონიოსცა, უგუნური იგი და ცოფი ბერი, რომელმან იქადა ესევითარს შინა აღდგინება მკუდრისა, ხოლო მამათა მათ წმიდათა მისცეს ფლობა აღდგინებად და ვითარ იგი ვერარა აღადგინა, უმეტესად განაქიქა გმობა თვისი. ამან წმიდამან მეექუსემან კრებამან ას სამეოც და რვათა მამათამან, რომელნი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს სამეუფოსა პალატასა, და დაამტკიცეს მართალი სარწმუნოება, და დაწერეს ძეგლი ღმრთის მეტყუელებისა; პირველად ახსნეს სარწმუნოება განწესებული ნიკიისა კრებისა, სამას ათვრამეტთა მამათა, და კოსტანტინეპოლისა ას ორმეოც და ათთა მამათა, და ეფესოსა ორასთა მამათა, და ქალკიდონისა ექუს ას ოც და ათთა მამათა, და კოსტანტინეპოლისა ას სამეოც და ათთა მამათა და ყოველივე ხუთთა მათ კრებათა მიერ ქადაგებული შეწყნარეს და დაამტკიცეს, და რომელნი მათ განკუეთნეს და შეაჩუენნეს, შეაჩუენნეს და რომელნი მათ ადიდნეს, ადიდნეს: და მერმე ახლად შემოსრული იგი წვალება ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა მეტყუელთა, სრულიად განაგდეს და მეტყუელნი იგი ესევითარისა მის წვალებისა, ვითარცა ზემოწერილ არს, შეაჩუენნეს; და ეპისტოლეი მოწერილი აგათონ ჰრომთა პაპისა კოსტანტინე მეფისა მომართ, შეიწყნარეს შემსგავსებულად ეპისტოლისა მის დიდისა ლეონისა, ჰრომთა პაპისა, რომელი მოეწერა კრებასა ქალკიდონისასა, და კრება იგი ას ოც და ოთხთა ეპისკოპოსთა რომელნი ჰრომს შეკრიბნა ღირსმან აგათონ, და ყოველი მათ მიერ თქმული და განწესებული, დაამტკიცეს და ერთ კრებად შეჰრაცხნეს: ას სამეოც და რვანი კოსტანტინეპოლისანი, და ას ოც და ოთხნი ჰრომისანი; და წმიდა მარტინე, ჰრომისა პაპა და წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, ხმამაღლად ადიდნეს და სახსენებლად საუკუნოდ ნეტარება და და ქება მათი განაწესეს.
34. მოვიდა ღმრთის-მსახური იგი კოსტანტინე მეფეი და დაჯდა შორის წმიდათა მათ მამათა; მიიღო ძეგლი იგი მართლისა სარწმუნოებისა მწიგნობართა-მთავარმან პატრიარქისმან, პატივითა მთავარდიაკონმან, და ხმამაღლად წარიკითხა, და ესრეთ წერილ ოყო დიდმან ამან და ყოვლისა სოფლისა-გან ნებითა და მადლითა ღმრთისათა, და ბრძანებითა მორწმუნისა და ღმრთის-მსახურისა მეფისა კოსტანტინესითა, შემოკრებულმან, ღმრთივ-დაცულსა სამეუფოსა ქალაქსა, მეექუსემან კრებამან, ტაძარსა დიდისა პალატისსა ესრეთ აღწერა და განაწესა, და ამას იტყვის: ღმრთისა და მამისა მხოლოდშობილი ძეი და სიტყუა, რომელი იგი ყოვლითურთ მსგავს არს ჩუენდა, კაც იქმნა თვინიერ ცოდვისა, ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი ჩუენი, წმიდისა სახარებისა ქადაგებითა ესრეთ ბრძანებს: 'მე ვარ ნათელი სოფლისა რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისა' (ინ. 8, 12); და კუალად თქუა: 'მშვიდობასა მოგცემ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ' (ინ. 14, 27). ამის ღმრთივ-ქადაგებულისა ჭეშმარიტისა და მიუაჩრდილებელისა ნათლისა ბრწყინვალებითა განათლდა და შეუდგა მას ღმრთის-მსახური მეფეი ჩუენი, და მშვიდობა იგი მის მიერ აღთქმული წინამძღურად მიიღო, და იქმნა მართლმადიდებლობისა შემწე და წვალებისა წინააღმდგომ. ამისთვისაც წმიდა ესე და სოფლიო კრება, ღირსთა ამათ მღდუელთ-მოძღუართა, მოსწრაფედ შემოკრიბა და ყოველივე სავსება ეკლესიისა შეაერთა. ხოლო წმიდამან ამან და პატიოსანმან კრებამან მტრისა მიერ დათესილი ღუარძლი ყოველივე ეკლესიისა-გან აღმოფხურა და ყოველი წვალებისა უშჯულოება განიოტა და სწავლასა დიდთა და ღმრთის მიერ გამორჩეულთა მამათასა შეუდგა, და წმიდათა მათ და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელთა ხუთთა კრებათა თანა ყოვლითურთ ერთნება და ერთგანზრახვა იქმნა: პირველად, სამას ათურამეტთა ნიკიას შეკრებულთა წმიდათა მამათა, უშჯულოსა არიოზისა განმკუეთელთა; მეორედ, კოსტანტინეპოლეს ას ორმეოც და ათთა ღმერთ-შემოსილთა მამათა, მაოტებელთა ბოროტისა მის მაკედონიოს, სულისა წმიდისა მბრძოლისა და აპოლინარის უკეთურისა; მესამედ, ეფესოს შეკრებულთა ორასთა წმიდათა მამათა, რომელთა არცხვინეს უშჯულოსა ნესტორის; მეოთხედ, ქალკიდონს შეკრებულთა ექუსას ოც ათთა წმიდათა მამათა, შემაჩუენებელთა ევტუქის და დიოსკოროს და სებეროსის მწვალებელთა; მეხუთედ, ამას სამეუფოსა ქალაქსა შემოკრებულთა ას სამეოცთა წმიდათა მამათა, რომელთა განკუეთეს თეოდორე მომფსუეტელი და ორიგინე და დიდიმოს და ევაგრე და ათორმეტნი იგი თავნი თევდორიტესნი, წინააღმდგომნი ღმერთ-შემოსილისა კვირილესნი, და ეპისტოლეი იგი ივასი, მიწერილი მარენ სპარსისა მიმართ; და ყოველივე წვალება შეაჩუენეს, და სარწმუნოება პირველთა მათ წმიდათა კრებათა მიერ განწესებული დაამტკიცეს. აწ უკუე ჩუენ ყოველივე წმიდათა მათ კრებათა მიერ ქადაგებულსა სარწმუნოებასა ვქადაგებთ და დავამტკიცებთ, და ესრეთ ვღაღადებთ, შემოკრებულნი წმიდასა ამას კრებასა მეექუსესა: გურწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტეი, ძეი ღმრთისა, მხოლოდ-შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა; ნათელი-ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა; რომელი ჩუენ-თვის კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისა-თვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა; და ჯუარს ეცუა ჩუენ-თვის პონტოელისა პილატეს ზე, ივნო, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა; ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს დიდებით განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ; და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ; და ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია; აღვიარებთ ერთსა ნათლის-ღებასა მოსატევებელად ცოდვათა; მოველით აღდგომასა მკუდრეთით და ცხორებასა მერმისა საუკუნოსა, ამენ. კმა იყო მეცნიერებად და დასამტკიცებულად მართლისა სარწმუნოებისა წმიდა ესე, ღმერთ-შემოსილთა მათ მამათაგან დაწესებული მართლაღსარება, არამედ ვინათგან არა დასცხრა პირველითგან მომპოვნებელმან მან უკეთურებისამან ბრძოლად ნათესავსა კაცთასა, და ვითარცა იგი პირველ თანაშემწედ მოიპოვა გუელი, მის მიერ წამალი იგი გესლიანი სიკუდილისა უწდია ბუნებასა კაცთასა, ეგრეთვე აწ პოვნა ჭურჭელნი შემსგავსებულნი ნებისა თვისისანი: თეოფანე, ვინმე ფარანელი, და სერგიოს და პიროს და პავლე და პეტრე, რომელნი იყვნეს მღდელთ-მოძღუარ სამეუფოსა ამის ქალაქისა; ამათ თანა ონორიცა, ჰრომის წინამძღუარი და კვიროზ ალექსანდრიისა, მაკარი ანტიოქელი და სტეფანე მოწაფეი მისი. ესეს ყოველნი პოვნა ბოროტმან მან მტერმან, აღმასრულებელად ნებისა თვისისა და ისწრაფა მათ მიერ აღდგინებად ეკლესიასა შინა საცთური ბოროტი, რამეთუ ამათ პირველთქმულთა კაცთა, ბირებითა დასაბამით-გან კაცის-მკლველისათა, იკადრეს თქუმად ერთი ნება და ერთი საქმე ორთა მათ ბუნებათა, ერთისა მის სამებისაგანისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და ამით სახითა განაახლა ერსა შორის ქრისტეანეთასა წვალება იგი აპოლინარისა, სებეროსისი და თემისტისი, უშჯულოთა მათ, რომელთამცა სრულება იგი განკაცებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი განაქარვა ესევითარითა მით მზაკუვარებითა, და აჩუენამცა თვინიერ ნებისა და საქმისა ყოფად გონიერად სულიერნი იგი ხორცნი უფლისანი; ამისთვის აღადგინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან მორწმუნე ესე მეფეი, ახალი დავით, რომელი პოვა გულითადი თვისი, რომელმანცა ვითარცა წერილ არს: არა სცა ძილი თუალთა თვისთა, არცა ჰრული წამთა თვისთა არცა, განსუენება ხორცთა თვისთა, ვიდრემდის ღმრთივ-შემოკრებული ყო ესე კრება და წმიდათა ამათ მამათა მიერ პოვა სრული იგი მართლმადიდებლობისა ქადაგება, რამეთუ ვითარცა იტყვის უფალი: 'სადა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულნი სახელითა ჩემითა, მუნ ვარ მე მათ შორის' (მთ. 18, 20). ჭეშმარიტად უკუე ჩუენ შორის არს სახიერი იგი და მიძღვის ჩუენ გზასა ჭეშმარიტებისასა. ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწლედ შეიწყნარა ეპისტოლეი წმიდისა და ნეტარისა აგათონ ჰრომთა პაპისა, მოწერილი ღმრთის-მსახურისა მეფისა ჩუენისა კოსტანტინესა, რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთა და განყრა ყოველთა, რომელთა ქადაგეს ერთი ნება და ერთი საქმე განკაცებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა; ეგრეთვე სახედ ასოც და ოთხთაცა ღმერთ-შემოსილთა ეპისკოპოსთა ეპისტოლეი, რომელნი ღირსსა მას აგათონს თანა შეკრბეს, მოწერილი მორწმუნისა ამის მეფისა მიმართ, სათნოდ და კეთილად შეიწყნარა, რამეთუ თანაეწამებოდეს ესე ეპისტოლენი და დაამტკიცებდეს ეპისტოლესა მას დიდისა ლეონისსა, ჰრომთა პაპისა, რომელი მიუწერა წმიდასა ფლაბიანეს, კოსტანტინეპოლელ პატრიარქსა, კრებასა მას ქალკიდონისასა, რომელსაცა ძეგლი მართლმადიდებლობისა უწოდა წმიდამან ამან კრებამან. ეგრეთვე დაამტკიცა წმიდამან ამან კრებამან ეპისტოლენი იგი წმიდისა და ნეტარისა კვირილესნი, განსაკუეთელნი უშჯულოსა ნესტორისნი, და რაოდენიცა მიუწერა აღმოსავალისა ეპისკოპოსთა; ეგრეთვე ეპისტოლეი სოფრონ იერუსალიმელ პატრიარქისა. ესე ყოველი შევიწყნარეთ ჩუენ ყოველთა, და სწავლასა ხუთთა კრებათასა და წმიდათა მათ ღმერთშემოსილთა მამათასა შეუდეგით, და აღვიარებთ უფალსა ჩუენსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა იესუ ქრისტეს, ერთსა მას წმიდისა და ერთარსებისა სამებისაგანსა, სრულსა ღმრთეებითა და სრულსა კაცებითა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თვინიერ ცოდვისა, რომელი იგი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისა-გან ღმრთეებითა, ხოლო უკუანასკნელთა ჟამთა ჩუენ-თვის და ჩუენისა ცხორებისა-თვის განხორციელდა სულისა-გან წმიდისა და მარიამის-გან ქალწულისა, ჭეშმარიტისა მის ღმრთის-მშობელისა, ბუნებითა მით კაცობრივითა, ერთი უფალი იესუ ქრისტე, მხოლოდ-შობილი, ორითა ბუნებით, შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფელად, განუშორებელად ცნობილი; რამეთუ განყოფილება იგი ბუნებათაი არა შეირია, არცა დაიხსნა ერთობითა მით გუამისათა, არამედ უფროსღა მტკიცე იყო თვითება ორისავე ბუნებისა, შეკრებულ ერთ პირად და ერთ გუამად, რამეთუ არა ორად პირად განიკუეთა, ანუ განეყო ორ გუამოვნებად, არამედ იგივე ერთი მხოლოდ-შობილი სიტყუა ღმრთისა, უფალი იესუ ქრისტე ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, ვითარცა პირველითგან წინასწარმეტყუელთა ქადაგეს და თავადმან იესუ ქრისტემან გუასწავა და წმიდათა მოციქულთა გუაუწყეს და ღმერთშემოსილთა მამათა გუასწავეს; ვქადაგებთ ჩუენცა ორთა ბუნებათა და ორთა ბუნებითთა ნებათა და ორთა ბუნებითთა საქმეთა და ორთა ბუნებითთა ნებათა, არა წინააღმდგომთა, ნუ იყოფინ, ვითარცა უშჯულონი მწვალებელნი იტყვიან, რამეთუ შეუდგა კაცობრივი იგი ნება მისი საღმრთოსა ნებასა და არა წინააღმდგომ იყო, ანუ მებრძოლ, არამედ უფროსად ჰმორჩილებდა საღმრთოსა მას და ყოვლად ძლიერსა ნებასა მისსა, რამეთუ ჯერ-იყო ნებისა მის ხორცთასა აგებულება და დამორჩილება ნებასა მას ღმრთეებისასა, ვითარცა იტყვის დიდი ათანასე, რამეთუ ვითარცა ხორცნი მისნი ხორც სიტყვისა ღმრთისა ითქუმიან და არიან, ეგრეთვე ბუნებითი იგი ნება ხორცთა მისთა თვისად სიტყვისა ღმრთისა ითქუმის და არს, ვითარცა თვით თავადი იტყვის, ვითარმედ: 'გარდამოვხედ ზეცით, არა რათა ვყო ნება ჩემი, არამედ ნება მომავლინებელისა ჩემისა მამისა' (ინ. 6, 38). თვისად ნებად ნებასა მას ხორცთასა იტყოდა, რამეთუ ხორცნიცა მისნი იყვნეს, და ვითარცა წმიდანი იგი უბიწონი ხორცნი განღმრთობითა არა განილინეს, არამედ თვისსა წესსა და ბუნებასა ეგნეს, ეგრეთვე კაცობრივი ნება მისი შეერთებითა ღმრთეებისათა არა განილია, არცა განქარდა, არამედ უფროსად განემტკიცა, ვითარცა იტყვის გრიგოლ ღმრთის-მეტყუელი, ვითარმედ: ნება იგი მაცხოვრისა არა წინააღმდგომ საღმრთოსა ნებისა იყო, არამედ ყოვლითურთ განღმრთობილ და მიმყოლელ ნებისა საღმრთოსა. ეგრეთვე ორთა ბუნებითთა საქმეთა განუყოფელად, უცვალებელად, შეურევნელად, უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა აღვიარებთ, ესე იგი არს საღმრთოსა საქმესა და კაცობრივსა საქმესა, ვითარცა იტყვის ღმერთშემოსილი ლეონ განცხადებულად, ვითარმედ თითოეული ბუნება მისი იქმს წესსა თვისსა ზიარებითა მეორისათა; ბუნება იგი სიტყვისა იქმს საქმეთა სიტყვისათა და ბუნება ხორცთა იქმს, რა იგი შეჰგავს ხორცთა, რამეთუ არა ეგების თქუმად, თუ ერთ არს საქმე ბუნებითი ღმრთეებისა და ხორცთა, რათა არცა დაბადებული არსებასა მას ღმრთეებისასა აღვიყვანოთ, არცა სიმაღლეი იგი და საკვირველება საღმრთოსა ბუნებისა დაბადებულთა და განწესებულსა ადგილსა შთამოვიყვანოთ; ერთისა უფლისა ერთისა ქრისტესი ვიცნით სასწაულნიცა და ვნებანიცა, არამედ სხუად და სხუად სახედ, შემსგავსებულად ბუნებათა მათ, რომელთა-გან და რომელთა შინა იყო, ვითარცა ნეტარმან კვირილე თქუა. აწ უკუე ყოვლითა-კერძო შეურევნელად და განუყოფელად საიდუმლოსა მას ვქადაგებთ და მოკლითა სიტყვითა ყოველსა განვაცხადებთ, და გურწამს ერთი წმიდისა სამებისაგანი უფალი ჩუენი იესუ ქრისტეი, ღმერთი ჭეშმარიტი, შემდგომად განკაცებისა ორითა ბუნებითა, რომელნი იგი ერთსა მას გუამსა მისსა შინა ბრწყვინვიდეს, რომლითა სასწაულნიცა და ვნებანი ჟამთა მათ განგებულებისა მისისათა არა უცნებით, არამედ ჭეშმარიტებით აჩუენნა და განყოფილება იგი ბუნებათა ერთსა მას გუამსა შინა იცნობებოდა, რაჟამს იგი ზიარებითა მეორისათა თითოეული ბუნება განუყოფელად და შეურევნელად თვისსა საქმესა ინებებდა და იქმოდა. ამით სახითა ორთა ბუნებითთა ნებათა და საქმეთა უფლისათა ვქადაგებთ საცხორებელად კაცთა შეკრებულთა. ესე ყოველი მრავლითა კრძალულებითა და ჭეშმარიტებითა გურწამს და აღვიარებთ და ვქადაგებთ და ესრეთ განვაწესებთ, რათა ამიერითგან ამის სარწმუნოებისა გარეშე სხუა სარწმუნოება ვერვინ იკადროს თქუმად, ანუ აღწერად, ანუ სწავლად; უკუეთუ კულა იპოის ვინ, სხუად სახედ შემცვალებელი ამის მართლისა აღსარებისა, და ასწაოს, ანუ წარმოთქუას, ანუ აღწეროს სხუა რამე განდრეკილი სარწმუნოება, შეჩუენებულმცა არს და განკუეთილ; უკუეთუ მღდელობა აქუნდეს, უცხო იყავნ პატივისა მისგან, უკუეთუ მონაზონი იყოს, ანუ ერის-კაცი იყოს, წყევასა ქუეშე იყავნ. კოსტანტინე ღმრთის-მსახურმან თქუა: იტყოდენ წმიდა ეგე და ღმრთივ-შემოკრებული კრება; წამებითა და ნებითა და განზრახვითა თქუენ ყოველთათა, აღწერილ არსა ძეგლი ესე სარწმუნოებისა, რომელი წარიკითხეს. წმიდამან კრებამან ხმა ყო: ყოველთა ესრეთ გურწამს, ყოველნი ესრეთ აღვიარებთ, ყოველთა გონება და სარწმუნოება ერთ არს, ყოველთა წამება ჩუენი კაცად-კაცადსა თვისითა ხელითა დაგვიწერია, ყოველნი მართლმადიდებელნი ვართ; ესე არს სარწმუნოება მოციქულთა, ესე არს სარწმუნოება მამათა, ესე არს სარწმუნოება მართლმადიდებელთა; ადიდენ ღმერთმან მეფობა თქუენი; აღსარება ორთა ბუნებათა ქრისტესთა სრულებით შენ დაამტკიცე; აღასრულენ ქრისტემან შენ ზედა დიდი წყალობა მისი; მწვალებელნი ყოველნი შენ იოტენ, დაგიცევინ უფალმან მაოტებელი ეგე მწვალებელთა; მშვიდობა ღმრთისა იყავნ მეფობასა ზედა თქუენსა; შენ მიერ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მშვიდობა იქმნა; კოსტანტინე ახლისა მეფისა და შვილთა მისთა წელნი მრავალმცა არიან; მეუფეო ზეცათაო, მეფეი ქუეყანისა დაიცევ; ნესტორი და ევტვიქოს და სებეროს შეჩუენებულმცა არიან; სერგიოს და ონორიოს, პიროს და პავლე და პეტრე, კვიროზ, თეოფანე ფარანელი, მაკარი, სტეფანე და პოლიხრონი მწვალებელნიმცა შეჩუენებულ არიან; ყოველნიმცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან; რომელთა ქადაგეს, ანუ რომელნი ქადაგებენ, ანუ ქადაგონ ერთი ნება და ერთი საქმეი, ანუ ერთი ბუნება ღმრთეებისა და კაცებისა ქრისტესი, შეჩუენებულმცა არიან; კოსტანტინე მართლმადიდებელის მეფისა სახსენებელი საუკუნო იყავნ; მარტინე ღმერთშემოსილისა ჰრომთა პაპისა სახსენებელი საუკუნო იყავნ; მაქსიმეს სანატრელისა მამისა ჩუენისა ქრისტეს-აღმსარებელისა სახსენებელი საუკუნო იყავნ; სოფრონ იერუსალიმელ პატრიაქისა სახსენებელი საუკუნო იყავნ; ყოველთა მართლმადიდებელთა მღდელთ-მოძღუართა და მამათა, მართლგამომეტყუელთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, სახსენებელი საუკუნო იყავნ; კოსტანტინე ღმრთის-მსახურმან მეფემან თქუა: დაღაცათუ დაშურა სიწმიდეი თქუენი შორთა გზათა მოსლვითა და აქა მრავალთა დღეთა დაყოვნებითა, არამედ ჯეროვანი სასყიდელი შრომისა თქუენისა ზეგარდამო მოგეცეს კეთილისა ამის საქმისა-თვის, ხოლო ჩუენისაცა მეფობისა-გან კაცად-კაცადისა თქუენ ყოველთა კეთილი ნაცვალი განმზადებულ არს, რამეთუ მრავალი იგი ცთომა რომელი შემოვიდა სარწმუნოებასა ზედა მართალსა და განწვალება იგი და განხეთქილება ეკლესიისა განაქარვეთ და ერთ სარწმუნოებად ყოველნი შემოვკრბით, რათა მოვიღოთ წყალობა და ცხორება სულთა ჩუენთა, სახიერებითა უხუად-მიმნიჭებელისა ღმრთისათა და მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისათა და ლოცვითა თქუენ ყოველთათა, ამენ. მაშინ ღმრთის-მსახურმან მან მეფემან თვისითა ხელითა დაწერა სინგურითა წამება და დამტკიცება ძეგლსა მას სარწმუნოებისასა, და იქმნა ერთობა კათოლიკე ეკლესიისა და სიხარული დიდი და ყოველთა მადლობა შეწირეს ღმრთისა. ხოლო მეფემან წმიდათა მათ მღდელთ-მოძღუართა დიდად პატივ-სცა და კაცად-კაცადსა მრავლითა ნიჭითა და ქველის-მოქმედებითა კეთილი უყო, და ფრიადითა არზანიგითა წარგზავნნა საყდართა თვისთა. ამან წმიდამან მეექუსემან კრებამან დიდნი ქველის-საქმენი აღასრულა და მრავალნი წესნი და კანონი ეკლესიისანი განაწესა. რომელნი იგი წერილ არიან რჯ ულისა-კანონსა შინა, სარგებელად მორწმუნეთა და სამკაულად ეკლესიათა.
35. ამათ ყოველთა საღმრთოთა საქმეთა და მართლისა სარწმუნოებისა დამამტკიცებელად და ბოროტისა მის წვალებისა წინააღმდგომად, პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე, წმიდა და ნეტარი მამა ჩუენი მაქსიმე გამოაჩინა ღმერთმან, რამეთუ მისითა მოღუაწებითა და მოძღურებითა გულის-ხმა ყვეს ყოველთა საცთური იგი წვალებისა მის და მან აღადგინნა საღმრთოდ შურად მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰრომისანი; ვიდრე სიკუდილადმდე იღუაწა ჭეშმარტებისა-თვის და მართლისა სარწმუნოებისა, არამედ აწ შენდა მომართვე მოვაქციო სიტყუა ჩემი, ბრძენთა-მთავარო და სრულო ფილოსოფოსთა შორის, სამკაულო მონაზონთაო და შუენიერო მოღუაწეთა შორის, და მოწამეო ჭეშმარიტებისაო, დიდებულო მაქსიმე! ვითარმე შეგამკო შენ, ანუ ვითარმე გაქებდე, რომლისა ეგე ქება ღმრთისა მიერ არს; მოვედ სულითა ჩუენდა და მოგუეც სიტყუა ქებად შენდა; მამხილებელო ცუდისა მის და განქარვებადისა სიბრძნისაო, მოძღუარო და მასწავლელო ჭეშმარიტისა მის და საღმრთოსა სიბრძნისაო, რამეთუ 'დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა' (იგ. სოლ. 1, 7; 9, 10). საუნჯეო სათნოებათაო, საქმით და სიტყვით და გულის-ხმის ყოფით მობაძაო ანგელოზთაო, რომელმან მოქალაქეობა იგი უხორცოთა მოიგე ხორცითა მით მოკუდავითა და უძლურითა; მოვედ ჩუენდა სავსეი მადლითა სულიერითა, გუასწავე ვითარ ჯერ-არს ქება და შესხმა შენი, მოჰფინე ჩუენ ზედა მადლი შენი და მეოხებითა შენითა წარგვიძეღუ გზასა ცხორებისასა, ღირს გუყვენ სწავლათა და მოძღურებათა შენთა აღსრულებად, რამეთუ დაღაცათუ წარხუედ ამიერ სოფლით, არამედ ცხოველ ხარ წინაშე ღმრთისა, რომლისა-თვისცა იღუაწე. ქადაგო მართლმადიდებლობისაო, საწერტელო და მამხილებელო მწვალებელთაო, ნესტო ეკლესიისაო, მართლგამომეტყუელო სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, მართლმადიდებელო და მართლაღმსარებელო მამისა და ძისა და სულისა წმიდისაო, რომელსა შუენის ყოველივე დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
No comments:
Post a Comment