წმ. მაქსიმე აღმსარებელი. წერილი გიორგის, მეფის ნაცვალს აფრიკაში.

                          

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

                                     წერილი გიორგის, მეფის ნაცვალს აფრიკაში.

ჩვენი საქმეების მიხედვით მოგვეგება მარადისობაში, უფრო სწორედ, ჩვენი სულიერი განწყობის მიხედვით, რომელიც ჩვენივე ნებით წარმოიქმნა ჩვენში, მივიღებთ ღირსეულ საზღაურს: მწველი სიამოვნებებისათვის - გეენიის ცეცხლს, უმეცრებისა და ცთუნების სიბნელისათვის - მარადიულ წყვდიადს, გაუმაძღრობისა და სიცრუის ჭიისათვის, რომელიც განლევს და გარყვნის ჩვენს გულს - დაუძინებელ მატლს. ყბედობისა და სიცილ-ხარხარისათვის - კბილთა ღრჭენას. ამპარტავნულ ქედმაღლობისა და გართობისათვის - დაცემასა და საშინელი სევდის უფსკრულს.
უბრალოდ რომ ითქვას, თითოეული ჩვენი ნებაყოფლობითი მანკიერებისთვის სამართლიანად ვღებულობთ შესაბამის სასჯელს. ჰოი, რაოდენ საცოდავნი ვართ! რატომ არ დავაცხრეთ ჩვენი სხეულის სიმხურვალე მარხვითა და მღვიძარებით, საღმრთო სიტყვათა შესწავლით, - ისინი ხომ ვნებათა ცეცხლის მშვენიერი და ძლიერი დამშრეტელნი არიან, - რათა შემდგომ არ გვეწიოს ცეცხლზე დაწვა! რატომ არ მივაჩვიეთ ჩვენი თვალები, ყურები და ენა ეცქირათ, ესმინათ და ელაპარაკათ ისე, როგორც ამას მათი ბუნება მოითხოვდა, რათა წყვდიადის დათმენა და გამოყრუებული სიჩუმის ატანა არ მოგვიხდეს. გავხადოთ ისინი ღვთაებრივი დიდების ჭვრეტის, სმენისა და გამომეტყველების ორღანონი, რათა წმიდანებთან ერთად დავტკბეთ ღვთის ნათლის, სიტყვისა და სიბრძნის განცდით.
ჩვენ რომ სიყვარულის ძალით მოგვეკვდინებინა სიძულვილის მატლი, სიმართლით მოგვეკლა სიცრუე, მაშინ ამ დაუძინებელი მატლისგან და სხვა საშინელებებისგან თავისუფალნი ვიქნებოდით. არადა მთელი ჩვენი ცხოვრება სიძულვილსა და სიცრუეში გაგვყავს. სამართლია-ნია ღვთის სამსჯავრო. რასაც არ ვეძიებდით, ვერც მოვიპოვეთ. არ გაგვეღო ცათა სასუფევლის კარიბჭე, რადგანაც არ ვაკაკუნეთ კეთილი საქმეებით სათნოებათა კარზე; ვერც მარადიული ნეტარებით ვტკბებით, რადგანაც არ გვითხოვია ლოცვაში სულიერი ჭვრეტის მადლი. მიწიერ საგნებზე მიჯაჭვულებს მცირეოდენი სიყვარულიც კი არ გამოგვიჩენია ღვთაებრივისადმი. ამაოებით გავსვარეთ მთელი ჩვენი ცხოვრება. ყოველივე ამქვეყნიური კვამლივით განქარდა, ჩვენი დანაშაული კი დარჩება მარადჟამ.
რისი იმედით, რომელ საქმეთა საფუძველზე მოველოდე საშინელი განაჩენის თავიდან აცილებას? როდესაც არავითარი სათნოება და სულიერი ხედვა არ გამაჩნია. მეშინია ხელფეხშეკრული მარადიული წყვდიადის მიწისქვეშეთში არ ვიქნე ჩაგდებული, რადგანაც საკუთარი ნებით შევკარი ვნებებით ჩემი სულის ქმედითი ძალები, და ყველანაირად ხელს ვუშლიდი მათ სახარებისეული ცხოვრების ღვთაებრივ გზაზე სიარულში. ვაი, რომ დაუსრულებელი სირცხვილი მომელის, თუკი არ შევიცვლები და არ განვთავისუფლდები მრავალი მანკიერი ჩვევისაგან. ო! რა ტირილი და მწარე ცრემლი, რა საზარელი კბილთა ღრჭენა მომელის, თუკი ახლა მაინც არ გამოვფხიზლდი, არ ჩამოვიბერტყე სიზარმაცისა და დაუდევრობის ღრმა ძილქუში, არ შემოვიძარცვე ცოდვის ბინძური სამოსი. თუ არა და სინათლის მაგივრად სიბნელე მომელის, სიხარულის ნაცვლად ტანჯვა, განსვენების ნაცვლად სასჯელი და იწროება.
მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი, უფრო ზუსტად ყველაზე მძიმედ ასატანი, რისი თქმაც კი მიმძიმს (ჰოი რაოდენ მტკივნეული მოსათმენია! შემინდე ქრისტე და გვიხსენ ყველანი ამ ტკივილისგან!): ესაა განშორება ღმერთთან და წმიდანებთან და მარადიული ერთობა ეშმაკთან და მის უწმინდურ დემონებთან, რომლებთან დაშორების იმედიც ნუ გვექნება ჩვენი საქმეებიდან გამომდინარე. რადგანაც ვისთანაც ამქვეყნად ავირჩიეთ ერთობა, თანაც შეგნებულად და სიამოვნებით, სწორედ მათთან გვექნება სრულიად სამართლიანი, თუმცა უკვე არასასურველი ერთობა მარადისობაში. მათთან ერთად დავისჯებით და რა არის უფრო მტანჯველი და საშინელ ყოველგვარ ტანჯვა-წამებაზე, თუ არა მოძულეთა და მოძულებულთა საზოგადოებაში მუდმივი ყოფნა, და, რაც მთავარია, განშორება მოსიყვარულესთან და ყველასთვის საყვარელთან. რადგანაც ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით სიყვარულად იწოდება, სჯის რა სამართლიანად, თვით დასჯილებიც კი არ განიცდიან მის მიმართ სიძულვილს და თავად უფალსაც არ სძულს განსჯილები, რადგანაც თავისი ბუნებით თავისუფალია ყოველგვარი ვნებისაგან.
(“Прп. Максим Исповедник: полемика с оригенизмом
и моноэнергизмом”, Документы часть I, стр. 199-201. СПБ. 2007 г.)
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.

No comments:

Post a Comment