საქართველოს ოფიციალური საპატრიარქოს სინოდის 1998 წლის განჩინება ანუ მესამე გზა მართლმადიდებლობასა და ეკუმენიზმს შორის


მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ლურიე)


მას შემდეგ, რაც 1997 წელს საერთაშორისო ეკუმენისტური ორგანიზაციებიდან გამოვიდა, საქართველოს ოფიციალურმა საპატრიარქომ მორიგი ნაბიჯი გადადგა ეკუმენისტური იურისდიქციებისგან გამიჯვნისაკენ. 1998 წლის 8 ოქტომბერს მისი სინოდის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმეტყველო კომისიის წარდგინებით გაკეთდა განცხადება, რომელიც უარყოფს ბოლო წლების მთელ რიგ ეკუმენისტურ დოკუმენტებს. ყველა ისინი მიუღებლად გამოცხადდა. მათ შორის დასახელებულია:

1. შამბეზის 1990 და 1993 წლების დოკუმენტები (უნია მონოფიზიტებთან);

2. წინასწარი შეთანხმება ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიას და ანტიოქიის ორიენტალურ (მონოფიზიტურ) ეკლესიას შორის;

3. ბალამანდის უნია ლათინებთან, რომელიც 1993 წელს დაიდო;

4. პასექით დღესასწაულის აღნიშვნა ფინეთის "ეკლესიის" მიერ პაპისტური კალენდრის თანახმად;

5. დაგმობილია "განშტოებათა თეორია";

6. გაკიცხულია ერთობლივი ლოცვები და ინტერკომუნიონები არამართლმადიდებლებთან.

სრულიად აშკარაა, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, თესალონიკის შეხვედრაზე აღნიშნული ერთგვარი "უკუსვლა" ეკუმენიზმს მართლმადიდებლობის დამცველთა გავლენით მოუხდა - ამ უკანასკნელთ ხომ ბოლო ორი წლის მანძილზე სწორედ საქართველოში განსაკუთრებით ხმამაღლა გამოთქვეს თავიანთი აზრი. და მაინც, საქართველოს სინოდის უკანასკნელი განჩინება უმაგალითო ფაქტია თითქმის სრული გამიჯვნისა ეკუმენისტური პოლიტიკისგან და არა ამა თუ იმ ეკუმენისტური ორგანიზაციის უბრალო წევრობისგან. თითქოს შეიძლებოდა ამ ფაქტში დაგვენახა საქართველოს ოფიციალური საპატრიარქოს მართლმადიდებლობისაკენ შემობრუნების დასაწყისი, რომ არა ზოგიერთი ერთობ სერიოზული გარემოება.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საპატრიარქო არ დაიწყებდა მართლმადიდებლობის დამცველთა დევნას და ლანძღვას, რომლებიც ამჟამად შეადგენენ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, საპარტრიარქოს მიზნები ძირეულად რომ არ განსხვავდებოდეს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიზნებისაგან. აღარაფერს ვამბობთ აგრეთვე პატრიარქ ილია მეორის პიროვნებაზე (ძველ ეკუმენიტ-ნიკოდიმელისა და 1962 წლიდან ს.უ.კ.-ის აგენტზე მეტსახელად "ივერიელზე"), რომლისთვისაც მონანიება პირველ ყოვლისა საეკლესიო საქმეთაგან ჩამოშორებით უნდა დაიწყოს.

მაგრამ თუნდაც არაფერი ვიცოდეთ საქართველოში ეკლესიის საქმეების ნამდვილი ვითარების შესახებ, მაინც შეიძლება საქართველოს სინოდის ამ დოკუმენტში ერთი პრინციპული არათანმიმდევრულობის დანახვა, რომელიც მთელ მის "მართლმადიდებლურ" მნიშვნელობას აქარწყლებს (და ამით იგი უბრალო ტაქტიკური ხერხის დონემდე დაჰყავს): სინოდი აპროტესტებს ეკუმენისტური მოძრაობის სხვადასხვა კერძო საკითხს და სამართლიანად მიუთითებს მათ არამართლმადიდებლურ ანუ მწვალებლურ ხასიათზე, მაგრამ მისი დასკვნები სულ სხვაგვარი გახლავთ, ვიდრე ის, რასაც მწვალებლობის პირისპირ აღმოჩენილი ნამდვილი მართმადიდებელი გააკეთებდა.
ნებისმიერი ეკუმენისტური ქმედების, როგორც უბრალოდ შეცდომის, განკითხვა ჯერ კიდევ არ არის საკუთარი მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობა. მწვალებლობის მართლმადიდებლური განკითხვა პირველ ყოვლისა მდგომარეობს ლოცვითი კავშირის გაწყვეტაში მათთან, ვინც დამნაშავეა მწვალებლობაში. სხვაგვარად რომ ვქთვათ, როგორც მართლმადიდებლობის ქართველი დამცველები ჯერ კიდევ 1997 წელს მიუთითებდნენ, საჭიროა არა მარტო უარის თქმა ყოველგვარ ეკუმენისტურ საქმიანობაზე, არამედ ევქარისტული კავშირის გაწყვეტა ეკუმენისტურ იურისდიქციებთან, განსაკუთრებით კი კონსტანტინეპოლთან, რომელიც ამ მწვალებლობის "მართლმადიდებელ" მომხრეთა სათავეში დგას. აუცილებელია აღარ განვიხილოთ "ოფიციალური მართლმადიდებლობა", როგორც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა საკრებულო, არამედ როგორც ერთობლიობა იმ საზოგადოებებისა, სხვადასხვა ხარისხით რომ არიან დასნებოვნებულნი ეკუმენისტური მწვალებლობით.

ჭეშმარიტად მართლმადიდებელ ქრისტიანისათვის "ინტერკომუნიონის", "ერობლითი ლოცვის", "საღმრთისმეტყველო დიალოგების" საკითხები მხოლოდ ეკუმენისტურ, ვითომ მართლმადიდებლურ იურისდიქციებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს აქტუალური: ეკუმენისტია ის, ვინც, მაგალითად, მეახალსტილეებთან ერთად აღასრულებს მსახურებას... დაე, საქართველოს საპატრიარქო მეტად აღარ უწოდებდეს რომის კათოლიკურ ეკლესიას თავის "და-ეკლესიას", მაგრამ სანამ იგი ასეთად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს აღიარებს, კვლავინდებურად შეუძლებელია მართლმადიდებლურ საპატრიარქოდ ჩაითვალოს, და განხეთქილების მიზეზი საქართველოს ეკლესიაში მთლიანად ძალაში რჩება.

მაგრამ ყოველივე ზემოთქმული არ ეხება სინოდის განჩინების მთავარ თავისებურებას. თუკი ეს განჩინება ტაქტიკური სვლაა, მაშინ ისმის კითხვა: რა მიზანს ემსახურება ამგვარი ტაქტიკა? გავბედავ და შემოგთავაზებთ ჩემს პასუხს, რომელიც დამყარებულია იმ "ძალების გადაჯგუფებაზე" მართლმადიდებლურ სამყაროში, ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე რომ მიმდინარეობს.

"ეკუმენისტური მშენებლობის "ტემპის დაჩქარებამ, რომელმაც მიზნად დაისახა "ქრისტიანობის გაერთიანება" ძირითადად უკვე 2000 წლისათვის, ამავე დროს ნათელი გახადა რაღაც რეზერვუარის შექმნის აუცილებლობა "კონსერვატორებისათვის", - ხომ აშკარაა, რომ ისინი ვერ მოასწრებენ გადაშენებას ერთი ან ორი თაობის შეცვლამდე. მაშასადამე, მათთვის არსებობის რაღაც დროებითი ფორმა უნდა გამოიძებნოს, რათა გადაურჩნენ დისკომფორტს, რომელიც ეკუმენისტურ აქტიურობაში მეტისმეტად უშუალო ჩართვას მოჰყვება თან; მაგრამ ამავე დროს შეინაჩრუნონ ერთიანობა ეკუმენისტური ბაბილონის მთელ ამ "დიდსა და ვრცელ" ზღვასთან. მართლმადიდებელი ეკლესია, ცხადია, ვერაფრით დაეხმარებოდა მათ ამ ამოცანის გადაჭრაში, მაგრამ არსებობდა მზა - ანგლიკანური ეკლესია მისი ორი ნაწილით: ("მაღალი ეკლესია" და "დაბალი ეკლესია"), რომელთა შორისაც არ არის დოგმატური ერთიანობა და რომლებიც ერთმანეთის ყველა საიდუმლოსაც კი არ სცნობენ (მაგ., "მაღალი ეკლესია" არ სცნობს ქალთა მღვდლობასა და ჰომოსექსუალისტურ ქორწინებებს), მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, თავიანთი თავი ერთი ეკლესიის ნაწილებად აღიარონ და სრულ ერთობაში იყვნენ ერთმანეთთან.

1980-იანი წლებიდან XX საუკუნის შუახანების წმიდანთა ზოგიერთმა გამონათქვამმა (ეს იყო ხანმოკლე იმედების პერიოდი საბერძნეთის ახალი სტილის ეკლესიისა და მოსკოვის საპატრიარქოს შესაძლო "გამოსწორებისა" და ეს იმედები უცხო არ იყო მღვდელმთავრების: ქრიზოსტომოს ფლორინელისა და იოანე მაქსიმოვიჩისათვის) წარმოშვა საბაბი განსაკუთრებული ღმრთისმეტყველების შექმნისათვის: "ჩვენ ვემიჯნებით "ოფიციალურ" იურისდიქციებს მათი მწვალებლობის გამო, მაგრამ კვლავაც მივიჩნევთ მათ მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილებად - თუნდაც სნეულ ნაწილებად". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარი ეკლესიოლოგიის თანახმად, ეკლესიის ამ "სნეულ" ნაწილებში ყოფნა შესაძლოა მავნეც იყოს (სულიერი თვალსაზრისით), მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ ქმნის საერთოდ ეკლესიისგან განვარდნის მუქარას, ანუ ეკლესიისგან ეკუმენისტური იურისდიქციების განვარდნა შესაძლებელია მხოლოდ რაღაც განსაკუთრებულ კრებაზე, რომელშიც თვითონ ეს იურისდიქციები მიიღებენ მონაწილეობას.

საბერძნეთში ამგვარმა "ღმრთისმეტყველებამ" საფუძველი ჩაუყარა "წინააღმდგომთა" სინოდის განსაკუთრებულ ორგანიზაციად გამოყოფას, რომელსაც სათავეში უდგას ფილიისა და ოროპოსის მიტროპოლიტი კვიპრიანე. რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ზოგიერთი წევრის ასეთივე დამოკიდებულებამ მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ შესაძლებელი გახადა მასთან მოლაპარაკების წარმოება, რამაც, მაგალითად, გერმანიის თითქმის მთელი სამღდელოების მხარდაჭერა ჰპოვა. საინტერესო ფაქტია, რომ რსმე-ს მღვდელმთავართა იმავე კრებაზე (1994 წ.), რომელზეც მოსკოვის საპატრიარქოსთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყდა, სავსებით მოწონებულ იქნა მიტროპოლიტ კვიპრიანეს ეკლესიოლოგია.

"მესამე გზა" მართლმადიდებლობასა და ეკუმენიზმს შორის შეიძლება შესაფერისი აღმოჩნდეს კონსერვატიული ელემენტებისთვის არა მარტო ბერძენ მეძველსტილეთა ანდა რუსულ გარემოში, არამედ პატარა ოფიციალური "ადგილობრივი" ეკლესიებისთვისაც, სადაც მკვეთრად არის გამოხატული საეროთა და დაბალი სამღვდელოების ტრადიციონალისტური განწყობა - მაგ., საქართველოსთ ვის. ეკუმენისტური ოკეანე არ გამეჩხერდება პატარა საქართველოს გარეშე, სამაგიეროდ, ახალი და ძლივს გასაკვალი "მესამე გზისათვის" საქართველოს საპატრიარქო შეიძლება კარგი სამშენებლო ქვა-ღორღი გამოდგეს... ეს ახალი გზა თითქოს არის გზა ეკუმენისტური სიცრუისაგან "გამიჯვნისა", მაგრამ გამიჯვნისა დაპირისპირების გარეშე: გზა მშვიდობისა (და ეკლესიური ერთიანობისაც კი) ტყუილთან, და, მაშასადამე, კიდევ ერთი გზა სადღაც უიმედოდ შორს ჭეშმარიტებისაგან.

No comments:

Post a Comment