ახალმოწამე მამა მიხეილ ყულოშვილი

ძალიან ჰყვარებია ხალხს მამა მიხეილ ყულოშვილი, - ქრისტიანებსაც და სხვა რჯულისებსაც... საზღვრის გადაღმა რომ ქვეყანაა, საინგილოდ წოდებული საქართველოს დაკარგული და გათათრებული მიწა, თავადაც დიდად შეიყვარა და, რაც გააჩნდა, სიყვარულითვე ამსახურა, ის კი არა, ერთადერთი ვაჟი, სემინარიადამთავრებული ნიკოლოზი კახეთს რომ დაფუძნდა, აღარ გააჩერა: - ჩემს შვილს მანდ რა გინდა, გადმოდი, აქაურ დევნილ ქრისტიანებს ვჭირდებით და გვერდით დამიდექიო

KARIBCHE
თავად მამა მიხეილს ახლობელთა დახმარებით უსწავლია წერა-კითხვა, ძალიან კარგად ფლობდა რუსულს, სომხურს, აზერბაიჯანულს და იუდეურს და ამ ენებზე წერა-კითხვაც შეეძლო. თურმე, საექიმო საქმეც ჩინებულად ეხერხებოდა და დახმარების გარეშე არავის გაუშვებდა...

საინგილოში რომ 1858 წელს ქართული სკოლა გაიხსნა, მამა მიხეილის დამსახურებაც გახლდათ, თავისი ხარჯით უყიდა მოსწავლეებს წიგნები და სკოლის შენობადაც საკუთარი სახლი გამოიყენა. მანვე აღადგინა იმ დროისთვის დაქცეული კასპის საყდარი.
პროფესორი მოსე ჯანაშვილი წერდა: "ჭეშმარიტ მღვდელს უყვარდა თავისი სამწყსო და ერსაც უყვარდა თავისი კეთილი მწყემსიო".
საინგილო იმ დროს სრულიად მოწყდა საქართველოს. გზები ჩაიკეტა, სოფლიდან კი არა, საკუთარი ბინიდან გამოსვლაც კი სახიფათო იყო. იქაურობა მუსავატელებმა დაიპყრეს, რომლებსაც თურქი ასკერები უმაგრებდნენ ზურგს... ეს რაზმები სოფელ-სოფელ დათარეშობდნენ, თურქულ სიმღერებს გაჰყვიროდნენ და ხალხს თავიანთ რაზმებში ჩაწერისკენ მოუწოდებდნენ, - აღარც ძარცვა-გლეჯას ერიდებოდნენ და აღარც მკვლელობას.. ბევრმა იქაურობა მიატოვა და თავს უშველა... სწორედ იმ დროს მოუგზავნეს მამა მიხეილს ხალხი, - გამაჰმადიანდი და შენი ხალხიც გადმოარჯულე, თორემ სიცოცხლეს მოგისწრაფებთო, ამ გარემოში სრულიად მარტო დარჩენილი მამა მიხეილი კი იმ დროს გამაჰმადიანებულ ქართულ სოფლებში დადიოდა, ხალხს აქრისტიანებდა და წირვა-ლოცვას აღავლენდა...
ამ ყველაფერმა იმდენად გააღიზიანა მუსავატელები, 93 წლის მოხუცი მღვდელი მზაკვრულად შეიტყუეს ერთ-ერთ სახლში და ყელი გამოჭრეს...

უკანასკნელ გზაზე, - 9 კილომეტრიან მანძილზე, მამა მიხეილს მთელი საინგილო გაჰყვა, რომლებმაც გულიდან ამოტანილი დიდი სიყვარული ცრემლად დაადინეს მოხუც მოძღვარს.
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

No comments:

Post a Comment