ღირსი ნავკრატი სტუდიელი (+848), იკონომოსი იყო სტუდიელთა მონასტერში წმ. თეოდორეს იღუმენობის დროს. წმ. თეოდორეს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ნავკრატი მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდა. მასვე ეკუთვნის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე წმ. თეოდორეს გარდაცვალების შესახებ, რომელშიც აღწერილია დიდი აღმსარებლის უკანასკნელი დღეები. წმ. ნავკრატი მუდამ ერთგული იყო წმ. თეოდორესი, მორჩილსა და მოძღვარს შორის საოცარი სიყვარული სუფევდა. შემონახულია უამრავი წერილი ნავკრატისადმი, სადაც წმ. თეოდორე აქებს თავის მოწაფეს სულიერი ღვაწლისთვის, მოშურნეობისათვის, მწუხარებათა დათმენისათვის. ლეონ სომეხის დროს, ნავკრატი სხვა ცნობილ ბერებთან და იღუმენებთან ერთად გამოძახებულ იქნა საჯარო დისპუტზე იოანე გრამატიკოსთან. წმ. ნავკრატი მხნედ აღუდგა წინ “დიდ სოფისტს”, ბრძნულად აუღო ალღო მის სიცბიერესა და მზაკვრობას, და საჯაროდ სძლია მას დისპუტში. წმ. თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ, ნავკრატი სტუდიელთა იღუმენად იქნა არჩეული.
845-846 წლებში, სტუდიელებს ძლიერ დაუპირისპირდა წმ. პატრიარქი მეთოდე. ცდილობდა რა განემტკიცებინა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ავტორიტეტი, პატრიარქი ისეთ უკიდურეს ზომამდე მივიდა, რომ სტუდიელებს მოსთხოვა, გაენადგურებინათ წმ. თეოდორეს პოლემიკური ეპისტოლეები, რომლებიც პატრიარქების, ტარასისა და ნიკიფორეს დროს დაიწერა, და არა მარტო გაენადგურებინათ, არამედ ანათემისთვის გადაეცათ ისინი. ეს მოთხოვნები სტუდიელთათვის, ცხადია, მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც ეს ნიშნავდა მათი დიდი იღუმენის დამნაშავედ ცნობას, და ამიტომ მათ უარი განაცხადეს პატრიარქის მოთხოვნის აღსრულებაზე. პასუხად პატრიარქმა მეთოდემ სტუდიელები განკვეთა ეკლესიიდან, როგორც სქიზმატიკოსები და ანათემას გადასცა ისინი. მან არ სცნო წმ. ნავკრატი იღუმენად, ხოლო წმ. თეოდორეს შესახებ განაცხადა, რომ თითქოს იგი განვარდნილი იყო ეკლესიიდან პატრიარქთა მიმართ დაუმორჩილებლობის გამო და მხოლოდ მოგვიანებით შეუერთდა ეკლესიას, რითაც “მორჩილების მაგალითი” მისცა მრავალთ. ამგვარად გამოდიოდა, რომ წმ. თეოდორე იყო სქიზმატიკოსი (განხეთქილების მოქმედი) და ეკლესიაში პატრიარქ ნიკიფორეს მიერ იქნა მიღებული სინანულით.
სინამდვილეში კი, საქმე სრულიად სხვაგვარად იყო. წმ. თეოდორე ცხადია შეურიგდა როგორც წმ. ტარასის ასევე წმ. ნიკიფორეს, მაგრამ იმ იძულებითი “იკონომიებისთვის”, რომლებიც მათ იმპერატორთა ზეწოლისა და მუქარების გამო დაუშვეს, თავად პატრიარქებს მოუხდათ შემდგომ თავის მართლება, ხოლო წმ. თეოდორეს ორივე უდიდეს პატივს სცემდა, როგორც აღმსარებელს.
არავინ იცის, სადამდე მივიდოდა ეს უმწვავესი კონფლიქტი, რომელიც პატრიარქმა წამოიწყო, რომ არა წმ. მეთოდეს უეცარი სიკვდილი 847 წლის 14 ივნისს. ახალმა პატრიარქმა წმ ეგნატემ, დაუყოვნებლივ გააუქმა ყველა ანათემა და აკრძალვა სტუდიელთა მიმართ და საეკლესიო მშვიდობა კვლავ აღსდგა. 848 წლის 18 აპრილს, წმ. ნავკრატი გარდაიცვალა.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment