შთაფლვით ნათლისღებისათვის

ბესარიონ კათოლიკოსი

თუ ვითარ ჩუენ მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილთა მამათასა სამ გზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთათა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოვლითურთ წინააღმდგომსა იქმენ, არცა ემბაზსა შინა სამგზის შთაყოფითა, არცა მხოლოდ მღვდელთაგან, არამედ ვითარცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელსცემენ.


ნათელმან სოფლისამან ქრისტემან ინება რა ხსნა კაცთა ნათესავისა, გარდამოხდა უხრწნელთა წიაღთაგან დაუსაბამოსა და უხილავისა მამისათა და იქმნა მსგავს ჩუენდა თვინიერ ცოდვისა, და იხილვა ვითარცა კაცი ორითა ბუნებითა ღვთაებისა და კაცებისათა, და ჩუენი ყოველივე თავს იდვა უცოდველნი საქმენი რათა ადამ აღიყვანოს პირველსავე პატივსა და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნნეს.

ხოლო პირველი და თავი გამოხსნისა ჩუენისა და ცხოვნებისა სხუა არა რა არს თვინიერ ნათლისღებისა და მეორედ შობა წყლისაგან და სულისა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, რამეთუ თვინიერ ამისა არა იქმნების ცხოვნება ჩუენი.

ამისთვის მან თავადმან ყოვლად უხრწნელად შობისა და ქუეყანასა ზედა ქცევისა მეოცდაათესა წელსა პირველად ესე მიიღო, და თავს იდვა უცოდველმან მან და ყოველთა ბილწებათაგან თავისუფალმან განბანა წყლითა, და განშიშვლებული შთახდა იორდანესა შინა მდინარესა ხელსა ქუეშე იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, და ნათელიღო, რომელსა დაუსაბამო იგი მამა უხილავად ეწამა, ზეგარდამო და თქუა ესე არს ძე ჩემი საყვარელი, ხოლო ხმა იგი დაამტკიცა ტრედის სახითა მოსრულმა სულმან წმიდამან, და ჩუენ დაგვიდვა სახე ესევითარი, რათა შიშუელნი შთავხდეთ წყალთა შინა ხელთა ქუეშე მღვდელისათა, და სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა აღმოვიშუნეთ, ვითარცა იგი თავადი წყალთა შინა ხელსა ქუეშე იოანესთა.

და ვითარცა იგი ხორციელად შიშუელნი ვიშუენით დედის მუცლითგან, ეგრეთვე მეორედ ვიშუნეთ სულიერად წყლისაგან და სულისა.

ვითარცა იგი თავადი ეტყოდა ნიკოდიმოსს სჯულის მოძღვარსა, ამენ, ამენ გეტყვი შენ, უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა (იოანე 3.3). ჰრქუა მას ნიკოდიმოს, ვითარ ხელეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუ უკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თვისისასა შესლვად მეორედ და შობად? მიუგო იესო და ჰრქუა მას, ამენ, ამენ გეტყვი შენ, უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკვირნ, რამეთუ გარქუ შენ ესე, ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობა. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ხმა მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინა მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას, ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? მიუგო იესო და ჰრქუა მას, შენნ ხარ მოძღუარი ისრაელისა და ესე არა იცია? (იოანე 5.10).
რასათვის ეტყვის ღმერთი ნიკოდიმოსს, შენ ხარ მოძღუარი ისრაელისა და ესე არა უწყია? ოდეს ეხილვა ანუ ასმიოდა სჯულსა შინა ნიკოდიმოსს ისრაელთა შორის ნათლისღება, თვინიერ იოანეს მიერ ნათლისმცემელისა, ხოლო მასაცა არა ხელეწიფებოდა სულისა წმიდისა მონიჭება, ვითარცა თვითვე თავადი იოანე ეტყოდა ჰურიათა ვითარმედ: მე ნათელ გცემ თუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.

და მოციქული პავლე მიიწია რა ეფესოდ პოვნა მოწაფენი, და ჰრქუა: უკეთუ სული წმიდა მიგიღებიეს და გრწამს, და მათ ჰრქუეს მას: არცაღა არს თუ სულიწმიდა გუასმიეს, ჰრქუა მათ პავლე, რათა უკუე ნათელგიღებიეს? ხოლო მათ ჰრქუეს მას, იოანეს ნათლისცემითა. ჰრქუა მათ პავლე, იოანე ნათელსცემდა ერსა და ეტყოდა მომავლისა მისთვის შემდგომად მისა, რათა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესო ქრისტე. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს, და დასხმითა ხელთა პავლესთათა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდა, იტყოდეს ენათა და წინასწარმეტყველებდეს (საქმე 19.1-6).

ესე ამისთვის ვთქუ ვითარმედ თვინიერ ამისა ნიკოდიმოსს არა ეხილვა ნათლისღება ისრაელთა შორის და ვერცა ლიტონითა წყლითა სინანულად და არა თუ მონიჭებითა სულისა წმიდისათა.

რასათვის ეტყვის ქრისტე, შენ ხარ მოძღუარი ისრაელისა და ესე არა უწყია? არამედ უკეთუმცა ძუელითგანვე წინას-წარმეტყველთაგან მოსწავებით არა თქმულ იყო და იგავით და სახით და უფროსად ჭეშმარიტებით არა ქმნილ იყო, არცა ღმერთი უბრძანებდა ნიკოდიმოსს, შენ ხარ მოძღუარი ისრაელისა და ესე არა უწყია? და უკეთუ სხუებ რადმე ქმნულ იყო სჯულსა შინა ნათლისღება ვითარცა ლათინნი იქმან მცირედისა წყლისა შეხებითა გინა სხურებითა, და არა შიშულივ წყალთა შინა აღმოშობა ძუელთა სჯულსა შინა. არცა ღმერთი უბრძანებდა ესრეთ ჯერარს თქუენდა მეორედ შობა, არცა თვით თავადი ღმერთი შიშუელი აღმოიშობოდა წყლისაგან, არცა კუალად ეტყოდა ნიკოდიმოსს, უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ცათასა.

აწ ვიტყოდით ძლითა სულისა წმიდისათა თუ ვითარ ძუელსა სჯულსა შინა მოესწავა ანუ ვითარ ასმიოდა ნიკოდიმოსს.

მოსე დიდი იგი წინასწარმეტყველთა შორის რაჟამს განიყვანებდა ისრაელთა ეგვიპტით, და განუპო ზღუა იგი მეწამული და განიყვანნა მას შინა არა ცხადი და ჭეშმარიტი ნათლისღებისა სახე იყოა? და წყლისაგან აღმოშობისა, ვითარცა განმარტებს მოციქული პავლე და იტყვის, არა მნებავს უმეცრება თქუენი ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყუნეს და ყოველნი ზღუასა განხდეს, და ყოველთა მოსეს მიერ ნათელიღეს ღრუბლითა მით და ზღვითა, და ყოველთა იგივე საზრდელი ჭამეს და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს, რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა რომელიცა შეუდგა, ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე, ესე არს ცხადი მეორედ შობა წყლითა, რამეთუ ესეოდენნი იგი სიმრავლე ისრაელთა ფერხითგან ვიდრე თავადმდე და მრავალ წელ უმაღლეს ზეშთა თავისა იყო წყალი იგი და ესრეთ განვლეს მას შინა.

ეგრეთვე დავითის მიერ თქმული გულისხმაყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღუნა დაამკვიდრნის და დაჯდეს ღმერთი მეუფედ უკუნისამდე.

რა არს ესე წყლით რღუნა რომელი უფალმან დაამკვიდრა? – ესე არს ჭეშმარიტად წმიდა ნათლისღება, რამეთუ ამით წარირღუნების ყოველი ბილწება ცოდვისა და შვილ ღვთისა და თანამკვიდრ ქრისტესა გუყოფს, და უკუეთუ არა იშუეს კაცი წყლისაგან, ანუ ისხუროს, ანუ ერთკერძო ასოთაგანცა იცხოს, ვითარ იქმნების წყლით რღუნა და ვითარ ერქუმის, უკეთუ უმრავლესი ასოთაგან დაშთეს წყლისაგან მიუახლებელი, არამედ მას ეწოდების წყლით რღუნა. რათა სრულიად შთახდეს კაცი წყალთა შინა და აღმოიშუეს და მას შინა განიბანოს ბიწი ხორცთა და სულისა სახელითა წმიდისა სამებისათა, ამას ეწოდების წყლით რღუნა, და ვითარცა ხორცთა ბიწი არა განიბანების და არა განირ[ე]ცხების უკუეთუ არა დაილტოს წყლითა, ეგრეთვე სულისა გულისხმაყა ყავ, დაღაცათუ თვინიერ სულისა წმიდისა არა იქმნების. არამედ ყოველივე საიდუმლო ხილულთაგან დამტკიცნების და უხილავთაგან სრულ იქმნების.

ეგრეთვე ელისეს მიერ წინასწარმეტყველისა სიღრმეთაგან წყლისათა რკინისა აღმოღება, ესეცა ნათლისღებისა განცხადებული სახე იყო, რამეთუ წყალთა შინა შთასლვითა და აღმოშობითა ვიქმნებით შვილ ღვთისა. და არა თუ გარეშე სხურებითა და შეხებითა. ეგრეთვე ნემან ასურისა იორდანესა შინა შიშულივ შთასლვა და აღმოსლვა ელისეს სიტყვითა და განწმედა კეთროვნებისაგან, ესეცა უმეტესი ნათლისღებისა სახე იყო, რამეთუ შიშულივ შთახდა წყალთა შინა და აღმოიშუა, და არა თუ ერთ კერძო იცხო ანუ თუ ისხურა.

ესე და ესევითარნი წარეკითხნეს ნიკოდიმოსს და მეცნიერ იყო. ამისთვის ეტყოდა ღმერთი, შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყია?

ამის ყოვლისა ვითარცა ჭეშმარიტად ზედამიწევნით მეცნიერი, წმიდა იოანე ნათლისმცემელი შიშუელთა ნათელსცემდა ჰურიათა იორდანესა შინა და ეტყოდა, რომელმან მომავლინა ნათლისცემად, მან მრქუა მე ესრეთ. და შემდგომი. (იოანე 1.33)

ეგრეთვე წმიდანი მოციქულნი ყოველნივე შიშუელთა ნათელ სცემდენ წყალთა შინა სამ გზის სახელსა ზედა წმიდისა სამებისა. ვითარცა წერილ არს ფილიპესთვის რაჟამს საჭურისსა მას ნათელსცა, რამეთუ ესრეთ წერილ არს: შთახდენ ორნივე წყალთა მათ შინა ფილიპე და საჭურისი იგი (საქმე მოციქულთა 8.38). ეგრეთვე წმიდა მოციქული პეტრე განშიშულებულთა ნათელსცემდა წყალთა შინა ვითარცა წმიდისა კლემენტოზის ცხოვრებასა შინა წერილ არს ვითარმედ მამა დედათა წმიდისა კლემენტოზისასა და სხუათა ურიცხუთა ერთა შიშუელთა ნათელსცა მდინარესა შინა.

კუალად წმიდისა პანკრატ მოციქულისა ცხოვრებასა შინა წერილ არს რომელი იყო მოწაფე წმიდისა პეტრესი, და ესეცა ურიცხუთა ერთა შიშუელთა ნათელსცემდა მდინარეთა შინა, ხოლო ამის პირისათვის მრავალი გუაქუს მოსახსენებელი წმიდათა წერილთაგან და ცხოვრებისაგან წმიდათა მოციქულთასა, ვითარმედ ყოველნივე შიშუელთა წყალთა შინა ნათელსცემდენ არამედ შეუძლებელ იყო ყოვლისავე თვითეულად აღწერა, გარნა მცირეთღა ოდენ აღვწერო რათა ცხად იქმნას ჭეშმარიტება.

კუალად გრიგოლი პართეველმან განმანათლებელმან სომხითისამან, მეფესა თრდატს და ერსა მისსა რიცხვისა უმრავლესსა, მდინარესა შინა დიდსა შიშუელთა ნათელსცა, ვითარცა წერილ-არს ვრცელად ცხოვრებასა შინა მისსა.

ამისათვის განეწესა ეკლესიასა შინა წმიდათა მოციქულთა მიერ ემბაზსა შინა ანუ თუ მდინარესა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა ნათლისცემა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განწესებისაებრ წმიდათა მოციქულთასა, რომელი აღწერა წმიდამან კლემენტოს ბრძანებითა წმიდათა თავთა მოციქულთა, რომელსაცა დაამტკიცებს კრებაცა იგი პირველი ნიკიისა სამას ათრვამეტთ მამათა, რომელსა შინა წერილ არს ესრეთ, ვითარმედ უკუეთუ ვინმე არა სამგზის შთაყოფითა ნათელ სცესო სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა, იყავნ შეჩუენებულ, ეგრეთვე ყოველნი კრებანი დაამტკიცებენ. ვითარცა იტყვის მოციქული პავლე, ვითარმედ ძმანო რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, და შემდგომი (ჰრომაელთა 6.3). რამეთუ თანადაფლვასა ხმობს წყალთა შინა მოციქული არა თუ სხურებასა ანუ თუ ცხებასა ნუ იყოფინ.

ხოლო წმიდა სილიბისტრო პაპა ჰრომისა დიდსა ემბაზსა შინა ნათელსცემდა მრავალთა. ვითარცა დიდსა კონსტანტინეს მასავე ემბაზსა შინა ნათელ-სცა და ყოველთა მთავართა მისთა და აწცა ვიდრე დღეინდელად დღედმდე იგივე ემბაზი დგას მასვე მოციქულთა ეკლესიასა შინა, და სხუა მეორე უდიდესი ემბაზი მდგომარე არს მასვე ეკლესიასა შინა საკდემელად და პირისდასაყოფელად მათდა, რომელნი გარდახდებიან განწესებასა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა.

აწ ვჰკითხოთ მოსავთა პაპისათა, თუ რა სიტყუა აქუსთ, რომელნი სხურებითა წყლისათა ანუ თუ მცირისა წუეთისა შეხებითა ნათელსცემენ, გინა თუ მღუდელნი ანუ თუ ერის კაცნი, გინა თუ დედანი, რომელნიცა დახუდეს, ეგრეთ ნათელსცემენ და ნათლისა წილ დაუტევებენ ბნელსა შინა სრულიად განუნათლებელსა, უკეთუ წმიდანი მოციქულნი და ღმერთშემოსილნი მამანი ესრეთ ნათელსცემდნენ, და წმიდა სილიბისტრო პაპა ჰრომისა მობაძავ მოციქულთა და შვიდნივე მსოფლიონი კრებანი ესრეთ განაწესებენ, რათა ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა ნათელსცემდენ. თვით თავადისა ქრისტეს ჭეშმარიტისა სჯულის მდებელისა მოძღვრებისაებრ, რამეთუ მანცა შიშუელმან შთასრულმან იორდანესა შინა ნათელ-იღო ხელსა ქუეშე იოანესა, რომელი იყო სამღუდელოსა ტომისაგან, თვით მღვდელთმოძღვრისა ზაქარიას ძე და არა სადა წერილ არს არცა სმენილ თუმცა თვინიერ ამისა რომელი მოვიხსენეთ სხუებრ ვისმე ნათელეღო, რომელსა აწ ჰყოფენ მოსავნი პაპისანი, და ესრეთ ყოველთავე სამეუფოსა სჯულსა დაჰხსნიან და გარდავლენ საზღუარსა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა, და არა გულისხმაყოფენ ბრძანებასა ღმრთისასა, რომელსა იტყვის, რომელმან დაჰხსნას ერთი მცირეთა ამათ მცნებათაგანი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა (მათე 5.19). ესე იგი არს ვითარმედ შეურაცხ იქმნეს და უპატიო და დაისაჯოს მეორედ მოსლვასა მას საშინელსა წინაშე საყდართა ქრისტესთა, რამეთუ სასუფევლად მოსლვასა მას თვისსა უწოდა თარგმანებისაებრ წმიდისა ოქროპირისა.

და უკეთუ მცირეთა მცნებათა დახსნისათვის ესოდენი საშინელი სასჯელი განაწესა მეუფემან, რომელი არს ამისა უდიდესი მცნება, ანუ რომელი არს ამისა უაღრესი და უპირატესი სჯულისდება, რომელი თვით თავადმან პირველად ესე აღასრულა, რაჟამს გამოუცხადა თავი თვისი სოფელსა, და საქმით გუასწავა განშიშულებულთა წყალთა შინა ნათლისცემა, და ნიკოდიმოსცა ესრეთვე სჯულ-უდვა და ჰრქუა, უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ღვთისა. ამას შინა დაჰხსნიან და გარდახდებიან და არა ეშინისთ სასჯელთაგან, არცა შეიკდემენ ესეოდენთა უწესობათაგან, და იტყვიან, რომელსაცა ასოსა გუამისასა შეეხების წყალი სრულიად განწმედილი შეიქმნებისო. ამის სიტყვისა გარეშე საღმრთოსა სიტყუათასა იტყვიან, რამეთუ არავინა ჰყავთ მოწამე ამისი, არცა ვისგან სმენილ არს, თუმცა ესრეთ ნათელ ეცა, ანუმცა იგავით მოესწავებინა რომლისამე, არამედ თვით თავით თვისით დაჰხსნეს სამეუფო ესე სჯულისდება, და თვით განაწესეს უწესო ესე მოძღვრება, ვითარცა სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს, და შემდგომი (ჰრომაელთა 1.22).

ვინათგან მეორედ შობა უბრძანებია ღმერთსა წყლისაგან და სულისა ესე არს შობა იგი, რამეთუ ვითარცა ყრმა იშუების მუცლისაგან დედისა თვისისა, ეგრეთ ჯერ არს ჩუენდა მეორედ შობა წყლისაგან ემბაზსა შინა გინა თუ მდინარეთა შინა და არა ერთ კერძოსა ასოსა დალტობა და სხვისა განხმობა იქმნების რათამცა ერთი რომელიმე ასო იშუას, გინა თუ თავი, ანუ სხუა რომელიმე ასო დედის მუცლითაგან, და სხუა იგი გუამი დაშთეს მუცელსა შინა დედისასა, თუმცა ერქუა შობა ანუმცა სრული კაცი იყო იგი, ანუმცა ითქუმოდა ყოვლადვე კაცად, რამეთუ ვერცაღა ყოვლად სიცოცხლედ შემძლებელ არს მოსლვად.
ეგრეთვე არცა ესე იქმნების თუმცა ერთსა ასოსა მიაახლოს წყალი და სხუა იგი დაშთეს ყოვლად განუბანელი და შეირაცხამცა იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, არცა იქმნების მეორედ შობა.

ესრეთ გარდავლენ ყოველსა წესსა და კანონსა მოციქულთა და მამათასა, არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის, არცა მარტოდ ოდენ მღვდლისა მიერ, არამედ უკეთუ მღვდელი მუნ არა იყოს ერისაგანი, მამაკაცნი უფროისღა დედაკაცნი ყოველნივე ნათელსცემენ თვინიერ მღუდელისა, რომელი ესე არასადა სმენილ არს და თუმცა სადავე იშვით [იშვიათ] სმენილ არს ერთგზის ოდესმე და ვჰგონებ თუ არცა ერთგზის სადავე სმენილ არს, რამეთუ იშვიათი  საქმე არა დაიწესების სჯულად, არამედ სჯულისდება ქრისტესი და წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა და მობაძავთა მათთა ღვთისმეტყველთა მამათა არს მტკიცე და უცვალებელი, რამეთუ იგი ბრძანებს, ცანი და ქუეყანა წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა სადა წარხდენ. ესე ბრძანება და განწესება ქრისტესი უნდა დაიხსნეს, ხოლო ბრძანება და განწესება პაპისა ჯერარს რათა მტკიცე იყოს და უცვალებელ, რამეთუ დღითი-დღე სცვალებს წესსა და საზღუარსა მამათასა, და თვისსა მას სჯულისდებასა გარეშე მოძღვრებისა წმიდათასა უმოძღურის ყოველთა.

რამეთუ მათგან არს ახლადდადებული ესე კანონნი, რათა არცა ემბაზსა შინა წყლითა ნათელსცემდენ სამგზის შთასლვითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა და მიერ აღმოშობითა ხელითა მღუდელთათა, არამედ ვითარცა ვთქუ მცირისა წყლისა შეხებითა და უმღდელოსა კაცისა მიერ, გინა დედაკაცისა. ესე არს სჯულისდება მათი და სხუაცა მრავალი უწესობა.

“გრდემლი”
S-ფონდი 3269

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009.

© გამომცემლობა "ორთოდოქსი"





No comments:

Post a Comment