"მღვდელნი მისნი შეაბილწებენ წმიდათა და აუთნოებენ (არღვევენ) სჯულსა"
(სოფონია, 3,4).
უცნაური დროა! მაშ ქრისტიანებათ არ მიგაჩნივართ? ეკლესიაში ყოფნის უფლებას გვართმევთ? კი მაგრამ, თქვენს ე. წ. საეკლესიო ერთიანობაში ხომ ყველაფერი ერთმანეთშია არეული: ცრუ მოწმობები ჭეშმარიტებაზე და ღმრთის წინაშე საძაგელი ქმედებები ამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ! ან იქნებ თქვენ აბრაამის ძენი ხართ და შთამომავლობით ეკუთვნით ეკლესიას, ჩვენ კიდევ სამარიტელნი და წარმართნი? თქვით ბარემ თამამად, ნუ გრცხვენიათ, რომ ფარისეველნი ხართ და მემკვიდრეობით გეკუთვნით ეკლესიაში ყოფნა, რომ სწორედ თქვენა ხართ ეკლესია, სულ ერთია, რასაც არ უნდა სჩადიოდეთ. თქვით ხმამაღლა, რომ ახლა უკვე შეუძლებელია იყო ქრისტიანი და იცავდე ეკლესიის დამაარსებლის გარდამოცემას, რომელიც მისი ჭეშმარიტი მოწაფეებისაგან მივიღეთ და არა ცრუ მოციქულებისაგან, გარდამოცემას, რომელიც ეკლესიის მადლისმიერი ცხოვრების წყაროა. თქვით, რომ რასაც არ უნდა ასწავლიდეთ, ყველაფერი ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია ცდებოდეთ-მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ იყავით და მემკვიდრეობის კანონით ყოველთვის იქნებით "მებრძოლი ეკლესია", ანუ, როგორც მთელი საეკლესიო სწავლების საპირისპიროდ ამთკიცებთ, "მცოდველი ეკლესია". საოცარი მკრეხელობაა ეკლესიის, ჭეშმარიტების სვეტისა და სიმთკიცის წინააღმდეგ!
რატომ ატყუებთ ადამიანებს? განზრახ რატომ ურევთ ერთმანეთში ერთის მხრივ ჩვენი ბუნების უძლურებისაგან მომდინარე ზნეობრივ ცოდვებს, მეორეს მხრივ კი გაცნობიერებულსა თუ გაუცნობიერებელ განდგომილებასა და ღმერთის ღალატს? ამით ამტკიცებთ, რომ განდგომილთა მიერ ღმრთის წინაშე საძაგელი ქმედებები თითქოს აუცილებლად უნდა არსებობდნენ ეკლესიაში. თქვენ განგებ აბნევთ ადამიანებს იმით, რომ სინანულის დისციპლინის კანონებს თვით სარწმუნოების სჯულისდებას უტოლებთ, როდესაც აცხადებთ, კანონის სიტყვასიტყვით შესრულება ყველა ჩვენი ტაძრის დახურვას გამოიწვევსო. მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არასოდეს ყოფილა და არც ახლა არსებობს ტოლობა ხორციელ ცოდვაში ჩავარდნასა და მწვალებლობის (ერესის) მიღებას შორის? თითქოს ისიც კარგად უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ გარდამოცემიდან გადახვევა და მისი ღალატი ეკლესიისაგან განშორებას იწვევს, და რომ ეკლესია კი არ "სცოდავს" აან "ნაგვიანდება" "სოფელთან შეხების შედეგად" (თქვენი გამეთქმებია), არამედ ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ სცოდავს, ის დგება ეკლესიის გარეთ. მაინც სად, რომელ წმ.. მამასთან ნახეთ ასეთი რამ? რატომ ატყუებთ ხალხს? რატომ გადასცემთ მას სწავლებას "მებრძოლი ეკლესიის" შესახებ ესოდენ დამახინჯებული სახით?
თქვით ღმრთის წინაშე, რომ მოძღვრება, რომელსაც ხალხს უქადაგებთ, "მართლმადიდებლური" მოძღვრებაა, ღოდესაც ასწავლით, რომ თუმცა იერარქები "სოფელთან შეხების" გამო მართლაც ვარდებიან განდგომილებაში, მაგრამ მათი განდგომილება არც თქვენ და არც არავის არანაირად არ გეხებათ, და საერთოდ, არავის არაფერი ეხება-"ეს ყოველთვის ასე იყო და ასეც უნდა იყოსო". თქვით, რომ ესაა ეკლესიის სწავლება!
თქვენ ამბობთ, სანამ ჩვენს ეკლესიას არავითარი ცრუ დოგმატი ან ცრუ სწავლება არ დაუკანონებია, მანამ ცრუ სწავლებები და გადახრები უნდა მივიღოთო, როგორც კერძო მცდარი აზრები, რომლებსაც უნდა ვებრძოლოთო.
მაგრამ ვინ შეგითანხმათ ბოლო ათწლეულებში მიღებული დოკუმენტები, სწორედ მართლმადიდებელ სარწმუნოებას რომ ეხებოდა, მართლმადიდებელ ეკლესიაში ინერგებოდა და იქადაგებოდა-სიტყვით თუ საქმით, აშკარად თუ ფარულად? მათ ხომ ეკლესიის სრულუფლებიან წევრებად კი არა, უუფლებო მონებად მიაჩნიხართ! რაო, ასე არ არის? ნუთუ ძალა, მაგ თქვენს იერარქებთან რომ გაერთიანებთ, სწორედ ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს მიმდევართა განმასხვავებელი ნიშანია და რომელიც თვით უფალმა იესო ქრისტემ დაამტკიცა?
კიდევ რა დოგმატების შეცვლას ელოდებით? ეკლესიის ყველა დოგმატური დადგენილება ხომ იშლება, როდესაც ეკუმენისტები და მით უფრო ეკლესიის წინამძღვრები რელიგიურ თანაზიარებას ამყარებენ მწვალებლებთან, შამანებსა და წარმართებთან. ამით რომელიმე ერთი დოგმატი კი არ იცვლება, არამედ მთელი მართლმადიდებელი და მაცხოვნებელი სარწმუნოება ირყვნება და სინკრეტიზმის უზარმაზარ ქვაბში რაღაც სიმახინჯედ გადაიდნობა. სწორედ ეს მოღალატეები არიან თქვენი მღვდელმთავრები-ისინი, ვის ანტიმნისებზეც თქვენ სწირავთ და ვისი კურთხევითაც მღვდელმსახურებას ასრულებთ! სულ დაგვიწყნიათ წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ცხოვრებები! რისთვის კვდებოდნენ ისინი? სწორედ იმისთვის, რომ უარს ამბობდნენ უსჯულოებთან რელიგიურ თანაზიარებაზე.
იქნება მადლობას სწირავთ ღმერთს-როგორც ოდესღაც ფარისეველნი-რომ ცოდვილები არა ხართ, რომ არა ჰგევხართ თქვენს ცოდვილ განდგომილებს-მეზვერე ეპისკოპოსებს? დიახ, თქვენ მათზე სწორედ ასე ლაპარაკობთ. მაგრამ ის კი გავიწყდებათ, რომ ისინი თქვენი ეპისკოპოსები არიან, რომ მხოლოდ მათთან ერთად წარმოადგენთ ეკლესიას და მათ თქვენი სარწმუნოების ეპისკოპოსები ჰქვიათ. რატომ გეშინიათ პირდაპირ და გულახდილად უთხრათ, რომ ისინი ცოდვილები არიან, თქვენ კი - მართალნი?
მაშ, თქვენის აზრით, მათთან ერთად უნდა ვამბობდეთ ლიტურგიის დროს, "ქრისტე ჩვენს შორის არისო", და მათთან ერთად უნდა ვეზიარებოდეთ-მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ოფიციალურად სახელდებული იერარქები და აბრაამის შვილნი არიან?
ეს რაღაც რიტუალურ თვითგვემას ემსგავსება! ვისთანა ხართ თანაზიარნი: მელეტიოს მეტაქსაკისთან (გარდაცვლილთაგან),თუ ალექსანდრიის ახლანდელ პატრიარქთან, რომელმაც პირველსავე ეპისტოლეში თავი "მისი (მელეტიოსის) საეკლესიო კურსის გამგრძელებლად" გამოაცხადა? იცოდეთ, მათთან ერთად ხალხი სრულ აღმსარებლობით ინდიფერენტიზმამდე მიგყავთ!
მაინც, რომელ ხანძარს აქრობთ და რომელ ხომალდზე? ვისი გონს მოყვანა გსურთ და როგორ? თქვენც ხომ ახლა ეკუმენისტების კვალდაკვალ იმეორებთ: "ეკუმენისტურ ყრილობებზე მონაწილეობის მიზანი სხვა სჯულის აღმსარებელთა მოქცევაა ჩვენი "მადლისმიერი მონაწილეობის" გზით". დიახ, ასეა. კი, მხოლოდ ამისთვის ლოცულობენ, ღმრთისმსახურებასაც ამისთვის ატარებენ, ამისთვის აწერენ ხელს და ღალატობენ… და ახლა თქვენც თქვენი მოწაფეებიანად ზუსტად ამავეს იმეორებთ! მაგრამ მაშინ რატომ ქადაგებდნენ ან რატომ კვდებოდნენ მოციქულები ამ არავისთვის საჭირო მოძღვრებისათვის, თუკი წარმართთა მოქცევა მათ რიტუალებსა და მისტერიებსი მონაწილეობის გზითაც შეიძლებოდა? რატომ ამბობდნენ უარს მოწამეები იმის გაკეთებაზე, რაც თურმე მხოლოდ სახარების ბადეში მოქცევის ბრძნული ხერხი ყოფილა? ო, რა ძველი ცთომილებაა! მაშინ რა გიშლით ხელს, თქვენც იქ წახვიდეთ, სადაც თქვენი იერარქები დადიან და მათთან ერთად მოაქციოთ წარმართნი?
მაგრამ იქნება სჯობდეს გაიხსენოთ, რას ასწავლის წმ. მართლმადიდებელი ეკლესია: მწვალებლებსა და განდგომილებს კი არ უნდა შეუერთდე, ყოველი ღონე უნდა იხმარო მათ შესაგონაბლად, პირველ ყოვლისა კი საკუთარი მაგალითით უნდა დაარწმუნო-სიმტკიცითა და უკომპრომისობით. ხოლო თუ ისინი სწავლებას არ შეისმენენ და სარწმუნოების წინააღმდეგ შეცოდებას განაგრძობენ, მაშინ მათივე სასიკეთოდ უნდა განეშორო და ამით უჩვენო ჭეშმარიტი სინანულისა და ღმერთის შეცნობის გზა.
მაინც, რომელ "გალავანს" (როგორც თქვენ უწოდებთ) შიგნით იმყოფებით? ბარემ პირდაპირ თქვით, რომ თქვენთვის ეკლესიად იწოდება მხოლოდ "ოფიციალური ეკლესიების" "მსოფლიო" გაერთიანება, რომელთაც არ გააჩნიათ ჭეშმარიტი სარწმუნოების მოწმობა. თქვით, როგორც თქვენი იერარქები ამბობენ, რომ "ადგილობრივ ეკლესიებში" არის მადლი-მხოლოდ იმიტომ რომ ისინი "ისტორიულად" ამ ერთობას ეკუთვნიან! მაშინ ჩვენთბის ადამიანურად მაინც ყველაფერი ნათელი გახდება. ფარისევლებიც ხომ ყოველთვის ამბობდნენ, ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს და სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან ფარისეველნი და აბრაამის შვილნი ვართო. თქვით ღმრთის წინაშე, რომ ეკლესიის წიაღში ყოფნისთვის არ არის აუცილებელი მართლმადიდებლობის დაცვა, საკმარისია მხოლოდ "ესა და ეს ავტოკეფალური" ეკლესია გეწოდებოდეს…
ფარისევლები ამკობდნენ მათი მამების მიერ მოწყვეტილ მართალთა და წინასწარმეტყველთა საფლავებს-სწორედ ისევე, როგორც თქვენ და თქვენი იერარქები ამკობთ დევნილ და მოკლულ ახალმოწამეთა საფლავებს! და იტყვით: "უკეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაÎსწარმეტყველთასა ვინაცა ეწამებით თავთა თვისთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკვლელთა წინაÎსწარმეტყველთანი და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქვენთა"(მათე23,30-32).
ფარისეველნი აკლდამებს უშენებდნენ მათი მამების მიერ ჩაქოლილ წინასწარმეტყველებს, ახლა კი თქვენ უშენებთ აკლდამებს მათ, ვინც სსრკ-ში საეკლესიო კოლაბორაციონისტთა და სერგიანელ განმაახლებელთა, საბერძნეთში კი მეახალსტილე- განმაახლებელთა ღალატით, ბეზღობით, დუმილითა თუ გინებით მოისრა. თქვენ, თქვენსიერარქიულ წინამორბედთა პირდაპირ და ღირსეულ შთამომავალთ, არც კი გსურთ ამ საშინელი დანაშაულის გამოსყიდვაზე ფიქრი და მათთან ერთად მხოლოდ უფრო ღრმად მარხავთ სიმართლეს, რომელიც ბოლოს და ბოლოს ყველასათვის ცხადი გახდება. ახალმოწამენი და აღმსარებელნი, რომელნიც არ დაემორჩილნენ განდგომილებას, წინასწარმეტყველებდნენ ამ სიახლეების დამღუპველ შედეგებზე. და აი, ჩვენს თვალწინ ახდა მათი სიტყვები: ადგილობრივ ეკლესიებში ყველაზე ბოროტი მწვალებლობა-ეკუმენიზმი შემოვიდა, 20-ანი წლების ნაშიერი, და "იქმნის უკანასკნელი მის უძვირეს პირველისა"(მათე, 12,45).
მართალო ფარისეველნო, მაშ მოდი, დიდი ქვები ამოარჩიეთ იმ ქრისტიანთა ჩასაქოლად, ვისაც არ სურს სჯულისაგან განდგომილებთან კავშირი; ყოველგვარი ამაო სიბრძნით აღიჭურვეთ მათ წინააღმ- დეგ, ვისაც არ უნდა ღმრთის მცნებების შეცვლა და ღალატის თანამონაწილედ ქცევა. რაც შეიძლება მეტი ქვები შეაგროვეთ…"აღავსეთ საწყაული მამათა თქვენთა". თანაც არ დაგავიწყდეთ, ორპირო ფარისე ველნო, ლოცვის დროს მადლობა შესწიროთ უფალს, რომ თქვენს მიერ "გაკრიტიკებულ" იერარქებს არ ჰგავხართ.
მაგრამ გავა დრო-თვეები, წლები, ათწლეულები-და რა დარჩება თქვენი თხზულებებიდან? ის, რომ თქვენ, ამართლებდით რა გაუმართლებელს: საღმრთო მცნებათაგან განდგომილებას, ცრუ საეკლესიო მშვიდობის სახელით უღალატეთ საკუთარ სარწმუნოებას; იმ ქრისტიანებს კი, ვინც გაბედა და სიმართლე თქვა, ამცირებდით და თქვენი "რჩეული თხზულებებით" ქოლავდით. და მხოლოდ ერთი სიმართლე დარჩება უცვალებელი-ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს ეკლესია.
რას ეტყვით, ბერებო, საუკუნო ცხოვრებაში რომ გადახვალთ, ბერებს-მაქსიმესა და თეოდორეს?* იმისათვის ვამართლებდით სჯულისაგან განდგომილებას და მათ თანამონაწილეებად იმისათვის ვიქეცით,, იმისათვის მოვუწოდებდით ხალხს "განხეთქილების შემომტანთა" ჩასაქოლად, რომ მოჩვენებითი საეკლე- სიო ერთიანობა დაგვეცვა, მართლმადიდებლობის საფუძველთა საფუძველი კი დაგვეთმოო? რაო, ვითომ ასე არ არის? კარგად დაფიქრდით, რა სარწმუნოებაა თქვენს საეკლესიო "ერთობაში" და ვისთან "თანამოაზრეობაში" აღიარებთ უფალს?
რას ეტყვით, არქიმანდრიტებო, საუკუნო ცხოვრებაში რომ გადახვალთ, მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს-გრიგოლსა და მარკოზს?** ვისგან იღებდით კურთხევას მღვდელმოქმედებისათვის-იმათ მსგავსთაგან, ვისაც ისინი მთელი ცხოვრება ზურგს აქცევდნენ და განეშორებოდნენ, ვინც მათ სდევნიდა? რას უპასუხებთ: ვის სწავლებას იცავდით, ვის ამართლებდით? მათ, ვინც ჭეშმარიტების, ღმერთის გარეშე აპირებს ჩვენს გაერთიანებას?
რომელ "გულის არასწორ განწყობასა" და "სხვა დონეზე" ლაპარაკობთ, ბერებო! საკუთარ გულებში ჩაიხედეთ! ბოლომდე დარწმუნებული ხართ კი იმაში, რასაც ამბობთ? სწორად გაქვთ "გულები განწყობილი?" თქვენსავე თხზულებებში ჩანს "თქვენს გულთა განწყობა", "რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვინ"(მათე, 12, 34). ყველაფერი სწორად გაქვთ აწონილი, "გულთა განმწყობელნო?" თუ არა და ღმერთის გეშინოდეთ!
ბერებო - ქრისტეს მხედრობავ!!! ნუ უღალატებთ თქვენს მხედართნმთავარს! ნუ გექნებათ ერთობა მის მტრებთან! ნუ მიიღებთ მონაწილეობას შეთქმულებაში იმ ჯარისკაცებთან ერთად, ომს რომ შეუშინდნენ! ბრძოლის ჟამს უკან ნუ მიიხედავთ და ნუ გაიქცევით, ნუ მიატოვებთ თქვენს მეუფეს! პატიოსან არს ომში ქრისტესთვის სიკვდილი, სამარცხვინოა სიცოცხლე მტრის ტყვეობაში!
13/26 ნოემბერი, 1997 წ.
მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის ხსენება
*--მაქსიმე აღმსარებელი და თეოდორე სტუდიელი
**--გრიგოლ პალამა და მარკოზ ეფესელი
**--გრიგოლ პალამა და მარკოზ ეფესელი
No comments:
Post a Comment