ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (2)

არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ


მღვდელი გელასი აროშვილი

ნაწილი მეორე - ეკლესია

“ძმანო, დავადგრეთ ეკლესიის გარდამოცემას, ნუ შევცვლით ჩვენი წმიდა მამების მიერ დადებულ საზღვრებს, ნუ დავუთმობთ ადგილს მათ, ვისაც სიახლეების შემოტანა და წმიდა, საღმრთო, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შენობის დანგრევა სურს, რადგანაც, თუ ყველა თავის ნებაზე მოიქცევა, ეკლესიის სხეული ნელ-ნელა დაირღვევა”.
(წმ. იოანე დამასკელი).

“და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათ. 16;18).

წმ. იოანე ოქროპირი: “და დააფუძნა ეკლესია კლდესა მას ზედა ჭეშმარიტისა აღსარებისასა, და ეკლესია კიდეთაგან ქუეყანისათა კიდედმდე მისა განჰმარტა და ბრძანა, ვითარმედ: “ცანი და ქვეყანა წარხდენ, და სიტყვანი ჩემნი არასადა წარხდენ” (მათ. 24,25). რა არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა? ...და კუალად, შეურყევლად დაცვა ეკლესიისა ბრძოლათა მათ შინა ყოვლისა სოფლისათა და აღსაარებასა მის მართლისა უძლეველად დამტკიცება”. (“თარგმანება მათეს სახარებისა”, წიგნი III, გვ. 84). “აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაი ესე მართლაღსარება, რომელი განგვიწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხვა საფუძველი ვერვის ხელეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხვასა საფუძველისა ხელ-ჰყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ, და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს”. (იქვე. გვ.490).

“აწ უკუე რომელმან აღაშენოს სახლი თვისი ამას კლდესა ზედა, რავდენმეღა თუ იყვნენ წვიმანი, და წარმოეცნენ მდინარენი, და ქროდენ ქარნი და ეკუეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს, რამეთუ დამყარებულ არს იგი კლდესა ზედა და აღშენებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომელსა თავ საკიდურთა არს ქრისტე იესუ; ხოლო რომელნი ორგულებით შებრკოლდეს ბოროტად მადიდებლობითა, მან ისმინენ ნაცვალი იგი, რამეთუ აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა, და ვითარ იწყო წვიმად და ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემა იგი დიდ. ამისთვის უკვე მოციქული საღმრთოსა მის ხილვასა ქადაგებს და იტყვის: “რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი ძალი და მოსლვა”. (“საკითხავნი ფერის-ცვალებისანი”. სინური მრავალთავი, გვ. 196).

“აწ რაი-მე არიან სიტყვანი მისნი? რამეთუ ესრე თქვა, რამეთუ: “...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი”  -  არა თუ პეტრეს კლდესა ზედა თქუა, არცაღა ვის კაცსა ზედა, არამედ სარწმუნოებასა ზედა აღაშენა ეკლესია. და მოწამე არიან ამას წმიდანი მარტვილნი, რომელნი იწამნეს, რამეთუ გუერდთა მათთა ხურეტდეს და მათ სარწმუნოება იგი არა წარწყმიდეს. ჰოი ახალი ესე საქმე და საკვირველი! რამეთუ კედელი დაითხარებოდა და საფასე არა გამოიპარვოდა; ხორცნი მათნი მოჰკფთებოდეს და სარწმუნოება იგი არა შემცირდებოდა! ესე ვითარი ძალი აქუნდა მარტვილთა მათ! “და ესე ვითარსა კლდესა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან”... და მო-ღათუ ვინმე გაკვდინოს შენ, გზაივე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა. რამეთუ მარტვილნი იგი რომელ იმრატვილნეს, სარწმუნოება თვისი არა წარწყმიდეს. რამეთუ ესრეთ თქვა: “ამისთვის ხორცნი შთავიცუენ, რაითა ყოველივე სოფელი ეკლესია ვყო. რამეთუ დიდი გულსმოდგინება არს ღმრთისა ეკლესიათათვის. არა თუ რომელნი-ესე ზღუდითა შემკულ არიან, არამედ რომელნი სარწმუნოებით განძლიერებულ არიან” (იქვე გვ. 221-223. “სატფურებისათვის”)

“წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყვა  შენი ჭეშმარიტ არს” (იოანე 17;17).

წმ. იოანე ოქროპირი: “ესე იგი არს, ვითარმედ: “წმიდა-ყვენ მოცემითა სულისა წმიდისაითა და მართალთა სწავლათა მიერ”, ვითარცა  -  იგი, რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: “წმიდა ხართ სიტყვისა მისთვის, რომელი გარქუ თქუენ” და აწცა მასვე იტყვის, ვითარმედ: “ასწავე მათ ჭეშმარიტებაი” და სულსა წმიდასაცა ჭეშმარიტებისა მასწავლელად უწესს. ესე იგი არს, ვითარმედ არცა ერთი ტყუვილი არს მის თანა, არცა სახე და აჩრდილი, არამედ ყოველივე ჭეშმარიტება, ვითარცა იტყვის პავლე ეკლესიისათვის ვითარმედე: “წმიდა-ყო იგი სიტყვითა, რამეთუ იცის სიტყვამანცა ღმერთისამან წმიდა-ყოფა”. (“თარგმანება იოანეს სახარებისა”, წიგნი II, გვ. 282).

ნეტარი თეოფილაქტე: “წმიდა ჰყვენ ისინი (მოწაფენი) სულითა შენითა, დაიცევ ისინი შენი სიტყვისა და დოგმატების სიმართლეში, ასწავლე მათ ჭეშმარიტება. რამეთუ სიწმინდე მართალი დოგმატების პყრობაში და დამარხვაში მდგომარეობს. და რომ იგი დოგმატების შესახებ საუბრობს ეს იქიდან ჩანს, რომ იგი ამბობს: “სიტყვა შენი ჭეშმარიტ არს”, ანუ მასში არ არის არანაირი სიცრუე. ასე რომ თუკი მათ შენს სიტყვას შეანახვინებ, ამით ისინი ბოროტისაგან დაიცავენ თავს და გაბრწყინდებიან ჭეშმარიტებით. დაე ისინი თავის ცხოვრებას ვითარცა მსხვერპლს ისე შესწირავდნენ ჭეშმარიტების მსახურებას. “რათა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რათა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ, რათა სოფელსა ჰრწმენეს” (იოანე. 17; 21). ანუ ჰქონდეთ ერთსულოვნება, მშვიდობა და თანამოაზრეობა ჩვენში ე. ი. სარწმუნოებაში ჩვენს მიმართ, დაე დაიცვან ამაში სრული თანხმობა. ჩემი მოწაფეების ერთსულოვნება დაამტკიცებს რომ მე მათი მოძღვარი ღმრთისაგან შობილი ვარ. თუკი მათ შორის იქნება უთანხმოება მაშინ არავინ იტყვის რომ ისინი მშვიდობისმყოფელის მოწაფეები არიან. “და დიდება, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩვენ ერთ ვართ” (იოანე 17, 22). რომელ დიდებას აძლევს? სასწაულთა, დოგმატთა და კიდევ ერთსულოვნების, მოძღვრებაში თანამოაზრეობის დიდებას, რამეთუ ეს დიდება აღემატება სასწაულთა დიდებას. ("Толкование на Евангелие от Иоанна". лаж. Феофилакта олгарского. стр.377-379).


“ამიერითგან უკვე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ, რომლითა ყოველი შენებული, ...რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკვიდრებელად ღმრთისა სულითა” (ეფეს. 2; 19-22).

წმ. იოანე ოქროპირი: “სახლეულ ღმრთისა”, ეკლესია მტკიცედ დგას, თავ-საკიდური მისი არის თავად ქრისტე. ამ შენობას მოციქულნი და წინასწარმეტყველნი აგრძელებენ, მათზე დაშენებულია დანარჩენი შენობა. მათგანაა ჭეშმარიტების სიტყვა, მათი მეშვეობით ეძლევა ეკლესიას მადლი სულისა წმიდისა მათ მიერ დაწესებულ საიდუმლოებებში, აგრეთვე ეკლესიის ყველა წესსა და განგებულებაში. აქ არაფრის ხელის ხლება არ შეიძლება. დაუშვებელია რაიმეს შეცვლა ან მოკლება. თუ არა და დაიქცევა შენობა, დაირღვევა ეკლესია. მოციქულთა სწავლება და მათი განწესებანი ხელშეუხებელია. ეკლესიის შენობის კორპუსს მორწმუნეები შეადგენენ. ისინი ვითარცა ქვანი გამოიკვეთებიან, რათა შენობის წყობისთვის გამოსადეგნი გახდნენ. აშენებს თავად სული წმიდა, სული ჭეშმარიტებისა, რომელიც დუღაბად სიყვარულს იყენებს. ეს ქვები (მორწმუნეები) ჭეშმარიტების სიყვარულით შედუღაბდებიან და ქმნიან ცოცხალ ერთობას  -  “რისთვის შენდება ამგვარი შენობა” იმისთვის რომ მასში, როგორც ტაძარში თავად ღმერთი დაემკვიდროს” (წმ. იოანე ოქროპირი. "Толк. посл. к Ефесеям", Феофана Затворника. стр. 198).

“ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღვრებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან” (რომ. 16,17)

წმ. იოანე ოქროპირი: “ვიდრე სხეულში (ეკლესიაში) ერთსულოვნებაა ეშმაკი ვერაფერს გახდება, მაგრამ როგორც კი იწყება გაყოფა საცთურიც სახეზეა. რა არის განყოფის მიზეზი? სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება მოციქულთა მოძღვრებას. საიდან ჩნდება ეს უცხო სწავლებანი? მუცლისა და სხვა ვნებათა მონობიდან, როგორც ამას მოციქული ამბობს. ამრიგად არ იქნებოდა არც საცთური რაიმე თუ დაბრკოლება და არც განყოფანი, რომ არ შემოეტანათ მოციქულთა მოძღვრების საწინააღმდეგო სწავლებანი; მიუთითებს რა ამაზე მოციქული ამბობს: “გარეშე მის მოძღვრებისა”. როგორ უნდა მოვექცეთ მათ ვისაც სიახლე შემოაქვს? მოციქული არ მოგვიწოდებს, რომ მათ წინააღმდეგ ძალა ვიხმაროთ და ვცემოთ ისინი, არამედ გვირჩევს: “განეშორენით მათგან”. ამას, რომ უმეცრებით ანდა უნებლიედ სჩადიოდნენ, მაშინ ჯეროვანი იქნებოდა მათი შეგონება და გამოსწორება, მაგრამ რადგანაც ისინი შეგნებულად სცოდავენ ამიტომაცაა საჭირო მათგან განშორება. სხვაგანაც იგივეს იმეორებს მოციქული: “გამცნებ თქვენ, ძმანო სახელითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდეს, და არა მოძღვრებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან” (2 თეს. 3;6). ალექსანდრეს მიმართაც იგივეს მოუწოდებს ტიმოთეს: “რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღუდგა იგი ჩვენთა სიტყვათა” (2 ტიმ. 4; 15). ("Беседы на посл. к Римлянам". Св. Иоанна Златоустого", стр. 853).

“არიან ვინმე, რომელნი აღგძრავენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარება იგი ქრისტესი” (გალატ. 1; 8)

წმ. იოანე ოქროპირი: “სჯულიდან მცირეოდენი გადახვევაც კი საკმარისია, რათა ყველაფერი გაცუდდეს, ამიტომაცაა ნათქვამი: “გარდაქცევად სახარება”. ისევე როგორც მონეტაზე სამეფო გამოსახულების წაშლით მთლიანად მონეტა ხდება გამოუსადეგარი, ასევე მართალი სარწმუნოების მცირეოდენი დოგმატის შეცვლა. სრულიად ამახინჯებს ჭეშმარიტ რწმენას. მოუსმინეთ რას ამბობს წმ. მოციქული პავლე: “მცირეოდენი ცვლილების შემომტანნიც კი, თუნდაც ეს ცვლილება უმნიშვნელო იყოს გარდააქცევენ ჭეშმარიტების სახარებას. გაიხსენეთ ძველი აღთქმა: მხოლოდ იმიტომ, რომ შაბათს შეშას აგროვებდა და ამით ერთი მცნება დაარღვია, ცხადია ნაკლებმნიშვნელოვანი სხვა მცნებებზე, საშინელი სასჯელი მიიღო (რიცხვთა 17; 32-36). ოზას მხოლოდ სჯულის კიდობნის შეკავება უნდოდა, რომელიც მისი აზრით ძირს ეცემოდა და მყის აღმოხდა სული, რამეთუ იმის შველა გადაწყვიტა, ვისაც არ სჭირდება შველა და თავადაა ყოველთა შემწე და მშველელი. (2 მეფეთა 6; 6-7). მაშ ასე, თუკი შაბათის დარღვევამ და სჯულის კიდობანის მხოლოდ შეხებამ ისე განარისხა ღმერთი, რომ ამის ჩამდენნი ყოველგვარი შეწყნარების გარეშე სასტიკად დაისაჯნენ, მაშ როგორღა იმართლებენ თავს ან პატიების რა იმედი შეიძლება ჰქონდეთ სარწმუნოების საშინელი და გამოუთქმელი დოგმატების დამარღვეველთ? არა, ასეთები შეუძლებელია რაიმე შეწყალების ღირსნი გახდნენ! ყოველგვარი ბოროტების მიზეზი კი ის გახლავთ, რომ არ ვზრუნავთ მცირედი დანაშაულების გამოსწორებისთვის, რის გამოც უდიდეს ცოდვებში ვვარდებით. ყოველდღიურად უამრავი უსჯულოება ძალადობით ცდილობს ეკლესიაში შემოჭრას. ამის გამო დაცინვის ღირსნი ვხდებით და უმოწყალოდ ვსერავთ ეკლესიას, ვყოფთ რა მას მრავალრიცხოვან ნაწილებად. ვისაც კი როდისმე საღმრთო კანონები დაურღვევია, თუნდაც მცირეოდენი ცვლილების შეტანით, თავიდანვე რომ დასჯილიყვნენ, რითიც ზღვარი დაედებოდა მათ კადნიერებას, მაშინ აღარ გაჩნდებოდა ამგვარი მძიმე სენი და აღარც ასეთი საშინელი ქარიშხალი გადაუვლიდა ეკლესიას”. ("Толк. посл. к Галатам", стр. 63-64).

“ჭეშმარიტი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაცა ეგევითართა ეძიებს თაყვანისმცემელთა მისთა” (იოანე 4; 23).

ე. ი. ღმერთი ეძიებს და შეიწყნარებს მხოლოდ სულითა და ჭეშმარიტებით მის თაყვანისმცემლებს, მას სურს, რომ მხოლოდ ამდაგვარი მიმდევრები ჰყავდეს, ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანობის გარეშე არც ღმერთის შემეცნებაა და არც ღმრთისმსახურება. “რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა,  განიკითხოს სოფელი სიმართლითა და ერნი ჭეშმარიტებითა თვისითა”. (ფს. 95; 13).

მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესიის ღმრთაებრივმა დამაარსებელმა, რომელიც არის მისი თავი, ეკლესია  -  სხეული ქრისტესი, ჭეშმარიტების სისავსის საგანძურად შექმნა. “კათოლიკე ეკლესია, მართლაღსარებასა სახელისა მისისასა, უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაი მისცა ნეტარსა მოწბქულსა პეტრეს და ჰრქუა მას: კლდესა ზედა, ანუ მართლაღსარებასა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი). კათოლიკობა პირველ ყოვლისა არა გეოგრაფიული არამედ ზედროითი თვისებაა ეკლესიისა. კათოლიკობა ჩვენ ძველი აღთქმის მამათმთავრებთან და წინასწარმეტყველებთან, ყოვლადქებულ მოციქულებთან, ძლევაშემოსილ მოწამეებთან, დიდ მღვდელმთავრებთან, ღმერთშემოსილ მამებთან გვაერთიანებს. თვითონ ბერძნული სიტყვა “კათოლიკოს” ქრისტიანულ მწერლობაში მდიდარი ისტორიითა და რამდენიმე მნიშვნელობით ხასიათდება. ცნობილია მისი სამი ძირითადი მნიშვნელობა: 1) “კრებსითობა, საყოველთაობა”; 2) “ნამდვილობა ანუ მართლაღმსარებლობა” და 3) “მსოფლიოობა ანუ ეკუმენურობა”. ეს სამივე მნიშვნელობა ეკლესიის სულისა და ცხოვრების სიღრმეშია შეფარული და მოქმედებენ განუყოფელ ერთიანობაში ყველგან და ყოველთვის. ცნებაში “კათოლიკე” ჩადებულია ეკლესიის არსებითი თვისება, რაც მორწმუნეთა უბრალო ერთიანობაზე როდი მიგვითითებს, არამედ იმაზე, რომ ისინი ორგანულად ერთნი არიან ქრისტეს სხეულში. ამ ცნების არასწორ, ცალსახა გაგებას მრავალი დაუყენებია მცდარ გზაზე. ეს საკითხი გახლდათ სწორედ წმიდა მაქსიმე აღმსარებელსა და მის მსაჯულთა შორის გამართული პოლემიკის უმთავრესი მიზეზი. კონსტანტინოპოლის პატრიარქ პეტრეს მიერ გაგზავნილი შუამავლები ასეთ კითხვას უსვამენ ნეტარ მაქსიმეს: “გვიპასუხე, რომელი ეკლესიის წევრად თვლი თავს? ბიზანტიის, რომის, ანტიოქიის, ალექსანდრიის თუ იერუსალიმის?  -  აჰა, ყველა ეს ეკლესიები მათდამი დაქვემდებარებული ეპარქიებითურთ ერთმანეთთან გაერთიანდნენ; თუკი კათოლიკე ეკლესიას ეკუთვნი, შემოგვიერთდი ჩვენ, რათა ახალი და ახირებული გზის შემოტანით რაიმე ცუდი არ მოიწიო”.

ემპირიული “ეკუმენურობის” (მსოფლიოობის) ანუ კათოლიკობის მხოლოდ ერთი მნიშვნელობის თვალსაზრისით პატრიარქის შუამავლებს სრული საფუძველი ჰქონდათ ამის მტკიცებისა, რადგანაც მართლმადიდებლური ოპოზიცია პრაქტიკულად თითქმის აღარ არსებობდა, მთელი საქრისტიანო უსახური მონოთელიტურ-მონოფიზიტური ფორმულის ქვეშ იყო გაერთიანებული. მაგრამ ამ თვალსაზრისს წმინდა მამამ სხვა დაუპირისპირა: “კათოლიკე ეკლესია, მართლაღსარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან ოდეს იგი ნეტარება მისცა მოციქულსა პეტრეს და ჰრქუა მას: “კლდესა ზედა, ანუ მართლაღსარებასა ზედა, აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას” და “მთელი მსოფლიოც რომ მოკავშირედ გექცეთ, თქვენთან ერთობა მაინც არ მექნება”.

ასე, რომ მხოლოდ ჭეშმარიტების ერთგულებით, მართლაღმსარებლობით მიიღწევა ქრისტეს სხეულში ორგანული ერთიანობა და სწორედ ესაა კათოლიკე ეკლესიის არსებითი, მაცხოვნებელი საფუძველი. ემპირიული “მსოფლიოობა” იგივე “ეკუმენურობა” მხოლოდ მასზე (მართლმადიდებლობაზე) უნდა იყოს დაშენებული.

“გვწამს,  -  ამბობს აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე,  -  “რომ კათოლიკე ეკლესიის წევრები არიან მართლაღმსარებელნი, და თანაც  -  მხოლოდ მართლაღმსარებელნი, ე. ი. ისინი, რომლებიც არიან ერთგულნი და მტკიცედ აღიარებენ იესო მაცხოვრის წმიდა სარწმუნოებას (თავად ქრისტემ, მოციქულებმა და მსოფლიო კრებებმა რომ მოგვმადლეს), მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ცოდვის გამო არიან დამძიმებულნი... თუკი არ შეურგულდებიან და შეინარჩუნებენ კათოლიკე ე. ი. მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მაინც იქნებიან აღიარებულნი კათოლიკე ეკლესიის წევრებად”. (აღმ. პატრ. ეპისტოლე. 1723 წ. თავი XI).

ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ ეკლესიაში სიტყვა “კათოლიკე” უმეტეს წილად ჭეშმარიტი სარწმუნოების, მართლაღმსარებლობის სინონიმად იხმარებოდა. მაგალითად: “რომელსა უნდეს ცხოვრებად, პირველ ყოვლისა თანა არს მას პყრობად კათოლიკის სარწმუნოებისა, რომელი უკეთუმცა ვინმე არა დაიმარხოს სრულად და უბიწოდ, თვინიერ ყოვლისავე რაისამე მიზეზისა, საუკუნოდ წარწყმდების იგი”. (წმ. ათანასე დიდი. “ფსალმუნის წინათქმა”).

“მიზეზი, რომლისა-თვისცა წმიდა ეკლესია ყოვლის ღონისძიებით იცავს შეუცვალებლად სწავლასა მისსა და ფიცხლად განიკითხავს წინა-აღმდეგთა და გარდამქცეველთა ამა სწავლისათა არის ისა, რომელ სწავლა იგი არს კავშირი ყოველთა ქრისტიანეთა, რომელი შეაერთებს ყოველთა კაცთა წინაშე ღვთისა; ხოლო ერთობა და სიყვარული კაცთა შორის არის უძვირფასესი თვისება წინაშე თვალთა ღვთისათა. სადაც არ არის ერთობა და სიყვარული, მუნ არ არის მადლი ღვთისა, მუნ ეკლესია აღარ არის. რა არის ეკლესია? იგი არს შეკრება კაცთა ერთ-მორწმუნეთა, ესე იგი, ისრეთთა კაცთა, რომელთა აქვსთ ერთი ჰაზრი საღმრთოთა საგანთა ზედა. “ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით” (ფილიპ. II; 3) მისწერს პავლე მოციქული ფილიპელთა. ისეთი ძვირფასი თვისება არის ერთობა სარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა პირველ ჯვარ-ცმისა მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და მამა ერთ არიან. გარნა ყოველნი წინააღმდგომნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულვილსა. მეოთხესა საუკუნესა შინა, ოდესცა უღმრთომან არიოზ მოახდინა საშინელი შფოთი ეკლესიასა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს ეგვიპტის მწყემს-მთავარსა, გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე. ოდესცა წმიდამან ალექსანდრე შეხედა უფალსა იესო ქრისტესა, ნახა, რომელ მისი კვართი ანუ სამოსელი იყო გაპობილ ორად თავიდგან ბოლომდე, და ესმა ხმა უფლისა: აჰა რა მიყო არიოზმან! ეს კვართი გაპობილი მოასწავებდა წმიდასა ეკლესიასა, რომელი განაპო ორად უღმრთომან არიოზ, სწავლითა თავისითა. სადღა იქმნება სიყვარული და ერთობა ეკლესიასა შინა, უკეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლა საღმრთოთა საგანთა ზედა. აჰა რისთვის ცდილობს წმიდა ეკლესია, რათამცა საღმრთო იგი სწავლა, რომელი გარდამოგვცეს მოციქულთა, იყოს დაცულ შეუცვლელად ყოველთა კაცთაგან! აჰა რისთვის ზარდასცემს იგი ანათემასა ყოველთა, რომელნი კადნიერ იქმნებიან გარდაქცევად სჯულისა მისისა!” (წმ. გაბრიელი იმერეთის ეპისკოპოსი. “ქადაგებანი”. ტ. I, გვ. 87).

“ეკლესიაში ყველას ჰქონდა “გული და გონებაი ერთ” (საქმე. 4; 32), ამდენად, ყველა წაჰმოჩენილია კიდეც ერთ სხეულად, რომელიც სხვადასხვა ასოებისაგან შედგება, და ეს სხეული ჭეშმარიტად ღირსია თვით ქრისტესი, ჩვენი ჭეშმარიტი თავისა... წმ. ეკლესია არის ხატი ღმრთისა, რამეთუ იგი განახორციელებს ერთობას მორწმუნეთა შორის; თუნდაც ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, ამის მიუხედავად ეკლესიაში ერთიანობას ჰპოვებენ სარწმუნოების მეშვეობით” (წმ. მაქსიმე აღმსარებელი. “მისტაგოგია”. თავი I).

ეკლესია ერთიანია სარწმუნოებასა და სიყვარულში, “რამეთუ სარწმუნოება არის სხეული ქრისტესი, ხოლო სიყვარული სისხლია მისი” (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი. “ტრალისელთა მიმართ”). მაგრამ როგორ გამოვიცნოთ თუ რომელია ეს სარწმუნოება? კათოლიკე ეკლესია განსაკუთრებით უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ეპყრას ის სარწმუნოება რომელიც სწამდათ ყველგან, რომელიც სწამდათ ყოველთვის, რომელიც სწამდა ყველას. ...და თუკი რაიმე სიახლე, გადამდები სნეულება დაასნებოვნებს არა მარტო ნაწილს არამედ მთელს ეკლესიას, მაშინ ეკლესია როგორც ნავთსაყუდელს ისე მიადგება სიძველეს (თავდაპირველ სარწმუნოებას), რომელიც ცხადია შეუძლებელია ცთუნებულ იყოს სიახლის მზაკვრობით”. (წმ. ბიკენტი ლირინელი. "Напоминании").

“ღვთის ეკლესიაში გაბრწყინებულ ქვეყნის მნათობთა სარწმუნოების მტკიცედ პყრობასა და სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და უცვალებლად დატოვებას ვადგენთ და მათ მიერ ღვთივმოცემულ დაწერილს და სჯულს მივიღებთ და შევიწყნარებთ, ხოლო მათ წინააღმდგომთ შევაჩვენებთ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს. ვინც პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს მის წინააღმდეგ შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენებულ წმიდა მამათა მიერ და განიკვეთნენ ქრისტიანთა კრებულისაგან, როგორც უცხოები. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას”. (VI მსოფლიო კრების, 1 კანონი).

“შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა. ეს ხომალდი ერთი, წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიაა. პატრონი ამ ხომალდისა თავად მამა ღმერთია; მესაჭე  -  მხოლოდშობილი ძე მისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ზურგის ქარი  -  სული წმიდა; მეზღვაურნი და მენიჩბენი  -  მოციქულნი, ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვარნი. ...გემის კედლები, წინა მხარე და საჭე  -  სარწმუნოების დოგმატები, მცნებები, ეკლესიის გარდამოცემა, მოციქულთა და წმიდა მსოფლიო კრებათა კანონები და საეკლესიო დადგენილებებია”. (წმ. იოანე ოქროპირი).

იქ სადაც გაწყვეტილია სულიერი მემკვიდრეობითი კავშირი მოციქულებთან, მათ მემკვიდრეებთან, წმიდა მამებთან, სადაც შემოღებულია სხვადასხვა სიახლენი ამა სოფლისთვის ფეხისასაწყობად, იქ საუბარიც კი არ შეიძლება ჭეშმარიტი ეკლესიის არსებობაზე. შეუძლებელია ხომალდმა, რომელიც ზეციური იერუსალიმისკენ მიცურავს, გახვრეტილი, დაზიანებული კედლებით, საჭის გარეშე, გემის წინა ნაწილის გარეშე გადაცუროს ამ ცხოვრების მღელვარე ზღვა. შეუძლებელია ქრისტეს ეკლესიაში ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუე ან ნახევრად სიმართლე იქადაგებოდეს.
“თუმცა ნათელსა და ბნელს შორის კიდევ შეიძლება იყოს რაღაც საშუალო, გვასწავლის წმ. მარკოზ ეფესელი, რასაც ბინდ-ბუნდი ჰქვია, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის ასეთი საშუალო ცნება არ არსებობს. იცოდე, ის, რაც ეკლესიას ეხება, კომპრომისის გზით ვერასოდეს გადაწყდება. დაე ჩვენს სარწმუნოებაში არავინ იყოს მბრძანებელი  -  არც მეფე, არც მღვდელმთავარი, არც ცრუ კრება, არც ვინმე სხვა, არამედ მხოლოდ ღმერთი, რომელმაც გადმოგვცა ჩვენ ეს სარწმუნოება თვითონაც და თავისი მოწაფეების საშუალებით” (Арх. Амвросий. "Св. Марк Ефесский и Флорентиская уния". 1963. стр. 227).

No comments:

Post a Comment