ღირსი პლატონ სტუდიელი (735-814), წმ. თეოდორეს დედის ძმა, კონსტანტინოპოლში დაიბადა დიდგვაროვან და კეთილმორწმუნე ოჯახში. პლატონი ბავშვობაში დაობლდა (მისი მშობლები შავი ჭირის ეპიდემიის დროს გარდაიცვალნენ), მაგრამ მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრის წყალობით საუკეთესო განათლება, შემდგომ კი იმპერატორის კარზე დიდი თანამდებობა მიიღო. 24 წლის ასაკში ყველასათვის მოულოდნელად პლატონი ტოვებს თავის სამსახურს სახელმწიფო ხაზინაში, ყიდის ქონებას, ფულს გლახაკებს ურიგებს და ბითვინიის ოლიმპზე მდებარე მონასტერში მიდის. მონასტერში მოსაგრეობით პლატონმა მალე დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. მისი ხელსაქმე საღმრთო წიგნების გადაწერა და გამშვენება იყო, რასაც უაღრესად დახვეწილად აკეთებდა. 787 წელს პლატონი უკვე საკკუდიონის მონასტრის იღუმენია, იგი მონაწილეობას ღებულობს VII მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელიც ქალაქ ნიკეაში შედგა და რომელზეც ხატმბრძოლობა ანათემას გადასცეს, როგორც მწვალებლობა. პლატონის ხელმოწერა არის კრების აქტებზე. 797 წელს, მას შემდეგ, რაც წმ. პლატონმა არ სცნო იმპერატორ კონსტანტინე VI-ის უკანონო ქორწინება, იგი დედაქალაქში ჩაჰყავთ და ციხეში ამწყვდევენ. მეთვალყურეობა პლატონზე, როგორც უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერზე, იკონომოს იოსებს დაავალეს. სწორედ ამ იოსებმა დასწერა ჯვარი მეფეს. ციხეში იმპერატორმა პლატონს რამდენჯერმე მიუგზავნა ეპისკოპოსები, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ იგი “იკონომიის” აუცილებლობაში, მაგრამ ამაოდ. წმიდანის და - მონაზონი თეოქტისტა დედაქალაქში ჩადის და ცდილობს თავისი ნაცნობობის გამოყენებას, რათა როგორმე შეუმსუბუქოს ძმას უმძიმეს პირობებში სატუსაღოში ყოფნა, მაგრამ იმპერატორის რისხვას იმსახურებს და თავად აპატიმრებენ ერთი თვით. 809-811 წლების გადასახლებამ პლატონის ჯანმრთელობაზე უკიდურესად ცუდად იმოქმედა, როდესაც სტუდიელთა მონასტერში დაბრუნდა, მას ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. 814 წლის 5 აპრილს წმ. პლატონი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იგი პატრიარქმა ნიკიფორემ ინახულა, გამოემშვიდობა მას და მეოხება სთხოვა ღმრთის წინაშე.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment