ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1)


არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ (ოთხ ნაწილად) 

მღვდელი გელასი აროშვილი 

ნაწილი პირველი -“ბრძენთა” დაცემა

“და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რათა, რომელნი არ ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ. ესმა ესე ფარისეველთაგანთა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა? ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით ცოდვამცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყვით, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან”.
(იოანე 9; 39-41)

მოსკოვის პატრიარქ ალექსი II ლოცვა-კურთხევით გამოიცა არქ. რაფაელ კარელინის წიგნი “ამპარტავანთა დაცემა”. იგი მთლიანად მიმართულია განხეთქილების მოქმედთა წინააღმდეგ და ძირითადად ეყრდნობა წმ კვიპრიანე კართაგენელის ცნობილ ტრაქტატს “ეკლესიის ერთიანობის შესახებ”. ავტორი უხმობს მრავალრიცხოვან ციტატებს ამ ნაშრომიდან და თვალნათლივ წარმოაჩენს განხეთქილების როგორც მომაკვდინებელი ცოდვის არსსა და მის შედეგებს. კითხვას იწვევს მხოლოდ ერთი საკითხი ვის ეხება ჩვენს დროში ეს მხილება და ვის უწოდებს არქ. რაფაელი განხეთქილების მოქმედს. ნაშრომის დასაწყისშივე ნახსენებია წმ. კვიპრიანეს თანამედროვე ორი განხეთქილება, რომელსაც ფელიცისიმე და ნოვაციანე ხელმძღვანელობდენ. პირველნი ითხოვდნენ, რომ ყველა ქრისტიანი, რომლებმაც უარყვეს ქრისტე და კერპებს შესწირეს მსხვერპლი სინანულის გარეშე მიეღოთ ეკლესიაში, ხოლო სამღვდელოება იმავე ხარისხში. მეორენი, ანუ ნოვაციანელნი კი პირიქით თვლიდნენ, რომ ქრისტეს უარმყოფელნი სამუდამოდ უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან და სინანულის შემთხვევაშიც კი არ უნდა მიეღოთ ეკლესიაში. აი ამ განხეთქილებათა წინააღმდეგ დაწერა წმ. კვიპრიანემ თავისი ტრაქტატი. არქ. რაფაელი არ ასახელებს ჩვენი დროის განყოფა-განხეთქილებათა არანაირ მიზეზებს, მთლიანად გვერდს უვლის თანამედროვე ეკლესიოლოგიურ ერესს  -  ეკუმენიზმს. თითქოს ასეთი რამ საერთოდ არც არსებობდეს ბუნებაში და თითქოს ოფიციალურ საყდართა პატრიარქები ჭეშმარიტების სამაგალითო მართლმკვეთელნი იყვნენ, არ ღალატობდნენ მართლმადიდებლობას, არ აკანონებდნენ საეკლესიო კანონთა დარღვევასა და უგულებელყოფას, არ აზიარებდნენ მსოფლიო კრებათა მიერ ანათემირებულ მწვალებლობათა მიმდევრებს, არ აწერდნენ ხელს დოკუმენტებზე, რომლებშიც მადლმოსილად არის აღიარებული მწვალებელთა “საიდუმლონი”, არ ქადაგებდნენ საჯაროდ ერესს, არ ლოცულობდნენ წარმართებთან, იუდეველებთან, მუსულმანებთან, ბუდისტებთან და სხვა რელიგიათა მიმდევრებთან ერთად, არ შემოჰქონდეთ მოდერნიზმი, არ აწევრიანებდნენ თავიანთ საყდრებს აშკარად ანტიმართლმადიდებლურ საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა. მოკლედ თითქოს ყველაფერი წესრიგშია და აი მავანი და მავანი მაინც ემიჯნება, თუმცა ამის არანაირი ობიექტური მიზეზი არ გააჩნია. რას იტყვი მკითხველო? უპატიოსნოდ ხომ არ გეჩვენება ავტორის ამგვარი ხერხი  -  საერთოდ არ შეეხო პრობლემას, არ დაასახელო არც ერთი მიზეზი თანამედროვე განყოფისა და მხოლოდ წყევლა-კრულვა დაატეხო ქრისტიანებს, რომელთა დანაშაულიც მხოლოდ ის არის, რომ ეკლესიის სწავლების, მართლმადიდებლობის ერთგულება გადაწყვიტეს. პოლემიკის დროს ამგვარ აკრძალულ ხერხებს წარმართი ფილოსოფოსებიც კი არ იყენებდნენ. წმიდა მამები ანტიერეტიკული თუ ანტისქიზმატური ნაშრომების წერისას, პირველ რიგში დეტალურად ჩამოთვლიდნენ და განიხილავდნენ ყველა ცდომილებას, ადარებდნენ ეკლესიის მოძღვრებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰქონდათ საბოლოო, სამართლიანი ვერდიქტი. ამგვარი პოლემიკური ხასიათის არაერთი ძეგლია ჩვენამდე მოღწეული. მარტო წმ. ირინეოს ლიონელის ხუთი წიგნი რად ღირს წვალებლობათა წინააღმდეგ, რომელშიც მთლიანად არის წარმოჩენილი იმდროინდელ ერეტიკოსთა (ძირითადად გნოსტიკოსთა) რელიგიური სისტემები. მაშასადამე მეთოდს რომელსაც არქ. რაფაელი იყენებს არ გააჩნია ანალოგი პატრისტიკაში, იგი მზაკვრულია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ჩვენ არ წავალთ ამ გზით და ვეცდებით ობიექტურად განვიხილოთ ეს ნაშრომი, შევეხოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ეკლესიის წმიდა სწავლების საფუძველზე, არქ. რაფაელისაგან განსხვავებით, კონკრეტული ადრესატები და დამნაშავეები დავასახელოთ, ანუ წარმოვაჩინოთ ვინ არის ჩვენს დროში მწვალებელი და განხეთქილების მოქმედი და სინამდვილეში ვის ეხება წმ. კვიპრიანეს ტრაქტატიდან მოყვანილი ციტატები. და მაინც რატომ გაურბის არქ. რაფაელი კონკრეტულობას ანუ რატომ არ ეხება არსებით მიზეზებს თანამედროვე განხეთქილებათა? ვფიქრობთ, იმიტომაც, რომ მაშინ მას მოიწევს გაუმართლებელის გამართლება, რელიგიური სინკრეტიზმის თანამედროვე მოღვაწეთა, მისივე ეპისკოპოსთა და პატრიარქთა ვექილობა. ეს კი მკვეთრად დააკნინებს მის ავტორიტეტს მისი თაყვანისმცემლების თვალში, ამიტომ არჩეულია ყველაზე მოხერხებული გზა, კერძოდ თავბრუდამხვევი კრიტიკა საკითხის არსისა და კონკრეტული პრობლემების გვერდის ავლით. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეც ლაფმისხმულია და საკუთარი მართლაღმსარებლობის მითიც შენარჩუნებულია. ახლა კი დაუშვათ ვარიანტი, რომ ავტორი შეეხო ისეთ პრობლემატურ საკითხებს როგორიცაა ეკუმენიზმი და მოდერნიზმი. ამ მოვლენთა თუნდაც მცირეოდენი კრიტიკა, რასაც ავტორი ვერ გაექცეოდა, თუნდაც თავისი ადრინდელი პუბლიკაციების გამო, მკითხველში მრავალ კითხვას გააჩენდა, ინტერესს აღძრავდა თანამედროვე რელიგიურ მოვლენათა მიმართ, რასაც უცილობლად მოჰყვებოდა ეჭვის შეტანა ავტორის ობიექტურობაში. ლოგიკა მარტივია: თუ ეკუმენიზმი მწვალებლობაა და უცხოა ეკლესიისათვის, მაშინ ისინი ვინც ამ პოზიციაზე არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც დგანან (ანუ გაწყვიტეს კავშირი ეკუმენიზმის ლიდერებთან, თანამედროვე პატრიარქებთან) არათუ ლანძღვის არამედ ქებისა და მიბაძვის ღირსნი არიან. მაგრამ სამწუხაროდ არქ. რაფაელი ეკუმენისტი მღვდელმთავრების როგორც მწვალებლების შესახებ მხოლოდ კულუარული საუბრებით იფარგლება და ისიც მხოლოდ “იდუმალგანდობილებთან”. ამ დროს იგი მკაცრია და აღსავსეა მოშურნეობით, თუმცა ეს ხელს არ უშლის მეორე წუთში ხელზე ეამბოროს მათ ანდა ეზიაროს მათი ხელიდან. საჯაროდ კი არქ. რაფაელი ამ ეკუმენისტი იერარქების ლოცვა-კურთხევით წიგნებს გამოსცემს მართლმადიდებელთა წინააღმდეგ და სქიზმატებს უწოდებს მათ. ამის მაგალითია ჩვენს მიერ განსახილველი ნაშრომიც, რომელიც მოსკოვის პატრიარქ ალექსი II ლოცვა-კურთხევითაა გამოცემული. რა შეიძლება ეწოდოს ყოველივე ამას? ორპირობა და ფარისევლობა, რაც ესოდენ დამახასიათებელია ჩვენი დროისთვის. საოცარია, როგორ ახერხებს ავტორი ჭეშმარიტების ესოდენი დახვეწილი მზაკვრობით დამახინჯებას.

ეკლესია, ეპისკოპოსი, განხეთქილება  -  აი სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებს არქ. რაფაელი, თუმცა არსად არ იძლევა ამ ტერმინების საფუძვლიან, სიღრმისეულ განმარტებას. ეკლესიად აპრიორი მიჩნეულია ეკუმენისტურ-მოდერნისტული საპატრიარქოები. კანონიერ ეპისკოპოსებად, ანუ მოციქულთა მემკვიდრეებად  -  სამოციქულო სწავლების მტერი რელიგიური ბიუროკრატია, რომელიც სიტყვით და საქმით არღვევს ქრისტეს კვართს, ეკლესიის სხეულს, რომელიც მოციქულთა და წმიდა მამათა მოძღვრებითაა მოქსოვილი. ხოლო განხეთქილებად სახელდებულია ერესიარქებთან ლოცვითი კავშირის გაწყვეტა, გამიჯვნა და განშორება. ანუ ისინი ვინც ეკლესიის სწავლების მიხედვით “მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორნენ” (ტიტ. 3; 10) პავლე მოციქულთან ერთად განხეთქილების მოქმედებად ცხადდებიან. პატიოსანო მკითხველო ნუ ენდობი თანამედროვე მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებსაც “დაუტევებიეს უმძიმესი ჰსჯულისა: სამართალი, წყალობა და სარწმუნოება” და რომელთაც მაცხოვარი დღესაც იგივე სიტყვებით მიმართავს: “წინამძღვარნო ბრმანო, რომელნი დაჰსწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქამთ” (მათ, 23; 23-24). ისინი “ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ” (ტიტ.1;16), ამიტომაც არის სახიფათო მათი მორჩილება, ამიტომაც ვართ იძულებულნი მათი ნაწერები ეკლესიის სწავლებას შევადაროთ.

No comments:

Post a Comment