გუშინ, წმიდა ერგასის განზოგებას, მეთვრამეტე დღეს ამ თვისა, პატრიარქმა პეტრე კონსტანტინოპოლელმა გამომიცხადა: “რომელ ეკლესიას ეკუთვნი? ბიზანტიისას, რომისას, ანტიოქიისას, ალექსანდრიისას თუ იერუსალიმისას? აი, ყველა ეს ეკლესია თავისი ეპარქიებით გაერთიანდა ერთმანეთთან. ასე რომ, თუკი შენ, როგორც ამბობ, ეკუთვნი კათოლიკე ეკლესიას, შემოგვიერთდი, რათა არ შემოიტანო რაიმე სიახლე და უცნაურობა, და არ შეგემთხვეს ის, რასაც არ ელოდები”.
მე მას ვუპასუხე: “კათოლიკე ეკლესია, მართლაღსარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმა, ოდეს ნეტარება მისცა მოციქულსა პეტრეს და უთხრა: კლდესა ზედა, ანუ მართლაღსარებასა ზედა, აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. თუმცა მსურს გავიგო ის აღმსარებლობა, რომელიც საფუძვლად დაედო თქვენს საყოველთაო ერთობას, და თუკი ყოველივე ეს ჭეშმარიტების საფუძველზეა კეთილად აღშენებული, არც მე განგეშორებით”.
მათ მითხრეს: “მართალია, ამის თაობაზე კურთხევა არა გვაქვს, მაგრამ გეტყვით, რათა ვეღარ შესძლო თავის მართლება. ვაღიარებთ ორ მოქმედებას მათი განსხვავების გამო და ერთ მოქმედებას მათი შეერთების შემდეგ”. მე ვკითხე: “ამბობთ ორს და მათი შეერთების შემდეგ ამბობთ, რომ მოქმედება გახდა ერთი, თუ გულისხმობთ მათ გარდა კიდევ რაიმე სხვა მოქმედებას?”
“არა, - მიპასუხეს, - არამედ ორი მოქმედება გახდა ერთი, მათი შეერთების შედეგად” “ჩვენი საუბარი უსაგნო გახდა, - ვუთხარი მე - რადგან თქვენ უსაფუძვლო რწმენა და არარსებული ღმერთი გამოგიგონიათ, რადგან თუ ერთში ჩავასხამთ ორ მოქმედებას მათი შეერთების მიზეზით და შემდეგ ისევ ორად გავყოფთ მათი განსხვავებულობის ნიშნით, მაშინ არც ერთობა იქნება და არც მოქმედება მრჩობლი, რადგანაც ისინი ყოველთვის ერთმანეთისგან განადგურდებიან და უმოქმედოს გახდიან მას, ვისაც ეს მოქმედებანი ბუნებით ეკუთვნის, ასევე ყოველგვარ არსებობას მოკლებულს, რადგანაც მამათა სწავლებით, დამახასიათებელ მოქმედებათა არმქონეს არც არანაირი არსება არ გააჩნია. ამიტომაც არ შემიძლია ამის აღიარება, რასაც თქვენ ასწავლით, რადგან წმიდა მამათაგან მსგავსი არაფერი მსმენია. ასე რომ, რაც გინდათ და რაც ნაბრძანები გაქვთ, ის აღასრულეთ ჩემზე”.
“მოგვისმინე ესეც, - თქვეს მათ, - მეფეს და პატრიარქს, რომის პაპის განჩინებით ნებავთ, რომ ანათემას გადაგცენ დაუმორჩილებლობის გამო, შემდეგ კი სიკვდილით დაგსაჯონ.”
“დაე, აღესრულოს ყოველივე ის, რაც უწინარეს ყოველთა საუკუნეთა განიზრახა ჩემთვის ღმერთმა სადიდებელად მისი ყოვლაწმიდა სახელისა”. - იყო ჩემი პასუხი.
მოგითხრობ ამას, რათა კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით გააძლიერო ლოცვა-ვედრება წინაშე ღმრთისა და რათა ყოველივე შეატყობინო ჩვენს წმიდა მამებს. შესწირეთ ლოცვა უფალს ჩვენი საერთო დედისთვის - კათოლიკე ეკლესიისთვის, ჩვენ უძლურთათვის და ყოველთა გაძლიერებისათვის მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, რომელიც გვიქადაგეს წმიდა მამებმა. ახლა, როდესაც ეკლესია ყველასაგან იდევნება, უდიდეს შეძრწუნებას განიცდიდა მთელი ქვეყნიერება, რომ არა მისი მადლი, ვინც ყოველთვის გვთავაზობს თავის დახმარებას და ვინც კეთილმსახურების თესლს კვლავაც გადაარჩენს და ტოვებს “რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი, და მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი” (ლუკ. 22,32).
(“Прп. Максим Исповедник: полемика с оригенизмом
и моноэнергизмом”, Документы часть I, стр. 199-201. СПБ. 2007 г.)
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment