წმ. მაკარი დიდი

განსაცდელთათვის

რომელსა ჰნებავს სათნო-ყოფად ღმრთისა და ჰრწმენეს თანამკჳდრად ქრისტესა ყოფაჲ და ისწრაფდეს, რაჲთამცა მსგავს უფლისა იქმნა, თანა-აც მას, რაჲთა უწინარეს ყოვლისა სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მოიგოს, რაჲთა ყოველსავე ჭირსა და განსაცდელსა სიხარულით მოითმენდეს: გინა თუ ჴორციელთა უძლურებათა და ვნებათა, ანუ თუ ყუედრებასა და გინებასა კაცთასა, გინა თუ ჭირთა უხილავთა და თითოსახეთა, რომელნი მოიწევიან სულსა ზედა სულთა მათ მიერ ბოროტთა, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და მიიყვანეს იგი დაჴსნილობად და სულმოკლებად და უთმინოებად. რამეთუ უფალი განგებულებით მიუშუებს თითოეულსა სულსა გამოცდად თითოსახეთა ჭირთა შინა, რაჲთა გამოჩნდნენ სულნი იგი, რომელთა ყოვლითა გულითა უყუარს ღმერთი და მოითმინნენ ყოველნივე იგი ზედამოსრულნი განსაცდელნი მტერისანი ახოვნად და მარადის გამოჴსნასა მას მადლისასა მოელოდიან სასოებით და მოთმინებით. ხოლო ესევითარნი იგი შემძლებელ არიან განვლად განსაცდელთა მათგან და ესრეთ პოონ აღთქუმაჲ იგი სულისაჲ და შევიდენ სასუფეველსა მისსა. ხოლო თანა-აც სულსა, რომელი სიტყვასა უფლისასა შეუდგებოდის, რაჲთა ჯუარი იგი უფლისაჲ სიხარულით აღიღოს, ვითარცა წერილ არს. ესე იგი არს, რაჲთა მარადის მზა იყოს მოთმინებად ღმრთისათჳს ყოვლისავე განსაცდელისა მომავალისა გინა თუ ფარულისა, გინა თუ ცხადისა და კაცობრივისა. და რაჲთა უფალსა შეევედროს სასოებით მარადის, რამეთუ ჴელმწიფებასა შინა მისსა არს ყოველივე, გინა თუ შეუნდოს სულსა, რაჲთამცა ეჭირვოდა, ანუ კუალად, უკუეთუ ენებოს, რაჲთა გამოიყვანოს იგი ყოვლისაგანვე გულისკლებისა. ხოლო უკუეთუ არა განმჴნდეს და ახოვნად მოითმენდეს ყოველსავე ჭირსა, არამედ მწუხარე იყოს და მოწყინე, დაუმძიმდეს და სულმოკლე იქნებოდის ღუაწლსა მას შინა და სასოებასა წარიკუეთდეს, ვითარმცა ვეროდეს გამოვიდოდა განსაცდელისა მისგან. ხოლო ესე ყოველი უკეთურთა ეშმაკთა სიჴელოვნე არს, რაჲთამცა მოიყვანეს სული მოწყინებად და სასოწარკუეთილებად, რაჲთამცა არა მოელოდა წყალობასა უფლისასა. ხოლო ესევითარი იგი სული შვილ ცხოვრებისა არაოდეს იქმნების, რამეთუ არა შეუდგა ყოველთავე წმიდათა და არცა ვლო მან კუალსა ზედა უფლისასა.

 გულისჳმა-ყავ და იხილე, თუ ვითარ დასაბამითგან ყოველნივე წმიდანი მამათმთავარნი, წინასწარმეტყუელნი, მოციქულნი და მოწაფენი იწროსა მას და საჭირველსა გზასა ვიდოდეს განსაცდელითა მრავლითა და ესრეთ შეუძლეს სათნო-ყოფად ღმრთისა, რამეთუ მოითმინეს ყოველივე განსაცდელი და ჭირი ახოვნად და განსაცდელთა მათ შორის ბოროტთა მხიარულ იყვნეს სასოებისა მისთჳს კეთილთაჲსა, რომელსა მოელოდეს, ვითარცა წერილი იტყჳს, ვითარმედ: “შვილო, უკუეთუ მოხუალ მსახურებად უფლისა, განჰმზადე სული შენი მოთმინებად, დააღრმე გული შენი და თავსიდევ ყოველივე” (ზირაქ.2,2) და მოციქული იტყჳს: “უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნნეს ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი” (ებრ.12,8). და სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: “ყოველივე შენ ზედა მომავალი, ვითარცა კეთილი ესრეთ შევიწყნარე, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა არა რაჲ იქმნების”. და უფალი იტყჳს: “ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით, ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდი იყოს ცათა შინა”. და “ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ”. ხოლო დევნაჲ გინა თუ ცხადად კაცთა მიერ, გინა თუ ფარულად სულთა მიერ უკეთურთა იგივე არს. რამეთუ წინააღუდგებიან იგინი სულსა მას, რომელი ღმერთსა ეძიებნ, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და რაჲთა გამოიცადოს და გამოჩნდეს, უკუეთუ ჭეშმარიტებით უყუარს ღმერთი. რაჟამს-იგი მოითმინოს ყოველივე ჭირი და სასოებაჲ უკუნისამდე დაიმარხოს და მოელოდის გამოჴსნასა. ანუ კუალად, უკუეთუ არა მოითმინოს, არამედ შეშინდეს და უთმინო იქმნას, რაჲთა ესრეთცა გამოჩნდეს, ვითარმედ არა უყუარს ღმერთი ჭეშმარიტებით. რამეთუ თითოსახენი ჭირნი და განსაცდელნი გამოაჩინებენ ღირსა და უღირსთა სულთა, რომელთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ და სიყუარული ღმრთისაჲ და რომელთა არა აქუნდეს. რაჲთა სულნი იგი ღირსნი ყოველსავე შინა გამოჩნდენ გამოცდილ და ღირს და სარწმუნო, რომელთა უკუე მოითმინონ და სასოებაჲ იგი სრულიად დაიმჭირონ და ესრეთ პოონ გამოჴსნაჲ მადლისა მიერ და ღირს იქმნნენ იგინი დამკჳდრებად სასუფეველსა ცათასა. ამისთჳს უკუე თანა-აც ყოველსა სულსა, რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უპირატეს ყოვლისა მოთმინებაჲ და სასოებაჲ შეიკრძალოს ახოვნად და ესრეთ შეუძლოს თანაწარსლვად ყოველსავე ჭირსა და ზედააღდგომასა უკეთურისა ეშმაკისასა.

რამეთუ ღმერთი სულსა, რომელი მას ესვიდეს და მას დაუთმობდეს, არა შეუნდობს გამოცდად ესრეთ, რაჲთამცა ვერღარა შემძლებელ იყო ტჳრთვად ჭირთა და განსაცდელთა მათ, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: “სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ გამოცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ განსაცდელსა შინა ყოს აღსასრულიცა, რაჲთა შემძლებელ იქმნნეთ მოთმინებად”. რამეთუ არა ჴელ-ეწიფების უკეთურსა მას ეშმაკსა გამოცდად სულისა, რაოდენცა ენებოს, არამედ რაოდენ ღმერთმან მიუშუას. ოდენ სულსა ესე უჴმს, რაჲთა ახოვნად დაიმჭიროს სასოებაჲ და სარწმუნოებით მოელოდის შეწევნასა და ჴელის-აპყრობასა მისსა. და შეუძლებელ არს, თუმცა დაუტევა იგი ღმერთმან, არამედ რაოდენცა ისწრაფდეს და სარწმუნოებით და სასოებით მიივლტოდის ღმრთისა და მისმიერსა შეწევნასა უეჭუელად მოელოდის, ეგოდენცა ადრე გამოიჴსნის მას უფალი ზედამომავლისა მის ჭირისაგან. რამეთუ მან უწყის, თუ რაოდენ უჴმს სულსა გამოცდაჲ და განსაცდელსა შინა ყოფაჲ და ეგოდენცა მიუშუებს, ოდენ იგიმცა დაიმჭირავს მოთმინებასა და სასოებასა, ვიდრე აღსასრულადმდე და არა ჰრცხუენეს მას, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “ჭირი შობს მოთმინებასა, ხოლო მოთმინებაჲ გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის”. და კუალად იტყჳს: “ვითარცა მონანი ღმრთისანი მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და ურვათა და იწროებათა” (რომ.5,3-5). და შემდგომი ამისი. და უფალი იტყჳს, ვითარმედ: “რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს”, და “მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი...” და სხუასა ადგილსა წერილ არს: “ვინ მიენდო ღმერთსა და ჰრცხუენა, ანუ ვინ დაადგრა შიშსა შინა მისსა და დატევებულ იქმნა, ანუ ვინ ხადოდა მას და უგულებელს-ყო იგი?” (ზირაქ.2,10-12) და უკუეთუ კაცნი, რომელთა მცირედი გონებაჲ აქუს და შემძლებელ არიან გულისჴმის-ყოფად, თითოეული პირუტყუთაგანი რაოდენსა სიმძიმესა და ტვრთსა აღიღებდეს, ვითარ კარაული, ანუ ჯორი, ანუ აქლემი, და თითოეულსა ძალისა მათისაებრ აჰკიდებენ. და უკუეთუ მეკეცე ჭურჭელსა მას კეცისასა შეჰკრებს საჴუმილსა შინა, რაჲთა გამოიჴურვნენ და იქმნნენ საჴმარ კაცთა და უწყის, თუ რაჲზომ უჴმს მათ გამოწუვაჲ, და არცა უფროჲს ზომისა უტეობს დაწუვად, რაჲთა არა განტყდენ და განიხრწნენ და არცა უწინარეს ჟამისა გამოიხუამს მათ ცეცხლისაგან, რაჲთა არა უჴმარ იყვნენ. ხოლო უკუეთუ საჩინოთა მათ საქმეთა შინა კაცთა ესოდენი გულისჴმის-ყოფაჲ აქუს, ვითარ არამცა უფროჲსად უწყოდა ღმერთმან, რომელი-იგი არს მიუწთომელ და გამოუთქუმელ, გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ და ყოვლითურთ სიბრძნე, თუ რაოდენი გამოცდაჲ და ჭირი განსაცდელთაჲ ძალ-უც სულთა მათ, რომელნი მას ეძიებდენ და უნდა სათნო-ყოფაჲ მისი და სუროდის დამკჳდრებად სასუფეველსა ცათასა. და რაჟამს ესრეთ მოითმინონ ვიდრე აღსასრულადმდე ახოვნად ყოველივე ჭირი და განსაცდელი და გამოჩნდენ ღირსად ცხორებასა მას საუკუნესა. რამეთუ ვითარცა ბუნებაჲ კანაფისაჲ, უკუეთუ არა დაინაყოს ფრიად, შეუძლებელ არს მისგან საბლისა წულილისა შეგრეხაჲ და რაოდენცა იგუემოს იგი ნაყითა, ეგოდენცა უკეთეს და უწმიდეს იქმნების, ეგრეთვე სული ღმრთისმოყუარე, რომელი მრავალთა განსაცდელთა და ჭირთა შევიდეს და მოითმინოს ახოვნად, უწმიდე და უშუენიერე იქმნების საქმესა მას შინა წურილადსა სულისასა და უკუანაჲსკნელ ღირს იქმნების დამკჳდრებად საშუებელსა მას სასუფეველისასა. რამეთუ ვითარცა ჭურჭელი კეცისაჲ ახლად შექმნული უჴმარ არს, უკუეთუ ცეცხლსა არა შევარდეს, ანუ ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი უჴმარ არს საქმეთათჳს სოფლისათა და ვერცა ქალაქთა შემძლებელ არს აღშენებად, ვერცა დათესვად ყანასა, ვერცა დასხმად ვენაჴსა, ვერცა სხჳსა რაჲსამე საქმისა ქმნად სიჩჩოჲსა მისგან მისისა, ეგრეთვე სულნი, დაღაცათუ ზიარ მადლისა იქმნენ და განსუენებულ იყვნენ სიტკბოებითა მით სულისაჲთა, რამეთუ უფალი სიჩჩოჲსა მათისათჳს სახიერ ექმნების, ხოლო უკუეთუ არა გამოიცადნენ თითოსახითა ჭირითა უკეთურთა მათ მიერ სულთა, ჯერეთ ჩჩჳლ არიან და, ესრეთ ვთქუათ, არღარა საჴმარ არიან სასუფეველსა ცათასა გამოუცდელობისა მათისათჳს, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: “უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნეს ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი” (ებრ.12,8). ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ჭირნი და განსაცდელნი უმჯობესისათჳს კაცისა არიან და გამოცდილ და მტკიცე-ჰყოფენ სულსა, უკუეთუ ოდენ ახოვნად მოითმინოს და გულსმოდგინედ და სასოებითა უფლისაჲთა და მოელოდის სარწმუნოებითა შეუორგულებელითა გამოჴსნასა უფლისა მიერ და წყალობასა მისსა. და შეუძლებელ არს, თუმცა არა პოვა მან აღთქუმაჲ იგი სულისაჲ და გამოჴსნაჲ ვნებათაგან, ვითარცა გამოცდილი და სარწმუნოჲ, რომელმან სარწმუნოებაჲ უფლისაჲ აღსრულებადმდე მოთმინებით დაიცვა.

რამეთუ ვითარცა წმიდათა მოწამეთა მრავალნი ღუაწლნი მოითმინნეს და ვიდრე სიკუდილადმდე სასოებითა უფლისაჲთა დაადგრეს კეთილსა მას აღსაარებასა შინა და ესრეთ გამოცდილ იპოვნეს და ღირს იქმნნეს მიღებად გჳრგჳნთა მათ დიდებისათა. ხოლო რომელთამე უმეტესნი და უფიცხლესნი სატანჯველნი დაითმინნეს და უმეტესიცა დიდებაჲ და კადნიერებაჲ მოიგეს ღმრთისა მიერ. ხოლო რომელნიცა შეშინდეს ჭირთაგან და სატანჯველთა და არა დაადგრეს კეთილსა მას აღსაარებასა ზედა, ეგევითარნი იგი სრულიად სირცხჳლეულ და კდემულ არიან აქაცა და მასცა საუკუნესა. ეგრეთვე სულნი, რომელნი მიეცნენ ჭირთა მრავალთა გამოსაცდელად და სულთა მათ უკეთურთაგან უხილავად იგვემებოდინ თითოსახედ, გინა თუ შინაგან ფარულად ჭირითა და გულისსიტყუათა ბოროტთაჲთა, ანუ ცხადად ჴორციელთა ვნებათა მიერ, ხოლო უკუეთუ მოითმენდენ ახოვნად და დაიმჭირონ სასოსებაჲ ღმრთისაჲ და სარწმუნოებით მოელოდინ მადლსა მას უფლისასა, ეგევითართავე გჳრგჳნთა სიმართლისათა ღირს იქმნებიან მიღებად, რაჟამს-იგი აქაჲთვე გამოჴსნასა მოელოდინ და მასვე კადნიერებასა ჰპოებენ მოწამეთასა დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ ამათცა იგივე წამებაჲ ჭირთაჲ მოითმინეს, რომელი-იგი მათ კაცთა მიერ მოითმინეს, ამათ კულა ეშმაკთა მიერ, რომელთა იგინი აღძრნეს ტანჯვად მათდა. და რაოდენცა უმეტესი ჭირი მოითმინონ ეშმაკთა მიერ და სასოებაჲ იგი მათი სრულიად დაიმარხონ, ეგოდენცა უმეტესსა დიდებასა ღმრთისამიერსა მოიგებენ და აქაცა განერებიან ჭირთა მათგან მოლოდებისაებრ მათისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა და მერმესა მას საუკუნესა ღირს იქმნებიან დამკჳდრებად ცხორებასა მას საუკუნესა.

ხოლო რომელნიცა შეშინდენ ჭირთა მათგან და არა მოითმინონ, არამედ სულმოკლებად და სასოწარკუეთილებად მოვიდენ და მართლუკუნ იქცენ გზისა მისგან სიმართლისა და წყალობასა უფლისასა უკუნისამდე არა მოელოდინ, ეგევითარნი იგი სულნი გამოუცდელობისა მათისათჳს სასუფეველსა ცათასა ვერ ჰპოებენ, რამეთუ თანა-აც ყოველსა სულსა, რაჲთა ვიდრე სიკუდილადმდე მოითმინოს ყოველივე განსაცდელი უფლისათჳს, რომელი-იგი ჩუენთჳს მოკუდა და რაჲთა სასოებაჲ მისა მიმართ დაიმჭიროს და ესრეთ ღირს იქმნას ცხოვრებასა საუკუნესა. რამეთუ რომელთაცა ჰნებავს სრულიად განრომაჲ გეჰენიისაგან ცოდვილთათჳს განმზადებულისა და პოვნაჲ სასუფეველისაჲ, ჯერ-არს მათდა, რაჲთა ჭირნი იგი გეჰენიისანი აქავე თავს-ისხნენ განსაცდელთა მიერ ეშმაკისათა. და უკუეთუ აღსასრულადმდე მოითმინონ და წყალობასა უფლისასა მოელოდინ სარწმუნოებით, იგინი აქაცა განსაცდელთაგან და ჭირთა განერებიან და ზიარებასა მას წმიდისა სულისასა აქავე ღირს იქმნებიან და გეჰენიისაგან განერებიან აქავე და სასუფეველსა ქრისტესსა დაიმკჳდრებენ. რამეთუ ღმერთმან გზაჲ იგი ცხორებად მიმყვანებელი ესევითარი განაგო, რაჲთა იყოს იგი იწრო და ჭირვეულ, ვითარცა წერილ არს. ამისთჳსცა მცირედნი არიან, რომელნი-იგი ვლენან მას შინა. ხოლო აწ, ძმანო, ვინაჲთგან ესევითარი სასოებაჲ წინა-გჳც და ეგევითარნი აღთქუმანი აღთქუმულ არიან უტყუველისა მის ღმრთისა მიერ, ყოველივე ზედააღდგომაჲ და ჭირი უკეთურისაჲ ახოვნად მოვითმინოთ სასოებისა მისთჳს ცათა შინა მდებარისა, რამეთუ რავდენიცა ჭირნი და განსაცდელნი მოვითმინნეთ უფლისათჳს, რაჲთამცა ვიქმენით ღირსი ნაცვალი, ანუ თუ საუკუნოჲსა მის აღთქუმულისა ცხორებისაჲ, ანუ ნუგეშინისცემისა მისთჳს, რომელი აქავე მოეცემის სულისა წმიდისა მიერ სულთა მათ მოთმინეთა, ანუ გამოჴსნისა მისთჳს ვნებათაჲსა და ბნელისა მის ბოროტისა, ანუ თანანადებთა მათ სიმრავლისა ცოდვათა ჩუენთაჲსა, ვითარცა წერილ არს: “გან-თუ-ვიკითხვით, ღმრთისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ” (1 კორ. 11,32). და კუალად იტყჳს, ვითარმედ: “არა ღირს არიან ვნებანი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენ ზედა” (რომ. 8,18).

ვიქმნნეთ ჩუენ, ვითარცა მჴნენი მჴედარნი და მეუფისა ჩუენისათჳს სიკუდილად მზა-ვიყვნეთ, რამეთუ რაჲსათჳს არა გუჭირდეს ესე ბრძოლანი და ჭირნი, რაჟამს სოფელსა შინა ვიყვენით და ზრუნვათა ქუეყანისათა? არამედ აწ ოდეს მოვედით სათნო-ყოფად უფლისა, ესოდენნი ჭირნი და განსაცდელნი მტერისანი ჩუენ ზედა აღდგებიან. ჰხედავთა, რამეთუ ესე ყოველი ღმრთისათჳს მოიწევის ჩუენ ზედა? რამეთუ გუეშურების ჩუენ მტერი, რაჲთამცა დაჴსნილებად და უდებებად მოგჳყვანნა, რაჲთა არა სათნო-ვეყვნეთ უფალსა და ვცხონდეთ. ხოლო რაოდენცა ეშმაკი ჩუენ ზედა აღდგებოდის, უკუეთუ ჩუენ მოთმინებასა და სიმჴნესა შინა ვიპოვნეთ და მზა-ვიყვნეთ ჩუენ ვიდრე სიკუდილადმდე მისლვად სასოებისათჳს უფლისა, ყოველნივე მანქანებანი მისნი ჩუენ ზედა აღდგომილნი დაიჴსნებიან. რამეთუ გუაქუს ჴელისამპყრობელი ჩუენი და შემწე იესუ, რომელი-იგი მოგუცემს ჩუენ, ჭირვეულთა მოსავთა მისთა, მოთმინებასა და მტერსა მას ჩუენსა არცხუენს, რაჟამს-იგი ჩვენ ძლევაჲ მოვიღოთ. და სასყიდელი ჭირთა ჩუენთაჲ არს სასუფეველი მისი.

ვიქმნნეთ ჩუენ, ვითარცა გურდემლნი, რაჲთა ვიცემებოდით და არა დავჰჴსნებოდით, არცა გამოვაჩინებდეთ გუემისა და ცემისა მის მიერ კუალსა დაჴსნილობისასა, ანუ მოწყინებისა, ანუ სულმოკლებისასა. ვიცემებოდით და ვსძლევდეთ წინააღმდგომსა მას ჩუენსა მოთმინებითა, რამეთუ უფალმან ჩუენმან ესე სოფელი არა გუემითა განვლოა და ჭირითა და ინერწყუა და იყუედრა და იდევნა? ხოლო უკუანაჲსნელ უპატიოჲთა მით სიკუდილითა ჯუარისაჲთა ურჩულოთა მიერ დაისაჯა- და იგი ყოველი ჩუენისა ცხორებისათჳს თავსიდვა, რაჲთამცა ჩუენ დაგჳტევა სახე ცხორებისაჲ, რაჲთა გზაჲ იგი, რომელი მან წარვლო განსაცდელითა და ჭირითა და სიკუდილითა, რომელთა ჭეშმარიტებით სახელი მისი ჰრწამს და მის “თანამკჳდრ-ყოფაჲ” ჰნებავს, რაჲთა ვითარცა-იგი მან ყოვლად ივნო ჩუენთჳს, ხოლო უკუანაჲსკნელ ჯუარს-ეცუა რაჲ და მოკუდა ჯუარსა ზედა, სძლო და ჯუარცუმითა ჯუარს-აცუა და სიკუდილითა მოკლა და დასაჯა ცოდვაჲ ხორცითა თჳსითა და დასცნა ძალნი იგი წინააღმდგომნი. ვითარცა წერილ არს: “და განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი” ჯუარსა ზედა, “თითის საჩუენებელყვნა და განაქიქნა იგინი თავისა თჳსისა მიერ”. ეგრეთვე ჩუენ ყოველივე ზედააღდგომაჲ და ჭირი უკეთურისაჲ უკუეთუ ახოვნად და გულსმოდგინებით მოვითმინოთ, მაშინ ვსძლოთ წინააღმდგომსა მას სარწმუნოებითა და მოთმინებითა და სასოებითა უფლისაჲთა და ესრეთ ვიპოვნეთ გამოცდილ და ღირს ვიქმნნეთ გამოჴსნისა და მოვიღოთ სიწმიდე სულისაჲ და მერმისა მის საუკუნოჲსა ცხორებისა მკჳდრად გამოვჩნდეთ. რამეთუ ღუაწლსა ამას შინა სულიერსა წინააღმდგომისა ძლევაჲ ვნებითა და სიკუდილითა იქმნების. რაჟამს გუევნებოდის და მოვკუდებოდით უფლისათჳს გულსმოდგინედ, მაშინ ვსძლევთ წინაამდგომსა. ხოლო უკუეთუ გუნებავს, რაჲთა ყოველივე ჭირი და განსაცდელნი არა ფიცხლად აღგჳჩნდენ ჩუენ, არამედ ადვილად მოვითმენდეთ ყოველსავე ზედა აღდგომასა უკეთურისასა და უფლისა სიკუდილი მარადის წინაშე თუალთა გუაქუნდეს. და ვითარცა უფალი იტყჳს: “ყოველსა დღესა ჯუარსა აღვიღებდეთ”, რომელ არს სიკუდილი, და გულსმოდგინედ მას შეუდგეთ და ესრეთ ადვილად მოვითმინოთ ყოველივე განსაცდელი ცხადი გინა თუ ფარული. რამეთუ უკუეთუ სიკუდილსა უფლისათჳს მოველოდით გულსმოდგინედ და წინაშე თუალთა ჩუენთა იყოს იგი მარადის, ყოველივემცა განსაცდელი ვითარ არამცა გულსმოდგინედმცა მოვითმინეთ? რამეთუ ამისთჳს მძიმე და ძნელ-გჳჩან განსაცდელნი და ვერ მოვითმენთ მათ, რამეთუ სიკუდილი უფლისაჲ წინაშე თუალთა არა გუაქუს და არცა არს მას შინა მარადის გონებაჲ ჩუენი, რამეთუ რომელსა გული უთქუმიდეს დამკჳდრებად უფლისა თანა, ვნებათათჳსცა მისთა გული უთქუემდინ, რამეთუ ამითა გამოჩნდებიან მოყუარენი უფლისანი, რაჲთა ყოველივე მათ ზედა მოსრული ჭირი გულსმოდგინედ მოითმინონ სასოებისა მისისათჳს.

ამისთჳს უკუე ვევედრნეთ უფალსა, რაჲთა მომცეს ჩუენ მეცნიერებაჲ ცნობად ნებისა მისისა და აღსრულებად მისა გულსმოდგინედ მოთმინებით და სულგრძელებით, სიხარულით, რაჲთა მან მოგუცეს ჩუენ ძალი სათნო-ყოფად მისა, რაჲთა ვიპოვნეთ გამოცდილ და ღირს მისა და ესრეთ ცხორებასა საუკუნესა მივემთხჳნეთ ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"



No comments:

Post a Comment