არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ (დასასრული)
მღვდელი გელასი აროშვილი
ნაწილი მეოთხე - განხეთქილება
“წარმართებს ეკლესია თავისკენ მოუხმობს, მწვალებლებს განაგდებს, განხეთილების შემომტანთ კი თავად განეშორება”.
(“ნეტარი ავგუსტინე. “ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის”)
ეპისკოპოსი უმაღლესი, უმთავრესი წოდებაა ეკლესიაში. იგი აშკარა ცოდვილიც რომ იყოს, ქრისტიანი ვალდებულია მას სათანადო პატივი მიაგოს, დაემორჩილოს საკრებო განჩინებამდე. მაგრამ თუ იგი მწვალებლობას ქადაგებს, ანდა რელიგიურ ურთიერთობაში შედის მწვალებლებთან, მაშინ ქრისტიანი არ უნდა ელოდოს საკრტბო განჩინებას, არამედ დაუყოვნებლივ უნდა განეშოროს ამგვარ ეპისკოპოსს. ეკლესიის კანონებით, საკრებო განჩინებამდე გამოყოფა შეიძლება მხოლოდ მწვალებლებისაგან. კლერიკოსთა და საეროთა ყველა დანარჩენი გამოყოფა ეპისკოპოსთაგან არის განხეთქილება ანუ სქიზმა.
კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15 კანონში ვკითხულობთ: “ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან”.
შეუძლებელია სათქმელის ამაზე მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება. ამ კანონიდან ნათლად ჩანს თუ ვინ არის განხეთქილების მომქმედი - ის ვინც გაემიჯნა ეპისკოპოსს, რომელიც ეკლესიის მიერ, უკვე სახელდებულ და ანათემირებულ მწვალებლობათა (ასეთია ეკუმენიზმი, რომელშიც თავს იყრის ყველა ერესი) და მათ მიმდევართა რეაბილიტაციასა და მათთან მეგობრობას ცდილობს, თუ ის ვინც საეკლესიო ხელისუფლების უზურპაციით საეკლესიო გარდამოცემას ხელყოფს და სიახლე შემოაქვს. როდესაც ეპისკოპოსი, მით უმეტეს ეპისკოპოსები მოქმედებენ კანონიკური წესების საწინააღმდეგოდ, ე.ი. ზოგად-საეკლესიო სწავლების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის საერთო ნებასთან შეუთანხმებლად, რადგანაც ეკლესიას უკვე გამოტანილი აქვს თავისი საბოლოო ვერდიქტი აღნიშნულ საკითხებზე (მაგ. თანალოცვა და თანაზიარება ერეტიკოსებთან, მათი რიტუალების მადლმოსილად ცნობა და სხვა), მაშინ ასეთი პატრიარქები და ეპისკოპოსები თავად ხდებიან სქიზმის (განხეთქილების) მიზეზნი და მოქმედნი და საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ აყენებენ. ისინი განხეთქილებაში არიან ზეციურ ეკლესიასთან, მოციქულებთან, მოწამეებთან, აღმსარებლებთან, წმიდა მამებთან, რადგანაც მათ მიერ დაღვრილ სისხლს, ცრემლს, ოფლს შეურაცხყოფენ; მათ მიერ დადგენილ კანონებს დასცინიან, მათ სწავლებას ამახინჯებენ.
ორგზისი კრების მე-15 კანონის განმარტებისას ეპისკოპოსი ნიკოდიმოს დალმატელი წერს: “თუ ეპისკოპოსი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე სწავლების ქადაგებას დაიწყებს მაშინ სამღვდელოებასა და მრევლს არათუ უფლება აქვს გაემიჯნოს მას არამედ ვალდებულიც კია გაწყვიტოს მასთან კავშირი, რისთვისაც ქებას დაიმსახურებენ, რადგანაც წინ აღუდგნენ ცრუ ეპისკოპოსს; ამით მათ განხეთქილება კი არ შემოაქვთ არამედ პირიქით, თავისი ძალების შესაბამისად ეკლესიას ანთავისუფლებენ განხეთქილებისაგან”. ("Правила Правосл. Церкви с толкованиями", т. II, 1912, стр. 308).
“განხეთქილების მოქმედნი არიან ისინი, ვისაც ზოგიერთ საეკლესიო საკითხზე თავისი აზრი გააჩნიათ და იმის გამო არიან გამოყოფილნი რისი მკურნალობაც შეიძლება”. (წმ. ბასილი დიდის I კანონიკური ეპისტოლე). II მსოფლიო კრების 6 კანონის განმარტებისას ზონარა იმეორებს წმ. ბასილის განმარტებას განხეთქილების შესახებ ხოლო ლაოდიკიის კრების 33-ე კანონის განმარტებისას ამატებს: “განხეთქილების მოქმედთ (სქიზმატებს), ეძახიან იმათ, ვინც სარწმუნოებისა და დოგმატების შესახებ ჭეშმარიტ მოძღვრებას პყრობს, მაგრამ ზოგიერთი მიზეზის გამო ახდენენ გამოყოფას და ცალკე იკრიბებიან”. ("Прав. правосл. Церкви с толк." т. II, стр. 370).
გეკითხებით მამა რაფაელ, რომელ ზოგიერთ საეკლესიო საკითხზე გაგვაჩნია საკუთარი აზრი (განსხვავებული ეკლესიის მოძღვრებისაგან), რის გამოც გავემიჯნეთ საპატრიარქოს? ანდა როგორ შეიძლება პატრიარქთა და ეპისკოპოსთა აბსოლუტური უმრავლესობის მწვალებლური აზროვნების მკურნალობა, როდესაც ისინი დაბერდნენ, მრავალი კი გარდაიცვალა, ამგვარი შეხედულებებით?
განა იმიტომ წავედით საპატრიარქოდან რომ იქ “უზნეო ეპისკოპოსები” არიან? ან იქნებ იმიტომ რომ იქ მსახურებას შემოკლებით და დამახინჯებით აღასრულებენ? ან იქნებ იმიტომ, რომ იქ “საიდუმლოებებით ვაჭრობენ”? თუ იმიტომ, რომ ქურდების ფულით აშენებენ ტაძრებს? ანდა იმიტომ რომ იერარქიას ხან ფილარმონიაში, ხან კი ოპერაში და თეატრებში ვხედავთ? თუ იმიტომ, რომ მსახიობებს ტაძრებში იწვევენ და იქ აწყობენ “მისტიურ” კონცერტებს? - ყველაფერი ეს ძალზედ სერიოზულია, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება, საჭიროებს “შიგნიდან ბრძოლას”. და თუ ვინმე მხოლოდ ამ მიზეზთა გამო მიდის არის კიდევაც სქიზმატი. დაგვისახელეთ თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ არასარწმუნოებრივი, არადოგმატური საკითხი დაგვეყენებინოს საპოლემიკოდ.
როგორ ჰგავს ეკუმენისტთა ამჟამინდელი ბრალდებანი წმ. მაქსიმე აღმსარებლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. კონსტანტინოპოლის მონოთელიტი პატრიარქი ეკითხება წმ. მაქსიმეს: “დიდებულსა ამას საყდარსა და დიდსა ამას ეკლესიასა რასა ცთომასა ჰხედავ, რომელ არა გვეზიარები, არამედ ასწავლი ყოველთა არა მშვიდობასა და ერთობასა, არამედ შფოთსა და განხეთქილებასა? წმიდამან მაქსიმე ჰრქუა: რამეთუ შეურაცხჰყავთ მოციქულთა და მამათაგან დამტკიცებული სარწმუნოება ქრისტიანობისა, ამისთვის ვერ ვიკადრებ ზიარებას თქუენდა, რათა არა წარვიწყმიდო სული ჩემი”. (“ცხოვრება ნეტარისა მამისა მაქსიმესი”, კიმენური ტექსტი).
რამდენჯერ მოუძახებიათ თვითოეული ჩვენთაგანისთვის უკნიდან ეს საშინელი სიტყვა “განხეთქილების მოქმედი”? ვისი გული არ დასერილა ტკივილისაგან ამგვარი უსამართლო ბრალდების გამო? კიდევ არა უშავს თუ შეგნებული მწვალებელი გაგინებს,... მაგრამ თუკი ამას ახლობელი გეუბნება, ვინც ოდესღაც თანამოაზრედ და ძმად მიგაჩნდა? რომელი მართლმადიდებლისათვის არ არის ნაცნობი ეს განცდა ტკივილისა, წუთიერი უმწეობისა, შეურაცხყოფისა?... ყველაზე ადვილი ამ დროს საკუთარ ამპარტავნულ სიძულვილში ჩაკეტვაა მათ მიმართ ვინც სინამდვილეში თვითონაა ეკლესიის მიღმა, ყველაზე მარტივი მათი ამოშლაა გულიდან. ისიც ადვილია ამ დროს რაღაც დიპლომატიაზე წასვლა და გულში თქმა იმისა, რომ “დიახ, რაღაცაში იქნებ თქვენც მართლები ხართ, რაღაცაში ჩვენ, მოკლედ ვის სად მოსწონს”. ყველაზე რთული მართალ გზაზე დადგომაა, არ მოძულება მოყვასისა, მაგრამ არც ანათემის მოხსნა მისი ერესისთვის.
ის კი არ არის სქიზმატი ვინც უძველეს, უმწიკვლო მოძღვრებას მისდევს, არამედ ის, ვინც სიახლეს - მამათა რწმენას, სიცრუეს - ჭეშმარიტებას, ღალატს - ერთგულებას აუჯანყებს. ვინ არის სქიზმატი? ვიმეორებთ ახალმოწამე, სვირსკის უდაბნოს სქეიღუმენ ზოსიმესთან ერთად - “თუ ის მხარე, საიდანაც წარმოიშვა სადავო საკითხი, მაშინ სამართლიანი იქნება მათ დაუძახოთ განხეთქილების მოქმედნი. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ სიახლის დამნერგავთა შეხედულებანი ეწინააღმდეგება სახარებას, მაშინ არა მათგან გასულნი, არამედ თავად ისინი იქნებიან ნამდვილი სქიზმატები - რამეთუ მათი მიზეზით დაირღვა ერთობა. მათ წიაღში ამოხეთქა მღვრიე წყალმა, რომელმაც შებილწა ანკარა წყარო, მართლმადიდებლური აზრის წყარო და ვიდრე ეს მღვრიე შადრევანი არ დაწყდება მანამდე იმძლავრებს ბოროტება”.
და მაინც რა არის განხეთქილება? დაუბრუნდეთ მის კლასიკურ განმარტებას, რომელიც წმ. ბასილი დიდმა მოგვცა: “აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საეკლესიო საკითხთა შესახებ, რომელიც კურნებას ექვემდებარება”. მაგრამ განა რაიმე “საავტორო იდეის” გამო გამოვეყავით ჩვენ ვინმეს? განა “მკურნალობას დაქვემდებარებულ საკითხთა” გამო არა აქვთ თანამედროვე მოშურნეებს ეკუმენისტებთან ერთობა? როდის იყო, რომ “საკუთარ აზრთა” სფეროს განეკუთვნებოდა ეკლესიის წმიდა დოგმატები? ვინ და როდის გამოაცხადა საღმრთო კანონები მეორეხარისხოვან საქმედ?
ვინც გაბედავს და ეკუმენისტი იერარქებისაგან ჩვენს გამიჯვნას განხეთქილებას დაარქმევს - ამით აშკარად დაამოწმებს, რომ თავად - მწვალებელია, რომელიც უარყოფს ეკლესიის მთელ სტრუქტურასა და აგებულებას, უგულებელყოფს საეკლესიო გარდამოცემას, რომელსაც საღმრთო წერილის თანასწორი ავტორიტეტი გააჩნია, ის ვინც მხოლოდ “აზრთა” სფეროს მიაკუთვნებს სრული წმიდის განსაზღვრებებს უკვე მოდერნისტი და განმაახლებელია ე. ი. სქიზმატია. დაგვიმტკიცეთ რომ ჩვენ ვცდებით და ვეწინააღმდეგებით საღმრთო სულს, სულს ჭეშმარიტებისას, რომ ჩვენ ვუღალატეთ სამოციქულო ტრადიციას, მამათა სულისკვეთებას, რომ არა სწორად განვმარტავთ დოგმატებს, საეკლესიო კანონებს. მაშინ მუხლებზე დამხობილნი მადლობას შევწირავთ ღმერთს, რომ მან მოგვივლინა მკურნალნი სულისა და გვიხსნა გეენიისაგან.
დაგვიმტკიცეთ რომ ვცდებით და დაგვანახეთ ჭეშმარიტება, მაგრამ ნუ გვეძახით განხეთქილების მოქმედთ, ნუ ამბობთ, რომ სიამაყის გამო ანდა უმნიშვნელო საკითხთა გამო გემიჯნებით. ნუ იმეორებთ წმ. მაქსიმეს მსაჯულთა სიტყვებს: “შენ გაყავი ეკლესია!”
“თუკი საღმრთო წერილიდან და წმიდა მამათა ნაწერებიდან მოყვანილ სიტყვათა მღაღადებელი განყოფს ეკლესიას, მაშინ რას უშვება ეკლესიას ის, ვინც წმიდანთა სწავლებას ეწინააღმდეგება და ებრძვის, სწავლებას რომლის გარეშეც ეკლესიის არსებობაც კი შეუძლებელია” - აი პასუხი წმ. მაქსიმესი და მასთან ერთად ყველა დროის ყველა მართლმადიდებლისა. ეკლესიას განყოფს ის, ვინც ცდილობს კაცობრიობის ცხოვრებიდან ამოგლიჯოს მისი გამაერთიანებელი და გადამრჩენი ერთადერთი ღერძი - ღმერთკაცი ქრისტე, - ვინც თავისი ახალ-ახალი ერესებით, სიცრუეებით, დანაშაულებით ქრისტესმკვლელი და ქრისტესგამყიდველი ხდება. ქრისტეს გარეშე კაცობრიობა ურთიერთსიძულვილში და მტრობაში დაიღუპება. ჩვენ კი წმ. ახალმოწამე იოსებ პეტროგრადელის სიტყვებს გავიმეორებთ: “მე არა ვარ სქიზმატი და არც განხეთქილებისკენ მოუწოდებ ვინმეს. მე მხოლოდ ეკლესიის განწმენდა მსურს ნამდვილი განხეთქილების მთესველთაგან და იმ მიზეზთაგან რაც სქიზმას იწვევს”.
“მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, ჩვენ გტოვებთ, რამეთუ თქვენ განეშორეთ ქრისტეს სიმართლეს, ახალი მიმართულება შექმენით ეკლესიაში, სწორედ ამ ახალ მიმართულებას - ან განხეთქილებას ვტოვებთ. განხეთქილების ცოდვა კი თქვენ გაწევთ სინდისზე” (“უცნობი კატაკომბელი ეპისკოპოსის წერილიდან”. “Акты П. Тихона” ст. 554).
სექტა, სქიზმა, - ეს არის სავსებისაგან ამა თუ იმ მიზეზით გამოყოფილ ადამიანთა ჯგუფი. ისინი ცნობენ, რომ ეს სავსება არსებობს, თავიაანთ თავს კი მიიჩნევენ “ნაწილად”, ოღონდაც უფრო ღირსეულ, უფრო მართალ, უფრო უკეთეს, მაგრამ მაინც ნაწილად. სექტა, განხეთქილება ყოველთვის მოკლებულია საკუთარი რწმენის კათოლიკეობის (საყოველთაობის), მსოფლიოობის სულისკვეთებას. ისინი კი ვინც არ ცნობენ ეკუმენისტურ იურისდიქციებს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად, როგორც არასდროს ისე მკვეთრად შეიგრძნობენ ეკლესიის თვისებას კათოლიკეობას (მსოფლიოობას) და აცნობიერებენ მართლმადიდებლობისთვის პირად პასუხისმგებლობას მსოფლიო მასშტაბით - არ ეშინიათ “მარტოდ” დარჩენის, რადგან ის, ვინც ერთ ეკლესიაშია მსოფლიო მოძღვრებთან და ყველა საუკუნის წმიდანებთან ერთად, ძნელად თუ იგრძნობს თავს მარტო, თუნდაც უდაბნოში იმყოფებოდეს. ხოლო “შიგნიდან ბრძოლის” თუ წინააღმდგომის ფსიქოლოგია და ეკლესიოლოგია - სწორედაც, რომ სქიზმატური და სექტანტურია. ძნელია დაასახელო ამგვარ სქიზმატურ ფსიქოლოგიაზე უფრო მაცდური და სულიერად არაჯანსაღი რამ, რომელიც არ უარყოფს ჭეშმარიტი გზიდან გადახვეულ ამ “სავსებაში” ყოფნის მაცხოვნებლობას, მაგრამ თავად ეძებს უფრო “სუფთა” ნიშს “ერთი ეკლესიის” შიგნით - ნიშს, რომელიც უფრო შეეფერება ამ სექტის “დახვეწილ სულიერ გემოვნებას”, ზრუნავს მხოლოდ საკუთარი სამოსის “სიწმინდისათვის”, ხოლო თუ თავისი “სუფთა” ნიშის გარეთ, თავისსავე იურისდიქციაში აღმოაჩენს რაიმე სარწმუნოებრივ გადახრას საკმაოდ გულგრილად და არხეინად ეკიდება მას, ეს მას არ ეხება, ეს ამა თუ იმ ეპისკოპოსის თუ მღვდლის პირადი ცოდვაა მხოლოდ და რა თქმა უნდა ვერ აღწევს “სუფთა” ნიშის წიაღში. - აი ეს კი გახლავთ ნამდვილი თავნებობა და განხეთქილება.
ამგვარ ეკლესიოლოგიაზე დაფუძნებული ნებისმიერი “წინააღმდეგობა” ანდა “შიგნიდან ბრძოლა” საკუთარი მწვალებელი იერარქიის წინააღმდეგ ყოველთვის ნამდვილი სექტის შექმნაში გადაიზრდება - თავისი მავნე ფსიქოლოგიით, არაჯანსაღი ზნეობით, არანორმალური სულიერ ცხოვრებით, მუდმივი ლანძღვითა და დაცინვით საკუთარი ეპისკოპოსებისა, საკუთარი “მართლმადიდებლობით” ტკბობითა და შინაგანი თვითკმაყოფილებით.
ჩვენ კარგად ვიცით ეს მდგომარეობა, რადგან არა ერთი და ორი წელი თავად ვიცხოვრეთ ამდაგვარ “სუფთა” ნიშში თქვენთან ერთად მამა რაფაელ. ასე რომ თქვენ და თქვენი ერთგული სამღვდელოება, თავისი მრევლით, წარმოადგენთ ნამდვილ სქიზმას თუ სექტას ეკუმენისტი პატრიარქის ქვეშ. ახლა გინდათ ერთ ხმაში იგალობეთ და გინდათ სამ ხმაში, გინდათ ბერძნულად გინდათ სომხურად ან სლავურად - ეს ხომ გაცილებით მნიშვნელოვანია. ამასობაში კი თქვენი პატრიარქი ერესიარქთა საფლავებს მოილოცავს და ეამბორება, თქვენი სამღვდელოება კი ერთობლივ მსახურებას ჩაატარებს ბაპტისტებთან რიტუალური ცეკვებისა და მტრედების გაფრენის თანხლებით, თუმცა ეს ხომ თქვენ არ გეხებათ.
გახსოვთ მამა რაფაელ? ალბათ გახსოვთ, თქვენ ფენომენალური მახსოვრობა გაქვთ. ერთხელ სამთავროს მონასტრის ეზოში (მაშინ სემინარია მცხეთაში იყო) მე გკითხეთ ჩემი მოძღვრის შესახებ. პატიოსანი, სათნო, მოღვაწე ადამიანის შესახებ, მაშინ ასეთი თითქმის არავინ იყო საპატრიარქოში. იგი პატრიარქმა ასსიზში გააგზავნა ერთობლივი ლოცვისთვის იუდეველებთან, მუსულმანებთან, ბუდისტებთან, აფრიკელ და ამერიკელ შამანებთან, ცეცხლთაყვანისმცემლებთან და ა. შ. ამ მოძღვართან სერიოზული უთანხმოება გამიჩნდა სარწმუნოებრივ საკითხებზე და თქვენ ავტორიტეტულ და განსწავლულ ბერს, რომელმაც თქვენი ლექციებით იმხანად და მერეც ბევრ მორწმუნეს გაუღვივეთ ინტერესი ღვთისმეტყველებისადმი, რისთვისაც ყოველთვის ვიქნები თქვენი მადლიერი, გკითხეთ დავრჩენილიყავი თუ არა ამ მოძღვრის მორჩილებაში. თქვენ პასუხად წარმოსთქვით არისტოტელეს ცნობილი ფრაზა, რომელიც მან თავისი მასწავლებლის, პლატონის შესახებ თქვა: "Платон мне дорог, но истина дороже". ამ სიტყვებმა ჩემზე ძლიერ იმოქმედა და მას შემდეგ ვცდილობ მუდამ ამ პრინციპით ვიცხოვრო. ჰოდა, კვლავაც ამ სიტყვების სულისკვეთების ერთგული ვრჩები და თქვენც ამას გისურვებთ!
No comments:
Post a Comment