ღირსი მამა საბა ( 1994), ათონის მთის, კაპსალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის კელიიდან იყო, და იმ ცხრამეტი მონასტრის თვალსაზრისს იზიარებდა, რომელნიც მრავალთა დარად, გარკვეულ დრომდე, დასაშვებად მიიჩნევენ სარწმუნოების საკითხებში დათმობებსა და შეთანხმებებს. მამა საბა, სათნოებებით მოსილი კაცი იყო და მასთან რჩევის საკითხავად, ხშირად დადიოდნენ ეგრეთწოდებული "ახალი ათონელი მამები", რომლებიც მსოფლიო პატრიარქთან და სხვა ეკუმენისტებთან იყვნენ და არიან კავშირში. თანამოსაუბრეებთან, ხშირად იშველიებდნენ მამა საბას მაგალითს და ამბობდნენ: მართებული რომ იყოს იმ მოშურნეთა პროტესტი, რომელთაც არა აქვთ ერთობა პატრიარქთან, მამა საბაც მათ რიცხვში იქნებოდა". მაგრამ როდესაც 1987 წელს, მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა რომის პაპთან ერთად ღმრთისმსახურება აღასრულა, მამა საბას სულმა, ამის მოთმენა და ამ აშკარად ეკუმენისტურ ეკლესიაში დარჩენა ვეღარ შესძლო. მან სხვა მოღვაწეებთან ერად თავისი პროტესტი გამოხატა და გამოეყო იმ ათონელებს, რომლებიც ცხრამეტი მონასტრის ქომაგად დარჩნენ. იმ დღიდან მამა საბა იმ მონასტრების ეკლესიებში აღარ შესულა და არც იმ კელიების კარი შეუღია, რომლებიც ამ მონასტრების დაქვემდებარებაში იყო.
მსოფლიო პატრიარქთან და ეკუმენისტებთან კავშირში მყოფნი შეშფოთდნენ. დაიძრნენ მონაზვნები კელია - მონასტრებიდან, ბერის გადარწმუნებას ლამობდნენ, მაგრამ ამ ხშირსა და მომაბეზრებელ სტუმრობებს მათთვის სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ბოლოს მამა საბა იძულებული გახდა წერილობით ეპასუხა ერთ-ერთი მონაზონისათვის (რომელიც განსაკუთრებით ცდილობდა ბერის "გონს მოყვანას") და იმ დანარჩენისათვის, რომლებიც მას მართლმადიდებლობისაგან მოწყვეტას და ეკუმენიზმში გახლართვას უპირებდნენ. ეს წერილი ქვემოთ მოგვყავს.
წმინდა ნიკოლოზის კელია, კაპსალა.
13 აგვისტო, 1991 წ.
მამა ნიკოდიმოს, დაგვლოცე!
ბოლოს, რამოდენიმე დღის უკან რომ მესტუმრე კელიაში, შენი არამართლმადიდებლური განცხადებები კვლავ გაგვიმეორე: "ეკლესიის გარეთ ხართ, რაკიღა პატრიარქს არ იხსენიებთო". იქვე სხვა აზრებიც განავითარე და ამან გვაიძულა წერილობით გვეპასუხა შენთვის, რადგან მაშინ შენთან საუბრისას ეს არ მოხერხდება: ჩვენმა პასუხმა, რომლებიც შენს მოსაზრებებს აბათილებდა, მშვიდობა დაგიკარგა და მრისხანებაში ჩაგაგდო.
წმ. მამა აგათონს უთხრეს: "ხარ, აგათონ, ცუდისმეტყველი, ამპარტავანი, მემრუშე და მწვალებელი?" - პირველ სამს დაეთანხმა და თქვა: "ამ სამ ვნებაში მხილება სასარგებლოა ჩემი სულისათვის, ხოლო მეოთხე - წვალება უარყო და განმარტა რატომაც: "მწვალებლობა ღმრთისაგან განშორებას ნიშნავს".
შენი აზრით (და ათონის ცხრამეტი მონასტრის აზრით) ჩვენ შევცდით და განხეთქილებაში ვართ. შენთვის ძალზე ძნელია იმის აღიარება, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესია წვალებას ქადაგებს, რადგან ამ შემთხვევაში ისიც უნდა დაადასტურო, რომ მგლებთან გაქვს ერთობა და არ მწყემსებთან, რის გამოც წმიდა მამებისა და წმიდა კრებების თანახმად უნდა გაწყვიტო მათთან კავშირი. ფანარის1 გამართლებას ცდილობ, მაგრამ მათი სიტყვისა და ნამოქმედარის მიხედვით აშკარაა, რომ სცდები, ამაოდ იშველიებ მამა პაისისა და სხვათა მოსაზრებებს, რომლებიც შემწყნარებლურად უდგებიან დღევანდელ მოვლენებს და "იკონომიის" დათმობებზეც მიდიან. დაგიჩემებია, რომ როცა დრო მოვა (ალბათ დიმიტრიოსი პაპთან ერთად რომ ეზიარება, მაშინ - ესეც შენი სიტყვებია) წმიდა კრებებისა და მამების შეურაცხმყოფელთ მაშინ განუდგებით. თქვენ ცდებით, ძლიერ ცდებით. რაც შეეხება მამა პაისის, მისი მეზობლის მამა ისააკისა და მავანთა შეგონებებს, რომელთა მიხედვითაც დიმიტრიოსი "მართლგამომეტყველია" ღმრთის ჭეშმარიტი სიტყვისა, როგორ მიიჩნევთ მათ სიტყვებს ღვთივსასურველად, თუკი ისინი ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ სწავლებას! ჭეშმარიტების ღალატს უსჯულოება ჰქვია სახელად და არა იკონომია, შეთანხმება თუ დათმობა. შენი პოზიციის გამართლებას მამა პაისის ამ სიტყვებით ცდილობ "დიმიტრიოსი იერარქებს შეჰყავთ შეცდომაში და მათ გამო აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ სურსო" და კიდევ: "თუ პატრიარქს აღარ მოვიხსენიებთ, ეკლესიის გარეთ აღმოვჩნდებითო". ასეთსა და ამის მსგავსს აზრებზე ამბობს წმ. იოანე ოქროპირი - "ყოველი მათი სიტყვა-რატრატია, სულელი ბავშვის რატრატი". ამ ხალხის სიტყვები იმ ახალი ღვთისმეტყველების ნაყოფია, რომელიც ფანარმა 1920 წლის ენციკლიკეში გამოიყენა და მწვალებლებს "ღვთის მადლის თანამემკვიდრენი" უწოდა. წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით მემუქრები, მახსენებ - "განხეთქილების ლაქა მოწამეობრივი სისხლითაც კი არ განიბანებაო", შემდეგ წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვებს მახვედრებ - "ნურაფერს მოიმოქმედებ ეპისკოპოსის გარეშეო" და აქედან გამომდინარე ასკვნი, რომ რაკიღა ეპისკოპოსს გამოვეყავით, ახლა ეკლესიის გარეთ ვართ. მაგრამ რატომ დაგავიწყდა მთავარი, ანუ იმ ვითარებათა გათვალისწინება, რომელთა გამოც სთქვეს და დაწერეს ეს ჭეშმარიტებები წმინდანებმა? ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვითარებისაგან სრულიად განსხვავებული ჟამი, იმ დროს ეკლესიაში მთელი სისავსით იყო დაცული მართლმადიდებლობა, დღეს კი ეკუმენიზმის წვალებათა-წვალების ქარიშხალმა რჩეულებიც კი თან გაიყოლა და იგივე წმინდანების სხვა სიტყვების გახსენებაც ნამდვილად უფრო უპრიანია და დროული: "თუ შენი ეპისკოპოსი მწვალებელია, გაექეცი, გაექეცი, გაექეცი, როგორაც ცეცხლსა და გველს. (წმ. იოანე ოქროპირი), და კიდევ - "თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რამეს ქადაგებს, რაც სცილდება კანონების ზღვარს, უბიწოების დამცველიც რომ იყოს, კიდევ რომ წინასწარმეტყველებდეს და სასწაულებს აღასრულებდეს, ცხვრის ტყავში გადაცმულ მგელად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს". (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი).
დიმიტრიოსი ჭეშმარიტების დამცველი და მიმდევარი რომ იყოს, მაშინ მართებული იქნებოდა წმინდანთა იმ სიტყვების მომარჯვება, შენ რომ მახსენებ. მაგრამ ახლა რას ჰგავს შენი საქციელი, როგორ იქცევი? წმ. მამათა აზრებს შენს გემოზე ატრიალებ, რომ როგორმე გაამართლო საკთარი თანამეინახეობა დიმიტრიოსთან, პართენიოს ალექსანდრიელთან, იაკობ ამერიკელთან, სტილიანოს ავსტრალიელთან და სხვებთან.
უცნაურია, ნუთუ წმ. მამებისა და წმ. კრებების მრავალგზისი დადგინება არაფერია შენთვის? იქნება იმასაც შიშობ, მგლების ხროვას არ მოგკვეთონ? ის ფაქტი, რომ სხვა საპატრიარქოებს ფანართანა აქვთ კავშირი, აღარცაა მნიშვნელოვანი. სხვაა საძებარი: ვინ მისდევს ჭეშმარიტებასა და წმინდათა გზას? პართენიოსმა, ალექსანდრიის პატრიარქმა სთქვა: "მუჰამედი მოციქულია და ბევრი იღვაწა სასუფევლისთვისო". პართენიოსს, მე რომ არ გასწავლო, თავადაც იცი, ბევრი სხვა გმობაც უთქვამს. საჭიროა კი იაკობ ამერიკელისა და სტილიანოს ავსტრალიელის, წვალებების თაობაზე საუბარი? შენ კი ისე ხარ მათთან კავშირში, თითქოს ისინი მართლმკვეთელნი იყვნენ სიტყვისა ჭეშმარიტებისა. ვინ განსჯის იაკობს? იქნება ბართლომეოსი, რომელიც აგერ უკვე ორი წელია იკვლევს და ვერ გაურკვევია, სტილიანოსი მწვალებელი არის თუ არა? როგორ არ გესმის, რომ არ უნდა განაჩენის გამოტანა, არა!
ფანარმა ათონის მთის მონასტრის წინამძღვართ აღუთქვა: დიმიტრიოსის განცხადებას ლათინელთა ზიარების შესახებ პრესაში შევასწორებთ და სტილიანოსს საღმრთისმეტყველო დიალოგის პრეზიდენტობიდანაც გავათავისუფლებთო. კიდევ ბევრ სხვასაც დაპირდა იგი ბერებს, მაგრამ თუნდაც ერთი იმ დანაპირებიდან თუ შესრულდა? არა. იქნება ისიც მითხრა ახლა, რომ მსგავს შემთხვევებში ჩვენ არც ბრალი გვედება რაიმეში, არც პასუხი მოგვეთხოვება და შეგვიძლია მათთან ერთობა მშვიდად ვიქონიოთ, რაკიღა შენი ბერი პაისი ასე უსვინდისოდ აცხადებს - დიმიტრიოსი არ ღალატობს ჩვენს სწავლებას და ჭეშმარიტებას იცავსო?
ისტორია მეორდება. წმ. თეოდორე სტუდიელს, წმ. მაქსიმე აღმსარებელს და ბევრ სხვა ქრისტიანს, რომელნიც თავის თანამედროვე ეპისკოპოსების სხვადასხვა წვალებებს არ ეზიარნენ, იგივე ეპისკოპოსები ყოველ მათგანს სქიზმატიკოსად აცხადებდნენ. მეკითხები: "შეიძლება ბერი პაისი, საბერძნეთის ოფიციალური ეკლესიის 79 ეპისკოპოსი ცდებოდესო?" და გპასუხობ: "წმ. გერასიმე იორდანელი სასწაულმოქმედი მამა იყო, ლომი ემსახურებოდა და დრო იყო, ისიც კი ძლიერ შეცდა: არ სცნო მეოთხე მსოფლიო კრება და ათასობით ბერი გაიყოლა თან, სანამ ბოლოს წმ. ექვთიმე დიდმა არ დაარწმუნა იგი ჭეშმარიტებაში, რის შემდეგაც წმ. გერასიმემ შეინანა თავისი ახირება. ახლა მეორე მაგალითს გეტყვი: ხატმბრ-ძო-ლობის ჟამს, იმპერატორ კოპრონიმეს დროს, 338 ეპისკოპოსმა შემარძრწუნებელი რამ აღიარა ერთბაშად: "გაუმარჯოს იმპერატორს! ხატი-კერპია, ან უნდა განადგურდეს, ან ისე მაღლა უნდა დაიკიდოს, რომ მისი მთხვევა ვერავინ შეძლოსო". თუკი მაშინ ამდენი ეპისკოპოსი შეცდა, დღეს რატომაა დაუჯერებელი, 70 ეპისკოპოსი ცდებოდეს? ჩვენს დროში მონაზვნებს მარტოოდენ მიტრები ელანდებათ, წინამძღვრებს - კვერთხები, სარწმუნოებას კი ნაკლებად დაგიდევენ, ვაგლახობენ, ფაფხურობენ, რაღაც-რაღაცებს თითქოს კიდეც აპროტესტებენ, მაგრამ პატრიარქთან კავშირს არ წყვეტენ, მაინც ითმენენ ყველა იმ სიახლეებს, რომლებიც დიმიტრიოსის, იაკობისა და პათენიოსისა და მათი მსგავსების მიერ ინერგება. წმ. თეოდორე სტუდიელი კი წერს: "მონაზონს ერთი ევალება და ესაქმება, ქრისტეს სახარებაში არავითარ სიახლეს არ შეურიგდესო".
რომში, დღესასწაულზე, დიმიტრიოსი არ ეზიარა პაპთან ერთად, შიშობდა, "კონსერვატორთა" რისხვა არ დასტყდომოდა თავს, მაგრამ იმ სწავლებას, სადაც ნათქვამია, რომ ლათინელთა საიდუმლოებებიც მადლმოსილიაო, ხელი მოაწერა! არაა საკმარისი? ერთი მაგალითი მაინც მითხარი ისეთი. სადაც რომელიმე მართლმორწმუნე ქრისტიანი, წვალების ესოდენ აშკარა ქადაგებისას შენსავით მოქცეულიყოს? მომიძებნე და მომიტანე ქრისტიანთა ისტორიიდან შენი საქციელის მსგავსი ანალოგია, რათა გავიგო - ვის ვბაძავ, ვისი მაგალითი მაქვს წინ, რითი ვხელმძღვანელობ? თუ წმინდათა მემკვიდრე ხარ (ანუ მათი მიმდევარი და მიმბაძველი), მაშინ "აბრაამის საქმეებს" აღასრულებდი, როგორც სახარებაშია ნათქვამი. პატრიარქ ვეკას წმ. ათონის ბერები არ იხსენიებდნენ, თუმცა ეს მღვდელმთავარი საეკლესიო კრებისგან განსჯილი არ იყო. მაშინდელი ათონელები მტკიცედ და განუხრელად იცავდნენ წმ. მამათა გადმოცემას, (იგულისხმება ევქარისტული კავშირის გაწყვეტა მათთან, რომლებიც განუდგნენ მართლმადიდებლურ სწავლებას), რის გამოც ღმერთმა ისინი მოწამეობრივი გვირგვინებით შეამკო, ხოლო ოფიციალური პატრიარქის მომხსენებელთა "ნეშტები" კი დღესაც, როგორც ცნობილია-გაბერილი და მყრალია. ეს მაგალითი, წესით, უნდა კმაროდეს გონს მოსასვლელად.
განა შენ არ ამბობდი, დიმიტრიოსი თუკი თავის ყველა ნამოქმედარს არ აღიარებს და არ შეინანებს, განწირულია მარადიული სატანჯველისთვისო. შენი სიტყვებით რომ იმსჯელოს კაცმა, რა უნდა იფიქროს, თუ ხვდები მაინც? რა და ის, რომ იმ კაცს უდგახარ გვერდით, რომელმაც თაივისი ნამოქმედარით საკუთარი სული წარწყმიდა. სულის წარწყმედა კი რაა, თუ არა ეშმაკის საქმეთა აღსრულება! აქედან გამომდინარე, განა თავადვე არ აღიარებ, რომ ეშმაკს დასდგომიხარ თანამგზავრად?!
"თუ ათინაგორამ სიკვდილის წინ "შეინანა" და აღსარებაში თავისი ცოდვები აღიარა, ცხონდება თუ არაო? მითხარი, ამას მართლა მეკითხები თუ ხუმრობ? ერთი მაგალითი მაინც დამიმოწმე წმ. მამათაგან იმ აზრის დასასაბუთებლად, რომ "ჩუმი და წყნარი თავი მართლმადიდებლობისა" - დიმიტრიოსი, მიუხედავად წვალების ქადაგებისა, მაინც ეკლესიის წევრია. და გვაცხოვნებს კი ასეთ იერარქებთან კავშირი, რომელნიც არამართლმკვეთელნი არიან სიტყვისა ჭეშმარიტებისასა? თუ ასე გიმძიმს აღიარო, რომ ესთიგმენოს მონასტრის ძმობა და სხვა მოშურნე მამები პატივის ღირსნი არიან ორგზისი კრების მე-15 კანონის მიხედვით, დადუმდი მაინც და ღმერთს ნუ გმობ, თითქოს ისინი სქიზმატიკოსობის გამო ეკლესიის გარეთ იყვნენ დარჩენილნი. ეს სხვა არაფერია, თუ არა წმ. მარკოზ ეფესელის ანდერძის შეურახყოფა, რომელმაც საკუთარ დაკრძალვაზედაც კი არ ისურვა ლათინელთა ბრძნობას აყოლილი იერარქების დასწრება.
ჯერ შეისწავლე ის საკითხი, რის შესახებაც მსჯელობას ეპირები და მერე გვასმენინე შენი განცხადებები. კაცმა რომ გისმინოს, წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი და გუნდი წმინდანებისა, რომელთაც არ ჰქონდათ კავშირი მწვალებლებთან - ეკლესიის გარეთ დარჩენილან და არ არიან ეკლესიის წევრები?! თუ ხედავ მაინც, საით მიყავხარ შენს ახალ "ღვთისმეტყველებას"? ვინ იფიქრებდა, რომ ათონელი მამები მეორე ბიბლიად დაიდგენდნენ თეოდოროპულოსის წიგნს. რას გვირჩევ, ამ წიგნს მივყვეთ და პროტესტები ვაკმაროთ მიმდინარე მოვლენებს? - "წმ. კანონები ჩვენს დროს არ პასუხობს, ისინი სიყვარულს არიან მოკლებულნი". იგივე ავტორი ათინაგორაზე ამბობს: "მისი სიყვარული-დემონურიაო" და მაინც მასთან აქვს ერთობა. მართლაც გასაოცარი" თანამიმდევრულობაა"!
მამა ეპიფანე თეოდოროპულოსი დუმდა, როდესაც 20 წლის წინ მისი ცდომილებანი და ხიბლი ამხილეს და უარყვეს. მაგრამ შენ შენი არაღვთისმეტყველური დასკვნებით ცდილობ გაამართლო სულიერი ერთობა იმ პატრიარქებთან, რომლებიც ურცხვად ქადაგებენ მწვალებლობას, რომლებსაც მწვალებლებისადმი დემონური სიყვარული გააჩნიათ და იმავდროულად ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს სდევნიან. ისინი ჭეშმარიტად პატრიარქ ვეკასა და იმპერატორ კოპრონიმეს მსგავსნი არიან. როდესაც თქვენ მათ მრავალჟამიერს უგალობთ და იხსენიებთ, ეს იმის თქმის ტოლფასია: "მტკიცედ სდექით თქვენს რწმენაში, თქვენ გშვენით მორჩილება, პატივი და ხსენება". თქვენ მათ ხელს უშლით იმის დანახვაში, რომ ბოროტ გზას ადგანან. არადა, რომ გაგეწყვიტათ მათთან ერთობა, იქნება სინდისს კიდეც შეეწუხებინა ისინი და ჭეშმარიტების ძიება დაეწყოთ. და ამ დანაშაულებრივი დუმილის პასუხისმგებლობაც თქვენ გეკისრებათ, რომელსაც წმ. გრიგოლ პალამამ მესამე სახის ათეიზმი უწოდა. ეს ურწმუნოება თქვენი ეგრეთწოდებული პროტესტებისდა მიუხედავად დღითი-დღე იზრდება.
როდესაც პატრიარქ ვეკას დროს წმინდა მთაზე უნიის დასამტკიცებლად ლათინოფილნი მოვიდნენ, მაშინ ჩვენმა მფარველმა ყოვლადწმიდა დედა ღვთისამ თავად ბრძანა: "მიახლოვდებიან ჩემი და ჩემი შვილის მტრებიო!"
გასულ წელს, როდესაც ვეკას მემკვიდრე დიმიტრიოსი ათონზე ჩამოვიდა, მას მთელი ნახევარკუნძული ორკვირიანი ხანძრით გადამწვარი დაუხვდა. ვისაც ჯერ კიდევ ასხენ ყურნი-ისმინენ, შეისმინონ ხმა ყოვლადწმიდისა.
ღმერთმა გიშველოს და გაპოვნინოს კეთილი გზა. წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტებისას გვასწავლის: "თუ იღუმენს ანდა ეპისკოპოსს არასწორი სარწმუნოება აქვს, ანუ მწვალებლურ და ღვთისმგმობ სწავლებათაკენ იხრება, გაიქეცი მისგან, თუნდაც იგი ანგელოსი იყოს ზეციდან".
ბერი საბა, უღირსი მონაზონი, მაგრამ მართლმადიდებელი.
1991 წ. ნოემბერ-დეკემბერი.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment