ახალმოწამე დეკანოზი თეოდორე საგანელიძე


მამა თეოდორე დედასთან და მეუღლესთან ერთად.


იმ საშინელი ამბის მოწმეთაგან დღეს აღარავინ დარჩა ცოცხალი - 90 წლის წინ, განთიადზე, ზოგმა ონელმა შემთხვევით ნახა, სხვა ტუსაღებთან ერთად როგორ მიიყვანეს მდინარე ჭალულასთან კეთილსახიერი და ახოვანი მღვდელი. იგი გულში ჩამწვდომად გალობდა. ვერა და ვერ ესროდნენ, სამჯერ ჩამოიღო მამა თეოდორე საგანელიძისთვის დამიზნებული თოფი ჯალათმა - ენანებოდა... მერე ისევ განწირულმა შეაგულიანა: - მესროლე, შე კაცო, თორემ ასე თუ მიყურე, გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმესო...

ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს მამა თეოდორე - ჯვრით და ანაფორით გარეთ გამოსვლას მოერიდეო, თუმცა კარგად იცოდნენ, ამაო იყო ეს შეგონება. მოძღვარს ღვთის გარდა არაფრისა ეშინოდა. ჰოდა, ერთ დღეს, როდესაც თავისი პატარა ნათლულის კუბოს ჯვრითა და საცეცხლურით წინ მიუძღოდა, შეიპყრეს და ონის გზას გაუყენეს. გზაში ბადრაგი პატიმრებს თურმე კადნიერად ეპყრობოდა. მამა თეოდორეს ჯერ შენიშვნა მიუცია, მაგრამ როცა მცველი უარესად გათავხედებულა, ხელები დაუჭირა თურმე, იარაღი აართვა და ჭკუაც ასწავლა...
ისეთი მუდარით ჰქონია მცველს თვალები სავსე, მამა თეოდორეს მალევე გაუშვია ხელი, თოფიც დაუბრუნებია და სხვა პატიმრებისთვის, რომლებიც სთხოვდნენ,  - მამა თეოდორე, ესროლე და შეფიცულებთან (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან) გავიქცეთ წესურის მთებშიო, უთქვამს: - ამას ვაჟკაცი როგორ ესვრის, თანაც მღვდელი ვარ და სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველაო.
ონამდე მცველი თავდახრილი მიჰყოლია პატიმრებს... მაზრის მილიციის უფროსს მამა თეოდორე კაბინეტში შეუყვანია, წვერში ხელი ჩაუვლია და დაცინვით უთქვამს: - ხომ მოხვედი, მღვდელო, შენი ფეხით ჩემს კაბინეტში. ვნახოთ, რა შეგიძლიაო... მაგრამ ისეთი პასუხი მიუღია, სიკვდილამდე არ დავიწყებია.
1924 წლის 26 აგვისტოს, დილით, მილიციის უფროსს უკვე მიღებული ჰქონდა სტალინის დეპეშა, - შეწყვიტეთ პატიმართა დახვრეტაო, მაგრამ მამა თეოდორეს და სხვების დახვრეტის ბრძანება გასული რიცხვით გაატარა...
ძალიან საშიში კაცი იყო მთავრობისთვის მამა თეოდორე - უშიშარი, მართალი, ქაქუცას შეფიცულებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ ყველაფერი იმ დღესვე "მოაგვარეს"  - დილის 5 საათზე პატიმრები ჭალულას ნაპირზე დახვრიტეს...
ბადრაგს, რომლისთვისაც მამა თეოდორეს იარაღი აურთმევია, მოძღვრისათვის უთქვამს,  - გაიქეცი, მამაო, ჯერ ისევ ბნელა. ჰაერში ვისვრი და ვიტყვი, ავაცილე-მეთქი. ამაღამ ძებნას აღარ დაგიწყებენ და გადარჩებიო...
მე კი გადავრჩები, მაგრამ ან ხალხს და ან შენ როგორ გიღალატოთ. ვიცი, ამის გამო რაც მოგელით და ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამო...
მისი დახვრეტის ამბავი ლეგენდად დადიოდა... პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორის, დავით ჩიტიძეს მოგონება: - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ტყიბულში ინჟინრად გამამწესეს. ერთი უშველებელი კაცი მუშაობდა ჩვენთან, გვარად სოფრომაძე. ამ გოლიათს ერთხელ დაუტრაბახია: - ისეთი კაცი მყავს გამეტებული, როგორიც თეოდორე საგანელიძე იყო და თქვენ დაგინდობთო?!
შენ მოკალი თეოდორეო?!  - უხუვლია ხალხს და ქვებით ჩაუქოლავს ის სოფრომაძე...

მოამზადა მანანა ტუაევამ

No comments:

Post a Comment