ლათინელი: მიკვირს, რომ გვკიცხავთ ჩვენ “მრწამსის” შევსების გამო, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო კრებამ პირველი კრების მთელი მრწამსი შეცვალა, როდესაც დამატებები შესძინა მას და როდესაც მეტი სიცხადისათვის გაზარდა კიდეც და განავრცო იგი. ასე რომ, სიტყვიერი ცვლილება არაფერს ავნებს მათ, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ დოგმატებს.
ბერძენი: ვაღიარებთ, რომ ასეა და ვიცით, რომ მეორე კრების “მრწამსი” წარმოადგენს პირველის სიტყვიერ ცვლილებას, თუმცა ამით იმას როდი ვამბობთ, რომ ხსენებულ მამათა მსგავსად, თქვენც გაქვთ უფლება შეცვალოთ “მრწამსი”.
ლათინელი: რატომ?
ბერძენი: უპირველსად, იმიტომ, რომ ის კრებები მსოფლიო კრებები იყო, ხოლო შენი შემატება ამგვარი არ არის, თუმცა დიდად იქადი პაპით და მისი პირველობით. გარდა ამისა, მაშინ შეიძლებოდა შემატება, რადგანაც ჯერ კიდევ არ იყო ეს აკრძალული, ხოლო შენ, რომელიც აკრძალვის შემდეგ ბედავ სიტყვის დართვას, თანამდები ხარ მამათა მიერ აღმოთქმული წყევლისა.
ლათინელი: როდის და რა მიზეზით მოხდა აკრძალვა?
ბერძენი: დაწვრილებით გეტყვი: პირველი კრების მიერ გადმოცემული ”მრწამსის” შემდეგ სხვადასხვა კრებებზე ჩამოაყალიბეს ბევრი სხვადასხვა ”მრწამსი”, სადაც უარყოფილ იყო ”ერთარსება”. ყველა მათგანი გაუქმდა, ხოლო მეორე კრებამ, რომელი მსოფლიო იყო და ზედმიწევნით იცავდა პირველი მრწამსის შინაარსს, თვითვე ჩამოაყალიბა იგი, რასაც ამჟამად ჩვენ ვფლობთ შემატების გარეშე, თქვენ კი – შემატებითურთ. ამ კრებათაგან არც ერთს არ დაუწესებია აკრძალვა შეცვლაზე. შემდეგ, მესამე მსოფლიო კრების დროს, ნესტორის თანამოაზრეებმა წაიკითხეს მათ მიერ შედგენილი ”მრწამსი”, რაც შეიცავდა ერეტიკულ აზრს, და რითაც ლიდიაში ვიღაცის მონათვლაც გაებედათ მათ; როდესაც მამებმა მოისმინეს წაკითხული, შეუწყნარებლად მიიჩნიეს ”მრწამსის” ნებისამებრ შეცვლა და მყისვე განაჩინეს კანონი, რომ არასოდეს არავის გაებედა შეცვლა მამათა მიერ გადმოცემული ”მრწამსისა”, (ანუ, რაც იგივეა, ”სარწმუნოების სიმბოლოსი”). ამიტომ, ნეტარმა კირილემ, რომელიც თვით თავმჯდომარეობდა ხსენებულ დიდ კრებას და, რომელმაც, ცხადია, კარგად უწყოდა თავისივე განჩინება, იოანე ანტიოქიელისადმი მიწერილ ეპისტოლეში ეს გვამცნო: ”არანაირად არ შევიწყნარებთ მამათა ჩვენთა მიერ გადმოცემული მრწამსის, ანუ სარწმუნოების სიმბოლოს შერყევას, არცთუ ნებას მივცემთ საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას, სიტყვა შეცვალოს იქ დადგენილ ტექსტში ანდა გადაუხვიოს თუნდაც ერთ მარცვალს, რადგანაც გვახსოვს იგი, ვინც გვამცნებდა: ”ნუ ცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა” (იგავ. 22, 28). რამეთუ არათუ თვით ისინი იყვნენ მეტყველნი, არამედ სული მამისა, რომელიც მისგან გამოდის და რომელიც არსობრივად უცხო არ არის ძისა”.
გესმის? არათუ აზრის, არამედ სიტყვისა და მარცვლის შეცვლასა და გარდასვლასაც კი კრძალავს წმ. კირილე, რადგანაც ამბობს: ”არცთუ ნებას მივცემთ საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას...”; ამას ამბობს მთელი კრების პირით და თუმცა ეს კრებაც მსოფლიო იყო, მან მხოლოდ აკრძალვის კანონი განაწესა...1
ლათინელი: ეს განჩინება ეხება ”სხვა მრწამსს”, ანუ ისეთ მრწამსს, რომელიც ”საწინააღმდეგოა” საეკლესიო დოგმატებისა და განსხვავდება მათგან, ხოლო ის ”მრწამსი”, რომელიც გავრცობილია სიცხადის მიზნით, სრულიად არ არის ”სხვა”, თუნდაც, რომ სხვაობდეს პირვეი ”მრწამსისაგან” ერთი ან მრავალი სიტყვით.
ბერძენი: მიკვირს, რატომ ვერ წვდები სიტყვების აზრს, და რატომ განმარტავ მათ შენი სურვილის მიხედვით, რადგანაც სიტყვა ”სხვას” მხოლოდ ისეთი უგუნური კაცი გაიგებს ”საწინააღმდეგოს” შინაარსით, რომელმაც არ იცის, თუ როგორ შეუფარდოს საქმეთა ბუნებას შესაბამისი სიტყვა. ცხადია, დიდად განსხვავდება სიტყვა ”სხვა” სიტყვისაგან ”საწინააღმდეგო”, რადგანაც ყველაფერი ის, რაც ”სხვაა” რაიმესაგან, მისი ”საწინააღმდეგო” როდია! მაგალითად, ადამიანი სახით სხვაობს ცხენისაგან, მაგრამ არ არის საწინააღმდეგო მისი, რადგანაც არსების მიხედვით არაფრით ეწინააღმდეგება მას. ასე რომ, ზემორე კრების განჩინებას ”სხვა მრწამსი” ”საწინააღმდეგო მრწამსის” აზრით არ უთქვამს, როგორც მაგალითად ”ცხოველი” არ ითქმის ”ადამიანის” აზრით...2
ლათინელი: აქამდე არასოდეს მისწავლია ეს ყველაფერი, ან კი მიკვირს, რომ ამდენი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც არ შერცხვათ და ძველთაგანვე იკადრეს შემატება ”მრწამსისა”, აგრეთვე, ამ შემატების აღიარება და შთამომავლობისათვის მისი გადაცემა.
შენიშვნები
1. ტექსტის გამომცემლის შენიშვნით, წმ. მარკოზ ეფესელი შემდეგ ეხება ქალკედონის კრების განჩინებას, სადაც აკრძალულია სხვა სარწმუნოების შემოტანა.
2. აქ ტექსტის გამოცემაში გამოტოვებულია ციტატა VII საეკლესიო კრებიდან, აგრეთვე სხვა ციტატები.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
”სიტყა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. II.
No comments:
Post a Comment