ქებაჲ მონაზონთაჲ, რომელნი მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა სასჯელისასა.წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ.

ხოლო ამათ სიტყუათა იტყოდა უფალი არა ამისთჳს ხოლო, რაჲთა 
   მოაჴსენოს ცოდვილთა სატანჯველი, არამედ უფროჲსად, რაჲთა მოაჴსენოს 
   მართალთა ნიჭნი იგი და გჳრგჳნნი საუკუნონი და ახაროს გულსა მოღუაწეთასა 
   ჴსენებითა კეთილთა მათ წარუვალთაჲთა. ხოლო მე ვძრწი, ოდეს 
   სიტყუანი ესე მესმოდინ, რამეთუ არა მათგანი ვარ, რომელნი გჳრგჳნთა 
   მოელიან, არამედ რომელნი სატანჯველთა ღირს არიან. ამისთჳს ვძრწი და 
   მეშინის და ვჰგონებ თუ სხუანიცა მრავალნი არიან ზიარ ჩემდა, შიშისა 
   ამის და ძრწოლისა და ურვისა. რამეთუ ვინმცა იყო აწ ჩუენგანი, რომელსა 
   ესმნესმცა სიტყუანი ესე და შევიდამცა გონებასა თჳსსა და მოიჴსენნა 
   საქმენი თჳსნი და არამცა შეშინდა და შეძრწუნდა და გულისჴმა-ყო, ვითარმედ 
   ჭეშმარიტად ჩუენდა უფროჲსად საჴმარ არს შემოსაჲ ძაძისაჲ და 
   მარხვაჲ ფრიადი, ვიდრეღა მაშინ ერისა მის ნინეველთაჲსა; რამეთუ არა 
   არს ქადაგებაჲ ესე დაქცევისათჳს ქალაქისა ერთისა და სიკუდილისათჳს 
   ბუნებით თანანადებისა, არამედ სატანჯველთათჳს საუკუნეთა და ცეცხლისათჳს 
   უშრეტისა. ამისთჳსცა ვაქებ მონაზონთა მათ განშორებულთა სოფლისა 
   ამისგან და დამკჳდრებულთა უდაბნოთა შინა და მთათა და ჴურელთა 
   ქუეყანისათა, ვაქებ მათ ყოვლისავე მისთჳს საღმრთოჲსა მოქალაქობისა 
   მათისა და უფროჲსად რომელ მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა 
   საუკუნოჲსა მის სასჯელისასა და რომელ სიტყუაჲ ესე დაუვიწყებელად 
   პირთა შინა მათთა არს. 

      და რად ვთქუა სხუათა მათთჳს ჟამთა, ოდეს ლოცვასა შინა იყვნენ, გინა 
   თუ წურთასა გონებისასა? რამეთუ იგი ჟამნი ყოველნივე გლოითა და 
   ტირილითა აღესრულებიან მათ მიერ; გარნა იგი მებრ ვაჴსენო ჟამი, ოდეს 
   სერობად დასხდენ და საზრდელი მიიღონ. რამეთუ მათ შორის სამხრობაჲ 
   და სადილობაჲ არაოდეს არს, არამედ ყოვლადვე სერობაჲ ოდენ. რამეთუ 
   იციან, ვითარმედ გლოისა და მარხვისაჲ არს ჟამი ესე. ამისთჳს ყოვლადვე 
   იმარხვენ მწუხრადმდე, გარეშე მათსა, რომელნი ორ-ორით და სამ-სამით და 
   შჳდეულით იმარხვენ; გარნა განწესებული იგი და განჩინებული ყოველთა 
   ჩუეულებაჲ ვთქუა. რაჟამს ჟამსა სერობისასა საზრდელი მიიღონ და აღდგენ, 
   მეყსეულად გალობასა მადლობისასა შესწირვენ ღმრთისა და ამათ 
   სიტყუათა მარადის აჴსენებენ, რომელნი აწ აღმოვიკითხენით სახარებისაგან. 

      და უკუეთუ გნებავს სმენაჲ გალობისაჲ მის, რაჲთა თქუენცა ისწაოთ და 

   იტყოდეთ, მე ყოველივე წარმოგითხრა თქუენ; რამეთუ ესევითარითა სიტყჳთა 
   შეწყობილ არს გალობაჲ იგი წმიდაჲ: 

      კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, რომელმან გამომზარდე მე სიყრმით 
   ჩემითგან, რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ჴორციელსა. აღავსენ 
   სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი, რაჲთა ყოველსა შინა 
   მარადის ყოველივე უნაკლულოდ გუაქუნდეს და ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა 
   საქმესა კეთილსა, ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა 
   შენდა დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, 
   ამენ. 

      დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, 
   რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად. გევედრებით 
   შენ, აღმავსენ ჩუენ სულითა წმიდითა, რაჲთა ვიპოვნეთ წინაშე 
   შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა 
   საქმეთა მათთაებრ. 

      ღირს არს უკუე ყოვლისავე ამის გალობისა ქებაჲ და საკჳრველებაჲ 
   ძალსა ზედა მცირეთა მათ სიტყუათასა. ხოლო უფროჲს ყოვლისა აღსასრული 
   მისი განსაკჳრვებელ არს და სავსე სარგებელითა. 

      რამეთუ ვინაჲთგან ტაბლაჲ და ჭამადი დაამძიმებს გონებასა, ამისთჳს, 
   ვითარცა აღჳრსა რასმე ძლიერსა, წინაუყოფენ გონებათა თჳსთა სიტყუასა 
   ამას, რაჲთა ჟამსა ამას განსუენებისასა ჟამი იგი სასჯელისაჲ მოაჴსენონ 
   მას. რამეთუ იციან, რაჲ-იგი შეემთხჳა ისრაჱლსა ჭამისაგან, ვინაჲთგან არა 
   აქუნდა ჴსენებაჲ მის ჟამისაჲ, ვითარცა წერილ არს: “ჭამა იაკობ, განძღა 
   და შესტრიობდა საყუარელი იგი”; ამისთჳსცა მოსე იტყოდა: “რაჟამს 
   სჭამო და განსძღე, მოიჴსენე უფალი ღმერთი “. რამეთუ მათ ჭამეს 
   რაჲ და განძღეს, მაშინ საქმენი იგი უშჯულოებისანი აღასრულნეს. 

      იხილე უკუე შენცა, კაცო, ნუუკუე ესევითარი რაჲმე შეგემთხჳოს. დაღაცათუ 
   არა ქვათა და ძელთა უზორო, არცა კერპთა ოქროჲსა და ვეცხლი/სათა 
   დაუკლა ცხოარი და ზროხაჲ, არამედ ეკრძალე, ნუუკუე გულისწყრომასა 
   უზორო, ნუუკუე გულისთქუმასა სიძვისასა მსხუერპლად მისცე ცხორებაჲ 
   სულისა შენისაჲ, გინა თუ სხუათა მათ მრავალფერთა ვნებათა 
   ჰმსახურო. ამისთჳსცა მოღუაწენი იგი და მუშაკნი სათნოებისანი ესევითართა 
   მათ კაპანთაგან და საფრჴეთა ძრწიან და ჟამსა მას ტაბლისასა, 
   უფროჲსადღა ვთქუა თუ მარხვისასა (რამეთუ ტაბლაჲ მათი მარხვაჲვე 
   არს), საშინელსა მას სასჯელსა და დღესა მას მეორედ მოსლვისასა აჴსენებენ 
   და შიშითა მით სულთა თჳსთა განაკრძალებენ. ხოლო უკუეთუ მათდა 

   საჴმარ არს ჴსენებაჲ მის დღისაჲ, რომელნი მარხვითა და ლოცვითა და 
   მღჳძარებითა და შემოსითა ძაძისაჲთა და ჴმელსა ზედა წოლითა და სხჳთა 
   ბევრეულითა ღუაწლითა შეჭურვილ არიან, რაჲ ვთქუა ჩუენთჳს, რომელნი-ესე 
   ტაბლათა დავაგებთ ბევრეულითა სანოაგითა სავსეთა, და უფროჲსღა 
   ვთქუა, თუ ბევრეულითა სულისა ვნებითა, და არცა დაგებისა ჟამსა, არცა 
   აკრებისა აღვასრულებთ ლოცვასა ანუ მადლობასა. ამისთჳს გამცნებ, საყუარელნო, 
   რაჲთა გალობაჲცა იგი სულიერი კაცად-კაცადმან ისწაოთ, და 
   ჴსენებაჲ საღმრთოთა მათ სიტყუათაჲ და საშინელისა მის დღისაჲ გულსა 
   შინა თქუენსა დაიდვათ, და ფრიადიცა შუებაჲ და განცხრომაჲ მოიწყჳდოთ, 
   რაჲთა წესი იგი და მსგავსებაჲ ანგელოზთა მობაძავთაჲ მათ სახლთა შინა 
   თქუენთა აღესრულებოდის. კაცად-კაცადი უკუე აღდგეს რაჲ ტაბლისაგან, 
   ამათ სიტყუათა იტყოდენ გულისჴმისყოფით: “კურთხეულ ხარ შენ, “. 
   რამეთუ ესე მოციქულისა მიერ განწესებულ არს, რომელი იტყჳს: 
   “ყოველსავე, რასაცა ვიქმოდით სიტყჳთ გინა საქმით, სახელითა უფლისა 
   ჩუენისა იესუ ქრისტესითა ვიქმოდით და ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა 
   მის “. 

      ხოლო მადლობაჲ იგი არა მის ოდენ დღისათჳს აღესრულების, რომელსა 
   შინა ვიყვნეთ, არამედ ყოვლისავე ცხორებისა ჩუენისათჳს, რამეთუ ესრეთ 
   იტყჳს გალობაჲ იგი: “რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან”. და 
   ესეცა სწავლაჲ არს ფრიადისა გულისჴმისყოფისაჲ, ვითარმცა იტყოდა, 
   ვითარმედ: არა ჯერ-არს ზრუნვაჲ, ვინაჲთგან ღმერთი არს მზრდელი და 
   მოღუაწე ჩუენდა. უკუეთუმცა მეფემან უქადა ვის მარადღე სამეუფოთა 
   საგანძურთაგან მიცემად საზრდელისა, არამცა უზრუნველ იყოა იგი მინდობითა 
   სიტყუასა მას მეფისასა? რავდენ უფროჲსად ჩუენ გჳღირს უზრუნველობაჲ, 
   რომელთა-ესე ღმერთი მოგუცემს დღითი-დღედსა საზრდელსა. 
   რამეთუ ამისთჳს მოღუაწენი იგი ესრეთ გალობენ, რაჲთა თავთაცა თჳსთა 
   და მოწაფეთაცა მოძღურებისა მათისათა ასწაონ დატევებად ყოვლისავე 
   სოფლიოჲსა ზრუნვისა. და, რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა თავთა თჳსთათჳს 
   ხოლო შესწირვენ მადლობასა მას, არამედ ყოვლისა სოფლისათჳს, ამისთჳს 
   იტყჳან: “რომელმან მოსცი საზრდელი ყოველსა ჴორციელსა”. 

      იხილეა მადლობითა ამით ვითარ მცნებასაცა სიყუარულისასა აღასრულებენ 
   და ზრუნვისაცა სიმძიმესა განაგდებენ და ასწავებენ თავთა თჳსთა, 
   ვითარმედ რომელ-იგი ყოველსა ჴორციელსა ზრდის, ვითარმცა არა გამოზარდნა, 
   რომელნი-იგი მისა შევედრებულ არიან და ზრუნვათაგან სოფლისათა 
   განშორებულ არიან? 

      ვითარცა-იგი უფალი ბრძანებს, ვითარმედ: “მიხედენით ფრინველთა ცისათა 

   და შროშანთა “. უკუეთუ მათ იღუწის ღმერთი, არა უფროჲსად 
   თქუენ გიღუაწნესა? 

      ისმინეთ უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ გალობისაჲ მის: “აღავსენო სიხარულითა 
   და მხიარულებითა გულნი ჩუენნი”. რომელსა-მე სიხარულსა იტყჳან? 
   ნუუკუე ჴორციელსა ამას და სოფლიოსა ითხოენა? ნუ იყოფინ! რამეთუ 
   უკუეთუმცა ამისა სურვიელ იყვნეს, არამცა დაეტევა სოფელი და აღსრულ 
   იყვნეს მთათა და უდაბნოთა და შეემოსა ძაძაჲ; არამედ მას სიხარულსა 
   ითხოვენ, რომელსა არცა ერთი აქუს ზიარებაჲ სოფელსა ამას თანა - 
   სიხარულსა მას ანგელოზთასა, სიხარულსა ზეცისასა. და არა ესრეთ 
   ლიტონად ითხოენ მას, არამედ ფრიადითა სიმტკიცითა, რამეთუ არა იტყჳან, 
   თუ: მოგუეც, არამედ “აღავსენო გულნი ჩუენნი”, რამეთუ ნაყოფი 
   სულისაჲ არს სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ. 

      ვინაჲთგან ცოდვამან მწუხარებაჲ შემოიღო გულად კაცთა, ამისთჳს ევედრებიან, 
   რაჲთა სიხარული იგი სიმართლისაჲ დაენერგოს გულთა მათთა, 
   რამეთუ თჳნიერ სიმართლისა ჭეშმარიტი სიხარული არა იქმნების. 

      “რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველი უნაკლულოდ გუაქუნდეს და 
   ვჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა”. 

      გულისჴმა-ყავთ, ვითარ სიტყუასა მას სახარებისასა აღასრულებენ, რომელი 
   იტყჳს, ვითარმედ: “პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს”. ეგრეთვე 
   მის სიტყჳსაებრ ითხოენ ბუნებითსა საჴმარსა ჴორცთასა, და ამასცა სულიერისავე 
   წესისათჳს ითხოენ. ამისთჳსცა იტყჳან: “რაჲთა ვჰმატებდეთო ყოველსა 
   ზედა საქმესა კეთილსა”. ესე იგი არს, რაჲთა არა მას ხოლო 
   ვიქმოდით, რომელი თანა-გუაც ქმნად, არამედ უმეტესსაცა; რამეთუ ამას 
   მოასწავებს სიტყუაჲ იგი, თუ: “ვჰმატებდეთ”. 

      იხილე გალობაჲ კაცთა წმიდათაჲ. ღმრთისაგან ითხოენ საჴმარსა ბუნებითსა 
   ზომით, ხოლო თავთა თჳსთაჲ ჰნებავს, რაჲთა გარდამატებულად აღასრულებდენ 
   ყოველსა კეთილის საქმესა. ესე საქმე არს ჭეშმარიტთა მონათა 
   ღმრთისათაჲ, ესე გულისსიტყუაჲ არს მოღუაწეთა სრულთაჲ. 

      მერმე კუალად მოაჴსენებენ თავთა თჳსთა უძლურებასა მას კაცობრივსა 
   და, ვითარმედ თჳნიერ ზეგარდამოჲსა შეწევნისა ვერცა ერთისა კეთილისა 
   შემძლებელ არიან ქმნად. ამისთჳს თქუან რაჲ, “რაჲთა ვჰმატებდეთ ყოველსა 
   ზედა საქმესა კეთილსა”, მეყსეულად დაურთვენ: “ქრისტეს იესუს მიერ, 
   უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე 
   სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ”. 

      სწორად დაწყებისა ჰყოფენ აღსასრულსა და კუალად მასვე პირსა მადლობისასა 
   იწყებენ, ვითარცა პავლეცა იქმს მრავალგზის; რამეთუ დაწყებასა 

   ებისტოლისასა ესრეთ თქუა გალატელთა მიმართ: “ნებითა ღმრთისა და 
   მამისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ”. 

      და მეყსეულად მასვე პირსა იწყო, რომლისათჳს იტყოდა. 

      და კუალად ჰრომაელთა მიმართ მისწერს: “ჰმსახურესო დაბადებულთა, 
   და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამენ”. 

      და არა აღასრულა ამას ზედა ებისტოლე იგი, არამედ კუალად იწყო 
   მასვე პირსა. 

      ამისა მსგავსად ღმრთისმოყუარენიცა იგი იქმან, რამეთუ შეწირონ რაჲ 
   მადლობაჲ იგი და დიდებაჲ წმიდისა სამებისაჲ, კუალად იტყჳან: “დიდებაჲ 
   შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ 
   მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად”; რამეთუ არა 
   დიდთა ხოლო საქმეთათჳს, არამედ მცირეთათჳსცა ჯერ-არს მადლობაჲ. 
   ამისთჳს ნეტარნიცა იგი ჰმადლობენ მოცემისა მისთჳს ჭამადთაჲსა, რაჲთა 
   არცხვინონ წვალებასა მას მანიქეველთასა, რომელნი ცხორებასა ამას 
   ბოროტად სახელ-სდებენ. და რაჲთა ფრიადისა მის მარხვისათჳს ვერვინ 
   თქუას, თუ ჭამადნი ღმრთისა მიერ მოცემულნი საძაგელად შეურაცხიან 
   მსგავსად ვიეთმე მწვალებელთა, ამისთჳს მადლობისა ამის მიერ გამოაჩინებენ, 
   ვითარმედ არა სიძაგულითა ღმრთისა მიერ დაბადებულთა ჭამადთაჲთა 
   განყენებულ არიან მათგან, არამედ წესისა მისთჳს მარხვისა. 
   ხოლო შეწირონ რაჲ მადლობაჲ მიცემულთა მათთჳს კეთილთა, არა კმა-ჰყოფენ 
   მას ოდენ, არამედ უმეტსსა და უზეშთაესსა ეძიებენ და იტყჳან: 
   “აღმავსენ ჩუენ სულითა წმიდითა”. რამეთუ არცა შესაძლებელ არს წარმართებაჲ 
   კეთილსა შინა, რომელი არა აღივსოს მადლითა მით სულისა 
   წმიდისაჲთა და შეწევნითა ქრისტესითა. ამისთჳსცა, ვითარცა-იგი თქუეს 
   რაჲ, თუ: “ვჰმატდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა”, შესძინეს: “ქრისტეს 
   იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა”, ეგრეთვე აქა იტყჳან: “აღმავსენ ჩუენ 
   სულითა წმიდითა, რაჲთა ვიპოვნეთ წინაშე შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, 
   ოდეს-იგი მიაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ”. 

      არა იტყჳან: რაჲთა არა ვიტანჯნეთ, არამედ: რაჲთა არა სირცხჳლეულ 
   ვიქმნეთო. რამეთუ ესე ფრიად უსაშინელესად უჩნს, ვიდრეღა გეჰენიაჲ იგი 
   ცეცხლისაჲ, ფრიად უმწარესად შეურაცხიეს სირცხჳლი იგი და გამოვრდომაჲ 
   პირისაგან ღმრთისა და დიდებისა მისგან სანატრელისა. ამისთჳს 
   ორივე აჴსენეს: სირცხჳლიცა და მისაგებელიცა საქმეთაებრ, “რაჲთა ვიპოვნეთო 
   წინაშე შენსა სათნო და არა სირცხჳლეულ, ოდეს-იგი მიაგებდე 
   კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ”. 


      იხილეა, რაოდენ სარგებელ-მეყო ჩუენ გალობისა ამისგან მოქალაქეთა 
   მათ უდაბნოჲსათა, და უფროჲსად ვთქუა თუ მოქალაქეთა ზეცისათა? რამეთუ 
   ჩუენ უცხო ვართ ცათაგან, და მოქალაქენი ქუეყანისანი, ხოლო იგინი 
   უცხო და მწირ არიან ქუეყანასა ზედა და მოქალაქობაჲ აქუს ცათა შინა. 

      ხოლო შემდგომად ამის გალობისა აღივსებიან ფრიადითა ლმობიერებითა 
   და მჴურვალითა ცრემლითა და ესრეთ დადგებიან ლოცვათა ღამისათა. და 
   შემდგომად დიდისა შრომისა და მრავლისა ცრემლთა დათხევისა მივლენ 
   კაცად-კაცადი ადგილსა განსუენებისა მათისასა და, მცირედ რაჲ მიიძინიან 
   ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა, კუალად აღდგიან და ღამენი დღე ყვნიან გალობითა 
   და ლოცვითა. 

      ამას ესევითარსა წესსა არა ხოლო თუ მამანი იქმან, არამედ დედანიცა 
   მრავალნი, რომელნი-იგი უძლურებასა მას ბუნებისასა სიმრავლითა მით 
   გულსმოდგინებისაჲთა მძლე ექმნებიან. აწ უკუე ჩუენცა შევიკდიმოთ ესევითარისა 
   მის ახოვნებისა და სათნოებისაგან და დავსცხრეთ ამაოებისა ამისგან 
   და შექცევისაგან საწუთროჲსა, აჩრდილთა და სიზმართა უუძლურესისა; 
   დავსცხრეთ შუებათა და ფუფუნებათაგან ჴორციელთა; ვიწყოთ ძიებად 
   კეთილთა მათ წარუვალთა და ცხორებისა მის დაუსრულებელისა. რამეთუ 
   შესაძლებელ არს, უკუეთუ გუენებოს, სოფელსაცა შინა ბაძვაჲ მეუდაბნოეთაჲ 
   სათნოებითა, ვითარცა-იგი მოციქულთა ზე, რომელთა პირველ შეიწყნარეს 
   ქადაგებაჲ მათი, დაღაცათუ ქალაქთა შინა მკჳდრ იყვნეს, არამედ 
   სათნოებითა უაღრეს მეუდაბნოეთასა იყვნეს. და წინაჲსწარმეტყუელთა მრავალთა 
   ცოლ ესუა, ვითარ-იგი ესაიას და ეზეკიელს და დიდსა მას მოსეს, 
   არამედ არა ეცა სათნოებასა მათსა დაბრკოლება ამის ჯერისაგან. ამისთჳს 
   ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ მოსწრაფე და ღმრთისმოყუარე ვინ იყოს, შესაძლებელ 
   არს სოფელსაცა შინა წარმართებაჲ სათნოებისაჲ; ხოლო რომელი 
   ხედვიდეს თავსა თჳსსა, ვითარმედ სოფელსა შინა ვერ აღასრულებს მცნებათა 
   ღმრთისათა, არამედ ცოდვათა ერევის, ისმინენ მან ზემოწერილი იგი 
   სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: “რაჲ სარგებელ ეყოს 
   კაცსა, უკუეთუ სოფელი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ 
   მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?” ესე სიტყუაჲ გულად შეიღენ 
   და სულისა თჳსისა ცხორებაჲ იძიენ. 

      ჰე, ძმანო, გლოცავ თქუენ, ვჰბაძევდეთ მოქმედთა სათნოებისათა, ვჰმადლობდეთ 
   ღმერთსა მარადის, უგალობდეთ მას დაუცხრომელად, შევიკრძალოთ 
   სიწმიდე სულისა და ჴორცთაჲ და სხუანი იგი სათნოებანი, რაჲთა 
   საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა 

   უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა 
   ღმრთისა და მამისა დიდებაჲ, პატივი და დიდად შუენიერებაჲ, ყოვლადწმიდით 
   და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი 
   უკუნისამდე, ამენ. 



   

No comments:

Post a Comment