ზოგიერთი გულუბრყვილო ქრისტიანი ფიქრობს, რომ ეკლესიათა დაახლოება და გახშირებული დიალოგები სხვადასხვა აღმსარებლობათა წარმომადგენლებთან მიზნად ისახავს არა მათთან გაერთიანებას, არამედ ქადაგებას, ჭეშმარიტების მოწმობას. "ეს ხომ სიყვარულის გამოვლინებაა ჩვენი ძმებისადმი" - ამბობენ ისინი. ხშირად გაიგებთ - "თუკი ჩავიკეტებით ჩვენს გარსში, არ მივიღებთ მონაწილეობას შეხვედრებსა და კონფერენციებში, არ გავგზავნით დამკვირვებლებს პაპისტებისა და პროტესტანტების ფორუმებზე, მაშინ როგორღა შეიტყობს დასავლეთი მართლმადიდებლობის შესახებ, როგორღა მოუწოდებთ მათ ჭეშმარიტი ეკლესიისკენ?"
მაგრამ ნუთუ შესაძლებელია ვასწავლოთ დასავლეთს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია, თუკი ისინი ხედავენ, რომ ჩვენი ეკლესია როგორც სწორი სწორთან ცრუ ეკლესიებთან ისეთ ურთიერთობას ამკვიდრებს? განა არ იფიქრებენ, რომ მართლმადიდებლობა, ისევე როგორც სხვა რელიგიები, არასრული და ფარდობითია? ან იქნებ ვინმეს იმედი აქვს, რომ ამ მორთულ-მოკაზმულ პასტორთა კრებები ჭეშმარიტების ჭვრეტამდე მივლენ? დიახ! ისინი ხშირად აქებენ მართლმადიდებლებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ მხარეზე გადაიყვანონ ისინი და განა ცოტა გვინახავს ისეთი "მართლმადიდებელი", რომელიც სიმპატიებს ვერ მალავს დასავლეთის მიმართ?
მწვალებლებს რომ მართლმადიდებლობის შეცნობის ნოსტალგია აწუხებდეთ, მაშინ კრებებისა და კონფერენციების ნაცვლად პირდაპირ ჭეშმარიტების წყაროსთან მოვიდოდნენ და წყურვილს წმიდა მამათა სწავლების დაწაფებით მოიკლავდნენ.
არა! ჭეშმარიტებისკენ სხვათა მოსაქცევად ყველაზე საუკეთესო საშუალება თავად ჩვენი მტკიცე რწმენაა ჭეშმარიტებისადმი; არა კამათი და დიალოგი მის შესახებ, არამედ მხოლოდ აღმსარებლობა მისი. ეკუმენისტური კრებები და კონფერენციები ჭეშმარიტებას მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის საგნად ხდიან. მაგრამ ეს ხომ ღალატია, რადგანაც სინამდვილეში ეს დიალოგები მწვალებლებთან "ეკლესიათა" შორის ერთგვარ დისკუსიად ქცეულა. ქრისტე დისკუსიებისაკენ არ მოგვიწოდებს, იგი მხოლოდ ჭეშმარიტების აღმსარებლობას მოითხოვს ჩვენგან. ჭეშმარიტება, რომელსაც ის გვასწავლის, კამათის საგანი როდია. მსჯელობანი სხვადასხვა ეკუმენისტურ კონფერენციებზე აუქციონს უფრო ჰგავს, რომელზედაც საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ანგარიშსწორება სარწმუნოების საკითხში კომპრომისებით უწევთ . ამდაგვარ პირობებში ეკუმენისტურ შეკრებებზე მართმადიდებელთათვის უბრალო დასწრებაც კი ქრისტეს ღალატის ტოლფასია. დიახ, ღალატი ოცდაათ ვერცხლად, რადგანაც დიალოგებში მონაწილეობით მართლმადიდებელი თავის სარწმუნოებას საკამათოს, საეჭვოს ხდის, დასაშვებად მიიჩნევს, რომ თვითონაც წავა კომპრომისზე, თუკი სასურველ გარიგებას შესთავაზებენ. დიალოგი თავისთავად გულისხმობს ურთიერთ დათმობას, რაღაც კონსესუსის მოძებნას, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია. შეუძლებელია დიალოგი რაიმე კომპრომისის გარეშე, სხვაგვარად ასეთი დიალოგი უაზრობად იქცევა. ამიტომაც ამბობდნენ წმიდა მამები, რომ მწვალებლებთან არ შეიძლება არანაირი დიალოგი, მწვალებლებთან მართლმადიდებლებს შეიძლება მხოლოდ მონოლოგი ჰქონდეთ. "მწვალებელსა კაცსა, შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3;10) - გვასწავლის წმიდა მოციქული პავლე.
ამგვარი დიალოგებისა და ცრუ ერთობის პოპულარიზაციის ნაცვლად ყოველი მართლმადიდებელი მართლმადიდებლობას რომ ხმამაღლა აღიარებდეს ერთადერთ აბსოლიტურ ჭეშმარიტებად, უარს ამბობდეს მწვალებლებთან ყოველგვარ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ კავშირებზე, არ ეშინოდეს დაუძახოს მათ ეს სახელი, მაშინ ჩვენი ხმა ბევრად უფრო ძლიერი და ყველასათვის გასაგონი გახდებოდა; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ მართლმადიდებლობას დააფასებდნენ, სერიოზულად დაინტერესდებოდნენ მითი. დღეს კი "მართლმადიდებელ" ეკუმენისტთა ხმა, მხოლოდ კომპრომისის ხმაა, ეს ხმა არ ესმის არავის, არ აღელვებს არავის, ჩირადაც არ უღირს იგი ამ სოფელს.
წმიდა მამები მწვალებლებთან დისკუსიაში არ შედიოდნენ. ისინი უშიშრად აღიარებდნენ ჭეშმარიტებას, ხელაღებით უარყოფდნენ მათ ცრუ მოძღვრებას, არ ფრთხილობდნენ, არ დიპლომატობდნენ, ყოველგვარი კომპლიმენტების გარეშე ამხილებდნენ ერეტიკოსებს. ისინი არასოდეს ცდილან რაიმე ურთიერთგაგების და აღიარების მიღწევას მწვალებლურ საკრებულოებთან. მათდამი მამათა მოწოდება ყოველთვის ღია, პირდაპირი იყო. ეს მოწოდება მიზნად მხოლოდ და მხოლოდ სულის გადარჩენას ისახავდა. იგი არასოდეს არ გადაზრდილა დისკუსიაში სხვა "ეკლესიებთან", მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ კონკრეტულ გზააბნეულ სულთა მოსაქცევად იღვწოდა. ეკლესია არ მსჯელობს, არ ეწევა დისკუსიას ჭეშმარიტების შესახებ, რადგანაც არ ეძიებს მას - იგი თავად არის "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა". ეკლესია მხოლოდ გასცემს, რამეთუ თავად გააჩნია ყოველივე.
დღეს ხშირად სვამენ შეკითხვას: "ვინ გადაარჩენს დღევანდელ მსოფლიოს?" და პასუხიც მზადა აქვთ: "მხოლოდ გაერთიანებული ქრისტიანული ეკლესია".
მაგრამ ქრისტე განკაცდა არა ამ სოფლის გადასარჩენად, რომელიც ბოროტებასა ზედა ძევს, იგი თავისი მიმდევრების გადასარჩენად მოვიდა, რათა ბოროტებას გამოგლიჯოს და მადლით განაღმრთოს ისინი. ეს სოფელი სიკვდილის გზას ადგას, იგი ამა სოფლის მთავრის - ღმერთის მტრის ნებას ემორჩილება. მაცხოვარი კი მათ გადაარჩენს, რომლთაც "სიტყუანი ღმრთისანი დაუმარხავთ" (იოანე 17;6). "მე მათთვის გკითხავ, არა თუ სოფლისთვის გკითხავ, არამედ მათთვის, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან" (იოანე 17; 9) - ბრძანებს იგი.
ქრისტე არ მოუწოდებს ეკლესიათა გაერთიანებისაკენ, ამისაკენ ეს სოფელი მოუწოდებს. ქრისტე არ მოითხოვს ჭეშმარიტებისა და სიცრუის შეერთებას, ამის გაკეთებას ეს სოფელი ცდილობს, რათა ჭეშმარიტება დაიჩრდილოს, შეფარდებითი და არასრული იერი შესძინოს მას. გაერთიანება ჭეშმარიტების გარეშე საუკეთესო ხერხია ქრისტიანობის ნეიტრალიზაციისათვის, ეს ქრისტიანობის ამა სოფლის ინტერესებისადმი დაქვემდებარების ტოლფასია.
ისინი, ვინც გაერთიანებაზე საუბრობენ, ვერ გარკვეულან ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მისიაში. მათი აზრით, ქრისტემ ერთგვარი ეთიკური მოძღვრება იქადაგა, ის თითქოს იმისთვის მოვიდა, რათა კაცთათვის ამა სოფლის სანიმუშო მოქალაქეობა ესწავლებინა; ქრისტეს სჯულის აღსრულება კი იმიტომაა საჭიროა, რათა ამქვეყნად ბოლოს და ბოლოს ღმრთის სასუფეველი დამყარდეს. ზოგი საუბრობს "ქრისტიანული საბერძნეთის", ზოგი "ქრისტიანული ევროპის" ანდა "ქრისტიანული დემოკრატიის" შესახებ და ვერავინ ვერ ხვდება, რომ მათი ლოდინი ზედმიწევნით ჰგავს იუდეველთა მოლოდინს, რომელნიც ელოდებოდნენ და ელიან "მესიას", რომელიც ამ სოფლის მეფე იქნება.
დღეს თითქმის აღარავის სჭირდება ისეთი ქრისტე, როგორიც ის ჭეშმარიტად არის. მათ სჭირდებათ მათი მორჩილი ქრისტე, რომელიც ამქვეყნიურ სამოთხეს მოაწყობს და ქვებს პურებად გადააქცევს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცობრიობა ქრისტეს კი არა, ანტიქრიტეს ელოდება სულმოუთქმელად. "ქრისტანები", რომლებიც გაჰყვირიან "საღმრთო ერის", "ქრისტიანული საბერძნეთის", "მსოფლიო ქრისტანობის", "ეკლესიათა ერთობის", სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტებისა თუ მთელი მსოფლიოს გაბრწყინების შესახებ, სინამდვილეში ქრისტეს წინააღმდეგნი არიან. ისინი დოსტოევსკის "დიდი ინკვიზიტორის" მსგავსად მზად არიან ქრისტე ცეცხლში ჩააგდონ, რადგან იგი მათ გეგმებსა და ოცნებებს ანადგურებს. გეგმებს, რომლებსაც ისინი წლობით აწყობდნენ.
"შენ მოხვედი და გვასწავლი რელიგიას, რომელიც არაადამიანური და მძიმეა" - ეუბნება ინკვიზიტორი ქრისტეს, - "ჩვენ კი მრავალი საუკუნეა ვშრომობთ, რათა ადამიანური რელიგია შევქმნათ. და ახლა როდესაც გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, შენ მოხვედი, რომ ხელი შეუშალო ჩვენს მრავალსაუკუნოვან მცდელობას. არ მოგცემთ ამის ნებას! ხვალვე გავცემ ბრძანებას, რომ დაგწვან, როგორც მწვალებელი.
დიახ, ადამიანებს სურთ ქრისტე, რომელიც მხოლოდ ამ ცხოვრებაზე ისაუბრებს და არა მარადიულობაზე. ის ქრისტე, რომელიც ამქვეყნიურ სიამოვნებებს გაახანგრძლივებს და არა ის, რომელიც მარადიულ ნეტარებას გვიბოძებს. მათ არ სჭირდებათ მარადიულობის მეუფე, ისინი ამქვეყნიურ, ამჟამინდელ მეფეზე ოცნებობენ.
სწორედ ამიტომაა მათთვის სულერთი, თუ რა მდგომარეობაში იქნება ჭეშმარიტება იმ ათასობით კომპრომისის შემდეგ, რის შედეგადაც ე.წ. ქრისტიანული ეკლესიები გაერთიანდებიან. მათ არ აინტერესებთ არც ქრისტე, არც ჭეშმარიტება, არც სულიერი ცხოვრება. მათი ინტერესები მხოლოდ ამქვეყნიური ძალაუფლების მოპოვებისკენაა მიმართული, რომელსაც ეს გაერთიანებები მოიტანენ. მსოფლიოს მართვა ხომ მხოლოდ ერთი მსოფლმხედველობის გაბატონების პირობებშია შესაძლებელი.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იუდეველებთან ერთად, რომელნიც თავიანთ მესიას მოელიან (რამეთუ არ მიიღეს ჭეშმარიტი მესია - ქრისტე), მრავალი "ქრისტიანიც" იგივე მესიის მოლოდინშია, თუმც ამას ვერავინ ვერ აცნობიერებს. იუდეველთა მესია კი ნამდვილად მოვა, მაგრამ ის ანტიქრისტე იქნება. ის მოვა, მაგრამ მეტად მცირედნი თუ შეიცნობენ მას. მისი მოსვლა მრავალი საუკუნეა მზადდება და კაცობრიობა მასში თავის "მხსნელს" დაინახავს. ადამის მოდგმა ჭეშმარიტებიდან განდგომილების ხანგრძლივმა პერიოდმა მოამზადა ანტიქრისტეს მისაღებად. მსოფლიოს ისტორიული განვითარება ანტიქრისტესკენ მიდის.
მსოფლიო კი მხოლოდ თავისი კეთილდღეობითა და უსაფრთხოებითაა დაკავებული. ეს კეთილდღეობა არ მოიცავს არაფერს წმიდას, სულიერს, მას მხოლოდ მატერიალური ინტერესები, პრაგმატული მიზნები გააჩნია. ნებისმიერი დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ უსარგებლო ლაყბობად განიხილება. ამიტომაცაა, რომ "ეკლესიათა" გაერთიანება გარდაუვალი გახდა. უფრო მეტიც, სხვადასხვა რელიგიათა გაერთიანებაც კი მხოლოდ დროის საქმეა.
ანტიქრისტე თავის სამფლობელოში არ დაუშვებს უთანხმოებებს, არ დაუშვებს რელიგიათა სიმრავლეს და კამათს რელიგიურ საკითხებზე. იმ ადამიანთათვის "რომელთა სახელები არა დაწერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა" (გამოცხ. 13,8) იარსებებს ერთი რელიგია, ანტიქრისტეს რელიგია (ეკუმენიზმი).
უკვე არსებობს ანტიქრისტეს რელიგიის რამოდენიმე წინამორბედი იდეოლოგია, რომელნიც მზად არიან სცნონ და აღიარონ ყველა არსებული რელიგია თუ აღმსარებლობა. ერთ-ერთი ასეთი რელიგიაა თავისუფალი მასონობა (ეკუმენიზმის მატრიცა). თავისი სინკრეტიზმით მას ძალუძს შეარიგოს და შეაერთოს ყველა არსებული რელიგიური წინააღმდეგობა, გადალახოს ყველა ბარიერი და სიძნელე საყოველთაო გაერთიანების გზაზე, რომელსაც კი წააწყდებიან "ეკლესიები".
ამიტომაცაა, რომ თანამედროვეობის რელიგიურ ლიდერთა უმრავლესობა მასონთა რიგებში გაერთიანდა, რაც სულაც არ უშლის მათ ხელს ატარონ ანაფორები და აღასრულონ სხვადასხვა "ლიტურგიები". მანამდე, სანამ მრევლი ჯერ კიდევ არ არის მზად, აუცილებელია ტრადიციული ფორმების შენარჩუნება. "ეკლესიათა" შეერთებას კი რელიგიათა გაერთიანება მოჰყვება.
ეს გარეგნული გაერთიანება სავსებით რეალურია. ყველანი - პროტესტანტები, რომის კათოლიკენი, მართლმადიდებლები - განაცხადებენ, რომ ბოლოს და ბოლოს არსებობს ერთიანი ეკლესია და შესაძლებელია მოვიხსენიოთ რომის პაპი, პაპი კი მოიხსენიებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს, თუკი ყველანი თანახმანი არიან ერთიან "მინიმალურ ჭეშმარიტებაზე", ერთიან გამარტივებულ მრწამსზე. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული სისტემა იქნება, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება ქრისტეს წმიდა ეკლესიასთან, თუნდაც მისი გარეგნული მოწყობა ეკლესიის მსგავსი იყოს. "ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების" (გალატ. 6;7). როდესაც ადამიანებში არ არის სურვილი და მზადყოფნა ღმრთის მათთან ყოფნისა, ღმერთი ადამიანებთან არ მიდის, იგი თავად განეშორება მათ.
ქრისტეს ეკლესია არასოდეს ყოფილა ადამიანური სისტემა. დისკუსიათა შედაგად ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე, რასაც "ეკლესიას" დაუძახებენ. მაგრამ ეს ფაბრიკაცია უსიცოცხლო იქნება და არაფერი ექნება საერთო ქრისტეს ეკლესიასთან. ეკლესია ამგვარი ფაბრიკაციისაგან სადღაც შორს იარსებებს. ჭეშმარიტებითა და სინათლით აღვსებული, სიცრუის ყოველგვარი კომპრომისებისაგან თავისუფალი, სული წმიდის მადლით მოსილი, იგი მტკიცედ და ურყევად იდგება "ჭეშმარიტების სისავსეში", ყოველგვარი რელიგიური ფაბრიკაციების მიღმა.
ჭეშმარიტი ქრისტიანები ცოტანი იქნებიან? ამას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა.
მოდით, ყველამ, ვისაც კი ნამდვილად გვწამს ღმერთი, შევწყვიტოთ საუბარი "ეკლესიათა" გაერთიანების შესახებ. ეკლესია არ სცნობს გაერთიანებას, რადგანაც იგი არასოდეს გაყოფილა. მას ცალკეული ადამიანები სტოვებენ მაშინაც კი, როდესაც ინარჩუნებენ მისი წევრობის გარეგნულ ნიშნებს. მოდით, ყველანი, ვისაც გვიყვარს ღმერთი, დავუბრუნდეთ ეკლესიას და თავი დავიმდაბლოთ, რადგან ვიწროა მისი ბჭენი და თავის მოდრეკაა საჭირო, რათა შევიდეთ მასში.
ჩვენ ისეთივე უნდობლობით უნდა ვიყოთ განწყობილნი ამა სოფლისადმი, როგორი ნდობაც და რწმენაც ეკლესიისადმი გაგვაჩნია, ისეთივე სიძულვილი უნდა გვქონდეს ამა სოფლისა (და არა კაცთა), როგორი სიყვარულითაც ვართ ეკლესიის მიმართ აღსავსე; ისეთივე პესიმიზმით უნდა ვიყოთ განსჭვალული მსოფლიოს მომავლის მიმართ, როგორი ოპტიმიზმიც ეკლესიის შესახებ გაგვაჩნია.
ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, მრავალი ადამიანი ნებაყოფლობით დგება ღმრთის მტერთა რიგებში. უხორცო ძალთა მსგავსად ადამიანებიც ორ ბანაკად იყოფიან: ღმრთის მეგობრებად და ღმრთის მტრებად. ადამიანის თავისუფალი არჩევანი მჟღავნდება მისი ცხოვრების ზოგად მიმართულებაში და არა ცალკეულ ცხოვრებისეულ დეტალებში.
დეტალები ხშირად გვატყუებენ. ისინი ფარისევლებსა და მწიგნობრებს ღმერთის მეგობრებად წარმოგვიდგენენ, ხოლო ავაზაკს, მეძავს, მეზვრეს, სავლეს - ღმრთის მტრებად. ძნელია თვალთმაქცობის ნიღბის ქვეშ ღმრთის ჭეშმარიტი მტრებისა და ჭეშმარიტი მეგობრების შეცნობა.
დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თვალთმაქცობის არნახული აყვავების ეპოქად შეიძლება ჩაითვალოს. თვალთმაქცობისა და მოჩვენებითობის ნიღბებმა სრულყოფილების საზომს მიაღწევს. მრავალი მოტყუვდა და ტყუვდება მათ მიერ, ვინც ღვთისმოსაობის ნიღბებს ატარებს, ხოლო სინამდვილეში - მტერია ღმრთისა.
ასეთები არიან ისინი, ვინც ეკლესიათა დიალოგზე და გაერთიანებაზე საუბრობენ. ისინი, ვინც თვალს ხუჭავენ სარწმუნოებრივ კომპრომისზე, ამართლებენ მას. მათ შეიძლება სახარებაში ნახსენები ცრუწინასწარმეტყველნი ეწოდოთ.
ათეისტები, მატერიალისტები, კომუნისტები - ღმრთის უნიღბო მტრები არიან, მათ არ შეუძლიათ ვინმეს მოტყუება. სხეულის ჯალათებს არ ძალუძთ სულის მოკვდინება. მაგრამ სხვანი - "მართლმადიდებელი" პატრიარქები, ეპისკოპოსები, მღვდლები, პროფესორ-თეოლოგები - ყველანი, ვინც კი თვალთმაქცური სიყვარულით მწვალებლებს ძმობასა და ერთობას ეფიცებიან, სულთა ნიღბიანი ჯალათები არიან. ამიტომაც მართებს ქრისტანებს მათთან დაუნდობელი ბრძოლა.
ეშმაკი ყოველთვის როდი მოქმედებს, როგორც ბოროტი ძალა; ხშირად იგი ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს და ქრისტიანობასაც კი ქადაგებს, მაგრამ ოდნავ განსხვავებულს მართლმადიდებლობისაგან. ამ ხერხით მის ბადეებში უფრო მეტი ქრისტიანი გაება, ვიდრე ის ამას ათეისტთა მთელი არმიის ანდა დიოკლეტიანეს ლეგიონებით აღწევდა.
ის ცილს წამებს მორწმუნეებს, ეძახის რა მათ არაშემწყნარებლებს, გონებადახშულებს, ფანატიკოსებს, ასოკირკიტებს. ეს არის ეკლესიის ყველაზე უფრო საშინელი დევნა, რადგანაც თანამედროვე ადამიანებს ყველაზე მეტად საკუთარი რეპუტაციის შელახვის, საზოგადოებაში თავის მოჭრის ეშინიათ. მცირედნი თუ შეძლებენ ფანატიკოსის, გონებაშეზღუდულის სახელის ტარებას. მაგრამ ჩვენს დროში, გარდაუვალია ჭეშმარიტ ქრისტიანს შეშლილი და უგუნური არ დაუძახოს ამ სოფელმა. იშვიათად თუ ეყოფა ვინმეს სიმამაცე მტკიცედ დადგეს ჭეშმარიტების მხარეს, ეს დღეს მოწამეობის ტოლფასია.
ამიტომაცაა, რომ ადამიანთა უმრავლესობა კომპრომისების იოლ გზას ირჩევს, შემდგომ კი ჯიუტად იცავს და გაშმაგებულ პროპაგანდას უწევს მას.
წარმართებს არ სძულდათ არასოდეს ისე ქრისტიანები, როგორც დღეს ისინი "ქრისტიანულ სამყაროს" სძულს. გარეგნული შემწყნარებლობა მოჩვენებითია. ეს სოფელი მხოლოდ იმ "ქრისტიანებს" სწყალობს, რომლებიც მას ფეხდაფეხ მისდევენ, და ცდილობენ არ ჩამორჩნენ დროს. მათ კი, ვინც მართალ სარწმუნოებას არ ღალატობს, მსოფლიო ვერ იტანსა, გრამ ამა სოფლის სიძულვილი ხომ სწორედ ის კრიტერიუმია, რომლითაც ვსაზღვრავთ - ჭეშმარიტად ქრისტეს გზას ვადგავართ თუ არა.
ცრუ ეპისკოპოსები
მნიშვნელოვანია ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ეკლესიის იერარქიული საფუძველი სულიერია და არა ადმინისტრაციული; მაშინ ისინი აღარ დაიტანჯებიან ევროპელებივით, რომლებიც ბრმად მიჰყვებოდნენ პაპს ყოველგვარ ცდომილებაში. მათ ეგონათ, რომ თუ პაპს არ დაუჯერებდნენ, ავტომატურად ეკლესიის გარეთ აღმოჩნდებოდნენ (როგორ წააგავს ყოველივე ეს "მართლმადიდებელთა" დიდი ნაწილის დღევანდელ მდგომარეობას).დღეს პატრიარქებისა და ეპისკოპოსების უმრავლესობა პოლიტიკური ძალების ზეგავლენას განიცდის। მაგ. აშკარაა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარება საბჭოთა ხელისუფლებისადმი. კონსტანტინეპოლი პრო-ამერიკული პოლიტიკის ზეგავლენის ქვეშაა. ოფიციალური ეკლესიები სათამაშოდ ქცეულან ამა ქვეყნის ძლიერთა ხელში.
ნუთუ მართლმადიდებლები ვალდებულნი არიან მუდმივად ამ დამონებული საპატრიარქოების ერთგულნი იყვნენ? ისტორიული დამსახურებანი ვერანაირად ვერ გაამართლებენ კაპიტულანტური ერთობის ძიებას მწვალებლებთან. ერთ დროს რომსაც ეჭირა უპირველესი ადგილი საქრისტიანოში, მაგრამ ეს ფაქტი ვერ აიძულებდა ქრისტიანებს მწვალებლობის გზაზე გაჰყოლოდნენ მას. ეკლესიათა ევქარისტიულ ერთობას მაშინ აქვს არსებობის უფლება, როდესაც ეს ერთობა დაფუძნებულია სულზე და ჭეშმარიტებაზე ანუ როდესაც "ეკლესიები" რჩებიან ქრისტეს ეკლესიაში.
მაშინ, როცა საპატრიარქოები მწვალებლებთან ერთობის გამო აღარ შეადგენენ ქრისტეს წმიდა ეკლესიას, ამ საპატრიარქოთა ერთგულება დამღუპველია.
მართლმადიდებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ ეპისკოპოსს, რომელიც სიტყვით და საქმით მართლმადიდებელი აღარაა, რაც არ უნდა ტიტულოვანი ტახტიც არ ჰქონდეს მას დაკავებული. მით უმეტეს, როდესაც ამგვარი ცრუეპისკოპოსნი ყველასთვის აშკარა შეთანხმებებზე მიდიან მწვალებლებთან, აღიარებენ რა მათ რიტუალებს მადლმოსილად, მათ დამახინჯებულ სარწმუნოებას კი სამოციქულო მოძღვრებად.
ეპისკოპოსი უმაღლესი, უმთავრესი წოდებაა ეკლესიაში. იგი აშკარა ცოდვილიც რომ იყოს, ქრისტიანი ვალდებულია მას სათანადო პატივი მიაგოს, დაემორჩილოს საკრებო განჩინებამდე. თუ იგი მწვალებლობის ქადაგებას იწყებს, ანდა რელიგიურ ურთიერთობაში შედის მწვალებლებთან, მაშინ ქრისტიანი არ უნდა ელოდოს საკრებო განჩინებას, არამედ ამგვარ ეპისკოპოსს დაუყოვნებლივ უნდა განეშორს. ამას გვასწავლიან საეკლესიო კანონები.
ახალი იერუსალიმი
დაე ურწმუნოებმა დაგვცინონ, დაე ყველას ვეცოდებოდეთ. ქრისტიანები ამ სოფლისათვის როდი ცხოვრობენ. ისინი არასოდეს არ აღიქვამდნენ მას, როგორც ჭეშმარიტ მამულს, ეს სოფელი მათთვის მუდამ ლტოლვილის დროებითი თავშესაფარი იყო. ისინი არ ამკობენ და ამშვენებენ მას, რადგან ამქვეყნად მუდმივად ყოფნას არ აპირებენ. ისინი დედამიწაზე დევნილთა ნოსტალგიით ცხოვრობენ, დაკარგული სამოთხის ნოსტალგიით, ნამდვილი სამშობლოს ნოსტალგიით. ისინი მიწაზე იბადებიან, მაგრამ ჭეშმარიტი მამული მათ გულებში ცოცხლობს, მათ ესმით მისი ძახილი. ისინი დღენიადაგ ზეციური საყვირის ხმას ელიან, როდესაც მათ უფლის წინაშე მოუწევთ წარდგომა. ელიან ჟამს, როდესაც შემოქმედს წარუდგენენ მის ხატებასა და მსგავსებას.
მოვუსმინოთ ჩვენს წმიდა მამებს: "ქრისტიანები მგზავრები არიან ამ სოფელში". (წმ. მაკარი დიდი). "ქრისტიანი განგდებული, მოძულებული, დაწუნებულია ამ სოფელში, სხვა ადამიანებისაგან ის შემუსვრილი გულით, მწუხარე გონებით განსხვავდება" (წმ. ისააკ ასური). "ქრისტიანები ცდილობენ გარეგნულად არ გამოირჩეოდნენ სხვებისაგან, რათა არ ჩანდნენ განსაკუთრებულნი და სხვებზე აღმატებულნი. მაგრამ ისინი ყოველთვის დაჩაგრულნი და გარიყულნი არიან სხვებთან შედარებით" (წმ. მაკარი დიდი).
თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი რელიგია ნარკოტიკია; თქვენ მართალს ბრძანებთ. თქვენ ვისაც არანაირი გამოცდილება არა გაქვთ ღმრთის თქვენდამი სიახლოვის განცდისა, ვისი გულებიც არასოდეს აძგერებულა საღმრთო მადლის შეხებით, ვის თვალებსაც არასოდეს დაუღვრია საღმრთო სიყვარულის ცრემლი, ვისაც მიწიერი ჰორიზონტის იქით არაფერი უხილავს, რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ რელიგია, რომელიც ამ სოფელს უარყოფს ნარკოტიკად მოეჩვენოს.
ჭეშმარიტად, თუკი ქრისტე არ აღსდგა მკვდრეთით, მაშინ ჩვენ მართლაც სრული არარაობანი ვართ. მაგრამ ქრისტე აღსდგა და ყოველი სული ქრისტიანი ცხოვრობს ამ აღდგომით. ბუნებრივია, ვისაც ამ აღდგომით არ უცხოვრია, მისთვის ქრისტიანობა მართლაც სასაცილოა.
იცინეთ, ბატონებო, ნებას გაძლევთ. მაგრამ სახარების დამახინჯების, ჩვენი სარწმუნოების დამახინჯების, მისი თქვენი მიზნების სამსახურში ჩაყენების უფლებასა და ნებას არასოდეს მოგცემთ. არც ჩვენი რელიგიის გამიწიერებისა და სეკულარიზაციის ნებას მოგცემთ. "სახარება ზეციური და არა მიწიერი საგნების შესახებ საუბრობს" (წმ. იოანე ოქროპირი).
ქრისტიანობა არ იღწვის ამქვეყნიური მიწიერი სამეფოს, ქალაქის ასაშენებლად. მას არაფერი აქვს საერთო ცივილიზაციებთან და მსოფლიო სისტემებთან. საერთო არაფერი აქვს ცეზართან, ცეზარო-პაპისტებთან. ხრწნადია ყველა მიზანი და მისწრაფება ამა სოფლისა. ქრისტიანები ფიქრობენ, ცხოვრობენ და მოქმედებენ უხრწნელობისთვის, მარადიულობისთვის.
ისინი, ვინც ქრისტიანული "ეკლესიების" გაერთიანებას ცდილობენ, ურწმუნო ხალხია, მათ არ სწამთ ეკლესიის, არ სწამთ ქრისტესი. მათი მიზანი - ამქვეყნიური ქალაქის შენებაა, რომელშიც თავს ყველა ადამიანს მოუყრიან, რომელსაც ყველას და ყველაფერს დაუმორჩილებენ.
სინამდვილეში ქრისტიანთა გაერთიანების საკითხი საერთოდ არ დგას. ჭეშმარიტი ქრისტიანები მუდამ იყვნენ, არიან და იქნებიან გაერთიანებულნი. ისინი ერთი მწყემსის ერთი სამწყსო იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. ქრისტეს ეკლესია ერთია, მასში ყველას უხმობენ, მაგრამ მცირედნი არიან მისი შვილნი.
ქალაქს, რომელიც ღმერთის მეგობრებისთვისაა განმზადებული, ამ სოფელთან არაფერი აქვს საერთო. ის მარადიულია, ხელთუქმნელია და არაამქვეყნიური.
"და ვიხილე ცა ახალი და ქვეყანა ახალი; რამეთუ პირველი იგი ცა და პირველი იგი ქუეყანა წარხდეს; ... და ვიხილე ქალაქი იგი წმიდა იერუსალიმი ახალი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან; ... და მესმა ხმა დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკვიდრებელი ღმრთისა კაცთა თანა, დაიმკვიდროს მათთანა; და იყუნენ ერ მისსა, და იგი ღმერთი მკვიდრ იყოს მათ შორის ღმრთად მისსა. და აღხოცოს ღმერთმან ყოველი ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს მერმე; და არცა გლოვა, არცა ღაღადება, არცა ტკივილი არღარა იყოს მერმე; რამეთუ პირველნი იგი წარხდეს. და მრქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა, ესერა, ყოველსავე ახალ ვჰყოფ; ... მე ვარ ანი და ჰე, დასაბამი და აღსასრული; ... და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა. და ღამე არა იყოს მუნ; და არა სახმარ იყოს ნათელი მზისა; რამეთუ უფალმან ღმერთმან განანთლნეს იგინი; და სუფევდნენ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 21,22).
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment