არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ
მღვდელი გელასი (აროშვილი)
ნაწილი მესამე - ეპისკოპოსი
“და სადაცა იყოს ეპისკოპოსი, მუნმცა არს ყოველი ეკლესია”
(წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, “სმირნელთა მიმართ”)
“ეპისკოპოსის წოდება იმდენად აუცილებელია ეკლესიაში, რომ მის გარეშე ეკლესია არ არის ეკლესია, ხოლო ქრსიტიანი - ქრისტიანი. ეპისკოპოსი როგორც მოციქულთა მემკვიდრე სული წმიდის მიერაა მოწოდებული და ხელდასხმული. იგი არის ცოცხალი სახე (ხატი) ღმრთისა ამქვეყნად. ...ეპისკოპოსი ისევე აუცილებელია ეკლესიისთვის, როგორც სუნთქვა ადამიანისთვის და მზე - ქვეყნიერებისათვის. მან უნდა გაასხვისნოს და გაათბოს, ვითარცა მზემ, თავისი სამწყსო, გარდაქმნას იგი ტაძრად ღმრთისა” (აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე. 1723 წ. თავი X).
წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი იმავე მიმართებაში აყენებს ეკლესიას ქრისტესადმი, როგორშიც ქრისტეა მამა ღმერთისადმი. მეორეს მხრივ მორწმუნენი შეერთებულნი არიან ეპისკოპოსთან, ისევე, როგორც ეკლესია იესო ქრისტესთან და როგორც ქრისტე მამასთან. “ჭეშმარიტად ვნატრი სიყვარულსა თქეენსა განზავებულსა მის თანა (ეპისკოპოსთან), ვითარცა იგი აქუს ეკლესიასა ქრისტეს თანა და ქრისტესა ღმრთისა მამისა თანა, რამეთუ ეგრეთვე თქუენცა ყოვლითურთ შეერთებულ ხართ და განზავებულ და შენაწევრებულ (“ეფესელთა მიმართ ეპისტოლე”. თავი V).
“იტყვის უფალი: “მე და მამა ჩემი ერთ ვართ” (იოანე. 10; 30). სხვა ადგილას მამისა, ძისა და სული წმიდის შესახებ წერია: “ესე სამნი ერთ არიან” (1 იოანე, 5; 7). ვინ იფიქრებს, რომ ეს ერთიანობა, რომელიც ღმრთაებრივ უცვალებლობაზეა დამყარებული და ზეციურ საიდუმლოებებთანაა შეერთებული, განა შეიძლება დაირღვეს და დანაწევრდეს იმის გამო, რომ ეკლესიაში მეტოქე მხარეები ვერ შეთანხმდნენ? არა, ამ ერთიანობის დამარღვეველი არ ინახავს საღმრთო სჯულს, არ იცავს მამისა და ძის რწმენას, არ ადგას ცხონების ჭეშმარიტ გზას. ეს საიდუმლო ერთიანობისა, ეს განუყოფელი თანხმობა ასახულია სახარებისეულ ამბავში ქრისტეს კვართის შესახებ. ამ კვართს მამისაგან ჰქონდა მაღლით მიცემული ერთიანობა, და ამიტომ არ შეიძლებოდა დაენაწევრებინათ იმათ, ვისაც ის ერგო, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დარჩა მთლიანი და განუყოფელი. ამიტომ შეუძლებელია ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს. თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” (წმ. კვიპრიანე კართაგენელი “ეკლესიის ერთიანობის შესახებ”).
მაგრამ ვინ არღვევს, ვინ ანაწევრებს ქრისტეს კვართს? ვის შემოაქვს განხეთქილება ეკლესიაში?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად “წმიდანთა ცხოვრებაში” ჩავიხედოთ. “რა არის, წმიდანთა ცხოვრება? ცხოვრებაში გატარებული დოგმატები. რა არის დოგმატები? “წმიდანთა ცხოვრების” განხორციელება” (არქ. იუსტინე პოპოვიჩი).
წმიდა თეოდორე სტუდიელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: “რატომ შემოგაქვს მეფეო”, - ეკითხება წმ. თეოდორე იმპერატორ ლეონ სომეხს - “წმიდა ეკლესიაში მწვალებლური ამაობრძნობა და არღვევ ქრისტეს კვართს, რომელიც უზენაესი მადლისაგან, მოციქულთა და წმიდა მამათა მოძღვრებისაგან არის მოქსოვილი?” ("Жития Святых", Ноябрь, стр. 248).
მაშ ვინ ყოფილა განხეთქილების შემომტანი; ვინ არღვევს ქრისტეს კვართს? ცხადია ისინი ვინც ამახინჯებენ ეკლესიის მოძღვრებას, ვინც არღვევენ მოციქულთა, წმიდა კრებათა, მამათა კანონებსა და განწესებებს. სწორედ მათ “დაუტევეს წყარო წყლისა ცხოველისა და უთხარნეს თავთთა მათთა ჯურღმულნი გახურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა”. (იერემია 2; 13)
“აწ უკუე გამოვიძიოთ შეცვალებანი ესე მართლაღსარებისანი, რომ იქმნეს ამათ წელთა, იხილეთ, ნუ უკუე მიზეზითა ცრუ მშვიდობისათა, შფოთისა და განდგომილებისა ქადაგებად იპოვნეთ, რომელი იგი განდგომილება ღმრთისაგან წინამორბედად ანტიქრისტესა ყოფად თქუა მოციქულმან” (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).
გამოვიძიოთ თუ ვინ “ზრახვენ წინააღმდგომსა ქრისტეს მოძღვრებისასა წარსაწყმედელად თავთა თვისთა და მორჩილთა თვისთა. რომელთაგან ჯერ-არს თქუენდა, რაითა, ვითარცა მხეცთა ესრეთ განეშორნეთ,... ესე ვითარნი - იგი არიან ახალნი ძაღლნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ყეფად (ისაია, 56; 10), განცოფებულნი და იდუმალ მკბენარნი, რომელთაგან ჯერ-არს ფრიადი კრძალვაი, რამეთუ უკურნებელად სნეულ არიან” (წმ. ეგნატ ღმერთშემოსილი “ეფესელთა მიმართ”, თავი VII).
წმიდა გრიგოლ ნოსელი გვასწავლის: “ეკლესიის ორგანიზმში ყველა ცალკეული ნაწილი ამ სხეულისა, ერთმანეთთან და თავთან, ქრისტესთან უმტკიცესი ორგანული კავშირით არიან შეერთებულნი. ეს არის ცოცხალი ზნეობრივი კავშირი. ეკლესიის თავი ქმნის წმიდა და ანკარა სახეს ეკლესიისას და ამით სიწმინდისა და უმანკოების ბეჭედს ასვამს ეკლესიის ყველა წევრს. ამიტომაც, თუკი ვინმე გამოავლენს სხვაგვარ თვისებას, სახეს განსხვავებულს იმისგან, რომელიც ეკლესიის თავისგან არის დამტკიცებული, ის რათქმა უნდა კარგავს კავშირს თავთან და ამის შემდეგ აღარ არის ეკლესიის წევრი”. (De Perf. Christ, forma, ტ. III. Col 273 Cd).
ეპისკოპოსი ეკლესიაში არის თვალნი სძალისა (ეკლესიისა), რომელიც შეიყვარა სიძემ (ქრისტემ). “თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა, მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა” (ქება. 5; 12). წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს რა ამ ადგილს ამბობს: “რა არის ჩვენს სხეულში თვალებზე უძვირფასესი? ისინი აღიქვამენ სინათლეს, ისინი არიან მასწავლელნი და გზამკვლეველნი უცოდველ სვლაში. ეკლესიის ხეულში თვალის ადგილას ეპისკოპოსია დადგინებული. სწორედ ისინი ჭვრეტენ მზეს სიმართლისა. თვალის საქმე მტრისა და მოყვასის გარჩევაა” (Св. Григорий Нисский. “Изъяснение Песни песней Соломона”, 1999. ст. 219-220).
“როგორც ჩვეულებრივი ორგანიზმის მოძრაობისას თვალი გზას უყურებს და მთელს მოძრაობას ხელმძღვანელობს, ასევე ეკლესიის სხეულში თვალის ადგილას დადგენილი ეპისკოპოსი, უფხიზლესი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს ჭეშმარიტების ნათელს და სიბრძნით შეიყვანოს ეკლესიის ხომალდი ღვთის სასუფევლის მყუდრო ნავსადგურში” (წმ. გრიგოლ ნოსელი. “წერილი .17”).
ასე, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ღალატობს ჭეშმარიტებას, არღვევს მოციქულთა და წმიდა მამათა განწესებებს და სხვაგვარად ასწავლის ვიდრე ყოველთვის ასწავლიდა ეკლესია - კარგავს კავშირს ეკლესიის თავთან, ქრისტესთან და ყველა თავის მიმდევართან ერთად საღმრთო მადლის, მაცხოვნებელი წყაროს გარეშე რჩება. ამრიგად ჩვენ აღმოსავლეთს პატრიარქთა სწავლების მიხედვით: “არა საყდრის და ტიტულის მიხედვით ვმსჯელობთ მართლმადიდებლობაზე, არამედ - ს აღმრთო წერილთა, საკრებო განჩინებათა და ყველასთვის ქადაგებული სარწმუნოების, ე. ი. ეკლესიის უწყვეტი სწავლების, მართლაღმსარებლობის მიხედვით ვმსჯელობთ თვითონ საყდარზეც და მასზე მჯდომზეც”, რამეთუ მრავალი “სამოციქულო აღმსარებლობით როდი ამკობს თავის საყდარს, არამედ სამოციქულო საყდრით ცდილობს თავისი ღირსების დამტკიცებას”. (აღმოსავლეთის პანტრიარქთა მრგვლივ მოსავლელი ეპისტოლე”. 1848, თავი XI). ღირსი მამა ისიდორე პელუსიოტი წერს, რომ თუკი ეპისკოპოსი თავის მოავალეობას დაუდევრად ასრულებს ანუ არ არის ეკლესიაში სარწმუნოებისა და ზნეობის სიწმინდის ზედამხედველი, მაშინ მასთან ერთად მთელი ეკლესია დაისჯება. აი ფრაგმენტი მისი წერილიდან ეპისკოპოს ტრიბუნიანესადმი: “ეპისკოპოსმა თვით სახელიდან (“ეპისკოპოსი” - ბერძნული სიტყვიდან “ზედამხედველობა”) უნდა გულისხმაჰყოს თავისი მოვალეობა. იგი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალ-ყურს შენიღბული და უხილავი მხეცების თავდასხმებს, ეკლესიის წევრთა უდარდელობას, ბერ-მონაზონთა უდებებასა და სიზარმაცეს, უსამართლო კაცთაგან ძალადობას, ქვრივთა მიმართ უყურადღებობას, ობოლთა სიღატაკეს, საკურთხევლის მსახურთა საეჭვო საქმიანობას, ჭაბუკთა უსაქციელობს, მოხუცთა ბოროტ განზრახვებს - ერთი სიტყვით უნდა იყოს თვალი რომელიც ყველაფერს ამჩნევს, ყველაფერს ხედავს, და რომელსაც არაფერი არ გამოეპარება. მაგრამ თუკი ეპისკოპოსი დაუდევრობით სიფხიზლეს კარგავს მასთან ერთად მთელი ეკლესია ისჯება”. (Преп. Исидор Пелусиот. “Письма”, т. стр. 74).
და განა თანამედროვე ეპისკოპოსებსა და პატრიარქებს არ ეხებათ უფლის სიტყვები? - “აჰა სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ. მოუძლურებული არ განაძლიერეთ, და სნეული არ განამრთელეთ და ცთომილი არ მოაქციეთ და წარწყმედული არ მოიძიეთ, ...და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი არყოფისათვის მწყემსთასა და იქმნეს დასაჭმელ ყოველთა მხეცთა ველისათა, და განითესნეს. ... და გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი ხელთაგან მათთა და დავაცალნე იგინი არმწყსად ცხოვართა ჩემთა; და არა მწყსიდენ მათ მერმე მწყემსნი, და გამოვიხსნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, რათა არა იყვნენ მათდა შესაჭმელ”. (იეზეკ. 34; 3-5, 10).
კითხვაზე თუ რატომ არის მათი ეკლესია მაცხოვნებელი ოფიციალურ საპატრიარქოთა წარმომადგენლები ხშირად პასუხობენ: “მთავარი ჩვენს ეკლესიაში არის ის, რომ იგი არის “სწორედ ის”. მაგრამ რომელი მოციქული თუ წმიდა მამა ამბობდა, რომ ეკლესიაში არა დოგმატებისა და კანონების დაცვაა საჭირო, არამედ რაღაც, სწორედ “იგივეობა”, ანუ ფორმალური ისტორიული იდენტურობა? სად და როდის აღგვითქვა უფალმა რომელიმე განსაზღვრული იურისდიქციის შენარჩუნება საუკუნეთა აღსასრულამდე? ამგვარი აღთქმა უფალს არ მიუცია არც რომის, არც საბერძნეთის, არც რუსეთის, არც სხვა რომელიმე ეკლესიისთვის. “აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათე. 16; 18). “აღვაშენო ამას კლდესა ზედა” - სარწმუნოების ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე. სარწმუნოების სიწმინდის დაცვის გარეშე საეკლესიო ორგანიზაცია არის არა ქრისტეს ეკლესია, არამედ “საკრებულო ფარისეველთა და მზაკვართა”, რომელნიც დასხდნენ “მოსეს საყდარზე”, მაგრამ თხზავენ რაღაც უცხო რწმენას, რომელთა შესახებაც მოციქული იტყვის: “დაღაცათუ ჩვენ, გინა თუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი - იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ” (გალ. 1; 8). “ბჭეთა ჯოჯოხეთისათა სიტყვა ღმრთისა უწოდებს უღმერთოთა მიერ ქრისტიანთა წამებას და მწვალებელთა ღვთისმგმობელობას, რამეთუ ყოველივე ამას ეკლესია ღმრთისა წინ აღუდგება, არ ემორჩილება რა უღმრთოებს და ებრძვის რა ერეტიკოსებს”. (Св. Исидор Пелусиот. "Письма". т. I. стр. 107).
თუ როგორ არ ემორჩილებოდა ღმრთისმბრძოლ ათეისტებს, როგორ არ ემორჩილება “ახალი მსოფლიო წესრიგის” არქიტექტორებს და როგორი შეუპოვრობით ებრძვის მწვალებლებს - ოფიციალურ საპატრიარქოთა ერთობა, საყოველთაოდაა ცნობილი. და მაინც რამდენიმე მაგალითი თვალსაჩინოებისათვის: “თქვენ სიჭაბუკითგანვე არა ცანით ძილი თვალთა, რული წამთა და განსვენება ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლთა მოსასპობად. ამისთვის მადიერმა ერმა დაგსვათ ძლიერთა თვისთა შორის და შეგმოსათ დაუჭკნობელი დიდებით” (ი. სტალინს, 1939 წ. პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე). “კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამისი ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებულ სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან” (ი. სტალინს, 1948 წ. კალისტრატე ცინცაძე). (ს. ვარდოსანიძე “საქ. მართლმად. სამოციქ. ეკლესია 1917-1952 წ.”, გვ. 186-189).
ეს წერილები მიწერილია მაშინ, როდესაც ი. სტალინის ბრძანებით უკვე დახვრეტილია და საკონცენტრაციო ბანაკებში მოწყვეტილია 200-ზე მეტი ეპისკოპოსი, ათი ათასობით მღვდელი და ბერ-მონაზონი, ასი ათასობით ქრისტიანი. სწორედ ამ პერიოდში ოთხჯერ მიიღო შრომის წითელი დროშის ორდენი ათეისტური ხელისუფლებისაგან მოსკოვის პატრიარქმა ალექსი I, რომელიც სტალინს “ღმრთივბოძებულ ბელადს” ეძახდა.
2001 წლის დეკემბერში ქ. ბრიუსელში, ევროკავშირის თავმჯდომარის და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ინიციატივით ჩატარდა რელიგიათაშგორისი კონფერენცია. ქრისტიანობის, ისლამის და იუდაიზმის სულიერი მამები შეთანხმდნენ კვლავაც გააგრძელონ მეთოდური თანამშრომლობა. ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი რომელშიც ვკითხულობთ: “ყველა რელიგია ვალდებულია შეასრულოს ურთიერთთანამშრომლობისა და პოლითეიზმის პირობები”. ხელმომწერთა შორის, რაბინების, ხოჯების, კარდინალების, პასტორების გვერდით საქართველოს პატრიარქის ილია II ხელმოწერაცაა. საინტერესოა, როგორ აპირებენ “მართლმადიდებელი” პატრიარქები პოლითეიზმის (მრავალღმერთიანობის) პირობათა შესრულებას. თუმცა რა გასაკვირია, განა ილია II-ს არ ეკუთვნის ეს გამონათქვამები? - “სამყარო საჭიროებს ახალ ეთიკას (ზნეობრივი მოძღვრება, მცნებები. ავტ.),... მე ვფიქრობ ირანისა და საქართველოს რელიგიური ლიდერები და სულიერი მოღვაწენი მზად არიან, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ რელიგიურ განსხვავებათა მიუხედავად, შეგვწევს ურთიერთპატივისცემის უნარი” (“საქ. რესპუბლიკა”, 3 ივლისი, 2001 წ.). “იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ვფიქრობთ ადგილის გამოყოფას იუდეველთა ლოცვებისათვის. ეს კიდევ უფრო შეეწევა ჩვენს ერთობას” ("Молодежь Грузии", 16.03.90 წ.). “ჩვენ (ბუდისტები და ქრისტიანები) ვეკუთვნით ორ დიდ რელიგიას და თავისთავად უკვე ეს გვაახლოებს. ჩვენს ხალხს ძალიან აინტერესებს ბუდისტების ცხოვრება; ვსწავლობთ და მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენს შორის ბევრი რამ არის ისეთი, რაც გვაერთიანებს: პირველ ყოვლისა, ჩვენი რელიგიების მოვალეობა და დანიშნულება. ქრისტიანობაც და ბუდიზმიც კაცობრიობის სულიერ განვითარებას ემსახურებიან. მე დიდ ყურადღებას ვაქცევ ბუდისტურ მხატვრობას. მოსკოვში ამ რამდენიმე ხნის წინ შევიძინე ბუდას გამოსახულება” (“ჯვარი ვაზისა”, N 2, 1986 წ. გვ. 60-61). სხვათა შორის ბუდიზმი ნამდვილად პასუხობს პოლითეიზმის მოთხოვნებს, ამ მიმდინარეობაში ყველა მოვლენას თავის “ღმერთი” ჰყავს, რითაც ძალიან წააგავს წარმართულ (ბერძნულ თუ რომაულ) პოლითეიზმს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ წმინდანად შერაცხილი მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი (+1961 წ.), თავის თხზულებებში აშკარად ქადაგებს ბუდიზმისა და ინდუიზმისთვის დამახასიათებელ პანთეიზმს, ოკულტიზმს, მცენარეთა, ცხოველა, პლანეტათა “სულებში” სული წმიდის სუნთქვის არსებობას, სხეულის მიმართ სიძულვილს, როგორც ბოროტი საწყისისა, სპირიტიზმს. იგი ათანაბრებს მედიუმებისა (ექსტრასენსების) ტრანსცენედენტალურ შესაძლებლობებს სული წმიდის ნიჭებთან. მაგ. იგი წერს: “უტყუარი ფაქტებია, რომ მედიუმებზე (ექსტრასენსებზე) დაკვირვებების შემდეუ დადგინდა - მედიუმისგან, რომელიც ტრანსში იმყოფება გამოიყოფა მამოძრავებელი ძალა. ამით აიხსნება სპირიტუალური ფრენები სხვადასხვა საგანთა, კაკუნები, ავტომატური მოქმედებანი, მძიმე საგანთა გადაადგილება - რის შემდეგაც მედიუმი დაღლილობას გრძნობებს, რადგან მისი კუნთებიდან გავიდა ენერგია. უფალი იესო ქრისტე ასევე გრძნობდა რომ მისგან გავიდა ძალა, როდესაც განიკურნა სისხლმდინარე დედაკაცი. ეს ერთი და იმავე დონისა და წესრიგის ფაქტებია (!) - ტრანსცენდენტალური წესრიგის ფაქტები”. ("Дух, душа, тело". Арх. Лука,гл. 7). საინტერესოა სიტყვა, რომელიც არქ. ლუკამ მოსკოვის პატრიარქის ალექსი პირველისთვის შრომის წითელი დროშის ორდენის გადაცემის ცერემონიალზე წარმოსთქვა: “ჩვენ ყველამ ვიცით თუ რაოდენ დიდია პატრიარქის აქტივობა გააერთიანოს მართლმადიდებელი ეკლესია სომხურ და ანგლიკანურ ეკლესიებთან. ...როგორია ჩვენი ნამდვილი დამოკიდებულება ჩვენს ხელისუფლებასთან? პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ჩვენ რუსული სამღვდელოება სრულ მშვიდობაში ვცხოვრობთ ჩვენ მთავრობასთან, რომელმაც სრული თავისუფლება უბოძა ეკლესიას და არ ერევა მის შინაურ საქმეებში”. ("Ж.М.П.", 1952, N 12).
ესეც ნიშანდობლივია, რომ ასეთი შეხედულებების ეპისკოპოსის კანონიზაცია ხდება, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მალე თავად სტალინს შერაცხავენ წმიდანად, როგორც კეთილმრწმუნე იმპერატორს.
“საქართველოს ეკლესია მთლიანად უჭერს მხარს სსრკ მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურს - ასეთ დეპეშას ვაგზავნიდით ყოველთვის საახალწლოდ კრემლში” (პატრიარქ ილია II საიუბილეო გამოსვლა ოპერის და ბალეტის თეატრში. 1997 წ.) ამ “საშინაო პოლიტიკური კურსის” ამოსავალი იდეა მებრძოლი ათეიზმი იყო - სატანური რელიგიის ნაირსახეობა, თავისი რიტუალებით. ამ “საშინაო კურსის” შედეგი იყო ათი ათასობით ქრისტიანის წამება და სიკვდილი, ხოლო, ცოცხლად გადარჩენილთა დასახიჩრებული სულები.
ღმერთის მტრებთან შეხმატკილებულ ერთობაში მყოფი პატრიარქები და ეპისკოპოსები ისეთივე განდგომილნი არიან, როგორნიც იყვნენ პირველ საუკუნეებში ლიბელატიკები. ისინი მართალია საჯაროდ არ გმობდნენ ქრისტეს არც მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს, მაგრამ როგორღაც ახერხებდნენ წარმართი ქურუმებისაგან ცრუ საბუთის მიღებას, თითქოს ისინი თანხმობაში არიან წარმართულ რელიგიასთან. ამგვარი საბუთი ლიბელლატიკებს იცავდა ქრისტიანთა დევნის ჟამს, მაგრამ ეკლესია მათ მიმართ მეტად მკაცრი იყო, ისინი განიკვეთებოდნენ, და ზიარებაზე მხოლოდ თხუთმეტი წლის სინანულის შემდეგ დაიშვებოდნენ, როგორც ერისკაცნი. წმ. დიონისე ალექსანდრიელისა და წმ. კვიპრიანე კართაგენელის მოწმობით, იმპერატორ დეკიუსის დროს მიმდინარე ქრისტიანთა დევნის დროს, მრავალი ქრისტიანი უარყოფდა ქრისტეს. დაცემულნი სხვადასხვა სახის იყვნენ: საკრიფიკატები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს ანდა იმპერატორთა ქანდაკებებს თუ აკლდამებს; ფურიფიკატები, რომლებიც საკმეველს ანდა ყვავილებს მიიტანდნენ საკერპოში და ლიბელლატიკები, რომლებიც მოსყიდვით ანდა სხვა რაიმე საშუალებით მოიპოვებდნენ საბუთს (ბილეთს) იმის შესახებ, რომ მათ უკვე შესრულებული აქვთ წარმართული მსხვერპლშეწირვა. ამგვარი ბილეთებით მფლობელთ ეძახდნენ ლიბელლატიკებს. 251 წელს კართაგენში შეიკრიბა აფრიკის ეპისკოპოსთა კრება, რომელზედაც გადაწყდა დაცემულთა კვლავ მიღება ეკლესიაში სინანულის შემთხვევაში მხოლოდ 15 წლის შემდეგ, ხოლო სამღვდელოებისა და ეპისკოპატისა მხოლოდ ერისკაცების სტატუსით. ამ მხრივ ლიბერალური იყო რომის პაპი კალისტე, რომელიც ამბობდა ეპისკოპოსმა რომც შესცოდოს მომაკვდინებელი ცოდვით მას მაინც უნდა შეუნარჩუნდეს მისი ხარისხიო. ამ შეხედულებათა გამო მას მკაცრად ამხელდა წმ. იპოლიტე რომაელი, რომელმაც გაწყვიტა პაპთან ლოცვითი კავშირი. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ესპანელთა მიმართ წერს: “რომის ეპისკოპოსმა კორნელიუსმა ჩვენთან ერთად და ყველა ეპისკოპოსთან ერთად დაადგინა, რომ ისეთები როგორნიც არიან ვასილიდი და მარციალი (ეპისკოპოსები, რომლებმაც თავი შეიბილწეს კერპთა მიმართ მსხვერპლშეწირვის ბარათებით ანუ ლიბელატიკობით) - სინანულით დაიშვებიან ეკლესიაში, მაგრამ სამღვდელო პატივისა და წოდების აყრით”. (Св. Киприан Карфагенский. "Творения", 1999 г. Писмо 56, стр. 604-605).
რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენ დროში? მართლმადიდებლური მოძღვრების თანამედროვე დამამახინჯებლებმა დიდი შრომა გასწიეს, რათა იერარქიის საკითხი ეკლესიის ერთიანობის პრობლემასთან გაეიგივებინათ. პაპისტებმა დიდი ხანია მონახეს საკითხის მარტივი გადაწყვეტა: ვინც აღიარებს პაპის ხელისუფლებას - ის ეკლესიაშია. სამწუხაროდ მართლმადიდებლებსაც იგივე დოქტრინა მოახვიეს თავს: ვინც აღიარებს პატრიარქს და სინოდს, ის ეკლესიაშია, ხოლო ვინც ბრმად არ მიჰყვება მათ და ემიჯნება სიახლეს - უკვე ეკლესიის გარეთაა და სქიზმატიკოსია. რამდენი ათასი ადამიანი დაწვეს ევროპაში მარტო იმის გამო, რომ პაპის ხელისუფლებას არ აღიარებდნენ. თქვენც ინკვიზიტორთა გზას დაადექით ეკუმენისტებო? მაშ რითი ავხსნათ თქვენს მიერ წარმოებული დევნა ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისა წმიდა მიწაზე, ათონის მთაზე, რუსეთში, საქართველოში, ან როდის იყო მართლმადიდებლები კონკორდატებს დებდნენ თანაც ამგვარი სამარცხვინო მუხლით: “პატრიარქი ხელშეუვალია”. ნუთუ გგონიათ, რომ კონკორდატი დაგიცავთ ღმრთის სამსჯავროზე.
ამასთან დაკავშირებით სავსებით კანონზომიერი და ლოგიკურია საპატრიარქოს მიერ (ქუთაისის მიტრ. კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით) გადაღებული ფილმები. ერთი მათგანი სახელმწიფო ტელევიზიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხჯერ აჩვენა. ამ ფილმში მოუწოდებენ მორწმუნეებსაც და ურწმუნოებსაც (?) პატრიარქის მორჩილებისაკენ, ხალხს მთელი ფული და ქონება საპატრიარქოში მიაქვს, პატრიარქი ამ ფულით ყიდულობს საჭმელს და აპურებს ხალხს. შემდეგ კი კადრში მოჩანს პატრიარქი ილია II, თანდათან ქრება მისი თავი და თავის ადგილას დგება მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხატი. ტანი პატრიარქისაა ხოლო თავის ადგილას ქრისტეა გამოსახული. კომენტარი არქ. რაფაელისთვის მიგვინდია.
რას გვირჩევთ დავემორჩილოთ ასეთ ეპისკოპოსებს? მათ უკვე ყველა რომის პაპს აჯობეს და მშვიდად დაიკავეს ქრისტეს ადგილი ამქვეყნად. და ამას ეძახით, თქვენი სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "Православие сердца"-ს, რომელსაც “გარეგნულ კანონთა მართლმადიდებლობის” (არქ. რაფაელის გამოთქმა) მაგიერად გვთავაზობთ; მაგრამ როდის გახდა საეკლესიო კანონები გარეგნული? განა ისინი მოციქულებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა არ დაგვიტოვეს? ან იქნებ თქვენი გული ისე აავსო ეკუმენისტ-ლიბელატიკ ეპისკოპოსთა სიყვარულმა, რომ წმიდა მამებზე აღმატებული სიყვარული მოიპოვეთ?
“სწრაფად ძლიერ, სწრაფად გაიქროლებს ამქვეყნიური ცხოვრება! - ყველას მოუწევს სიტყვა-გება თავისი ცხოვრების, საქმეების, აზრთა წყობისა და გრძნობების გამო” (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე).
“ამქვეყნიური ეკლესია კი ზეციურის მსგავსად, ანგელოსთა დასთა მიბაძვით მკაცრად იცავს საღმრთო იერარქიასა და საღმრთო კანონებს. ისინი კი, ვინც გადაიხრება საღმრთო განწესებათაგან და ცხოვრებას კადნიერი თვითნებობით გაატარებს, ღმრთისაგან მოკვეთილნი და განშორებულნი ბრწყინვალე ზეციურ მემკვიდრეობას მოკლებულნი, კათოლიკე სამოციქულო ეკლესიიდან განკვეთილნი და გეენიის ცეცხლში განწესებულნი არიან. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი ხვედრი დაიმკვიდრეს დემონებმა და მწვალებლებმა, რომელთაც ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო საღმრთო კრებულიდან განკვეთა დაიმსახურეს” (წმ. კალისტე და წმ. ეგნატე. “მდუმარებისა და ლოცვის შესახებ”).
მაშ ვის დაუჯეროთ მამა რაფაელ? მოსკოვის პატრიარქ ალექსი II-ის, რომლის ლოცვა-კურთხევითაც არის გამოცემული თქვენი წიგნი და რომელიც სინაგოგაში იუდეველ რაბინებს კი არ ამხილებს, არამედ ასეთი სიტყვებით მიმართავს: “ჩვენ ვაღიარებთ ერთსა და იმავე მამა ღმერთს. თქვენი სჯული ჩვენი სჯულია, თქვენი წინასწარმეტყველები ჩვენი წინასწარმეტყველები. ...ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ახალ საზოგადოებას ავაშენებთ, სადაც ებრაელები იცხოვრებენ შემოქმედებით თანამშრომლობასა და ძმობაში ერთი ღმერთის შვილებთან, რომელიც არის მამა ყოველთა, ღმერთი მამათა თქვენთა და ღმერთი მამათა ჩვენთა” ("Речь патриарха Алексия II-го к Раввинам г. Нью-Йорка, 13.11.1991 г.", Москва, 1992), თუ მოციქულებსა და წმიდა მამებს, რომლებიც იუდეველებს ღმრთისმკვლელებს ეძახდნენ.
ვის დაუჯეროთ? ალექსანდრიის პატრიარქ პეტრეს, რომელიც პრაქტიკაში ნერგავს ჟენევაში 1990 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს მონოფიზიტთა მიმართ ანათემათა მოხსნისა და მათთან სრული თანაზიარების აღდგენის შესახებ და რომელიც აცხადებს: “ჩვენ ახლა სრულიად გავაცნობიერეთ, რომ ორივე ოჯახი, ეკლესია (მონოფიზიტური და მართლმადიდებლური) ყოველთვის ერთნაირი ერთგულებით ინახავდა ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ქრისტოლოგიურ სარწმუნოებას და სამოციქულო ტრადიციის უწყვეტ მემკვიდრეობას. მიღწეულია შეთანხმება ორივე ეკლესიის ნათლობის საიდუმლოს აღიარების შესახებ. ორი საპატრიარქოს (კოპტთა მონოფიზიტური და ალექსანდრიის) წმინდა სინოდი შეთანხმდა რომ აღიარონ ორივე ეკლესიაში შესრულებული ჯვრისწერის საიდუმლო. ორივე საპატრიარქო ასევე აღიარებს ერთი-მეორის ყველა იმ საიდუმლოს, რომელშიც მონაწილეობას იღებს შერეული ჯვარდაწერილი წყვილი”. (“Pastorial Agreemenrt Between The Coptic Orthodox Church and the Greek Orthodox Patriarchate of Alexandria and all Africa.” Cairo in 05.04.2001), თუ ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების წმიდა მამებს, რომლებმაც ანათემას გადასცეს მონოფიზიტები, მათ შორის ევტიქი, დიოსკორე, იაკობი და სხვები, რომლებიც კოპტებს წმიდანებად ჰყავთ შერაცხილი.
იქნებ ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე უნდა იყოს მართლმადიდებელთათვის ავტორიტეტი, რომელმაც სრული ერთობა და თანაზიარება გამოაცხადა სირიელ მონოფიზიტებთან (იაკობიტები) (Curier Oekumenique du Mozen Orrient”. 16.01.1992). ან იქნებ მისი შეხედულებები უნდა გავიზიაროთ? - “ინდოეთი და ბუდიზმი მოწმობენ სამყაროზე, როგორც ღმერთის გამოცხადებაზე. იუდაიზმი და ისლამი ამუხრუჭებენ სიკვდილის პულსაციას. სხვა კონფესიათა ეკლესიურობის უარყოფა, სხვა რელიგიებში ღმერთთან რეალური კავშირის არ აღიარება, ათეიზმის დემონიზაცია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მზაკვრობის, ბოროტი განზრახვის ნიშანია” ("Ж.М.П.”, 1989. N12). - აი ეს კი ნამდვილად პოლითეიზმია!
იქნებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეა მართლმკვეთელი, როდესაც აცხადებს: “დოგმატური განსხვავებები, რომლებიც მართლმადიდებლობაა და კათოლიციზმს ყოფენ, მხოლოდ სამარცხვინო კედლებია”. ანდა “მართლმადიდებლობა და რომის კათოლიციზმი ქრისტეს სხეულის ორი ფილტვია” (“The Othodox Church", 1993, N 2). როდის მივბაძოთ მას როცა პროტესტანტებს “შერიგების ბარძიმს” ჩუქნის თუ როდესაც ურცხვათ აზიარებს მწვალებლებს?
იგივე შეხედულებები ჰქონდა საქ. საპატრიარქოს მიერ 1995 წელს წმიდანად შერაცხილ არქ. გრიგოლ ფერაძეს: “ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. დადგება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომელზეც ვერ ვიტყვით - “ისიც არსებობს”, რამეთუ ნამდვილად არსებობს და თავის მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს. ...ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა” (ჟურნ. “რელიგია”, 1882, N 6, გვ. 94).
განა თქვენ არ წერდით მამა რაფაელ: “მთელი საეკლესიო კანონიკის საფუძველზე ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლების ზიარება ერეტიკოსებთან ერთად დაუშვებელია. საიდუმლოებების ერეტიკოსებთან გაზიარება მწვალებლობის შეცდომების მისტიკური გაზიარებაა” (“გამოწვევა მოდერნიზმს”, გვ. 35).
რა ვქნათ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვხედავთ ვიდეო ჩანაწერებზე თუ როგორ აზიარებენ ეკუმენისტი იერარქები მწვალებლებს ჩვენც გავიზიაროთ მათთან ერთად ერეტიკოსთა მკრეხელური დოგმატები? მაგრამ ეს ხომ მათი მარადიული ხვედრის, ჯოჯოხეთის გაზიარება იქნება.
ასე რომ ყველამ თვითონ გააკეთოს არჩევანი, რომელ მხარეს დადგება თანამედროვე ეკუმენისტი და ლათინოფილი პატრიარქების თუ წმ. გრიგოლ პალამას, წმ. მარკოზ ეფესელის, წმ. სვიმეონ თესალონიკელის, ათონის მთავზე ლათინთაგან მოწყვეტილი აღმსარებელი ბერების მხარეს.
მართლმადიდებლობის მოღალატეების - მელეტი მეტაქსაკისიის, ათინაგორას, დიმიტრიოსის, პართენიოსის თუ ჯვაროსნების მიერ მოკლული იერუსალიმისა და ანტიოქიის აღმსარებელი პატრიარქების მხარეს.
გავიხსენოთ წმ. იოანე მოსხის “ლიმონარში” ამბა სტეფანეს მიერ მოთხრობილი ამბავი, როდესაც ის არ ეზიარებოდა, რადგანაც მონასტერში (უძლურების გამო ვერ მოდიოდა სხვაგან) წირვის დროს უსჯულო მეფეს კონსტანტინეს იხსენიებდნენ. ამბა სტეფანეს ყოვლაწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა, თავად მისცა საზიარებლად სიწმიდე და უთხრა: “მიიხვენ ესენი და ნუ გულსა გაკლს, არამედ იხილე და ნუ ვის აზიარებ ამისგან, რომელნი ახსენებენ სახელსა მას, და რომელი ეზიაროს მათ თანა, იგი ეშმაკთა თანა ეზიარების” (წმ. იოანე მოსხი “ლიმონარი”, 1960 წ. გვ. 98). გეკითხებით მამა რაფაელ თუკი უსჯულო მეფის სახელის ხსენების გამო აუკრძალა ღმრთისმშობელმა ბერს ზიარება, ვისთან ერთად ეზიარებიან მწვალებელ პატრიარქთა ვრცელი სიის მოხსენიების შემდეგ მაზიერებელნი ანდა მწვალებელთა მაზიარებელ პატრიარქთა სახელების მომხსენებელნი?
კიდევ ერთი მაგალითი საღმრთო გარდამოცემიდან. წმ. იოანიკე დიდის ცხოვრებაში აღწერილია ერთი საგულისხმო დიალოგი. ჭაბუკ იოანიკეს შეხვდება ბერი, რომელიც დევნილი იყო ხატმბრძოლთაგან და სოფლიდან სოფელში გადადიოდა. ბერს მოეწონა იოანიკე მისი კეთილგონიერების და მოკრძალებულობის გამო, და ასე მიმართა: “კარგია, რომ ასეთ მოღვაწეობას ეწევი, მაგრამ შენ მწვალებელი ხარ და მთელი შენი ღვაწლი სათნოებათა მოპოვების საქმეში ამაოა, რადგანაც შენ არა გაქვს მართალი სარწმუნოება”. იოანიკესთვის ეს სიტყვები მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა: “ეს როგორ - რატომ ვარ მწვალებელი?” ბერმა მას აუხსნა, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ის დადის ტაძარში, სადაც იხსენიებენ მწვალებელი პატრიარქის სახელს, ის უკვე აღარ არის ქრისტეს ეკლესიის წევრი და შესაბამისად მწვალებელია, იმის მიუხედავად, რომ ეს უცოდინარობით მოსდის.
იგივე შეიძლება ითქვას იმათ შესახებაც ვინც დადის იმ ტაძრებში, სადაც ეკუმენიზმის მწვალებლობაა გავრცელებული. იმიტომ რომ, სამწუხაროდ თანამედროვე მსოფლიოში იმ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს სწორედ იმ ტაძრებში ლოცულობს, სადაც მსახურება გარეგნულად მართლმადიდებლურია, მაგრამ არის ერთი “მაგრამ”, რომელიც ყველაფერს ამას ხაზს გადაუსვამს და შლის - ეს არის ეკუმენიზმის ერესი. და თუკი პატრიარქები და ეპისკოპოსები მწვალებლებთან - კათოლიკებთან, მონოფიზიტებთან, პროტესტანტებთან და ა. შ. - ერთად ლოცულობენ, მხოლოდ აქედან უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათთან ერთობაში მყოფი ადამიანები, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ისინი სავსებით პატიოსანი და სათნოებათათვის მოღვაწენი იყვნენ, აღარ არიან ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის თანაზიარნი. რადგანაც მართლმადიდებლური სწავლება მწვალებლობისაგან განშორების შესახებ გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ გონებაში არ ვეთანხმებოდეთ ერესს, არამედ იმასაც, რომ არ გვქონდეს ერთობა იმ ეპისკოპოსებთან, რომლებიც ამ მწვალებლობას სიტყვითა და საქმით ქადაგებენ. როგორ შევძლებთ საშინელ სამსჯავროზე წმიდა მამების გვერდით დადგომას, თუ სიცოცხლეში ერთობა გვქონდა იმათთან, ვინც არა მხოლოდ დაუდევრად, უყურადღებოდ ეპყრობოდა მათ სწავლებას ან უბრალოდ არ სურდა მისი ცოდნა, არამედ შეგნებულად მიდიოდა საეკლესიო გარდამოცემის დამახინჯებამდე? ხოლო თუ ვინმე ფიქრობს უმეცრებით თავის მართლებას წმ. იოანე კიბისაღმწერელის სიტყვები მოისმინოს: “თავს ნუ იმართლებ არცოდნით; რადგან ის ვინც არ იცოდა, და ჰყო ღირსი სასჯელისა, იგვემება იმიტომ, რომ არ გაიგო”. უფალი განსჯის იმის მიხედვით, თუ რატომ იყო ადამიანი “არ მცოდნე” - იმიტომ, რომ არ შეეძლო, თუ იმიტომ, რომ არ სურდა, არ მიესწრაფვოდა; და ბოლოს იმიტომ, რომ არ ცოდნა მისთვის მოსახერხებელი იყო. ნუ დაგვავიწყდება “ეკლესიის წინამძღოლის - ეპისკოპოსის მიხედვით ცხონდება ან ხიფათში ვარდება მთელი ეკლესია” (წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი, წერილი N 34).
“ნაღვლიანია ჩემი მზერა, მიუხედავად ხალხმრავლობისა, მხოლოდ უდაბნო მოჩანს, ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც ოდნავ მაინც ნუგეშს მომგვრიდა! ყველამ ამაო, უგუნური, ხრწნადი, დროებითი სურვილები შეიყვარა! მხოლოდ სისხლი და ხორცი, რომელშიც მარადიული სიკვდილი ჩასახლებულა! ვიწროა ცხონების გზა, იგი თავგანწირვას მოითხოვს! სამაგიეროდ ფართოა გზა წარსაწყმედელისა, მაგრამ ხალხმრავლობის გამო აქაც დიდი სივიწროვეა, ვჩქარობთ ამ აურზაურსა და ჭყლეტვაში, ერთმანეთს ხელს ვკრავთ ისედაც უკვე სავსე ჯოჯოხეთის უფსკრულში! ამის შემხედვარე სული წმიდა, სული ჭეშმარიტებისა ეძებს ადამიანთა შორის ღირსეულ ჭურჭელს, რათა დაემკვიდროს მასში, მაგრამ ამაოდ, “რამეთუ მოაკლდა წმიდა” (ფს. 11; 2), ამიტომაც იმ საკრებულოს მიმართ, რომელიც თავის თავს ბრძენსა და მართლმადიდებელს უწოდებს გაისმის საღმრთო სულის საშინელი განაჩენი: “არა ვინ-არ გულისხმის მყოფელ; არა ვინ არს გამომეძიებელ ღმრთისა, ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნეს; არა ვინ-არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოება, არა ვინ-არს მიერთადმდე. სამარეზე აღებულ არს ხორხი მათი? ენითა მათითა ზაკვიდეს; გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერხნი მათნი დათხევად სისხლისა; შემუსვრა და უბადრუკება არს გზათა მათთა” - აი მიზეზები, რომელთა გამოც სული წმიდა, სული ჭეშმარიტებისა უცხო გვექმნება”. - ეს სიტყვები ასორმოცდაათი წლის წინაა დაწერილი იმ კაცის მიერ ვისაც ნამდვილად უნდოდა ცხოვნება, ვინც ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ ამბობდა: “აღარ არიან სულიერი მოძღვარნი, რომელნიც უცთომელად მიგვითითებენ ცხონების გზაზე... მწყემსმთავრებში ჭეშმარიტების მხოლოდ სუსტი, ბუნდოვანი, არასწორი ცოდნა და აღიარება შემორჩა. ჩვენს დროში მრავალი კადნიერდება და სული წმიდის მიერ დადგენილ მოძღვრებაში საკუთარი სწავლებანი შემოაქვს. ამის გამო ზეციური განწესებანი მიწიერად იქცნენ, სულიერნი - ხორციელად, სიბრძნე - უგუნურებად. უბედურებათა დასაწყისი კი სულის წმიდის განგებულებათა ამპარტავნულ, ყოვლად დაუშვებელ უგულებელყოფასა და მოძულებაში, საკუთარი შეხედულებებით საღმრთო კანონთა შეცვლაში მდგომარეობს. აი მიზეზი საყოველთაო განდგომილებისა. ...ანტიქრისტეს მოსვლა იქნება ბუნებრივი შედეგი სულიერი ცოდნისა და განსჯის უნარის უკიდურესად შემცირებისა, მზაკვრობა და ფარისევლობა ჩვენი დროის განსაკუთრებით დამახასიათებელი ნიშანია. ადამიანებში მათი დანერგვითა და განვითარებით კაცობრიობა მზადდება ანტიქრისტეს უმტკივნეულოდ მისაღებად. “მარილი ძალას კარგავს” - ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ცრუ-ეკლესია გახდება”. (წმ. ეპისკ. ეგნატე. “წერილები ერისკაცთა მიმართ”).
ძალიან დიდი დრო გავიდა ამ სიტყვების დაწერიდან. რა შეიძლება ითქვას დღეს? ალბათ ის, რომ ყველაფერი ეს მთელი სისავსით შევიდა ძალაში და ტრაგიკულ რეალობად იქცა.
და ბოლოს, რა შეადგენს საეპისკოპოსო მსახურების არსს? დასკვნა VII მსოფლიო კრების წმ. მამებს მივანდოთ: “იმას, ვინც უნდა მიიღოს ხელდასხმა ეპისკოპოსად, ურყევი სიმტკიცე მოეთხოვება კანონთა დაცვაში... ჩვენი მღვდელმთავრობის არსს წარმოადგენენ ღმრთივ მოცემული სიტყვები ანუ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი ცოდნა, როგორც განაჩინა დიდმა დიონისემ, ხოლო თუ ვინმე ორგულობას გამოიჩენს და არ მოიწადინებს ასე მოქცევასა და სწავლას, ნუ იქნება იგი ხელდასხმული, ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: “შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორე შენ და არღარა მღვდელობდე ჩემდამი, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა” (ოსე. 4; 6). (VII მს. კრების, 2 კანონი). “სამღვდელო განწესებანი და წმინდა კანონები წარმოადგენენ დამოწმებასა და გზამკვლევს იმათთვის, ვინც სამღვდელო პატივის წილხვდომილია. მხიარულებით განვმტკიცდებით საღმრთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმიდა მსოფლიო კრებათა, ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს ის, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ, ვინც განკვეთეს ჩვენც განვკვეთთ, ვინც უზიარებელ ყვეს, უზიარებელ ვყოფთ, ვინც განაკანონეს, ჩვენც აგრეთვე განვაკანონებთ” (VII მს. კრების, 1 კანონი).
თუმცა ეკუმენისტები, რომლებმაც დააკანონეს კანონთა დარღვევა, იტყვიან ყოველივე ზემოთქმული ძალაშია მხოლოდ დოგმატურ განსაზღვრებებთან ანუ ოროსებთან და არა კანონებთან მიმართებაში. მაგრამ ამ ორ ტერმინს - ოროსსა და კანონს შორის არ არსებობს მკვეთრი გამიჯვნა: ოროსს ხშირად კანონს უწოდებენ და პირიქით. დიდი ბიზანტიელი კანონისტი ზონარა პირდაპირ მიუთითებს: “ოროსს უწოდებთ ნიმუშს და კანონს”. ცნობილი კანონისტი დ. პეტრაკაკოსი კი წერს: “ამაოდ დაიწყებს ვინმე ბუკვალური აზრის და გამიჯვნის ძიებას სიტყვებში “კანონი” და “ოროსი”, აგრეთვე “დოგმატი”, განსაკუთრებით პირველი ხუთი საუკუნის განმავლობაში”. ეს აზრი სამართლიანია, რადგანაც არსებობს მრავალი კანონი, რომლებსაც დოგმატური შინაარსი გააჩნია (მაგ. I მსოფლიო კრების 17, 18; IV მს. კრების 4, 10, 14. 20 და სხვა). ყველა საეკლესიო კანონს გააჩნია უმჭიდროესი კავშირი ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან და ამ მოძღვრების პრაქტიკულ განხორციელებას წარმოადგენს. “ქრისტიანული ეთიკა სხვა არაფერია, თუ არა გამოყენებითი დოგმატიკა, საეკლესიო კანონები კი სარწმუნოების დოგმატებია, რომელსაც ქრისტიანი ცხოვრებაში იყენებს”. (არქ. იუსტინე პოპოვიჩი). “ეკლესიის კანონები, რომლებიც მის ცხოვრებას ამქვეყნიურ ასპექტში წარმართავენ, განუყოფელნი არიან დოგმატებისაგან. კანონები იურიდიული სტატუტები როდია, ისინი ეკლესიის დოგმატთა თანადართული ნაწილია”. (ვლ. ლოსსკი). არ არსებობს ეკლესიაში ცალ-ცალკე თეორიული და პრაქტიკული საკითხები. სულიერ ცხოვრებაში პრაქტიკა განუყოფელია თეორიისაგან. ამ საკითხთა გამიჯვნა საეკლესიო ორგანიზმის გახლეჩვას და დიდ წინააღმდეგობებს იწვევს. ჩვენი დროის უმძიმესი ცოდვა ეკლესიაში არის ცხოვრებისა და დოგმატის, სიყვარულისა და სარწმუნოების, ეკლესიისა და ღვთისმეტყველების გაყოფა და გამიჯვნა.
“მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონებსა და განწესებებს ჩვენ ვღებულობთ, როგორც თვით წმიდა სახარებებს თანახმად VI მსოფლიო კრების 2 კანონისა და ნოველათა II ტიტულის 3 მუხლისა, სადაც ვკითხულობთ: “შვიდი მსოფლიო კრების კანონები და დოგმატები ისევე უნდა იქნას დაცული როგორც საღმრთო წერილი”. აქტდან ჩანს თუ რატომ ვღებულობთ და ვაღიარებთ წმიდა კრებათა კანონებს ისევე როგორც წმიდა წერილს, რადგანაც ისინი ღმერთშემოსილ მამათა მიერ არიან დამტკიცებულნი, რომელნიც ღმერთმა ეკლესიაში მასწავლებლებად დაადგინა ისევე, როგორც მოციქულები და წინასწარმეტყველები (1 კორ. 12; 28). მათ მიერ დადგენილი კანონები ღმრთივშთაგონებულნი არიან, ვითარცა საღმრთო წერილი ისინი არიან “სანთელნი მთებარენი ადგილსა შინა წყვდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს” (2. პეტრე. 1; 19). რამეთუ სული წმიდა, რომელიც მოციქულთა მიერ მეტყველებდა, ასევე მეტყველებს ღმერთშემოსილ მამათა მიერ” (“აღმოსავლეთის პატრიარქთა პასუხები ანგლიკანთა შეკითხვებზე”. 1716-1725 წ.)
სახელგანთქმული კანონისტი ნიკოდიმოს მთაწმიდელი წერს: “ეს წიგნი (პიდალიონი - “დიდი სჯულის კანონი”) არის ღმრთაებრივი წერილი წმიდა წერილის შემდეგ, აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ. ეს წიგნი არის მარადიული საზღვრები, რომლებიც ჩვენმა მამებმა დაგვიწესეს, კანონები, რომლებიც მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა სულ წმიდისაგან მიიღეს. ეს წიგნი ჭეშმარიტად საჭეა (“პიდალიონი” ნიშნავს საჭეს) კათოლიკე ეკლესიისა, რომლის მართვითაც ეკლესია თავის მეზღვაურებსა და მგზავრებს, ვგულისხმობყ სამღვდელოებასა და მრევლს, ცათა სასუფევლის მშვიდ ნავთსაყუდელში მიიყვანს”.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ეკუმენისტების თეორია, რომ საეკლესიო კანონთა დარღვევა ცოდვაა მაგრამ ეს არ მოქმედებს ეპისკოპატის და ეკლესიის მადლმოსილებაზე და მართლაღმსარებლობაზე ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას და არის ერესი, რადგანაც, როგორც წმ. თეოფანე დაყუდებული გვასწავლის ეკლესიის ორგანიზმში სასუნთქი გზები სწორედ საეკლესიო განწესებანი და კანონებია. შესაბამისად იქ სადაც კანონები ათწლეულების განმავლობაში რეგულარულად ირღვევა სუნთქვა სულსა წმიდისა, რომელიც არის სული ჭეშმარიტებისა, წყდება. ხოლო სხეული რომელიც არ სუნთქავს განწირულია.
ქრისტიანებმა მეტად მნიშვნელოვანია გაითავისონ, რომ ეკლესიის იერარქიული საფუძველი სულიერია და არა ადმინისტრაციული; მაშინ ისინი აღარ დაიტანჯებიან ევროპელებივით, რომლებიც ბრმად მიჰყვებოდნენ პაპს ყველანაირ ცდომილებაში. მათ ეგონათ, რომ თუ პაპს არ დაუჯერებდნენ, ავტომატურად ეკლესიის გარეთ აღმოჩნდებოდნენ (როგორ წააგავს ყოველივე ეს საპატრიარქოს მრევლის დღევანდელ აზროვნებას). ისტორიული დამსახურებანი ვერანაირად ვერ გაამართლებენ კაპიტულანტური მეგობრობის ძიებას მწვალებლებთან. ერთ დროს რომსაც ეჭირა უპირველესი ადგილი საქრისტიანოში, მაგრამ ეს ფაქტი ვერ აიძულებდა ქრისტიანებს ერესის გზაზე გაჰყოლოდნენ მას. ადგილობრივ ეკლესიათა ევქარისტიულ ერთობას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ეს ერთობა სულზე და ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული ანუ როდესაც ადგილობრივი “ეკლესიები” რჩებიან ქრისტეს ეკლესიაში. მართლმადიდებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ ეპისკოპოსს, რომელიც სიტყვით და საქმით აღარაა მართლმადიდებელი, რაც არ უნდა ტიტულოვანი ტახტიც არ ჰქონდეს მას დაკავებული. მით უმეტეს, როდესაც ამგვარი ცრუეპისკოპოსნი ყველასათვის აშკარა შეთანხმებებზე მიდიან მწვალებლებთან, აღიარებენ რა მათ რიტუალებს მადლმოსილად, მათ დამახინჯებულ სარწმუნოებას კი სამოციქულო მოძღვრებად.
“მცირე სამწყსოს” კი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გაემიჯნა ეკუმენისტ პატრიარქებს, წმ. ბასილი დიდის სიტყვებით ვანუგეშებთ: “თუკი თქვენ იმის გამო ხართ დამწუხრებულნი, რომ სხვები დაეპატრონენ თქვენს ტაძრებსა და სამლოცველოებს, თქვენ კი ღია ცის ქვეშ სცემთ თაყვანს ცისა და ქვეყანას შემოქმედს; გაიხსენეთ თუ როგორ იყო უფლის თერთმეტი მოციქული ჩამწყვდეული ერთ ოთახში, ქრისტეს ჯვარმცმელნი კი იუდეურ მსახურებას აღასრულებდნენ ტაძარში. ნუ ცდუნდებით მწვალებელთა მზაკვრული საუბრებით, როდესაც მართალ სარწმუნოებას მიიწერენ. ისინი ქრისტიანები კი არა ქრისტესგამყიდველები არიან. როდესაც ჩაიფიქრეს საეკლესიო ხელისუფლების მოპოვება მყის ქრისტეს მტრებს მიეკედლნენ; ხოლო როდესაც განრისხებული ხალხი დაინახეს ვერაგულად მართლმადიდებლის ნიღაბი მოირგეს. არ ვცნობ ეპისკოპოსად და არც ქრისტეს მღვდლად ვაღიარებ მათ, ვინც შებილწული ხელებით არიან აყვანილნი მაღალ ტახტებზე სარწმუნოების გარდასაქცევად”. (Твор. Св. Василия Великого. т. III, стр. 295-296. "К Никополским пресвитерам", письмо N 232).
No comments:
Post a Comment