წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი, სარმეან კათოლიკოსი (+779)

წმიდა სარმეან კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა 767-779 წლებში. მისი მამამთავრობა საქართველოში არაბთა ბატონობას დაემთხვა. არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარმეან კათოლიკოსის მამათავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. სარმეანი მტკიცე დამცველი იყო მართლმადიდებლობისა, მაგრამ ერთხელ, ყველიერის ხუთშაბათს, შიომღვიმის მონასტერში სარმეანმა „გამოუძიებლივ“ აზიარა მასთან ძღვნით მისული უცნობები, რომლებიც თურმე იაკობიტთა მწვალებლობის მიმდევრები ყოფილან. „იმ ღამესვე ძილში ზეგარდამოეხილა სარმეანს ესრეთ წინდაუხედაობა და უღირსებით შეურაცხებულ ხარისხისა მისისა“, გამოღვიძებულმა კათოლიკოსმა შეკრიბა ეპისკოპოსები, აუწყა მომხდარი, მათ წინაშე დაწვა იაკობიტთა მორთმეული ძღვენი და „ცრემლით სტიროდა ცთომასა თვისსა“. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მალე აუწყა წმიდა სარმეანს მისი ასეთი შეცოდების შენდობა, მცხეთიდანაც მოვიდა ეპისკოპოსთა წერილი: „დიდსა მამათავარსა მეუფესა ჩვენსა სარმეანეს, გიხაროდენ! შვილნი შენნი და სიწმიდისა შენისა მრწმენნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა არღარა დააშრობდე მოხუცებულსა გვამსა შენსა, რამეთუ მოწყალე ჰყვეს დიდებულისა მაგას წმიდისა შიოს მეოხებითა და გამოგვიჩნდა უღირსთა მონათა მისთა, რიცხვით ხუთთა და თვითოეულსა გვიბრძანა, ვითარმედ „მიუტევა ღმერთმან სარმეანეს კათალიკოზსა ბრალნი მისნი და აწ შეუორგულებულად მიიყვანეთ მწყემსი თქუენი“. აწ გვიბრძანენ სიწმიდემან შენმან, რათა ყოველნი მანდა მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველთ მოქმედსა მამასა შიოს“.

ასეთი ღვთის შიშით, სიმდაბლით, სარწმუნოებითა და სიყვარულით შემკული მღვდელმთავარი სიბრძნით განაგებდა თავის სამწყსოს: შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, იქმნებოდა უძვირფასესი სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ეკლესიის სწავლების სიწმიდის დაცვითა და ცოდვათა ტყვეობისაგან გამოხსნით თანდათან მზადდებოდა ხორციელი ტყვეობისაგან განთავისუფლების კონკრეტული ღონისძიებები.

ქართლის კათოლიკოსთა ქრონოლოგიებში მისი კათოლიკოსობა 767 (ზოგი ვარაუდით 760) წლიდან 774 წლამდე გრძელდება.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


შედარებისთვის:


"10 აგვისტოს სიონის ტაძარში საკვირაო წირვის აღსრულების ჟამს, პატრიარქმა ილია II-ემ აზიარა პარიზიდან სტუმრად ჩამოსული ფრანგ კათოლიკეთა ეკუმენური ჯგუფი 20 კაცის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ქართული ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა."("ჯვარი ვაზისა" 1980 წ. # 2.)


"კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (" ჯვარი ვაზისა", 1982წ. #2)

1983 წლის დიდ ხუთშაბათს, კათოლიკე იეზუიტი მღვდლები, მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება.

"მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).

No comments:

Post a Comment