და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა,
ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა (მატთ. კე, მვ)
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა დაუსრულებელსა მისსა განჩინებასა. ბრძენი და ფრიად გამოცდილი იესო ზირაქ იტყვის წიგნსა შინა თვისსა: ყოველსა შინა საქმეთა შენთა მოიხსენებდ უკანასკნელსა შენსა და უკუნისამდე არა სცოდო; ხოლო უკანასკნელი ყოვლისა კაცისა არის საშინელი სამსჯავრო, და უკეთუ კაცი ყოველ დროს და ყოველთა საქმეთა შინა მისთა წარმოიდგენს საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, მრავლისა ცოდვისაგან დაიცავს იგი თავსა თვისსა. ვიფიქროთ, ძმაო, ამაზედ.
აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმემ ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა; ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაჰფაროს ყოველი ცოდვაი თვისი და ცუდნი თვისებანი. ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი; ეს უეჭველია და ჭეშმარიტი, რომ, უკეთუ კაცს არ შეეძლოს ამ სოფელში დაფარვა ცოდვისა თვისისა, უკეთუ იგი დარწმუნებული იყოს, რომელ იმავე წამს, როდესაც ცოდვას იქმს, ცოდვა მისი შეტყობილ-იქმნება ყოველთა კაცთაგან, - მაშინ იგი არ გაბედავდა და ვერ იქმოდა მრავალთა თვისთა ცოდვათა.
გარნა წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ წუთ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი არა-გცეს, ან ცუდი რამე სთქვეს შენზედ, ანუ შენ მეგობარზედ, რომელ თითქმის აღარც იცი, სად დაიმალო სირცხვილისაგან, წარმოიდგინე, ვითარი სირცხვილი და განკიცხვა გექმნება მაშინ, ოდეს ცა და ქვეყანა, ყოველნი მცნობნი და უცნობნიცა შეიტყობენ შენსა სიცუდესა და წარწყმედასა. ამ სოფელში შენ, რასაკვირველია, გყვანან მრავალნი მეგობარნი და მოყვარენი; ფრიად გეწყინება, რომ იმათ ცუდი რაიმე შეიტყონ შენზედ. წარმოიდგინე, რომ არათუ მხოლოდ იგინი, არამედ მრთელი ქვეყანა, ანგელოზნი და კაცნი გიხილავენ შენ მდგომარედ მარცხენით წარწყმედულთა შორის. ჰოი ვითარი სირცხვილი და გამოუთქმელი შემუსვრა დაგეცემა შენ ამ ჟამად! იქმნება ამ ქვეყანაზედ მრავალთა მიაჩნდი შენ კეთილ კაცად და ღვთის-მოყვარედ, იქნება აქ ატყუებდი მოყვასთა შენთა კეთილითა სახითა და გარეშეობითა. გარნა მუნ გამოჩნდება, რომ ესე ყოველი იყო სიცრუე; იქ შეიტყობენ ყოველნი, რომ ღვთის-მოყვარება შენი იყო მხოლოდ თვალ-ღება, სიმართლე გქონდა შენ მხოლოდ ენასა ზედა და გული შენი იყო აღვსებულ ბოროტებითა და უსჯულოებითა.
მეორედ, ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ-ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სინიდისი ჩვენი ხშირად შეკრული არის და დაბნელებული ამ ქვეყანაზედ, გარნა იმ საშინელ დღეს კაცსა ცოდვილსა მოესპობა ყოველი თავის გასამართლებელი მიზეზი და ყოველი ნუგეში. რით-ღა გაიმართლებს მაშინ თავსა თვისსა კაცი წარწყმედილი? რით დააჩუმებს სინიდისსა თვისსა? აღარ დარჩა დრო მონანებისა: მან გაიგონა უკანასკნელი განჩინება იგი, იქმნა რა განყოფილ მართალთაგან და დადგინებულ შორის წარწყმედულთა. სინიდისი მისი, განთავისუფლებული ყოველთა ცბიერთა და ცრუთა ჰაზრთა და მიზეზთაგან, იწყებს ტანჯვასა და ქენჯნასა მისსა უწყალოდ. ყოველნი მისნი სიტყვანი და საქმენი ამ ქვეყანისანი, ვითარცა ლაშქარნი უწყალონი, წინა დაუდგებიან მას დაიწყებენ შეძრწუნებასა და შემუსვრასა მისსა. ამღვრეულნი და გაშტერებულნი შიშით და ურვით, მაშინ იწყებენ ცოდვილნი ყვედრებასა და მოძაგებასა თავისა თვისისასა. მაშინ მოგაგონდება შენ, ძმაო. ყოველი შენი ბოროტება თვითოეულად: რაოდენი ჟამი დაჰკარგე შენ უქმად და უნაყოფოდ სულისა შენისათვის! რაოდენი მადლი და ნიჭი ღვთისა გააუქმე შენ ცოდვათა და უსჯულოებათა შინა! რაოდენგზის ღმერთმან მოგცა შენ შემთხვევა მონანებისა და მოქცევისა, გარნა შენ უგულებელ ჰყავ იგი; რაოდენ-გზის მრავალ-ფერად შეგაგონებდა შენ იგი, გარნა შენ დაჰშთი ყრუ და ბრმა ყოველთვის. რასა ვფიქრობდი მე უბედური? ეტყვი შენ მაშინ გოდებით და ტირილით თავსა შენსა. ვის ვემსახურებოდი მე? ვის შევწირე ყოველი ძალი და გონება ჩემი? გარნა ამაოდ იქმნება მაშინ ყოველი შენი კვნესა და გოდება, ამაოდ აღიპყრობ ხელთა შენთა. გათავდა ჟამი მონანებისა; მოისპო დრო შეწყალებისა და მოწყალებისა; თქმულ არს საშინელი იგი: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა. მაშინ აღსრულდება შენზედა წინასწარ-თქმული უფლისა მიერ: აჰა ესერა მოვლენ დღენი, რომელთა შინა იწყონ სიტყვად მთათა, დამეცნინ ჩუენ ზედა და ბორცვთა, დამფარენით ჩვენ. კაცი ცოდვილი, მიმავალი ჯოჯოხეთად, დასწყევლის მაშინ დღესა შობისა თვისისასა; იგი ისურვებს, როგორმე მოსპოს და განაქარვოს თავი თვისი, გარნა ამაოდ იურვის იგი: უმაღლესმან სიმართლემან და მართლ-მსაჯულებამან ღვთისამან მიაგო მას მსგავსად საქმეთა მისთა და ვინ წინააღუდგების განჩინებასა მისსა!
ამას ყოველსა დაუმატე ესეცა: ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაინც ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა აქა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა სიკვდილით მაინც მოსპობს უბედურებასა მისსა. ხოლო უკანასკნელი ესე სამსჯავრო მით უმეტეს არს საშინელ და შემმუსვრელ სულისა, რომელ განჩინება მისი იქმნება უკანასკნელი, წარწყმედა და ტანჯვა ცოდვილისა დაუსრულებელი. წარმოიდგინე გევედრები, ძმაო ჩემო, მდგომარეობა ცოდვილისა კაცისა გეენიას შინა გარესკნელსა; უფსკრულსა შინა და სიბნელესა ტარტაროზისასა ცოდვილნი იტანჯებიან გამოუთქმელად და არც ექმნება დასასრული ტანჯვასა მათსა.
ხოლო ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა! გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება! მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეყანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელიცა იყო წადილი და მისწრაფება მათი ამ სოფელში. განსძღენ იგინი ხილვითა და სიტყვითა ტკბილისა და საყვარელისა მის მეუფისა, რომლისათვის ჰშიოდა და ჰსწყუროდა მათ ამ ქვეყანაზედ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა.
ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის დრო გვაქვს, ვიდრემდის ღმერთი ითმენს ჩვენს ცოდვასა, ხშირად, მარადის წარმოიდგენდეთ საშინელსა ამა ხატსა მეორედ მოსვლისასა და მით გააფრთხილებდეთ თავსა თქვენსა. ხოლო გსურსა შეიტყო, რით შეგიძლიან განრინება ცოდვილთა ხვედრისა და მიღება იმ ჟამად ნაწილისა მართალთასა? ესეცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. მაცხოვარი ეტყვის მარჯვენით მდგომარეთა: მშიოდა და მეცით ჭამადი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ; შიშველ ვიყავ შემმოსეთ; საპყრობილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. აჰა რა აცხოვნებს კაცსა! ჰყავ შენცა ესე, უკეთუ გსურს ცხოვრება. ამინ.
მოძღვრება კვირიაკესა ხორციელისასა
რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა და
ყოველნი ანგელოსნი მისნი მასთანა, მაშინ დაჯდეს
საყდართა დიდებისა თვისისათა (მათე 25, 31)
წმინდამან ეკლესიამან დააწესა აწინდელსა კვირიაკესა ზედა წაკითხვა სახარებისა მის, რომლისა შინა მაცხოვარი ცხოველად აღწერს მეორესა მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა. ფრიად საჭირო და სასარგებლო არს, ძმანო ჩემნო, ხშირად და ცხადად წარმოვიდგენდეთ საშინელსა ამას დღესა. შევკრიბოთ საღმრთოისა წერილისაგან ყოველი, რაიცა სულმან წმიდამან წინადვე გვამცნო ჩვენ ამ საგანზე.
პირველად, როდის იქნება სოფლის აღსასრული და ქრისტეს მეორედ მოსვლა? რას გვიცხადებს ამაზედ საღმრთო წერილი? თუმცა ცნობის მოყვარესა კაცის გულსა და გონებასა ყოველთვის სურს შეიტყოს დრო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა, გარნა სულმან წმიდამან განგებ არ ინება განსაზღვრება ამისა. მოციქულთა ერთხელ კითხეს მაცხოვარსა: გვითხარ ჩვენ ოდეს იყოს ესე, და რაი არს სასწაული შენისა მის მოსვლისა, და აღსასრული ამის სოფლისა? გარნა მაცხოვარმან უპასუხა მათ: დღისა მისთვის და ჟამისა არვინ იცის, არცა ანგელოსთა, გარნა მამამან ჩვენმან მხოლომან (მათე კდ. კვ.). რისთვის დაფარა მაცხოვარმან ჩვენგან ეს? იღვიძებდით უკვე, გვიპასუხებს ჩვენ უფალი, რამეთუ არა იცით რომელსა ჟამსა უფალი თქვენდა მოვიდეს! გარნა, თუმცა საღმრთო წერილი პირ-და-პირ არ განსაზღვრებს დროსა მეორედ მოსვლისასა, გარნა იგი აღწერს ზოგიერთსა ნიშნებსა და სასწაულთა, რომელნი თავის დროზედ ცხად ყოფენ მოახლოვებასა სოფლის აღსასრულისასა. რომელნი არიან ეს ნიშნები? პირველად ცხადად არს თქმული, რომელ უწინარეს ქრისტეს მეორედ მოსვლისა სახარება მისი იქადაგება ყოველთა თესლთა შორის: და იქადაგონ სახარება ესე ყოველთა სოფლებთა საწამებელად ყოველთა წარმართთა. გარნა ჯერედ კი მრავალნი არიან თესლები, რომელთა არ უსმენიათ ქადაგება ქრისტეს სახარებისა. მეორედ, თუმცა სახარება ყოველ თესლებში იქმნება ქადაგებული, გარნა სიმართლე, სიწმინდე და სიყვარული დამცირება კაცთა შორისა. თუმცა ცოდვასა ახლაცა დიდი ძალა და გავლენა აქვს ქვეყანაზედ, გარნა მაშინ იგი თითქმის იდღესასწაულებს კაცთა შორის, მაშინ დასუსტდება შიში და სიყვარული ღვთისა; მაშინ გამრავლდებიან კაცნი ბოროტნი, თავხედნი და უწყალონი, და, რომელიც ერთობ შესანიშნავი არის, გარნა ცხადად თქმული საღმრთო წერილში, - მაშინ უმეტესად განმრავლდებიან კაცნი ფარისეველნი და მზაკვარნი, რომელნი გარეშეობითა იქნებიან ღვთის მოყვარენი და ძალი ღვთის სიყვარულისა არ ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომელ ჭკუა და განათლება იქნება მაშინ დიდი, გარნა ზნეობა დაცემული. როდესაც ესრეთი ცოდვა და უსჯულოება მოინადირებს ყოველსა კაცსა, დაამძიმებს დედამიწასა, მაშინ გამოჩნდება უცხადესი ნიშანი სოფლის აღსასრულისა, მოვა ანტიქრისტე - კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქვამს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და ნიშებსა, და მით მიიქცევს თვისდამი ყოველთა სუსტთა და გარყვნილთა; და ესრედ იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და ააჩქარებს გამოჩენასა ღვთის სასჯელისასა. რომელიც ამ ჟამად დარჩებიან ქვეყანაზედა მორწმუნენი და გულის ხმის მყოფელნი, იგინი ამით ნიშანთა და სასწაულთაგან, ეგრეთვე სხვათა მრავალთა ნიშანთა და სასწაულთაგან, შეიტყობენ მოახლოვებასა ქრისტეს გამოჩინებისასა. მაშინ გამოჩნდებიან სასწაულნი და ნიშანნი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მიწის მრავალნი სიყრმილნი, ბრძოლანი და ხმანი ბრძოლისანი, ყოველნი ტომნი იქმნებიან აღვრეულნი და გაშტერებულნი შიშისაგან: და იყოს სასწაული მზესა შინა და მთვარესა და ვარსკვლავთა და ქვეყანასა ზედა, შეკრება თესლებისა განკვირებითა ოხვრისათა ზღვისაგან, და ძვრითა სულთა კაცთათა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა სოფელსა ზედა. და ესრედ, ოდეს ერთი მხრით მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა, და, მეორეს მხრით, უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქმნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარმატებულნი სიმთვრალითა და სიმაძღრითა, მაშინ უცბად გამოჩნდეს სასწაული ცათა შინა ძისა კაცისა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისა, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. მიაქციე, ძმაო, კარგად ყურადღება სიტყვათა ამათ ზედა: მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი: მაშინ, ესე იგი, როდესაც ყოველნი შეხედვენ და იხლვენ ქრისტესა მომავალსა ზეცითგან, იწყონ ყოველთა ტყება, ტირილი და თავის ცემა. ვინ აღწერს, ძმაო, ყოველსა, რასაც გული კაცისა იგრძნობს მაშინ, საშინელსა ამას წამსა! თვით ის კაციცა, რომელი იგი იყო ღვთის მორჩილი და მსახური, ყოველთვის შეძლებისამებრ ასრულებდა მისთა მცნებათა, იგიცა შეშინდება, ამისთვის რომ არ იცის, რას ეტყვის მას უფალი და რომელსა მხარესა დააყენებს, მარჯვენესა, თუ მარცხენესა. გარნა მას ერთი ნუგეში მაინცა აქვს, რომ იგი იყო მორწმუნე, მას ქონდა სასოება ღმერთზე: ხოლო ვინ წარმოიდგენს აღრევასა, ურვასა კაცისა ურწმუნოისა და განდრეკილისასა! თურმე მართალი ყოფილა ყოველი, რასაცა გვიქადაგებდა ჩვენ სახარება, ესრედ უთუოდ იფიქრებს იგი;თურმე იესო ქრისტე კი ყოფილა მაცხოვარი და მსაჯული სოფლისა, იფიქრებს იგი ამას, დასწყევლის თვისსა სიცოფესა, სიბრმავესა, აღვსებული შიშითა და მოლოდინებითა საშინელისა სასჯელისათა.
როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის ორთავე მხარეთა მიზეზთა, რომლისათვისცა პირველნი იქნებიან ცხოვნებულ, ხოლო მეორენი წარწყმედულ. რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომელ მაშინ მაცხოვარი არცა პირველთა არ ეტყვის, რომ თქვენ გქონდათ სარწმუნოება ჩემი, და არცა მეორეთა მათ არ აყვედრის, რომ მათ არ სწამდათ იგი, არამედ პირველთა გაამართლებს იგი მით, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი: მშიერთა აჭმევდენ, შიშველთა ჩააცმევდენ, სნეულთა ნახვიდენ; ხოლო წარწყმედილთა გაამტყუნებს იგი მით, რომელ იგინი არ იქმოდენ არცა ერთსა. ეს იმას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომ მოწყალება და სხვანი კეთილნი საქმენი არიან ნაყოფნი სარწმუნოებისა. როგორც ხე იცნობება ნაყოფთაგან, ეგრედვე ღირსება კაცთა - საქმეთა მისთაგან.
რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე, რომელ ღმერთმან მას მოუმზა ისეთი ნეტარება, რომელ თვალსა კაცისასა არ უნახავს, ყურსა მისსა არ სმენია და გული მისი ვერ წარმოიდგენს.
რა იქნება ტანჯვა წარწყმედილთა? ამასაც ვერ წარმოიდგენს გონება კაცისა სრულებით, მხოლოდ არის თქმული, რომელ იგინი იქნებიან ბნელსა გარესკნელისასა, სადაცა ცეცხლი მათი არა დაშრტების, და მატლი მათი არ დაიძინებს. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვნებასა საუკუნესა. გლოცავთ თქვენ, ძმანო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ამას ყოველსა, ხშირად წარმოიდგენდეთ სიხარულთა ცხოვნებულთასა და ვაებასა წარწყმედილთა, და მით განაღვიძებდეთ გულსა შინა თქვენსა მონანებასა ცოდვათა თქვენთა, და წადილსა შემთხვევად ხვედრსა ცხოვნებულთასა. ამინ.
სიტყვა ხორციელის კვირიაკესა ზედა
და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ
გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას
მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ რქვას მეუფემან მარჯვენეთა მათ თვისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა. რამეთუ მშიოდა და მომეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. ხოლო მარცხენით მათ რქვას: წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა და არა მომეცით მე ჭამადი, მწყუროდა და არ მასვით მე, უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე, უძლური ვიყავ და არა მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და არა მოხვედით ჩემდა. და ოდეს მართალნიცა და ცოდვილნიცა განკვირვებულნი კითხვენ მას: უფალო ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ მწყურვალე, ანუ უცხოებასა და უძლურებასა, ანუ საპყრობილესა შინა! მაშინ მეუფემან მიუგოს მათ და რქვას: ამინ გეტყვი თქვენ, რაოდენი უყავით ერთსა ამას ძმათა ჩემთა მცირეთაგანსა, იგი მე მიყავით. მაშასადამე, ერთი უმთავრესი მიზეზი ცხონებისა მართალთა იქნება ის, რომ იგინი იყვნენ მრავალ მოწყალენი მრავალ-ფერთა გაჭირვებულთადმი; ეგრედვე უმთვარესი მიზეზი წარწყმედილთასა იქნება ის, რომ იგინი იყვნენ უწყალონი. ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობენ სათნოებანი; ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ უწყალონი, თუმცა უეჭველია, იგინი, სხვათაცა მრავალთა ცოდვათა იქმოდენ თავიანთ სიცოცხლეში. რაი არს მიზეზი ამისა? რისთვის არ ეტყვის მაცხოვარი მარჯვენეთთა მათ თვისთა, რომ იგინი იყვნენ აღვსებულნი სარწმუნოებითა, სასოებითა, ყოვლად მარხულობდენ, გულ-მოდგინედ ლოცულობდენ, ზოგიერთთა მათგანთა სისხლიც დასთხიეს ქრისტესათვის? ეგრედვე, რისთვის არ ეტყვის მაცხოვარი ცოდვილთა, რომელ იგინი იყვნენ ურწმუნონი, უწმინდურნი, კაცის მკვლელნი და სხვათა, ამის მზგავსთა, მრავალთა ცოდვათა მოქმედნი? ეს მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ მოწყალება არის ნაყოფი, ცხად მყოფელი ყოველთა სხვათა სათნოებათა, სარწმუნოებისა, სასოებისა, სიყვარულისა. მზგავსადვე უწყალოება არის ნიშანი და ბეჭედი ყოველთა სხვათა ცოდვათა. მისთვის კიდევ, რომელ მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან საქმესა, და არა მხოლოდ სიტყვასა, მოითხოვს ჩვენგან მოქმედებასა, მოძრაობასა, და არა მხოლოდ უქმსა გულის სიტყვასა და უნაყოფოსა გრძნობასა. იქნება შენ, ძმაო, სარწმუნოება და სასოება გაქვს, გარნა ესენი არიან უნაყოფონი, იქნება შენ მრავალი კეთილი განზრახვა გქონდა გულში, მრავალი და პატიოსანი სიტყვა სთქვა, მშვენიერი სურვილნი გამოიჩინე, გარნა თუ განზრახვა შენი არ აღასრულე, სიტყვა საქმედ არ აქციე, სურვილი სისრულეში არ მოიყვანე, მაშინ შენ ვერ გაერევი მარჯვენით მდგომარეთა და ვერ ცხონდები.
კარგად დაუკვიდეთ, ძმანო ჩემნო, რა სახით იტყვის მაცხოვარი: მშიოდა და მომეცით მე ჭამადი, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეული ვიყავ და მომხედეთ მე, საპყროვილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. ცხად არს, რომ ამ სიტყვებით მაცხოვარი გასწავლის შენ, რომ თვით, პირადად, შენი ხელით და მოძრაობით ემსახურო მრავალ-ფერთა გაჭირვებულთა. როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურისა ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ პირადად, შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულსა, მაშინ შენ გულიც გაგიკეთდება, მიეჩვევი ღვთის მორჩილებასა, სიმდაბლესა, ჭეშმარიტად და გულითად შეიყვარებ მას, რომელსაც შენი ხელით ემსახურები, და ამ სიხით მოწყალებასა შენსა ექნება ორი ნაყოფი: შენს მოყვასს ცხოვრება გაუადვილდება, და შენც თვითონ გული გაგიკეთდება და უმჯობესი შეიქნები. ეს კარგად ესმოდათ და ესმისთ ყოველთა ჭეშმარიტთა და სათნოთა ქრისტიანეთა: გონიერნი და მართლა ღვთის მოყვარენი ქრისტიანენი ყოველთვის ცდილობდენ და ცდილობენ, რომ პირადი მონაწილეობა აჩვენონ გაჭირვებულთა, თავის ხელით არასრულონ მოწყალება, თუმცა იგინი ამასთანავე ცდილობენ საიდუმლოდ დარჩეს მათი მოქმედება.
გარნა, კიდევ უმახლობელესად შევხედოთ და დავაღრმავოთ სწავლა ქრისტესი მოწყალებასა ზედა: რა მიზეზია კიდევ, რომ ასე საკვირველად იტყვის უფალი: მშიოდა, მწუროდა,შიშველ ვიყავ, უცხოებასა და საპყრობილესა შინა ვიყავ, ესე იგი, მე მშიოდა, მე მწყუროდა, მე ვიყავ შიშველიო? რომ ამ ნაირი თქმა საკვირველია, ეს მისგანაც სჩანს, რომელ მართალნიცა და ცოდვილნიცა განკვირვებულნი იქნებიან და ჰკითხვენ მას: უფალო, როდის გიხილე შენ მშიერ, ანუ მწყურვალე, ანუ შიშველ, ანუ საპყრობილესა შინა? ამ სიტყვებით მაცხოვარი გვიჩვენებს ჩვენ დიდსა ქრისტიანულსა საიდუმლოსა. რომელსა? იმას, ძმანო ჩემნო, რომელ ჩვენ ყველანი ვართ ასონი, ანუ წევრნი ქრისტეს გვამისანი: მაშასადამე ჩვენ ყოველნი ქრისტიანენი შევადგენთ ერთსა გვამსა, ანუ სხეულსა, ესე იგი, ვართ ურთიერთას ასონი. ქრისტე არს ჩვენი თავი, ჩვენ ვართ მისი და ურთიერთას ასონი და სახსარნი.
აჰა, რისთვის იტყვის უფალი: შიშველ ვიყავ, უცხო ვიყავ, საპყრობილესა შინა ვიყავ. მაშასადამე, როდესაც შენ, ძმაო, ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალ-გზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშინ როდესაც ჭეშმარიტისა ქრისტიანისათვის არა რაი არს უტკბილესი იმ აზრისა, რომელ როდესაც იგი ემსახურება გაჭირვებულსა თვისსა მოყვასსა, მაშინ იგი ემსახურება, აფასებს თვით ქრისტესა. კვალად გეტყვით, ძმანო ჩემნო, რომელ უფალი მოითხოვს ჩვენგან თვით საქმესა და ნაყოფსა სარწმუნოებისა ჩვენისასა; საქმეთგან და ნაყოფთაგან ჩვენთა განსჯის იგი ჩვენსა ცხოვრებასა, და გამოგვიცხადებს ჩვენსა ხვედრსა.
იცით, კიდევ რას ეტყვიან მაცხოვარსა საშინელსა დროსა ამის სამსჯავროისა? ზოგიერთნი მარცხენით მდგომარეთაგანნი წარწყმედილნი ეტყვიან მას: უფალო არა სახელითა შენითა ეშმაკსა განვასხამდით და სახელითა შენითა ძალსა მრავალსა ვიქმოდით? ესე იგი, ზოგთა მათგანთა სიცოცხლის დროს ქვეყანაზედ ისეთი ღვთის სარწმუნოება ქონდათ, რომ იგინი ღვთის სახელით ეშმაკსა განასხმიდენ და სხვა სასწაულებს იქმოდენ. გარნა, სჩანს რომ მათ არ გაამართლეს ესრეთი დიდი ნიჭი ღვთისა კეთილითა ცხოვრებითა და ნაყოფის გამოღებით, და ამისთვის იგინი ზარ-განხდილ იქნებიან საშინელითა პასუხითა მეუფისათა: არა გიცნობთ ვინ ხართ, წარვედით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი! გესმის, ძმაო, საშინელი ესე სიტყვა? ეცადე და განამართლე სარწმუნოება შენი ნაყოფთაგან კეთილთა, უკეთუ არ გსურს, რომ შენცა ზარ-განხდილ იქნე უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, რომელიცა განაშოროს ჩვენგან უფალმან და მოგვცეს მარჯვენით თვისსა დგომა. ამინ.
No comments:
Post a Comment