წმ. ეფრემ ასური

მამათათვის მძოვართა

ამას შინა დღესა პირველსა, კეთილსა და გამოჩინებულსა, აღესრულებიან საიდუმლონი მხოლოდ-შობილნი. რავდენთა ქრისტესა გსურის, ქებით ვღაღადებდეთ გალობასა ეკლესიასა შინა, რომელ-იგი არს სძალი ქრისტესი, და ვქადაგებდეთ სიმხნესა მას წმიდათა მამათასა, რომელთა-იგი სურვიელად ინებეს. ქებასა ვგალობდეთ, რომელნი-იგი სოფელსა განეშორნეს სარგებელ ყოფისათვის ყოველთა ამათ მსმენელთაჲსა. დაღათუ შორს ვინმე იპოოს, აქა მყოფთა ამათ თანა ზიარ ყავნ, ლოცვითა წმიდათა ამათ მამათაჲთა ცხონდინ, რომელი გულის-მოდგინე ჰყოფდეს მოყუასსა ლოცვითა ამით მსმენელთაჲთა.

აწ უკუე მომიპყრენით სასმენელნი, რაჲთა გითხრა ცხორებაჲ მამათაჲ, უდაბნოს გარე მყოფთაჲ. შევიკრძალნეთ გონებანი ჩუენნი, სახენი გამოვიწერნეთ კეთილნი და განსაკვირვებელნი მათისა მის ცხორებისანი და მივიდეთ და ვიხილნეთ საყოფელნი მათნი და ვითარ-იგი სხენან, ვითარცა მკუდარნი საფლავთა შინა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ხურელნი მათნი, ვითარ მარადის უხარის, მკვდარ რაჲ არიან მათ შინა; მივიდეთ და ვიხილნეთ, რომელთა-იგი სოფელი მოიძულეს და უფროჲსღა სურვიელ იქმნეს უდაბნოს გარე ყოფად; წარვიდეთ და ვიხილოთ უცხოჲ იგი კაცთაჲ მათ ხატი, რომელნი-იგი მოელიან წოდებასა სახიერისა უფლისასა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ძაძანი მათნი, ვითარ-იგი ლოცვითა მათითა მარადის განწმიდნებიან; მივიდეთ და ვიხილნეთ პირნი მათნი, ვითარ-იგი მწუხარებითა სულთაგან იშუებენ; წარვიდეთ და ვიხილნეთ ზეცისანი იგი, რომელნი მათ თანა აქებენ და უგალობენ მათსა მას გვირგვინოსან მყოფელსა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ტაბლანი მათნი, ვითარ-იგი მუხლთა მათთა ზედა დგანან ჭამასა მათსა; მოვედით და ვიხილოთ ლოდი იგი იაკობისა, ვითარ-იგი არს მისაყრდნობელ თავისა; მივიდეთ და მოვიღოთ უფლისა მისგან წმიდათაჲსა, რაჲთა იყოს მარადის საცო.

ავაზაკმან თუ იხილნის იგინი, მეყსეულად მოაქციის ავაზაკობრივისაგან სახისა; ლომმან თუ იხილნის იგინი, მუნქუესვე მომდოვრდის, რამეთუ ჯუარი შეუმოსიეს მარადის. რაჟამს მხეცთა ველურთა ძაძანი მათნი იხილნიან, მსწრაფლ განეშორნიან, რამეთუ საკვირველი დიდი იხილიან, ყოველსა ქუეწარმავალსა დასთრგუნვენ ფერხითა მათითა, რამეთუ შეუსხმიედ სარწმუნოებისა ფერხთ-შესასხმელნი. რაჟამს იხილნის იგინი ეშმაკმან, მუნქუესვე ზარი განჰხდის, მეყსეულად ღაღად-ყვის მაღლად და უჩინო იქმნის, რამეთუ შემუსრნის ბევრეულნი საფრხენი მისნი, უკუანა კერძო მათსა დგან და ვერ შეუძლის ვნებად მართალთა მათ, რამეთუ შეურაცხ-ყვნეს ყოველთა შინა სანადირონი მისნი და არა შეიშინეს მანქანებათაგან მისთა.

სიმდიდრე თუ უჩუენის მათ, არად შეჰრაცხიან, არამედ შეურაცხ-ყვიან იგი და, ვითარცა თივასა, დასთრგუნვენ, დაღათუ შენებულებაჲ უჩუენის მათ, ვითარცა არა არნ წინაშე მათსა, რამეთუ თქვან მისა მიმართ უფლისა იგი ხმაჲ. შიმშილი მათ არა ურვებნ, რამეთუ სურვილითა სავსე არიედ და მარადის ეზიარებიედ სიყუარულითა ქრისტესითა. ეგრევე მსგავსად წყურვილი მათ არა შესწუავნ, რამეთუ თავისა მათისა თანა აქუნ ქრისტე, ცხოველი იგი წყაროჲ; ვერ შეაძრწუნის ერთისა მათგანისა გულის-სიტყუაჲ, რამეთუ კლდესა მას ზედა დადვეს საფუძველი. მკვიდრ არიან ქუაბთა შინა, ვითარცა სამეუფოთა შინა, ეგრევე მსგავსად ხურელთა შინა, ვითარცა ტაძართა შინა; ხოლო მთანი და ბორცუნი, რომელ გარემოჲს მათსა არიან, ეგრეთ სურვიელად ჰქონან, ვითარცა ზღუდენი მაღალნი.

ტაბლად მათა არს მწუანვილი მთასა გარე, ეგრევე სერად  -  მდელოჲ ველური; დიდად მათდა არს სასუმლად წყალი მდინარისაჲ, ხოლო ღვინოდ  -  ეგრევე მსგავსად ნაპრალისაგან კლდეთაჲსა; ეკლესიად აქუს ენაჲ თვისი, რომლითა გალობედ და ილოცვედ განმარტებულად. ათორმეტნი ჟამნი ვითარცა ჰქონან დღესა, მათი არიან სალოცველ მათისა მის მიმართ უფლისა; გალობასა რომელ მთათა გარე და ქუაბთა შინა იტყოდეს ქებით, მსხუერპლად სათნოდ შეიწირვის ღმრთისა, ხოლო ლოცვანი მათნი, ვითარცა ყოვლად-შესაწირავნი, შერაცხილ არიან წინაშე შემოქმედისა და უფლისა ყოველთაჲსა.

იგინი არიან მღვდელნი და მკურნალნი სათნონი, რომელნი ჰკურნებენ ლოცვითა მათითა სალმობათა. დაფარულსა შინა ილოცვედ ღმრთისა მიმართ ჩუენთვის, რამეთუ მარადის დგანედ მეოხად ხორციელთათვის. არა მას ზრახვენ მაღალსა გინა თუ ზემოჯდომასა, რამეთუ სიქადულ მათა არს ქრისტე. არა სცეს თავთა თვისთა განსუენებაჲ სოფელსა შინა, რამეთუ ჰსუროდა მცნებათა მიმართ ქრისტესთა; არა მიეახლნიან ადგილსა, სადა აწყინებედ კაცნი, არცაღა მიეახლნიან, სადა სოფელი შენებულ არნ.

ელიას შეაურვეს ქალაქთა დამკვიდრებულთა, ხოლო მასვე განუსუენეს მთათა და უდაბნოთა; მოსე ეგვიპტეს შინა მცირედღა და ჭირსამცა ვიდრემე შევარდა, ხოლო უდაბნოდ რაჲ მიიწია, მუნ მანანაჲ ჭამა; დავით ქალაქთა შინა საულისგან იდევნებოდა, ხოლო უდაბნოდ რაჲ მიივლტოდა, მუნ განერა; იოვანე მკალსა ჭამდა უდაბნოს გარე და ეგრევე სახედ თაფლსა, ვითარცა წერილი იტყვის, ხოლო რაჟამს უდაბნოჲთ ქალაქად შევიდა, თვინიერ რომლისავე ბრალისათვის თავი მოეკუეთა; ეგრევე მსგავსად სოლომონცა უფსკრული იყო სიბრძნისაჲ, ხოლო კაცთა თანა ყოფითა დედათაგან იძლია და წარწყმიდა ყოველივე სიბრძნე მისი. რაჲღა ხამს მრავალი თქუმად, რამეთუ თავადი უფალი ჩუენი, რომელმან მშვიდობაჲ ყო ცასა შინა და ქუეყანასა ზედა, ქალაქთა შინა ყოფითა ებრაელთა და ნაშობთაგან ჯუარსა დამოეკიდა, ვითარცა ერთი ძვრის-მოქმედი. ესე უწყოდეს პატიოსანთა მათ მამათა და ივლტოდეს სოფლისაგან, რაჲთა უდაბნოს განერნენ.

არა შორს არიან ჩუენგან წმიდანი იგი მამანი, რამეთუ სულითა მარადის ჩუენ თანა არიან. თუმცა განვიშორებთ მათ, ვითარცა უცხოთა, ჩუენგან, რამეთუ მთათაგანსა ესოდენ იდიდების ღმერთი, ვითარცა სიმრავლისაგან დიდისა. და კუალად ორნი რაჲ გალობად მუნთა მათ შინა ღელეთა  -  ვითარცა სიმრავლისაგან ათასეულისა და ბევრეულისა; სამნი რაჲ ერთად შეკრბიან, სამებაჲ გამოისახის; და მეოთხეღა შეერთის, მცველსა მას მიემსგავსის სამთა ყრმათასა, რომელი იყო სახუმილსა მას შინა; უკუეთუ მეხუთე და მეექუსეცა შეერთიან, გინა მეშვიდე, სახე გამოიწერიან ათორმეტთაჲ მათ მოწაფეთაჲ მოძღურითურთ და უფლით მათით. არა აქუს გამოჩინებული საყოფელი ქუეყანასა ზედა, რამეთუ საყოფელნი მათნი ედემს შინა არიან. სადაცა დაუღამნის დღე, მუნცა დაადგრიან; ვიდრეცა მიეყვის დღე, მუნცა სავანე-ყვიან; საფლავისასა არას ზრუნვენ და სამარხისათვის არას იღუწიან, რამეთუ ცხოვლივე მკუდარ არიან სურვილითა ქრისტესითა, რამეთუ რომელსაცა ადგილსა აღასრულა თითოეულმან მათგანმან მარხვაჲ თვისი, მუნცა ექმნა მას ადგილი იგი სამარხო.

მრავალნი მათგანნი, რომელთა მოიდრიკნეს მუხლნი მათნი ლოცვად ღმრთისა მიმართ, და ლოცვასა შინა განისუენეს დაყუდებულად წინაშე ღმრთისა; სხუანი კლდესა ზედა განისუენებდეს და სულნი შეჰვედრნეს თვისსა უფალსა; სხუამან სლვასა შინა მთასა გარე სული აღმოუტევა და ექმნა ადგილი იგი დამფლველ; სხუაჲ დაფარა ღელესა შინა თოვლმან, და ექმნა მას ადგილი იგი საფლავ თოვლითურთ.

იყო ვინმე მათგანი, რომელმან შეიმოსა თავი თვისი და დაიფლა თავი თვისი შეწევნითა უფლისაჲთა; სხუაჲ კუალად ძოვდა მდელოსა გინა მწუანესა, მიერულა და სული განუტევა თვისსა ზედა ტაბლასა; სხუაჲ კუალად დგა და უგალობდა ღმერთსა, მიეღო ხმაჲ სულისა მისისაჲ; სხუასა კუალად ლოცვასა შინა მეყსეულად მოუხდა სიკუდილი და დაჰბეჭდა ლოცვასა მას მისსა, და მოელიან ხმასა მას აღმადგინებელისა თვისისა და ყუავიან, ვითარცა შროშანნი, და სულნელად ფშვიან.

რაჟამს მოუხდენ ქუეყანასა სალმობანი შობად, მეყსეულად ყოველნივე იგი აღმოსცენდნენ, ვითარცა შროშანნი. რაჟამს მთანი აღეხუნენ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, მაშინ ძუალნი მათნი რიცხვით შეიკრიბნენ; ოდეს დაჰხსნდებოდიან მთანი ბორცუთა თანა, მაშინ ასოები მათი ყოვლით კერძო შეკრბებოდიან; რაჟამს დაჭნეს სიკეთე, რომელიცა მოიძულეს, მაშინ შეიმოსონ მათ სიკეთე იგი ზეცისაჲ, და რაჟამს აღიფხურნენ საფუძველნი ქუეყანისანი, მაშინ აღდგენ იგინი დიდებითა და პატივითა; რაჟამს შეიმუსრნენ სახსველნი იგი ჯოჯოხეთისანი, მაშინ აღმოესხმოდის; ოდეს ყოველი დაჰხსნდეს, მაშინ აღდგენ დიდებითა, განიცდიდეს ჯოჯოხეთი გუამთა მათთა, ნუუკუე აქუნდეს რაჲმე ბიწი, და გებულნი გამოსცნეს იგინი და ვერ შეიპყრას ფრჩხილიცა ერთისა მათგანისაჲ, ხოლო თმისა მათისა წილ, რომელ შეემოსა, მოსცეს მათ ქრისტემან გვირგვინები შეთხზული შუენიერი, შეიწიროს მონაზონებაჲ იგი მათი, რომელსა გულს-მოდგინედ მონაზონებდეს, და მოსცეს მის წილ საშუებელი იგი სამოთხისაჲ; და რამეთუ იყოფოდეს უდაბნოთა ადგილთა, სასუენებელად შეიყვანნეს იგინი და მუნ იშუებდენ. ამისთვის, რამეთუ გამოირჩიეს სოფელსა ამას ჭირი, ახაროს მათ ღვინითა მით ზეცი-საჲთა.

ანგელოზთა გული ეტყვის პატივისა მისთვის კაცთაჲსა და ითხოვედ, რაჲთა მსგავსად მათსა აქუნდეს დიდებაჲ, და განმზადებულ არიან თქუმად, ვითარმედ: ნეტარ ხართ, წმიდანო ქრისტესნო, რამეთუ გულს-მოდგინებითა თქუენითა აქა მოიწიენით და კეთილად თავით თვისით წარიმართეთ და აღძრვისა მისგან დიდისა ღელვისა განერენით და თვისითა ხელოვნებითა და მოწრაფებითა, რომელ-იგი გაქუნდა, აქა მოიწიენით აწ ნავთსადგურსა მას ცხოვრებისასა სულისა წმიდისა თქუენდა წინამძღურებითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ.

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"


 

No comments:

Post a Comment