პან-ეკუმენისტური ვაკხანალია საქართველოში

მღვდელი გელასი აროშვილი

ბოლო ხანს საქართველო პან-ეკუმენიზმის საცდელ პოლიგონად იქცა. გახშირდა ერთობლივი განცხადებები და თავყრილობები სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა მონაწილეობით. შეიქმნა ერთობლივი ფრონტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მუსულმანები, იუდეველები, ბაპტისტები, მონოფიზიტები, ლუთერანები, ორმოცდაათიანელები... და საქართველოს საპატრიარქო. ერთობლივ განცხადებებში, რომელსაც ხელს აწერენ რაბინი, მოლა, პასტორი თუ კარდინალი და მათთან ერთად საპატრიარქოს მიტროპოლიტი (დანიელი) ვკითხულობთ: "ვაღიარებთ ურთიერთპატივისცემას, ვადასტურებთ კეთილგანწყობას და მზადყოფნას სხვა რელიგიურ უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, ...პროზელიტიზმის ყოველგვარი გამოვლინების გარეშე" ("საქართველოს რესპუბლიკა", 20 ოქტომბერი, 2001 წ.).



 როგორც ჩანს, საქართველოში ანტიქრისტეს რელიგიას (პან-ეკუმენიზმს) ეყრება საფუძველი, თორემ სად გაგონილა მართლმადიდებლობას იუდაიზმთან, ისლამთან ანდა მონოფიზიტობასთან თუ პროტესტანტიზმთან ურთიერთპატივისცემის ფიცი დაედოს? თუმცა ჩვენს დროში რა უნდა გვიკვირდეს. როდესაც "მართლმადიდებელი" პატრიარქი ირანის სულიერ ლიდერებთან შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს და ასეთ ლოზუნგს წარმოგვიდგენს: "სამყარო საჭიროებს ახალ ეთიკას"! ე. ი. ქრისტეს ეთიკა (ზნეობრივი მოძღვრება, მცნებები) მოძველდა? ე. ი. შესაბამისად საჭიროა ახალი მცნებები, ახალი რელიგია, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება, მათ შორის ირანელი მუსულმანებისთვისაც. მაგრამ "ეთიკა სხვა არაფერია, თუ არა გამოყენებითი დოგმატიკა, ხოლო წმ. კანონები - ეს რწმენის დოგმატებია, რომლებიც ქრისტიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებიან. გახდეს ქრისტიანის ცხოვრება ადოგმატური, არაკანონიკური, არაეთიკური - აი, რა უნდათ მწვალებლებს, გვთავაზობენ რა გაჩუმებას მშვიდობის მისაღწევად. გაჩუმებას დოგმატებზე, კანონებზე, მცნებებზე." (არქ. იუსტინე პოპოვიჩი), ილია II კი აგრძელებს: "მე ვფიქრობ, ირანისა და საქართველოს რელიგიური ლიდერები და სასულიერო მოღვაწენი მზად არიან, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად, შეგვწევს უნარი ურთიერთპატივისცემისა" ("საქართველოს რესპუბლიკა", 3 ივლნისი, 2001 წ.). ამ სიტყვებს ტაშით ხვდებიან ამ წარმავალ სოფელში, მაგრამ ეს ხომ ქრისტეს, ჭეშმარიტების ღალატია!
რა არის მთავარი მიზანი ამ ისტერიისა, რომელიც საქართველოშია ამტყდარი? რისთვის შეიქმნა ეს ინტერ-კონფესიური ფრონტი საპატრიარქოს მონაწილეობით? ვფიქრობთ იმიტომ, რომ აიკრძალოს მართლმადიდებლური პროზელიტიზმი, ე. ი. ჭეშმარიტების ქადაგება, ამიტომაცაა დაგმობილი პროზელიტიზმი ამ ერთობლივ ეკუმენისტურ განცხადებებში, რომლებსაც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც აწერენ ხელს. მაგრამ მართლმადიდებლური პროზელიტიზმის დაგმობა ხომ სულიწმიდის გმობაა, რადგან სულიწმიდის კარნახითაა ჩაწერილი ახალი აღთქმა, რომელიც პროზელიტიზმის აპოლოგია და ქრონიკაა. თუ არა იუდეველს, მუსულმანს, მონოფიზიტს, პაპისტს, ბაპტისტსს - მაშ, ვიღაც უნდა ექადაგოს მართლმადიდებლობა?

და კიდევ ერთი: ამ ინტერკონფესიურ ფრონტს თითქოს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად ქმნიან, თითქოს რელიგიური ნიშნით ძალადობაზე აპირებენ გალაშქრებას, მაგრამ ესეც ხომ რელიგიური ნიშნით ძალადობა იქნება! ყოველივე ეს კი მხოლოდ იმიტომ იგეგმება, რათა სხვადასხვა სექტამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაავრცელოს თავისი ღვთისმგმობელური და სულის დამღუპველი მოძღვრებანი. შექმნილ სიტუაციაში გულხელდაკრეფილი ყოფნა დანაშაულის ტოლფასად მიგვაჩნია. საპატრიარქოს კაპიტულანტური პოზიცია კი სექტების გავრცელებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ქვეყანაში.

უაღრესად დამაფიქრებელია საერთაშორისო ორგანიზაციათა აქტიურობა საქართველოში პან-ეკუმენისტური იდილიის დამყარების საქმეში, მაშინ როდესაც მსოფლიოში ამდენი უმწვავესი რელიგიური დაპირისპირების კერები არსებობს. მაგ. ინდოეთი, ფილიპინები, ისრაელი, ტიბეტი, იუგოსლავია და სხვა, სადაც რელიგიურ ომებში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები. აღარაფერს ვამბობთ ჩრდ. ირლანდიაში მიმდინარე უსასტიკეს რელიგიურ ომზე პაპისტებსა და პროტესტანტებს შორის, რომელიც რამდენიმე საუკუნეა მძვინვარებს, ანდა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძრის ორ თვიან ალყაზე და დაბომბვებზე.
ჩვენი აზრით, ბოლო დროს საქართველოში ფართოდ რეკლამირებული ინტერ-კონფესიური სიამტკბილობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. მისი ფესვები ძველი სიცრუიდან საზრდოობენ, რომელიც ამ ქვეყნად გვპირდება სამოთხეს და ანტიქრისტეს მოსვლას უმზადებს მსოფლმხედველობრივ საფუძველს.


2002 წ.

No comments:

Post a Comment