უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი,
მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან.
ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი,
არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი
(მათ. ვ,იდ.)
ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რამოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა და შფოთსა, არ ეტყვისა იგი მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ იყვნეთ ჩემთვის საყვარელ, გიყვარდეთ თქვენცა ერთსა მეორე; შეურიგდით ურთი-ერთსა და მიუტევეთ შეცოდებანი ერთმა მეორესა. ეგრეთვე უნდა ვიფიქროთ მამასა ზედა ჩვენსა ზეციერსა.
მოახლებულ-არიან დღენი დიდისა მარხვისანი: ვალისამებრ ჩვენისა, წმიდათა ამათ დღეთა შინა ჩვენ უნდა მოვინანოთ ცოდვანი ჩვენნი და მივიღოთ წმიდა საიდუმლო. გარნა უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა მოძღვართან და აღუარებ ცოდვათა შენთა, მოელი მისგან, რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტე ცოდვათა შენთა? უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი. მოძღვარსა შენსა ვერ ძალ-უძს განტევება ცოდვათა შენთა, უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილ-იყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა, მაცხოვარი გვეტყოდა, თუ საკმაო ყოფილ-იყო მხოლოდ მარხვა, გრძელი ლოცვა, მრავალი მეტანიის ყრა, მისაღებლად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა, წინათვე გვეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად ამათ ყოველთა, ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა, რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა.
ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არაოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვასთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალ-გზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა, მაშასადამე შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულ-წრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი.
ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ჩვენ აქა მყოფთა და აქ მცხოვრებთა უმეტესად უნდა გვახსოვდეს და ვასრულებდეთ ამ მცნებასა, მისთვის, რომელ ჩვენ ნამეტნავად ვართ მიდრეკილნი მტრობისა და შურის-ძიებისადმი და ამასთანავე, მიზეზნი ჩვენის განხეთქილებისა და ურთიერთ-შორის უკმაყოფილებისა თითქმის ყოველთვის არიან ფრიად წვრილნი და მცირე ფასისანი. საუბედუროთ, თვით ხასიათითა ვართ ჩვენ გულ-ფიცხელნი, ადვილად დავემდურებით და ხშირად უსაფუძვლოდ და ემიზეზოდ გადავემტერებით ერთი მეორესა. ჭეშმარიტად, ძმანო, შეწუხდება და შერცხვება კაცს, ოდეს წარმოიდგენს, რა მცირე და უბრალო მიზეზი საკმაო არს ზოგჯერ, რათამცა დაარღვიოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული. ყოვლისა კაცისათვის და ყოვლისა საზოგადოებისათვის მშვიდობა, ერთობა და სიყვარული არის ესოდენ ძვირფასი საუნჯე, რომელ ადამიანმა ყოვლითა ღონის-ძიებითა უნდა დაიფაროს და შეინახოს იგი; გარნა ჩვენ საუბედუროდ ერთისა მცირისა მიზეზისათვის მზად ვართ მოვახდინოთ დიდი შფოთი და დავივიწყოთ სიყვარული. ვინ იტყვის, რომ სხვაგან არსად არ იყოს ცილობა და უკმაყოფილება კაცთა შორის? გარნა სხვათა ქვეყანათა შინა ცილობა და განხეთქილება დამოკიდებულ-არს ფრიად მძიმეთა მიზეზთა ზედა; ამასთანავე ცილობა და განხეთქილება განათლებულსა საზოგადოებასა შინა არაოდეს არ გათავდება სიძულვილითა და შურის-ძიებითა, ვითარცა ვხედავთ ჩვენში ხშირად. სხვათა ქვეყანათა შინა მხოლოდ მას ცდილობენ, რომ სამართალმა უსამართლობას აჯობოს, ხოლო აქ ცდილობენ, რომ კაცმა კაცს აჯობოს; იქ ჰაზრი ჰაზრთან ჰბრძვის და საქმე საქმესთან, აქ კაცი კაცთან, გვარი - გვართან; იქ ცილობა მოხდება ჭეშმარიტისა და უმჯობესის წესის ძიებისაგან, აქ თავხედობისაგან და თავისმოყვარებისაგან; აქ ცილობა და უკმაყოფილება ყოველთვის დაბოლოვდება მხოლოდ სიძულილითა და მტრობითა, იქ იმას ფიქრობენ, რომ მხოლოდ ცილობითა და ბრძოლითა გამოაჩინონ უმჯობესი ჰაზრი და წესი; აქა მცირე რაიმე უკმაყოფილება საუკუნოდ განაშორებს კაცსა კაცისაგან.
ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე ჩვენ შორის; უკეთუ ქრისტიანენი ვართ, მივეახლნეთ ქრისტესა. ქრისტე არ არის მუნ, სადაცა ჰსუფევს უთანხმობა და შური.
მომიტევეთ და შემინდევით მე, ძმანო ჩემნო, ყოველი, რაიცა ვისმე ვსცოდე სიტყვით ანუ საქმით. შეგინდობ და მოგიტევებ ყოველთა, ვინც რაიცა მცოდა და ვინც რაიცა მაწყინა სიტყვით ანუ საქმით. გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი სიტყვითნი და საქმითნი; ხოლო უფალი იესო იყოს საზოგადო ჩვენი შემწყნარებელი და მლხინებელი ყოველთა შინა ცოდვათა ჩვენთა. ამინ.
სიტყვა ყველიერის კვირიაკესა
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი (მატთ. ვ. კ.)
მოკლე არს, ძმანო, დღეს წაკითხული სახარება; იგი იპყრობს თვის შორის არა უმეტეს რვათა მუხლთა, გარნა რაოდენნი მშვენიერნი და ღრმანი არიან მას შინა ჰაზრნი! ორთა პირველთა მუხლთა შინა აწინდელისა სახარებისასა მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა მიუტევებდეთ მოყვასთა შეცოდებათა მათთა და აღგვითქვამს ჩვენ, რომ მხოლოდ ამ პირობით მამაცა ჩვენი მოგვიტევებს ჩვენ შეცოდებათა ჩვენთა. სამთა სხვათა მუხლთა შინა იგი გვაფრთხილებს ჩვენ, რათა არა ვმარხულობდეთ მსგავსად ფარისეველთა, ესე იგი გარეგანითა სახითა, საჩვენებლად კაცთა, არამედ ვმარხულობდეთ დაფარულად სულითა და გულითა. კიდევ ორთა სხვათა მუხლთა შინა მაცხოვარი შეგვაგონებს ჩვენ, რომელ ჭეშმარიტი საუნჯე და ბედნიერება ჩვენი არის ცათა შინა, ხოლო ყოველი ქვეყნიური სიმდიდრე და ბედნიერება არის წარმავალი და განხრწნადი. ხოლო მერვე მუხლი დღეს წაკითხულისა სახარების არის ეს სიტყვა: სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. დავაყენოთ ყურადღება ერთს წამს შესანიშნავს სიტყვასა ამას ზედა და შევიტყოთ, რას გვასწავლის იგი.
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი: რომელ საუნჯეზე იტყვის აქ მაცხოვარი, ძმანო ქრისტიანენო? ამას კაცი პირ-და-პირ ვერ განსაზღვრავს მისთვის, რომ თითქმის ყოველ კაცს ერთი რაიმე საუნჯე აქვს და მიაჩნია. საუნჯე შენი ის არის, ძმაო, რაც ანუ ვინც მიგაჩნია ანუ გიყვარს უმეტესად ყოვლისა, რასაც ემონები, რასაც ემსახურები, რაზედაც სასოება გაქვს, რასაც შესწირე ღონე და ძალი შენი; მაშასადამე ყოველ კაცსა აქვს, ანუ ჰყავს, თავისი საკუთარი საუნჯე. ცოდვილისა კაცისა საუნჯე არის ცოდვა, რომელსა იგი ემონება, რომელი უფლებს მას ზედა და ამასთანავე თითოეულსა ცოდვილსა თავისი საკუთარი და განსხვავებული საუნჯე აქვს. მართალია კაცთათვის კი ერთი არს საზოგადო საუნჯე, ცათა შინა ღმერთი და სასუფეველი მისი.
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი: ოდეს კაცი რაიმეს ანუ ვისმეს ისე შეიყვარებს, რომელ მისგან შეყვარებული საგანი გადაიქცევა საუნჯედ მისდა, მაშინ კაცი იგი ყოველსა თვისსა გულსა, ღონესა და გრძნობასა დასდებს ამ საგნისათვის. ავხსნათ ეს რომლითამე მაგალითითა. ანგაარის მოყვარის კაცის საუნეჯე არის ვერცხლი, ანუ სიმდიდრე და იგი ყოველსა თვისსა გულსა და ღონესა ხმარობს სიმდიდრის შეძინებისათვის, დღე და ღამე ყოველთვის იმას ფიქრობს და იმას ზრუნავს, რომ ფული შეიძინოს; სხვა საქმისათვის, ანუ სხვა საგნისათვის იგი არ ხმარობს იმის მესამედსა ღონესა და მეცადინეობასა; ფული არის მისი საგანი; მხოლოდ ფულს შეუძლია აღძვრა მისისა გულისა და მიტაცება გონებისა. სხვა მაგალითი ვსთქვათ. ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თვისი ნათესავი, მეუღლე, დედ-მამა, შვილნი, და იმ ზომად უნდა უყვარდეს, რომ ამაში იყოს მისი ნუგეში. თვით ღმერთი გვაცნობებს ჩვენ, რათა გვიყვარდეს მოყვასნი და მონათესავენი ჩვენნი. გარნა შეიძლება, ძმაო, რომ აქაც ზომაზე გადვიდეს კაცი. მართალია უნდა გვიყვარდეს მახლობელნი ნათესავნი ჩვენნი, გარნა ღმერთი მათზე უმეტესად უნდა გვიყვარდეს. კაცის სიყვარულმან ღვთის სიყვარული არ უნდა დაამციროს შენ გულში. აჰა მიზეზი, რომლისათვისაც თვით მაცხოვარი გვეტყვის ჩვენ: რომელსა უყვარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არ არის ჩემდა ღირს. სხვაგან მაცხოვარი კიდევ გვეტყვის ამაზე უსაკვირველესსა სიტყვასა: რომელმან არა მოიძულოს დედა, მამა, ძენი და მერმეცა თავი თვისი და არა შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. დედ-მამისა, ანუ თავისა თვისისა მოძულება როგორ შეიძლება, მაგრამ აქედგან ის ისწავლე, ძმაო ჩემო, რომელ საუნჯე ჩვენი არავინ არ უნდა იყოს, თვინიერ ღვთისა. ხორციელი არასფერი არ უნდა გახადო შენდა საუნჯედ. თუ ისრეთი დრო და გარემოება შეგემთხვია, რომელ დედმამის, ანუ ცოლის, ანუ შვილის, ანუ სხვისა ვისიმე სიყვარული გაგაშორებს შენ ღვთისაგან და წარგწყმედს, მაშინ გირჩევნია დაივიწყო იგინი და განეშორო მათგან და შეუდგე მხოლოდ ღვთის სიყვარულსა.
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯედ გულისა შენისა ის ამოირჩიე, ძმაო, რაც შენზე უმჯობესი და უდიდესია, და არა ის, რაც არის შენი სწორი, ანუ შენზე უარესი. კაცის გული და ღირსება ეგოდენი არის, რომელ მხოლოდ ყოველთა უზენარესი არსება ღვთისა უნდა იყოს მისი საუნჯე. მხოლოდ ღმერთს შეუძლია დააკმაყოფილოს შენი გული და გაგაბედნიეროს. როგორ უნდა დაუმორჩილო გული ვერცხლსა, ანუ პატივსა, ანუ სხვასა ქვეყნის ამაოებასა? ესენი არიან უღირსნი შენისა გულისა; ამათი სიყვარული დაამდაბლებს და წაახდენს შენსა ღირსებასა.
როგორ ვიცხოვრო ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუ კი არაფერი ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აღგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, გარნა შენ კი ქრისტესი ხარ. ვითარცა იტყვის მოციქული: ყოველივე თქვენი არს, ხოლო თქვენ ქრისტესნი და ქრისტე ღვთისა (ა. კორინ, გ. კბ.); ყოველივე იხმარე, ყოვლითავე ინუგეშე, გარნა სიყვარული ღვთისათვის შეინახე.
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯე შენი უნდა იყოს ცათა შინა და არა ქვეყანასა ზედა, მისთვის, რომელ ყოველივე ამ სოფლის საუნჯე არის წარმავალი და მოღალატე, ხოლო სული შენი არის უკვდავი. რასა იქმ შენ მაშინ, ოდეს საუნჯე შენი დაგრჩება აქა და შენ კი გადახვალ იმ სოფელში, რას იქ შენ, ჰოი კაცო, ვერცხლის ხარბო? შენი სიყვარული და ნუგეში იყო ვერცხლი და სიმდიდრე; საწყალი შენი სული იქ სიმდიდრეს ვეღარ ნახავს. ანუ რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო, კაცო, როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა; რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქ შენ მაშინ განშიშვლებული და მოკლებული ყოვლითა შენითა ნუგეშითა? ანუ რას იქმ შენ მაშინ, ჰოი ამაოების მოყვარეო, ქალო? ვიდრემდის ამ ქვეყანაზე სცხოვრობ შენ, გიყვარს მხოლოდ სამკაული, მოფერება და პატივის-ცემა, შენ ხარ მხოლოდ მიჩვეული მოლიქნებისა და თაყვანის ცემისა; შენი ბედნიერება ის არის, როდესაც სხვათა ქალთა აჯობებ სამკაულითა და პირ-მშვენიერებითა; მოაკლდები ამათ ყოველთა, დაჰკარგავ ერთხელ შენთა ნუგეშთა და ბედნიერებათა. ერთი სიტყვით, რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი სალოცველნი, ყოველი რაიცა შენ გიყვარდა და რითაც ნუგეშობდი, მიგყვებიან შენ მხოლოდ საფლავამდი. მუნ იგინი გიღალატებენ და დაგიტევენ გაშიშვლებულსა; ღმერთზე შენ არ ფიქრობდი, სიმართლე არ გიყვარდა; სათნოება გძულდა, ლოცვასა და ღვთის დიდებასა მიჩვეული არა ხარ, რაღას იქმ შენ, წარდგომილი ღვთის წინაშე? მართალია იქაც კი მოგაგონდება ყოველნი აქაურნი შენნი ნუგეშნი; ხატნი და წარმოდგენანი ყოველთა შენთა აქაურთა საუნჯეთა იქაც გაგყვებიან, გარნა მხოლოდ მისთვის, რათა უმეტესად გტანჯონ შენ, და ესრეთ ის, რაც აქ გქონდა შენ ნუგეშად, იქ გადიქცევა შენდა სასჯელად.
ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა ნეტარებისათვის, ამ სოფლის ყოველივე წარმავალი არის, ყოველივე აქვე დარჩება. და ესრეთ რომელმან კაცმან ამ სოფელში მონახა და გაიჩინა რომელიმე ცრუ საუნჯე, იგი დაჰკარგავს ჭეშმარიტსა, ზეციურსა საუნჯესა. ხოლო რომელმან საუნჯე თვისი დასდვა ზეცათა შინა და ცოტ-ცოტად მოამზადა სული თვისი დაუცხრომელითა მოღვაწებითა, ქველის საქმითა, მარხვითა და ლოცვითა, იგი ერთხელ შეემთხვევა ჭეშმარიტსა განუხრწნელსა საუნჯესა. - სადაცა არს საუნჯე თქვენი მუნცა იყოს გული თქვენი. ამინ.
სიტყვა ყველიერის კვირიაკესა ზედა
დანესტვეთ ნესტვსა სიონსა შინა, წმინდა ჰყავთ მარხვა,
ქადაგება, მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ჰყავთ ეკლესია
(იოველი 2.14).
არ ვიცი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რას ფიქრობთ, და რას გრძნობთ თქვენ, როდესაც დადგება დიდი მარხვა, გარნა ჩვენ კი ყოველთვის კმაყოფილებით და თითქმის სიხარულით შევემთხვევით წმინდა დღეთა მარხვისათა. ეს მისთვის, რომელ დიდი მარხვა არის ჟამი განღვიძებისა ჩვენდა ძილისაგან. ვითარცა იყო თქმული დღეს წაკითხულისა სამოციქულოსა შინა: ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩვენდა ძლისაგან (რომ. იგ. ია). მართლა, რაც გინდა დაუდევნელი და უსასო იყოს ქრისტიანე კაცი, არ შეიძლება ცოტაოდენ მაინც არ გაიღვიძოს და არ დაფიქრდეს თავის თავზედ დღეთა შინა მარხვისასა. თუ სხვამ არაფერმა გააღვიძა, როდესაც გაიგონებს გაგრძელებულსა და მოწყენილსა ზარების რეკასა, დაინახავს მრავალთა მორწმუნეთა და მოსავთა ქრისტიანეთა, მიმავალთა ეკლესიათა შინა, დაფიქრებულთა, მდუმარეთა, კრძალულთა და, ბოლოს, ამხანაგებსაც ვეღარ იპოვნის ურიგოსა და დაფანტულისა დროების გატარებისათვის, უნებლივად თვითონაც დაფიქრდება და იქნება კიდეც აყვეს მაგალითსა ღვთის მოსავთა კაცთასა და შევიდეს ეკლესიაში სალოცველად. ამით არის ჩვენი კმაყოფილება, რომელ არა თუ ღვთის მორწმუნენი და მოსავნი, არამედ დაუდევნელიცა და მცირედ მორწმუნენი დღეთა მათ შინა შეუდგებიან ლოცვასა, მარხვასა, მოღვაწებასა, მაშასადამე აწ დღეთა ამათ შინა დიდისა მარხვისათა უმახლობელეს არს ჩვენდა ცხოვნება, როგორადაც იყო თქმული ამავე დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა.
გარნა ზემოთ მოყვანილნი სიტყვანი წმიდისა იოველ წინასწარმეტყველისა გვიმტკიცებენ, რომელ მარხვა ძველ სჯულშიც არა ყოველთვის ნიშნავდა მწუხარებას, არამედ სულიერი კმაყოფილებით და სიხარულით უნდა ყოფილიყო მიღებული: დანესტვეთ ნესტვსა სიონსა, წმინდა ჰყავთ მარხვა, ქადაგეთ მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ჰყავთ ეკლესია. ესე იგი, დაუკარით საკრავი მისიკიისა გამოსაცხადებელად მარხვისა. საკრავის დაკვრა ნიშნავს არა მწუხარებასა, არამედ მხიარულებასა და კმაყოფილებასა. მაშასადამე, ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, არა სულმოკლეობითა და მწუხარებითა, არამედ სულიერითა კმაყოფილებითა და ერთგულებითა შევუდგეთ დღეთა ამათ მოწევნულთა დიდისა მარხვისათა, წმინდა ვყოთ მარხვა, ვქადაგოთ მსახურება, შევკრიბოთ ერი ეკლესიასა შინა და წმინდა ვყოთ ეკლესია.
წმინდა ვყოთ მარხვა! რით? უწინარეს ყოველთა თვით მარხვითვე. ესე იგი, საჭმელის და სასმელის გამოცვლითა და მოკლებითა. სამწუხაროდ, მრავალნი არიან ქრისტიანეთა შორის, რომელთა თვით ეს საქმე, სახელდობ საჭმელის გამოცვლა და მოკლება ამძიმებს და აწუხებს. ზოგიერთნი იტყვიან: რა არის საჭმლის გამოცვლა და მოკლება, ოღონდ ყოფაქცევა გამოიცვალოს კაცმა, მოინანოს, აღსარება სთქვას, ეზიაროს. ზოგიერთნი სხვა მხრითგან გამოაცხადებენ მათსა სულმოკლეობასა: საჭმლის გამოცვლამ მაწყინა, იტყვიან იგინი, სნეული კაცი ვარ, ვერ მოვითმენ საჭმლის გამოცვლას. გარნა ცხადია, რომ ორინივე მხარენი მარხვის წინააღმდეგნი ერთისა მხოლოდ სულმოკლეობისაგან და მოუთმენლობისაგან იტყვიან ამას. ის მართალია, რომ მარხვა წმინდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, მოკლებითა, არამედ საქმის გასწორებითა და ყოფა-ქცევის გამოცვლითა. მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ამას უმეტესად უნდა ვცდილობდეთ, რომელ ხასიათი გამოვიცვალოთ და ბუნება ჩვენი ისრე გავამაგროთ და გავაკეთოთ, რომელ არა თუ დიდ მარხვაში, არამედ ყოველთვის ქრისტიანულად და პატიოსნად ვიქცეოდეთ, მაგრამ საჭმლის მოკლებაც საჭირო არის. იგი შეეწევა სულიერსა განღვიძებასა; ვისაც ხორცნი აქვს აშენებულნი, გასუქებული და აღვირ უსხმელი, მას ხორციელნი ვნებანი აქვს გამრავლებულნი, ხოლო სული დაძინებული და დაღონებული. ფრიად საჭირო არს აღვირის სხმა და დათრგუნვა ხორცთა. ნურაოდეს ნუ დაიჯერებ, ძმაო ჩემო, რომ გამძღარ სტომაქით შეეძლოს კაცსა ლოცვა, მონანება, ხოლო როდესაც მარხვისაგან ცოტაოდენ მოუძლურდება ხორცი, მაშინ სული თავისუფალი არს და მიილტვის შემოქმედისა თვისისადმი. რაიცა შეეხება მათ, რომელნი იტყვიან, რომ მარხვამ მაწყინაო, ეს სრულიად უმართლო არის. ჭამისა და სმისაგან დასნეულებული მრავალი უნახავს კაცს, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არცა ერთი. წინააღმდეგ ამისა ჩვენ ისე ვიფიქრებთ, რომ მარხვა გაამთელებს თვით სხეულსა კაცისასა. მართალია, დასაწყისში შედგომილი მარხვისა დაღონებულია, მოწყენილია. მეტადრე თუ უყვარდა ფრიადი ჭამა და სმა; მაგრამ ამით არ უნდა შეშინდეს, როდესაც მიეჩვევა მარხვასა და სული მისი დაიპყრობს და დაიმორჩილებს სხეულსა, მაშინ მიხვდება თვითონაც და დარწმუნდება რა სასარგებლო არის მარხვა.
გარნა მარხვის შენახვა ჩვენს ქვეყანაში უმეტესმა ნაწილმა კარგად იცის; მაშასადამე არ არის საჭირო ამაზე სიტყვის გავრცელება. უწინადაც მრავალ-გზის გვითქვამს, ამის მზგავსთა შემთხვევათა შინა, რომელ ჩვენს ქვეყანაში უფრო საჭირო არის თქმა და დარიგება, რათა წმინდა ჰყონ მათ მარხვა არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, არამედ უფრო ხასიათისა და საქმეთა გამოცვლით. წმინდა ჰყავთ მარხვა, ქადაგეთ მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ჰყავთ ეკლესია. შეიკრიბონ ქრისტიანენი ეკკლესიასა შინა, იწყონ მსახურება ღვთისა ყოვლითა გულითა და სულითა, ეცადონ გამოცვლა ხასიათისა, უარ-ჰყონ ყოველნი მათნი ცუდნი ჩვეულებანი და საქმენი; მხურვალითა გულითა, ღრმითა გრძნობითა, შემუსვრილითა გულითა, დამდაბლებულითა სულითა შეინანონ ცოდვები თავიანთი, განაახლონ შინაგანი დაფარული ცხოვრება. დიდი ბედნიერება იქნება იმ კაცისათვის, რომელმან ისე გონიერად მოიხმარა დროება ამ დიდი მარხვის განმავლობაში, რომელ რიგიანი, პატიოსანი და წმინდა ქრისტიანული ცხოვრება და ყოფა-ქცევა გარდაექცა მას ჩვეულებად. ერთი სიტყვით, ეღირსა მეორედ შობას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილი ჭეშმარიტი სინანულისა მიერ, რაისათვის უწოდებს მას საღმრთო წერილი მეორედ შობასა. ამინ.
სიტყვა კვირიაკესა ზედა ყველიერისასა
მოვიდა მარხვა უბიწო, დედა იგი სიწმინდისა, თვალ-უხვევად
შემასმენელი ცოდვისა და ძრიელი შემწე სინანულისა,
და მოქალაქობა ანგელოზებრივი და მაცხოვარი
კაცთა ნათესავისა (სტიხარონი ორშაბათის ცისკარზე)
მოვიდა დიდი მარხვა, დადგნენ დიდი დღენი სულიერისა მოღვაწეობისა ჩვენ მართლმადიდებელთა ქრისტიანეთათვის. დიდი და მრავალი მნიშვნელობა აქვს მარხვასა კაცის ბუნებისათვის. მშვენიერად და მოკლედ გამოხატავს მნიშვნელობას მარხვისას ზემო მოყვანილი საგალობელი მარხვნისა. გავავრცელოთ, განვიმარტოთ მოკლენი, გარნა მძლავრნი სიტყვანი წმინდისა საეკლესიო წიგნისა, და მით დავსდვათ სათანადო დასაწყისი დიდი მარხვის სულიერითა მოღვაწეობითა.
მოვიდა მარხვა უბიწო, დედა იგი სიწმინდისა. მარხვა არის, პირველად, დედა სიწმინდისა, როგორ და რით? მით, რომ იგი აღვირს უსხამს ყოველთა შინაგანთა, უწმინდურთა გულის თქმათა და ვნებათა, რომელნიცა არიან წყარონი და მიზეზნი თვით უწმინდურთა საქმეთა კაცთასა. რა გააჩენს კაცის გულში უწმინდურთა გულის თქმათა და სურვილთა? უზომოდ სმა და ჭამა, მეტადრე მომეტებული მიღება ღვინისა, რომელიცა აანთებს კაცის სისხლში ცეცხლსა ვნებათა და უწმინდურებათა. სხეული კაცისა, თუ განებივრებულია და აშვებული, გარდაიქცევა ბუდედ ყოველთა ცოდვათა. სული კაცისა ვეღარ დაიმორჩილებს მას, არამედ იგი დაიმონებს სულსა კაცისასა და დაღუპავს მას. წინააღმდეგ ამისა, თუ კაცი მხნედ შეუდგა მარხვასა, მით დაიმორჩილებს ხორცსა თვისსა და მაშინ მხოლოდ გამაგრდება მის სულში სიწმინდე და პატიოსნება.
მეორედ, მარხვა არის თვალუხვევად შემასმენელი ცოდვათა. ცოდვა კაცის თვალს აუხვევს, ჭკუას უბნელებს, სინიდისს უძინებს. მარხვა წინააღმდეგ მისსა, არის შემასმენელი ცოდვისა, ანუ მამხილებელი, განმამტყუნებელი ცოდვისა. რა სახით? ისე, რომ რაკი მარხვის და მოთმინების შემწეობით თვალის სახვევი ჩამოვარდება კაცის პირისაგან, გონება მისი გამოიფხიზლებს და ცხადად დაინახავს თვისთა ცოდვათა და მოიძულებს მათ, ამხილებს, უკუნ აქცევს.
მესამედ, მარხვა არის ძლიერი შემწე სინანულისა. უეჭველია, და ყოველს ბეჯითს ქრისტიანეს გამოუცდია, რომ მაძღარს კაცს, როდესაც სტომაქი სავსე აქვს საჭმლითა და სასმლითა, სრულიად არ შეუძლია არა თუ მონანება, არამედ უბრალო ლოცვის წართქმა გულ-მოდგინედ. რა არის სინანული? სინანული არის სულიერი მწუხარება და შემუსვრილება ცოდვათა და უღირსებათათვის. რა სახით უნდა გაუჩნდეს კაცსა გულში მწუხარება, როდესაც ხორცი მისი გახარებულია და განლაღებული. ხორცი და სული კაცისა შეადგენს ერთს არსებას. არ შეუძლია კაცს ორად გაიყოს: სული მისი მწუხარედიყოს და ხორცი გახარებული. თუ სურს კაცს ჭეშმარიტი სინანული, რომელიც არის მწუხარება, გაუჩნდეს სულში, წინაპირველად თვისი სხეული უნდა შეავიწროვოს, მოამზადოს მარხვითა.
ბოლოს, მეოთხედ, მარხვა არის მოქალექეობა ანგელოზებრივი, ესე იგი, ცხოვრება მიმზგავსებული ანგელოზთა, ვინაიდან ანგელოზნი არ დატკბებიან საჭმლითა, არამედ მოქალაქობენ მარხვითა.
გარნა, ძმანო ჩემნო, ჭეშმარიტი მარხვა არ არის მარტო ხორციელი საქმე, არამედ სულიერიცა, ესე იგი, არის მარხვა ცოდვათაგან, მოსპობა მათი, დაკავება ცუდთა საქმეთაგან. ამასაც მშვენიერად აღგვიხსნის მეორე საგალობელი მარხვნისა, რომელიც იტყვის: ჭეშმარიტი მარხვა არს ბოროტთა უცხო ყოფა და მოჭირვა ენისა, აღვირ-სხმა გულის წყრომისა, განშორება ბოროტთა გულის თქმათა და გულის ზრახვისა, და ტყუილისა, და ცრუ ფიცისა. ნუ გაზომავ მარხვასა საჭმლის და სასმლის გამოცვლითა, ანუ მოკლებითა, გვასწავლის წმიდა დიდი ბასილი. კაცნი, რომელნი მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემზგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს და ღვთის წინააღმდეგობას არ იშლის. მართლა, რა სარგებელი არის გარეგანი, ხორციელი მარხვა, როდესაც შინაგანი ვნებანი და ცუდნი ჩვეულებანი არ დაგვიტოვებია. სვიმონ კვირინელმა ჯვარი აიღო, მაგრამ ჯვარზე არ მომკვდარა, იტყვის წმინდა გრიგოლი დიალოღი; მზგავსადვე იქცევიან, რომელნი ხორცსა დააუძლურებენ მარხვითა, გარნა შინაგანითა თვისითა სურვილითა და გრძნობითა არიან მზგავსნი ცოდვილთა და უკეთურთა.
ბოლოს, არც ის არის საკმაო, რომ ცოდვა მოვისპოთ, არამედ კეთილი საქმენიც უნდა აღვასრულოთ, მარხვა უნდა შევავსოთ და ცხოვრება ჩვენი დავაგვირგვინოთ წმინდა, სათნო ნაყოფითა ღვთის წინაშე. ჭეშმარიტი სრული მარხვა მდგომარეობს მიტევებასა შინა ბრალთა ძმათა, მოძულეთა და მტერთა, ვითარცა თქმულ არს იმავე საღმრთო მარხვანში: ვიმარხვიდეთ რა ხორციელად, სულიერიცა მარხვა ვიმარხვოთ სრულ მყოფელი მისი, განვხეთქოთ ჩვენ ღვარძნილება, მძლავრება, ხელით წერილი იგი სიცრუისანი. ჭეშმარიტი მარხვა არის ქველის მოქმედება, მოწყალება: ვცეთ მშიერთა პური ჩვენი გულითა მხიარულითა - თქმულ არს იმავე საგალობელში და გლახაკნი უსართულონი შევიყვანოთ სართულსა ჩვენსა. მარხვა თვინიერ წყალობისა - ვითარცა ლამპარი უზეთო, იტყვის ნეტარი ავგუსტინე. თუ გსურს, განაგრძნობს იგი, რომ შენი ლოცვა აღვიდეს ზეცად, მოაბი მეორე ფრთა: წყალობა და მარხვა. ამინ.
მოძღვრება კვირიაკესა ზედა ყველიერისასა
ძმანო მართლ-მადიდებელნო! დღესა პირველ დაწყებამდე ჩვეულებრივისა სწავლისა და ქადაგებისა, მსურს აღვასრულო საზოგადო ქრისტიანული ჩვეულება აწინდელისა დღისა. იცით თქვენცა, რომ დღეს მწუხრზე ყოველნი ბეჯითნი და ერთგულნი ქრისტიანენი, თანახმად დღევანდელი სახარების ბრძანებისა, გამოითხოვენ შენდობასა პირველად სულიერთა მამათაგან, მერმე ერთი მეორისაგან, რათა ყოველ კაცთან შერიგებულნი, დამშვიდებულითა გულითა და სულითა შეუდგნენ სულიერსა მოღვაწებასა დიდისა მარხვისასა. მეცა, აღმასრულებელი ამ მშვენიერისა ჩვეულებისა და წესისა სიმდაბლით და მორჩილად, გთხოვთ მომიტევოთ ვისაც რა ვსცოდე, და რაც ვაწყენინე წარსული წლის განმავლობაში სიტყვით, გინა საქმით, ნებით გინა უნებლიდ. ჩემის მხრითგანაც ვაძლევ შენდობასა ყოველთა ვინც რა შემცოდა და მაწყენინა.
ახლა შეუდგეთ ჩვეულებრივსა უბნობასა, ანუ მოძღვრებასა. დღეს მე აღვარჩიე განმარტება ანუ აღსნა დღევანდელისა სამოციქულოისა, რადგანაც დღევანდელი სამოციქულოს სწავლა შეადგენს მშვენიერსა შესავალსა, ანუ დასაწყისსა, დიდისა მარხვისა. იქნება ზოგიერთმა თქვენ შორის არ იცის, რომ წმინდამან ეკლესიამან ყოველი დღესასწაულისათვის და კვირიაკესათვის საგანგებოდ გამოარჩია სამოციქულოისაგან ისრეთნი საკითხავნი, რომელნიც უჩვენებენ და აღხსნიან თითოეული დღესასწაულის და კვირიაკის მნიშვნელობას. დღევანდელიცა სამოციქულო ერთობ ბრძნად და შესაფერად დიდ მარხვის წინა დღისა არის ამორჩეული. აწ შემწეობითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისათა შეუდგეთ აღსნასა დღევანდელისა სამოციქულიოსა.
ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩვენდა ძილისაგან (რომ. 13,11). იცოდეთო, შეიტყვეთო, რომ დადგა ჟამი განღვიძებად ძილისაგან ცოდვათასა. ეს სიტყვები მართლა უმეტესად შეეფერება დიდი მარხვის დღეებსა. თუ დიდ მარხვაშიც არ განიღვიძა ქრისტიანემან, არ შეუდგა ლოცვასა, მარხვასა და ყოველთა სულის საქმეთა, არამედ დარჩა უდები, უზრუნველი, მაშასადამე, როდისაღა უნდა განიღვიძოს მან? მართალია, ბეჯითი და ერთგული ქრისტიანე ყოველთვის მღვიძარე უნდა იყოს თავის სულიერ საქმეზე, გარნა უმეტესად დიდ მარხვაში. ახლა თვით მცონარემ და მძინარემან უნდა განიღვიძოს და დაფიქრდეს თავის თავზე, დაფანტული გონება თვისი მიაქციოს თავის სულიერი მდგომარეობისაკენ, განიხილოს თვისი ცხოვრება და ყოველი ღონე იხმაროს გამოსაცდელად და გასასწორებლად თვისი ყოფაქცევისა.
წმინდამან ეკლესიამან განგებ ისე დააწყო ყოველი დიდ მარხვის წესები, რომ უნებლიედ გააღვიძებენ იგინი თვით უდებთა და მცონარეთა. ვიწყოთ უბრალო საქმისაგან: ხვალ შენ, ძმაო, ვეღარ გაიგონებ მხიარულსა, აჩქარებულსა ზარების რეკასა, არამედ იქნება მოწყენილი, გაგრძელებული რეკა, და იგი უნებლიედ დაგაფიქრებს შენ, რომ ეს დღე სხვა დღეა. ეკლესიაში ვეღარ გაიგონებ მხიარულსა სადღესასწაულო საგალობელსა და საკითხავსა, არამედ მოწყენილთა, გრძელთა საკითხავთა, სამგლოვიაროთა საგალობელთა, რომელნი უნებლიედ მოგიყვანებენ შენ გრძნობაშიდ. დაგაფიქრებენ, აღძრავენ სინანულს შენს გულში. ხშირად მოგიწოდებს შენ ეკლესია ამ დღეებში მეტანიის ქმნად, ხშირად წაგიკითხავს შემაშინებელთა საწინასწარმეტყველოთა, რომელნი ერთობ საგრძნობელ არიან და აღსავსენი მადლითა და სულიერითა ძალითა.
აწ უმახლობელეს არს ცხონება, ოდესღა ესე გრწმენა. უფრო დაუახლოვდითო ცხონებასაო, ვიდრეღა მაშინ, როდესაც ახალი მონათლული ვიყავით. ამ სიტყვებს წმინდა მოციქული პავლე მისწერდა ახალთა ქრისტაინეთა. ისინი თავდაპირველად, ვითარცა ახალი ქრისტიანენი, არ იყვნენ დანმტკიცებულნი და გამაგრებულნი ქრისტიანობაში, გარნა როდესაც კარგი ხანი გავიდა უმჯობესი შეიქნენ, მიეჩვიენ ქრისტეს სჯულსა და ამისთვის უფრო დაუახლოვდენ ცხონებასა. ჩვენზედაც, აწინდელთა ქრისტიანეთა, ითქმის იგივე სიტყვა. მეტადრე ვინც ხნიერი კაცია, დიდ ასაკში არის შესული. ხნიერი კაცი უმფრო მეცადინე უნდა იყოს თავის სულის ცხონებისათვის. რაც ყმაწვილობაში და სიჭაბუკეში მიეტევება კაცს, ის მოხუცებულობაში აღარ მიეტევება. მოხუცებულისათვის უმახლობელეს არს ცხონება, რადგანაც უმახლობელეს არს სიკვდილიცა.
ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა. ღამედ იგულისხმე, ანუ იცანი, დღენი წარსული კვირიაკისანი, რომელსა შინა საუბედუროდ, თითქმის ყოველნი ქრისტიანენი სიხარბით და აღვირ უსხმელად ეძიებდენ ყოველთა ხორციელთა კმაყოფილებათა, გაუმაძღრად სჭამდენ, თვრებოდენ, ზოგიერთნი უბედურნი არც სხვათა უმძიმესთა ცოდვათა მოერიდებოდენ. აწ შემოგვეახლა დღე, ესე იგი დიდი მარხვა, ჟამი ლოცვისა, წმიდა ზიარებისა. ამისთვის განვიშორნეთ საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა და, ვითარცა დღესა შინა, მშვენიერად ვიდოდეთ არა სიმღერითა და მთვრალობითა, ანუ სხდომითა და შურითა. დღე რომ გარეთ გამოხვალ, ტიტვლად კი არ გამოხვალ, არამედ ტანისამოსს ჩაიცვამ და, თუ დიდ შეკრებულებაში გეგულების მისვლა, ანუ უცხო ქალაქის ქუჩებში, უთუოდ რაც უკეთესი ტანისამოსი გაქვს, იმას ჩაიცვამ, რომ არ შეგრცხვეს. სულიერადაც ასე უნდა მოვიქცეთ. შევიმოსოთ ამ დიდ მარხვის დღეებში საჭურველი ნათლისანი, რომელნი არიან, ვითარცა ზემოთ მოგახსენე, მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება.
არამედ შეიმოსეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქმელ. რა არის, ძმანო ჩემნო, ეს სიტყვა: შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე? ასე რომ მივითვისოთ მისი მცნებანი, მივიღოთ მისი ხასიათი, ვეცადოთ, რომ მისი სწავლით, სიყვარულით, მადლით ჩვენი სული და გული იყოს განწოლილი და შემოსილი, როგორც სხეული კარგითა ტანისამოსითა. ერთხელ ჩვენ ყოველნი ვიყავით შემოსილნი იესო ქრისტესითა: ეს მაშინ, როდესაც მოვინათლეთ, ემბაზითგან ამოვედით. ამაზედ არ იტყვისა წმინდა მოციქული პავლე: რომელთა ქრისტეს მიერ ნათელს ვიღეთ, ქრისტე შეგვიმოსიეს? მაგრამ, საუბედუროდ, მასუკან ეს სანატრელი სულიერი შესამოსელი ჩვენი, ზოგიერთს ჩვენგანთა დაუძველდა მისი ცოდვით და უდებებით, ზოგიერთს სრულიად დაეხა, ანუ გაეცარცვა და ნაცვლად მისა შევიმოსეთ ბნელი სამოსელი ცოდვის და ეშმაკისა, ამისთვის გვიწოდებს წმიდა მოციქული პავლე, ხელ-ახლა შევიმოსოთ იესო ქრისტე. ახლა შეგვიძლია ამ დიდ-მარხვაში აღვასრულოთ მარჯვეთ და დაუბრკოლებლად ეს დიდი საქმე. ვიწყოთ იგი მით, რომ როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე, ხორცთა ზრახვასა ნუ ვყოფთ გულის სათქმელ, ნუ დაუჯერებთ ხორცის სურვილსა, ნუ ავასრულებთ მისსა ზრახვასა, შევავიწროვოთ ჩვენი ხორცი, ბუდე ყოვლისა ცოდვისა, მოვაკლოთ საჭმელი. ნუ ვასიამოვნებთ ტკბილითა სასმელითა, რომ არ განლაღდეს და არ წინააღუდგეს სულსა, მორჩილი იყოს სულისა და არა მბრძოლი. ამინ.
სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა
განმარტება სახარებისა. უკეთუ მიუტევნეთ თქვენ
კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა
მამამან თქვენმან ზეცათამან (მათ. 6, 13).
ხვალითგან, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დაიწყება დიდი მარხვა, ესე იგი დღენი ლოცვისა, მარხვისა, სინანულისა და ყოვლისა სულიერისა, ხოლო დღეს წაკითხული სახარება შეგვაგონებს, რომ წინაპირველად შევურიგდეთ, მივუტევოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი და ბრალნი. გარეშე ამის პირობისა უსარგებლო იქნება ლოცვა, მარხვა და ყოველი სულიერი შრომა. ვისაც გულში აქვს ვისმესთან მტერობა, შური, უკმაყოფილება, ის ნუ დაჰკარგავს ამაოდ დროებასა, ნუ შეუდგება მარხვასა და მომზადებასა, ვიდრე წინაპირველად არ შეურიგდება მოძულესა, არა აპატიებს ყოველთა მისთა შეცოდებათა. ყოველი კაცი უნდა გიყვარდეს. ყოველი კაცის ბედნიერება უნდა გსურდეს და გიხაროდეს, და ყოველი კაცის მწუხარება და უბედურება შენთვისაც სამწუხარო უნდა იყოს, და ესრეთ კეთილ-განწყობილმან, მშვიდობიანითა გულითა შეუდექი მარხვასა და ლოცვასა. როგორ უნდა ვიმარხვიდეთ, ესეც აგვიხსნა დღეს წაკითხულმა სახარებამ: რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფინ, ვითარცა ორგულნი, მწუხარე, ერთი სიტყვით, მარხვა უნდა იყოს არა მარტო გარეგანი საჭმლის და სასმლის მოკლება და გამოცვლა, არამედ შინაგანიცა, სულიერი განშორება, აღკრძალვა ყოველთაგან ცუდთა, მავნებელთა, სულის წინააღმდეგთა გრძნობათა, აზრთა, მიდრეკილებათა და უმეტესად საქმეთაგან და ჩვეულებათა. გარეგანი მარხვა, ესე იგი საჭმლის და სასმლის გამოცვლა უნდა იყოს ხერხი, ანუ გზა ვნებათა და ცოდვათა მოკლებისა და მოსპობისა, და ესრედ ვინც ამპარტავანი არის სიმდაბლე შეიძინოს ამ დიდ-მარხვაში: ანგაარმა კაცმა, უანგარობა მოიგოს, ანჩხლმა და მაშფოთარმა სიმშვიდე, მემთვრალემ, მუცლის მონამ, ფხიზლობა, ზომიერება, ცრუ და უმართლომ გულწრფელობა და სიმართლე შეიყვაროს; თუ ვინმემ სხვისი რაიმე მიითვისა უმართლოდ, დაუბრუნოს. ეს იქნება ჭეშმარიტი მარხვა!
მესამე მოღვაწება დიდისა მარხვისა არის უმტკიცესი და უბეჯითესი ლოცვა და მონანება. ესეც აგვიხსნა მაცხოვარმან, როგორ უნდა აღვასრულოთ. რაჟამს ილოცვიდეთ არა ჰყოთ ესრედ, ვითარცა იგი ორგულნი, ესე იგი, არა დაემზგავსოთ ფარისეველთა; შენ ილოცე სულით და გულით. ლოცვაში პირველი საქმე ის არის, რას გრძნობს შენი გული, რა მოძრაობა არის შენს შორის. ჭეშმარიტად ის ლოცულობს, ვისაც ლოცვის დროს მოუვა ცრემლი უნებლიედ. შენ იქნება, ძმაო, ერთხელაც არ გილოცავს ცრემლით. მიცვალებულის ტირილზედ რომ წახვალ, მიცვალებულის კუბოსთან რომ დაიჩოქებ, მაშინ მრავალს ცრემლს გადმოღვრი სრულიად უსარგებლოდ; და შენი სულისათვის ერთხელაც ერთი ცრემლიც არ მოგსვლია. გებრალება მიცვალებული და მისი მონათესავე მოტირალნი? და შენი სული არ გებრალება? ისიც მკვდარია მრავალთა ცოდვათაგან და საუკუნო სიკვდილი მოელის მას, თუ ლოცვაში არ იტირე.
ბოლოს ყოველნი დიდ-მარხვის სულიერნი მოღვაწებანი უნდა დავაგვირგვინოთ აღსარებითა და ზიარებითა. დიდ-მარხვაშიც, რომ ერთხელ არ ეზიაროს ქრისტიანე კაცი, რაღა სასოება ექნება მას! ყოველთვის უნდა ფიქრობდეს და ცდილობდეს კაცი, რომ უზიარებელს არ მოუხდეს სიკვდილი, გადასვლა ამიერ სოფლითგან. გარნა ახლა, აწინდელმა დროებამ უმეტესი შემაშინებელი მიზეზი გამოაჩინა (ეს სიტყვა თქმულ არს როდესაც რუსეთში გაჩნდა ჟამი, ანუ ჭირი მომსვრელი (1879 წელსა), რომელსა აქვს ყური სმენად და თვალი ხედვად, მან უნდა განიზრახოს და შეშინდეს, რა უცები სიკვდილი ეწევა ახლა მრავალთა პირთა, კაცი საღამოს მხიარული იყო და ძრიელი, დაწვა ლოგინზე და ძილში განუტევა სული უაღსარებოდ და უზიარებლად, ანუ სუფრაზედ დაჯდა, მხიარულად იყო და საშუალ სადილისა ცუდად იგრძნო თავი თვისი, ადგა და ორი საათიც აღარ გაუტარებია, გარდაიცვალა გარეშე ყოვლისა მომზადებისა და აღსარების თქმისა. შენც კაცი ხარ, ძმაო! ვინ იცის სად და რა სახით შეგემთხვევა სიკვდილი. არ გაგიგონია, არ დაფიქრებულხარ, რა საშინელი ამბავი ისმის, არა შორის ქვეყნითგან, არამედ მახლობელ ჩვენდა, რა მომსვრელი სნეულება გაჩნდა, რომ თვით უპირველესთა ექიმთა ვერ მოუპოვებიათ საშუალება მისი მორჩენისა. ვინ იცის რას მოგვიტანს მომავალი ზაფხული. ნუ მოიძულებ შენსა სულსა; ახლავე მოემზადე მიგებებად მტერისა, რომ უცებ არ დაგეცეს თავზედ მოუმზადებელსა და უჭურველსა. ამაზე უმჯობესი მომზადება რაღა შეიძლება, რომ შეინანო და აღიარო შენი ცოდვები და ეღირსო წმინდა ზიარებას. ამინ.
სიტყვა კვირიაკესა ზედა ყველიერისასა
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა იგი
ორგულნი, მწუხარე (მათე 6,15).
აწინდელსა სახარებასა შინა მაცხოვარი გვაძლევს მცნებასა მარხვისასა და კიდეც გვასწავლის, როგორ უნდა ვიმარხვიდეთ. არცერთს მცნებას ისე ხშირად არ არღვევენ აწინდელი ქრისტაინენი, როგორც ამ მცნებას, ზოგნი დაუდევნელობით, ზოგნი მით, რომ დიდად არაფრად მიაჩნიათ მარხვა, და ზოგნი კიდევ სხვადასხვა მიზეზებისა გამო,. რა ზომად დავიწყებულია ჩვენს დროში ქრისტიანეთა შორის მარხვა ამაზე მოგითხრობთ თქვენ ერთს ნამდვილ შემთხვევას, ყოვლად სამწუხაროს. ერთმა მაღლად პატივცემულმა პირმა მიამბო ასე: დიდს, ანუ წითელ პარასკევს იძულებული ვიქმენ წასვლად ქალაქითგან სოფელში. როდესაც საღამოს რიონის რკინის გზის სასტუმრო სახლში შევედი, აღვსებული იყო სახლი სხვადასხვა წოდების პირთაგან. სულ ყველანი იჯდენ და სიხარბით სჭამდენ ხორცს და სმიდენ ღვინოს. მინდოდა ჩემთვის სამარხო რაიმე მეშოვნა, მაგრამ ვერ ვიშოვნე და მარტო პური ვსჭამე. ასე მითხრა იმ პირმა შეწუხებით. არა ვგონებ რომ სუყველანი მუნ მყოფნი იყვნენ უღმრთონი და ურწმუნონი, და არა ახსოვდათ რა დღე იყო ის დღე. დიდ პარასკევს რომ ვერ მოითმინოს ქრისტიანე კაცმა ხორცის ჭამა და ღვინის სმა, რა საცოდავი უნდა იყოს ის კაცი! რა სუსტი და მუცლის მონა. რა მოუთმენელი უნდა იყოს ის ქრისტიანე, რომელიც ამ ერთ დღეს მაინც არ იმარხვებს!
დიდი მნიშვნელობა აქვს მარხვას. იგი გუშინ არ არის მოგონებული, ანუ მარტო ქრისტიანობაში არ არის მიღებული. ეს ჩვეულება არის ძველი, ვითარცა თვით კაცობრიობა; ყოველ დროს, საუკუნოითგან იყო მარხულობა.
დაიცევით მარხვა, იტყვის დიდი ბასილი; თუ სხვა არა იყოს, მისთვის მაინც რომ იგი არის ჩვეულება ძველი, ვითარცა კაცობრიობა. თვით წარმართთა იცოდენ და იციან მარხვა. როდესაც რამე უბედურება ეწეოდათ წარმართებს, კერპთ-მსახურებს, მაშინ მარხვას გააჩენდენ, თავიანთ ღმერთებს მარხვით და ლოცვით ევედრებოდენ. ებრაელნი ძველ აღთქმაში და ახლაც მარხულობენ. დანიშნული დღეები აქვთ მარხვისა. წინასწარმეტყველები ხშირად ამხილებდენ მათ და ასწავლიდენ მარხვის ჯეროვნად შენახვასა. ბოლოს მაჰმადიანთაც კი იციან მარხვა. ახალ აღთქმაში, რაღა თქმა უნდა, სიტყვითაც და საქმითაც მაცხოვარი და მოწაფენი მისნი გვასწავლიან მარხვასა.
მარხვა, პირველად, არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. თუ ვინმემ გკითხოს, ეტყოდა ოდესმე ნეტარი ავგუსტინე მაშინდელთა ქრისტიანეთა, რად მარხულობ, რად სტანჯავ შენს თავს? უპასუხე, გადარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ ამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა. მიიზიდავს მას ცოდვისადმი. რით არის უადვილესი დამშვიდება და დამორჩილება მისი, თუ არა მარხვით. მარხვა დაადუმებს ვნებათა, დააყენებს ღელვასა სისხლისასა.
მეორედ, მარხვა მიუცილებელია ჩვენი სუსტის და შერყეულის სულიერისა ვნებისა და ზნეობითისა ძალისათვის. ვისაც არ შეუძლია მოითმინოს ჭამა და სმა, ის სუსტია. მოკლებულია სულიერისა ძალისა და მონა ხორცისა. ვისაც არ შეუძლია თავის თავს რამე აუკრძალოს, თავის თავი დააკავოს ჭამისაგან და სმისაგან იგი არ არის უფალი თავის თავისასა, მას არ შეუძლია წინააღუდგეს რომელსამე ცოდვილსა მიდრეკილებასა. იგი იქცევა გულის თქმათამებრ ხორცისათა, ჰყოფს ნებასა ხორცთასა, ვითარცა ოდესმე წარმართნი (ეფეს. 2,3). ვინც ესრეთი სუსტი არის სულიერი ღონითა, არ შეუძლია დაადუმოს თვისი ვნებანი. იაროს ვიწროითა გზითა სათნოებისათა, იქონიოს მოთმინება, სულგრძელება. სახელდობრ, მას, რომელნი ეგოდენ საჭირო არიან ქრისტიანულისა მოღვაწეობისათვის. მარხვა არის საშუალება და ღონე რომლითაც შეუძლია კაცს გაამტკიცოს თვისი სულიერი ზნეობითი ძალა.
მესამედ, მარხვა არის ერთი მიუცილებელი საქმე, გარეშე რომლისა არა შესაძლო არის გულის შეწუხება ცოდვილთათვის. როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისამებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელსა. ნაცარი, ვითარცა პური, ვსჭამე და სასმელი ჩემი ცრემლითა განვზავე. იტყოდა შეწუხებული ცოდვითა დავით (10,10 ფსალ). ვინ არ გამოსცადა მზგავსი ამისი ჟამსა მწუხარებისასა. სინანული არის სულიერი მწუხარება: თუ ნამდვილად სწუხს კაცი თავის ცოდვას, როგორღა შეიძლება მან მიიღოს პოხიერი საჭმელი. დიდად ცდება, ან განგებ თავის თავს ატყუებს ის კაცი, რომელიც ფიქრობს ვითომც შეუძლია მას კარგად ილოცოს და შეინანოს თავის ცოდვები თვინიერ მარხვისა. განა შეიძლება ერთ და იმავე წამს მხიარულიც იყოს და მწუხარეც? კარგი საჭმლის მიღება გაამხნევებს და გაამხიარულებს კაცს და მაშინ როგორ შეიძლებს გული შეიწუხოს ცოდვისა თვისისათვის! იოანე ოქროპირი იტყვის: შეუძლებელია რომ წყალში ცეცხლი დაანთოს კაცმა, მზგავსადვე სინანული, მწუხარება ცოდვათათვის, მხიარულებასა და კმაყოფილებასა შინა.
მეოთხედ, კმაყოფილებასა შინა მარხვა არის მიუცილებელი საჭიროება, თუ კაცს სურს მიუახლოვდეს ღმერთსა და მიიზიდოს მისი მოწყალება. ყოველნი წმინდანი კაცნი, დიდნი მოღვაწენი, მხოლოდ დიდ-ჟამიერი მარხვითა და ლოცვითა მიიზიდვიდენ ღვთის მადლსა, შეიქმნებოდენ ღვთისმეტყველნი, ღვთის მხილველნი და ასრულებდენ დიდთა საქმეთა. მოსე წინასწარმეტყველმა ორმეოცისა დღის მარხვისა მერმედ მიიღო სჯული ძველისა აღთქმისა. ილია წინასწარმეტყველმა ორმეოცი დღე იმარხულა და მერმე გამოეცხადა მას ღმერთი. თვით უფალმა იესო ქრისტემ იმარხვა ორმეოცი დღე. თუმცა ძე ღვთისა იყო, მაგრამ რადგანაც ჩვენი ხორცი ჰქონდა შესხმული, გრძელჟამიერი მარხვით შეუდგა აღსრულებასა თვისისა დიდისა საქმისასა. არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანთაგანი შერაცხულიყოს წმინდანთა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს.
ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესისამებრ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ამინ.
No comments:
Post a Comment