ბოსტონის მიტროპოლიტი ეფრემი
ამა წლის (1998 წ.) ოქტომბერში, საქართველოს საპატრიარქოს სინოდი შეიკრიბა შამბეზის, ბალამანდის, ანტიოქიის 1991 წლის დოკუმენტებისა და "განშტოებათა თეორიის", აგრეთვე ფინეთის ეკლესიის მიერ დასავლური პასქალიის გამოყენების საკითხის განსახილველად.
თუ გავითვალისწინებთ ახლო წარსულში საქართველოს საპატრიარქოს თავგამოდებულ მონაწილეობას ეკუმენიზმის პან-ერესში, ოქტომბრის რეზოლუცია საკმაოდ მოულოდნელია. მათთვის, ვისთვისაც ჭეშმარიტად ძვირფასია მართლმადიდებლობა, სინოდის დადგენილების ჟღერადობა იმედისმომცემ შთაბეჭდილებას ახდენს. რჩება ერთადერთი პრობლემა: მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური საზომის გამოყენებით ეს რეზოლუცია მეტად შეზღუდული სივრცით შემოიფარგლება და შესაბამისად ეკუმენიზმის ბორკილებიდან თავის დაღწევას მაინც ვერ ახერხებს.
ქრისტიანული თანაგრძნობით მოკლედ განვიხილოთ საქართველოს საპატრიარქოს სინოდის ეს დადგენილება.
მიუღებლადაა მიჩნეული შამბეზის შეთანხმება მონოფიზიტებთან, მაგრამ არსად არ არის გაანალიზებული, თუ რატომაა იგი მიუღებელი, ე. ი. არამართლმადიდებლური. იმიტომ ხომ არა, რომ ყველასთვის საცნაური არ გახდეს მათი არამართლმადიდებლობა, ვინც ამ დოკუმენტს მისაღებად მიიჩნევს. ესენი არიან დანარჩენი ოფიციალური საპატრიარქოები, რომლებიც უკვე 9 წელია ამ დოკუმენტის დადგომის ნაცვლად დუმილს არჩევენ, რის გამოც შამბეზის ხელშეკრულების მიხედვით ოთხი წმინდა მსოფლიო კრების უარისმყოფელთა რიგებში დგებიან.
იგივე შეიძლება ითქვას ბალამანდის დოკუმენტის შესახებ. თუკი ამ შეთანხმებით რომის კათოლიკენი და მართლმადიდებელნი "და ეკლესიები" არიან და ორთავეს სამოციქულო ნათლისღება, ევქარისტია და მღვდლობა გააჩნია სამოციქულო ტრადიციასთან და სარწმუნოებასთან ერთად, მაშინ როგორღა მივიჩნიოთ მართლმადიდებლებად ისინი, ვინაც ხელს აწერს და პრაქტიკაშიც ნერგავს ჭეშმარიტების ამდაგვარ ღალატს? სამწუხაროდ, სინოდის დადგენილება ამის თაობაზეც დუმს.
ეკლესიის წმინდა კრებები და მამები იღვწოდნენ, რათა ყველა მართლმადიდებელს ქრისტიანული დღესასწაულები ერთსა და იმავე დღეს აღენიშნა. უკვე 70 წელზე მეტია, რაც ფინეთის ეკლესია არამართლმადიდებლებთან ერთად აღნიშნავს თვით აღდგომის დღესასწაულსაც კი (რომელიც ზოგჯერი იუდეველების პასექსაც კი ემთხვევა). დღესასწაულობენ მათთან ერთად, რომელთა უმრავლესობასაც რა ხანია აღარ სწამთ ქრისტეს ხორციელი აღდგომა. ანათემის ქვეშ მყოფი ფინეთის ეკლესია კი სინოდის მიერ მხოლოდ მცირედი კანონიკური დარღვევის ჩამდენადაა მიჩნეული.
რაც შეეხება "განშტოებათა თეორიას", რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს სინოდი სამართლიანად აკრიტიკებს, იგი მთლიანად მხარდაჭერილ იქნა სტამბულის 1992 წლის "ყოველთა მართლმადიდებელთა" შეხვედრაზე. იქ შეკრებილ პატრიარქთა და მთავარეპისკოპოსთა მიერ იქნა გამოცხადებული, რომ სქიზმატიკოსებად მხოლოდ (!) მეძველსტილეები ითვლებიან. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მწვალებლებთან თანალოცვაში არმონაწილეობა რეკომენდირებულია თესალონიკის 1998 წლის მაისის შეხვედრაზე. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება (საერთო ლოცვაში არ მონაწილეობა) მიღებულ იქნა მხოლოდ ე.მ.ს.-ის VIII ასამბლეისათვის ზიმბაბვეში (იხ. თესალონიკის დოკუმენტი) და არ გულისხმობდა საზოგადოდ მწვალებლებთან თანალოცვას. თუმცა, ეს შეთანხმებაც კი უსინდისოდ იქნა დარღვეული, რადგან "მართლმადიდებელმა" დელეგატებმა ე.მ.ს.-ის ასამბლეაზე აღსრულებულ უკლებლივ ყველა რიტუალში მიიღეს მონაწილეობა.
ამას გარდა, საქ. საპატრიარქოს სინოდის დადგენილება კიდევ სხვა რამდენიმე გაურკვევლობასაც ბადებს:
1) თუკი დადგენილებაში გამოხატული პოზიცია მუდამ წარმოადგენდა საპატრიარქოს აღმსარებლობას, მაშინ რატომ განაცხადა პატრიარქმა ილია II-მ 1994 წლის გაზაფხულზე სვეტიცხოვლის ამბიონიდან, რომ "აღმოსავლეთის (ორიენტალურმა) "მართლმადიდებლებმა" აღიარეს შვიდი მსოფლიო კრება და მართლმადიდებლობა მიიღესო". და ეს მაშინ ითქვა, როდესაც საქართველოში იმყოფებოდნენ შვეიცარიის მიტროპოლიტი დამასკინოსი (შამბეზის დოკუმენტის ავტორი) და ათენის უნივერსიტეტის პროფესორი ფიდასი, რომლებიც იმხანად აქტიურ პროპაგანდას უწევდნენ მონოფიზიტებთან უნიას.
2) სინოდზე არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატრიარქო კვლავაც აგრძელებს ეკუმენისტურ კონტაქტებს (მაგ. ილია II-ის ვიზიტი ა.შ.შ-ში, შეხვედრები სხვადასხვა მწვალებლურ მიმდინარეობათა ლიდერებთან და მონაწილეობა "ეკუმენისტურ დოქსოლოგიაში").
3) სინოდის დადგენილება გვერდს უვლის უწინდელ ეკუმენისტურ განცხადებებსა და შეთანხმებებს, როგორიცაა 1054 წლის ანათემთა "მოხსნა" კონსტანტინეპოლსა და რომს შორის. მიუხედავად ანათემთა "მოხსნისა" (რომელიც სრულად უკანონოდ განხორციელდა, რადგან რომი კვლავაც ჯიუტად აღიარებს თავის ძველსა და ახალ მწვალებლურ დოგმატებს), საქართველოს საპატრიარქო სრულ ევქარისტიულ ერთობაში რჩება კონსტანტინეპოლთან. სინამდვილეში, ანათემთა ამდაგვარმა "მოხსნამ" კონსტანტინეპოლის საპატრიარქო და მასთან ერთობაში მყოფი საყდრები თავად დააყენა 1054 წლის ანათემის ქვეშ, რამეთუ წმიდა მამათა სწავლებით: "ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე მათი ხვედრის ღირსი იყოს" (წმ. თეოდორე სტუდიელი, P G. 99, 1028 B).
4) სინოდის დადგენილება არ შეიცავს არანაირ მყარ სწავლებას პროტესტანტული ეკუმენიზმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი იმ ეკუმენიზმის წინააღმდეგ, რომელიც "მართლმადიდებელი" ეპისკოპოსებისა და პატრიარქების პრაქტიკულ საქმიანობად იქცა. უფრო მეტიც, დადგენილებაში ერთხელაც არ არის ნათქვამი სიტყვა "ეკუმენიზმი", თითქოს ამგვარი რამ არც კი არსებობდეს ბუნებაში.
5) და ბოლოს, ყველაზე საწყენი და ტრაგიკული ის არის, რომ ქართული სინოდი კვლავაც სრულ ერთობაში რჩება ეკუმენისტ პატრიარქებთან და არც მათ "მოღვაწეობას" განსჯის, როგორც ამას საეკლესიო კანონები და წმინდა მამათა მოძღვრება მოითხოვს. მივბაძოთ წმ. მაქსიმე აღმსარებელს, რომელიც ბრძანებდა: "...უწესონი შეცვალებანი სარწმუნოებისანი ყოველმან სოფელმან უწყის; ამის მიზეზისათვის არა ვეზიარები ეკლესიასა კონსტანტინეპოლისასა. აწ უკვე დამაბრკოლებელნი იგი მიზეზნი განყარნენ მათ თანა, რომელთა მოიპოვნეს, და ყოველი ეკალი და კუროსთავი და ყოველი ღვარძლი წვალებისა აღმოფხურან, და მართალსა მას და წრფელსა გზასა სახარებისას ვიდოდინ, და მეცა უეჭუელად შეუდგე მათ. ვიდრემდის კულა ბოროტთა მათ ღუარძლთა, დათესილთა ეკლესიასა შინა, და მთესვართა მათთა შეიტკბობენ, არარითა სახითა ეგების ჩემი მათ თანა ზიარება... რამეთუ მწერალნი მისნი (მწვალებლურ მოძღვრებათა და შეთანხმებათა - ავტ.) და გამომეტყველნი იხსენებიან ეკლესიასა შინა" (ცხოვრება ღირსისა მამისა მაქსიმე აღმსარებლისა).
ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო მოვალენი ვართ დავასკვნათ, რომ რაოდენ დადებითადაც არ უნდა ჩანდეს საქართველოს საპატრიარქოს სინოდის ეს დადგენილება, ის არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცე და ღრმა მართლმადიდებლურ პოზიციად, რომელზედაც უნდა იდგნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონე ეპისკოპოსნი. მართალია, სინოდის დადგენილება გარკვეული ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ საპატრიარქოს მიერ გამოყენებულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ეს დადგენილება თავისი სულისკვეთებით ჯერ კიდევ "მიუღებელია". ჩვენ იმედს ვიტოვებთ და ვლოცულობთ, რათა საპატრიარქოს სინოდს წმ. მაქსიმე აღმსარებლისა და სხვა მრავალი წმინდანის მაგალითის მიბაძვით ეყოს გამბედაობა და გაწყვიტოს კავშირი მათთან, ვინც იმას ქადაგებს, რაც "მიუღებელია" მართლმადიდებელთათვის და გაემიჯნოს მათ, ვინც მონაწილეობას აგრძელებს "მიუღებელ" ეკუმენისტურ რიტუალებსა და შეთანხმებებში მწვალებლებთან.
"სარწმუნოების საკითხებში შეუძლებელია იყოს რაიმე კომპრომისი"
(წმ. მარკოზ ეფესელი). ამინ.
1998 წ.
No comments:
Post a Comment