გარეშე მეცნიერებისგან შეძენილი ცოდნა, არათუ მსგავსია, არამედ საწინააღმდეგოა ჭეშმარიტი და სულიერი სიბრძნისა, თუმცა ზოგიერთნი ვინაც ამ ცოდნას გამოედევნენ, თავადაც გზააბნეულნი, სხვების ცდუნებასაც ლამობენ. გაგიმხელთ გარეშე ფილოსოფოსთა მზაკვრობის საზარელ სიღრმეს. ბოროტმა ძალამ და მათ, ვინც დემონისაგან ისწავლეს მზაკვრული ბრძნობა, ჩვენგან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცნება მოიპარეს და მას ერთგვარ სატყუარად იყენებენ, რადგანაც ორი გამონათქვამი: “ეკრძალე თავსა შენსა” (2 სჯ. 15,9) და “შეიცან თავი შენი” (წარწერა აპოლონის ტაძარზე დელფოში) წააგავს ერთმანეთს. მაგრამ საკმარისია ჩავეძიოთ მეორე გამონათქვამის შინაარს, მყის აღმოვაჩენთ ამ ცრუსწავლების დამღუპველ მორევს: სულთა გადასახლების შესახებ ცრუმოძღვრების მიმდევარნი თვლიან, რომ ადამიანი მაშინ მიაღწევს თვითშემეცნებას და აღასრულებს ამ მცნებას, თუ გაიგებს, რომელ სხეულში ცხოვრობდა უწინ, რას აკეთებდა, რას სწავლობდა, ვინ იყო; ამას კი მაშინ მიხვდება, თუკი ბოროტი სულის მზაკვრულ რჩევებს აღასრულებს მორჩილად. აი ამას გულისხმობენ ისინი სიტყვებში - “შეიცან თავი შენი”, იმათ კი, ვინც ვერ ამჩნევს მათ მზაკვრობას ატყუებენ, თითქოს ჩვენი წმიდა მამების მოძღვრებასთან იყოს თანხმობაში მათი სიცრუე! სწორედ ამიტომ არ შეიწყნარეს პავლე და ბარნაბა მოციქულებმა ის ქალი, რომელიც მათ შესახებ ღაღადებდა: “ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი” (საქმ. 16,17), იცოდნენ ბოროტი ძალისა და მისი განდობილების მზაკვრული განზრახვანი, თუმცა თითქოსდა რა იყო ამ სიტყვებზე უფრო კეთილგონიერი? მაგრამ მოციქულებმა მყის შეიცნეს ის, ვინაც ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს - “იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად” და მისი მსახურები, რომლებიც “ვითარცა მსახურნი სიმართლისანი” (2 კორ. 11; 14-15) მოაჩვენებენ თავს, და ამიტომაც არ მიიღეს თვით ჭეშმარიტი სიტყვა, რადგან ცრუ ბაგეთაგან იყო ნათქვამი.
ასევე ჩვენც, გვესმის რა ელინთაგან თითქო კეთილგონიერი საუბრები, არც მათ ვთვლით კეთილგონიერებად და არც მოძღვართა და ბრძენთა რიცხვს არ მივაკუთვნებთ, თუმცა კი ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენგან (საღმრთო წერილიდან) აიღეს - ამაოდ არ უთქვამს ერთ პითაგორელს პლატონის შესახებ: “ვინ არის პლატონი, თუ არა ატიკელი მოსე?”, - თუმცა, ვიმეორებ, კარგად ცნობილია, რომ ყველაფერი კარგი მათ სწავლებაში ჩვენგან მიტაცებულია ყურმოკვრით, მაგრამ საკმარისია კარგად ჩავეძიოთ, რომ აშკარად დავინახავთ: ყველაფერი როდი გაიგეს მათ სწორად. დაე თუნდაც რომელიმე წმიდა მამა ამბობდეს იმას, რასაც გარეშე ფილოსოფოსები ასწავლიან, თანახვედრა მხოლოდ სიტყვებშია, აზრში კი უდიდესი განსხვავება: პირველთ პავლეს სიტყვებით “გონება ქრისტესი” (1 კორ. 2,16) შეუმოსავთ, მეორენი კი კაცობრივად განსჯიან, თუ უფრო უარესი არ ვიფიქრეთ. “ვითარცა განშორებულ არს ცა ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გაგონებანი თქუენნი გაგონებისაგან ჩემისა” (ესაია. 55, 9) - იტყვის უფალი. ეს ფილოსოფოსები თუნდაც რაიმეში, რომ იყვნენ თანხმობაში მოსესთან და სოლომონთან, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ეს მათ ღმერთისგან ეუწყათ, როდესაც მწვალებლებსაც კი, რომლებიც ქრისტეს მოსვლის შემდეგ ცდუნდნენ, ვერავინ უწოდებს ღვთის მოწაფეებს იმიტომ, რომ ეკლესიაში ნაქადაგები ჭეშმარიტება დაამახინჯეს. “ღმერთთა რომელთა ცაБ და ქუეყანა არ შექმნეს, წარწყმდედ ქუყანისაგან” (იერ. 10,11), და მათთან ერთად მათი გამომგონებელი თეოლოგები, დავამატებ მე წინასწარმეტყველის სიტყვებს. რაღა ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ირწმუნებიან, თითქოს ეს ფილოსოფოსები თანხმობაში არიან ჩვენს ღვთისმეტყველებასთან და უფრო მეტიც, თითქოს ისინი იყვნენ ჩვენი მამების მასწავლებლები და მათგან გვქონდეს ნასესხები მთავარი თეოლოგიური გამონათქვამნი? ამაზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვითხოვოთ “ნათლისაგან, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად”, იხსნას ისინი ამ საშინელი უმეცრების წყვდიადისგან და გაუნათოს გონება, რათა მიხვდნენ, რომ თვით გველისაგანაც შეიძლება სარგებლის მიღება, ოღონდაც ჯერ უნდა მოიკლას იგი, გაიფატროს, მისი შხამიდან წამალი მომზადდეს და მხოლოდ შემდეგ იქნას ეს საშუალება გამოყენებული გველისავე ნაკბენის სამკურნალოდ. ამდენადვეა სასარგებლო ჩვენთვის გარეშე ფილოსოფოსთა გამონაგონი, რათა ვისარგებლოთ მათი ცოდნით მათვე წინააღმდეგ, დავამარცხოთ ისინი მათივე მახვილით, ვითარცა დავითმა გოლიათი, რომელიც ამხედრებულა ჩვენს წინააღმდეგ და “რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა” (1 მეფ. 17,36), ბანაკსა ანუ ეკლესიასა, რომელსაც საღმრთო მოძღვრება უსწავლელ მეთევზეთაგან მიუღია.
გარეშე სიბრძნის შესწავლისას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გველის შემუსვრა, ანუ ამ სიბრძნისაგან წარმოშობილი ქედმაღლობის განადგურება - ოო! რა ძნელია ამის გაკეთება! რამეთუ როგორც ამბობენ, “ფილოსოფიური ამპარტავნება ვერ ეგუება თავმდაბლობას”. გველის მოკვლის შემდგომ აუცილებელია მისი თავისა და კუდის ანუ საკუთარ გონებაზე არასწორი წარმოდგენის, ღმერთზე, პირველსაწყისებზე, ქმნილებაზე გამოგონილი ზღაპრების მოკვეთა ანუ უარყოფა. შუა ნაწილის, ანუ ბუნების შესახებ მეცნიერების, გაწმენდა მავნე ბრძნობისაგან, რაც სულის მჭვრეტელობით უნარს ძალუძს მხოლოდ, ისევე, როგორც აფთიაქარები ასუფთავებენ გველის ტანს ცეცხლითა და წყლით ანუ დიდხანს დუღილით. ხედავთ, რამდენი შრომა და გამჭრიახობაა საჭირო გველისგან (გარეშე სიბრძნისგან) სარგებლის მისაღებად!
და მაინც, თუნდაც კეთილად ვისარგებლოთ კარგად განწმენდილ-გასუფთავებული გარეშე სიბრძნის საუკეთესო მხარეებით, რაც უკვე ბოროტება აღარ არის, მაშინაც კი ვერ დავუძახებთ მას საღმრთო და სულიერ ნიჭს, რადგანაც იგი ბუნებითი და არა ზეგარდამო მონიჭებული სიბრძნეა. ამიტომაც ეძახის მას “ხორციელს” საღმრთო სიბრძნის გამომეტყველი ბრძენი მოციქული პავლე. ჭეშმარიტად სამართლიანია, რომ გარეშე სიბრძნის მეცნიერნი პავლე მოციქულის მიერ ხორციელ ბრძნებად არიან სახელდებულნი.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment