მართლმადიდებლობისა და ეკუმენიზმის შესახებ

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი

1

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15).

მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს"! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს, მაინც რომელი ლოცვა ან მსახურება გვეკრძალება, პირიქით, გვიკრძალავს ყოველგვარ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან - თვით კერძო ლოცვასაც კი.

ეკუმენურ ლოცვებში კი განა უფრო შორსმიმავალი, გაბედული ცვლილებები არ ხდება? ლაოდიკიის კრების ოცდამეთორმეტე კანონი მიგვითითებს: "მწვალებლებისაგან, რომლთა კურთხევა უფრო ამაოდ მეტყველებაა ვიდრე კურთხევა, კურთხევის მიღება არ შეიძლება."
ამ ეკუმენურ კრებებისა და მსახურებების დროს კი განა მწვალებლები არ იძლევიან კურთხევას? რომაული კათოლიციზმის ეპისკოპოსები, მღვდლები, პროტესტანტი პასტორები და თვით ქალებიც კი. წმ.მოციქულთა და მამათა ეს კანონები მარტო ძველად კი არა, დღესაც მოქმედებენ და უდავოდ აუცილებელნი არიან ჩვენთვის, დღევანდელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ასევე უდავოდ ქმედითნი რჩებიან ისინი ჩვენი პოზიციისთვისაც რომის კათოლიკეებისა და პროტესტანტების მიმართ, რამეთუ რომის კათოლიციზმი პლურალისტური მწვალებლობაა, პროტესტანტიზმზე კი რაღა გვეთქმის? აჯობებს საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. განა წმ.საბა ჯერ კიდევ შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არ ლაპარაკობდა "ლათინურ მწვალებლობაზე?" მას შემდეგ კიდევ რამდენი ახალი მწვალებლობა გამოიგონა და "უცთომელი" დოგმატის ხარისხში აიყვანა პაპმა! სრულიად აშკარაა, რომ პაპის უცთომელობის დოგმატის მეშვეობით რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა.

ამიტომ, თუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვინდა ასეთებად დავრჩეთ, შეგვფერის წმ.საბას, მარკოზ ეფესელის, კოზმა ეტოლიელის, იოანე კრონშტადტელისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წმ.აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა პოზიციაზე ვიდგეთ რომაულ კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან მიმართებაში, რომელთაგან არავინ არის მართლმადიდებელი ორ ძირითად ქრისტიანულ დოგმატში, ანუ დოგმატებში წმ.სამებისა და ეკლესიის შესახებ.

2

თქვენო უწმიდესობავ და სინოდის წევრებო!

როდემდე განვაგრძობთ ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობისა და წმ.საბას ეკლესიის შეურაცხყოფას იმ სამწუხარო და საზარელი, წმ.გარდამოცემის საწინააღმდეგო პოზიციით, რომელიც გვიჭირავს ეკუმენიზმისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართ?

ყოველი გულწრფელი მართლმადიდებელი, წმ.მამათა ხელმძღვანელობით აღზრდილი, სირცხვილით იწვის, როდესაც კითხულობს, რომ ჟენევის მე-5 სრულიადმართლმადიდებლური კონფერენციის (1968 წ., 8-16 ივნისი) მართლმადიდებელმა წევრებმა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობის თაობაზე განაცხადეს: "მართლმადიდებელი ეკლესია თავის თავს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს".
ეს დადგენილება აპოკალიფსურად საზარელია თავისი არამართლმადიდებლობით და ანტიმართლმადიდებლობით. არსებობდა კი აუცილებლობა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ უწმინდესი ღმრთაებრივ-კაცობრივი ორგანიზმისათვის, იმდენად დამცირებულიყო, რომ მისი ღმრთისმეტყველი წარმომადგენლები - ზოგი ეპოსკოპოსი და ზოგიც ერისკაცი - "ორგანულ მონაწილეობას" თხოულობდეს ემს-ში, რომელიც, ასე და ამნაირად, ხდება ახალი საეკლესიო "ორგანიზმი", ახალი "ეკლესია", და მასში მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიები მხოლოდ ნაწილებს წარმოადგენენ ("ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულებს")? ვაი, რა გაუგონარი მუხთლობა და ღალატია!

ჩვენ უარვყოფთ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ამ ორგანულ კავშირს ღმერთკაცსა და მის უწმიდეს სხეულთან - წმ.მოციქულების, მამებისა და მსოფლიო კრებების მართლმადიდებელ ეკლესიასთან და გვსურს გავხდეთ "ორგანული ნაწილი" მწვალებლური, ჰუმანისტური და კაცთა თაყვანისმცემელი საზოგადოებისა, რომელიც 263 ერესისაგან შედგება და თითოეული მათგანი სულიერი სიკვდილია!

როგორც მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ "ასონი ქრისტესნი". "აღ-უკვე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? (1 კორ.6,15). მაგრამ სწორედ ამას სჩავდივართ ჩვენი "ორგანული" შეერთებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ათეისტური, კაცთა თაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება.
ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წმ.მამებისა და წმ.საბას ეკლესიამ, მოციქულთა და აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა ეკლესიამ შეწყვიტოს ეკლესიური, ლოცვითი და იერარქიული აღრევა ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან და სამუდამოდ უარი თქვას ერთობლივ ლოცვასა და ღმრთისმსახურებაში მონაწილეობაზე (ღმრთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში ორგანულად არის გაერთიანებული ერთ მთლიანობად და ევქარისტიით გვირგვინდება). ასევე, სრულიად განეშოროს ყოველგვარ მონაწილეობას ნებისიმიერ საეკლესიო ქმედებაში, რომელიც შეიცავს და გამოხატავს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უნიკალურ და განუმეორებელ ხასიათს - იმ ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის ერთიანია და ერთადერთი.

3

არ ერთიანდება რა მწვალებლებთან, სადაც არ უნდა იყოს მათი ცენტრი, ჟენევაში თუ რომში, წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მუდამ იმარხავს წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ერთგულებას, ამით უარს არ ამბობს თავის ქრისტიანულ მისიასა და სახარებით ნამცნებ მოვალეობაზე, ანუ იგი ყოველთვის სიმდაბლით, მაგრამ მტკიცედ და გაბედულად დაამოწმებს უზენაეს ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ ღმერთკაცს და მართლმადიდებლობის ყოვლის მაცხოვნებელ და ყოვლის გადამასხვაფერებელ ძალას თანამედროვე მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი სამყაროს წინაშე. ეკლესია, რომელსაც თვით ქრისტე ჰყავს წინამძღოლად, წმ.მამათა და ღმრთისმეტყველთა მეშვეობით მუდამ მზად იქნება პასუხი გასცეს ყველას, ვინც ამ პასუხს ეძიებს "თქუენ შორის სასოებისა მისთვის" (I პეტ. 3,15). ჩვენი სასოება კი ერთია უკუნითი უკუნისამდე: ღმერთი და კაცი იესო ქრისტე და მისი მისტიური სხეული, წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ეკლესია. მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები "საერთო ეკუმენისტურ ლოცვებში" კი არ უნდა მონაწილეობდნენ, არამედ საღმრთისმეტყველო საუბრებში ჭეშმარიტების შესახებ, როგორც ამას წმიდა და ღმერთშემოსილი მამები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ "ცხონებულთა" ხვედრია (მე-2 მსოფლიო კრების მე-7 კანონი).

მოციქულთა ხარება ყოვლად ჭეშმარიტია: "განწმედა სულისა და სარწმუნოება ჭეშმარიტებისა" (2 თეს.2,13). ამ სარწმუნოების არსი არის ჭეშმარიტება, ერთადერთი სრული ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი და კაცი - იესო ქრისტე. ეს სარწმუნოება და ეს სიყვარული არის გული და ცნობიერება მართლმადიდებელი ეკლესიისა. მთელი ეს საგანძური სავსებით და შეურყვნელად მხოლოდ წმ.მამათა მოწამეობრივ მართლმადიდებლობაში ინახებოდა, და მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი არიან უშიშრად დაამოწმონ ეს დასავლეთის წინაშე, მისი ცრუსიყვარულისა და ცრუსარწმუნოების წინაშე.

წმ.იოანე ოქროპირის ხსენება, 13/26 ნოემბერი,
1974 წ. ჩელიეს წმიდა მონასტერი.

No comments:

Post a Comment