ბოროტი თანაზიარება: ეპიზოდი წმიდა მარტინე ტურელის ცხოვრებიდან



სულპიციუს სევერუსი (363-420 წწ.) განსაკუთრებით ცნობილია წმიდა მარტინე ტურელის ცხოვრების აღწერისათვის. იგი მოგვითხრობს ერთ მეტად საინტერესო და მრავლისმთქმელ ეპიზოდს ეკლესიის ისტორიიდან. მეორე წიგნის 46-ე თავში, ის წერს, რომ ვინმე პრისკილიანე (IV ს). ჩავარდნილა გნოსტიკურ-მანიქეველურ მწვალებლობაში, რომელიც პირველად შემოტანილ იქნა ესპანეთში მემფისელი ეგვიპტელის, ვინმე მარკოზის მიერ. სევერუსი წერს, რომ პრისკილიანე ყოფილა: კაცი კეთილშობილი, დიდი სიმდიდრის პატრონი, კადნიერი, დაუღალავი, მჭევრმეტყველი, მეტად განსწავლული, მუდამ მზადმყოფი კამათისა და ბჭობისათვის - მოკლედ რომ ვთქვათ, ის იყო ყოველმხრივ დადებითი ადამიანი, რომ არ გაერყვნა თავისი ნიჭიერი გონება ბოროტი სწავლებით. მასში ნამდვილად მოინახებოდა ბევრი შესანიშნავი შინაგანი და გრეგნული თვისება. მას ძალუძდა დიდი ხანი გაეტარებინა მღვიძარებაში, ასევე ადვილად მოეთმინა შიმშილი და წყურვილი; მას არ გააჩნდა ლტოლვა სიმდიდრისაკენ და გონივრულად ხარჯავდა იმას, რაც გააჩნდა.

ეს კაცი იყო ფუძემდებელი “პრისკილიანიზმისა” - მწვალებლობისა, რომელმაც შეძრა ესპანეთი და გალიის (საფრანგეთის) მხარეები მეხუთე საუკუნის შუა წლებამდე. თავიდან ამ კაცმა შეძლო მოექცია თავის სარწმუნოებაზე ორი ეპისკოპოსი სამხრეთ ესპანეთიდან: ინსტანტი და სალვიანე. ეს მოძღვრება სწრაფად ვრცელდებოდა და იზიდავდა როგორც სამღვდელოებას ასევე ხალხს, მამაკაცებს და ქალებს, მდიდრებსა და გავლენიანებს.

ჰიგინე, კორდობის ეპისკოპოსი, იყო პირველი, რომელიც წინ აღუდგა ამ ახალ სექტას. მან მოახსენა მდგომარეობა იდაკს, ემერითის ეპისკოპოსს. მათი მოლაპარაკების შედეგად დაიწყო ორგანიზებული მოძრაობა ამ ახალი ცთომილების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, იდაკი იყო სასტიკი და ძალმომრე ადამიანი. თავისი სიმკაცრით ის ამ სექტის გავრცელებას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე მის შეჩერებას. ჰიგინი იმდენად შეშფოთდა იდაკის ასეთი მეთოდებით, რომ პრისკილიანისტების მფარველი გახდა. ბოლოს და ბოლოს, სარაგოსაში შეკრებილმა სინოდმა განკვეთა ამ სექტის ოთხი ლიდერი: ეპისკოპოსები ინსანტე და სალვიანე, და ერისკაცები ჰელპიდი და პრისკილიანე. არც კორდობელ ეპისკოპოს ჰიგინის ასცდენია სინოდის რისხვა, ის დაადანაშაულეს განკვეთილთა მფარველობაში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჰიგინე იყო, ვინც პირველმა აიმაღლა ხმა მათ წინააღმდეგ. ყველა ის, ვინც იზიარებდა, ან ოდნავ იხრებოდა ამ ახალი მწვალებლობისაკენ რწმენით ან საქმით - ანათემას იქნა გადაცემული. სინოდის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა კი დაევალა ითაკს, სოსუბის ეპისკოპოსს, რაც მეტად სავალალო გადაწყვეტილება გახლდათ, რამეთუ ისიც იყო ადამიანი მეტად სასტიკი და ძალმომრე.

ოპოზიციის რეაქცია ის იყო, რომ მათ ხელი დაასხეს პრისკილიანეს არლის (ავილას) ეპისკოპოსად. დაიწყო დევნა, ბრალდებები და საპირისპირო ბრალდებები. ორივე მხარე ცდილობდა გადაებირებინა საერო ხელისუფლება და გამოეყენებინა ის ერთიმეორის წინააღმდეგ, გავლენიანი ხალხისა და ქრთამების მეშვეობით. თავიდან, პრისკილიანეს ოპონენტებმა მოახერხეს მოეგოთ იმპერატორ გრაციანეს გული. შესაბამისად გამოიცა ედიქტი, რომელიც კრძალავდა მწვალებლების მიერ ეკლესიების გამოყენებას და ბრძანებდა მათ გადასახლებას. რამდენიმე ხანში პრისკილიანელებმა შეძლეს მიემხროთ მაკედონე, იმპერატორის მსახურთუხუცესი (მასტერ ოფიციორუს). როგორც ერთი ისტორიკოსი ამბობს, “პრისკილიანე და მისი მიმდევრები უხვად ხარჯავდნენ სიმდიდრეს. ახლა ორივე მხარე თანაბარი ძალებით იბრძოდა”. მაკედონეს გავლენის შედეგად პრისკილიანელებს დაუბრუნდათ ტაძრები და ეპარქიები. იდაკსა და ითაკს ბრალი დაედოთ ეკლესიის მშვიდობის დარღვევაში და მასში განხეთქილების შემოტანაში. ითაკი გადაასახლეს კიდეც. პრისკილიანელები გამარჯვებას ზეიმობდნენ და მეგობრების დახმარებით, რომლებიც საკმაოდ გავლენიანნი იყვნენ საიმპერატორო კარზე, ყველანაირი წინააღმდეგობა უკუაგდეს, თითქოსდა ყველაფერი მათ სასარგებლოდ შემობრუნდა.

მაგრამ მოულოდნელმა პოლიტიკურმა ამბოხმა ყველაფერი შეცვალა. არაპოპულარული იმპერატორი გრაციანე გადააყენეს და მოკლეს. პარიზში ტახტი კლიმენტი მაქსიმუსმა მიითვისა. თავისივე ჯარისკაცების მიერ ბრიტანეთში იმპერატორად გამოცხადებული, ის ტრიუმფალური სვლით ჩამოვიდა გალიაში. ამ მოვლენებმა სრულიად გაუქარწყლა პრისკილიანელებს ყველა იმედი. სამაგიეროდ, მათი ოპონენტები კვლავ გამოჩნდნენ მოქმედების არენაზე. მაქსიმუსის ქალაქ ტრევში ჩამოსვლისთანავე, 384 წელს, ითაკმა მაშინვე წაუყენა მძიმე ბრალდებები პრისკილიანეს და მის მიმდევრებს. თავად წარმოშობით ესპანელმა მაქსიმუსმა, მყის შეცვალა გრაციანეს პოლიტიკა. ორივე მხარე შეიკრიბა სინოდის სხდომაზე ქალაქ ბორდოში 385 წელს, მაგრამ ამას არავითარი არსებითი შედეგი არ მოუტანია. რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე მხარე გამოცხადდა იმპერატორის წინაშე, ქალაქ ტრევში. ამ შეხვედრას, სხვა დელეგატებს შორის ესწრებოდა ერთი ადამიანი, რომელიც წინასწარმეტყველურად მიხვდა საკითხის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ეს კაცი იყო წმინდა მარტინე ტურელი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმხანად.

აი ასე აღწერა ეს შეხვედრა სულპიციუს სევერუსმა:

“ასე რომ, ყველა ის, ვინც მონაწილე იყო ამ პროცესისა, წარსდგა იმპერატორის წინაშე. ბრალმდებლები იყვნენ ეპისკოპოსები იდაკი და ითაკი, და მე ვერ გავბედავდი, გამეკრიტიკებინა მათი მოშურნეობა მწვალებლების წინააღმდეგ, თავად მათ რომ არ გამოეჩინათ საჭიროზე მეტი მონდომება ბრძოლაში. და მართლაც, ჩემი ღრმა რწმენით, ბრალმდებლები ისეთივე უმსგავსოები იყვნენ, როგორც თავად ბრალდებულნი. მე ვადასტურებ, რომ ითაკს არ გააჩნდა არაფერი წმინდა,  იგი იყო კაცი კადნიერი, ჭორიკანა, თავხედი, ამაოებისმოყვარე და ზედმეტად სიამეთამოტრფიალე. ის ისე გამოსულელდა, რომ პრისკილიანიზმის მიმდევრობაში ბრალს სდებდა ყველა იმ ადამიანს (მიუხედავად მათი სიწმინდისა), ვინც ნუგეშს პოულობდა კითხვაში ან მარხვაში! ამ საბრალო უგუნურმა ისიც კი გაბედა, რომ მარტინესთვის მწვალებლობაში დაედო ბრალი, იმ ეპისკოპოსისთვის, რომელსაც მოციქულების თანასწორადაც კი აცხადებდნენ. ამ დროს მარტინე იმყოფებოდა ქალაქ ტრევში და თავის მხრივ ამხელდა ითაკს, რათა მას ხელი აეღო თავის ბრალდებებზე და თანაც ევედრებოდა იმპერატორ მაქსიმეს, არ დაეღვარა იმ უბედურ ბრალდებულთა სისხლი. ის ამბობდა, რომ ისიც საკმარისი სასჯელია, რომ ეს ხალხი ეპისკოპოსების მიერ მწვალებლებად გამოცხადდა და ეკლესიებიდან განიდევნა. მარტინე ასევე ამბობდა, რომ სრულიად გაუგონარი და უპატიებელი რამ არის, რომ სამოქალაქო მპყრობელი დადგეს მსაჯულად საეკლესიო საქმეში. და მართლაც, სანამ წმინდა მარტინე ქალაქში იმყოფებოდა, პრისკილიანეს სასამართლო არ შედგა. მაქსიმე დაპირდა კიდეც წმინდანს, რომ სისხლი არ დაიღვრებოდა. მაგრამ, როგორც კი წმ. მარტინეს მოუწია ქალაქ ტრევის დატოვება სხვა მნიშვნელოვანი საქმეების გამო, იმპერატორს ისევ შეუჩდნენ იდაკი და ითაკი, სხვა ორი, გავლენიანი ეპისკოპოსის, მაგნუსის და რუფუსის თანხლებით, და დაუღალავად მოუწოდებდნენ მაქსიმეს გადამჭრელი ზომების მიღებისაკენ.” (წმინდა ისტორია 2.50)

სასამართლოს განაჩენმაც არ დააყოვნა. პრისკილიანეს და მის უახლოეს მიმდევრებს სიკვდილი მიუსაჯეს. სხვებს მთელი ქონება  ჩამოართვეს და სკილის კუნძულებზე გადაასახლეს, ხოლო ზოგიერთი გალიაში. პრისკილიანე პირველი დაისაჯა სიკვდილით. მას მიჰყვა ორი მღვდელი - ფელიცისიმე და არმენი, ასევე ლატრონიანე პოეტი და ევხროკია, მდიდარი და კეთილშობილი ქალბატონი ბორდოდან. ბორდოს სინოდმა განკვეთა ეპისკოპოსი ინსტანტი და ტიბერიანესთან ერთად გადაასახლა სკილის კუნძულებზე. ორი დიაკვანი - ასარინე და ავრელი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი მიმდევრები - ტერტულე, პოტამი და იოანე დროებით გადაასახლეს გალიაში. ეს იყო პირველი შემთხვევა ეკლესიის ისტორიაში, როდესაც მწვალებლები სიკვდილით დაისაჯნენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფაქტი მოხდა ესპანელი ეპისკოპოსების წაქეზებით. საუკუნეების შემდეგ, ეს პროცესი განმეორდება უფრო გრანდიოზული მაშტაბებით -  ინკვიზიციის დროს.

სასამართლოს განაჩენმა მდევნელთა დაჯგუფებისთვის სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. ქალაქ ტრევში დიდი დაპირისპირება ჩამოვარდა ეპისკოპოსებს შორის პრისკილიანეს სიკვდილით დასჯის გამო.  დამოუკიდებელი მოსაზრებების მქონე ეპისკოპოსი თეოგნიტე, თამამად ჩაუდგა სათავეში სხვა ეპისკოპოსებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ითაკთან და სხვა ეპისკოპოსებთან თანაზიარებაზე, რომლებსაც ბრალი მიუძღოდათ სისხლისღვრაში. ესპანეთში პრისკილიანისტური ენთუზიაზმი რაღაც დროით გაძლიერდა კიდეც. მისი მიმდევრების რიცხვი იზრდებოდა. ტრევში მოკლულთა გვამები, ჩამოასვენეს ესპანეთში და პატივი მიაგეს, ვითარცა მოწამეების წმინდა ნეშტებს. ამან დიდად შეაშფოთა მდევნელთა დაჯგუფება. მათ გადაწყვიტეს უფრო მკაცრი ზომების მიღება. იმპერატორმა მაქსიმემ გადაწყვიტა გაეგზავნა ესპანეთში, შეუზღუდავი უფლებებით მოსილი სამხედრო ტრიბუნები. მათ ევალებოდათ მწვალებლობის ბრალდებების გამოძიება, მწვალებლების დაკითხვა, ბრალდებულების სიკვდილით დასჯა და მათი ქონების კონფისკაცია. ეს ტრიბუნები ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ გულმოწყალებით.

მაგრამ მოდით, თავად სულპიციუს სევერუსს მოვუსმინოთ:

“ახლა აღვწერ მოვლენას, რომელსაც თავად მარტინე ყოველთვის მალავდა მაშინდელი დროის მუხანათობის გამო, მაგრამ რომლის ჩვენგან დამალვა მაინც ვერ შეძლო. მე მხედველობაში მაქვს ის სასწაული, როდესაც ანგელოზი გამოეცხადა მას. იმპერატორი მაქსიმე სხვა მხრივ ყველანაირად კეთილი ადამიანი იყო, ზედმეტად ენდობოდა  რამდენიმე მღვდლის ცუდ რჩევებს. შესაბამისად ის თავისი საიმპერატორო ძალაუფლებით მფარველობას უწევდა ითაკს, რომელიც პრის-კილიანეს და სხვა მრავლის ბრალმდებელი იყო. ასე რომ, მაქსიმე არავის არ აძლევდა უფლებას, რომ წამოეყენებინათ ბრალდება თავად ითაკის წინააღმდეგ, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. რაც შეეხება მარტინეს, ბოლოსდაბოლოს ის იძულებული გახდა მისულიყო საიმპერატორო კარზე და თავადვე განეცადა ის ქარცეცხლი, რომელიც იქ ბობოქრობდა. ქალაქში მყოფ ეპისკოპოსებს ყოველდღიურად ჰქონდათ ურთიერთობა ითაკთან და აქედან გამომდინარე, უკვე იზიარებდნენ მის შეხედულებებს. მაგრამ, როდესაც მათ მოულოდნელად აუწყეს, რომ მარტინე ქალაქისაკენ მოემართებოდა, სრულიად დაკარგეს შემართება და შიშისგან თავზარდაცემულები კანკალებდნენ. მაგრამ მათივე რჩევით იმპერატორს უკვე გაეგზავნა ტრიბუნები ესპანეთში, რომლებსაც ევალებოდათ მწვალებლების მოძებნა, სიკვდილით დასჯა და ქონების წართმევა. უეჭველია, რომ ასეთ ქაოტურ მდგომარეობაში დევნის ქვეშ მოჰყვა უამრავი ჭეშმარიტი ქრისტიანიც, რადგანაც ძალიან ცოტა მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუ რა სჯულის იყო ადამიანი. მთელი მართლმსაჯულება ეყრდნობოდა გარეგნულ ნიშნებს, ისე რომ, ეჭვმიტანილებს პირდაპირ მიიჩნევდნენ მწვალებლებად, მაგალითად - შიშისგან გაფითრებული სახის ან თუნდაც განსხვავებული ტანისამოსის გამო და არა სარწმუნოების საფუძველზე. ამ ეპისკოპოსებს კარგად ესმოდათ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება ნამდვილად არ მოეწონებოდა მარტინეს და ხვდებოდნენ თავიანთ დანაშაულს, დიდად სწუხდნენ რომ ჩამოსვლისას მარტინე უარს იტყოდა მათთან ურთიერთობასა და თანაზიარებაზე და რომ სხვებიც მიბაძავდნენ ამ წმიდა კაცის გაბედულ ნაბიჯს. ამიტომ მათ იმპერატორთან ერთად შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც სამეფო მოხელეები უნდა დახვედროდნენ მარტინეს და არ შემოეშვათ ქალაქში, სანამ ის არ განაცხადებდა, რომ მშვიდობას დაამყარებდა ამ ქალაქის ეპისკოპოსებთან. მაგრამ მარტინემ ბრძნულად ჩაშალა მათი გეგმები, როდესაც განაცხადა, რომ ის მოდიოდა ქრისტესმიერი მშვიდობით. მან ქალაქს ღამით მიაღწია და შესვლისთანავე ეკლესიას მიაშურა სალოცავად. მეორე დღეს ის ეწვია სამეფო კარს. სხვა მრავალ სათხოვართან ერთად, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, უმთავრესი იყო შემდეგი: მან უშუამდგომლა ყოფილ იმპერატორ გრაციანეს მოხელეებს, ნარსესა და ლეუკადიუსს, მაგრამ მისი უმთავრესი თხოვნა იყო, რომ იმპერატორს ესპანეთში არ გაეგზავნა თავისი ტრიბუნები, რომელთაც  ძალაუფლება ეპყრათ ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეზე. როგორც ვხედავთ, მარტინე ზრუნავდა არა მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანებზე, რომლებიც იმ მხარეებში ცხოვრობდნენ და რომლებსაც დევნა ემუქრებოდათ, არამედ ცდილობდა განსაცდელისაგან დაეცვა თვით მწვალებლებიც კი. პირველი ორი დღე იმპერატორმა უპასუხოდ დატოვა წმიდა კაცი. ეს ალბათ იმიტომ მოიმოქმედა, რათა მარტინესთვის ამ საკითხის მნიშვნელობა ეგრძნობინებინა, ან შეიძლება იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ჯერაც არ იყო შერიგებული ეპისკოპოსებთან, ან შეიძლება იმ მიზეზის გამოც, რომ (როგორც ამას მაშინ ბევრი ფიქრობდა) იმპერატორი ეჭვმიტანილთა საკუთრებას ეხარბებოდა. ყველა ამბობს, რომ იმპერატორი გამორჩეული იყო უამრავი კარგი თვისებით, მაგრამ ის უშედეგოდ ცდილობდა დაემორჩილებინა თავისი ანგარება. ეს მოქმედება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო იმპერიის იმ დროინდელი საჭიროებებით, რადგან სახელმწიფო ხაზინა მის წინამორბედს სრულიად გაეფლანგა, და რადგანაც იმპერატორი მუდმივად ელოდა სამოქალაქო ომს ან ემზადებოდა მისთვის, ის ცდილობდა ყველა ხერხი ეხმარა იმპერიის დასაცავად და საჭირო რესურსების მოსაგროვებლად.

ამასობაში ქალაქის ეპისკოპოსები შეშინებულები მივარდნენ იმპერატორთან, ჩიოდნენ, რომ მათი საქმე უკვე წასულია, რომ მარტინე თავისი ავტორიტეტით მიემხრო თეოგნიტეს, ერთადერთ ეპისკოპოსს, რომელმაც საჯაროდ დაგმო მათი საქმიანობა. ისინი ჩიოდნენ, რომ მარტინე საერთოდ არ უნდა შემოეშვათ ქალაქში, რომ ახლა ის არა მხოლოდ იცავს მწვალებლებს, არამედ იბრძვის კიდეც მათ სასარგებლოდ, და რომ არავითარი აზრი არ ჰქონია პრისკილიანეს სიკვდილს, თუ მარტინე მისთვის შურს იძიებს. მალე იმპერატორიც თითქმის დაარწმუნეს იმაში, რომ მარტინეს მწვალებელთა ხვედრი უნდა გაეზიარებინა. ბოლოს ეს ეპისკოპოსები მუხლის ჩოქვით შეევედრნენ იმპერატორს, რომ თავისი ძალა ეხმარა ამ ერთი კაცის წინააღმდეგ. მაგრამ, თუმცა იმპერატორს მათი დიდი ხათრი ჰქონდა, მან ამავე დროს იცოდა, რომ მარტინე ყველას აღემატებოდა თავისი სარწმუნოებით, სიწმინდით და სრულყოფილებით. ამიტომ მან სცადა სხვა გზით მიდგომოდა მარტინეს. პირველ რიგში, მან პირადად და თავაზიანად მიმართა მარტინეს და აუწყა, რომ მწვალებლები არ იდევნებოდნენ, არამედ მათ საჯაროდ ასამართლებდნენ, და რომ შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი მიზეზი იმისა, რომ მას არ ჰქონოდა თანაზიარება ითაკთან და სხვა ეპისკოპოსებთან. იმპერატორმა თქვა, რომ თეოგნიტემ შემოიტანა განხეთქილება ეკლესიაში  თავისი პირადი სიძულვილის გამო, და არა იმ მიზეზისა, რომელსაც ის ასახელებს. მან დაამატა, რომ მარტინე იყო ერთადერთი პიროვნება, რომელმაც უარი თქვა დანარჩენებთან თანაზიარებაზე, თუმცა მათ არანაირი ახალი სწავლება არ შემოუტანიათ ეკლესიაში. იმპერატორმა დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულმა სინოდის სხდომამ გადაწყვიტა, რომ ითაკს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა. როდესაც იმპერატორმა დაინახა, რომ მისმა საუბარმა ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მარტინეზე, მაშინ განრისხდა და გააგდო. ამავე დროს მან ბრძანა დაესაჯათ ყველა ის, ვის შეწყალებასაც ითხოვდა მარტინე.

როდესაც მარტინემ ეს ამბავი შეიტყო, ის უმალვე მიბრუნდა სასახლეში. მან პირობა მისცა იმპერატორს, რომ თანაზიარებაში შევიდოდა სხვა ეპისკოპოსებთან, თუ ის შეიწყალებდა განწირულ ხალხს და უკან გამოიწვევდა ესპანეთში ეკლესიების დასარბევად გაგზავნილ ტრიბუნებს. მაქსიმემ იმ წუთასვე დააკმაყოფილა მარტინეს თხოვნა. მეორე დღეს ჩატარდა ფელიქსის ეპისკოპოსად ხელდასხმა, ნამდვილად წმინდა ადამიანის და პატიოსანი მღვდლისა. მარტინეც ეზიარა ამ დღეს სხვებთან ერთად, რადგან მართებულად ჩათვალა დროებით უკან დაეხია, ვიდრე სასიკვდილოდ გაეწირა საფრთხეში მყოფი ხალხი. თუმცა ამავე დროს, სხვა ეპისკოპოსების დიდი დაჟინების მიუხედავად, ის არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდებოდა, რომ თავისი ხელმოწერა დაედასტურებინა მათთან თანაზიარობა. მეორე დღეს მარტინე სასწრაფოდ გაემგზავრა ქალაქიდან. დიდმა მწუხარებამ და სინანულმა მოიცვა მგზავრობისას. მარტინე სწუხდა, რომ თუნდაც ერთი საათით მაინც შეერია ამ ბოროტ თანაზიარებაში. ამაზე ჩაფიქრებული მარტინე ოდნავ ჩამორჩა თავის თანამგზავრებს სოფელ ანდეთანასთან, იქ სადაც დიდი, უღრანი ტყეები განმარტოების საშუალებას იძლევიან და თავის ნამოქმედარზე ფიქრობდა. ის ხან კიცხავდა, ხან კი ამართლებდა თავისი მწუხარების მიზეზსა და თავის საქციელს. მოულოდნელად გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: ‘მარტინე, მართლაც სამართლიანად სწუხარ, მაგრამ არ შეგეძლო სხვა გზით დაგეღწია თავი იმ მდგომარეობიდან. ასე რომ, გამხნევდი, და განაახლე შენი ღვაწლი, რათა შენს სახელთან ერთად შენი ცხონებაც არ ჩააგდო საფრთხეში’. ამ დღიდან მოყოლებული ის დიდი სიფრთხილით არიდებდა თავს ითაკთან და მის მომხრეებთან თანაზიარებას. მაგრამ, როდესაც მან უკვე ვეღარ შეძლო რამდენიმე ეშმაკეულის განკურნება უწინდელი მადლმოსილებით, მაშინ ცრემლმორეულმა აღიარა ჩვენ წინაშე, რომ გრძნობდა, თუ როგორ მოაკლდა ძალები იმის გამო რომ თანაზიარი გახდა ბოროტებისა, მიუხედავად იმისა, რომ ის ეზიარა საჭიროების გამო და არა თავისი სურვილით (დიალოგები 3.11-12).”

ამ შემთხვევიდან ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იდგა უარზე წმინდა ღმერთშემოსილი მამა მარტინე ტურელი ითაკთან თანაზიარებაზე მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ეს უკანასკნელი დამნაშავე იყო სისხლისღვრის წამოწყებაში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდნენ უკვე განკვეთილი მწვალებლები! წმინდა მარტინე სამართლიანად ამბობდა, რომ მათთვის უკვე საკმარისი სასჯელია, ეპისკოპოსებმა რომ მწვალებლებად გამოაცხადეს და ეკლესიებიდან გააძევეს, და რომ, ამავე დროს, სრულიად გაუგონარი და უპატიო რამ არის, რომ სამოქალაქო მპყრობელი დადგეს მსაჯულად საეკლესიო საქმეში. გასაგებია, რომ სისხლისღვრა დიდი ცოდვაა, მაგრამ ამავე დროს ითაკი და მისი მომხრეები არ იყვნენ მწვალებლები, და როგორც იმპერატორმა თქვა, მათ მიერ არავითარი ახალი სწავლება არ ყოფილა შემოტანილი ეკლესიაში, მაგრამ მარტინე მაინც უარს ამბობდა მათთან ზიარებაზე. ჩვენ ვიცით, რომ კანონების მიხედვით მკვლელობა, თუნდაც ომში ჯარისკაცის მიერ ჩადენილი, ხელისშემშლელი ფაქტორია მღვდლად კურთხევისათვის. შესაბამისად, სამღვდელო პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის სისხლისღვრაში ან მის წაქეზებაში, აუცილებლად უნდა იქნას განყენებული. მაგრამ ზემოთმოყვანილ შემთხვევაში სინოდის კრებამ გადაწყვიტა, რომ ითაკს არაფერში არ მიუძღოდა ბრალი, თუმცა წმ. მარტინეზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია ითაკისა და მისი მომხრეების დასაცავად მოყვანილ არგუმენტებს. თუ ის მათთან ერთად მსახურებას დათანხმდა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეეჩერებინა ათასობით ადამიანის სისხლისღვრა.

ამავე დროს, ანგელოზმა მარტინეს აუწყა, რომ ის “სამართლიანად” სწუხდა იმის გამო, რომ მსახურებაში მიიღო მონაწილეობა,  მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნდა სხვა გზა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ანგელოზმა უსაყვედურა მას და გააფრთხილა, თავის ავტორიტეტთან ერთად საკუთარი ცხონებაც არ ჩაეგდო საფრთხეში. ამ გაფრთხილების დასტურად წმინდანმა ვეღარ შეძლო რამდენიმე ეშმაკეულის განკურნება უწინდელი მადლმოსილებით და მან იგრძნო მადლის მოკლება იმ ბოროტი თანაზიარების გამო, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, თუნდაც ძალიან ცოტა ხნით, და თანაც იძულებით. მართლაც რა საკვირველია ყოველნი საქმენი უფლისანი, რომელსაც აღმოაჩენს კაცი წმიდა წერილში და წმიდანთა ცხოვრებებში. მაგრამ ვინ იღებს მათ ყურად?!


"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 
(თარგმნილია ჟურნალიდან: "Orthodox Christian Witness" 25 აგვისტო, 1980)

© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
 

No comments:

Post a Comment